მთავარი,სიახლეები

სახალხო დამცველმა ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკასა და ბსუ-ს დისკრიმინაციის ფაქტი დაუდგინა 

30.01.2020 • 4616
სახალხო დამცველმა ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკასა და ბსუ-ს დისკრიმინაციის ფაქტი დაუდგინა 

საქართველოს სახალხო დამცველმა ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკასა და ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს სექსუალური ორიენტაციისა და საქმიანობის სფეროს ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტი დაუდგინა. საქმე ეხება ბათუმში გასული წლის 18 მაისს “იდენტობის ბათუმის რესურსცენტრის” მიერ ორგანიზებულ ლექციის – “17 მაისი – თავისუფლების ილუზია”  – ჩაშლას. ლექცია უნდა ჩატარებულიყო “ქალთა ფონდის” მიერ მხარდაჭერილი “ანარესის აკადემიის” ფარგლებში.

საჯარო ლექციის ორგანიზატორები თავდაპირველად ამ ლექციის გამართვას ბსუ-ს 21-ე აუდიტორიაში გეგმავდნენ, მაგრამ მათ ლექციის წინა ღამეს ბსუ-დან დაურეკეს და უთხრეს, რომ ამ აუდიტორიაში მიმდინარე სარემონტო სამუშაოების გამო,ლექციას ვეღარ ჩაატარებდნენ.

“ბათუმელებმა” გადაამოწმა ეს ინფორმაცია და აღმოჩნდა, რომ აუდიტორიაში არანაირი სარემონტო სამუშაოები არ მიმდინარეობდა. ლექცია „იდენტობამ“ გადაიტანა საჯარო ბიბლიოთეკის ბათუმის ამერიკულ კუთხეში. აქ კი ბიბლიოთეკის დირექტორმა არ მისცა მათ ლექციის ჩატარების საშუალება. ვრცლად ამ თემაზე წაიკითხეთ “ბათუმელების” სტატიაში: ჰომოფობიურ ნიადაგზე ბათუმის ბიბლიოთეკამ და ბსუ-მ საჯარო ლექცია ჩაშალეს

სახალხო დამცველმა დაადგინა, რომ სსიპ “ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა და ა(ა)იპ “აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკამ” ა(ა)იპ “იდენტობას” მიმართ ჩაიდინეს პირდაპირი დისკრიმინაცია სექსუალური ორიენტაციისა და საქმიანობის სფეროს ნიშნით (C) სახალხო დამცველის აპარატი

სახალხო დამცველმა მიიჩნია, რომ ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკა სათანადო ყურადღებით არ მოეკიდნენ ამ ღონისძიებების ჩატარების საკითხს და არ შეეცადნენ, ხელი შეეწყოთ ლექციის ორგანიზატორებისთვის, რომ ლექცია არ ჩაშლილიყო. “სამწუხაროდ  “თბილისი პრაიდის” გამართვასთან დაკავშირებული მოვლენების ირგვლივ საზოგადოებაში შექმნილმა უარყოფითმა და მტრულმა დამოკიდებულებამ, არსებითად გადამწყვეტი როლი შეასრულა, რომ მოპასუხეებს თავი აერიდებინათ იმავე პერიოდში, მათ სივრცეში, ლგბტ+ საკითხებზე საუბრისგან. შესაბამისად, მათ დისკრიმინაციული მოტივით, ფორმალურ არგუმენტებზე დაყრდნობით, განმცხადებლებს უარი უთხრეს ღონისძიების ჩატარებაზე”, – წერია სახალხო დამცველის დასკვნაში.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად გამოყენებული საშუალება, კერძოდ – ლექციის ჩატარებაზე უარის თქმა, არ იყო აუცილებელი საშუალება, ვინაიდან ბსუ-ში და ბათუმის ბიბლიოთეკაში არსებობდა ალტერნატიული ფართობი, რომლის შეთავაზებითაც ისინი ლექციის ორგანიზატორების უფლებაში ნაკლებად ჩაერეოდნენ  და მათ დაგეგმილი ღონისძიების ჩატარების შესაძლებლობა მიეცემოდათ.

სახალხო დამცველი რეკომენდაციის სახით მოუწოდებს ბსუ-სა და ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკას, შეიმუშავონ დისკრიმინაციის აკრძალვისა და პრევენციის პოლიტიკის შიდა დოკუმენტი და მომავალი საქმიანობა წარმართონ თანასწორობის პრინციპის დაცვით; ხელი შეუწყონ ლგბტ+ თემისა და სხვა დაუცველი ჯგუფების მიმართ შემწყნარებლური გარემოს ჩამოყალიბებას.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: