მთავარი,სიახლეები

მშობლის თქმით, ბავშვები ბღერზე ეჭვის გამო კლასელების თანდასწრებით შეამოწმეს

20.02.2020 • 3036
მშობლის თქმით, ბავშვები ბღერზე ეჭვის გამო კლასელების თანდასწრებით შეამოწმეს

არასრულწლოვანი ბავშვების მამა „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ სკოლის ექიმმა ბავშვები ინფექციაზე სხვა ბავშვების თანდასწრებით შეამოწმა და უთხრა, რომ ბღერი აქვთ. „ბავშვები ატირებულები მოვიდნენ და მითხრეს, რაც სკოლაში მოხდა“, – ამბობს ბავშვების მამა ნუგზარ ხათრიძე.

შემთხვევა ბაღდათის მუნიციპალიტეტში მოხდა. ოჯახი სოციალურად დაუცველია და სახლში ცხრა არასრულწლოვანი ბავშვი ცხოვრობს. ბავშვებს, რომლებიც ექიმმა შეამოწმა, სკოლაში არასდროს უვლიათ და 17 თებერვალს პირველად მივიდნენ სკოლაში, მიუხედავად იმისა, რომ ერთი გოგო 9 წლისაა, მეორე კი 7-ის.

„ბავშვი მოვიდა ატირებული და მითხრა – გვითხრეს ბღერი გაქვთ და ათი დღე სკოლაში არ მოხვიდეთო. კლასში უთქვამს სხვების თანდასწრებით. შემდეგ ჩემი უფროსი შვილი მივიდა სკოლაში და იმასაც ჰკითხეს, შენც ხომ არ გაქვსო.

ორივე ბავშვი დღეს ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში მყავდა და ექიმის დასკვნაც მაქვს, რომ ბავშვებს ბღერი არ აქვთ“, – გვითხრა ბავშვების მამამ.

„ბათუმელები“ სკოლის ექიმს ნანა გულბანსაც ესაუბრა. ის ამბობს, რომ შემოწმებაზე ნამდვილად შევიდა კლასში, თუმცა დაავადებაზე სხვა ბავშვების თანდასწრებით არ უსაუბრია.

„ჯგუფში შევედი და იქვე იყო კლასის დამრიგებელიც. მაგ კლასში ადრე ერთ ბავშვს ჰქონდა ბღერი და გადამოწმებაზე ვიყავი შესული. ეს ბავშვები რადგან პირველად ჩაირიცხნენ სკოლაში და მანამდე არ მინახავს, ისინიც შევამოწმე და არ მომეწონა, ხელზე ჰქონდა ერთს გამონაყარი.

მე ვიცი ბავშვების ფსიქიკა, ერთმანეთზე დაცინვა იციან, ამიტომ არასდროს არ ვამბობ არაფერს ჯგუფში“, – ამბობს ნანა გულბანი. ის ირწმუნება, რომ ბავშვები თავის კაბინეტში დაიბარა და მათ 15 წლის დას დაელაპარაკა სავარაუდო პარაზიტზე.

„ვუთხარი, რაზეც მქონდა ეჭვი, მშობლებს უთხარი და კანის ექიმთან გადაამოწმეთ-მეთქი. საერთოდ, მე დამრიგებელს ვეუბნები როცა პრობლემაა და ის აფრთხილებს მშობელს“, – ამბობს გულბანი.

სკოლის დირექტორი მერაბ ფურცელაძეც იმეორებს იმავეს – რომ ექიმი ბავშვებს თავის კაბინეტში დაელაპარაკა. „იყო მსგავსი შემთხვევა, როცა ალერგია ჰქონდა ბავშვს და დაუნიშნა ექიმმა წამლები. ამასაც უთხრეს, რომ მისულიყვნენ ექიმთან“, – ამბობს დირექტორი.

„ბათუმელებმა“ დირექტორს ასევე ჰკითხა, რა გეგმა აქვს სკოლას 9 და 7 წლის ბავშვების დასახმარებლად, რომლებიც პირველად 17 თებერვალს მივიდნენ სკოლაში? სკოლის დირექტორის თქმით, რადგან 9 და 7 წლის ბავშვები პირველად ჩაირიცხნენ სკოლაში, მათ სპეციალურ მასწავლებელს შესთავაზებენ. „რადგან ჩამორჩნენ სწავლას, სპეცმასწავლებელი დაეხმარება. ოღონდ მშობელმა უნდა დაწეროს განცხადება და მოითხოვოს სპეციალური მასწავლებელი“.

„ბათუმელებმა“ ხათრიძეების ოჯახის სოციალური მდგომარეობის შესახებ სიუჟეტი 9 თებერვალს მოამზადა. სიუჟეტში 9 შვილის მამა ჰყვება იმ სირთულეებზე, რის გამოც მისი არც ერთი შვილი სკოლაში არ დადის.

სწორედ მედიაში ინფორმაციის გავრცელების შემდეგ მივიდა სოციალური მუშაკი ხათრიძეების ოჯახში და იზრუნა იმაზე, რომ 7 და 9 წლის ბავშვები სკოლაში ჩაერიცხათ. ბავშვები მივიდნენ სკოლაში პირველად, მაგრამ ორ დღეში ისინი გააფრთხილეს, რომ სავარაუდოდ ბღერი აქვთ და „10 დღეს ნუ ივლიან“.

სოციალური მუშაკი ელენე ჩხეიძე ამბობს, რომ აქამდე არ იცოდა, თუ ბავშვები სკოლაში არ დადიოდნენ და მხოლოდ ახლახან გაიგო ამის შესახებ.

„ამ ბავშვებთან დაკავშირებით არ მომიკითხავს ინფორმაცია. ვიცოდი, რომ ყველა იღებდა განათლებას და როცა გახდა ჩემთვის ცნობილი, ჩავერთე“, – გვეუბნება ის და დასძენს, რომ მანამდე, მას, როგორც სოციალურ მუშაკს, ინტენსიური მეთვალყურეობა არ ჰქონია ამ ოჯახზე. „ვიცოდი, რომ სექტემბერში უნდა მიეყვანათ [ბავშვები] მშობლებს. განათლების სამინისტროსაც უნდა განეხილა ეს საკითხი, მაგრამ ახლახან შეიცვალა რეგულაცია და ახლა უკვე რესურსცენტრს შეუძლია მოსწავლის სკოლაში ჩარიცხვა და რესურსცენტრმა ჩარიცხა ეს ბავშვებიც.

ადამიანის/ბავშვის ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია კონფიდენციალურია და, შესაბამისად, დაცული უნდა იყოს ეს უფლება. სოციალური მუშაკი ამბობს, რომ დაირღვა თუ არა ბავშვების უფლება ამ შემთხვევაში, სკოლაში მისვლის შემდეგ გაარკვევს.

„როგორც ვიცი, ბავშვებს ჯანმრთელობის პრობლემები არ აქვთ, მაგრამ რადგან ახალი ჩარიცხულები იყვნენ, შემოწმდნენ ეს ბავშვებიც. სკოლის დირექტორი და კლასის დამრიგებელი არ ადასტურებენ, რომ ბავშვების მიმართ რაიმე შეურაცხმყოფელ მოპყრობას ჰქონდა ადგილი“, – ამბობს სოციალური მუშაკი.

განათლების სამინისტროში ამბობენ, რომ სკოლაში ექიმის მუშაობა შიდა დებულებით არის განსაზღვრული და ამ საკითხს სკოლა არეგულირებს.

___

ამავე თემაზე:

დედა, მამა და 9 შვილი

ნუგზარ ხათრიძე მეუღლესთან და 9 შვილთან ერთად ბაღდათში, ნაქირავებ სახლში ცხოვრობს. ამბობს, რომ თავდაუზოგადავდ მუშაობენ, მაგრამ ეს მრავალსულიანი ოჯახისთვის საკმარისი არ არის და ბავშვების სამოსსაც კი არ ჰყოფნის. ცხრიდან სამ ბავშვს სკოლაში არასდროს უვლია. ორმა კი სწავლა ბოლო სემესტრია შეწყვიტა.ოჯახი წლების წინ, იმავე სტამბის შენობაში ცხოვრობდა, სადაც 3 თებერვლის ბაღდათის ხანძრის მსხვერპლი ოჯახი. მათ მსგავსად, ხათრიძეების ოჯახმაც, ბაღდათის მუნიციპალიტეტის მიერ საცხოვრებლად გამოყოფილი სტამბის შენობა გაუსაძლისი საცხოვრებელი პირობების გამო დატოვა.ვრცლად: https://batumelebi.netgazeti.ge/news/252816/?fbclid=IwAR1J6jQkp_UtWBXy-_vKZ3JoYo63H0YZ1ezM-v_iVSufMWFE-Pe8Lw4BC5Q

Posted by ბათუმელები • Batumelebi.ge on კვირა, 09 თებერვალი, 2020

გადაბეჭდვის წესი


ასევე: