მთავარი,სიახლეები

რა პრობლემები შექმნა თოვლმა აჭარის მთაში

09.02.2020 • 2793
რა პრობლემები შექმნა თოვლმა აჭარის მთაში

აჭარის მაღალმთიანეთში ისევ ინტენსიურად თოვს. მაღალმთიან სოფლებში მისასვლელი ცენტრალური გზები ჯერ გაწმენდილი არ არის. რამდენიმე სოფელი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

„შუქი არ მიეწოდება ამ დროისთვის ერგეს, აგარას, სინდიეთს და გვარას, სხვა სოფლებში შეფერხებები იყო და უკვე აღდგა ელექტროენერგიის მიწოდება…“ – გვითხრა ხელვაჩაურის მერმა, ჯუმბერ ვარდმანიძემ. მისი თქმით, პრობლემა შეიქმნა სოფელ სალიბაურშიც წყლის მიწოდებაზე.

ხელვაჩაურის მერის თქმით, გზებს წმენდენ თოვლისგან, თუმცა რამდენიმე მაღალმთიან სოფელში გზის გაწმენდას დღის მეორე ნახევარში აპირებენ. „რადგან თოვლის საფარი გაიყინა, დღეს ახალი თოვლი დაემატა და გრეიდერის გავლა ასფალტის საფარს დააზიანებს“, – ამბობს ჯუმბერ ვარდმანიძე.

ქედის მერის, ლევან გორგილაძის ინფორმაციით, ელექტროენერგიის პრობლემა ამ დროისთვის მხოლოდ მახუნცეთის ადმინისტრაციულ ერთეულს აქვს. „7 თემს არ ჰქონდა 4-ში უკვე აღვადგინეთ. ქედის კიდევ 12 სოფელში შეწყდა ასევე ელექტროენერგიის მიწოდება, მაგრამ პერიოდულად ირთვება, მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები,“ – გვითხრა ლევან გორგილაძემ. მისივე თქმით, დაახლოებით ორ საათში გაიწმინდება სოფლებთან მისასვლელი ცენტრალური გზები, შემდეგ კი საუბნო გზებს გაწმენდენ.

შუახევის მერიის ინფორმაციით, გზების გაწმენდაზე ამ დროისთვის 16 ერთეული ტექნიკა მუშაობს, ხოლო ელექტროენერგია არ მიეწოდება: ჭვანის, ბარათაულის, წყალსაყრის ადმინისტრაციულ ერთეულს, ასევე სოფელ ნიგაზეულის მოსახლეობას. აღდგენით სამუშაოებზე მუშაობს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ტექნიკური სამსახური.

ხულოში ელექტროენერგია არ მიწოდება სოფელ დანისპარაულს. „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, შუქის მიწოდება დღის განმავლობაში აღდგება. ხულოში საავტომობილო გზების გაწმენდაზე 17 ერთეული ტექნიკა მუშაობს.

ქობულეთის მერის, მირიან ქათამაძის ინფორმაციით, ამ დროისთვის იწმინდება ადმინისტრაციულ ცენტრებთან მისასვლელი გზები, რამდენიმე სოფლის გზა კი უკვე გაწმენდილია. მირიან ქათამაძის თქმით, თოვლის გამო ელექტროენერგიის გარეშე 1000-ზე მეტი აბონენტია დარჩენილი ხუთ სოფელში, თუმცა აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს და დაახლოებით დღის 3 საათზე შუქის მიწოდება სრულად აღდგება.

მთავარი ფოტო: გზის გაწმენდა, ხულო, 2020 წ. 

 

 

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: