მთავარი,მოსაზრება,სიახლეები

„მე კი არ ვარ ცუდი, ის არის ცუდი, ვინც მეზიზღება… ასე ხდება დემონიზება“ – მაია ცირამუა

21.02.2020 •
„მე კი არ ვარ ცუდი, ის არის ცუდი, ვინც მეზიზღება… ასე ხდება დემონიზება“ – მაია ცირამუა

„თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ დისკუსიათა ციკლის ფარგლებში კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართა დისკრიმინაციისა და თანასწორობის თემაზე. შეხვედრა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა, სადაც ფსიქოლოგმა მაია ცირამუამ მოხსენება წაიკითხა. შეხვედრის მონაწილეებს ჰქონდათ შესაძლებლობა, ამ თემაზე დაესვათ კითხვები და გამოეხატათ მოსაზრებები.

მაია ცირამუა: მე ვარ კლინიკური ფსიქოლოგი და ძირითადად იმ ადამიანებთან მიწევს მუშაობა, რომლებსაც მძიმე ტრავმული გამოცდილება აქვთ, ეს იქნება ოჯახში ძალადობა, სექსუალური ძალადობა, გენდერული ნიშნით ადამიანების დევნა თუ სიძულვილის მოტივით ჩადენილი სხვა შემთხვევები.

ბევრი მიფიქრია იმაზე, თუ რა არის მთავარი სამყაროში. დღეს, როდესაც ასეთი პროგრესული გახდა საზოგადოება, კაცობრიობისთვის მთავარ გამოწვევად მაინც თანასწორობის საკითხი რჩება. რატომღაც, მიუხედავად იმისა, რომ ამდენი საუკუნეა ვარსებობთ, გავიარეთ ყველა ისტორიულ ქარტეხილში, ადამიანისთვის დაუძლეველ პრობლემად რჩება ის, რომ მას არ შეუძლია არ გამოიყენოს თავისი უპირატესობა მასზე სუსტის საწინააღმდეგოდ.

დისკუსია ბათუმის რუსთაველის უნივერსიტეტში. ფოტო: თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი

რამ შეიძლება ადამიანს მისცეს უპირატესობის განცდა? ფიზიკურმა ძალამ? სოციალურმა მდგომარეობამ? ეკონომიკურმა მდგომარეობამ? ადამიანი, რომელიც შენზე ძლიერია, ყველა თავის უპირატესობას იყენებს შენ წინააღმდეგ. ეს საკითხი გარკვეულმა ქვეყნებმა დაძლიეს. მათ აქვთ კარგი კანონები, ადამიანები ბედნიერად ცხოვრობენ, მიუხედავად იმისა, რომელ სქესს, რომელ რასას თუ რელიგიურ წარმომავლობას მიეკუთვნებიან.

იმას, რაც თქვენს შინაგან პასუხებს სტიმულს აძლევს, წინასწარი განწყობა ჰქვია. ნეგატიური განწყობის მიღმა არანაირი ფაქტობრივი მოცემულობა არ დგას, არაფერს არ ეფუძნება. ეს არის განზოგადებული, არარსებული ინფორმაციიდან აღმოცენებული და ყველაზე მთავარი რაც არის, ადამიანები მიდრეკილნი არიან თავიანთი წინასწარი განწყობები გაამართლონ.

ადამიანებს აკითხებენ სხვადასხვა მასალას, წინასწარ იციან მათი სტერეოტიპები, ღირებულებები და ექსპერიმენტების შედეგად აღმოჩნდა, რომ მათ დაიმახსოვრეს ის, რაც მათი სტერეოტიპების შესაბამისი იყო. სტერეოტიპი არის ის, რაც ფაქტობრივად ერთ-ერთი მთავარი რგოლია დისკრიმინაციული ქცევის აგების დროს. ნეირომეცნიერებამ აღმოაჩინა, რომ ჰორმონი ოქსიტოქსინი, რომელიც ადამიანის პროსოციალურ ქცევას, ხელგაშლილობას, ემპათიას ახალისებს, ბოლო კვლევების თანახმად ამას აკეთებს მხოლოდ ჯგუფის შიგნით. ეს ნიშნავს, რომ ჩვენი გონება აკეთებს დაყოფას – „ჩვენ“ და „ისინი“. ევოლუციური ფსიქოლოგიის მიხედვით, ეს წინასწარი განწყობები ბიოლოგიურად დეტერმინირებულია.

ადამიანის ევოლუციური განვითარების პროცესში გადამწყვეტი მნიშვნელობა ჯგუფის შიდა შეჭიდულობას ჰქონდა, რომ როგორც სახეობა გადარჩენილიყო. ის, რომ ჩვენ, ჩვენგან განსხვავებულების მიმართ მიუღებლობის განცდა გვაქვს, ეს თურმე ჩვეულებრივი ამბავი ყოფილა. მეცნიერება ასევე ამბობს, რომ ეს კულტურულადაცაა განპირობებული. ხშირად კულტურა განსაზღვრავს იმას, თუ ვის მიმართ და რა დოზით მქონდეს მიუღებლობა. სოციალურ ფსიქოლოგთა უმრავლესობა ამბობს, რომ წინასწარ განწყობის სპეციფიკები დასწავლილია. ამას გვასწავლის ჩვენი კულტურა, ოჯახი და გარემო.

როგორც კი საზოგადოებაში, ქვეყანაში ინფლაციის, ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისის გარემოში შედიოდნენ ადამიანები, მაშინვე ჩნდებოდა საზოგადოებაში განტევების ვაცი. მთელ სისტემას ვერ დაუპირისპირდები, ამიტომ შენზე სუსტისკენ მიმართავ აგრესიას და სწორედ განტევების ვაცის პოზიციაში აღმოჩნდებიან ხოლმე ეს დისკრიმინირებული ჯგუფები.

ადამიანები ვართ ნარცისები, ყველას გვიყვარს ჩვენი თავი და გვინდა, რომ კარგ, კეთილშობილ ადამიანებად აღვიქვათ საკუთარი თავი. როდესაც ვიღაცის მიმართ აგრესია გვიჩნდება, ეს დისკომფორტს გვიჩენს და ამ საკითხის გადაწყვეტა შემდეგნაირად ხდება, რომ მე კი არ ვარ ცუდი, ის არის ცუდი, ვინც მე მეზიზღება და ასე ხდება დემონიზება განტევების ვაცადქცეული დისკრიმინაციული ჯგუფების.

სტერეოტიპი განზოგადებული წინასწარგანწყობებია. მაგალითად: „ქალები ვერ მართავენ ავტომობილს“, „ბოშები იპარავენ“, „აფხაზი ჩემი მტერია“, „ჩინელები და თურქები მოდიან დასაპყრობად“. სტერეოტიპების გამყარებას ხელს უწყობს ის გარემოება, თუ რა ტიპის კულტურას განვეკუთვნებით. არსებობენ კოლექტივისტური და ინდივიდუალისტული კულტურები. პირველ შემთხვევაში საზოგადოების მამოძრავებელი ძალა არის ჯგუფი. ჩვენ სწორედ ასეთი ტიპის საზოგადოებას განვეკუთვნებით. ჩვენთან ყოველთვის ჯგუფის ინტერესი პრევალირებს ინდივიდის ინტერესზე; ჩვენთან არსებობს – „გახსოვდეს, ვისი გორისა ხარ“.

არსებობენ ინდივიდუალისტური კულტურები, სადაც ინდივიდია მთავარი ერთეული. ასეთი კულტურა ნაკლებად დგება იმ გამოწვევების წინაშე, რაც კოლექტივისტური კულტურების წინაშეა. იქ ინდივიდი ნაკლებად ეჯახება გარემოს და ადამიანის უფლებები გაცილებით უფრო მაღალ დონეზეა. ის, რომ ეს სტერეოტიპები უნდა ჩავიკრათ გულში და გავუფრთხილდეთ მას, ჩვენი კულტურული ნორმაა. ეს რომ არ გავაკეთოთ, გარიყულები ვიქნებით და კონფლიქტში შევალთ ოჯახთან, გვართან, თემთან.

სტერეოტიპის სოციალურ ფუნქციაზე თუ ვისაუბრებთ, სტერეოტიპი სხვა ჯგუფთან მიმართებაში საკუთარი ჯგუფის მოქმედების გასამართლებლად გამოიყენება. „სუსტია და ვერ შეძლებს“ – ვამბობთ ქალზე და არ ვუშვებთ პოლიტიკაში. ანდაზები როგორიცაა: „გიჟს ნუ ჰკითხავ და ნურც დაუჯერებ“, „16 წლის ქალი ან ქმრის ან ქვის ქვეშ“, „სახელის გატეხას თავის გატეხა სჯობიაო“, „კუმ ფეხი გამოყო, მეც ნახირ-ნახირაო“, „კაი ცხენი დეზს არ ირტყამს და კაი ხარი შოლტსაო“, „არ მწამს არცა დიაცისა, არცა მოწმენდილი ცისა“ და სხვა, კვებავს სტერეოტიპულ განწყობებს. ასე როცა გძულს ვიღაც, როგორ შეიძლება ამან დისკომფორტი არ შეგიქმნას?

ლალი ანთიძე, დისკუსიის მონაწილე: ეს პირდაპირ მიდის სკოლებში, საგანმანათლებლო პროგრამებთან, ეს ნასწავლი და ჩაგონებული აქვთ. სხვანაირად როგორ იაზროვნონ? იცის, რომ არაბი კლავდა, აუპატიურებდა და ეს ხომ რჩება ბავშვის ცნობიერებაში. განსაკუთრებით მე-5, მე-6-კლასელებს როცა ვასწავლით ამას.

მაია ცირამუა: თეთრკანიანები და შავკანიანები სეგრეგირებულად ცხოვრობდნენ. დაძლიეს მათ შორის დისკრიმინაცია, როგორც კი შესაძლებლობა მისცეს ერთ კორპუსში ეცხოვრათ. როცა ადამიანს ხედავ, მის თვალებში ჩახედვა შეგიძლია, ხელით შეხება შეგიძლია, ხედავ, როგორ უხარია, როგორ სწყინს, როგორ შრომობს, როგორ ეფერება საკუთარ შვილს, იმსხვრევა ეს სტერეოტიპები. იმისთვის, რომ ის დაძლიო, ორივე მნიშვნელოვანია, აზროვნების შეცვლაც და ქცევის შეცვლაც.

გიორგი მასალკინი: რა ვუყოთ განწყობას, რომელიც მექმნება ობიექტურ საფუძველზე?

მაია ცირამუა: კონკრეტულ ფაქტებს უნდა დავეყრდნოთ. ძალიან ხშირად, ბავშვი თუ გაწითლდა, ვფიქრობთ, რომ დამნაშავეა. აქ ხომ რაღაც სტერეოტიპს ვეფუძნებით, ამ დროს ბავშვის სიწითლე შეიძლება სულ სხვა რამით იყოს განპირობებული.

ხშირად არის ხოლმე, რომ ძალადობის მსხვერპლ ქალს უჭირს ცხოვრების გაგრძელება. მამაკაცთან ურთიერთობაში სტერეოტიპი აქვს, რომ ყველა კაცი მოძალადეა. ამას ჩვენ ხშირად აზროვნების შეცდომასაც ვეძახით, რაც ხშირად რაღაც ტრავმული გამოცდილების შედეგია და ინტელექტთან არ არის კავშირში. არსებობს განზოგადების აზროვნების შეცდომაც. თუ ერთი გამოცდილება მქონდა ცუდი, მერე ამას მთელ ჯგუფს მივაწერ.

დისკუსია ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტში. ფოტო: თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი

ხათუნა მდინარაძე, დისკუსიის მონაწილე: თქვენ ახსენეთ, რომ სხვა ქვეყნებიც იდგნენ ამ პრობლემის წინაშე და რაღაცნაირად გადალახესო. რამე თანამედროვე მიდგომები რომ გაგვიზიაროთ დისკრიმინაციის საკითხებთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ ქართველებში ჩანს აგრესიის ფესვები, კარგად ჩანს ემპათიაც, ერთმანეთის თანადგომა და ა.შ. მოწოდების ფორმა არის არასწორი, რადგან გარკვეული ჯგუფები ამას იყენებენ და მანიპულირებენ.

მაია ცირამუა: პირველ რიგში, რა თქმა უნდა, განათლებაში ძალიან დიდი ფული იდება. ეს არის დანაშაულის პრევენციის საწინდარი, ფსიქიკური ჯანმრთელობის და ა.შ.

ემპათიის სწავლება სკოლაში ერთ-ერთი მაგალითია იმისა, როგორ შეიძლება ამას დაუპირისპირდე. ჩვენს ქვეყანაში სამოქალაქო განათლების გაკვეთილი ვერ ჩაგვიტარებია და გენდერი ვერ ჩაგვიწერია, იმიტომ, რომ ვიღაც, ისევ განათლების დეფიციტის გამო, ამით კარგად მანიპულირებს. არასდროს, ამ ქვეყანაში, არცერთი ხელისუფლებისთვის განათლება და სოციალური პოლიტიკა არ გახდა პრიორიტეტული.

მეორე საკითხია, მე როგორ ვიაზრებ და გადავამუშავებ იმ ისტორიულ მოცემულობებს, ჩემი ქვეყნის გამოცდილებას. ბოლო 30 წელია ერთი და იგივე წრეზე ვტრიალებთ, ვერ შევაფასეთ რა იყო 90-იანი წლები. ბევრი პასუხგაუცემელი კითხვაა, ჩვენ ვართ ის ხალხი, რომელიც სამწუხაროდ, მუდმივი გადარჩენის რეჟიმში ცხოვრობს. ჩვენს ქვეყანაში სიღარიბეა, საკუთარი ტყავის გადარჩენაა წამყვანი. ტრავმირებული საზოგადოება ვართ, მისთვის დამახასიათებელია ერთ ციკლში ტრიალი. აქედან რომ გამოხვიდე, უნდა გააცნობიერო ვინ ხარ, სად ხარ, რა გჭირს.

შორენა ფაღავა: თქვენ თუ გამოგიჭერიათ საკუთარი თავი რაღაც სტერეოტიპის ტყვეობაში. რა საჭიროება დგება მაშინ, როდესაც ვიცით, მაგრამ სტერეოტიპს მაინც ვიყენებთ?

მაია ცირამუა: კარგი კითხვაა, რა თქმა უნდა, გამომიჭერია. მე მიწევს ადამიანებთან მუშაობა, რომლებსაც სჭირდებათ ჩემი დახმარება, მე თუ არ ვიფიქრებ ჩემს წინასწარგანწყობებზე, ჩემს სტერეოტიპებზე, თუ არ მექნება თერმომეტრი, რომლითაც გავზომავ ჩემი დამოკიდებულებების ტემპერატურას ადამიანების მიმართ, შეიძლება ძალიან სერიოზული შეცდომა დავუშვა. თუ კი გაქვს მიუღებლობა იმ ადამიანისა, რომელთანაც მუშაობ, ვერ განკურნავ მას. შენი არაცნობიერი იმუშავებს კარგად და ისეთ შეცდომებს დაგაშვებინებს, აზრზეც ვერ მოხვალ. როდესაც რომელიმე მოწყვლადი, დისკრიმინირებული ჯგუფის წევრი მოდის ჩემთან, მე ყოველთვის ვიზომავ ტემპერატურას.

___

https://www.facebook.com/media.org.ge/videos/504298057151958/?v=504298057151958

_________________
შეხვედრა გაიმართა პროექტის „დემოკრატიული იდეებისა და ღირებულებების  პოპულარიზაცია აჭარაში“ ფარგლებში.  პროექტის  მხარდამჭერია ფონდი „ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის“ (NED).

გადაბეჭდვის წესი


ასევე: