მთავარი,სიახლეები

აჭარის მაუწყებლის რედაქტორი: ხვალიდან არ გამოვრიცხავთ გაფიცვას

18.02.2020 • 1802
აჭარის მაუწყებლის რედაქტორი: ხვალიდან არ გამოვრიცხავთ გაფიცვას

ხვალ, 19 თებერვალს, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭო იკრიბება იმისთვის, რომ გააუქმოს ახალი ამბების სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობა. მრჩეველთა საბჭოს მაია მერკვილაძის და კიდევ სამი თანამშრომლის შტატის გაუქმების მოთხოვნით მაუწყებლის დირექტორმა გიორგი კოხრეიძემ მიმართა. დირექტორის სურვილის დაკმაყოფილებას 3 ხმა სჭირდება. მაუწყებლის ჟურნალისტების ინფორმაციით, დირექტორს ეს 3 ხმა აქვს – „ქართული ოცნების“ კვოტით არჩეული მეურვეები გიორგი კოხრეიძის მოთხოვნის დაკმაყოფილებას აპირებენ. ამ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში მაუწყებელში არ გამორიცხავენ, რომ ჟურნალისტები გაიფიცონ. რას გეგმავენ ჟურნალისტები – „ბათუმელების“ კითხვებს მაია მერკვილაძე პასუხობს.

  • მაია, შენი შტატი შეიძლება ხვალ გაუქმდეს და დარჩი უმუშევარი. რა გეგმა გაქვს შენ და რას გეგმავს გუნდი, ვისთან ერთადაც მუშაობ?

დიდი ხანია, რაც მაუწყებელში ეს პროცესი დაიწყო და სულ ვფიქრობდი, რომ ჩვენ უნდა დავლოდებოდით იმ მომენტს, როცა  ხელისუფლება პირდაპირ თუ ირიბად გვეტყოდა, რა უნდა გასულიყო მათი ინტერესების შესაბამისად. ვფიქრობ, ეს იყო ჩვენი იქ ყოფნის მთავარი მიზეზი და სანამ ამას საკუთარი თვალით არ დავინახავდი, მინდოდა დავლოდებოდი ამ პროცესს.

ხვალინდელი გადაწყვეტილების მიხედვით, თუკი მართლა შემიწყვეტენ ხელშეკრულებას – მრჩევლები ამას გადაწყვეტენ, მექნება ორი არჩევანი, ან უნდა დავრჩე ტელევიზიაში და ვეღარ მივიღო ახალი ამბების მომზადებაში მონაწილეობა, შეიძლება დავალება მივიღო ჩემთვის მიუღებელი, დავრჩე და ამას დაველოდო, ან წამოვიდე ტელევიზიიდან და ვიბრძოლო საკუთარი შრომითი უფლებებისთვის და ასევე მაუწყებლის იდეისთვის გარედან.

ვიცი, რომ იოლი არ იქნება მაუწყებელში დარჩენა, გაცილებით რთული იქნება, ვიდრე გარეთ ყოფნა და ამის კეთება გარედან, მაგრამ ვფიქრობ, ჯობია დავრჩე და პირისპირ შევხვდე ხელისუფლებას, არ აქვს მნიშვნელობა, ვინ იქნება ხელისუფლების სახით – მთავარი რედაქტორი თუკი ვინმეს დანიშნავენ, მოადგილე, კოხრეიძე, მრჩეველი თუ ვინმე სხვა. ყველას შეიძლება ჰქონდეს ხელისუფლების სახე.

მათი ნაბიჯები მაფიქრებინებს, რომ ძალიან სწრაფად იქნება ეს ცვლილებები, დრო არ აქვთ, არჩევნებამდე აპირებენ ამ ამბის დალაგებას. ერთ-ორი თვეში უფრო ნათელი იქნება ეს მიზანი, რაც ჰქონდათ ყველა ამ ნაბიჯის უკან ჩასაფრებულ ადამიანებს, ვინც აქამდე მიიყვანა მაუწყებელი და შეძლო წლობით ნაგროვები გამოცდილება, ღირებულებები… დაენგრია. დღეს სამი მრჩეველი ეღობება მაუწყებლის იდეას.

  • შენთან ერთად არის ნიუსრუმი, ჟურნალისტები განიხილავენ წინააღმდეგობის გაწევის სხვადასხვა ვერსიას. ნიუსრუმი მარტოა ამ ბრძოლაში თუ სხვა სამსახურებიც გიჭერენ მხარს?  

ამ გუნდში მოვიაზრებ არა მხოლოდ ახალი ამბების გუნდს, მოვიაზრებ ყველა იმ ადამიანს, ვისთვისაც ძვირფასია მაუწყებლის იდეა, ღირებულებები, შინაარსი, რაც ახლა არის ეთერში და ისინი არ არიან ცოტა. დაახლოებით 70 კაცია პროფკავშირებში. ბევრს აქვს სურვილი შემოუერთდეს პროფკავშირებს – ეს არ არის მხოლოდ პროფესიული ნიშნით ადამიანების გაერთიანება, ჩვენ გვაერთიანებს გაცილებით მეტი.

ეს ხალხი ცდილობს კონსტრუქციულად მიუდგეს ყველა იმ ნაბიჯს, რომელსაც დგამენ თანამშრომლების წინააღმდეგ. არაერთი ნაბიჯი, განცხადება იყო მენეჯმენტის მიმართ, რაც პროფესიული კავშირების გაერთიანებამ გადადგა. ჩვენ ვაჩვენეთ მზაობა, რომ არ დაინგრეს ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც არის ამ ტელევიზიაში – არც შენობაა მანდ ღირებული და არც ტექნიკური აღჭურვილობა. მაუწყებლობის შინაარსია ყველაზე ღირებული.

  • აპირებთ გაფიცვას?

თუკი კარგად დააკვირდება მაუწყებლის მენეჯმენტი, მიხვდება, რატომ იყო ადამიანთა ეს ჯგუფი [ჟურნალისტები] თანმიმდევრული და კონსტრუქციული – სწორედ იმიტომ, რომ ჩვენ არ ვართ განწყობილი ქაოსისა და დესტრუქციისკენ. ჩვენ გვინდოდა ყველაფერი გაგვეკეთებინა იმისათვის, რომ აქამდე არ მისულიყო მაუწყებელი. თუკი ხვალ, ისინი, ჩვენი კონსტრუქციული შეთავაზების მიუხედავად გადაწყვეტენ იმას, რასაც მთელი მაუწყებელი ელის [სამსახურების უფროსების მოადგილის შტატების გაუქმებას], საგაფიცვო კომიტეტი მზად არის ამისთვის. ჩვენი მხრიდან პროტესტის ამ უკიდურესი ფორმების შესახებაც გაჟღერდა. ჯერჯერობით არ ვიცი რა იქნება, ამას ხვალინდელი დღე გადაწყვეტს. შესაბამისად, არ გამორიცხავენ გაფიცვის ორგანიზებასაც ყველა სამართლებრივი წესის დაცვით. ამის შესახებ სიტყვიერად გაფრთხილებულია მრჩეველთა საბჭო, დირექტორიც ალბათ გაიგებდა ღია ეთერიდან.

თუკი ამ ყველაფრის გათვალისწინებით დირექტორი და მრჩეველთა საბჭო არ გადმოდგამენ ნაბიჯს ჩვენსკენ, არ გაითვალისწინებენ ჟურნალისტების საპროტესტო აქციებს, საზოგადოების მოთხოვნას და ასე შემდეგ, ცხადი გახდება ყველასათვის, რომ ეს იყო და არის პოლიტიკური დაკვეთა. თუკი ანგარიშს არ უწევენ არავის, მხოლოდ ერთი ძალა რჩება, ეს არის პოლიტიკური გუნდი, რომელმაც ეს ადამიანები [მრჩეველთა საბჭო] აირჩია და ეს გუნდი ვერასდროს მოიშორებს იმ იარლიყს, რაც მათ მიაკრა დიდი ხნის წინ მაუწყებელმა და მის გარეთ მყოფმა ადამიანებმა.

  • ნათია ზოიძის წასვლის შემდეგ გავლენიანმა საერთაშორისო  ორგანიზაციამ თქვა, რომ ეს იყო პოლიტიკური ზეწოლა. ასე ჩანს, რომ „რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს“ ამ შეფასება ხელისუფლებამ არ შეიმჩნია. თუმცა მათ მოუწევთ იმის გათვალისწინება, რომ შენ მარტო არ ხარ, რაც გამოჩნდა ერთ-ერთი ბოლო ეთერით, როცა ჟურნალისტები დაუპირისპირდნენ მრჩეველთა საბჭოს წევრებს. შენ რომც გაგიშვან, მენეჯმენტი შეძლებს ამ ჟურნალისტების „დაოკებას“, თუ ყველას გაშვება მოუწევთ?  

აქამდეც ვიცოდით, რომ ადამიანებს ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ დავკარგავდით. თავიდან იყო ნათია კაპანაძე, შემდეგ ნათია ზოიძე, ნათია შავაძე. ეს ადამიანები ეტაპობრივად ჩამოაშორეს მაუწყებელს. ჩვენ აღარ გვყავდა ზურგი ნათია კაპანაძის და ნათია ზოიძის სახით, მაგრამ მოვედით აქამდე. ახლა მოუწევთ სათითაოდ ყველა ჟურნალისტის მოშორება სხვადასხვა მიზეზით, ეს არ იქნება იოლი. თავადაც ნახეს – ჟურნალისტები, რომლებიც კითხვებს უსვამდნენ მრჩეველთა საბჭოს წევრებს პირდაპირ ეთერში, ისე ადვილი „მოსათოკები“ არ იქნებიან, როგორც მათ წარმოუდგენიათ. რა თქმა უნდა, ჟურნალისტებისთვის იქნება რთული, მაგრამ არც მათთვის იქნება ადვილი. მე იმედი მაქვს, რომ ყველა ჟურნალისტი, ვინც ახლა ამ პროცესს აპროტესტებს, ბოლომდე იბრძოლებს და არ დატოვებს მაუწყებელს.

  •  ყველამ ვიცოდით, რომ ნათია კაპანაძის და ნათია ზოიძის შემდეგ რიგი შენზე მოვიდოდა. შენი აზრით, ვინ იქნება შემდეგი სამიზნე?

რადგან მე და შორენა ღლონტი ვართ ახლა მიზანში ამოღებული, ალბათ ერთდროულად მოახერხებენ, რომ ჩვენ დავტოვოთ სამსახური, შემდეგ არის რედაქტორთა ჯგუფი და წამყვანები, რომლებიც ქმნიან მაუწყებლის სახეს. ირინა ყურუას, თეონა ბაკურიძის, თეონა თურმანიძის ეთერიდან გაქრობა ასე იოლი არ იქნება, ეს ძალიან გაუჭირდებათ. თუმცა ყველაფერი აქეთკენ მიდის. მე ვერ წარმომიდგენია, მაგალითად, მოახერხონ და დავალება მისცენ თეონა ხარაბაძეს, ჯენი კვანტალიანს, მზია მართალიშვილს… არც ერთი მათგანი არ არის მზად, რომ ამ ჟურნალისტებს დავალება მისცეს. მათი ჩამოშორება მოუწევთ ეტაპობრივად და ეს იქნება მათთვის ძალიან მტკივნეული.

  • მოასწრებენ ამას არჩევნებამდე?

არის მეორე გზაც – რეორგანიზაცია, რაშიც აქამდე მაუწყებელმა შეუშალა ხელი. სხვა მეთოდებსაც გამოიყენებენ – დისციპლინური დევნა, გადაცდომა, ბევრი ხერხი აქვთ. დირექტორი, როგორც მან ერთ-ერთ ეთერში თქვა, გვაკვირდება, სწავლობს ყველა „დარღვევას“ და მზად არის ყველა ამ დარღვევას გამოედევნოს. იმის ნაცვლად, რომ საწერ მაგიდაზე თაგვები რომ გვხვდება ამას მიხედოს, თანამშრომლების დისციპლინური დევნითაა დაკავებული.

  • აჭარის მაუწყებელში დასაქმებულია 310 ადამიანი, თუმცა მაუწყებელი მაინც „20-კაციან“ ნიუსრუმზე დგას, ანუ შეტევა ყველაზე გამართულ რგოლზე მიიტანეს. ნიუსრუმის გარეშე რა დარჩება ამ ტელევიზიიდან?

ადამიანებს ეს ტელევიზია ახსოვთ  ფილმებით, ამერიკულ კინოთეატრებში არ გადიოდა ის ფილმები, რასაც აქ აჩვენებდნენ. მოპარული პროდუქციით, რომელიც ახლაც გვაქვს ეთერში…

დირექციას გადაწყვეტილი აქვს შემოქმედების მიმართულებით ახალი გადაცემების შემოტანა. შემოქმედების ერთ-ერთი ნაწილია „ჰეშთეგი“, ეს გუნდი ძალიან მნიშვნელოვან თემებზე ამზადებს გადაცემებს. ხვალინდელი გადაწყვეტილებით დირექტორი აპირებს ამ გუნდიდან ჩახსნას გიორგი მურვანიძე, რომლის ფასიც მაუწყებელში ყველამ კარგად იცის და ამაში არ ვგულისხმობ დირექტორს. მისი ჩართულობით შეიქმნა გადაცემები – „ათვლის კუთხე“, „ჰეშთეგი“. აი, ეს ადამიანი მოხვდა დირექტორისთვის არასასურველი ადამიანების სიაში. არ ვიცი რა ბედი ელით „ჰეშთეგელებს“, ისე  როგორც ნიუსრუმს. ეს ორი რამ თუ არ იქნება, ეთერში დარჩება ეთნოგრაფიაზე შექმნილი მასალები და მოპარული პროდუქცია.

  • შენი აზრით, რა ვერ აპატიეს ნიუსრუმს?

ვერ გვაპატიეს ის,  რასაც ხელისუფლება პირდაპირ გვეუბნება სხვადასხვა ეთერიდან. ჩვენ ვერ გვაპატიეს კრიტიკული აზრი. მაგრამ მთავარი მაინც რევანშია. რევანშისტული განწყობები გამოვლინდა დირექტორის და მის უკან მდგომი ძალების მხრიდან.

  • მახსოვს, აჭარის მაუწყებლის ერთ-ერთ მრჩეველს საჯაროდ გადაუხადეს მადლობა „ლიბერალების დესანტის“ მოგერიების, ანუ კაპანაძის იმპიჩმენტის გამო. შენი აზრით, ეს არის ამავე დროს ბრძოლა ლიბერალიზმის წინააღმდეგ, იმის წინააღმდეგ, რომ თქვენ აშუქებდით სხვადასხვა უმცირესობის უფლებებს?

ჩვენ სულ გვესმოდა მათგან, რომ ნათია კაპანაძე იყო NGO-ის ინტერესების დამცველი და ისინი არიან ძალიან ცუდები. ეს გვესმოდა დიდ ხანს. ეს კვებავდა ათეულობით ადამიანს. სწორედ ამ ნიშნით დაუპირისპირდნენ ნათია კაპანაძეს, იყვნენ მენეჯმენტის გამო უკმაყოფილო თანამშრომლებიც, მაგრამ განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდნენ ლიბერალური ღირებულებების მოწინააღმდეგეები და ამას არც მალავდნენ.

ჩვენ ამას ყურადღებას არ ვაქცევდით მაშინ, რადგან ჩანდა, რომ უმცირესობაში იყვნენ. ახლა ეს ჯგუფები იმდენად მოძლიერდნენ, რომ შეიძლება ჩვენ აღმოვჩნდეთ უმცირესობაში. ისინი ვერაფერ ღირებულს ვერ ქმნიან მაუწყებელში, მაგრამ რევანშისთვის არიან განწყობილები.

გიორგი კოხრეიძე ლიბერალური ღირებულებების მატარებელი რომ არ არის, ზუსტად გავიგე იმ შეხვედრის შემდეგ, როდესაც მან პირდაპირ გვითხრა, რომ ის არ ცნობს არავის შეფასებას: არ ენდობა ეუთოს, არც ერთ საერთაშორისო ორგანიზაციას. ჩვენ რეიტინგების მთვლელიც კი აღარ გვაქვს, გააუქმეს ხელშეკრულება და დავრჩით გიორგი კოხრეიძის სუბიექტურ შეფასებაზე.

  • შენი აზრით, გიორგი კოხრეიძე რამდენად სრულფასოვნად ფლობს არხზე არსებულ სიტუაციას, თუ პროცესებს მისი ხელით სხვა მართავს? 

კოხრეიძე მოძებნა ხელისუფლებამ. მისი სახით შეირჩა ყველაზე რადიკალური და აგრესიული ადამიანი, რომელიც ამ ყველაფერს შეფარვით არ აკეთებს.

კოხრეიძე არის ის ადამიანია, რომელიც თვალის დაუხამხამებლად დაანგრევს მაუწყებლის ღირებულებებს. სწორედ ეს არის მისი არჩევის მიზეზი. ამის მიხვედრას დიდი ფიქრი არ სჭირდება. სხვა ნებისმიერ ადამიანს ასეთი ღია დაპირისპირება გაუჭირდებოდა. მის უკან დგანან ის ძალები მაუწყებლის შიგნით და გარეთაც, რომლებიც ყველაფერს გააკეთებენ, ოღონდ ის ადამიანები გააქრონ მაუწყებლიდან, რომლებიც არხის წუმპეში დაბრუნებას ხელს უშლიან.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: