რა ღირს ბინა „იაფ სახლში“

ბათუმის მერია ხელმისაწვდომი საცხოვრისის [ე.წ. „იაფი სახლის“] პროექტის ფარგლებში მოქალაქეთა განცხადებების მიღებას 2020 წლის 2 მარტიდან დაიწყებს. განცხადებების მიღება 29 მაისს დასრულდება.

ნახეთ „იაფი სახლის“ ფარგლებში ამ ეტაპზე გასანაწილებელი 40 ბინის ფასი:

მისამართი: ბათუმი, ივანე ჯავახიშვილის ქ. #78ბ [კორპუსი „გ“]:

მისამართი: ბათუმი, ივანე ჯავახიშვილის ქ. #78ბ [კორპუსი „დ“]:
წყარო: ბათუმის საკრებულოს განკარგულება

„ლექტორებიც ჰომოფობიურად აზროვნებენ“ – ბსუ-ს სტუდენტები დისკრიმინაციის დადგენაზე

რას ფიქრობენ ბსუ-ს სტუდენტები უნივერსიტეტის მხრიდან დისკრიმინაციის ფაქტის დადგენაზე? – კითხვა სტუდენტებს დღეს, 21 თებერვალს, იმ დისკუსიის შემდეგ დავუსვით, სადაც ფსიქოლოგმა მაია ცირამუამ დისკრიმინაციის და თანასწორობის შესახებ ისაუბრა. შეხვედრა უნივერსიტეტის 21-ე აუდიტორიაში შედგა. ზუსტად ეს აუდიტორია არ დაუთმო უნივერსიტეტმა გასულ წელს „იდენტობას“ ლგბტქ თემის პრობლემებზე სასაუბროდ. ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი სახალხო დამცველმა 2020 წლის 31 იანვარს დისკრიმინაციაში ამხილა.

ოფიციალური მიზეზი, რის გამოც ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტმა „იდენტობას“ 21-ე აუდიტორია არ დაუთმო, სარემონტო სამუშაოები იყო. ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვედრის წინა დღით უთხრეს, რომ აუდიტორიაში რემონტი დაიწყო.

„არ გვჯერა,“ – ერთხმად გვიპასუხა რამდენიმე სტუდენტმა უნივერსიტეტის ოფიციალური განმარტების შესახებ. სტუდენტები, ვისაც დღეს „ბათუმელები“ ესაუბრა, მიიჩნევენ, რომ უნივერსიტეტმა საზოგადოების ჰომოფობიური განწყობების გამო თქვა უარი დისკუსიაზე.

„ჩემი აზრით, ჩათვალეს, რომ ეს საკითხი უნივერსიტეტის ავტორიტეტზე შეიძლება გადიოდეს. რეალურად, უნივერსიტეტი უნდა იყოს ადგილი, სადაც ადამიანები ისაუბრებენ ნებისმიერ რეალურ პრობლემაზე, იფიქრებ, გაანალიზებ,“ – გვითხრა ეკა ჭაღალიძემ.

დიალოგში ბსუ-ს სტუდენტი თამილა მურვანიძე ჩაერთო. მას „იდენტობისთვის“ უარის თქმის ამბავზე კიდევ ერთი უარის შემთხვევა გაახსენდა.

„ეს სარემონტო სამუშაოები ხშირად ხდება რატომღაც აქტუალური. ზურაბ ჯაფარიძესაც იგივე უთხრეს, როცა მას, როგორც ეკონომისტს, საჯარო ლექციის ჩატარება სურდა. მე არ გამოვრიცხავ, სუბიექტური განწყობაც ასეთივე უარყოფითი ჰქონოდა უნივერსიტეტის ადმინისტრაციას,“ – გვითხრა თამილა მურვანიძემ.

სტუდენტების თქმით, უნივერსიტეტში რეაქცია არავის ჰქონია იმაზე, რომ ადმინისტრაციამ ლგბტქ ადამიანების პრობლემებზე საუბარს სივრცე არ დაუთმო. არც დისკრიმინაციის ფაქტის დადგენა შეუმჩნევია ვინმეს.

„ვინ შეიმჩნევდა? ლექტორების 90 პროცენტი თავად არის ჰომოფობი…“ – გვიყვება მეგი ქამაშიძე. მას ვკითხეთ, რაში გამოვლინდა ლექტორების მხრიდან ჰომოფობიური დამოკიდებულება და უსაუბრიათ თუ არა ლექტორებთან ამ თემაზე.

„არ გვისაუბრია, მაგრამ ეტყობათ დამოკიდებულებაში, როგორც ხსნიან ლექციებს… მაგალითად, რუსთველოლოგია როცა გავიარეთ, ლექტორმა პირდაპირ გვითხრა, ქალი ფემინური უნდა იყოს, კაცი – მასკულინურიო, ქალმა ნაშიერი უდნა დააგდოსო. როცა ლექტორი ამას გეუბნება, რომელ ჰუმანურობაზე და ემპათიაზე საუბარი?“ – კითხულობს მეგი ქამაშიძე.

ამ ისტორიის გახსენებაზე სტუდენტმა, თამილა მურვანიძემ დღეს ჩატარებული ლექციაც ახსენა:

„ერთ-ერთი თემის განსახილველად ლექციაზე მოთხრობას ვეცნობოდით, ერთი პერსონაჟის აღწერის მიხედვით, ბიჭი იყო გეი. ისეთი რეპლიკები წამოვიდა უცებ, რომ მარტო ერთი-ორი ადამიანი აღმოჩნდა დამცველი. რეალურადაც ასეა,“ – აღნიშნა თამილა მურვანიძემ.

რატომ თქვა უარი უნივერსიტეტმა დისკუსიაზე, რომელიც ლგბტქ თემატიკას ეხებოდა? – კიდევ ერთი სტუდენტი, ნანა ფუტკარაძე ფიქრობს, რომ უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ რემონტის მომიზეზებით „თავის ტკივილი“ აირიდა.

„იცოდა ადმინისტრაციამ, რომ უმრავლესობას არ მოეწონებოდა… როგორც ატყდა ამბავი ფილმზე „და ჩვენ ვიცეკვეთ,“ შესაძლოა, იგივე აქციები აქაც მოწყობილიყო. ჩვენი ბრალია – სტუდენტები კომფორტის ზონიდან ვერ გამოვდივართ, ერთმანეთის იმედი არ გვაქვს,“ – გვითხრა ნანა ფუტკარაძემ.

მთავარი ფოტო: დისკუსია უნივერსიტეტში დისკრიმინაციის თემაზე, 2020 წლის 21 თებერვალი

როგორ ამოვიცნოთ და დავწიოთ სისხლში მომატებული ქოლესტერინის დონე

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, გლობალურად, გულის იშემიური დაავადების მესამედი ორგანიზმში მაღალი ქოლესტერინის დონეს უკავშირდება და ყოველწლიურად მსოფლიოში დაახლოებით 2.6 მილიონი ადამიანის სიკვდილის მიზეზი ხდება, რაც მთლიანი გარდაცვალებების 4.5 პროცენტს შეადგენს.

ქოლესტერინი ცხიმოვანი ნივთიერებაა, რომელიც ძირითადად ჩვენს სისხლში ცირკულირებს. ენდოკრინოლოგი შოთა ჯანჯღავა ამბობს, რომ ორგანიზმში ქოლესტერინის არსებობა ხშირად არასწორად ესმით. ექიმის თქმით, ქოლესტერინი ყოველთვის „ცუდი“ არ არის, მას ბევრი ფუნქცია აკისრია ჩვენს ორგანიზმში, პირველ რიგში კი, ქოლესტერინი ორგანიზმს ახალი ჯანმრთელი უჯრედების საშენ მასალად სჭირდება, იგი მონაწილეობს ჰორმონების სინთეზში, მაგრამ თუ ჭარბი რაოდენობით დაგროვდა – საზიანოა ჯანმრთელობისთვის.

MayoClinic: მაღალი ქოლესტერინისას, შესაძლოა, სისხლძარღვებში განვითარდეს ცხიმოვანი ჩანართები. თანდათანობით, ეს ჩანართები იზრდებიან და არტერიებში სისხლის საკმარისი რაოდენობის მიმოქცევას აფერხებენ. ზოგჯერ, ეს ჩანართები მოულოდნელად იშლებიან და შედედების გზით თრომბად იქცევიან, რაც იწვევს ინფარქტს ან ინსულტს.

  • ბატონო შოთა, რა იწვევს ქოლესტერინის დონის მატებას ორგანიზმში?

ქოლესტერინის დონე ძირითადად მატულობს არასწორი კვების რეჟიმის გამო, მაგალითად, როცა ადამიანი იღებს დიდი რაოდენობის ცხიმოვან საკვებს. ზოგადად, მთელს მსოფლიოში შეინიშნება ქოლესტერინის დონის მატების ტენდენცია, ეს გამოიწვია იმან, რომ არაჯანსაღი ცხოვრების წესით ვცხოვრობთ, ვიკვებებით სწრაფი კვების ობიექტებში, ტკბილეულით, ვსვამთ ტკბილ წვენებს, გაზირებული სასმელებს. ეს პირდაპირ მოქმედებს ქოლესტერინის მატებაზე. ზოგჯერ პაციენტი ამბობს, რომ ცხიმიანს არ ჭამს, მაგრამ როცა ჩავეკითხები, აღმოჩნდება, რომ ტკბილს ჭამს, რაც ასევე ახდენს ქოლესტერინის დონის მატებას ორგანიზმში.

ხდება ხოლმე, როცა ადამიანი იკვებება ჯანსაღად, მაგრამ მის ორგანიზმში მაინც მატულობს ქოლესტერინი, ეს განპირობებულია ან ფერმენტაციული ცვლის დარღვევით ღვიძლში, ან გენეტიკური წინასწარგანწყობით. ცხადია, ამ შემთხვევაშიც კვების რეჟიმი დაცული უნდა იყოს, მაგრამ სამწუხაროდ მხოლოდ კვების რეგულირება დადებით შედეგს ვერ მოგვცემს.

  • რა სიმპტომები ვლინდება სისხლში ქოლესტერინის მომატება?

ყველაზე თვალსაჩინო არის სიხლძარღვოვანი (გულსისხლძარღვთა სისტემის) ცვლილებები, როგორიც არის არტერიული წნევის მატებისკენ ტენდენცია; ასევე,  ჭარბი წონისკენ მიდრეკილება; თუ ადამიანს აქვს იშემიური პათოლოგია, ეს მიუთითებს, რომ სისხლის მოძრაობა გართულებულია, რადგანაც სისხლძარღვში ქოლესტერინის ჩანართები განაპირობებს აღნიშნულ ცვლილებებს. ასევე ძალიან ცხადი სიმპტომია კანის ზედაპირზე ცხიმგროვები ე.წ. „ჟირავიკები“. ესეც მიუთითებს, რომ ორგანიზმში დარღვეულია ცხიმოვანი ცვლა. ამ დროს შეიძლება არ იყოს საერთო ქოლესტერინი მომატებული, მაგრამ იყოს დარღვეული ცხიმოვანი ცვლის ბალანსი, რაც ასევე საყურადღებოა.

  • რამდენად კავშირშია ქოლესტერინის მატებასთან თვალთან არსებული ცხიმგროვები?

ასეთი გამოვლინებაც კავშირშია ქოლესტერინთან, თუმცა ამ დროს შეიძლება სისხლში ქოლესტერინის მატება ვერ დავაფიქსიროთ, მაგრამ უკვე მიმდინარეობს ცხიმოვანი ცვლის დარღვევა. საქმე ის არის, რომ ორგანიზმი ცდილობს მოიცილოს სისხლძღარღვებიდან (ანუ მოცირკულირე სისხლიდან) ქოლესტერინის ჭარბი რაოდენობა, რათა სისხლმა უკეთ იმოძრაოს. აქედან გამომდინარე, ის პოულობს ადგილებს, სადაც ალაგებს ამ ზედმეტ ქოლესტერინს. ეს შეიძლება იყოს კანქვეშ, თვალებთან ან სხვა ადგილას.

ქოლესტერინის მაღალი დონით გამოწვეული წარმონაქმნები თვალის მიდამოში მას შემდეგაც რჩება სახეზე, როცა პაციენტი ქოლესტერინის დონეს დაარეგულირებს ჯანსაღი კვებით ან სხვა ჩარევებით. ცხიმგროვის მოსაშორებლად კოსმეტიკურ/ქირურგიული ჩარევა ხდება საჭირო. თუ ეს ასეთი შემთხვევა დაფიქსირდა, პაციენტმა მუდმივად უნდა აკონტროლოს ქოლესტერინის დონე სისხლში.

  • კონკრეტულად რას აზიანებს ქოლესტერინის მომატება?

პირველი, რასაც იწვევს, არის გულ-სისხლძარღვთა სისტემის პათოლოგიები, როგორიცაა: ისნულტი, ინფარქტი, იშემიური ცვლილებები, ასევე, ათეროსკლეროზული ცვლილებები. შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლის გაცხიმოვნება, რომლის შემდეგაც შესაძლოა ჩამოყალიბდეს ცხიმოვანი ჰეპატოზი. შემდგომ ეტაპზე, ცხიმოვანი ფოლაქების ჩალაგების შედეგად, უკვე მთელს ორგანიზმზე ახდენს გავლენას.

  • რამდენად კავშირშია ქოლესტერინი ჭარბ წონასთან?

შესაძლოა ქოლესტერინის მომატებული დონე ჭარბი წონიდანაც მომდინარეობდეს, მაგრამ ისე არ უნდა გავიგოთ, თითქოს აუცილებლად ყველა ჭარბწონიან ადამიანს ქოლესტერინის დონე ჰქონდეს მაღალი. შეიძლება ადამიანი ძალიან  გამხდარი იყოს, მაგრამ ქოლესტერინი მაინც მაღალი ჰქონდეს. ასეთ შემთხვევაში ყურადღება ექცევა გენეტიკურ ფაქტორებს, როგორია ენდოკრინული პათოლოგიები, ან ჰიპოთიროიდული მდგომარეობა, ანუ ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიური ჰიპოთირიოზები ხომ არ არის, რომელიც იძლევა ამ სიმპტომებს.

  • როგორ ხდება მკურნალობა?

დავიწყოთ იქედან, რომ თუ ქოლესტერინის დონე ერთხელ მოიმატებს, მას მთელი ცხოვრება სჭირდება კონტროლი, კვებითი რეგულაციების დაცვა იქნება აუცილებელი. პირველი წამალი სწორედ ეს არის – დოზირებულ ფიზიკურ აქტივობასთან ერთად. თუ ამის შედეგად ვერ ვიღებთ შედეგს, შემდგომში  არის შედარებით უფრო მსუბუქი და ძლიერი მედიკამენტები, რომლებიც არეგულირებენ ქოლესტერინის დონეს.

ქრონიკულმა პაციენტებმა გაორმაგებულად უნდა აკონტროლონ ლიპიდური ცვლისა და ქოლესტერინის დონე ორგანიზმში. ზოგიერთ მათგანს  შესაძლოა მთელი ცხოვრებაც კი დასჭირდეს მედიკამენტის მიღება, რომ ქოლესტერინის დონე იყოს დარეგულირებული. მაგრამ ეს მედიკამენტები, გარკვეულწილად, ღვიძლზე ახდენენ გავლენას, ამიტომ პაციენტმა უნდა აკონტროლოს არამარტო ქოლესტერინის დონისა და ლიპიდური ცვლის მთელი სპექტრი, არამედ ღვიძლის ფუნქციებიც.

  • როგორ უნდა ვიკვებოთ ქოლესტერინის დონის დასარეგულირებლად?

ყველა სახის ბოსტნეული დადებით გავლენას ახდენს ქოლესტერინის დონის დარეგულირებაზე. თუმცა ცხიმოვანი პროდუქტების ერთიანად ამოღება კვების რაციონიდან, არ შეიძლება. ცხიმის გარკვეული რაოდენობით მიღება აუცილებელია ორგანიზმისთვის. განსაკუთრებით კარგია, თუ მივიღებთ თევზსა და ომეგა 3-ს, რომელიც დადებით გავლენას ახდენს ქოლესტერინის დონის რეგულირებაზე.

  • აქვს თუ არა მნიშვნელობა ცხიმი რა სახისაა – ხელვნური  თუ ნატურალური?

ყველა ცხიმი ახდენს ზეგავლენას ქოლესტერინის დონის მატებაზე. ხელოვნური/მცენარეული ცხიმების შემთხევვაში, პროდუქტს აქვს ბევრი დანამატი, მასში არის არასწორი ცხიმების ნაჯერი და უჯერი კომბინაცია და ამან შეიძლება ცოტათი უფორ მეტად გააუარესოს ქოლესტერინის დონე ორგანიზმში, ვიდრე ნატურალურმა კარაქმა. თუმცა ნატურალური კარაქიც ახდენს ზეგავლენას ქოლესტერინის დონის მატებაზე. რა თქმა უნდა, დოზირებულად –  ერთი ნაჭერი კარაქიანი პური ჯანსაღი კვების რაციონში დაშვებულია.

რეკომენდაციები

შეზღუდეთ ქოლესტერინის მიღება – დღის განმავლობაში უნდა მიიღოთ 0.2 გრამ ქოლესტერინზე ნაკლები. ქოლესტერინს შეიცავს ცხოველური წარმოშობის პროდუქტები, მაგალითად, ღვიძლისა თუ სხვა ორგანოების ხორცი, კვერცხის გულები, კრევეტები და რძის პროდუქტები.

მიიღეთ ბლომად უჯრედისით მდიდარი საკვები. ეს საკვები აფერხებს საჭმლის მომნელებელი სისტემის მიერ ქოლესტერინის ათვისებას. ასეთი საკვებია:

  • მთლიანმარცვლიანი პროდუქტები, როგორიცაა: შვრია და შვრიის ქატო
  • ხილი, როგორიცაა: ვაშლი, ბანანი, ფორთოხალი, მსხალი და ქლიავი
  • მარცვლოვანი პროდუქტები: შავი და მწვანე ლობიო, ოსპი, მუხუდო
  • მიირთვით ბევრი ხილი და ბოსტნეული. ასეთი დიეტა ორგანიზმში ამაღლებს იმ კომპონენტებს, რომლებიც ქოლესტერინის დონეს ადაბლებენ.

წყარო: medlineplus.gov – აშშ-ს ეროვნული სამედიცინო ბიბლიოთეკის გვერდი

ვინ მიიღებს „იაფ სახლს“ – ლაშა კომახიძემ კომისია შექმნა

„იაფ სახლთან“ დაკავშირებით ბათუმის მერის ბრძანებით სპეციალური კომისია შეიქმნება, რომელშიც არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებიც შევლენ. აღნიშნული კომისია განიხილავს კონსულტანტის მიერ წარმოდგენილ შედეგებს და ქალაქის მერს მისცემს რეკომენდაციას ამ შედეგების დამტკიცებასა და პროგრამით მოსარგებლე ოჯახების განსაზღვრაზე.

რაც შეეხება კონსულტანტს, მერია მას სახელმწიფო შესყიდვების [ტენდერის] საშუალებით შეარჩევს.

სწორედ კონსულტანტი შეისწავლის-გადაარჩევს მერიაში შესულ განაცხადებას [რომლებიც ფორმალურად აკმაყოფილებენ პროგრამით სარგებლობის მინიმალურ მოთხოვნებს], აპლიკანტი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ, მიანიჭებს მათ სარეიტინგო ქულებს და შექმნის აპლიკანტი ოჯახების მონაცემთა ბაზას“.

„თუ დადგინდება, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების დასადგენად საჭიროა შესაბამისი მტკიცებულებები, კონსულტანტი ვალდებული იქნება, მოსთხოვოს აპლიკანტ ოჯახს ასეთი დოკუმენტების წარდგენა. კონსულტანტის სხვა უფლება-მოვალეობები განისაზღვრება სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებით“, – აღნიშნულია მერის ბრძანებაში.

[toggle title=”კომისიის შემადგენლობა ნახეთ აქ:”] მერის ბრძანებით კომისია უნდა შეიქმნას შემდეგი შემადგენლობით:
ლელა სურმანიძე – ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე (კომისიის თავმჯდომარე);
სოფიო მიქელაძე – ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე);
დავით კოპინაძე – ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ქონების და სერვისების მართვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი;
ეთერ ლომაძე – ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური პოლიტიკის სამსახურის უფროსი;
ედნარ ნატარიძე – ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი;
რუსუდან ჟოჟაძე – ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური პოლიტიკის სამსახურის მუნიციპალური პოლიტიკის დაგეგმვის, რისკების მართვისა და მონიტორინგის განყოფილების უფროსი;
მუხრან ჯორბენაძე – ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი – იურისტი;
ასევე, სახელმწიფო შესყიდვების საშუალებით შერჩეული კონსულტანტის 2 წარმომადგენელი.[/toggle]

„კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მიღება ეთხოვოს არასამთავრობო ორგანიზაციებს. ამ მიზნით არასამთავრობო ორგანიზაციებს დაეგზავნოს მოთხოვნები კანდიდატურების შერჩევისათვის. კომისიის შემადგენლობაში შეყვანილი იქნება მათ მიერ წარმოდგენილი 3 კანდიდატურა“, – აღნიშნულია მუნიციპალური პროგრამის – „ხელმისაწვდომი საცხოვრისი“ – განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ ბათუმის მერის, ლაშა კომახიძის, 2020 წლის 21 თებერვლის ბრძანებაში.

მერის ბრძანებაში ასევე აღნიშნულია, რომ კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მიღებას სთხოვენ:

[checklist]

  • ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს. ამ მიზნით გაეგზავნოს მოთხოვნა კანდიდატურების შერჩევისათვის. კომისიის შემადგენლობაში შეყვანილი იქნება მათ მიერ წარმოდგენილი 2 კანდიდატურა.
  • ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის სათათბირო ორგანო – სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს. ამ მიზნით გაეგზავნოს მოთხოვნა კანდიდატურების შერჩევისათვის. კომისიის შემადგენლობაში შეყვანილი იქნება მათ მიერ წარმოდგენილი 2 კანდიდატურა.

[/checklist]

„იაფ სახლთან“ დაკავშირებით შექმნილი კომისია, საჭიროების შემთხვევაში, უფლებამოსილია კომისიის სხდომაზე მონაწილეობის მისაღებად მიიწვიოს სამუშაო ჯგუფის წევრები.

[toggle title=”სამუშაო ჯგუფის შემადგენლობა ნახეთ აქ:”]სოფიო მიქელაძე – ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი (ჯგუფის ხელმძღვანელი);
მარინე რუხაძე – ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პოლიტიკის განყოფილების უფროსი (ჯგუფის ხელმძღვანელის მოადგილე);
დავით კოპინაძე – ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ქონების და სერვისების მართვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი;
ჯუმბერ კობალაძე – ა(ა)იპ „მუნიციპალური სერვისების სააგენტო“-ს დირექტორი;
გოჩა ჯიბლაძე – ა(ა)იპ „მუნიციპალური სერვისების სააგენტო“-ს ადმინისტრაციული ერთეულების სამსახურის უფროსი;
მერიემ სიჭინავა – ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილების მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი – იურისტი;
ხათუნა კობალაძე – ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ქონების და სერვისების მართვის სამსახურის მუნიციპალური ქონების პოლიტიკის და განკარგვის განყოფილების მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი;
მერი ასამბაძე – ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ქონების და სერვისების მართვის სამსახურის საკუთრების აღიარების განყოფილების მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი;
ასევე, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში სერვისცენტრის მენეჯერები (მხოლოდ თავიანთი სამოქმედო ტერიტორიის მიხედვით).[/toggle]

სამუშაო ჯგუფმა უნდა შეისწავლოს წარდგენილი განაცხადები [თანდართულ დოკუმენტებთან ერთად] არის თუ არა სრულყოფილი და შესაბამისობაში მერის ბრძანების მოთხოვნებთან და ხარვეზების არსებობის შემთხვევაში უზრუნველყოს შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება მათი სრულყოფის მიზნით; ასევე, უნდა შეისწავლოს განაცხადები, დოკუმენტების მიხედვით, ფორმალურად აკმაყოფილებს თუ არა პროგრამით სარგებლობის მინიმალურ მოთხოვნებს, შემდგომი ეტაპის განხილვისათვის.

სამუშაო ჯგუფმა უნდა უზრუნველყოფს აპლიკანტი ოჯახების [რომლებიც დოკუმენტების მიხედვით ფორმალურად აკმაყოფილებენ პროგრამით სარგებლობის მინიმალურ მოთხოვნებს] ელექტრონული ბაზის მომზადება.

მერის ბრძანებით შეიქმნა საპრეტენზიო კომისიაც.

[toggle title=”ნახეთ საპრეტენზიო კომისიის შემადგენლობა:”]ჯაბა ტუღუში – ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ვიცე-მერი (კომისიის თავმჯდომარე);
ნუკრი დეკანაძე – ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის უფროსი (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე);
რამაზ მამულაძე – ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილების უფროსი;
ვახტანგ გედენიძე – ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის სასამართლოსთან ურთიერთობის და ადმინისტრაციული დავების განყოფილების უფროსი;
ხათუნა აბულაძე – ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის საჯარო ინფორმაციის და არქივის განყოფილების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი (კომისიის მდივანი).[/toggle]

ბრძანების მიხედვით: „საპრეტენზიო კომისია დაინტერესებული პირის მიერ წარმოდგენილი საჩივრის ფარგლებში განიხილავს სამუშაო ჯგუფის და კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს და იღებს სარეკომენდაციო ხასიათის შესაბამის გადაწყვეტილებას. დაინტერესებული პირის მიერ საჩივარი საპრეტენზიო კომისიაში წარდგენილი უნდა იქნას გადაწყვეტილების გაცნობიდან 5 სამუშაო დღის ვადაში. დაგვიანებით წარდგენილი საჩივარი არ განიხილება“.

ბათუმის მერია ხელმისაწვდომი საცხოვრისის [ე.წ. „იაფი სახლის“] პროექტის ფარგლებში მოქალაქეთა განცხადებების მიღებას 2020 წლის 2 მარტიდან დაიწყებს. განცხადებების მიღება ამავე წლის და 29 მაისს დასრულდება.

ამ თემაზე:

რა წერია განაჩენში გიორგი ერმაკოვზე, რომელსაც 7 წელი მიუსაჯეს

 

 

ბათუმში კაცი დაჭრეს – მას ოპერაცია უტარდება

დღეს, 21 თებერვალს, ბათუმში კაცი დაჭრეს. მას ყელის არეში აქვს მიყენებული ჭრილობა. სასწრაფო დახმარების ჯგუფმა დაჭრილი კლინიკაში გადაიყვანა, სადაც ამ დროისთვის  ოპერაცია უტარდება. ექიმების განცხადებით, მისი მდგომარეობა საშუალოდ მძიმეა.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, კაცი შუახნისაა და იგი აეროპორტის გზატკეცილის მიმდებარე ტერიტორიაზე დაჭრეს.

„ბათუმელები“ დეტალებს აზუსტებს.

ინფორმაცია განახლდება.

საქართველოს 2020 წლის ბიუჯეტი – სოციალური თუ საარჩევნო? მთავარი პრიორიტეტები

ავტორი: JAMnews

როგორც ხელისუფლება ამბობს, 2020 წლის ბიუჯეტი ადამიანებზე და სოციალურ საჭიროებებზეა ორიენტირებული. ოპოზიცია და ექსპერტების ნაწილი კი ფიქრობს, რომ ბიუჯეტი 2020 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებსაა მორგებული და საარჩევნო წელს ხელისუფლებას მოსახლეობის განწყობებით მანიპულირების საშუალებას აძლევს.

JAMnews-მა წაიკითხა 2020 წლის ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტი და მოკლედ მოგიყვებათ, რა არის მომავალი წლის პრიორიტეტები და რა მთავარი განსხვავებაა გასულ წლებთან შედარებით.

როგორია 2020 წლის ბიუჯეტის მთავარი პარამეტრები?

2020 წლისთვის მთავრობა ასეთ პროგნოზს აკეთებს:

შემოსავლების პროგნოზი 14 მილიარდ 554 მილიონ ლარია.

რაც შეეხება ხარჯებს, 2020 წელს საქართველოს მთავრობა დაახლოებით 14 მილიარდ 433 მილიონამდე ლარს (4.8 მილიარდ დოლარს) დახარჯავს. (2019 წელს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან 13.3 მილიარდი ლარი დაიხარჯა).

წინასწარი პროგნოზებით, 2020 წელს საქართველოს ეკონომიკა დაახლოებით 53 მილიარდი ლარი იქნება.

ეკონომიკური ზრდის პროგნოზი – 4.5 პროცენტია.

პროგნოზებში გათვალისწინებულია ასევე საქართველოს ეროვნული ბანკის მიზნობრივი ინფლაციის მაჩვენებელი, რომელიც 3 პროცენტს შეადგენს.

რისგან შედგება საქართველოს ბიუჯეტის შემოსავლები?

ბიუჯეტის მთავარი ნაწილი შემოსავლებია. იმაზე, თუ რამდენია შემოსავლები, დამოკიდებული იქნება, თუ რამდენი ფულის დახარჯვა შეუძლია მთავრობას. თავის მხრივ, ბიუჯეტის შემოსავლები ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზეა დამოკიდებული. მაგალითად, საფრანგეთის მთავრობა 1 500 მილიარდ დოლარს ხარჯავს წელიწადში. რუსეთი კი, რომელსაც საფრანგეთზე 27-ჯერ დიდი ტერიტორია აქვს და 2.3 – ჯერ მეტი მოსახლეობა ჰყავს, მხოლოდ 550 მილიარდ დოლარს.

11.3 მილიარდი ლარის შემოსავალს სახელმწიფო ბიუჯეტი სწორედ ეკონომიკიდან მიიღებს. 242 მლნ ლარს გრანტს აიღებს, ხოლო 3.1 მილიარდ ლარს ისესხებს.

ეკონომიკიდან მიღებული შემოსავლები უფრო დაწვრილებით რომ განვიხილოთ: მთავრობა ყველაზე მეტ შემოსავალს – 10.5 მილიარდ ლარს გადასახადებისგან მიიღებს (ცხრილი 1), რაც 2019 წლის მაჩვენებელზე 820 მლნ ლარით მეტია.

520 მლნ ლარი ბიუჯეტში სხვა შემოსავლებიდან გროვდება, რაც სახელმწიფო საწარმოებიდან, ჯარიმებიდან, ნებართვებიდან და სხვა წყაროებიდან მიღებულ შემოსავლებს მოიცავს.

130 მლნ ლარის შემოსავლის მიღებას კი მთავრობა პრივატიზაციიდან გეგმავს. ასევე 130 მლნ ლარს ადრე გაცემული სესხების უკან დაბრუნებით მიიღებს.

რაში დაიხარჯება ფული? 2020 წლის ბიუჯეტის მთავარი პრიორიტეტები

რა შემოსავალი გვექნება, გავარკვიეთ. ახლა ვნახოთ, რაზე დაიხარჯება ეს ფული.

2019 წელთან შედარებით სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯები (გადასახდელები) 2020 წელს 1 120 მლნ ლარით იზრდება და ჯამში 14.4 მილიარდი ლარი დაიხარჯება.

[checklist]

  • 1. ინფრასტრუქტურა. ყველაზე მეტი თანხა ინფრასტრუქტურულ (კაპიტალურ) პროექტებზე დაიხარჯება – 2.6 მილიარდი ლარი, რაც მიმდინარე წელთან შედარებით 120 მლნ ლარით მეტია. მათ შორის, ყველაზე მეტი თანხა -1.3 მილიარდი ლარი საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე დაიხარჯება – კონკრეტულად ჩქაროსნულ ავტომაგისტრალებზე 705 მლნ ლარია გამოყოფილი. წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის აღდგენა-რეაბილიტაციაზე 257 მლნ ლარი დაიხარჯება, საჯარო სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციაზე 149 მლნ ლარი და ა.შ.
  • 2. პენსია. მეორე ადგილზეა საპენსიო ხარჯი. საპენსიო დანახარჯები ყოველ წელს იზრდება, თუმცა, 2020 წელი ამ მხრივ მაინც განსაკუთრებულია – გასულ წელთან შედარებით საპენსიო ხარჯი თითქმის 16 პროცენტით (305 მილიონი ლარით) იზრდება. 2020 წელს ჯამური წლიური საპენსიო ხარჯი 2.2 მილიარდ ლარს მიაღწევს. 2019 წელს პენსიაზე 1.9 მილიარდი ლარი დაიხარჯა.

    2015-2019 წლებში საპენსიო ხარჯების ზრდის დინამიკას თუ გადავხედავთ, ვნახავთ, რომ ამ ხუთი წლის განმავლობაში საპენსიო ხარჯი ყველაზე მეტად 2016 წელს გაიზარდა. საქართველოში ამ წელსაც საპარლამენტო არჩევნები იყო.

    2020 წლის პირველი იანვრიდან პენსია 20 ლარით მოიმატებს ყველა პენსიონერისთვის და თვეში 220 ლარი იქნება. ხოლო, 1 ივლისიდან დამატებით 30 ლარით გაიზრდება 70 წლის ზემოთ ასაკის მოქალაქეების პენსია. ასევე 1 ივლისიდან დამატებით 30 ლარით მოიმატებს მკვეთრად გამოხატული და 18 წლამდე ასაკის შშმ პირების სოციალური გასაცემლები.

  • 3. სახელმწიფო ვალი. სიდიდით მესამე ხარჯია სახელმწიფო ვალის დასაფარად გათვალისწინებული თანხა – 1.8 მილიარდ ლარამდე. აქედან, 1.2 მილიარდი ლარი ვალის ძირის დაფარვაზე მიდის, 751 მლნ კი პროცენტის მომსახურებაზე.

    თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ 2020 წელს ქვეყანას ვალი შეუმცირდება. პირიქით. მომავალ წელს მთავრობა 3.1 მილიარდ ლარს ახალ ვალს იღებს, რადგან ეკონომიკიდან მიღებული შემოსავლები ყველა ხარჯს არ ეყოფა. საბოლოოდ, 2020 წელს ძველი ვალის ძირის დაფარვის გამოკლებით, ქვეყანას ვალი 2.1 მილიარდ ლარით გაეზრდება.

  • 4. განათლება. მომავალ წელს 76 მლნ ლარით იზრდება განათლების დაფინანსება და ჯამში 1.6 მილიარდ ლარამდე დაიხარჯება. მათ შორის, ზოგადი განათლების დაფინანსება იზრდება 74 მლნ ლარით, პროფესიული განათლების 8 მლნ-ით, უმაღლესი განათლების დაფინანსება კი, პირიქით, მცირდება 25 მლნ-ით.
  • 5. პოლიცია. 40 მილიონი ლარით იზრდება საზოგადოებრივ წესრიგსა და უსაფრთხოებაზე (პოლიცია, სასამართლო, სასჯელაღსრულება, პროკურატურა, სამაშველო სამსახური) გამოყოფილი თანხები. სულ ამ მიმართულებით 1.2 მილიარდი ლარია გამოყოფილი.
  • 6. ჯანდაცვა. გასულ წელთან შედარებით, 2020 წელს ჯანმრთელობის დაცვაზე გაწეული ხარჯი 35 მილიონი ლარით მეტი იქნება. აქედან 3 მლნ ლარით იზრდება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დაფინანსება (პროგრამის ბიუჯეტი ჯამში 757 მლნ ლარი გახდება). სულ ჯანდაცვის სფეროში ქვეყანა 2020 წელს 1.1 მილიარდ ლარს დახარჯავს.
  • 7. თავდაცვა. 42 მილიონი ლარით მეტი დაიხარჯება თავდაცვაზე (სულ 979 მლნ ლარი). 2019 წელს 937 მლნ ლარი იყო.
  • 8. სოციალური დახმარება. რიგით მერვე ყველაზე ხარჯიანი პუნქტი სოციალური დახმარებებია. 27 მილიონი ლარით იზრდება სოციალურ დახმარებაზე გაწეული ხარჯები. ჯამში 2020 წელს სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მცხოვრები ადამიანები 811 მლნ ლარს მიიღებენ.

[/checklist]

სოციალური თუ საარჩევნო ბიუჯეტი?

სახელისუფლებო პარტიისთვის 2020 წლის მთავარი პოლიტიკური მიზანი საპარლამენტო არჩევნების მოგებაა, რაც ბიუჯეტზეც აისახა.

2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის მთავარი პრიორიტეტი პენსიის და საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასების ზრდაა.

საინტერესოა, რომ ყველა სახელფასო მატება წლის მეორე ნახევარშია დაგეგმილი – ოქტომბრის არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე, როდესაც ქვეყანაში უკვე დაიწყება წინასაარჩევნო კამპანია.

• იზრდება ძალოვანი და სამართლებრივი უწყებებისთვის გამოყოფილი თანხები. ასევე იზრდება ამ უწყებებში დასაქმებულ ადამიანთა რიცხვი.

2020 წელს ათასი ადამიანით იზრდება პოლიციელთა რაოდენობა. ჯამში ქვეყანას 20 854 პოლიციელი ეყოლება.

4 მლნ ლარით იზრდება პროკურატურის დაფინანსება, სადაც ასევე დამატებით 14 ადამიანი დასაქმდება

• 2020 წელს 10.5 მილიონი ლარით მეტს მიიღებს ქვეყნის საზოგადოებრივი მაუწყებელი. ეს არხი მთლიანად ბიუჯეტიდან ფინანსდება და მის სარედაქციო პოლიტიკას ხელისუფლებასთან დაახლოებული ადამიანები განსაზღვრავენ. ჯამში ამ არხის ბიუჯეტი 2020 წელს 68.7 მლნ ლარი იქნება.

• 19 მლნ ლარით იზრდება ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაფინანსება, რაც ასევე საპარლამენტო არჩევნებით არის განპირობებული.

• იზრდება ასევე საპენსიო სააგენტოს (1.2 მილიონი ლარით), საგარეო საქმეთა სამინისტროს (16 მლნ ლარით), კულტურის სფეროს (20 მლნ ლარით), და ასევე სპორტის (14 მლნ ლარით) დაფინანსება.

მასწავლებლები, ექიმები, პოლიციელები – ვის და რამდენით გაეზრდება ხელფასები 2020 წელს

1 ივლისიდან საშუალოდ 125 ლარით გაიზრდება პოლიციელების, მეხანძრე-მაშველების და მათთან გათანაბრებული პირების ხელფასი. საშემოსავლო გადასახადის გამოკლებით, ხელზე ასაღები ხელფასი 100 ლარით იზრდება.

1 ივლისიდან სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში დასაქმებულების ხელზე ასაღები ხელფასი საშუალოდ 100 ლარით მოიმატებს.

1 ივლისიდან 80 ლარით გაიზრდება სასწრაფო დახმარების და სოფლის ექიმების ხელზე ასაღები ხელფასი.

1 სექტემბრიდან 80 ლარით გაიზრდება საბავშვო ბაღებში დასაქმებულთა ხელზე ასაღები ხელფასი.

1 ოქტომბრიდან 120 ლარით გაიზრდება სკოლის მასწავლებლების ხელზე ასაღები ხელფასი.

შს მინისტრმა ბინები გადასცა პოლიციელებს, რომლებიც ბათუმში დაჭრეს

აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით, სამი პოლიციელის ოჯახს ბათუმში ბინები გადაეცა. მათ შორის არიან გასული წლის 18 დეკემბერს ბათუმში დაჭრილი პოლიციელი, რომელსაც ცივი იარაღით მიაყენეს ჭრილობა ყელის არეში და მისი მეწყვილე.

პოლიციელებს ბინები დღეს, 21 თებერვალს გადასცეს ვახტანგ გომელაურმა, გიორგი გახარიამ და თორნიკე რიჟვაძემ. 

„დღეს შევიკრიბეთ, რათა გამოვხატოთ პატივისცემა, მადლიერება, მხარდაჭერა ჩვენი პოლიციელების მიმართ, მათი ოჯახების მიმართ. მოგეხსენებათ, მათ გადაეცათ ბინები, ერთ-ერთი იყო ბუტა ანთაძე, რომელიც დაიღუპა 2018 წელს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, ასევე გადაეცათ ბინა პოლიციელებს: თავართქილაძესა და მჟავანაძეს,“ – განაცხადა მინისტრმა.

ასევე, მედლებით დაჯილდოვდნენ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსი – მიხეილ დილიმაშვილი და პატრულ-ინსპექტორი ირაკლი იფშირაძე, მოქალაქე რაულ თებიძემ კი მადლობის სიგელი მიიღო.

ქობულეთში, მუხაესტატეს პოლიციის უფროსი მურად [ბუტა] ანთაძე ქობულეთი-მუხაესტატეს საავტომობილო გზაზე 2018 წლის 15 ივნისს მოკლეს. ამ დროს ივანიშვილის დენდროლოგიური პარკისთვის მორიგი ხე გადაჰქონდათ. პროკურატურის ვერსიით, მკვლელობაში ბრალდებულმა სამზარეულოს დანა ზურგში ჩაარტყა პოლიციელს. ბუტა ანთაძე ქობულეთის საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

პოლიციელი ოთარ თავართქილაძე კი ბათუმში გასული წლის 18 დეკემბერს დაჭრეს. მასთან ერთად იყო მისი მეწყვილე, ავთანდილ მჟავანაძე, რომელიც ასევე დაჭრილი იყო, თუმცა მყისიერი რეაგირება ჰქონდა და მან დამნაშავის ადგილზე დაკავება შეძლო.

__________________

ფოტოზე: ვახტანგ გომელაური პოლიციელებთან: ოთარ თავართქილაძესა და ავთანდილ მჟავანაძესთან ერთად. ფოტო: შს სამინისტრო

 

„გახარია თვალთხარია“ – ბათუმში პრემიერს ალტერნატივა ისევ პროტესტით დახვდა

„გახარიას ბათუმში ყველა ჩამოსვლაზე დისკომფორტს შევუქმნით,“ –  აცხადებენ „ალტერნატივას“ წევრები, რომლებიც პრემიერ გიორგი გახარიას სასტუმრო „ჰილტონთან“ დახვდნენ.

პოლიციამ „ალტერნატივას“ წევრებს გიორგი გახარიასთან მიახლოების შესაძლებლობა არ მისცა. პოლიციამ კორდონი ისე მოაწყო, რომ „ალტერნატივას“ საპროტესტო პლაკატები გიორგი გახარიას არ დაუნახავს.

გახარია და მთავრობის წევრები ახალგაზრდულ ცენტრს ხვდებიან
გახარია და მთავრობის წევრები ახალგაზრდულ ცენტრს ხვდებიან

____

გიორგი გახარია დღეს ბათუმში იმყოფება შს მინისტრ ვახტანგ გომელაურთან ერთად. ის დილით აჭარის პოლიციის დეპარტამენტში იმყოფებოდა, შემდეგ – ოცნების ქალაქში, ხოლო დღის სამ საათზე აჭარის განათლების სამინისტროს მიერ შექმნილ ახალგაზრდულ ორგანიზაციის წევრებს ხვდება.

გომელაური პრემიერთან დაპირისპირებაზე: ჩვენ ვურთიერთობთ, ვმეგობრობთ

შს მინისტრ ვახტანგ გომელაურს, რომელიც პრემიერ გიორგი გახარიასთან ერთად დღეს ბათუმში იმყოფება, ჟურნალისტებმა ჰკითხეს პრემიერთან მისი დაპირისპირების შესახებ, რაც მინისტრმა უარყო.

„ის დაპირისპირება, რასაც თქვენ ამბობთ, არანაირი დაპირისპირება ჩემსა და გიორგის შორის არ არის… არამარტო ეხლა, რაც პრემიერია და მე შინაგან საქმეთა მინისტრი ვარ, წლებია ჩვენ ვურთიერთობთ, ვმეგობრობთ, არანაირი დაპირისპირება არ არის“.

ჟურნალისტმა შს მინისტრს შეახსენა თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ლევან იზორიას ძმასთან დაკავშირებული სკანდალის შესახებ, როცა გომელაურმა იზორიას ძმის მიერ პოლიციელ გიორგი დვალიშვილის მიმართ განხორციელებულ ზეწოლაზე ვიდეოს გავრცელების შემდეგ თქვა, „იქნება, პოლიციელები აყენებდნენ შეურაცხყოფას?“

გიორგი გახარიამ ამ საკითხის შეფასებისას კი თქვა: „რაც ამ კადრებში ვნახე, არის ამაზრზენი“.

ვახტანგ გომელაურის დღეს გაკეთებული განცხადებით, ის ეთანხმება „ამ ადამიანის“, ანუ პრემიერის შეფასებას: „ყველა ჩვენ ხომ ერთი და იგივე ადამიანი არ ვართ. მე ჩემი აზრი მაქვს, მას თავის აზრი აქვს. გამოხატა ეხლა. მოსაწონი… რაც თქვა ამ ადამიანმა, ვეთანხმები. მოსაწონი, როგორ იყო. მეც არ მითქვია, ჩემი განცხადების ინტერპრეტაცია გააკეთეს, შეატრიალეს, შემოატრიალეს სამწუხაროდ და ეს თქვეს თორემ, მე არ მითქვია, რა კარგია და რა კარგად მოიქცა, ვთქვათ, ეს ადამიანი“.

გიორგი გახარია და ვახტანგ გომელაური დღეს ერთად მივიდნენ აჭარის პოლიციის დეპარტამენტში, სადაც პოლიციელებს ბინები გადასცეს. გახარიამ პოლიციის ტერიტორია კომენტარის გარეშე დატოვა.

გიორგი გახარია: „ოცნების ქალაქში“ სკოლა და ბაღი აშენდება

დღეს, 21 თებერვალს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ბათუმში იმყოფება საქართველოს შს მინისტრთან, ვახტანგ გომელაურთან ერთად.

გახარია „ოცნების ქალაქში“ მივიდა, სადაც ოფიციალურად ჩაეყარა საფუძველი მრავალსართულიანი სახლის მშენებლობას „ოცნების ქალაქში“ მცხოვრებთათვის. გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ საცხოვრებელი სახლების გარდა „ოცნების ქალაქში“ სკოლა და ბაღიც აშენდება.

გახარია „ოცნების ქალაქში“
ასე დახვდნენ გახარიას „ოცნების ქალაქში“

„ოცნების ქალაქში“ ჯამში  სამი საცხოვრებელი კორპუსი უნდა აშენდეს. ტენდერში გამარჯვებულ კომპანია „დაგსა“ და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შორის „ოცნების ქალაქში“ კორპუსების მშენებლობაზე ხელშეკრულება 13 თებერვალს გაფორმდა. სახელშეკრულებო ღირებულება 38 745 999 ლარია, სამშენებლო სამუშაოების შესრულების ვადა კი – 2021 წლის 13 ივლისის ჩათვლით პერიოდი.

როგორ დავიცვათ თავი ზედმეტი ნიტრატებისგან

პროდუქტები, რომლებსაც ყოველდღიურად მოვიხმართ, ბევრ სასარგებლოსთან ერთად, არაერთ მავნე და საშიშ ნივთიერებას შეიცავს. მათ შორის კი არის ნიტრატები, რომლის მავნებლობაზეც ბოლო პერიოდში განსაკუთრებით ბევრს საუბრობენ.

რა არის ნიტრატი და საზიანოა თუ არა ის ჩვენი ორგანიზმისთვის? ნიტრატი არის აზოტმჟავას მარილები, რომლებიც ბუნებაში გარკვეული რაოდენობით არსებობს და მცენარისთვის აუცილებელ საკვებს წარმოადგენს. ნიტრატი თავისთავად მავნე ნივთიერება არაა, მაგრამ კუჭ-ნაწლავში მოხვედრის შემდეგ იგი გარდაიქმნება ნიტრიტად რაც უკვე შხამს წარმოადგენს. ნიტრატი ნიტრიტად გარდაიქმნება ჰაერში არსებული ჟანგბადისა და მიკროორგანიზმების ზემოქმედებით. ე.ი. თუ ნიტრატებით მდიდარ დაჭრილ ბოსტნეულს დატოვებთ 15-20 წუთზე მეტ ხანს ჰაერზე, თქვენ ხელთ შეგრჩებათ შხამი.

ნიტრატს ყველა ხილ-ბოსტნეული შეიცავს. ეს ნივთიერება ზრდის პროცესს და დამწიფებას უწყობს ხელს. ჩვენ საკვებად ვიღებთ ხილსაც და ბოსტნეულსაც მისი ბუნებრივად შემადგენელი ნიტრატებით, თუმცა ნივთიერების ეს რაოდენობა მავნე არ არის. ორგანიზმი იღებს ნიტრატებს და შემდეგ ყოველგვარი გართულების გარეშე უკან გამოყოფს მას. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, ნიტრატების მიღების დღიური ნორმა ადამიანის წონის შესაბამისად იანგარიშება და ყოველ კილოგრამზე 5 მილიგრამია. მაგალითად, თუ ადამიანი 70 კგ-ს იწონის, მისთვის უსაფრთხო დღიური დოზა 350 მილიგრამია. ახალშობილებისა და მეძუძური დედებისთვის ეს რიცხვი გაცილებით დაბალია, 10 მილიგრამმაც კი შეიძლება ინტოქსიკაცია გამოიწვიოს.

 

როდესაც ნიტრატების მავნებლობაზეა საუბარი, ამ შემთხვევაში იგულისხმება ნიტრატებით ხელოვნურად გამდიდრებული ხილ-ბოსტნეული. „აგროჰაბის“ ხარისხის კონტროლის მენეჯერი დავით ღოღობერიძე განმარტავს, რომ საქართველოში ფერმერების დიდი ნაწილი ზედმეტი რაოდენობით და არასწორად იყენებს პესტიციდებს, რაც ხილში საგრძნობლად ზრდის ნიტრატების რაოდენობას.

ნიტრატების რაოდენობა ხილ-ბოსტნეულში განსაკუთრებით გაზაფხულზე მატულობს. ამ შემთხვევაში კიდევ გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება იმას, თუ რა რაოდენობით მიირთმევთ ნიტრატის შემცველ ხილ-ბოსტნეულს.  საერთაშორისო სტანდარტით განსაზღვრულია ხილისა და ბოსტნეულის თითოეულ სახეობაში დაშვებული ნიტრატების რაოდენობა, რომლის კონტროლიც საქართველოში მკაცრად არ ხდება,“ – განმარტავს დავით ღოღობერიძე.

„რადგან მომხმარებლისთვის ძალიან რთულია, ხილ-ბოსტნეულში ნიტრატატების შემოწმება, ჩვენ ეს პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე ავიღეთ. აპარატებს, რომლითაც ვამოწმებთ ნიტრატებს, მეტროლოგიის ინსტიტუტში ვაკალიბრებთ, რომ მაქსიმალურად სანდო იყოს როგორც მომხმარებლისთვის, ისე ფერმერისთვის. როდესაც თანამშრომლობას ვიწყებთ ახალ ფერმერთან, პირველ ეტაპზე აუცილებლად ჩავდივართ ადგილზე შემოწმებაზე. თუ შეთანხმება შედგა, მერე პერიოდულად იქვე ადგილზე ხდება ხოლმე ნიტრატებზე შემოწმებაც. ასე უფრო მოსახერხებელია ჩვენთვისაც და ფერმერებისთვისაც,“ – განმარტავს ,,აგროჰაბი“-ს ხარისხის კონტროლის მენეჯერი.

მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებელმა თავადაც აკონტროლოს დღიურ რაციონში შემავალი ნიტრატების რაოდენობა. მაგალითად, გასათვალისწინებელია, რომ თერმული დამუშავების დროს ნიტრატების რაოდენობა მნიშვნელოვნად კლებულობს. მაგალითად, კომბოსტი არის პროდუქტი, რომელშიც დასაშვები ნიტრატების რაოდენობა განსაკუთრებულად მაღალია. სწორედ ამიტომ მისი უმად მიღება დიდი რაოდენობით არ არის რეკომენდებული. ასევეა მწვანილების შემთხვევაშიც, რომელიც ნიტრატების პარალელურად ძალიან ბევრ სასარგებლო ვიტამინს შეიცავს. სწორედ ამიტომ მკაცრი კონტროლი და ზომიერების დაცვა არის აუცილებელი.

„ნიტრატებისგან თავის დასაცავად ხშირად ხილს ფცქვნიან, მაგრამ ეს თავის დაცვის კარგი საშუალება ნამდვილად არ არის. კანსა და შიგთავსს შორის დიდი განსხვავება ნიტრატების მხრივ ნამდვილად არ არის. ამიტომ ხილის გაფცქვნით ბევრს ვერაფერს შვცვლით. რაც შეეხება გამდინარე წყალში 2 საათით ჩატოვებას, მწვანილზე ან დაჭრილ ბოსტნეულზე შეიძლება აღნიშნულის გაკეთება. ამ გზით პროდუქტში არსებული ნიტრატების მხოლოდ 10%-ის გამოცლას შევძლებთ. თერმული დამუშავება ნიტრატებისგან გათავისუფლების ყველაზე კარგი საშუალებაა, თუმცა ამ დროს ვიტამინების დიდი ნაწილიც იკარგება. სწორედ ამიტომ კარგი იქნება თუ არა ნიტრატების გამოცლაზე, არამედ უნიტრატო პროდუქტის ყიდვაზე გააკეთებთ აქცენტს და ხილ-ბოსტნეულს სანდო მაღაზიაში შეიძენთ,“ – აღნიშნავს დავით ღოღობერიძე.

პრობლემის თავიდან აცილების მიზნით აუცილებელია, რომ პესტიციდების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიეწოდოთ ფერმერებს. მეორე მხრივ კი, საზოგადოებაში უნდა გაჩნდეს ძლიერი მოთხოვნა უნიტრატო ხილ-ბოსნტეულზე, რომ შესაბამისად გაიზარდოს მიწოდებაც.

 

ბათუმის მერია „იაფ სახლში“ ბინის მსურველთა განცხადებების მიღებას 2 მარტიდან დაიწყებს

ბათუმის მერია ხელმისაწვდომი საცხოვრისის [ე.წ. „იაფი სახლის“] პროექტის ფარგლებში მოქალაქეთა განცხადებების მიღებას იწყებს.

მერიის ინფორმაციით, პროგრამაში მონაწილეობის მსურველთა განაცხადების მიღება 2020 წლის 2 მარტიდან დაიწყება და 29 მაისს დასრულდება.

აპლიკანტებმა მერიის სერვისცენტრებში უნდა წარადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:

  • შევსებული განაცხადის ფორმა
  • ოჯახის წევრთა პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ასლები
  • ბავშვების დაბადების მოწმობის ასლები (პირადობის მოწმობის არარსებობის შემთხვევაში)
  • ცნობა ოჯახის ერთი სრულწლოვანი წევრის მაინც ბათუმში რეგისტრაციის შესახებ, რეგისტრაციის თარიღის მითითებით
  • ცნობა ოჯახის წევრების სამუშაო ადგილიდან (ხელფასის მითითებით) მიმდინარე და ბოლო ერთი წლის პერიოდისათვის, ასევე, იმავე პერიოდისათვის საბანკო ამონაწერი და ცნობა საგადასახადო ორგანოდან საშემოსავლო გადასახადის გადახდის შესახებ
  • ცნობა საჯარო რეესტრიდან და ტექნიკური აღრიცხვის არქივიდან საქართველოს მასშტაბით ოჯახის წევრთა საკუთრებაში უძრავი ქონების არსებობის/არარსებობის შესახებ
  • ოჯახის ამჟამინდელ საცხოვრებელთან დაკავშირებით ქირავნობის ან სხვა შესაბამისი ხელშეკრულების ასლი (არსებობის შემთხვევაში), ან ქონების მესაკუთრის წერილობითი დოკუმენტი (ნოტარიულად დადასტურებული) ქონებით სარგებლობის თაობაზე
  • ცნობა „კრედიტინფო საქართველოდან“ ოჯახის ყველა სრულწლოვან წევრზე სესხის არსებობის/არარსებობის შესახებ. საბანკო სესხის არსებობის შემთხვევაში, გადახდის მდგომარეობის შესახებ
  • ცნობა ოჯახის სოციალურად დაუცველთა ბაზაში რეგისტრაციის არსებობის/არარსებობისა და მინიჭებული ქულების შესახებ
  • ცნობა (შესაბამისი დოკუმენტი) ოჯახის წევრების სპეციალური სტატუსის შესახებ – შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები ოჯახში, ახალდაქორწინებული წყვილი, მარჩენალდაკარგული, ომის ვეტერანი და სხვა (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
  • განმცხადებელი უფლებამოსილია განაცხადს დაურთოს სხვა დოკუმენტაცია, რომელიც მისი მოსაზრებით შეიძლება საფუძვლად დაედოს მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას. მიღებული განაცხადების შესწავლა-გადარჩევა, აპლიკანტი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესწავლა, ანკეტის შევსება, აპლიკანტი ოჯახების მონაცემთა ბაზის შექმნა და სარეიტინგო ქულების მინიჭება მოწვეული კონსულტანტის მიერ განხორციელდება. კონსულტანტი, რომელმაც აპლიკანტები უნდა შეარჩიოს, განაცხადების მიღების დასრულების შემდეგ, სახელმწიფო შესყიდვების საშუალებით გამოვლინდება.

[toggle title=”მერიის სერვისცენტრების მისამართები ნახეთ აქ”]განაცხადების მიღება მოხდება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის სერვისცენტრებში, შემდეგ მისამართებზე:
გონიო-კვარიათის ადმინისტრაციული ერთეული – აფსაროსის გზატკეცილი, III შესახვევი №22;
აეროპორტის ადმინისტრაციული ერთეული – აეროპორტის გზატკეცილი N55;
ბათუმის სამრეწველო ადმინისტრაციული ერთეული – დიდაჭარის ქ. N21;
კახაბრის ადმინისტრაციული ერთეული – ფრიდონ ხალვაშის გამხირის მე-12 ჩიხი N2;
აღმაშენებლის ადმინისტრაციული ერთეული – დავით აღმაშენებლის ქ. N19ა;
ხიმშიაშვილის ადმინისტრაციული ერთეული – ტბელ აბუსერიძის ქ. N7;
ჯავახიშვილის ადმინისტრაციული ერთეული – ი. ჯავახიშვილის ქ. N70;
თამარის ადმინისტრაციული ერთეული – იოსებ გრიშაშვილის ქ. N17;
ბონი-გოროდოკის ადმინისტრაციული ერთეული – მაიაკოვსკის ქ. N23;
ბაგრატიონის პირველი ადმინისტრაციული ერთეული – ვაჟა ფშაველას ქ. N93;
ბაგრატიონის მეორე ადმინისტრაციული ერთეული – ჭავჭავაძის ქ. N75;
რუსთაველის ადმინისტრაციული ერთეული – ლერმონტოვის ქ. N8;
ძველი ბათუმის ადმინისტრაციული ერთეული – ლუკა ასათიანის ქ. N37ა;
მწვანე კონცხის ადმინისტრაციული ერთეული – თამარ მეფის გამზირი N42[/toggle]

„იაფ სახლთან“ დაკავშირებით ბათუმის მერის ბრძანებით სპეციალური კომისია შეიქმნება, რომელშიც არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებიც შევლენ.

პროგრამის ფარგლებში, ბინის ფასს მომავალი მესაკუთრე 15 წლის განმავლობაში გადაიხდის.

„იაფი სახლის“ ფარგლებში გასანაწილებელი თითოეული ბინის ფართობი და ფასი:

ბათუმის მერიამ დააზუსტა და საკრებულომ დაამტკიცა ახალი კრიტერიუმები, რომლის მიხედვითაც ხელმისაწვდომი საცხოვრისის [ე.წ. „იაფი სახლის“] პროგრამის ფარგლებში შეირჩევა ოჯახები, რომლებსაც ბინები გადაეცემათ.

ხელმისაწვდომი საცხოვრისის, იგივე „იაფი სახლის“ პროგრამის ფარგლებში, ბათუმში, ჯავახიშვილის N78ა-ს მიმდებარედ, ორი ხუთსართულიანი სახლის მშენებლობა დასრულდა. მერიის ინფორმაციით, კორპუსებში ყველა ბინა გარემონტებულია. ორივე კორპუსში, ჯამში, ერთ-ორ-და სამოთახიანი 40 ბინაა. სახლების მშენებლობაზე ხელშეკრულება 2 349 999 ლარზე იყო გაფორმებული.

იმავე მისამართზე კიდევ ორი ხუთსართულიანი საცხოვრებელი სახლი შენდება. ხელშეკრულება 2 317 747 ლარზეა გაფორმებული. ამ კორპუსების მშენებლობა 2020 წლის 23 მარტს უნდა დასრულდეს.

„იაფ სახლთან“ დაკავშირებით ვრცლად იხილეთ ბმულზე

„იაფი სახლის საქმეზე“ 2020 წლის 27 იანვარს, მოსამართლე დავით მამისეიშვილმა ბათუმის ყოფილ მერს, გიორგი ერმაკოვს, 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, არჩილ ვანაძე კი, მოსამართლემ უდანაშაულოდ მიიჩნია და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.

მოსამართლემ, ამავე საქმეზე, წელიწად-ნახევრით თავისუფლება აღუკვეთა ეგარსლან ლომიძეს – სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის. კიდევ ოთხ ბრალდებულს კი, მოსამართლემ 25-25 ათასი ლარის გადახდა დააკისრა გულგრილობისთვის. მათ 20-20 ათასი ლარის გადახდა მოუწევთ, რადგან რამდენიმე თვე წინასწარ პატიმრობაში იყვნენ.

ბათუმის ყოფილი მერი, გიორგი ერმაკოვი და მერიის კიდევ ექვსი მაღალჩინოსანი პროკურატურამ 2019 წლის 30 მაისს დააკავა. მათ გამოძიება დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხის გაფლანგვას და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებოდა. საუბარია ხელმისაწვდომი საცხოვრისის“ [„იაფი სახლის“] პროექტზე, რომლის გამოც ჩატარებულ ტენდერზე მილიონ 370 ათასი ლარი გაიფლანგა.

ამ საქმეზე, დაკავებიდან 2020 წლის 27 იანვრამდე, წინასწარ პატიმრობაში იყვნენ გიორგი ერმაკოვი, არჩილ ვანაძე და ეგარსლან ლომაძე. დანარჩენი ოთხი მაღალჩინოსანი – ბაგრატ მანველიძე, ბაგრატ ხალვაში, თენგიზ პეტრიძე და ვლადიმერ ხინთიბიძე – მოსამართლემ გირაოს – თითოეული 100 ათასი ლარის სანაცვლოდ  2019 წლის 24 სექტემბერს გაათავისუფლა.

ამ თემაზე:

რა წერია განაჩენში გიორგი ერმაკოვზე, რომელსაც 7 წელი მიუსაჯეს

200 მილიონ ლარზე მეტი სპორტული ინფრასტრუქტურისთვის

10 240 მ2 სპორტული დარბაზების მქონე ბათუმის უნივერსალური სპორტული კომპლექსის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს.

ბათუმის უნივერსალური სპორტული კომპლექსი

შპს “სტადიონის” დირექტორის, ჯაბა სურმანიძის ინფორმაციით ამ ეტაპზე ფასადის შეფუთვა, გარე პერიმეტრის მოწესრიგება და შიდა კოსმეტიკური სამუშაოები მიმდინარეობს. დირექტორის განცხადებით, შიდა სივრცის მოწყობის სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა: დაიწყო 3400 ადამიანზე გათვლილი სამაყურებლო ტრუბუნებზე სკამების მონტაჟი, სავარჯიშო დარბაზებში სპორტული იატაკის მოწყობა, მიმდინარეობს ლიფტებისა და სველი წერტილების მოწესრიგება.

პროექტის ღირებულება 62 000 000 ლარია და აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან ფინანსდება.

ბათუმის საფეხბურთო სტადიონზე სამუშაოები დასკვნით ეტაპზე გადავიდა.

მიმდინარეობს გარე, დეკორატიული განათების მონტაჟი და თებერვლის ბოლოს დასრულდება სამუშაოები.

მედია ლოჟა, პრესისთვის განკუთვნილი ტერიტორიის კოსმეტიკური და კაპიტალური სამუშაოები მალე დასრულდება. აღსანიშნავია, რომ მედია სივრცეს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო და სრულ შესაბამისობაშია ევროპულ, უეფას რეგულაციებთან.

მედია სივრცე, როგორც სტადიონის ყველა ინფრასტრუქტურა ადაპტირებულია და შშმ პირებს სრულფასოვნად შეუძლიათ აღნიშნული სივრცით სარგებლობა.

 

 

მდმა-ის და მეტამფეტამინის შეძენისთვის პირს უნდა აპატიმრებდნენ? – საკონსტიტუციო დავა

უნდა ისჯებოდეს თუ არა მცირე ოდენობით მდმა-ის და მეტამფეტამინის შეძენა-შენახვა თავისუფლების აღკვეთით – ამ საკითხზე საკონსტიტუციო სასამართლოში განხილვა დღეს, 21 თებერვალს, დაიწყო. განმწესრიგებელი სხდომის შემდეგ სასამართლო გადაწყვეტს, განიხილება თუ არა ირაკლი ჩხეიძის სარჩელი არსებითად. სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, პარლამენტს კანონის შეცვლა მოუწევს.

მოსარჩელე ირაკლი ჩხეიძეა. მას 2017 წელს 0,000305  გრამ მდმა-ის შეძენა-შენახვისთვის 6 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს. მოსარჩელე მთავარ აქცენტს მარიხუანაზე აკეთებს, რომელზეც საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს – მცირე ოდენობით მარიხუანას შეძენა-შენახვა სისხლის სამართლის წესით დასჯადი აღარ არის.

„საქართველოს კანონმდებლობით მცირე ოდენობით ნარკოტიკული საშუალების პირადი მოხმარების მიზნით შეძენა/შენახვა, ან მისი მოხმარება წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას. ამის მაგალითია მარიხუანა, რომლის 5 გრამამდე შეძენა/შენახვისთვისაც პირს არ ეკისრება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა. პირს პასუხისმგებლობა ასევე არ ეკისრება ზოგიერთი სახის ნარკოტიკული საშუალების კანონით განსაზღვრული წესით მცირე ოდენობით მოხმარებისთვის. კანონმდებლის მიერ საკითხის ამგვარი მოწესრიგება ემყარება იმ ლოგიკას, რომ პირველ ჯერზე ნარკოტიკული საშუალების მოხმარება, ან მისი იმ ოდენობით შეძენა/შენახვა, რაც ცალსახად მიუთითებს პირადი მოხმარების მიზანზე, არ წარმოადგენს იმ საშიშროების მატარებელ ქმედებას, რომ მასზე გავრცელდეს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა,“ – აღნიშნულია სარჩელში.

მოსარჩელე სადავოდ ხდის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების კონსტიტუციურობას ნარკოტიკული საშუალებების – მდმა-ის და მეტამფეტამინის იმ ოდენობით შეძენა-შენახვისათვის, რომელიც აშკარად განკუთვნილია პირადი მოხმარებისათვის.

მოსარჩელე უთითებს, რომ ასეთი მცირე ოდენობის ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვისთვის პირის დასჯა, ისევე როგორც, სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენება, ემსახურება მხოლოდ დანაშაულის ზოგადი პრევენციის მიზანს, რაც ადამიანს აქცევს მიზნის მისაღწევ საშუალებად.

„სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას – იყენებს მხოლოდ იმ მიზნით, რომ მოახდინოს კონკრეტული ქმედების დასჯადობა, თუნდაც ეს ქმედება მიიჩნეოდეს ასოციალურად, ის არანაირ უშუალო ზიანს არ უქმნის სხვა პირებს. ზოგადი პრევენციის მიზნით. კონკრეტული პიროვნების ინსტრუმენტალიზება ზოგადი აბსტრაქტული მიზნის მისაღწევად, ისე, რომ ამ პირის წინარე ქმედება არ ქმნის მნიშვნელოვან სოციალურ თუ კრიმინოგენულ საფრთხეს, პირდაპირ შემხებლობაშია პირის ღირსების ხელშეუვალობის უფლებასთან,“ – მიიჩნევს ირაკლი ჩხეიძე.

5 დასახელების რძის პროდუქტი მცენარეულ ცხიმებს შეიცავს, რაც ეტიკეტზე მითითებული არ არის

არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ ვებგვერდის, momxmarebeli.ge-ს ინფორმაციით, არაჟანში „ქობულეთური“ და კიდევ ოთხი დასახელების რძის პროდუქტში, მცენარეული წარმოშობის ცხიმები აღმოჩნდა. პროდუქტები რძის ცხიმის სისუფთავეზე შემოწმდა.

პროდუქტები, ვებგვერდზე გამოქვეყნებული დოკუმენტის მიხედვით, ლაბორატორიულად 2020 წლის 14 თებერვალს შემოწმდა.

„პროდუქტი რძის ცხიმის გარდა შეიცავს სხვა ცხიმების ნარევს, მათ შორის მცენარეულ ცხიმებს,“ – წერია ლაბორატორიის დასკვნაში.

საქართველოს კანონმდებლობით, „რძისა და რძის ნაწარმის შესახებ“, პროდუქტი რომელშიც რძის ცხიმი ჩანაცვლებულია მცენარეული ცხიმით ან სხვა ინგრედიენტით, არ წარმოადგენს რძის პროდუქტს და მას არ უნდა ჰქონდეს მითითებული, რომ რძის პროდუქტია.

„წინააღმდეგ შემთხვევაში, მომხმარებელი შეცდომაში შედის და რძის ნაცვლად სხვა პროდუქტს იძენს,“- წერია კანონში.

გარდა არაჟანი „ქობულეთურისა“, მცენარეული ცხიმი კიდევ 4 დასახელების პროდუქტში აღმოჩნდა, რომლებსაც ეწერა, რომ რძის პროდუქტია.

არაჟანი „ქობულეთური“

ასეთია: 82%-იანი ნაღების კარაქი „რანინა“ (შესყიდულია გუდვილში), რომელიც ეტიკეტის მიხედვით დამზადებულია საქართველოში.

ნაღების კარაქი „რანინა“

ასევე საქართველოში დამზადებული სულგუნი (შეძენილია კარფურში), ინდმეწარმე ნოდარ ლაზარეშვილის მიერ.

ყველი „სულგუნი“

„ყველი იმერული“ (შეძენილია ასევე კარფურში)

„ყველი იმერული“

და „ყველი ქარხნული“  (შეძენილია ფუდმარტში), მწარმოებელი ქვეყანა არის საქართველო და დამზადებულია შპს „მილკენის“ მიერ.

„ყველი ქარხნული“

„რძისა და რძის ნაწარმის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის მიხედვით, რძის ნაწარმი კვების რაციონის აუცილებელ შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს და ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანის, განსაკუთრებით ბავშვების ჯანმრთლობისთვის.

ამ პერიოდში ორგანიზაციამ თბილისის სხვადასხვა მაღაზიაში 36 დასახელების პროდუქტი შეიძინა და ლაბორატორიულად შეამოწმა.

ქობულეთში ავტოკატასტროფის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა

ქობულეთის მუნიციპალიტეტში ავტოკატასტროფის შედეგად 20 თებერვალს 1 ადამიანი დაიღუპა.

ავარია სოფელ ბობოყვათთან მოხდა, მსუბუქი ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა. ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ჯგუფს 60 წლამდე კაცი უკვე გარდაცვლილი დახვდა და ერთი – დაშავებული, რომელიც კლინიკაში გადაიყვანეს. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ავარიაში ბიძა და ძმისშვილი მოყვნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე  ნაწილის შესაბამისად.

გასულ, 2019 წელს, საქართველოში ავტოკატასტროფის შედეგად 481 ადამიანი დაიღუპა.

სტატისტიკის თანახმად, ავტოავარიის გამომწვევი ყველაზე ხშირი მიზეზი ხდება შემხვედრ მოძრაობის ზოლში გადასვლა ან გასწრების წესების დარღვევა, სიჩქარის გადაჭარბება, სატრანსპორტო საშუალების მართვა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში და ფეხით მოსიარულეთა გადასასვლელის გავლის წესების დარღვევა.

ამავე თემაზე: 

481 ადამიანი დაიღუპა ერთ წელში ავარიის შედეგად საქართველოში

თინეიჯერი გოგოს ასაკობრივი ფიქრები – კომუნიკაცია ცუდი განწყობის განდევნაში მშველის

ანასტასია ჩხიკვაძე გოგონების იმ ჯგუფს მიეკუთვნება, ვისაც ძალიან უყვარს ილია ჭავჭავაძის “ოთარაანთ ქვრივი“. მეთორმეტეკლასელ „პროგრესელ“ გოგოს მიაჩნია, რომ მისი მთავარი პერსონაჟი მისაბაძი ქალია, მუდამ მშრომელი და მოვლენების ადეკვატური. ანასტასია თავის თინეიჯერულ შეხედულებებსა და გამოცდილებაზე გვიყვება.

ასაკობრივი ფიქრები

თინეიჯერობის ასაკი ეს ის დროა, როდესაც ბავშვებს ეცვლებათ ხასიათი და უჭირთ ადამიანებთან კომუნიკაცია. ხშირად იკეტებიან საკუთარ განცდებში და ხვდებიან დეპრესიულები სხვადასხვა მიზეზის გამო. რატომღაც ამ დროს გგონია, რომ მხოლოდ შენს ორგანიზმში და შენს ცხოვრებაშია ცვლილებები, მაშინ როცა ყველანი ასე ვართ. ასეთ დროს, მე პირადად, მეგობრები, ოჯახი და სკოლა მშველის. როგორც კი ცუდი ფიქრი მომადგება, ვიწყებ ფიქრს, რომ ყველა პრობლემა მოგვარებადია, ვცდილობ ვესაუბრო ვინმეს ყოფით საკითხებზე, სკოლაზე. კომუნიკაცია ცუდი ფიქრების განდევნაში შველის ადამიანს და ასეთ დროს ვხვდები, “ცხოვრება მშვენიერია”, მთავარია პოზიტივზე ან თუნდაც სისულელეებზე ვიფიქროთ/ვისაუბროთ და არავითარ შემთხვევაში არ გავჩერდეთ. მოძრაობაში, კომუნიკაციაში აუცილებლად საინტერესო რამ გამოიკვეთება.

[red_box]სწავლა[/red_box]

სწავლა ხშირად გვეზარება, მაგრამ სწავლის პროცესი უმნიშვნელოვანესია თითოეული ადამიანისთვის, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ადამიანს მომავალ პროფესიაზე აქვს გადაწყვეტილება მისაღები. საჭიროა სიფრთხილე და დაკვირვება, რადგან თუ ისეთი პროფესია აირჩიე, რომელიც სიხარულს არ მოგანიჭებს, გაგიჭირდება მუშაობაც და კარიერული ზრდაც. მეც დიდხანს ვიფიქრე, რაში ვხედავდი უფრო უკეთ საკუთარ თავს და რა მომწონდა, ბოლოს ჩემი უნარების და სურვილების გათვალისწინებით ავირჩიე საჯარო მართვის ფაკულტეტი. ახლა მისაღები გამოცდებისთვის ვემზადები, მინდა სამაგალითო და მისაბაძი პროფესიონალი გავხდე.

ნიშნები

ნიშნებს დიდ მნიშვნელობას ადრე არ ვანიჭებდი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მნიშვნელოვანია, რადგან ცოდნის შეფასება-დამტკიცების ერთ-ერთი საშუალებაა. მაღალი აკადემიურ მოსწრებისთვის ხშირად გარემო და პირობებია აუცილებელი. ბავშვების რაოდენობაც განსაზღვრავს, რამდენად გამოავლენ თავს. ჩემთან, ანუ ქართულ-ამერიკული სკოლა “პროგრესში“ ამ მხრივ ფუფუნება გვაქვს – მცირეკონტიგენტიან კლასში ყოველდღე ხდება გამოკითხვა, რაც მოდუნების საშუალებას არ გაძლევს. მართლა კარგი პირობები გვაქვს საჭირო ცოდნის და უნარების შეძენისა და გამყარებისთვის.

[red_box]ფეისბუქ-დამოკიდებულება[/red_box]

ჩემს თაობაში სოციალურ ქსელზე დამოკიდებულება აქტუალურია, როგორც კი შეხვალ და გაგიტაცებს, ჩაგითრევს, ათასი რამ ხდება, ათასი რამ გაინტერესებს. მეც ვყოფილვარ ამაზე დამოკიდებული, მაგრამ უკვე მივხვდი, რომ სხვა უფრო საინტერესო რამის გაკეთება შეიძლება, რომელიც მეტს შეგძენს, თანაც იმდენი ცრუ ინფორმაციაა, იმდენი სისულელე. ნამდვილად არ ღირს დროის ხარჯვა. მე ვამჯობინებ ფსიქოლოგიური საკითხების და ლიტერატურის კითხვას, თითქოს სოცქსელშიც ბევრია მნიშვნელოვანი ინფორმაცია, მაგრამ სანდო წყაროს მიერ მოწოდებული რჩევები, მეტს გაძლევს და აღარ ფიქრობ, დაუჯერო თუ არა.

განწყობა

მიუხედავად იმისა, რომ ცვალებადი ხასიათი მაქვს, ვცდილობ ყოველთვის დადებითი განწყობა შევიქმნა, ამისთვის ვარჩევ ისეთ ადგილს, სადაც სიმშვიდე. ბათუმში ზღვა გალაღებისთვის საუკეთესო საშუალებაა, მშვიდი მუსიკა და მეგობრები კიდევ დიდი ღირებულება.

გამოწვევები

დღეს ბევრი გამოწვევის წინაშე ვართ ახალგაზრდები, თუმცა ბევრი შესაძლებლობებიც გვაქვს. პროფესიის, განათლების მიღების უამრავი შესაძლებლობაა, თუმცა ფინანსური რესურსებიც უნდა გქონდეს და ეს გამოწვევაა ერთგვარი. ზედაპირულობაც დიდი გამოწვევაა, მაგრამ საშუალებას აძლევს ადამიანს მეტი მიიღოს. ორი მხარე აქვს ყველაფერს. გარემო ძალიან სწრაფად ვითარდება და ფეხი უნდა შევუწყოთ. ვისურვებდი ყველა ქართველ ახალგაზრდას შეეძლოს თავისი შრომითა და ცოდნით ღირსეულ გარემოში ცხოვრება.

[red_box]ოცნება[/red_box]

ყველა ადამიანი ოცნებობს რაღაცაზე და არც მე ვარ გამონაკლისი. ჩემი ოცნებაა ვიყო წარმატებული საჯარო მოხელე და ვემსახურო ჩემს ქვეყანას. ჩემი სკოლა კარგ საფუძველს მაძლევს ამისთვის და ძალიან დიდი იმედი მაქვს, მიზანს მივაღწევ.

„მე კი არ ვარ ცუდი, ის არის ცუდი, ვინც მეზიზღება… ასე ხდება დემონიზება“ – მაია ცირამუა

„თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ დისკუსიათა ციკლის ფარგლებში კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართა დისკრიმინაციისა და თანასწორობის თემაზე. შეხვედრა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა, სადაც ფსიქოლოგმა მაია ცირამუამ მოხსენება წაიკითხა. შეხვედრის მონაწილეებს ჰქონდათ შესაძლებლობა, ამ თემაზე დაესვათ კითხვები და გამოეხატათ მოსაზრებები.

მაია ცირამუა: მე ვარ კლინიკური ფსიქოლოგი და ძირითადად იმ ადამიანებთან მიწევს მუშაობა, რომლებსაც მძიმე ტრავმული გამოცდილება აქვთ, ეს იქნება ოჯახში ძალადობა, სექსუალური ძალადობა, გენდერული ნიშნით ადამიანების დევნა თუ სიძულვილის მოტივით ჩადენილი სხვა შემთხვევები.

ბევრი მიფიქრია იმაზე, თუ რა არის მთავარი სამყაროში. დღეს, როდესაც ასეთი პროგრესული გახდა საზოგადოება, კაცობრიობისთვის მთავარ გამოწვევად მაინც თანასწორობის საკითხი რჩება. რატომღაც, მიუხედავად იმისა, რომ ამდენი საუკუნეა ვარსებობთ, გავიარეთ ყველა ისტორიულ ქარტეხილში, ადამიანისთვის დაუძლეველ პრობლემად რჩება ის, რომ მას არ შეუძლია არ გამოიყენოს თავისი უპირატესობა მასზე სუსტის საწინააღმდეგოდ.

დისკუსია ბათუმის რუსთაველის უნივერსიტეტში. ფოტო: თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი

რამ შეიძლება ადამიანს მისცეს უპირატესობის განცდა? ფიზიკურმა ძალამ? სოციალურმა მდგომარეობამ? ეკონომიკურმა მდგომარეობამ? ადამიანი, რომელიც შენზე ძლიერია, ყველა თავის უპირატესობას იყენებს შენ წინააღმდეგ. ეს საკითხი გარკვეულმა ქვეყნებმა დაძლიეს. მათ აქვთ კარგი კანონები, ადამიანები ბედნიერად ცხოვრობენ, მიუხედავად იმისა, რომელ სქესს, რომელ რასას თუ რელიგიურ წარმომავლობას მიეკუთვნებიან.

იმას, რაც თქვენს შინაგან პასუხებს სტიმულს აძლევს, წინასწარი განწყობა ჰქვია. ნეგატიური განწყობის მიღმა არანაირი ფაქტობრივი მოცემულობა არ დგას, არაფერს არ ეფუძნება. ეს არის განზოგადებული, არარსებული ინფორმაციიდან აღმოცენებული და ყველაზე მთავარი რაც არის, ადამიანები მიდრეკილნი არიან თავიანთი წინასწარი განწყობები გაამართლონ.

ადამიანებს აკითხებენ სხვადასხვა მასალას, წინასწარ იციან მათი სტერეოტიპები, ღირებულებები და ექსპერიმენტების შედეგად აღმოჩნდა, რომ მათ დაიმახსოვრეს ის, რაც მათი სტერეოტიპების შესაბამისი იყო. სტერეოტიპი არის ის, რაც ფაქტობრივად ერთ-ერთი მთავარი რგოლია დისკრიმინაციული ქცევის აგების დროს. ნეირომეცნიერებამ აღმოაჩინა, რომ ჰორმონი ოქსიტოქსინი, რომელიც ადამიანის პროსოციალურ ქცევას, ხელგაშლილობას, ემპათიას ახალისებს, ბოლო კვლევების თანახმად ამას აკეთებს მხოლოდ ჯგუფის შიგნით. ეს ნიშნავს, რომ ჩვენი გონება აკეთებს დაყოფას – „ჩვენ“ და „ისინი“. ევოლუციური ფსიქოლოგიის მიხედვით, ეს წინასწარი განწყობები ბიოლოგიურად დეტერმინირებულია.

ადამიანის ევოლუციური განვითარების პროცესში გადამწყვეტი მნიშვნელობა ჯგუფის შიდა შეჭიდულობას ჰქონდა, რომ როგორც სახეობა გადარჩენილიყო. ის, რომ ჩვენ, ჩვენგან განსხვავებულების მიმართ მიუღებლობის განცდა გვაქვს, ეს თურმე ჩვეულებრივი ამბავი ყოფილა. მეცნიერება ასევე ამბობს, რომ ეს კულტურულადაცაა განპირობებული. ხშირად კულტურა განსაზღვრავს იმას, თუ ვის მიმართ და რა დოზით მქონდეს მიუღებლობა. სოციალურ ფსიქოლოგთა უმრავლესობა ამბობს, რომ წინასწარ განწყობის სპეციფიკები დასწავლილია. ამას გვასწავლის ჩვენი კულტურა, ოჯახი და გარემო.

როგორც კი საზოგადოებაში, ქვეყანაში ინფლაციის, ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისის გარემოში შედიოდნენ ადამიანები, მაშინვე ჩნდებოდა საზოგადოებაში განტევების ვაცი. მთელ სისტემას ვერ დაუპირისპირდები, ამიტომ შენზე სუსტისკენ მიმართავ აგრესიას და სწორედ განტევების ვაცის პოზიციაში აღმოჩნდებიან ხოლმე ეს დისკრიმინირებული ჯგუფები.

ადამიანები ვართ ნარცისები, ყველას გვიყვარს ჩვენი თავი და გვინდა, რომ კარგ, კეთილშობილ ადამიანებად აღვიქვათ საკუთარი თავი. როდესაც ვიღაცის მიმართ აგრესია გვიჩნდება, ეს დისკომფორტს გვიჩენს და ამ საკითხის გადაწყვეტა შემდეგნაირად ხდება, რომ მე კი არ ვარ ცუდი, ის არის ცუდი, ვინც მე მეზიზღება და ასე ხდება დემონიზება განტევების ვაცადქცეული დისკრიმინაციული ჯგუფების.

სტერეოტიპი განზოგადებული წინასწარგანწყობებია. მაგალითად: „ქალები ვერ მართავენ ავტომობილს“, „ბოშები იპარავენ“, „აფხაზი ჩემი მტერია“, „ჩინელები და თურქები მოდიან დასაპყრობად“. სტერეოტიპების გამყარებას ხელს უწყობს ის გარემოება, თუ რა ტიპის კულტურას განვეკუთვნებით. არსებობენ კოლექტივისტური და ინდივიდუალისტული კულტურები. პირველ შემთხვევაში საზოგადოების მამოძრავებელი ძალა არის ჯგუფი. ჩვენ სწორედ ასეთი ტიპის საზოგადოებას განვეკუთვნებით. ჩვენთან ყოველთვის ჯგუფის ინტერესი პრევალირებს ინდივიდის ინტერესზე; ჩვენთან არსებობს – „გახსოვდეს, ვისი გორისა ხარ“.

არსებობენ ინდივიდუალისტური კულტურები, სადაც ინდივიდია მთავარი ერთეული. ასეთი კულტურა ნაკლებად დგება იმ გამოწვევების წინაშე, რაც კოლექტივისტური კულტურების წინაშეა. იქ ინდივიდი ნაკლებად ეჯახება გარემოს და ადამიანის უფლებები გაცილებით უფრო მაღალ დონეზეა. ის, რომ ეს სტერეოტიპები უნდა ჩავიკრათ გულში და გავუფრთხილდეთ მას, ჩვენი კულტურული ნორმაა. ეს რომ არ გავაკეთოთ, გარიყულები ვიქნებით და კონფლიქტში შევალთ ოჯახთან, გვართან, თემთან.

სტერეოტიპის სოციალურ ფუნქციაზე თუ ვისაუბრებთ, სტერეოტიპი სხვა ჯგუფთან მიმართებაში საკუთარი ჯგუფის მოქმედების გასამართლებლად გამოიყენება. „სუსტია და ვერ შეძლებს“ – ვამბობთ ქალზე და არ ვუშვებთ პოლიტიკაში. ანდაზები როგორიცაა: „გიჟს ნუ ჰკითხავ და ნურც დაუჯერებ“, „16 წლის ქალი ან ქმრის ან ქვის ქვეშ“, „სახელის გატეხას თავის გატეხა სჯობიაო“, „კუმ ფეხი გამოყო, მეც ნახირ-ნახირაო“, „კაი ცხენი დეზს არ ირტყამს და კაი ხარი შოლტსაო“, „არ მწამს არცა დიაცისა, არცა მოწმენდილი ცისა“ და სხვა, კვებავს სტერეოტიპულ განწყობებს. ასე როცა გძულს ვიღაც, როგორ შეიძლება ამან დისკომფორტი არ შეგიქმნას?

ლალი ანთიძე, დისკუსიის მონაწილე: ეს პირდაპირ მიდის სკოლებში, საგანმანათლებლო პროგრამებთან, ეს ნასწავლი და ჩაგონებული აქვთ. სხვანაირად როგორ იაზროვნონ? იცის, რომ არაბი კლავდა, აუპატიურებდა და ეს ხომ რჩება ბავშვის ცნობიერებაში. განსაკუთრებით მე-5, მე-6-კლასელებს როცა ვასწავლით ამას.

მაია ცირამუა: თეთრკანიანები და შავკანიანები სეგრეგირებულად ცხოვრობდნენ. დაძლიეს მათ შორის დისკრიმინაცია, როგორც კი შესაძლებლობა მისცეს ერთ კორპუსში ეცხოვრათ. როცა ადამიანს ხედავ, მის თვალებში ჩახედვა შეგიძლია, ხელით შეხება შეგიძლია, ხედავ, როგორ უხარია, როგორ სწყინს, როგორ შრომობს, როგორ ეფერება საკუთარ შვილს, იმსხვრევა ეს სტერეოტიპები. იმისთვის, რომ ის დაძლიო, ორივე მნიშვნელოვანია, აზროვნების შეცვლაც და ქცევის შეცვლაც.

გიორგი მასალკინი: რა ვუყოთ განწყობას, რომელიც მექმნება ობიექტურ საფუძველზე?

მაია ცირამუა: კონკრეტულ ფაქტებს უნდა დავეყრდნოთ. ძალიან ხშირად, ბავშვი თუ გაწითლდა, ვფიქრობთ, რომ დამნაშავეა. აქ ხომ რაღაც სტერეოტიპს ვეფუძნებით, ამ დროს ბავშვის სიწითლე შეიძლება სულ სხვა რამით იყოს განპირობებული.

ხშირად არის ხოლმე, რომ ძალადობის მსხვერპლ ქალს უჭირს ცხოვრების გაგრძელება. მამაკაცთან ურთიერთობაში სტერეოტიპი აქვს, რომ ყველა კაცი მოძალადეა. ამას ჩვენ ხშირად აზროვნების შეცდომასაც ვეძახით, რაც ხშირად რაღაც ტრავმული გამოცდილების შედეგია და ინტელექტთან არ არის კავშირში. არსებობს განზოგადების აზროვნების შეცდომაც. თუ ერთი გამოცდილება მქონდა ცუდი, მერე ამას მთელ ჯგუფს მივაწერ.

დისკუსია ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტში. ფოტო: თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი

ხათუნა მდინარაძე, დისკუსიის მონაწილე: თქვენ ახსენეთ, რომ სხვა ქვეყნებიც იდგნენ ამ პრობლემის წინაშე და რაღაცნაირად გადალახესო. რამე თანამედროვე მიდგომები რომ გაგვიზიაროთ დისკრიმინაციის საკითხებთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ ქართველებში ჩანს აგრესიის ფესვები, კარგად ჩანს ემპათიაც, ერთმანეთის თანადგომა და ა.შ. მოწოდების ფორმა არის არასწორი, რადგან გარკვეული ჯგუფები ამას იყენებენ და მანიპულირებენ.

მაია ცირამუა: პირველ რიგში, რა თქმა უნდა, განათლებაში ძალიან დიდი ფული იდება. ეს არის დანაშაულის პრევენციის საწინდარი, ფსიქიკური ჯანმრთელობის და ა.შ.

ემპათიის სწავლება სკოლაში ერთ-ერთი მაგალითია იმისა, როგორ შეიძლება ამას დაუპირისპირდე. ჩვენს ქვეყანაში სამოქალაქო განათლების გაკვეთილი ვერ ჩაგვიტარებია და გენდერი ვერ ჩაგვიწერია, იმიტომ, რომ ვიღაც, ისევ განათლების დეფიციტის გამო, ამით კარგად მანიპულირებს. არასდროს, ამ ქვეყანაში, არცერთი ხელისუფლებისთვის განათლება და სოციალური პოლიტიკა არ გახდა პრიორიტეტული.

მეორე საკითხია, მე როგორ ვიაზრებ და გადავამუშავებ იმ ისტორიულ მოცემულობებს, ჩემი ქვეყნის გამოცდილებას. ბოლო 30 წელია ერთი და იგივე წრეზე ვტრიალებთ, ვერ შევაფასეთ რა იყო 90-იანი წლები. ბევრი პასუხგაუცემელი კითხვაა, ჩვენ ვართ ის ხალხი, რომელიც სამწუხაროდ, მუდმივი გადარჩენის რეჟიმში ცხოვრობს. ჩვენს ქვეყანაში სიღარიბეა, საკუთარი ტყავის გადარჩენაა წამყვანი. ტრავმირებული საზოგადოება ვართ, მისთვის დამახასიათებელია ერთ ციკლში ტრიალი. აქედან რომ გამოხვიდე, უნდა გააცნობიერო ვინ ხარ, სად ხარ, რა გჭირს.

შორენა ფაღავა: თქვენ თუ გამოგიჭერიათ საკუთარი თავი რაღაც სტერეოტიპის ტყვეობაში. რა საჭიროება დგება მაშინ, როდესაც ვიცით, მაგრამ სტერეოტიპს მაინც ვიყენებთ?

მაია ცირამუა: კარგი კითხვაა, რა თქმა უნდა, გამომიჭერია. მე მიწევს ადამიანებთან მუშაობა, რომლებსაც სჭირდებათ ჩემი დახმარება, მე თუ არ ვიფიქრებ ჩემს წინასწარგანწყობებზე, ჩემს სტერეოტიპებზე, თუ არ მექნება თერმომეტრი, რომლითაც გავზომავ ჩემი დამოკიდებულებების ტემპერატურას ადამიანების მიმართ, შეიძლება ძალიან სერიოზული შეცდომა დავუშვა. თუ კი გაქვს მიუღებლობა იმ ადამიანისა, რომელთანაც მუშაობ, ვერ განკურნავ მას. შენი არაცნობიერი იმუშავებს კარგად და ისეთ შეცდომებს დაგაშვებინებს, აზრზეც ვერ მოხვალ. როდესაც რომელიმე მოწყვლადი, დისკრიმინირებული ჯგუფის წევრი მოდის ჩემთან, მე ყოველთვის ვიზომავ ტემპერატურას.

___

_________________
შეხვედრა გაიმართა პროექტის „დემოკრატიული იდეებისა და ღირებულებების  პოპულარიზაცია აჭარაში“ ფარგლებში.  პროექტის  მხარდამჭერია ფონდი „ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის“ (NED).

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 21  თებერვლის 21 საათიდან 22  თებერვლის 21 საათამდე  აჭარაში  მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 8-13 გრადუსი
  • ღამით: 1-6 გრადუსი

მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 5-10 გრადუსი სითბო 
  • ღამით: 0-5 გრადუსი ყინვა

სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო 2 დღეს, კვირას, 23 თებერვალს და ორშაბათს, 24 თებერვალს, მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, მთაში კი – თოვა.

______________

ფოტო: „ბათუმელები“/არჩილ კახაძე

აჭარის მთავრობის ორ შპს-ს ერთი ხელმძღვანელი ჰყავს და მისი ხელფასი ჯამში 9150 ლარია

„აჭარის ნარჩენების მართვის კომპანიას“ ახალი დირექტორი ჰყავს – 13 თებერვალს ამ ორგანიზაციის ყოფილი ხელმძღვანელის, სოფო ანანიძის გათავისუფლების შემდეგ, ეს თანამდებობაც შპს სტადიონის დირექტორს, ჯაბა სურმანიძეს ჩააბარეს. მთავრობაში არ განუმარტავთ, კომპანიის ყოფილი ხელმძღვანელის გათავისუფლების მიზეზი. თავად სოფო ანანიძე გათავისუფლების შესახებ კომენტარს არ აკეთებს.

რაც შეეხება ჯაბა სურმანიძეს – ის ამბობს, რომ ორ თანამდებობაზე დასაქმებაში პრობლემას ვერ ხედავს, მიუხედავად იმისა, რომ ორივე შპს 100%-ით აჭარის მთავრობის საკუთრებაა და საბიუჯეტო თანხებს განკარგავს. ორი შპს-ს დირექტორის თქმით, ის საჯარო მოხელედ არ მიიჩნევა და სახელშეკრულებო ვალდებულებების თანახმად შეუძლია ორივე ორგანიზაციას უხელმძღვანელოს: „მე ვარ დაქირავებული თანამშრომელი“.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში სოფო ანანიძის გათავისუფლების მიზეზად ნარჩენების მართვის პროექტის ახალ ეტაპზე გადასვლისთვის მენეჯმენტის გაძლიერება დაასახელეს.

რაც შეეხება ჯაბა სურმანიძის ორი სამთავრობო შპს-ის ხელმძღვანელად დანიშვნას, სამინისტროს პრესსამსახურში განმარტეს, რომ ამის საშუალებას შრომის კოდექსი იძლევა.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის ბრძანებით, ჯაბა სურმანიძის როგორც „ნარჩენების მართვის კომპანიის“ ხელმძღვანელის ხელფასი 2900 ლარი, ხოლო როგორც შპს სტადიონის დირექტორის ხელფასი 6250 ლარია [ეს ხელფასი მთავრობის თავმჯდომარის ხელფასზე მაღალია].

ორივე სახელმწიფო კომპანია, ჯამში, 300-მილიონიან პროექტებს ახორციელებს.

გატაცებულია 10 მეზღვაური, მათ შორის 4 ქართველი – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო

ქართველი მეზღვაურების გატაცების შესახებ ინფორმაციას საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ავრცელებს. სააგენტოს ინფორმაციით, 20 თებერვალს, ღამით, შეიარაღებული პირები ლიბერიის დროშის ქვეშ მცურავ ტანკერს თავს დაესხნენ და გაიტაცეს 10 მეზღვაური, მათ შორის საქართველოს მოქალაქეები.

„აქტიური კომუნიკაცია გვაქვს გემთფლობელ კომპანიასთან, რომელიც არის კარგი რეპუტაციის მქონე, პასუხისმგებლიანი და ყველა შესაბამის ღონისძიებას ატარებს.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტანსპორტის სააგენტო და საგარეო საქმეთა სამინისტრო ერთობლივად მუშაობენ გემთმფლობელთან, ყველა შესაძლო გზით ქართველი მეზღვაურების ტყვეობიდან უსაფრთხოდ დასახსნელად. ოჯახები ინფორმირებულია და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო უშუალოდ შეხვდება თითოეულს,“ – აღნიშნულია საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში არ არის მითითებული, გატაცებულ მეზღვაურებს შორის რამდენია საქართველოს მოქალაქე. სხვადასხვა მედია კი, საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ათი გატაცებულიდან 4 საქართველოს მოქალაქეა.

განახლება: საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დაზუსტებული ინფორმაციით, გატაცებულია 4 ქართველი მეზღვაური.

მშობლის თქმით, ბავშვები ბღერზე ეჭვის გამო კლასელების თანდასწრებით შეამოწმეს

არასრულწლოვანი ბავშვების მამა „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ სკოლის ექიმმა ბავშვები ინფექციაზე სხვა ბავშვების თანდასწრებით შეამოწმა და უთხრა, რომ ბღერი აქვთ. „ბავშვები ატირებულები მოვიდნენ და მითხრეს, რაც სკოლაში მოხდა“, – ამბობს ბავშვების მამა ნუგზარ ხათრიძე.

შემთხვევა ბაღდათის მუნიციპალიტეტში მოხდა. ოჯახი სოციალურად დაუცველია და სახლში ცხრა არასრულწლოვანი ბავშვი ცხოვრობს. ბავშვებს, რომლებიც ექიმმა შეამოწმა, სკოლაში არასდროს უვლიათ და 17 თებერვალს პირველად მივიდნენ სკოლაში, მიუხედავად იმისა, რომ ერთი გოგო 9 წლისაა, მეორე კი 7-ის.

„ბავშვი მოვიდა ატირებული და მითხრა – გვითხრეს ბღერი გაქვთ და ათი დღე სკოლაში არ მოხვიდეთო. კლასში უთქვამს სხვების თანდასწრებით. შემდეგ ჩემი უფროსი შვილი მივიდა სკოლაში და იმასაც ჰკითხეს, შენც ხომ არ გაქვსო.

ორივე ბავშვი დღეს ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში მყავდა და ექიმის დასკვნაც მაქვს, რომ ბავშვებს ბღერი არ აქვთ“, – გვითხრა ბავშვების მამამ.

„ბათუმელები“ სკოლის ექიმს ნანა გულბანსაც ესაუბრა. ის ამბობს, რომ შემოწმებაზე ნამდვილად შევიდა კლასში, თუმცა დაავადებაზე სხვა ბავშვების თანდასწრებით არ უსაუბრია.

„ჯგუფში შევედი და იქვე იყო კლასის დამრიგებელიც. მაგ კლასში ადრე ერთ ბავშვს ჰქონდა ბღერი და გადამოწმებაზე ვიყავი შესული. ეს ბავშვები რადგან პირველად ჩაირიცხნენ სკოლაში და მანამდე არ მინახავს, ისინიც შევამოწმე და არ მომეწონა, ხელზე ჰქონდა ერთს გამონაყარი.

მე ვიცი ბავშვების ფსიქიკა, ერთმანეთზე დაცინვა იციან, ამიტომ არასდროს არ ვამბობ არაფერს ჯგუფში“, – ამბობს ნანა გულბანი. ის ირწმუნება, რომ ბავშვები თავის კაბინეტში დაიბარა და მათ 15 წლის დას დაელაპარაკა სავარაუდო პარაზიტზე.

„ვუთხარი, რაზეც მქონდა ეჭვი, მშობლებს უთხარი და კანის ექიმთან გადაამოწმეთ-მეთქი. საერთოდ, მე დამრიგებელს ვეუბნები როცა პრობლემაა და ის აფრთხილებს მშობელს“, – ამბობს გულბანი.

სკოლის დირექტორი მერაბ ფურცელაძეც იმეორებს იმავეს – რომ ექიმი ბავშვებს თავის კაბინეტში დაელაპარაკა. „იყო მსგავსი შემთხვევა, როცა ალერგია ჰქონდა ბავშვს და დაუნიშნა ექიმმა წამლები. ამასაც უთხრეს, რომ მისულიყვნენ ექიმთან“, – ამბობს დირექტორი.

„ბათუმელებმა“ დირექტორს ასევე ჰკითხა, რა გეგმა აქვს სკოლას 9 და 7 წლის ბავშვების დასახმარებლად, რომლებიც პირველად 17 თებერვალს მივიდნენ სკოლაში? სკოლის დირექტორის თქმით, რადგან 9 და 7 წლის ბავშვები პირველად ჩაირიცხნენ სკოლაში, მათ სპეციალურ მასწავლებელს შესთავაზებენ. „რადგან ჩამორჩნენ სწავლას, სპეცმასწავლებელი დაეხმარება. ოღონდ მშობელმა უნდა დაწეროს განცხადება და მოითხოვოს სპეციალური მასწავლებელი“.

„ბათუმელებმა“ ხათრიძეების ოჯახის სოციალური მდგომარეობის შესახებ სიუჟეტი 9 თებერვალს მოამზადა. სიუჟეტში 9 შვილის მამა ჰყვება იმ სირთულეებზე, რის გამოც მისი არც ერთი შვილი სკოლაში არ დადის.

სწორედ მედიაში ინფორმაციის გავრცელების შემდეგ მივიდა სოციალური მუშაკი ხათრიძეების ოჯახში და იზრუნა იმაზე, რომ 7 და 9 წლის ბავშვები სკოლაში ჩაერიცხათ. ბავშვები მივიდნენ სკოლაში პირველად, მაგრამ ორ დღეში ისინი გააფრთხილეს, რომ სავარაუდოდ ბღერი აქვთ და „10 დღეს ნუ ივლიან“.

სოციალური მუშაკი ელენე ჩხეიძე ამბობს, რომ აქამდე არ იცოდა, თუ ბავშვები სკოლაში არ დადიოდნენ და მხოლოდ ახლახან გაიგო ამის შესახებ.

„ამ ბავშვებთან დაკავშირებით არ მომიკითხავს ინფორმაცია. ვიცოდი, რომ ყველა იღებდა განათლებას და როცა გახდა ჩემთვის ცნობილი, ჩავერთე“, – გვეუბნება ის და დასძენს, რომ მანამდე, მას, როგორც სოციალურ მუშაკს, ინტენსიური მეთვალყურეობა არ ჰქონია ამ ოჯახზე. „ვიცოდი, რომ სექტემბერში უნდა მიეყვანათ [ბავშვები] მშობლებს. განათლების სამინისტროსაც უნდა განეხილა ეს საკითხი, მაგრამ ახლახან შეიცვალა რეგულაცია და ახლა უკვე რესურსცენტრს შეუძლია მოსწავლის სკოლაში ჩარიცხვა და რესურსცენტრმა ჩარიცხა ეს ბავშვებიც.

ადამიანის/ბავშვის ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია კონფიდენციალურია და, შესაბამისად, დაცული უნდა იყოს ეს უფლება. სოციალური მუშაკი ამბობს, რომ დაირღვა თუ არა ბავშვების უფლება ამ შემთხვევაში, სკოლაში მისვლის შემდეგ გაარკვევს.

„როგორც ვიცი, ბავშვებს ჯანმრთელობის პრობლემები არ აქვთ, მაგრამ რადგან ახალი ჩარიცხულები იყვნენ, შემოწმდნენ ეს ბავშვებიც. სკოლის დირექტორი და კლასის დამრიგებელი არ ადასტურებენ, რომ ბავშვების მიმართ რაიმე შეურაცხმყოფელ მოპყრობას ჰქონდა ადგილი“, – ამბობს სოციალური მუშაკი.

განათლების სამინისტროში ამბობენ, რომ სკოლაში ექიმის მუშაობა შიდა დებულებით არის განსაზღვრული და ამ საკითხს სკოლა არეგულირებს.

___

ამავე თემაზე:

ბათუმის მერია მშენებლებს ახალ გადასახადებს უწესებს

ბათუმის მერია მშენებლობის დროს საზოგადოებრივი სივრცეებისა და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის გამოყენებისთვის გადასახადის დაწესებას ითხოვს. განკარგულების შესაბამისი პროექტი უკვე მომზადებულია და საკრებულოს სხდომის დღის წესრიგშია შეტანილი. საკრებულო საკითხის დამტკიცებაზე 25 თებერვალს იმსჯელებს.

პროექტის მიხედვით სამშენებლო ღობის მოსაწყობად გადასახადის ოდენობა ერთ კვადრატულ მეტრზე ზონების მიხედვით გადანაწილდება:

  • ცენტრალური ზონის პირველი ქვეზონა – 100 ლარი
  • ცენტრალური ზონის მეორე ქვეზონა – 75 ლარი
  • ცენტრალური ზონის მესამე ქვეზონა – 50 ლარი
  • შუალედური ზონა – 40 ლარი
  • პერიფერიული ზონა – 30 ლარი

ასევე, დაწესდება საზოგადოებრივ სივრცეში მშენებლობასთან დაკავშირებული ხელსაწყოების, მათ შორის, კიბის უჯრედის, აგრეგატის და სხვა მსგავსი მოწყობილობების განთავსების გადასახადი. ამ ტიპის საჭიროებებისთვის ერთი კვადრატული მეტრის გადასახადი 40 ლარი იქნება წინასწარ განსაზღვრული ვადით.

მშენებლებს მოუწევთ ასევე გზაჯვარედინებზე არსებული მიწისქვეშა საკომუნიკაციო არხებით სარგებლობის გადასახადის გადახდა, ერთი გრძივი მეტრის ფასი 300 ლარი იქნება.

ფასიანი იქნება ასევე სანიაღვრე არხებში გრუნტის წყლების ჩაშვება, გადასახადი ქვაბულის ზედაპირის ყოველ ერთ კვადრატულ მეტრზე 10 ლარი იქნება.

სანიაღვრე სისტემისთვის ახალი ობიექტის მიერთების გადასახადი კი ასე გადანაწილდება:

  • დ110მმ ქსელის შეჭრა/ მიერთება  – 1200 ლარი
  • დ150მმ ქსელის შეჭრა/ მიერთება – 1650 ლარი
  • დ200მმ ქსელის შეჭრა/ მიერთება – 2250 ლარი

ამ გადასახადების გადახდა მშენებლებს მოუწევთ ერთჯერადად, მშენებლობის ნებართვის მიღებამდე. დადგენილების პროექტის მიხედვით, ზემოთ ჩამოთვლილი გადასახადებისგან მხოლოდ სახელმწიფო სტრუქტურები გათავისუფლდებიან.

გასულ წელს ბათუმის მერიამ მშენებლობის ნებართვის მოსაკრებლის გამოთვლის წესიც შეცვალა.

ამ თემაზე:

ბათუმის მერია მშენებლობასა და დემონტაჟზე ახალ მოსაკრებელს აწესებს

ვინ აღადგენს დაზიანებულ ქუჩებს ბათუმში – დავა 2 მილიონისთვის

ბათუმში კომუნალური ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო [IV ფაზის ] სამუშაოების გამო ლეონიძის, ხახულის, აღმაშენებლის, კობალაძის, ფიროსმანის, ინასარიძის, რუსთაველის ქუჩები და მიმდებარე ტერიტორიები გადაკეტილია. სამუშაოების დასრულების შემდეგ ქუჩების მოასფალტებისთვის ბათუმის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერს, ჯერჯერობით, გამარჯვებული არ ჰყავს.

საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაციის შემდეგ გზის აღდგენაზე ბათუმის მერიას 2 მილიონამდე ლარი აქვს გამოყოფილი. თუმცა უწყების მიერ გამოცხადებულ შესაბამის ტენდერში ორ კომპანიას დისკვალიფიკაცია მისცეს, რომელთაგან ერთ-ერთი დავების საბჭოში ჩივის. შესაბამისად, სატენდერო პროცედურების გამო, გამარჯვებულის გამოვლენა ჭიანურდება.

ჯავახიშვილის ქუჩა ბათუმში, რომელიც სანიაღვრე არხის მშენებლობის გამო ჩაკეტილია

კანალიზაციის სისტემის რეაბილიტაციის შემდეგ დაზიანებული ქუჩების აღდგენაზე ტენდერი ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ 1 999 970 ლარით 2020 წლის 16 იანვარს გამოაცხადა. წინადადებების მიღება 7 თებერვალს შეწყდა.

სატენდერო კომისიამ დისკვალიფიკაცია მისცა კომპანიას [შპს „გზატკეცილი+“], რომელმაც ყველაზე დაბალი ფასი – 1 649 977 ლარი დაასახელა. კომისიამ დისკვალიფიკაცია მისცა ასევე მომდევნო დაბალი შეთავაზების მქონე კომპანიას [შპს „პალადა“], რომელმაც სამუშაოების შესრულება კეთილმოწყობის სამმართველოს 1 799 000 ლარად შესთავაზა.

ორივე შემთხვევაში დისკვალიფიკაციის მიზეზად კომისია ასახელებს იმას, რომ ამ კომპანიების მიერ წარმოდგენილი ფასების ცხრილი არ შეესაბამება ტენდერით განსაზღვრულ მოთხოვნებს.

კომისიის გადაწყვეტილებას არ ეთანხმება შპს „პალადა“, რომელმაც ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს შესყიდვების სააგენტოს დავების საბჭოში უჩივლა.

„მივიჩნევთ, რომ სატენდერო კომისიის გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას. შესაბამისად, მოვითხოვთ გაუქმდეს სატენდერო კომისიის [შესაბამისი ოქმით] მიღებული გადაწყვეტილება შპს „პალადას“ დისკვალიფიკაციის შესახებ. მოვითხოვთ, ჩვენ მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის შემსყიდველის მიერ განხილვა განხორციელდეს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად,“ – აღნიშნულია კომპანიის საჩივარში.

დავის განხილვის დროდ შესყიდვების სააგენტოს 2020 წლის 25 თებერვალი აქვს ჩანიშნული.

სატენდერო პროცედურები გრძელდება.

სატენდერო კომისიამ მესამე პრეტენდენტს – შპს „გზებს“, რომელმაც წინა ორთან შედარებით გაცილებით მაღალი თანხა დაასახელა – 1 900 000 ლარი, ფასების ცხრილის დაზუსტება მოსთხოვა.

ფასების ცხრილის შეუსაბამობისთვის კი დაბალი შეთავაზების მქონე კომპანიებს პირდაპირ დისკვალიფიკაცია მისცა.

ამონარიდები სატენდერო კომისიის შესაბამისი ოქმებიდან:

ტენდერი შერჩევა/შეფასების ეტაპზეა.

ამ თემაზე:

ბათუმის მერია: ტრანსპორტის მოძრაობის მარშრუტი დროებით შეიცვლება

მთავარი ფოტო: ფიროსმანის ქუჩა ბათუმში, სადაც სანიაღვრე სისტემა მოეწყო

როგორ იცვლება წარმოდგენები სექსზე – რას განიხილავენ კაცების ჯგუფში ფეისბუქზე

„გასულ წელს კითხვები მქონდა და რომ დავძებნე ინტერნეტში, არსად იყო ისეთი ჯგუფი, სადაც ჩემს კონკრეტულ ამბავს მოვყვებოდი, სადაც ინფორმაციას მივიღებდი… ქალების ჯგუფი უკვე არსებობდა. ჩვენთან ჯერ კიდევ ტაბუდადებულია საუბარი სექსზე. ამ თემაზე მშობელიც კი არ საუბრობს საკუთარ შვილთან, არც სკოლებში საუბრობენ ამაზე. ავდექი და კაცების ჯგუფის შექმნა გადავწყვიტე“, – გვიყვება დემეტრე მამულაშვილი. იგი თბილისში, ერთ-ერთ კომპანიაში, სოციალური მედიის მენეჯერად მუშაობს.

რამდენიმე თვის წინ დემეტრე მამულაშვილმა „ფეისბუქში“ კაცებისთვის სპეციალური, დახურული ჯგუფი შექმნა – „მამაკაცების ჯანმრთელობა და მხარდაჭერა“.

ახლა დემეტრე ამაყობს, რომ უკვე არაერთი კაცი ნახა, რომელთა შეხედულება სექსზე, ქალის სექსუალობაზე ან სექსუალურ ორიენტაციაზე შეიცვალა და არაერთ შემთხვევაში აგრესია თანაგრძნობამ ჩაანაცვლა.

ჯგუფში კაცები სხვადასხვა პრობლემაზე საუბრობენ, რაც სექსუალურ ჯანმრთელობას უკავშირდება, ასევე განიხილავენ სქესობრივი აქტის სირთულეებს, სექსუალობას, სტერეოტიპებს, სტიგმებს.

ჯგუფის წევრობა 14 წლის ასაკიდან შეიძლება და დამატებამდე ჯგუფის რომელიმე ადმინი თქვენს ნადვილობას თქვენივე ფეისბუქპროფილით ამოწმებს. ჯგუფში აკრძალულია სიძულვილის ენის გამოყენება, ჰომოფობია, დისკრიმინაცია, ბულინგი და კონფიდენციალობის წესების დარღვევა. მას შემდეგ, რაც ჯგუფის წევრთა რაოდენობამ 25 ათასამდე გმიაღწია და მის მიმართ მარკეტინგული ინტერესიც გაიზარდა, თითოეულ პოსტს ექიმიც ნახულობს და ფსიქოლოგიც. დემეტრე ამბობს, რომ ხშირად უწევს პირადი მიმოწერაც კაცებთან, რომლებსაც პოსტის გამოქვეყნება სურთ.

დემეტრე მამულაშვილი

„პირადად ვწერ მაშინ, როცა ადამიანს შეურაცხმყოფელი პოსტის დადება სურს, ან კომენტარი აქვს აგრესიული, ან სქრინავს საუბარს და თავის გვერდზე გააქვს. თავიდან უფრო იყო შემთხვევები და სქრინების გამო რამდენიმესთან დამშვიდობებაც მოგვიხდა… ჩვენი მიზანი არაა ვინმეს ჯგუფიდან წასვლა. ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა ისაუბროს გულწრფელად საკუთარ გამოცდილებაზე, პრობლემაზე, რომელიც აქვს, მიიღოს ინფორმაცია სექსუალურ ჯანმრთელობაზე,“ – გვითხრა დემეტრე მამულაშვილმა.

დემეტრეს დაკვირვებით ადამიანებს მინიმალური ინფორმაციაც კი არ აქვთ იგივე სექსუალური კავშირით გადამდებ დაავადებებზე. დემეტრე აქცენტს აკეთებს იმაზეც, რომ დღეს ინტერნეტში თითქმის ყველაფრის პოვნაა შესაძლებელი, თუმცა ადამიანები ხშირად ყალბი ამბების მსხვერპლი სექსუალური განათლების კუთხითაც ხდებიან.

გარდა ამისა, სხვადასხვა სოციალური ქსელის და აქტიური კომუნიკაციის პირობებში, ადამიანებს უჭირთ ისაუბრონ სექსთან ან სექსუალობასთან დაკავშირებულ პრობლემებზე.

„ალბათ უფრო სექსუალური რევოლუციის სტადიაში ვართ ისევ…“ – გვიზიარებს დასკვნას დემეტრე. მისი დაკვირვებით და პოსტებზე თვალის გადავლებითაც ჩანს, რომ კაცებს აქტიურად სურთ ნებისმიერ თემაზე საუბარი, რომელიც სექსს უკავშირდება და ხშირად ჩანს მოცემულობა, როცა ისინი ღიად ან ფარულად მხარს უჭერენ აქამდე კულტურული გავლენებით გამოწვეულ სტიგმატიზებულ დამოკიდებულებებს.

„ერთი კაცი მწერდა, რომ ჯგუფის დაარსებიდანვე მისი წევრია, მაგრამ თვეების განმავლობაში მხოლოდ აკვირდებოდა, რას დაწერდნენ სხვები. ახლა მოუნდა, საკუთარი პრობლემის გაზიარებაც. ანუ მას სათქმელი თავიდანვე ჰქონდა… მე მჯერა, რომ კაცებს, რომლებიც ახლა ამ ჯგუფში არიან, მინიმუმ საკუთარ შვილებთან არ მოერიდებათ სექსუალურ განათლებაზე საუბარი და არც იმას იტყვიან, რომ სექსზე საუბარს ტაბუ უნდა ედოს,“ – გვითხრა დემეტრე მამულაშვილმა.

დემეტრეს თქმით, აგრესიული კომენტარები ჯგუფში ხშირად აღარ ქვეყნდება და, შესაბამისად, არც მათი წაშლა უწევს. მისი დაკვირვებით, აგრესიული და ჰომოფობიური კომენტარები არც მაშინაა ბევრი, როცა, მაგალითად, განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის ადამიანები აღწერენ საკუთარ პრობლემას.

„იყო რამდენიმე შემთხვევა, მაგრამ პირადში მივწერეთ. ავუხსენით, რომ სიძულვილის ენა ან ბულინგი დაუშვებელია. ვეუბნები, რომ თუ ასე გააგრძელებენ, დამშვიდობება მოგვიწევს. ყოფილა მომენტი, როცა დამეგობრებულან ჰომოფობიურად განწყობილი ადამიანი და ის, ვინც ლგბტ თემის მხარდამჭერია, მერე მოუწერიათ კიდეც, როგორი ცუდი ხალხი მეგონა, თურმე, რა კარგი ტიპები ყოფილანო“, – იხსენებს დემეტრე მამულაშვილი.

როდის იცვლება აგრესია თანაგრძნობით?

დემეტრე მამულაშვილის დაკვირვებით, აგრესია მაშინ  იცვლება, როცა ადამიანებს ინფორმაცია აქვთ და არსებობს გარემო, სადაც ადამიანები ერთმანეთს ენდობიან. დემეტრე მიიჩნევს, რომ პრობლემების უშუალო გაზიარებით სოლიდარობის განცდას აჩენს ჯგუფის წევრებს შორის.

„პირველ რიგში, განათლებაა საჭირო. შემდეგ ნდობა… ამ ჯგუფში ხშირად წერენ ადამიანები პრობლემის შესახებ საკუთარი გამოცდილებით. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, როცა ადამიანები უშუალოდ უყვებიან ერთმანეთს საკუთარ პრობლემებზე და ხედავ სხვების განწყობებსაც.

მე რომ 15 წლის ვიყავი, ასეთი ჯგუფი ყოფილიყო, რაღა მინდოდა – სულ ჩემეულ დასკვნებს ვაკეთებდი,“ –  თვითირონიით ასრულებს საუბარს დემეტრე მამულაშვილი.

მამაკაცების ჯგუფში დაახლოებით 25 ათასი წევრია. გაცილებით ადრე შეიქმნა ქალების ჯგუფი, სადაც 70 ათასამდე ქალია.

ამ თემაზე:

70 000 ქალი საქართველოდან სექსუალური განათლების ანდერგრაუნდში

 

 

ბსუ-ში დისკრიმინაციის თემაზე დისკუსია გაიმართება

ხვალ, 21 თებერვალს, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში დისკრიმინაციის თემაზე დისკუსია გაიმართება. შეხვედრა 13:00 საათზე დაიწყება.

დისკუსიის მომხსენებელი ფსიქოლოგი მაია ცირამუა ისაუბრებს იმაზე, თუ რა განსაზღვრავს დისკრიმინაციულ ქცევას და როგორ მუშაობს წინასწარგანწყობა, ასევე სტერეოტიპები. დისკუსიის თემა იქნება: როგორ მივაღწიოთ თანასწორობას.

დისკუსია უნივერსიტეტის 21-ე აუდიტორიაში შედგება და მისი ორგანიზატორია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“.

დასწრება თავისუფალია.

70 000 ქალი საქართველოდან სექსუალური განათლების ანდერგრაუნდში

სივრცე ქალური საუბრებისთვის სექსუალური განათლებისა და რეპროდუქციული ჯანმრთელობის თემაზე ყველაზე დიდი ქართული ფეისბუქჯგუფია – მხოლოდ ქალებისთვის. ერთი წლის წინ შექმნილ ჯგუფში თითქმის 68 ათასი ქალია გაერთიანებული. ჯგუფის წევრების რაოდენობა წარმოუდგენელი სისწრაფით იზრდება. ქალთა ჯგუფის იდეა სექსუალურ განათლებაზე თავიდან თამარ ფონიავას მოუვიდა, მაგრამ მაქსიმუმ 100 ქალისგან შემდგარ ჯგუფს ელოდა, ვერ წარმოიდგენდა, თუ ჯგუფში გაწევრიანების მსურველი 25 ათასი თხოვნის განხილვა მოუწევდა ერთად. 

ჯგუფში დაცული და არაძალადობრივი გარემოა, სადაც ყველა ქალს შეუძლია დასვას კითხვები და მიიღოს პასუხები ისე, რომ არავინ გაკიცხოს. თუმცა დაცული სივრცის შექმნა ადმინს და რამდენიმე მოდერატორს დროისა და ენერგიის ხარჯზე უწევს: ჯგუფში ყოველდღიურად 500-მდე კითხვა იგზავნება, მათი ნაწილი იფილტრება და ჯგუფში ყოველდღე 100 პოსტი იდება. 

ამერიკულ ჯგუფში ვიყავი, სადაც სექსუალური ჯანმრთელობის და რეპროდუქციის საკითხებს განიხილავდნენ თავისუფლად და მაშინ ვფიქრობდი, ნეტა, ვინმე მსგავსს საქართველოშიც გააკეთებდეს-მეთქი. ქალთა ჯანმრთელობის ჯგუფში ხშირად იწერებოდა თავდაცვის საშუალებების, სექსუალურ ცხოვრებაში პრობლემების, სექსუალური დისფუნქციის თემაზე და მივხვდი, რომ აუცილებელი იყო ქალებს გვქონოდა მხოლოდ ამ თემებზე ორიენტირებული სასაუბრო სივრცე.  

თავიდან ჯგუფის მიზანი იყო გვესაუბრა სექსუალურ ცხოვრებაზე, სექსუალურ ჯანმრთელობაზე, რაც გულისხმობს სექსუალური სიამოვნების, ინტიმური ცხოვრების პოზიტიურ გააზრებას, საკუთარი უფლებების ცოდნას, სექსუალური გზით გადამდები დაავადებების შესახებ ინფორმაციას, დაცულ და უსაფრთხო სექსზე ინფორმაციას, საკუთარი უფლებების შესახებ ცოდნას, სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობას, ფსიქიკურ ჯანმრთელობას და ა.შ.” – ამბობს თამარ ფონიავა.

16-17 წლის გოგოები ყველაზე დაუცველები არიან სექსუალური გზით გადამდები დაავადებების, ძალადობის, შევიწროების მიმართ 

 

ჯგუფში წესები საკმაოდ მკაცრადაა დაცული, აკრძალულია ჯგუფიდან სქრინშოთების გატანა, პოსტებსა და კომენტარებში მიუღებელია ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია, ჯგუფში არ არის ადგილი განსჯისა და დაცინვისთვის. ამ წესების დარღვევის შემთხვევაში წევრები უპირობოდ იბლოკებიან. ქალების ჯგუფი სოლიდარულ, ერთ დიდ თემად იქცა, სადაც არ არსებობს ტაბუდადებული თემები და წევრები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას, რჩევას და დამოკიდებულებებს უზიარებენ. ჯგუფის პოსტები, ერთი შეხედვით, ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ „იატაკქვეშა“ სექსუალური რევოლუცია საქართველოში უკვე მოხდა, თუმცა ამაზე ღიად არავინ საუბრობს. სხვა მხრივ ჯგუფი კარგად აჩვენებს სექსუალურ განათლებასა და რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე ინფორმაციულ ვაკუუმს, რასაც ვერ ავსებს სკოლა, უნივერსიტეტი, მედია და ინტერნეტის ქაოტური ინფორმაცია. განვითარებულ ქვეყნებში სწორედ ეს საჯარო და აკადემიური სექტორები უზრუნველყოფს სექსუალურ განათლებას. საქართველოში მსგავს თემებზე სასაუბროდ მხოლოდ დახურული სივრცეები არსებობს.  

„სექსუალური განათლება მოიცავს სექსუალური სიამოვნების, ინტიმური ცხოვრების დადებითად გააზრების ჰარმონიის საკითხებს, სქესობრივი განათლებისგან განსხვავებით, რაც მხოლოდ რეპროდუქციას ეხება. 

ხშირად გოგოებმა არ იციან უბრალოდ ანატომიაც. ჯგუფში საუბარი საბაზისო ანატომიიდან დავიწყეთ: ქალისა და მამაკაცის სასქესო ორგანოების აგებულება, სახელები, მენსტრუაცია, სგგ-ების რისკი და ა.შ. შემდეგ მივედით ისეთ თემებზე, როგორიცაა სექსუალური შევიწრობისა და ძალადობის ფორმების გააზრება, ახალგაზრდებმა, მაგალითად, არ იციან, როგორი ქცევა შეიძლება იყოს სექსუალური შევიწროება, არ იციან რა არის გაუპატიურებარომ გაუპატიურება შეიძლება ქორწინებაშიც მოხდეს. ამ დროს 16-17 წლის გოგოები ინფორმაციის არარსებობის გამო ყველაზე მოწყვლადები არიან, სექსუალური გზით გადამდები დაავადებების, ძალადობის, შევიწროების მიმართ

მხოლოდ 2016 წელს 15-19 წლის ქალებში აბორტის გაკეთების 951 შემთხვევაა დარეგისტრირებული (საქსტატი). სექსუალური განათლება არამხოლოდ ხელს უწყობს ახალგაზრდა ქალების სექსუალური აქტივობების წახალისებას, არამედ მათი სიცოცხლის, ჯანრთელობისა და მენტალური სიჯანსაღის უმნიშვნელოვანესი ელემეტია. 

18-24 წლის ბიჭებს  67% და გოგოების 87% ამბობს, რომ უსაფრთხო სექსის შესახებ მშობლები არ ესაუბრებოდნენ (კაცები და გენდერული ურთიერთობები საქართველოში, 2014). არ აქვთ სივრცე სახლში, სკოლაში, იმავე სიტუაციაში არიან მეგობრებიც

ჯგუფში არ ვაწევრიანებთ 14 წლამდე გოგოებს. საერთოდ კი, მომხრე ვარ ახალგაზრდები იყვნენ ჯგუფში, რომ ზრდასრულმა ქალებმა საკუთარი გამოცდილება და ინფორმაცია გავაზიაროთ და მათ ამ ფორმით დავეხმაროთ”, – ამბობს თამარ ფონიავა. 

თამარ ფონიავა

როცა გაქვს ისეთი სექსი, როგორიც გინდა და თან გაქვს დანაშაულის შეგრძნებაც 

ქალთა ემანსიპაცია სექსუალური თავისუფლების გარეშე წარმოუდგენელია. სწორედ ქალების სხეულის, მათი სექსუალური ცხოვრების კონტროლით იწყება ძალადობის ყველაზე გავრცელებული ფორმები, რასაც ხშირად ქალების მკვლელობის ყოველდღიურ, მშრალ სტატისტიკადქცეულ შედეგებამდე მივყავართ. თავისუფლებას და მენტალური სიჯანსაღის ხარისხს დიდწილად განსაზღვრავს, თუ რა დამოკიდებულება გვაქვს საკუთარი ინტიმური ცხოვრების მიმართ. 

ხშირია შემთხვევა, როცა ქალების ჯგუფიდან სქრინებს იპარავენ და საჯაროდ კიცხავენ კომენტარების და კითხვების ავტორებს – ძირითადად კაცები. თამარ ფონიავა ამას ტოქსიკური მასკულინობის დაკარგვის შიშს უწოდებს. 

„ჯგუფიდან გატანილ სქრინებზე ირონიულად პოსტავდნენ კაცებიც, ქალებიც. კაცების ჯგუფს თუ დააკვირდებით, ისინი ძალიან თავისუფლად საუბრობენ საკუთარ პარტნიორებზე, სექსის ტექნიკაზე, გამოცდილებაზე. იმავე თემაზე თუ ქალი დაძრავს სიტყვას, აუცილებლად ხდება შანტაჟის სამიზნე, მის სქრინებს იპარავენ და ოჯახთან დაპირისპირების საფრთხეც ექმნებათ. 

კულტურაში, რომელშიც გაგვზარდეს, ქალი ნივთს უთანაბრდება. თუ ქალთან ინტიმური ურთიერთობა აქვთ, ე.ი. ეს ქალი გამოიყენეს, საქალწულე აპკის დაკარგვით თითქოს რაღაც წაართვეს. მათ სექსუალურ ჯანმრთელობაზე მხოლოდ მაშინ ზრუნავენ, როცა საქმე შვილების გაჩენაზე მიდგება. ქალისთვის სექსი ქორწინებამდე კონტროლისა და ჩაგვრის წყაროა, ქორწინების შემდეგ კი – ვალდებულება. ქალების უმეტესობა გინეკოლოგთან მაშინ მიდის, როცა შვილების გაჩენაზე მიდგება საქმე, მანამ კი ითმენენ ათასგვარ სექსუალურ დისფუნქციას, ინფექციებსა და დაავადებებს.

ჩემს ჯგუფში გოგოების უმეტესობა აღნიშნავს, რომ სექსუალური ცხოვრების დაწყება მათთვის შფოთვას, დეპრესიულ განწყობებსა და საკუთარი თავის მიმართ ზიზღის ჩამოყალიბებას უკავშირდება“, – ამბობს თამარ ფონიავა. 

68 ათასი ქალი ფემინისტური პროექტის გარშემო 

მიზოგინური, დისკრიმინაციული და ჰომოფობიური კომენტარების შემთხვევაში, გარდა წევრების დარეპორტებისა, ადმინები და მოდერატორები წერენ ინფორმაციულ პოსტებს, თუ რა არის ფობია, დისკრიმინაცია, როგორ ვაზიანებთ ასეთი დამოკიდებულებით ერთმანეთს და სასაუბრო სივრცეს. საზოგადოებაში ტაბუდადებულ თემებზე პოსტებს ჯგუფში თავიდან ქალების ნაწილის აღშფოთება მოჰყვებოდა, მაგრამ ეს დამოკიდებულება დროთა განმავლობაში შეიცვალა. 

თავიდან პოსტების, კითხვების უმრავლესობა ანონიმური იყო. ნდობისა და სოლიდარობის განცდის ზრდასთან ერთად ქალები უფრო და უფრო მეტს წერენ ვინაობის დაუფარავადაც.  

ჯგუფის იდეის ავტორი ამბობს, რომ 70 ათასამდე ქალია გაერთიანებული ამ ფემინისტურ პროექტში, სადაც ერთმანეთს რჩევებით, ცოდნის გაზიარებით, ადვოკატირებით, სამედიცინო თვალსაზრისით და საჭიროების შემთხვევაში, თანხის შეგროვებითაც ეხმარებიან. 

„მუქარა და ლანძღვა კაცებისგან ჩემთვის ყოველდღიურობად იქცა” 

ქალების ჯგუფს ხშირად მისდის კაცების პროფაილებისგან ჯგუფში გაწევრიანების მოთხოვნა, რაც ჯგუფის წესებით აკრძალულია. 

„ხშირად ვიღებ  მუქარის წერილებს კაცებისგან, რომლებსაც უბრალოდ არ მოსწონთ, რომ ასეთი ჯგუფი არსებობს და მიიჩნევენ, რომ საშინელებას ვაკეთებთ. ხანდახან თავს მაცოდებენ, რომ ვიღაცამ ჯგუფში მათზე რაღაც თქვა და მათი უფლებები დაირღვა. ხანდახან მეუბნებიან, რომ მიჩივლებენ. კაცებისგან ეს დამოკიდებულება უკვე ყოველდღიურობად იქცა ჩემთვის. არიან კაცები, რომლებიც გემუქრებიან და საქმეებს გირჩევენ, კაცები, რომლებიც გეხვეწებიან ჯგუფში გაწევრიანებას, მიუხედავად აკრძალვისა. პოულობენ ჩემს პირად პროფილს და მწერენ, ბოლო დროს, მაგალითად, იარაღიანი კაცის ფოტოთი მწერს ვიღაც, მირეკავს, მემუქრება, რომ მიჩივლებსარ მოსწონს რასაც ვაკეთებთ, რომ ასეთი ჯგუფი არსებობს, რომ ქალებისთვის ასეთი სივრცის არსებობა დაუშვებელია. ხანდახან მიკავშირდებიან მოტივით, რომ მათ სექსუალური შევიწროვება დააბრალეს და სქრინები გასაჯაროვდა ჯგუფში, თავს მსხვერპლად მიიჩნევენ. რაშიც თავად არიან დამნაშავეები, იმით ემუქრებიან ჯგუფს“, – ამბობს თამარ ფონიავა.

„არც ერთ ასაკში არ არის დასაშვები ქალისთვის სექსუალური ურთიერთობა ქორწინების გარეშე”

გენდერული საკითხების შესახებ გაეროს 2013 წლის კვლევის მიხედვით,  საქართველოში გამოკითხული ქალების 68% მიიჩნევს, რომ არც ერთ ასაკში არ არის დასაშვები ქალისთვის სექსუალური ურთიერთობა ქორწინების გარეშე.  იმავეს ფიქრობს გამოკითხული კაცების 31%.

ჯგუფზე დაკვირვება აჩვენებს, რომ საქართველოში ქალებს ძალიან აქტიური და საინტერესო სექსუალური ცხოვრება აქვთ, მაგრამ ცალკე საკითხია ამ თემებზე საუბრის პრობლემა. ჯგუფმა აჩვენა, რომ ღია საუბრებისთვის დაცული და უსაფრთხო გარემოს შექმნა შესაძლებელია, რაც ბევრი ქალისთვის პრობლემაა ოჯახშიც კი, სადაც ყველაზე დაცულად უნდა გრძნობდე თავს და იღებდე მაქსიმალურ მხარდაჭერას. 

ბევრი გოგო წერს, რომ 16 წლის ასაკში მსგავს ჯგუფში ყოფნის შესაძლებლობა რომ ჰქონოდა, უსიამოვო გამოცდილებას აირიდებდა თავიდან.

თამარის თქმით, ჯგუფზე ზედაპირული დაკვირვებაც კი აჩვენებს, რომ საქართველოში ქალის სექსუალური ცხოვრება სტრესით, შფოთვით და კონტროლითაა სავსე.  

თამარ ფონიავა:

„სექსუალური ემანსიპაცია თავზე არ დაგვეცემა, რადგან პირდაპირ გადის კაცების მიერ ქალის სხეულის კონტროლზე. ჩვენს კულტურაში კაცი დომინანტია, დომინანტობას კი თან ახლავს ძალაუფლება და პრივილეგიები, კაცები თავად არ მოისურვებენ ამ პოზიციის დაკარგვას, მხოლოდ ქალები თუ შეცვლიან არსებულ რეალობას.

რა თქმა უნდა, ყველა ქალს ვერ დავავალდებულებთ იყვნენ რევოლუციონერები, მებრძოლები და ძლიერები, ეს პროცესი დიდ მენტალურ გამძლეობას მოითხოვს. როგორც ცნობილი ლოზუნგი ამბობს “ყველაფერი პირადი პოლიტიკურია”, აუცილებელი არაა რევოლუციონერობა, ყველა ჩვენგანს გვაქვს პირად ცხოვრებაში დაწყებული პატარა ბრძოლები მოსაგები. ამიტომაც ინტიმურ ცხოვრებაში პატარა ცვლილებების შეტანაც კი წინ წაგვწევს.

მაგალითად, გააზრება იმის, თუ რა არის ძალადობა, გაუპატიურება, სექსუალური შევიწროება, ტოქსიკური ურთიერთობები. გააზრება იმისა, რომ ქალებისთვის საკუთარი კეთილდღეობა უნდა იყოს პრიორიტეტული და სოლიდარობის ქსელის არსებობა – რაც ჯგუფში ხდება ამ ეტაპზე.  ქალების დუმილი საკუთარ პირად ცხოვრებაზე  ჯგუფის გარეთ აიხსნება იმიჯის შელახვის, პირადი ცხოვრების დანგრევის თავიდან აცილებით. შეიძლება ფიზიკური ძალადობის მსხვერპლიც კი გახდე, თუ სექსუალურ განათლებაზე საჯაროდ საუბრობ და ცდილობ რაიმე შეცვალო. ჩვენ ვცხოვრობთ ორმაგი სტანდარტების პირობებში, ერთი და იმავე ქცევის გამო ქალები და კაცები განსხვავებულ განწყობებს ქმნიან საზოგადოებაში, მაშინ, როცა კაცებს თავისუფლად შეუძლიათ ისაუბრონ საკუთარ ინტიმურ ცხოვრებაზე, ქალები შანტაჟის, ტერორის, ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლები ხდებიან ოჯახისა თუ პარტნიორებისგან.

დედებს ახალგაზრდა ქალები ძალით დაჰყავთ საქალწულე აპკის შესამოწმებლად, პარტნიორები ტოქსიკურ ურთიერთობებს აგებენ და არ უფრთხილდებიან პარტნიორი ქალების მენტალურ მდგომარეობას… ქალები გაბრაზებულები არიან ამ პროცესების ფონზე, რომელიც საზრდოობს  სექსიზმითა და მიზოგინიით და სწორედ გაბრაზებული ქალები ცვლიან რეალობას.


ამავე თემაზე:

70 000 ქალი საქართველოდან სექსუალური განათლების ანდერგრაუნდში

 

“გახსოვთ, მთავრობამ საპატრიარქოს ბობოყვათის რეზიდენცია რომ გაუცვალა?” – დავა საკონსტიტუციოში

“გახსოვთ, მთავრობამ საპატრიარქოს ბობოყვათის რეზიდენცია რომ გაუცვალა კრწანისის ქონებაში?” – ეს შეკითხვა იურისტმა გიორგი მშვენიერაძემ ქონების მართვის სააგენტოს წარმომადგენელს დაუსვა, რომელმაც დღეს, 20 თებერვალს, საკონსტიტუციო სასამართლოს ჩვენება მისცა.

საკონსტიტუციო სასამართლოში დავის საგანი ის სამართლებრივი ნორმაა, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო ქონება საკუთრებაში მხოლოდ საპატრიარქოს შეიძლება გადაეცეს და არც ერთ სხვა რომელიმე რელიგიურ ორგანიზაციას, რომელიც დარეგისტრირებულია, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირი. ანალოგიური სტატუსი აქვს ამ დრომდე საპატრიარქოსაც.

“არ მახსოვს…” – სცადა გიორგი მშვენიერაძისთვის პასუხის გაცემა ქონების სააგენტოს წარმომადგენელმა, ნუგზარ თამაზაშვილმა.

დიალოგში მოსამართლე მანანა კობახიძე ჩაერთო:

“ისედაც ხომ ვიცით საპატრიარქოს შემთხვევა, ეს არ არის სადავო…” – თქვა მან.

“რელიგიის თავისუფლებაში ჩარევა ხდება ამ უთანასწორო მოპყრობით… ადგილი აქვს დისკრიმინაციას”, – მიმართა მოსამართლეს “ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტის” იურისტმა, ანზორ ხატიაშვილმა. ეს ორგანიზაცია “თავისუფალ უნივერსიტეტთან” ერთად სასამართლოში 9 რელიგიური ორგანიზაციის ინტერესს იცავს.

მოსარჩელეები არიან: „სახარების რწმენის ეკლესია,“ „ქართველ მუსლიმთა კავშირი“, „ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაცია,“ „მეშვიდე დღის ქრისტიან-ადვენტისტთა ეკლესიის ტრანსკავკასიური უნიონი“, „საქართველოს სიცოცხლის სიტყვის ეკლესია“, „ევანგელურ-ლუთერული ეკლესია“, „მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველო“, „ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია“, „სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმინდა ეკლესიის საქართველოს ეპარქია“.

ამ ორგანიზაციებიდან შვიდს სსიპ სტატუსი აქვს, ორს – ააიპ. ააიპ-ებს სახელმწიფო ქონების მიღება შეუძლიათ, ოღონდ საპატრიარქოსგან განსხვავებით – მხოლოდ სასყიდლით.

მოწმის სახით დაბარებულმა ქონების მართვის სააგენტოს წარმომადგენელმა, ნუგზარ თამაზაშვილმა, დღევანდელ სხდომაზე მოსამართლეებს ასევე უთხრა, რომ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად რეგისტრირებული რელიგიური ორგანიზაციებს სახელმწიფო ქონება საკუთრებაში ვერ გადაეცემათ და პრაქტიკაში მხოლოდ რელიგიური ორგანიზაციებისთვის ქონების სარგებლობაში გადაცემის ფაქტები აქვთ.

“განსხვავებულადაა კერძო სამართლის იურიდიულ პირებზე, მათ შესაძლოა გადაეცეთ არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი საკუთრებაში,” – დასძინა ნუგზარ თამაზაშვილმა.

“რამდენი იყო ასეთი შემთხვევა?”- იკითხა მოსამართლე თემურ ტუღუშმა.

“მე ერთი მახსენდება მხოლოდ,” – უპასუხა მოწმემ მოსამართლეს.

აქვე მოსამართლეებს იურისტმა გიორგი მშვენიერაძემ შეახსენა, რომ რელიგიური ორგანიზაციების დიდი ნაწილი საჯარო სამართლის იურიდიული პირია და ამ ფორმით ისინი სახელმწიფომ დაარეგისტრირა 2011 წელს.

“ამ კუთხით არსებობს ნების ავტონომია,” – თქვა პარლამენტის იურისტმა, ქრისტინე კუპრავამ. მან მხარეს მიანიშნა, რომ ნებისმიერ პირს შეუძლია შექმნას რელიგიური ორგანიზაცია, როგორც ააიპი.

გიორგი მშვენიერაძემ ამ საკითხზე უახლესი ისტორიიდან კონკორდატის გაფორმება გაიხსენა საპატრიარქოსთან, რომლითაც საქართველომ, როგორც სახელმწიფომ, მართლმადიდებელი ეკლესიის უპირატესობა აღიარა.

“სახელმწიფოს მაშინ შეეშინდა ამ საკითხზე დისკუსიის, როცა 2011 წელს სხვა რელიგიურ ორგანიზაციებს სსიპ-ის სტატუსი მიანიჭა… სსიპ-ების ააიპ-ებად გარდაქმნა, ან პირიქით შეუძლებელია.

რელიგიურ ორგანიზაციებს არც სურთ სტატუსის შეცვლა. ეს აჩვენებს, რომ არსებობს მეორეხარისხოვანი დამოკიდებულება მათ მიმართ,” – განმარტა გიორგი მშვენიერაძემ.

“კანონის ეს ჩანაწერი ვინმეს კი არ ართმევს უფლებას, არამედ საპატრიარქოს ანიჭებს შესაძლებლობას…” – მიმართა მოსამართლეებს პარლამენტის იურისტმა, ქრისტინე კუპრავამ.

პარლამენტის არგუმენტით, კანონის სადავო ჩანაწერი არსებითად მიმართება საპატრიარქოსთვის სახელმწიფო ქონების გადაცემას და აზუსტებს, რომ მისთვის ქონების გადაცემა მხოლოდ პირდაპირი მიყიდვის ფორმითაა შესაძლებელი.

“თავიდანვე, საწყის ეტაპზეც ისინი არ იყვნენ განხილული თანაბარ სუბიექტებად…”- დასძინა ქრისტინე კუპრავამ.

კონსტიტუციური შეთანხმება გაახსენა გიორგი მშვენიერაძეს მოსამართლე მანანა კობახიძემაც.

“დისკრიმინაციასთან მაშინ გვაქვს საქმე, როცა ერთნაირია სხვადასხვა ჯგუფი და მათ განსხვავებულად ეპყრობიან… იქნებ დაგვიკონკრეტოთ ეს ამ ასპექტის გათვალისწინებით,” – აღნიშნა მოსამართლე მანანა კობახიძემ.

“კონსტიტუცია გვთავაზობს განსაკუთრებულ როლს ისტორიაში,” – მიმართა მოსამართლეს გიორგი მშვენიერაძემ და ბოლო სიტყვაზე “ისტორია” განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა.

“თქვენ ფიქრობთ, რომ ამ ისტორიას შესაძლოა ჰქონდეს ნეგატიური კონტექსტი კონსტიტუციის სულისკვეთებიდან გამომდინარე?” – განაგრძო დისკუსია მოსამართლე მანანა კობახიძემ.

“ისტორიაში იყო კარგიც და ცუდიც… ცუდი იყო, მაგალითად, როცა ანტონ კათალიკოსმა “ვეფხისტყაოსანი” დაწვა… ამიტომაც, კონსტიტუციამ ნეიტრალური ტერმინი გამოიყენა – “განსაკუთრებული როლი ისტორიაში.” ეს არ ნიშნავს იმას, რომ დღეს მართლმადიდებელი ეკლესია უნდა იყოს უპირატესი,” – უპასუხა მოსამართლეს გიორგი მშვენიერაძემ.

სასამართლო განხილვა გრძელდება.

____

კრწანისის პარკისა და ბობოყვათის რეზიდენციის გაცვლის პროცესი დასრულებულია

რას ცვლის ახალი რეგულაციები ანუ მეთამბაქოების 2000 ლარით დაჯარიმება

ადგილობრივ თამბაქოზე რეგულაციების ამოქმედების შემთხვევაში, გლეხი თამბაქოს ვეღარ გაყიდის და ვალდებული იქნება მხოლოდ მეწარმეს ჩააბაროს. ასეთი მეწარმე კი, რომელსაც აქვს უფლება კანონიერად შეიძინოს თამბაქო, ქვეყნის მასშტაბით მხოლოდ ერთია. ამის მიუხედავად, შემოსავლების სამსახურის თანამშრომლები უკვე მივიდნენ მეთამბაქოებთან და გააფრთხილეს, რომ თუ აქციზის გარეშე ვაჭრობას გააგრძელებენ, თამბაქოსაც ჩამოართმევენ და 2000 ლარითაც დააჯარიმებენ. ახალი რეგულაციებით შეთავაზებული ფასი მეთამბაქოებისთვის გაკოტრების ტოლფასია.

მოვაჭრეები, რომლებიც თამბაქოზე მუშაობენ, აცხადებენ, რომ ადგილობრივი თამბაქოს შესყიდვით ჯერ არავინ დაინტერესებულა. შესაბამისად, ახალი რეგულაციები გლეხს აიძულებს, ამ კულტურის მოყვანაზე უარი თქვას, რადგან უფასოდ მოუწევთ შრომა. არსებობს სხვა გზაც – შავი ბაზარი.

თუ თამბაქოს დღევანდელი მოვაჭრეები რეგულაციებს დაიცავენ, გასაყიდი თამბაქო მომხმარებლისთვის დაახლოებით 150 პროცენტით გაძვირდება. მოვაჭრეების თქმით კი, ამ ფასად თამბაქოს არავინ იყიდის.

„რეგულაციების შემოღება იმისთვის სჭირდებათ, რომ თამბაქოს წარმოება ერთ კომპანიას ჩაუგდონ ხელში. აქციზი რომც გინდოდეს, არ გაძლევენ. რომც მოგვცენ და რეგულაციების მიხედვით ვივაჭროთ, 1 კგ თამბაქო, რომელსაც გლეხისგან, მაგალითად, 40 ლარად ვიბარებ და 60 ლარად ვყიდი, 150 ლარად უნდა გავყიდო – ყველა ხარჯი რომ დავფარო და 20-30 ლარი მაინც დამრჩეს. ისედაც, მთელი დღის განმავლობაში 2, მაქსიმუმ 3 კილოგრამ თუთუნს ვყიდი… თუმცა, ამ ფასად არ მგონია თამბაქო იყიდონ, ამიტომ მომიწევს ვაჭრობას თავი დავანებო. ჩვენი გლეხიც წაგებული რჩება, მას 1 კილოგრამ თამბაქოში 40 ლარს არც ერთი კომპანია არ გადაუხდის“, – ამბობს „ბათუმელებთან“ დავით ქამადაძე, რომელიც ადგილობრივი წარმოების თამბაქოთი ბათუმში ვაჭრობს.

ადგილობრივ თამბაქოსთან მიმართებაში რეგულაციები ჯერჯერობით ქაღალდზე რჩება და მოვაჭრეები თამბაქოს კვლავ აქციზის გადასახადისა და დაფასოების გარეშე ყიდიან.

დაუფასოებელი და უაქციზო თამბაქოს [მათ შორის ადგილობრივის] გაყიდვა კი, საქართველოში 2019 წლის ნოემბრიდან აკრძალულია და ამ მხრივ, საკანონმდებლო დონეზე, დღემდე არაფერი შეცვლილა.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით, გლეხს შეუძლია თამბაქოს მოყვანა, პირველადი დამუშავება, დაჭრა [რაც არ ეთვლება სამეწარმეო საქმიანობად], მაგრამ, ბაზარზე გაყიდვა – არა. დაფასოებისა და აქციზის გადასახადის გარეშე გლეხს უფლება აქვს თამბაქო მიყიდოს მხოლოდ იმ მწარმოებელს, რომელიც შეყვანილია თამბაქოს ნაწარმის მწარმოებელ პირთა ელექტრონულ რეესტრში, რომელსაც შემოსავლების სამსახური აწარმოებს.

2020 წლის 20 თებერვლის მდგომარეობით, აღნიშნულ რეესტრში მხოლოდ ერთი კომპანიაა – შპს „კახაძე თამბაქო კომპანი“, რომელიც თბილისში 2017 წელსაა დაფუძნებული.

კომპანიაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ მათ აქვთ საკუთარი თამბაქოს პლანტაციები [ძირითადად, იმერეთში], თუმცა, თამბაქოს გარკვეული რაოდენობა აჭარიდანაც გააქვთ.

„ჩვენ ადგილზე ჩამოვდივართ აჭარაში და სოფლებში ვყიდულობთ იმ რაოდენობის და ხარისხის ნედლეულს – თამბაქოს, რაც გვჭირდება. აჭარაში 1 კილოგრამ თამბაქოს საშუალოდ 20 ლარად ვყიდულობთ [გააჩნია ხარისხს]. შემდეგ ეს თამბაქო ერევა სხვა თამბაქოს, გადის შესაბამის პროცედურებს, რაც რეგულაციებითაა განსაზღვრული და გაგვაქვს ქსელში სარეალიზაციოდ. ახალმა რეგულაციებმა თამბაქოს ფასი მნიშვნელოვნად გაზარდა. ჩვენ ვცდილობთ დაბალი ფასები შევინარჩუნოთ. ამ რეგულაციების ამოქმედებით ჩვენს მიერ დაფასოებული 50 გრამი თამბაქო 1,5 ლარით გაძვირდა და ქსელში 8,5 ლარად ვაბარებთ“, – გვითხრეს კომპანიაში.

ბათუმში თამბაქოთი მოვაჭრეების თქმით, ადგილობრივი თამბაქოს [ოღონდ დაჭრილის] ჩაბარება, კილოგრამის 15 ლარიდან იწყება და 30-50 ლარამდე ადის; დაპრესილი თამბაქოს ჩაბარების ფასი კი 60 ლარამდეა.

რაც შეეხება გაყიდვას, ადგილობრივ თამბაქოს, რომელიც მოვაჭრემ კილოგრამი 40 ლარად ჩაიბარა, 100 გრამს 5-6 ლარად ყიდის [ანუ, კილოგრამს მაქსიმუმ 60 ლარად].

ბათუმში, თამბაქოთი მოვაჭრეებმა, მორიგი აქცია 18 თებერვალს გამართეს. მათი თქმით, შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა ისინი გააფრთხილა, რომ „თუ არ დააფასოებენ თამბაქოს და აქციზის გადასახადს არ გადაიხდიან, თამბაქოს ჩამოართმევენ და 2 ათასი ლარით დააჯარიმებენ“.

შემოსავლების სამსახურში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ მონიტორინგის სამსახურის თანამშრომლებმა მოვაჭრეები მხოლოდ გააფრთხილეს, რომ მათი საქმიანობა კანონთან შესაბამისობაში მოიყვანონ. ამავე სამსახურის ინფორმაციით, რეესტრში დასარეგისტრირებლად ბათუმში დღემდე არც ერთ მეწარმეს არ მიუმართავს.

მეთამბაქოების თქმით, მათ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე გასულ წელს დაჰპირდა, რომ ადგილობრივ თამბაქოს რეგულაციები არ შეეხებოდა. მეთამბაქოეები ამბობენ, რომ შემოსავლების სამსახურის გაფრთხილებაზე დამორჩილებას არ აპირებენ და ფართომასშტაბიან აქციებს დაიწყებენ.

„დღეს [19 თებერვალს] ჩვეულებრივად ვმუშაობთ… გუშინ მთავრობის სახლთან მივედით და იქ გვითხრეს, გააგრძელეთ მუშაობაო“, – გვითხრა ერთ-ერთმა მოვაჭრემ.

დააყენა თუ არა აჭარის მთავრობამ შუამდგომლობა და რომელ სახელმწიფო უწყებაში, რათა არ შეეხოს რეგულაციები ადგილობრივ თამბაქოს? – ჰკითხა „ბათუმელებმა“ მთავრობას 18 თებერვალს.

„ეს საკითხი ჩვენი პრეროგატივა არ არის, რაც შეეხება შუამავლობას, ამ თემასთან დაკავშირებით ჩამოყალიბდება მთავრობის პასუხი და მოგაწვდით“, – გვითხრეს მთავრობის პრესსამსახურში. მათგან პასუხი ჯერჯერობით არ მიგვიღია.

კანონით, გლეხისგან დაუფასოებელი თამბაქო უაქციზოდ რომ ჩაიბაროს, პირი უნდა იყოს დარეგისტრირებული თამბაქოს ნაწარმის მწარმოებელ პირთა ელექტრონულ რეესტრში. თამბაქოს მიღების შემდეგ კი, მოქმედი რეგულაციით, ამ პირმა თამბაქო უნდა დააფასოოს, აქციზის გადასახადიც გადაიხადოს [გაითვალისწინოს კიდევ სხვა რეგულაციები] და მხოლოდ ამის შემდეგ აქვს გაყიდვის უფლება. მეთამბაქოები სწორედ ამ რეგულაციის გაუქმებას ითხოვენ ადგილობრივ თამბაქოზე.

ადგილობრივ თამბაქოზე ახალი რეგულაციის მოსალოდნელი შედეგები / ია ფრანგიშვილის ინფოგრაფიკა

დაუფასოებელი და მარკირების გარეშე თამბაქოს რეალიზაცია საქართველოში 2019 წლის 21 ნოემბრიდან აიკრძალა.

კანონით, დაფასოების გარეშე თამბაქოს მიწოდება [გაყიდვა] გამოიწვევს საქართველოს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას პირველ ჯერზე – 2000 ლარის, ხოლო განმეორებისას – 4000 ლარის ოდენობით.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 26 ნოემბრის ბრძანებით:

  • თამბაქოს ნაწარმის მწარმოებელ პირთა ელექტრონულ რეესტრში ინფორმაციის ასახვის მიზნით, თამბაქოს ნაწარმის მწარმოებელი განცხადებით შემოსავლების სამსახურს მიმართავს;
  • შემოსავლების სამსახური განცხადების მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში უზრუნველყოფს ამ ინფორმაციის თამბაქოს ნაწარმის მწარმოებელ პირთა ელექტრონულ რეესტრში შეტანას.
  • იმ შემთხვევაში, თუ განცხადება არ აკმაყოფილებს აღნიშნულ მოთხოვნებს, შემოსავლების სამსახური პირს ხარვეზის აღმოსაფხვრელად განუსაზღვრავს გონივრულ ვადას, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 10 კალენდარულ დღეს… თუ აღნიშნულ ვადაში ხარვეზი არ იქნა აღმოფხვრილი, შემოსავლების სამსახური იღებს გადაწყვეტილებას განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.

ამ თემაზე:

მწეველები ფილტრიანი სიგარეტიდან გასახვევ თუთუნზე გადადიან – რატომ არის თუთუნი იაფი 

 

 

თიბისი ბანკმა 2019 წლის ფინანსური შედეგები გამოაქვეყნა

თიბისი ბანკმა 2019 წლის ფინანსური მაჩვენებლები გამოაქვეყნა. დოკუმენტის მიხედვით, 2018 წელთან შედარებით, ბანკის სასესხო პორტფელი 22.1%-ით გაიზარდა, რაც ძირითადად კორპორატიულ, მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესების სეგმენტებში ზრდით არის განპირობებული. 2019 წელს, ანაბრების წლიური ზრდის მაჩვენებელი 7.5% დაფიქსირდა. შედეგად, 2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, თიბისი ბანკის სასესხო პორტფელი ბაზრის 39.5%-ს შეადგენს, დეპოზიტების საბაზრო წილი კი – 39.0%-ს. აღნიშნული მაჩვენებლებით, თიბისი ლიდერი ბანკია საქართველოში.

თიბისი ბანკის კაპიტალი და ლიკვიდურობა კვლავ ინარჩუნებს ძლიერ პოზიციას. 2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, ბანკის  საზედამხედველო CET 1, tier 1 და კაპიტალის ადეკვატურობის საერთო კოეფიციენტები ბაზელ III-ის პრინციპების მიხედვით 12.0%, 14.6% და 19.1% -ია.

თიბისის მიერ 2019 წელს საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისგან მოზიდულმა ფინანსურმა რესურსმა 170,518,796 მლნ დოლარის ექვივალენტი შეადგინა ლარში.

2019 წელი წარმატებული იყო თიბისისთვის საერთაშორისო ექსპანსიის მიმართულებითაც. თიბისიმ უზბეკეთში საბანკო საქმიანობის წინასწარი ლიცენზია მოიპოვა, რაც წინგადადგმული ნაბიჯია ქვეყანაში საბანკო ოპერაციების განხორციელების მიმართულებით. თიბისის სტრატეგიაა უზბეკეთში საცალო, მიკრო, მცირე და საშუალო ზომის ბიზნესმომხმარებლისთვის მომავალი თაობის საბანკო ეკოსისტემის განვითარება. თიბისი საბოლოო ლიცენზიის მოპოვებას და საბანკო ოპერაციების დაწყებას 2020 წლის ზაფხულში გეგმავს. 2019 წლის დეკემბერში თიბისიმ უზბეკეთში განვადების მომსახურებაც შესთავაზა მომხმარებელს. სერვისის მიღება უკვე 15 ლოკაციაზეა შესაძლებელი და 2020 წლის ბოლომდე მათი რაოდენობა 50-მდე გაიზრდება.

პარალელურად, თიბისი აქტიურად ავითარებს გადახდების ბიზნესს. Payme, რომელიც უზბეკეთში გადახდების წამყვანი კომპანიაა, უკვე 1.8 მლნ მომხმარებელს ემსახურება. Payme-ს მოგება 84%-ით გაიზარდა და მისმა შემოსავალმა 8.6 მლნ ლარს მიაღწია.

უზბეკეთში თიბისის საბანკო ეკოსისტემების განვითრებას სამეთვალყურეო საბჭო და მმართველი გუნდი უხელმძღვანელებს. სამეთვალყურეო საბჭოს დავმჯდომარედ თიბისი ბანკის ფინანური დირექტორი, გიორგი შაგიძე დაინიშნა, გენერალურ დირექტორად კი – სანდრო რთველაძე, რომელიც Bayport Financial Service-ში საცალო ბანკინგს ხელმძღვანელობს.

2019 წელს თიბისის მიერ მიღწეული კიდევ ერთი წარმატება პარტნიორული შეთანხმების გაფორმებაა თიბისის ციფრულ ბანკს – სფეისსა და ვიზას შორის, რომელიც მსოფლიო ლიდერია ციფრულ გადახდებში.

თანამშრომლობა მიზნად ისახავს ინოვაციური, მომხმარებელზე ორიენტირებული და უსაფრთხო საბანკო მომსახურებისა და პროდუქტების შექმნას და განვითარებას. გარდა ამისა, სფეისი უახლოეს მომავალში საკუთარი მომსახურების გატანას უკვე გერმანიაში გეგმავს.

გასული წლის განმავლობაში თიბისიმ არაერთი ჯილდო მოიპოვა საერთაშორისო ფინანსური გამოცემებისგან. თიბისის მობაილბანკი საუკეთესოდ დასახელდა მსოფლიოში, თიბისი კი – საუკეთესო ბანკად საქართველოში.

„ჩვენი მისიაა ადამიანებს გავუმარტივოთ ცხოვრება. შესაბამისად, მომხმარებელს ისეთ ციფრულ სერვისებსა და პროდუქტებს ვთავაზობთ, რაც დაზოგავს მათ დროს და ბანკთან ურთიერთობას გაუადვილებს. 2019 წელს ჩვენმა გუნდმა განსაკუთრებული შედეგები აჩვენა თიბისის სტრატეგიული პრიორიტეტების განხორციელების მიმართულებით, მათ შორის მომხმარებელზე ორიენტირებული ეკოსისტემების განვითარების და საერთაშორისო ბაზრებზე გაფართოების მხრივ. 2020 წელს ჩვენ მიერ დასახული ამბიციური გეგმები, მომხმარებლისთვის შეთავაზებული საუკუთესო მომსახურება და მონაცემების ანალიტიკური დამუშავების შესაძლებლობები, მარწმუნებს, რომ მიმდინარე წელსაც განსაკუთრებულ შედეგებს მივაღწევთ“, – განაცხადა თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემ.

რეპორტიორები საზღვრებს გარეშე მთავრობას: პატივი ეცით აჭარის მაუწყებლის დამოუკიდებლობას

საერთაშორისო ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, პატივი სცეს აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობას.

ორგანიზაცია საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოში მიმდინარე პროცესებს 17 თებერვალს გამოეხმაურა ტვიტერზე და გააზიარა ფოტო აჭარის მაუწყებლის სლოგანით – #ვმუშაობთსაზოგადოებისთვის.

„ჟურნალისტები აპროტესტებენ პოლიტიკურ ზეწოლას რეგიონალურ საზოგადოებრივ მაუწყებელზე ბათუმში, შავი ზღვის სანაპიროზე. რეპორტიორები საზღვრებს გარეშე მოუწოდებს ხელისუფლებას, პატივი სცეს აჭარის ტელევიზიის ახალი ამბების ჯგუფის სარედაქციო დამოუკიდებლობას,“ – აღნიშნულია განცხადებაში.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ აჭარის მაუწყებელში მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება. 6 თებერვალს ორგანიზაციამ განცხადება გაავრცელა, რომელშიც აჭარის მაუწყებლის დირექტორის ყოფილი მოადგილის, ნათია ზოიძის აჭარის ტელევიზიიდან წასვლა „პოლიტიკურ ზეწოლად“ შეაფასა.

„რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ შეშფოთებულია საქართველოში პოლიტიკური ზეწოლის ბოლო მაგალითის გამო, რაც ძირს უთხრის ქვეყანაში პოლიტიკურ პლურალიზმს და სიტყვის თავისუფლებას – ამ კვირაში ნათია ზოიძემ თანამდებობა დატოვა, როგორც აჭარის ტელევიზიის დირექტორის მოადგილემ,“ – აღნიშნული იყო ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

რატომ იზრდება პარკინგის გადასახადი ბათუმში – „ავტოტრანსპორტის“ არგუმენტები

„ბათუმის ავტოტრანსპორტმა“ საკრებულოს პარკინგის საფასურის გაზრდის ინიციატივით მიმართა. ცვლილება დარღვევით გაჩერებული ავტომანქანების სპეციალურ ავტოსადგომზე გადატანის საფასურსაც უნდა შეეხოს. რა არგუმენტები აქვს ორგანიზაციას? – ამ საკითხზე „ბათუმის  ავტოტრანსპორტის“ ადმინისტრაციის უფროსს, მარად სანიკიძეს ვკითხეთ.

  • ბატონო მარად, რა არის თქვენი არგუმენტი, როცა პარკირების საფასურის გაზრდას ითხოვთ?

პირველ რიგში, გეტყვით, რომ პარკირების ორგანიზებაზე ბათუმის მუნიციპალიტეტში დადგენილება მიღებულია 2013 წლის 28 თებერვალს და სწორედ ამ დადგენილებით ხორციელდება პარკირების ადმინისტრირება და ორგანიზება ბათუმში. ჩვენი ორგანიზაცია პასუხისმგებელია პარკირების ადგილების მოწყობაზე. ბათუმში 2018-2019 წლებში დაიხაზა დაახლოებით 2000 სადგომი. დაიხაზა კაჩინსკების და შარტავას ქუჩები ორივე მხარეს, პუშკინის ქუჩა თავდადებულის ქუჩის კვეთიდან სოხუმის ქუჩის კვეთამდე. ასევე დაიხაზა ტაბიძის ქუჩის მონაკვეთი სრულად – ჯამში ბათუმს დაემატა 2000 ახალი ადგილი პარკინგისთვის.

  • თქვენ ახლა ჩამოთვალეთ ისეთი ქუჩები, რომლებსაც ისედაც იყენებდნენ მძღოლები უფასოდ, რადგან არ იყო ოფიციალური პარკინგის ადგილი. ამით რამდენად შეიცვლება ვითარება, ის დისკომფორტი, რაც ადამიანებს აქვთ ბათუმში პარკირების გამო?

პირველ რიგში, გეტყვით, რომ პარკირების პრობლემა არ არის დამახასიათებელი მხოლოდ ბათუმის მუნიციპალიტეტისთვის, ყველა განვითარებულ ქვეყანაში, ნებისმიერ სახელმწიფოში, პარკირების პრობლემა პირველ ადგილზე დგას. ძალიან ბევრი ქალაქი დღემდე ვერ ჭრის მაგ საკითხს, ბათუმი არ არის ამ მხრივ გამონაკლისი.

  • თუნდაც ასე იყოს, ეს რას ამსუბუქებს ბათუმელებისთვის?

არაფერს არ ამსუბუქებს, მაგრამ არც იმ არგუმენტს, რასაც თქვენ მეუბნებით, რომ 2013 წელს დადგენილი ფასი უნდა დარჩეს უცვლელი…

  • მე ეს არ მითქვამს ბატონო მარად, მე გკითხეთ რა არგუმენტები გქონდათ, როცა ფასის მომატება გადაწყვიტეთ…

პირველ რიგში, ამ გადაწყვეტილების საფუძველს წარმოადგენს პარკირების წესების ორგანიზების მოწესრიგება. ეს გულისხმობს იმას, რომ ორგანიზაციამ დახაზა დამატებით 2000 ადგილი, ე.წ. ჭაობის დასახლების ქუჩებში, რომლებიც უკვე რეაბილიტებულია. წელს იხაზება ასევე, შესაბამისად, წელს კიდევ გაიზრდება 1500 ადგილით, ამიტომაც მიზანშეწონილად მიგვაჩნია, განხორციელდეს ცვლილება. თუმცა ეს ინიციატივა არ ნიშნავს იმას, რომ აუცილებლად დამტკიცდება საკითხი. ჯერ კიდევ კომისიებმა უნდა განიხილონ, ჩვენ მათგან წინააღმდეგობაც გვქონდა. რა თქმა უნდა, საკრებულო თუ მიიჩნევს მიზანშეწონილად, მაშინ ეს არ გადაწყდება. წერილობითი კორესპონდენცია არ გულისხმობს იმას, რომ ცვლილება აუცილებლად განხორციელდება.

  • საკითხი საკრებულოს შემდეგი სხდომის დღის წესრიგშია უკვე. ეს იმას ნიშნავს, რომ კომისიებიც გაიარა და ბიუროც. როგორც მივხვდი, თქვენი არგუმენტია – მართალია, პარკინგის პრობლემა გვაქვს, პრობლემები ექმნებათ მძღოლებს, რომლებსაც პარკირების საფასური გადახდილი აქვთ, მაგრამ 2000 სადგომით გაიზარდა პარკირების ადგილები და ამიტომაც  უნდა გაძვირდეს გადასახადი. ასეა ეს? უძვირდებათ გადასახადი?

ბათუმი არის ტურისტული ქალაქი – ბევრი გადახდა გვაქვს ჩვენ ერთთვიანი, შვიდდღიანი, ათდღიანი და შესაძლებელი იქნება, რომ განხორციელდეს ცვლილებები.

 

ბათუმში პარკინგის საფასური იზრდება

ჩინეთში 2 118 ადამიანი გარდაიცვალა კორონავირუსით – ბოლო მონაცემები

ჩინეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცნობით, 20 თებერვლის მონაცემებით სულ დადასტურებულია კორონავირუსის  74 576 შემთხვევა/

20 თებერვლის მონაცემებით დაფიქსირებულია სიკვდილის 2 118 და გამოჯანმრთელების 16 155 შემთხვევა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, კორონავირუსის 924 შემთხვევა დადასტურდა ჩინეთის გარეთ, 26 ქვეყანაში.

კორონავირუსები მოიცავს ვირუსთა დიდ ოჯახს, რომლებიც ძირითადად იწვევენ რესპირაციულ დაავადებებს.

დაავადებას ახასიათებს ცხელება, ხველა და სუნთქვის უკმარისობა. ამასთან ერთად, უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში, კორონავირუსების ზოგიერთი წარმომადგენლის მიერ გამოწვეულ იქნა ისეთი დაავადებები, როგორიცაა მძიმე მწვავე რესპირაციული სინდრომი (SARS) და შუა აღმოსავლეთის რესპირაციული სინდრომი (MERS). საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის (NCDC) ინფორმაციით, საქართველოში ჯერ კორონავირუსის არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

ინფიცირებისას გართულებების რისკის ქვეშ ყველაზე მეტად არიან ხანდაზმული და ასევე, სხვადასხვა მძიმე, ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანები.

მკურნალობის დაფინანსება და სოციალური დახმარება – აჭარის ჯანდაცვის 2020 წლის პროგრამები

აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო 2020 წელს 30-ზე მეტ პროგრამას ახორციელებს. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამებისთვის კი, ჯამში, ბიუჯეტში 21 მილიონი ლარია გათვალისწინებული.

ვის შეუძლია ისარგებლოს აღნიშნული პროგრამებით აჭარაში და რას სთავაზობს ბენეფიციარს სამინისტრო ამ პროგრამების ფარგლებში – ნახეთ დეტალური ინფორმაცია:

 

გულის ქირურგიის დამატებითი სამედიცინო მომსახურება

ეს პროგრამა ითვალისწინებს მოსახლეობის  დამატებით კარდიოქირურგიულ მომსახურებაზე ფინანსურ ხელმისაწვდომობას, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით დაფინანსებული კარდიოქირურგიული ოპერაციების თანაგადახდას და გეგმიური გულის ან/და კორონალური არტერიების ანგიოგრაფიის დაფინანსებას სახელმწიფო პროგრამით დამტკიცებული ტარიფის ფარგლებში ქვეპროგრამით განსაზღვრული პროპორციების დაცვით.

დაფინანსების ფორმა პროგრამით გათვალისწინებული მომსახურება დაფინანსდება ფაქტიური ხარჯით, შესრულების წესით გათვალისწინებული პროპორციების დაცვით, არაუმეტეს დაწესებულების მიერ წინასწარ გაცემულ ანგარიშ-ფაქტურაში და სამედიცინო ვაუჩერში მითითებული თანხისა. დარჩენილ თანხას დაფარავს პაციენტი.

არ დაფინანსდება: საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით განსაზღვრული ტარიფის ლიმიტის ღირებულებაზე მეტად მოთხოვნილი თანხა, ასევე არ დაფინანსდებიან პირები, რომელთა წლიური შემოსავალი არის 40 000 ლარი და მეტი, გარდა ასაკით პენსიონერებისასაზღვარგარეთ ჩატარებული სამედიცინო მომსახურება.

 

მოსახლეობის ინდივიდუალური სამედიცინო დახმარება

პროგრამა ითვალისწინებს გარკვეული სოციალური კატეგორიის მოსახლეობის მკურნალობასთან დაკავშირებული იმ ფინანსური რისკებისაგან დაცვას, რომელიც ვერ იფარება მოქმედი სახელმწიფო პროგრამებით.

მოსარგებლეები:

  • პაციენტები სტიქიური მოვლენებისა და კატასტროფების შედეგად გამოწვეული დაზიანებებით;
  • 200 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულის მქონე მოქალაქეები;
  • შშმ პირები;
  • ომის ვეტერანები;
  • ტერიტორიული მთლიანობისათვის ომში მონაწილეები, დაღუპულთა ოჯახის წევრები (დედა, მამა, მეუღლე, შვილები);
  • მრავალშვილიანი (18 წლამდე ასაკის 4 და მეტი შვილი ან/და ნაშვილები) ოჯახის წევრები;
  • ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ავარიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოების მონაწილეები;
  • პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებული პირები;
  • უსახლკაროთა თავშესაფრის კონტინგენტი;
  • უსახლკაროები;
  • მარტოხელა მშობლები და მათი არასრულწლოვანი(18 წლამდე) შვილები;
  • ტრეფიკინგისა და ძალადობის მსხვერპლი პირები;
  • პაციენტები, რომლებსაც ამ დროისთვის არა აქვთ მინიჭებული 200 000-მდე სარეიტინგო ქულა, მაგრამ მათი მატერიალური მდგომარეობა არ იძლევა საშუალებას, დააფინანსოს აუცილებელი სამედიცინო მომსახურება, რაც დასტურდება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებიდან  წარმოდგენილი შუამდგომლობით.

დაფინანსების ფორმა პროგრამით გათვალისწინებული მომსახურება დაფინანსდება ფაქტიური ხარჯით, შესრულების წესით გათვალსიწინებული პროპორციების დაცვით, არაუმეტეს დაწესებულების მიერ წინასწარ გაცემულ ანგარიშ-ფაქტურაში და სამედიცინო ვაუჩერში მითითებული თანხისა. დარჩენილ თანხას დაფარავს პაციენტი.

 

  • ღვიძლისა და ძვლის ტვინის  ტრანსპლანტაციის დაფინანსება:

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არანაკლებ ერთი წლის განმავლობაში  რეგისტრირებულ საქართველოს მოქალაქეებს ქვეპროგრამით დაუფინანსდებათ ღვიძლისა და ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია (საქართველოს სამკურნალო პროფილაქტიკურ დაწესებულებებში).

ღვიძლის ტრანპლანტაცია ქ. ბათუმში რეგისტრირებულ პაციენტებს დაუფინანსდებათ 70 000 ლარით. ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სხვა მუნიციპალიტეტებში რეგისტრირებულ პაციენტებს  – 100 000 ლარით.

 

  • ონკოჰემატოლოგიური დაავადების მქონე პაციენტებს ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია დაუფინანსდებათ:
  • ძვლის ტვინის აუტოლოგიური ტრანსპლანტაცია ქ. ბათუმში რეგისტრირებულ პაციენტებს დაუფინანსდებათ 80 000 ლარით. ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სხვა მუნიციპალიტეტებში რეგისტრირებულ პაციენტებს – 100 000 ლარით.
  • ძვლის ტვინის ალოგენური ტრანსპლანტაცია ქ.ბათუმში რეგისტრირებულ პაციენტებს დაუფინანსდებათ 130 000 ლარით. ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სხვა მუნიციპალიტეტებში რეგისტრირებულ პაციენტებს – 150 000 ლარით;
  • განსხვავებას ღირებულებასა და სამინისტროს მიერ დასაფინანსებელ თანხას შორის ფარავს პაციენტი.

 

  • გაფანტული სკლეროზის მკურნალობის დაფინანსება მაღალეფექტური მედიკამენტით

გაფანტული სკლეროზით დაავადებულ პაციენტებს დადასტურებული დიაგნოზით, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან აჭარის ა.რ. ტერიტორიაზე არანაკლებ ერთი წლის განმავლობაში დაუფინანსდებათ გაფანტული სკლეროზის მკურნალობისათვის საჭირო მაღალეფექტური მედიკამენტების მკურნალობის კურსის ღირებულება.

 

  • რევმატოიდული ართრიტის მძიმე ფორმით დაავადებული პაციენტების მკურნალობის დაფინანსება ძვირადღირებული ბიოლოგიური მედიკამენტებით

რევმატოიდული ართრიტის მძიმე ფორმით დაავადებულ  პაციენტებს, რომლებიც  რეგისტრირებულნი არიან აჭარის  ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არანაკლებ ერთი წლის განმავლობაში დაუფინანსდებათ რევმატოიდული ართრიტის მკურნალობისათვის საჭირო ძვირადღირებული, ბიოლოგიური მედიკამენტების მკურნალობის კურსის ღირებულება.

 

სახსრების ენდოპროთეზირება

პროგრამა ითვალისწინებს სახსრების ენდოპროთეზირების დაფინანსებას.

დაფინანსების ფორმა პროგრამით გათვალისწინებული მომსახურება დაფინანსდება ფაქტიური ხარჯით, შესრულების წესით გათვალისწინებული პროპორციების დაცვით, არაუმეტეს დაწესებულების მიერ წინასწარ გაცემულ ანგარიშ-ფაქტურაში და სამედიცინო ვაუჩერში მითითებული თანხისა. დარჩენილ თანხას დაფარავს პაციენტი.

 

ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებულ პაციენტთა დამატებითი სამედიცინო  მომსახურება

პროგრამა ითვალისწინებს ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებულ პაციენტთათვის დამატებითი სამედიცინო მომსახურების (სამედიცინო მომსახურება, რომელიც არ ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული სამედიცინო პროგრამებით) დაფინანსებას. ასევე დაფინანსდება საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის გეგმიური სტაციონარული მომსახურების, ქიმიოთერაპიული და სხივურითერაპიული სამედიცინო მომსახურების თანაგადახდა სახელმწიფო პროგრამით დაფინანსებული ტარიფის ფარგლებში.

დაფინანსების ფორმა პროგრამით გათვალისწინებული მომსახურება დაფინანსდება ფაქტიური ხარჯით, შესრულების წესით გათვალისწინებული პროპორციების დაცვით.

  • სამედიცინო მომსახურება ტარგენტული, იმუნოთერაპიული და ბისფოსფონატების ჯგუფის მედიკამენტებით დაფინანსდება სამკურნალო დაწესებულებიდან ან სააფთიაქო კომპანიებიდან წარმოდგენილი ანგარიშ-ფაქტურის მიხედვით ქვეპროგრამით გათვალისწინებული პროპორციების დაცვით. ერთ მომართვაზე არაუმეტეს 5000 ლარისა, წლიური ლიმიტი  შეადგენს 15 000 ლარს.
  • ადრეული ძუძუს აგრესიული HER-2 რეცეპტორდადებითი დიაგნოზის მქონე პირების მედიკამენტ ტრასტუზუმაბით (ჰერცეპტინით) მკურნალობა დაფინანსდება   სამკურნალო დაწესებულებიდან ან სააფთიაქო კომპანიების  მიერ გაცემული ანგარიშ-ფაქტურის მიხედვით სრულად თანაგადახდის გარეშე (1 პაციენტზე არაუმეტეს – 12 ციკლისა).
  • პაციენტებს საჭიროებიდან გამომდინარე ძუძუს აგრესიული HER-2 რეცეპტორდადებითი მეტასტაზური ძუძუს კიბოს დიაგნოზის შემთხვევაში დაუფინანსდებათ მედიკამენტ პერტუზუმაბის ან ლაპატინიბის მკურნალობის კურსის ღირებულება ტრასტუზუმაბთან (ჰერცეპტინი) ერთად (1 პაციენტზე-8 ციკლი), წლის განმავლობაში 10 პაციენტი.
  • პაციენტებს საჭიროებიდან გამომდინარე ჰორმონდამოკიდებული HER-2-  მეტასტაზური ძუძუს კიბოს დიაგნოზის შემთხვევაში დაუფინანსდებათ სრულად, თანაგადახდის გარეშე მედიკამენტ ევეროლიმუსის (აფინიტორი) მკურნალობის კურსის ღირებულება (ერთ პაციენტზე 8 ციკლი). წლის განმავლობაში არაუმეტეს 7 პაციენტი.

 

მოსახლეობის საზღვარგარეთ მკურნალობის თანადაფინანსება

პროგრამა ითვალისწინებს იმ პაციენტების საზღვარგარეთ მკურნალობის თანადაფინანსებას, რომლებიც ნაწილობრივ დაფინანსებულია საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროგრამით “მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების მიწოდება პრიორიტეტულ სფეროებში”.

მოსარგებლეები: სხვადასხვა დაავადების მქონე პირები,  რომელთა   აუცილებელი სამედიცინო მომსახურება ვერ ხერხდება საქართველოს სამკურნალო დაწესებულებებში (სპეციალისტი/ექსპერტის დასკვნის შესაბამისად).

დაფინანსების ფორმა ბენეფიციარებს პროგრამის ფარგლებში დაუფინანსდებათ თანაგადახდა (წარმოდგენილი ანგარიშ-ფაქტურდან დარჩენილი თანხა) 70 %-ით, მაგრამ არაუმეტეს  25 000 ლარისა.

საჭიროების შემთხვევაში პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება ასევე ონკოჰემატოლოგიური დაავადების მქონე 18 წლამდე ასკის პაციენტისათვის ძვლის ტვინის ღეროვანი უჯრედების გადანერგვა:

  • ძვლის ტვინის აუტოლოგიური ტრანსპლანტაცია – არაუმეტეს 100  000 ლარით;
  • ძვლის ტვინის ალოგენური ტრანსპლანტაცია – არაუმეტეს 180 000 ლარით;
  • ძვლის ტვინის ჰაპლოიდენტური ტრანსპლანტაცია – არაუმეტეს 210 000 ლარით;

 

ზოგიერთი სოციალური კატეგორიის მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსება

პროგრამა ითვალისწინებს, ზოგიერთი სოციალური კატეგორიის მოსახლეობისათვის საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით სამედიცინო მომსახურების თანაგადახდის დაფინანსებას სახელმწიფო პროგრამით დამტკიცებული ტარიფის ფარგლებში.

მოსარგებლეები:

  • შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე პირები – მოქალაქეები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ 100 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულით;
  • ასაკით პენსიონერები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ 200 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულით;
  • 0-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვები, რომელთა ოჯახები რეგისტრირებულნი არიან „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ 200 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულით;
  • უსახლკაროთა თავშესაფრის კონტინგენტი;
  • უსახლკაროები.

დაფინანსების ფორმა: საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით გეგმიური სტაციონარული სამედიცინო მომსახურების თანაგადახდის დაფარვა სახელმწიფო პროგრამით დამტკიცებული ტარიფის ფარგლებში.

პროგრამის ფარგლებში ასევე დაფინანსდება: ძვირადღირებული [რომელთა ღირებულება სახელმწიფო პროგრამით დამტკიცებული ტარიფით აღემატება 15000 ლარს] ქირურგიული ოპერაციული მკურნალობის თანაგადახდა არაუმეტეს 20 000 ლარისა.

 

ამბულატორიული მაღალტექნოლოგიური დიაგნოსტიკური კვლევა

ეს პროგრამა ითვალისწინებს მაღალტექნოლოგიური დიაგნოსტიკური კვლევების დაფინანსებას.

მოსარგებლეები:

  • 200 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულის მქონე პირები;
  • შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირები, ომის ვეტერანები, ტერიტორიული მთლიანობისათვის ომში მონაწილეები, დაღუპულთა ოჯახის წევრები (დედა, მამა, მეუღლე, შვილები), მრავალშვილიანი (18 წლამდე ასაკის 4 და მეტი შვილი ან/და ნაშვილები) ოჯახის წევრები, პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებული პირები, უსახლკაროთა თავშესაფრის კონტინგენტი, უსახლკაროები, მარტოხელა მშობელი და მისი არასრულწლოვანი შვილები, ტრეფიკინგის და ძალადობის მსხვერპლი პირები.

დაფინანსების ფორმა: დაფინანსება განხორციელდება პროგრამის შესრულების წესით გათვალსიწინებული პროპორციების დაცვით, სამედიცინო დაწესებულებიდან წარმოდგენილი ანგარიშფაქტურის მიხედვით, არაუმეტეს პროგრამაში გათვალისწინებული მაღალტექნოლოგიური დიაგნოსტიკური კვლევის ღირებულებისა.

 

მოზრდილი მოსახლეობის სამედიცინო რეაბილიტაცია

პროგრამა ითვალისწინებს, მოზრდილი მოსახლეობისათვის [18 წლის ზემოთ] ნებისმიერი ორგანული სისტემის დაავადებით ან დაზიანებით განპირობებული უუნარობის ფუნქციის აღდგენას და შესაბამისად ცხოვრების ხარისხის ამაღლებას.

მოსარგებლეები:

  • სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახების წევრები, რომლებსაც მინიჭებული აქვთ 100 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულა;
  • შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირები – ომის ვეტერანები.

დაფინანსების ფორმა: ბენეფიციარს მომართვის თარიღის გათვალისწინებით დაუფინანსდება ინდივიდუალური [არანაკლებ 15-დღიანი მომსახურება] კურსის ღირებულება საშუალოდ 4 თვეში ერთხელ. ვაუჩერით დასაფინანსებელი თანხა განისაზღვრება წარმოდგენილი ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე, არაუმეტეს 600 ლარის ოდენობით. ღირებულების დანარჩენ ნაწილს დაფარავს პაციენტი.

 

სოფლის სამედიცინო პერსონალის სოციალური უზრუნველყოფა

აღნიშნული პროგრამა ითვალისწინებს:

  • მაღალმთიანი მუნიციპალიტეტების [ქედა, შუახევი, ხულო] სოფლის ექიმებისთვის ხელფასზე დანამატის დანიშვნას – 300 ლარის ოდენობით, სოფლის ექთნებისთვის – 150 ლარის ოდენობით;
  • ხელვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტების სოფლის ექიმებისთვის ხელფასზე დანამატის დანიშვნას – 150 ლარის ოდენობით, სოფლის ექთნებისთვის – 100 ლარის ოდენობით.

 

ძვალ-სახსროვანი სისტემის დეფორმაციის მქონე ბავშვთა რეაბილიტაცია

პროგრამა ითვალისწინებს ძვალ-სახსროვანი სისტემის დეფორმაციის მქონე 18 წლამდე ასაკის მოზარდებისათვის რეაბილიტაციის კურსების მიწოდებას.

მოსარგებლეები:

  • ძვალ-სახსროვანი სისტემის დეფორმაციის მქონე 18 წლამდე ასაკის ბავშვები, რომელთა ოჯახები რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 200 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულით;
  • შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვები;
  • ბავშვები, რომლებიც იმყოფებიან სახელმწიფო მზრუნველობაში.

პროგრამა მოიცავს სამკურნალო ფიზკულტურას, მასაჟს, ელექტროფორეზს, ექიმ-სპეციალისტის კონსულტაციას.

დაფინანსების ფორმა: მომსახურება ანაზღაურდება სრულად, არაუმეტეს პროგრამით გათვალისწინებული ტარიფისა (178 ლარი). წლის განმავლობაში ერთ ბენეფიციარს დაუფინანსდება რეაბილიტაციის არაუმეტეს 2 კურსი, 1 კურსი – არანაკლებ 30 სარეაბილიტაციო ღონისძიებისა.

 

ბავშვთა ფსიქოსომატური აბილიტაცია/რეაბილიტაცია

პროგრამა ითვალისწინებს განსაზღვრული დიაგნოზის მქონე ბავშვთა სამედიცინო მეთვალყურეობას, ფიზიკური თერაპიას, მეტყველების თერაპიას, ბავშვისა და მშობლის ფსიქოლოგიურ დახმარებას.

მოსარგებლეები:

  • ბავშვთა ცერებრალური დამბლის, კუნთების პირველადი დაზიანების, ცენტრალური ნერვული სისტემის ანთებითი და სისხლძარღვოვანი დაავადებების ნარჩენი მოვლენების, ეპილეფსიის, სპინური კუნთოვანი ატროფიისა და მასთან დაკავშირებული სინდრომების, კუნთოვანი დისტროფიის, თანდაყოლილი მიოპათიების, კუნთების სხვა (მათ შორის დაუზუსტებელი) დაზიანების, ჰემიპლეგიის, პარაპლეგიის და ტეტრაპლეგიის მქონე 3 წლისა და მეტი (18 წლამდე) ასაკის შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვები, აგრეთვე, ამ მდგომარეობების მქონე 3 წლამდე ასაკის ბავშვები.

პროგრამა მოიცავს თერაპიულ ინტერვენციას, რომელიც ითვალისწინებს ფიზიკური თერაპიის, ოკუპაციური თერაპიის, მეტყველებისა და ენის თერაპიის, ფსიქოლოგიური კორექციის, ქცევითი თერაპიის სეანსებს; ექიმის მეთვალყურეობას; ბავშვის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის ფსიქოლოგიური დახმარებას.

დაფინანსების ფორმა: გაწეული მომსახურება (1 კურსი – არანაკლებ 10 დღისა და ჯამში არანაკლებ 22 ღონისძიებისა) ბენეფიციარებს დაუფინანსდებათ მომსახურების ღირებულების 100%-ით, მაგრამ არაუმეტეს პროგრამით განსაზღვრული ტარიფისა – 1 კურსის ღირებულება 330 ლარის ოდენობით (წელიწადში ერთ ბენეფიციარს დაუფინანსდება არაუმეტეს 8 სარეაბილიტაციო კურსი, პროგრამაში ჩართვის პერიოდის გათვალისწინებით).

 

შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვთა სოციალური ადაპტაცია

პროგრამა ითვალისწინებს, აჭარის ა/რ მუნიციპალიტეტებში მცხოვრები შშ სტატუსის მქონე 18 წლამდე ასაკის ბავშვების სამედიცინო მეთვალყურეობას, მათ საჭიროებებზე მორგებულ სწავლებას, ფსიქოლოგიურ დახმარებას, სადღეღამისო მომსახურებას კვებით, სოციალური უნარ-ჩვევების სწავლებას სადღეღამისო ცენტრში.

შშ მქონე ბავშვებისათვის ოჯახურთან მიახლოებული გარემოს შექმნის მიზნით ბავშვის ჩართვა ქვეპროგრამაში განხორციელდება მშობელთან ან ოჯახის სრულწლოვან წევრთან ერთად.

დაფინანსების ფორმა: წლის განმავლობაში 1 ბენეფიციარს დაუფინანსდება რეაბილიტაციის არაუმეტეს 2 კურსი, კურსი მოიცავს 15 დღეს, ბენეფიციარის მომსახურება დაფინანსდება დღეში – 20 ლარით, ხოლო თანმხლები პირის (მშობელი ან ოჯახის სრულწლოვანი წევრი) დღეში – 10 ლარით.

 

ბავშვთა ადრეული განვითარება

პროგრამა ითვალისწინებს, განსაზღვრული დიაგნოზის მქონე იდენტიფიცირებული ბავშვების კოგნიტური, სოციალური, მოტორული, შემეცნებითი, კომუნიკაციური და თვითმოვლითი უნარების განვითარებას, მულტიდისციპლინური ჯგუფის მიერ (ადრეული განვითარების სპეციალისტი, ლოგოპედი, ფსიქოლოგი, სპეციალური პედაგოგი) მომსახურების გაწევას (თვეში არანაკლებ 8 შეხვედრისა).

ამასთან 3 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის მხოლოდ ინდივიდუალურ მომსახურებას, 3 წლის ასაკის ზემოთ ჯგუფურ მომსახურებასა (არანაკლებ თვეში 4 შეხვედრისა).

მოსარგებლეები:

  • 0-დან 7 წლამდე ასაკის ბავშვები, რომლებსაც აქვთ განვითარების ეტაპების დაყოვნება, შეზღუდული შესაძლებლობა ან ამ მხრივ რისკი, რაც დადასტურებულია პროგრამით გათვალისიწინებული IჩD-10-დიაგნოზებით (მათ შორის: დაუნის სინდრომი, ცერებრული დამბლა, განვითარების ზოგადი აშლილობა, მეტყველების განვითარების აშლილობა, გონებრივი ჩამორჩენილობა).

დაფინანსების ფორმა: ბენეფიციარისათვის გაწეული მომსახურება ანაზღაურდება ღირებულების 100%-ით, არაუმეტეს პროგრამით განსაზღვრული ტარიფისა – ერთი კურსის ღირებულება 152 ლარის ოდენობით, პროგრამაში ჩართვის თვიდან ყოველ თვე საბიუჯეტო წლის ბოლომდე, არაუმეტეს ბავშვის 7 წლის ასაკის მიღწევის თვის ჩათვლით.

 

აუტიზმის სპექტრის დარღვევების მქონე ბავშვთა რეაბილიტაცია

პროგრამა ითვალისწინებს, აუტიზმის სპექტრის დარღვევების მქონე 2-დან 18 წლამდე ასაკის ჩათვლით ბავშვების განვითარების დარღვევების იდენტიფიცირებას და ადაპტაციური ფუნქციონირების დონის შეფასებას.

ბავშვის სოციალური, მოტორული, შემეცნებითი, კომუნიკაციური, თვითმოვლისა და დამოუკიდებლად ფუნქციონირების უნარების ჩამოყალიბების ხელშეწყობას, მულტიდისციპლინური ჯგუფის (ფსიქოლოგი, ფსიქიატრი, ნევროლოგი, ლოგოპედი, სპეციალური პედაგოგი, ქცევითი თერაპევტი და სხვა) მიერ ინდივიდუალური განვითარების წლიური გეგმის შესაბამისად. მომსახურება მოიცავს 12 კურსს (1 კურსი-15 სეანსი, მათ შორის გამოყენებითი ქცევითი ანალიზის თერაპიის მინიმალური რაოდენობა-12 სეანსი).

მოსარგებლეები:

  • დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკატორის (ICD-10) განვითარების ზოგადი აშლილობების (F84.0- F84.9) ჯგუფის დიაგნოზის მქონე ბავშვები.

დაფინანსების ფორმა: ბენეფიციარს გაწეული მომსახურება დაუფინანსდება ღირებულების 100%-ით, არაუმეტეს პროგრამით განსაზღვრული ტარიფისა – 1 კურსის ღირებულება 300 ლარის ოდენობით, პროგრამაში ჩართვის თვიდან ყოველთვე საბიუჯეტო წლის ბოლომდე.

 

სმენაპროთეზირებულ ბავშვთა აბილიტაცია/რეაბილიტაცია

პროგრამა ითვალისწინებს, სმენაპროთეზირებულ ბავშვთა სარეაბილიტაციო ღონისძიებებით უზრუნველყოფას. წლის განმავლობაში დაფინანსდება 2 კურსი (კურსი მოიცავს მეტყველების თერაპიის 10 ვიზიტს, მათ შორის 5 ინდივიდუალურ და 5 ჯგუფურ მეცადინეობას, მუსიკათერაპიის 4 ვიზიტს).

მოსარგებლეები:

  • 10 წლის ასაკამდე სხვადასხვა ხარისხის სმენადაქვეითებული სმენაპროთეზირებული (სმენის აპარატი, კოხლეარული იმპლანტი) ბავშვები.

დაფინანსების ფორმა: გაწეული მომსახურება ანაზღაურდება ღირებულების 100%-ით, არაუმეტეს პროგრამით განსაზღვრული ტარიფისა – ერთი კურსი 310 ლარის ოდენობით.

 

დედათა და ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფა

პროგრამა ითვალისწინებს ბენეფიციარების დროებითი, 24-საათიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფას სამჯერადი კვებით, მომარაგებას ტანისამოსითა და პირადი ჰიგიენის ნივთებით, ფსიქოლოგიურ დახმარებას, დასაქმებაში, პროფესიული და არაფორმალური განათლების მიღებაში ხელშეწყობას.

მოსარგებლეები:

  • სხვადასხვა პრობლემების თანადგომის ქსელის არმქონე დედები 10 წლამდე ასაკის ბავშვით (ბავშვებით) ან ორსული ქალები (26 კვირის და მეტი ვადის ორსულობა).

დაფინანსების ფორმა: მომსახურება დაფინანსდება დღეში 17 ლარით. პროგრამაში ჩართვა ხორციელდება შესაბამისი უფლებამოსილების მქონე სოციალური მუშაკის დასკვნის საფუძველზე.

 

ფსიქიკური პრობლემების მქონე გერიატრიული პაციენტების თავშესაფრით უზრუნველყოფა

პროგრამა ითვალისწინებს ბენეფიციარების დროებითი, 24-საათიანი თავშესაფრით უზრუნველყოფას სამჯერადი კვებითა და პირადი ჰიგიენის ნივთებით. გათვალისწინებულია პაციენტის ფსიქიკური მდგომარეობის შეფასება, ასევე, ფსიქოტროპული და საჭიროებისამებრ, თანმხლები სომატური დაავადებების მედიკამენტებით მკურნალობა.

პაციენტებს რეაბილიტაცია ჩაუტარდება მულტიდისციპლინარული მეთოდით ინდივიდუალური მართვის გეგმის შესაბამისად, სხვა სომატური გართულების შემთხვევაში გათვალისწინებულია სამედიცინო მომსახურების ორგანიზება.

მოსარგებლეები:

  • დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკატორის (IჩD-10) ორგანული ბუნების აშლილობანი, სიმპტომატურ აშლილობათა ჩათვლით (F00- F009) ჯგუფის დიაგნოზის მქონე ხანდაზმული (ქალები – 60 წლიდან, მამაკაცები – 65 წლიდან) პირები, რომელთა მართვა სახლის პირობებში შეუძლებელია და ამავე დროს ვერ აკმაყოფილებენ სტაციონარული მომსახურების პირობებს.

დაფინანსების ფორმა: მომსახურება დაფინანსდება დღეში 25 ლარით. პროგრამაში ჩართვა ხორციელდება შესაბამისი სპეციალისტების დასკვნის საფუძველზე.

 

ფსიქიკური აშლილობის მქონე შშმ პირთა საცხოვრისით უზრუნველყოფა

არაუმეტეს 24 ბენეფიციარზე გათვლილი, შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე ადამიანური რესურსებით დაკომპლექტებული საცხოვრისი, მომსახურებას განახორციელებს 24 საათის განმავლობაში: სამჯერადი კვება, ბენეფიციარების უზრუნველყოფა პირადი ჰიგიენის ნივთებით, ბენეფიციარის საჭიროებებისა და ინტერესების შესაბამისად აღჭურვილი ფიზიკური გარემო, სხვადასხვა აქტივობების და გასართობი თუ სხვა ღონისძიებების მიწოდება. პაციენტებს ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია ჩაუტარდებათ მულტიდისციპლინარული გუნდის მიერ შედგენილი ინდივიდუალური ზრუნვის გეგმის შესაბამისად.

მოსარგებლეები:

  • 18 წლისა და მეტი ასაკის პირი, რომელსაც ფსიქიკური აშლილობის გამო დადგენილი აქვს შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი, არ აღენიშნება სოციალური და დამოუკიდებლი ცხოვრებისათვის საჭირო უნარ-ჩვევების დეფიციტი და არ აქვს შესაბამისი მხარდამჭერი გარემო;

დაფინანსების ფორმა: მომსახურება დაფინანსდება დღეში 35 ლარით. პროგრამაში ჩართვა ხორციელდება შესაბამისი სპეციალისტების დასკვნის საფუძველზე.

 

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და ხანდაზმულ პირთა გადაადგილების საშუალებებით უზრუნველყოფა

პროგრამა ითვალისწინებს გადაადგილების პრობლემის მქონე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა (მათ შორის ბავშვები) და ხანდაზმულთა, ხოლო ელექტრო სავარძელ-ეტლის საჭიროების შემთხვევაში – 6 წლისა და უფროსი ასაკის შშ სტატუსის მქონე ბავშვები/პირების სავარძელ-ეტლებით უზრუნველყოფას.

მოსარგებლეები:

  • შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, მათ შორის ბავშვები;
  • მოქალაქეები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან მონაცემთა ბაზაში 0-დან 200 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულით;
  • ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანები;
  • პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებული პირები;
  • თავშესაფარის კონტიგენტი.

დაფინანსების ფორმა: მომსახურება დაფინანსდება სრულად, არაუმეტეს პროგრამით გათვალისწინებული ტარიფისა: ელექტრო სავარძელ-ეტლი – 3580 ლარით; მექანიკური სავარძელ-ეტლი შშმ პირებისათვის – 550 ლარით, სხვა ბენეფიციარებისათვის – 300 ლარით.

 

სმენადაქვეითებულ მოქალაქეთა სმენის აპარატებით უზრუნველყოფა

პროგრამა ითვალისწინებს, სმენადაქვეითებული პირების ციფრული სმენის აპარატებით უზრუნველყოფას.

მოსარგებლეები:

  • III-IV ხარისხის სმენადაქვეითებული მოქალაქეები;
  • 18 წლამდე ასაკის ნებისმიერი ხარისხის სმენადაქვეითების მქონე ბავშვები.

დაფინანსების ფორმა: მომსახურება დაფინანსდება სრულად, არაუმეტეს პროგრამით გათვალისწინებული ტარიფისა: შშ სტატუსის მქონე 18 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის (სამედიცინო სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტის საფუძველზე) არაუმეტეს 1400 ლარისა, სხვა ბენეფიციართათვის – 263 ლარით.

 

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და ხანდაზმულ პირთა სხვა დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფა

პროგრამა ითვალისწინებს, სხვადასხვა საჭიროების მქონე პირების, მათ შორის იძულებითი წოლითი რეჟიმის მქონე ხანგრძლივად მოავადე პაციენტების უზრუნველყოფას დამხმარე/მოვლის საშუალებებით (ფუნქციური საწოლი, ჟანგბადის კონცენტრატორი, ასპირატორი, ნაწოლების საწინააღმდეგო ლეიბი, შშმ პირთათვის განკუთვნილი ამწე, კოხლეარული იმპლანტის პროცესორი, ხმის წარმომქმნელი აპარატი).

მოსარგებლეები:

  • შშ მქონე პირები, მათ შორის ბავშვები;
  • მოქალაქეები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან მონაცემთა ბაზაში 0-დან 200000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულით;
  • ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანები;
  • პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლი პირები;
  • თავშესაფარის კონტიგენტი.

დაფინანსების ფორმა: მიწოდებული საქონლის (მომსახურების) ღირებულება დაფინანსდება სრულად ფაქტობრივი ღირებულების შესაბამისად, არაუმეტეს პროგრამით გათვალისწინებული ლიმიტისა.

 

100 წელს გადაცილებული მოქალაქეების ერთჯერადი დახმარება

მატერიალური დახმარება 1000 ლარის ოდენობით გადაეცემა 100 წლის ასაკის და 100 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს.
დაფინანსების ფორმა: თანხის ჩარიცხვა განხორციელდება ბენეფიციარის საბანკო ანგარიშზე.

 

 ახალშობილი ტყუპების ოჯახების ერთჯერადი მატერიალური დახმარება

პროგრამის ფარგლებში ერთჯერადი მატერიალური დახმარება გაიცემა იმ ოჯახებზე, სადაც დაიბადება ორი ან ორზე მეტი ტყუპი.
დაფინანსების ფორმა: თანხა ტყუპისცალზე შეადგენს 1000 ლარს, ჩარიცხვა განხორციელდება მშობლის საბანკო ანგარიშზე.

 

2008 წლის რუსული აგრესიის დროს დაღუპულ, დაზიანების შედეგად შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე მეომართა და 2012 წელს ავღანეთში დაღუპულ სამხედრო მოსამსახურეთა ოჯახების დახმარება

პროგრამა ითვალისწინებს 2008 წლის აგვისტოს თვეში განვითარებული საომარი მოქმედებების შედეგად დაღუპული, აჭარის ა/რ ტერიტორიაზე რეგისტრირებული, 20 სამხედრო მოსამსახურის, მიღებული დაზიანებების შედეგად შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე 4 მეომრის, ასევე, 2012 წელს ავღანეთში საერთაშორისო სამხედრო ოპერაციის შესრულების დროს დაღუპული 3 მეომრის ოჯახზე მატერიალური დახმარების გაწევას.
დაფინანსების ფორმა: დედისა და ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მატერიალური დახმარება გაეწევა დაღუპული მეომრების დედებსა და მეუღლეებს, თითოეულს 1000 ლარის ოდენობით, სულ 29 ბენეფიციარს.
აგვისტოს თვეში ერთჯერადი მატერიალური დახმარება გაეწევა 27 მეომრის ოჯახს – თითოეულს 3000 ლარის ოდენობით.

 

მზრუნველობამოკლებულ პირთა რეინტეგრაციის ხელშეწყობა

პროგრამა ითვალისწინებს მზრუნველობამოკლებულ (სახელმწიფო მზრუნველობის შეწყვეტის შემდეგ) პირთა მატერიალური მხარდაჭერას, დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის მომზადების ხელშეწყობას, საზოგადოებაში სრულ რეინტეგრაციას.
მოსარგებლეები: 18-დან 25 წლამდე ასაკის პირები, რომლებიც აღარ იმყოფებიან სახელმწიფო ზრუნვაში, არ ჰყავთ თანადგომის ქსელი და ვერ ხერხდება მათი ბიოლოგიურ ოჯახში რეინტეგრაცია.
დაფინანსების ფორმა: თანხის ჩარიცხვა განხორციელდება ბენეფიციარის/ საბანკო ანგარიშზე.

 

ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფა

პროგრამა ითვალისწინებს, ეკომიგრანტთა უზრუნველყოფას უსაფრთხო საცხოვრისით. გათვალისწინებულია ბენეფიციარის დაფინანსება, მის მიერ შერჩეული საცხოვრებელი ფართის შესყიდვისათვის, არაუმეტეს 25 000 ლარისა.
მოსარგებლეები: ეკომიგრანტთა მონაცემთა მუდმივად განახლებად ერთიანი ელექტრონულ ბაზაში დარეგისტრირებული ეკომიგრანტები, რომელთაც მინიჭებული აქვთ პრიორიტეტულობის ქულა.
დაფინანსების ფორმა:

  • საცხოვრებელი ფართის ღირებულების ანაზღაურდება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორებით, გამყიდველის მიერ წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე, უძრავი ქონების ნასყიდობის თაობაზე, ხელშეკრულებაში ასახული ქონების ღირებულების შესაბამისად, მაგრამ არაუმეტეს პროგრამით გათვალისწინებული თანხისა.
  • იმ შემთხვევაში, თუ საცხოვრებელი ფართის გასაყიდი ღირებულება აღემატება პროგრამით განსაზღვრულ თანხას, სურვილისა და შეთანხმების შემთხვევაში, ბენეფიციარი ფართის შეძენის მიზნით თავად დაფარავს დარჩენილ სხვაობას.

პროგრამაში ჩართვისათვის ბენეფიციარმა უნდა მიმართოს შესაბამის თვითმმართველ ერთეულს, დაზიანებული საცხოვრებელი ფართის მდებარეობის მიხედვით.
შენიშვნა:

  • ბენეფიციარი 2010 წლის 1 იანვრიდან უწყვეტად უნდა იყოს რეგისტრირებული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე;
  • პროგრამაში ჩართვის მიზნით არ განიხილება დაზარალებული ოჯახების განაცხადები, რომლებსაც სხვადასხვა უწყებებიდან მოწოდებული ინფორმაციით სახელმწიფოსგან ან დონორი ორგანიზაციებიდან, დაზარალების გამო, ერთხელ უკვე მიღებული აქვთ დახმარების სახით საცხოვრებელი სახლი ან სანაცვლოდ სათანადო ფულადი დახმარება ან ფაქტიურ მფლობელობაში/საკუთრებაში გააჩნიათ ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი.
  • პროგრამების მოსარგებლე 2020 წლის 1 იანვრის მდგომარეობით და ვაუჩერის გაცემის პერიოდისათვის უწყვეტად რეგისტრირებული უნდა იყოს აჭარის ა/რ ტერიტორიაზე.
  • პროგრამების მოსარგებლეს უფლება აქვსთავად აირჩიოს სამკურნალო დაწესებულება საქართველოს მასშტაბით.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
მისამართი: ქ. ბათუმი, აკადემიკოს მამია კომახიძის ქ. N119
ტელეფონი: +995 (0422) 247972, +995 (0422) 24-79-64
ელ–ფოსტა: info.molhs@molhs.gov.ge

საქართველოს საზღვაო სექტორი ფეხს უწყობს თანამედროვე ტექნოლოგიებს – თამარ იოსელიანი

დოჰაში, ყატარის ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროსა და Lloyd List-ის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო საზღვაო და ლოჯისტიკურ სამიტზე საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი თამარ იოსელიანი სიტყვით გამოვიდა. მან საზღვაო გადაზიდვების ინდუსტრიაში თანამედროვე ტექნოლოგიებზე, საზღვაო ციფრულ სერვისებზე და ამ გამოწვევების ფონზე საქართველოს მზარდ შესაძლებლობებზე ისაუბრა.

თამარ იოსელიანი
თამარ იოსელიანი

თამარ იოსელიანის გამოსვლის მნიშვნელოვანი ნაწილი საზღვაო გადაზიდვების სფეროში ციფრული ტექნოლოგიების დანერგვის პროექტს დაეთმო, რასაც საქართველოს მთავრობა საზღვაო სექტორის მდგრადი განვითარების მიზნით ახორციელებს. გამოსვლისას ხაზგასმით აღინიშნა საქართველოს სატრანზიტო ფუნქცია და მისი განვითარების პერსპექტივები, რომელიც რეგიონში სატრანსპორტო-ლოგისტიკური ჰაბის ჩამოყალიბებას უკავშირდება.

ვიზიტის ფარგლებში სააგენტოს დირექტორმა თამარ იოსელიანმა ყატარის სახელმწიფოში საქართველოს ელჩთან ბატონ ნიკოლოზ რევაზიშვილთან ერთად მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრები გამართა.

ყატარის სახელმწიფოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრ ჯასიმ საიფ აჰმედ ალ სულაიტისთან მიღწეული შეთანხმების თანახმად ყატარი უახლოეს მომავალში ქართველი მეზღვაურების კომპეტენციის დამადასტურებელ სერტიფიკატებს აღიარებს. ასევე, ხაზგასმით იქნა აღნიშნული, რომ ყატარი სტრატეგიულად არის დაინტერესებული რეგიონში ყოფნით, რა მიზნითაც ყატარის სახელმწიფო განიხილავს კატარული კომპანიების ინვესტირების ხელშეწყობას საქართველოს სანაოსნო დარგში. საზღვაო განათლების მხარდაჭერის პოლიტიკის ფარგლებში თამარ იოსელიანი ყატარის მინისტრს კადეტების საერთაშორისო საზღვაო პრაქტიკით უზრუნველყოფაზეც ესაუბრა. თამარ იოსელიამნა მინისტრთან შეხვედრისას აღნიშნა საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმის მნიშვნელობა და მიაწოდა ყატარულ მხარეს ინფორმაცია მომდევნო ფორუმის შესახებ, რომელიც 2020 წლის 15 -17 სექტემბერს გაიმართება ქ. ბათუმში.

ყატარს ყავს 131 გემისგან შემდგარი თანამედროვე სატანკერო ფლოტი, რომელიც სახელმწიფო ნავთობ კომპანიას ემსახურება. ქართველი მეზღვაურები ძირითადად სწორედ ტანკერებზე სპეციალიზირდებიან. შესაბამისად ყატართან მემორანდუმის გაფორმება მათი დასაქმების კუთხით მნიშვნელოვანი შედეგების მომტანი იქნება.

შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტში საქართველოსა და უკრაინის მნიშვნელობასა და ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრთან ვლადისლავ კრიკლისთან შეხვედრაზე. საუბარი ასევე შეეხო საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმს და რეგიონში მის მნიშვნელობას.

კადეტების და ქართველი მეზღვაურების დასაქმების საკითხები განხილული იქნა ახლო აღმოსავლეთში ერთ-ერთი უმსხვილეს საზღვაო ლოჯისტიკურ კომპანია – „მილაჰა“-ს (MILAHA M & L) CEO-სთან გამართულ ორმხრივ შეხვედრაზეც.

დაგვეხმარეთ არხის გადარჩენაში – აჭარა ტვ-ის ჟურნალისტები დიპკორპუსს

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებგვერდზე გამოქვეყნდა საინფორმაციო სამსახურის თანამშრომლების  განცხადება, რომლითაც ისინი დიპლომატიურ კორპუსს მიმართავენ მაუწყებელში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შესახებ და მათ არხის გადასარჩენად დახმარებას სთხოვენ.

განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს სხდომაზე დღეს მიღებულ გადაწყვეტილებას ახალი ამბების სამსახურის თანამშრომლები სარედაქციო დამოუკიდებლობის შეზღუდვად მივიჩნევთ.

ახალი ამბების სამსახურის უფროსის მოადგილის – მაია მერკვილაძის შტატის გაუქმება სარედაქციო პოლიტიკაზე პირდაპირი თავდასხმაა. დღეს მრჩეველთა საბჭომ და მაუწყებლის დირექტორმა არხის თანამშრომლების მოთხოვნა, – საკითხის უკეთ შესწავლის მიზნით მისი განხილვა გადადებულიყო, არ გაითვალისწინა.

გაუგებარია, რატომ არის პროცესი ფორსირებული, როდესაც დირექტორს ისედაც აქვს გაცხადებული, რომ რეორგანიზაციას გეგმავს. ამასთან, დაწყებულია დისციპლინური დევნა ახალი ამბების სამსახურის უფროსის – შორენა ღლონტის წინააღმდეგ, რაც კიდევ უფრო მეტად გვიღრმავებს ეჭვებს, რომ მენეჯმენტისთვის სასურველი ახალი კადრების შემოსაყვანად პოზიციები თავისუფლდება. გვაქვს მოლოდინი, რომ მაია მერკვილაძის შემდეგ, სარედაქციო პოლიტიკას ჩამოაშორებენ ახალი ამბების ხელმძღვანელს – შორენა ღლონტს.

მიგვაჩნია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოში შექმნილი ვითარება საარჩევნო წელს ემსახურება არასასურველი კადრების, განსაკუთრებით კი – კრიტიკული ჟურნალისტების ჩამოშორებას.

მივმართავთ დიპლომატიურ კორპუსს, საერთაშორისო და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს – ჩაერთონ პროცესში და დაგვეხმარონ მაუწყებლის გადარჩენაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, დაზარალდებიან არა მხოლოდ ჟურნალისტები, არამედ დაზიანდება საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეა, რაც კიდევ უფრო დააზარალებს მედიაგარემოს, პლურალიზმსა და დემოკრატიულ პროცესებს ქვეყანაში.

დირექტორის მიერ დაგეგმილი სტრუქტურული ცვლილებები შეეხო სხვა სამსახურებსაც. მაგალითად: საავტორო – შემოქმედებითი გადაცემების სამსახურის უფროსის მოადგილეს შემოქმედებითი მიმართულებით – გიორგი მურვანიძეს, ამავე სამსახურის მოადგილეს საორგანიზაციო მიმართულებით – ბესო დუმბაძეს და ფინანსური სამსახურის უფროსის მოადგილეს მაია შაშიკაძეს. ასევე სხვა მოადგილეების შტატებს, რომლებიც ვაკანტური იყო.

მაუწყებელში დღეს განვითარებული მოვლენები ლოგიკური გაგრძელებაა იმ პროცესებისა, რომელიც დაიწყო 2019 წლის აპრილში ნათია კაპანაძის იმპიჩმენტით, გაგრძელდა მაუწყებლიდან ნათია ზოიძის იძულებით წასვლით და ნათია შავაძესთან შრომითი ხელშეკრულების ამოწურვით“.

 

 

აჭარის მაუწყებლის რედაქტორი: ხვალიდან არ გამოვრიცხავთ გაფიცვას

Exit mobile version