მთავარი,სიახლეები

ვინ აღადგენს დაზიანებულ ქუჩებს ბათუმში – დავა 2 მილიონისთვის

20.02.2020
ვინ აღადგენს დაზიანებულ ქუჩებს ბათუმში – დავა 2 მილიონისთვის

ბათუმში კომუნალური ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო [IV ფაზის ] სამუშაოების გამო ლეონიძის, ხახულის, აღმაშენებლის, კობალაძის, ფიროსმანის, ინასარიძის, რუსთაველის ქუჩები და მიმდებარე ტერიტორიები გადაკეტილია. სამუშაოების დასრულების შემდეგ ქუჩების მოასფალტებისთვის ბათუმის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერს, ჯერჯერობით, გამარჯვებული არ ჰყავს.

საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაციის შემდეგ გზის აღდგენაზე ბათუმის მერიას 2 მილიონამდე ლარი აქვს გამოყოფილი. თუმცა უწყების მიერ გამოცხადებულ შესაბამის ტენდერში ორ კომპანიას დისკვალიფიკაცია მისცეს, რომელთაგან ერთ-ერთი დავების საბჭოში ჩივის. შესაბამისად, სატენდერო პროცედურების გამო, გამარჯვებულის გამოვლენა ჭიანურდება.

ჯავახიშვილის ქუჩა ბათუმში, რომელიც სანიაღვრე არხის მშენებლობის გამო ჩაკეტილია

კანალიზაციის სისტემის რეაბილიტაციის შემდეგ დაზიანებული ქუჩების აღდგენაზე ტენდერი ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ 1 999 970 ლარით 2020 წლის 16 იანვარს გამოაცხადა. წინადადებების მიღება 7 თებერვალს შეწყდა.

სატენდერო კომისიამ დისკვალიფიკაცია მისცა კომპანიას [შპს „გზატკეცილი+“], რომელმაც ყველაზე დაბალი ფასი – 1 649 977 ლარი დაასახელა. კომისიამ დისკვალიფიკაცია მისცა ასევე მომდევნო დაბალი შეთავაზების მქონე კომპანიას [შპს „პალადა“], რომელმაც სამუშაოების შესრულება კეთილმოწყობის სამმართველოს 1 799 000 ლარად შესთავაზა.

ორივე შემთხვევაში დისკვალიფიკაციის მიზეზად კომისია ასახელებს იმას, რომ ამ კომპანიების მიერ წარმოდგენილი ფასების ცხრილი არ შეესაბამება ტენდერით განსაზღვრულ მოთხოვნებს.

კომისიის გადაწყვეტილებას არ ეთანხმება შპს „პალადა“, რომელმაც ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს შესყიდვების სააგენტოს დავების საბჭოში უჩივლა.

„მივიჩნევთ, რომ სატენდერო კომისიის გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას. შესაბამისად, მოვითხოვთ გაუქმდეს სატენდერო კომისიის [შესაბამისი ოქმით] მიღებული გადაწყვეტილება შპს „პალადას“ დისკვალიფიკაციის შესახებ. მოვითხოვთ, ჩვენ მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის შემსყიდველის მიერ განხილვა განხორციელდეს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად,“ – აღნიშნულია კომპანიის საჩივარში.

დავის განხილვის დროდ შესყიდვების სააგენტოს 2020 წლის 25 თებერვალი აქვს ჩანიშნული.

სატენდერო პროცედურები გრძელდება.

სატენდერო კომისიამ მესამე პრეტენდენტს – შპს „გზებს“, რომელმაც წინა ორთან შედარებით გაცილებით მაღალი თანხა დაასახელა – 1 900 000 ლარი, ფასების ცხრილის დაზუსტება მოსთხოვა.

ფასების ცხრილის შეუსაბამობისთვის კი დაბალი შეთავაზების მქონე კომპანიებს პირდაპირ დისკვალიფიკაცია მისცა.

ამონარიდები სატენდერო კომისიის შესაბამისი ოქმებიდან:

ტენდერი შერჩევა/შეფასების ეტაპზეა.

ამ თემაზე:

ბათუმის მერია: ტრანსპორტის მოძრაობის მარშრუტი დროებით შეიცვლება

მთავარი ფოტო: ფიროსმანის ქუჩა ბათუმში, სადაც სანიაღვრე სისტემა მოეწყო

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: