მთავარი,სიახლეები

უკრაინელმა ექიმმა ინდოეთის ცაზე, თვითმფრინავში ქალი ამშობიარა

08.02.2020 • 3928
უკრაინელმა ექიმმა ინდოეთის ცაზე, თვითმფრინავში ქალი ამშობიარა

უკრაინელმა ექიმმა ალენა ფედჩენკომ 4 თებერვალს საკუთარ ფეისბუქის გვერდზე გამოაქვეყნა ახალშობილის ფოტოები და დაწერა, რომ სადღაც ინდოეთის ცაზე მშობიარობა მიიღო.

ღამის სამ საათზე, მაშინ, როცა ბორტზე თითქმის ყველას ეძინა, ალენა ფედჩენკომ გაიგონა, როგორ გამოაცხადეს თვითმფრინავში, რომ სასწრაფოდ ესაჭიროებოდათ ექიმი. ალენა უკვე 27 წელია ოტოლარინგოლოგად [ყელ-ყურ-ცხვირის ექიმი] მუშაობს, მაგრამ მას ამჯერად ინდოეთის ცაზე, კატარის ავიახაზების ბოინგში მშობიარობის მიღება მოუხდა. ალენა მეუღლესა და მეგობრებთან ერთად ბანგკოკში შვებულების გასატარებლად მიფრინავდა.

ალენას თქმით, როცა გამოაცხადეს ექიმის შესახებ, „ვიფიქრე, რომ ვიღაცას ალბათ წნევამ აუწიაო“. მაგრამ ეკიპაჟის სალონში შესულს იატაკზე მშობიარე ქალი დახვდა, მის გვერდით კი იდგა ბორტის გამცილებელი, რომელიც მშობიარეს ჟანგბადს აწვდიდა.

„მათ მკითხეს მქონდა თუ არა ექიმის ლიცენზია. სამწუხაროდ, საკუთარი ნომერი არ მახსოვდა, ამიტომ კიევში დავურეკე შვილს და გამოვაგზავნინე დოკუმენტები“, – უთხრა ალენამ ბიბისის. – წამებში გამახსენდა ყველაფერი, რაც ოდესღაც ვისწავლე და დავიწყე საქმის კეთება. ჩავიცვი ხელთათმანები და ქალი მოვამზადე მშობიარობისთვის. ბავშვი წუთი-წუთზე უნდა მოვლენოდა სამყაროს“.

ალინა ბიბისისთან სხვა დეტალებსაც იხსენებს: მშობიარობა სწრაფად დასრულდა, გართულებების გარეშე. ქალი საერთოდ არ ყვიროდა. მე მას ხშირად ვუმეორებდი, რომ საიმედო ხელშია, რომ მე ექიმი ვარ და ყველაფერი კარგად იქნება. რა თქმა უნდა, მე ვშფოთავდი, რა იქნებოდა გართულების შემთხვევაში, მაგრამ ამაზე ვდუმდი. 15-20 წუთში, გართულებების გარეშე დაიბადა ბიჭი.  მე გადავჭერი ჭიპლარი და პატარა დედას დავუწვინე მკერდზე.

ექიმი ამბობს, რომ სტიუარდესები მის დავალებას ზედმიწევნით ასრულებდნენ, ბორტზე კი იყო ბევრი მედიკამენტი და ინსტრუმენტი.

„მგონი მგზავრებს არაფერი უგრძნიათ. ჩემმა ქმარმა და მეგობრებმა არ იცოდნენ მე რას ვაკეთებდი. ცოტა მოგვიანებით თვითმფრინავში გამოაცხადეს, რომ ეს-ესაა ბორტზე დაიბადა ბიჭი, რასაც მოჰყვა აპლოდისმენტები“, – მოუყვა ალენა ბიბისის.

ექიმის თქმით, კატარის ავიახაზების ბოინგის მეთაურმა გადაწყვიტა თვითმფრინავი დაესვა კალკუტაში. მშობიარე ქალი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა, რის შემდეგაც აიღო გეზი თვითმფრინავმა დანიშნულების ადგილისკენ – ტაილანდისკენ.

ახალშობილი და ალენა ფედჩენკო. ფოტო ალენა ფედჩენკოს ფეისბუკგვერდიდან

ამ ფაქტის შემდეგ ალენა ფედჩენკომ არაერთი გამოხმაურება მიიღო, რის შესახებაც ის საკუთარ ფეისბუკგვერდზე წერს: „მე არ ვარ გმირი. მე ის გავაკეთე, რაც მასწავლეს… ექიმები ყოველ დღეს უკრაინაში და მთელ მსოფლიოში იღებენ მშობიარობას, მათ შორის მძიმე შემთხვევებს. მათ არ აჩვენებენ ახალ ამბებში, ზოგჯერ ლანძღავენ, უჩივიან. მოდით მადლობა გადავუხადოთ ექიმებს, მედდებს, სანიტრებს მათი ყოველდღიური გმირობისთვის. მე შემთხვევით აღმოვჩნდი საჭირო დროს საჭირო ადგილას და არ დავიბენი. ეს არ არის ჩემი დამსახურება. ეს მე მასწავლეს“.

____

როგორც წესი, ავიაკომპანიები ფეხმძიმე ქალებს მეცხრე თვეში არ აძლევენ თვითმფრინავით ფრენის უფლებას.

გადაბეჭდვის წესი