მთავარი,სიახლეები

დედა, მამა და 9 შვილი უსახლკაროდ – ბავშვები სკოლის გარეშე [ვიდეო]

09.02.2020 • 5187
დედა, მამა და 9 შვილი უსახლკაროდ – ბავშვები სკოლის გარეშე [ვიდეო]

დიდ ოჯახში სულ 11 წევრი ცხოვრობს – დედ-მამა და 9 ბავშვი. ყველაზე პატარა 2 თვისაა, უფროსი – 14-ის. 

ხათრიძეების ოჯახი ბაღდათში ცხოვრობს, ოჯახის ერთადერთი შემოსავლის წყარო 1100-ლარიანი სოციალური დახმარებაა. ამით, როგორც ბავშვების მამა, ნუგზარ ხათრიძე ამბობს, ყველა ბავშვისთვის სეზონზე შესაფერის სამოსსაც კი ვერ ყიდულობს, 1100 ლარიდან 400 ლარი ყოველთვიურად 11 წლის ნინის წამლებისა და მკურნალობისთვის სჭირდება ოჯახს – გოგონა რამდენიმე წლის წინ კოცონთან თამაშისას დაიწვა და ფეხი დაიზიანა. 11 წლის გოგო თავისუფლად ვერ გადაადგილდება, არ დადის სკოლაში და, ჯერჯერობით, არც შშმ პირის სტატუსი აქვს. 

ოჯახი ნაქირავები სახლის პირველ სართულზე ცხოვრობს. თითქმის 5 წელია, რაც საცხოვრებლის ქირას მათ ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერია უხდის. რამდენიმე წლის წინ მუნიციპალიტეტმა ოჯახს საცხოვრებლად ძველი სტამბის შენობაში გამოუყო ფართობი, მაგრამ იქ მინიმალური საცხოვრებელი პირობების უქონლობის გამო ვერ დასახლდნენ. ამავე, ძველი სტამბის შენობაში ჰქონდა ფართობი ბაღდათში 3 თებერვალს ხანძრის შედეგად დაღუპულ ოჯახს, რომელიც მუნიციპალიტეტის მიერ გამოყოფილ შენობაში, სავარაუდოდ, ასევე საცხოვრებელი პირობების არარსებობის გამო ვერ გაჩერდა. 

„არ ვიცი, როდის დამიძახებენ ეს სახლი გაიყიდა და წადი შენი ცხრა შვილიანადო” 

ოთახებს, სადაც ახლა ხათრიძეები ცხოვრობენ, არ აქვს ფანჯრის მინები, სახლში ყველა მხრიდან უბერავს, ზამთრის ქარში პატარა ღუმელის დანთებაც ჭირს – თუ ანთია, სახლი იჭვარტლება, ამიტომ ხშირად ისევ ჩამქრალ ღუმელთან ჯდომა ურჩევნიათ. სახლში  ღუმელი იშვიათად ინთება და ბეტონის იატაკს ვერ ათბობს. სახლის მეპატრონის გაფუჭებულ მაცივარს ოჯახი კარადად იყენებს, ძველი სარეცხი მანქანა გაფუჭდა და უფუნქციოდ დევს, სახლში არ არის წყალი, გაზი, აბაზანა, წყალი მხოლოდ ეზოში, ერთადერთი ონკანიდან მოდის. სახლის ჭერზე ძველი სათამაშოები კიდია. ბავშვების დედა როგორღაც მაინც ახერხებს სარეცხის გარეცხვას და ხელით გარეცხილი 9 ბავშვის  სამოსი თოკზე შრება.

,,პრემიერ-მინისტრის, მუნიციპალიტეტის – ვის სახელზე არ მაქვს დაწერილი განცხადება, ერთადერთი, რაც მინდა ის არის, რომ ჩვენი სახლი გვქონდეს, სადაც ადამიანურად ვიცხოვრებთ. ეს სახლი, სადაც ქირით ვცხოვრობთ, იყიდება, პატრონი ყიდის. არ ვიცი, როდის დამიძახებს ახალი მეპატრონე, წადი შენი ცხრა შვილიანადო. არ მინდა ჩემი შვილები უსახლკარობის გამო სულ დარცხვენილები იყვნენ“, – ამბობს ნუგზარ ხათრიძე. 

,,არ გადამიღოთ რა, სკოლაში დამცინებენ”

ცხრა ბავშვისგან ორს სკოლაში არასდროს უვლია – გოგოს, რომელსაც ფეხი აქვს დაზიანებული და მის დასაც – მშობლებმა ის სკოლაში ვერ დაარეგისტრირეს, რადგან ავადმყოფ ბავშვს ზაფხულის ბოლოს თბილისში, ექიმებთან ატარებდნენ. 13 წლის გოგო და 14 წლის ბიჭი, რომლებიც აქამდე სკოლაში სწავლობდნენ, წელს, ბოლო სემესტრში, სკოლაში აღარ წასულან. როგორც ბავშვების მამა ამბობს, იყო შემთხვევები, როცა ბავშვებს სკოლაში უსახლკარობის გამო დასცინეს, რის შემდეგაც მათ სკოლაში სიარული აღარ მოუნდათ.

„ზოგმა შეიძლება იფიქროს, რომ ამხელები არიან და რატომ არ დადიან სკოლაშიო, მაგრამ ასეთი სახლიდან, სიცივეში რომ გაათენებს ბავშვი და დილით კიდევ ეტყვი, ადექი და სკოლაში წადიო…მირჩევნია სახლში მყავდნენ, გზაში მაინც რომ არ გამიცივდნენ. 

დიდები დედას ეხმარებიან სახლში, გავა ბავშვი, ფიჩხებს მოძებნის ეზოში, გოგო დედას დაეხმარება  პატარასთან. ეს სემესტრი ვერ იარეს.

მასწავლებელი და დირექტორი მოვიდა, ვთხოვე ჩემი საქმე ასეა და ცოტა ხანს მაცალეთ-მეთქი”, – ამბობს ბავშვების მამა.

მისი თქმით, ბავშვებს თავადაც არ სურთ სკოლაში სიარული, რადგან სეზონისთვის შესაფერისი სამოსი თითქმის არასდროს აქვთ.

„მე არ გადამიღოთ რა” – გვეეუბნება უფროსი გოგო, რომელმაც ბოლო სემესტრში სკოლაში სიარული შეწყვიტა. – ,,სკოლაში დამცინებენ, უსახლკარო ხარო”.                            

ბავშვების მამა – ნუგზარ ხათრიძე

სამი წლის წინ ჩემმა მეუღლემ დაწერა განცხადება შეშის თაობაზე, სამი ზამთარი წყალში და თოვლში ვიარე, შეშა რომ მომეტანა. წელს მომიტანეს 12 კუნძი, სახლში არ ვიყავი და გადმოუყრიათ. ბევრი დამპალი იყო და არ ვიბარებდით, ხელს არ ვაწერდით, მაგრამ ვინც მოგვიტანა გვითხრა, მომხსნიან სამსახურიდა,ნ თუ არ ჩაიბარებთო და რას ვიზამდით. ერთ კვირაში გამოგველია ის შეშა, რაც იმისგან დარჩა,  გარეთაა. 

სამყოფი შეშისთვის 700 ლარია საჭირო, ბაღდათში ჩემნაირ გაჭირვებულებს ყველას დამპალი შეშა მიუტანეს, ერთი მანქანა 10 ოჯახზე გაანაწილეს. 20 წლის ტყეში ნაგდებ შეშას რომ მიუტან ადამიანს და ამასაც დაამადლი… მითხრეს, 3 კუბური მეტრიაო. ტყეში ვმუშაობდი ბავშვობაში და იქ ვარ გაზრდილი, როგორ უნდა მასწავლონ 3 კუბური მეტრი შეშა რამდენია.

ვმუშაობ სეზონურად, სახლების სახურავებს ვღებავთ მე და ჩემი უფროსი შვილი, რასაც ვშოულობთ, საკვებსა და სამოსში ვხარჯავთ. სოციალურ დახმარებასაც ამაში ვიყენებთ. ზამთარში სახლის სახურავების ღებვა არავის სჭირდება.ზაფხულში ვიმარაგებთ თანხას, რომ ზამთარში კარტოფილი, პურის ფქვილი გვქონდეს.

სამსახური ბაღდათში არარსებული რამეა, ვინმე უნდა გყავდეს. ერთადერთი, რაც ჩვენი გაგვაჩნია, 1000-ლარიანი მანქანაა, ბავშვის საავადმყოფოში წასაყვან-მოსაყვანად ვიყიდე, 200-200 ლარით გადამიხადეო პატრონმა, ააშენოს ღმერთმა.

ბოლო რამდენიმე წელია არ ვიცით რა არის ახალი წელი. სხვის მიწაზე ვცხოვრობ, სხვის სახლში, მაგრამ პომიდორი, მწვანილი, სიმინდი მომყავს. ჩემს საკუთარში ხომ მეტს გავაკეთებ. ქათამს, საქონელს ვიყოლიებ. სოციალურიდან რომ გადავდო 100 ლარი და 10 ფრთა ქათამი ვუყიდო შვილებს, ახლა ეგეც არ შემიძლია, სხვის სახლში და ეზოში არ გამოდის, საკუთარში რაღაცას ვიზამდი“.

https://www.facebook.com/batumelebi/videos/117444769709948/

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: