მთავარი,სიახლეები

როდის დაიწყება „იაფ სახლში“ ბინის მსურველთა განცხადებების მიღება – მერიის განმარტება

01.02.2020 • 3897
როდის დაიწყება „იაფ სახლში“ ბინის მსურველთა განცხადებების მიღება – მერიის განმარტება

ბათუმის მერიისგან მოწოდებული ინფორმაციით, ხელმისაწვდომი საცხოვრისის [ე.წ. „იაფი სახლის“] პროექტის განხორციელების მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ, მუშავდება ქალაქის მერის ბრძანების პროექტი. მერია პროგრამის ფარგლებში ბინის შეძენის მსურველთა განცხადებების მიღებას, სწორედ ამ ბრძანების მიღების შემდეგ გამოაცხადებს.

„ბრძანებაში იქნება გაწერილი განცხადებების მიღების პროცედურები, თუ რა უნდა წარმოადგინონ და ა.შ. ბრძანება დაახლოებით 10 დღის შიგნით მომზადდება. ამიტომ, კონკრეტული თარიღი, თუ როდის დაიწყება განცხადებების მიღება, ამ ეტაპზე უცნობია“ – უთხრეს „ბათუმელებს“ ქალაქის მერიაში.

ამ დროისთვის [პირველი თებერვლისთვის] უკვე ცნობილია ის კრიტერიუმები, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს ხელმისაწვდომი საცხოვრისის პროგრამის მონაწილე.

ასევე ცნობილია იმ ბინების ფასები, რომლებიც ამჟამად უნდა განაწილდეს.

ბინის საფასური მომავალმა მესაკუთრემ 15 წლის განმავლობაში უნდა დაფაროს:

მერიიდან მოწოდებული მონაცემების მიხედვით, მარტო 2013 წლის იანვრიდან 2016 წლის ნოემბრის ჩათვლით პერიოდში, ბათუმში ბინას 4567 ოჯახი ითხოვდა. აქედან  ე.წ „იაფი სახლის“ პროგრამაში ჩართვას კი, იმ დროისთვის – 800-მდე ოჯახი [„იაფის სახლის“ პროგრამა მერიას ამ დროს დაფინანსებული ჰქონდა].

მერიას ბინის მოთხოვნით მოქალაქეები შემდეგაც მიმართავდნენ, თუმცა, როგორც ქალაქის მერიაში გვითხრეს, ხელმისაწვდომი საცხოვრისის პროგრამის ბენეფიციართა შერჩევა უკვე შემოსული განცხადებებიდან არ მოხდება.

ყველას, ვისაც ადრე შემოჰქონდა და შემოაქვს განცხადება, აფრთხილებდნენ, რომ პროგრამის [„იაფი სახლის“] ფარგლებში ბინის მიღების მსურველებს განცხადებები ხელახლა უნდა შემოეტანათ მას შემდეგ, რაც გამოცხადდებოდა განცხადებების მიღება ამ პროგრამის ფარგლებში. როცა გამოცხადდება მიღება და შემოვა განცხადებები, ბენეფიციარებიც იქედან შეირჩევა“ – გვითხრეს მერიის პრესსამსახურში.

ბათუმის მერიაში სამი თვის წინაც განაცხადეს, რომ შემუშავებული იყო განაცხადის სპეციალური ფორმა, რომელიც ბათუმში მცხოვრებ ოჯახებს „ხელმისაწვდომი საცხოვრისის“ პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად უნდა შეევსოთ, „მხოლოდ მცირე დეტალები ზუსტდებოდა“, რასაც ერთი თვე დასჭირდებოდა. ამის შემდეგ კი  მოქალაქეები პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად დარეგისტრირებას შეძლებდნენ. მიუხედავად ამისა, მერიის ამჟამინდელი ინფორმაციით, რეგისტრაცია მინიმუმ 2020 წლის 10 თებერვლამდე არ დაიწყება.

ხელმისაწვდომი საცხოვრისის, იგივე „იაფი სახლის“ პროგრამის ფარგლებში, ბათუმში, ჯავახიშვილის N78ა-ს მიმდებარედ, ორი ხუთსართულიანი სახლის მშენებლობა დასრულდა. კორპუსებშიი, ყველა ბინა გარემონტებულია. ორივე კორპუსში, ჯამში, ერთ-ორ-და სამოთახიანი 40 ბინაა. სახლების მშენებლობაზე ხელშეკრულება 2 349 999 ლარზე იყო გაფორმებული.

იმავე მისამართზე კიდევ ორი ხუთსართულიანი საცხოვრებელი სახლი შენდება. ხელშეკრულება 2 317 747 ლარზეა გაფორმებული. ამ კორპუსების მშენებლობა 2020 წლის 23 მარტს უნდა დასრულდეს.

„იაფი სახლის საქმეზე“ რამდენიმე დღის წინ, 27 იანვარს, მოსამართლე დავით მამისეიშვილმა ბათუმის ყოფილ მერს, გიორგი ერმაკოვს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, არჩილ ვანაძე კი, მოსამართლემ უდანაშაულოდ მიიჩნია და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.

მოსამართლემ, ამავე საქმეზე, წელიწად-ნახევრით თავისუფლება აღუკვეთა ეგარსლან ლომიძეს – სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის. კიდევ ოთხ ბრალდებულს კი, მოსამართლემ 25-25 ათასი ლარის გადახდა დააკისრა გულგრილობისთვის. მათ 20-20 ათასი ლარის გადახდა მოუწევთ, რადგან რამდენიმე თვე წინასწარ პატიმრობაში იყვნენ.

ბათუმის ყოფილი მერი, გიორგი ერმაკოვი და მერიის კიდევ ექვსი მაღალჩინოსანი პროკურატურამ 2019 წლის 30 მაისს დააკავა. მათ გამოძიება დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხის გაფლანგვას და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებოდა. საუბარია ხელმისაწვდომი საცხოვრისის“ [„იაფი სახლის“] პროექტზე, რომლის გამოც ჩატარებულ ტენდერზე მილიონ 370 ათასი ლარი გაიფლანგა.

ამ საქმეზე, დაკავებიდან 2020 წლის 27 იანვრამდე, წინასწარ პატიმრობაში იყვნენ გიორგი ერმაკოვი, არჩილ ვანაძე და ეგარსლან ლომაძე. დანარჩენი ოთხი მაღალჩინოსანი – ბაგრატ მანველიძე, ბაგრატ ხალვაში, თენგიზ პეტრიძე და ვლადიმერ ხინთიბიძე – მოსამართლემ გირაოს – თითოეული 100 ათასი ლარის სანაცვლოდ  2019 წლის 24 სექტემბერს გაათავისუფლა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: