მთავარი,სიახლეები

გომელაური პრემიერთან დაპირისპირებაზე: ჩვენ ვურთიერთობთ, ვმეგობრობთ

21.02.2020
გომელაური პრემიერთან დაპირისპირებაზე: ჩვენ ვურთიერთობთ, ვმეგობრობთ

შს მინისტრ ვახტანგ გომელაურს, რომელიც პრემიერ გიორგი გახარიასთან ერთად დღეს ბათუმში იმყოფება, ჟურნალისტებმა ჰკითხეს პრემიერთან მისი დაპირისპირების შესახებ, რაც მინისტრმა უარყო.

„ის დაპირისპირება, რასაც თქვენ ამბობთ, არანაირი დაპირისპირება ჩემსა და გიორგის შორის არ არის… არამარტო ეხლა, რაც პრემიერია და მე შინაგან საქმეთა მინისტრი ვარ, წლებია ჩვენ ვურთიერთობთ, ვმეგობრობთ, არანაირი დაპირისპირება არ არის“.

ჟურნალისტმა შს მინისტრს შეახსენა თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ლევან იზორიას ძმასთან დაკავშირებული სკანდალის შესახებ, როცა გომელაურმა იზორიას ძმის მიერ პოლიციელ გიორგი დვალიშვილის მიმართ განხორციელებულ ზეწოლაზე ვიდეოს გავრცელების შემდეგ თქვა, „იქნება, პოლიციელები აყენებდნენ შეურაცხყოფას?“

გიორგი გახარიამ ამ საკითხის შეფასებისას კი თქვა: „რაც ამ კადრებში ვნახე, არის ამაზრზენი“.

ვახტანგ გომელაურის დღეს გაკეთებული განცხადებით, ის ეთანხმება „ამ ადამიანის“, ანუ პრემიერის შეფასებას: „ყველა ჩვენ ხომ ერთი და იგივე ადამიანი არ ვართ. მე ჩემი აზრი მაქვს, მას თავის აზრი აქვს. გამოხატა ეხლა. მოსაწონი… რაც თქვა ამ ადამიანმა, ვეთანხმები. მოსაწონი, როგორ იყო. მეც არ მითქვია, ჩემი განცხადების ინტერპრეტაცია გააკეთეს, შეატრიალეს, შემოატრიალეს სამწუხაროდ და ეს თქვეს თორემ, მე არ მითქვია, რა კარგია და რა კარგად მოიქცა, ვთქვათ, ეს ადამიანი“.

გიორგი გახარია და ვახტანგ გომელაური დღეს ერთად მივიდნენ აჭარის პოლიციის დეპარტამენტში, სადაც პოლიციელებს ბინები გადასცეს. გახარიამ პოლიციის ტერიტორია კომენტარის გარეშე დატოვა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.