მთავარი,სიახლეები

როგორ იცვლება წარმოდგენები სექსზე – რას განიხილავენ კაცების ჯგუფში ფეისბუქზე

20.02.2020 • 2931
როგორ იცვლება წარმოდგენები სექსზე – რას განიხილავენ კაცების ჯგუფში ფეისბუქზე

„გასულ წელს კითხვები მქონდა და რომ დავძებნე ინტერნეტში, არსად იყო ისეთი ჯგუფი, სადაც ჩემს კონკრეტულ ამბავს მოვყვებოდი, სადაც ინფორმაციას მივიღებდი… ქალების ჯგუფი უკვე არსებობდა. ჩვენთან ჯერ კიდევ ტაბუდადებულია საუბარი სექსზე. ამ თემაზე მშობელიც კი არ საუბრობს საკუთარ შვილთან, არც სკოლებში საუბრობენ ამაზე. ავდექი და კაცების ჯგუფის შექმნა გადავწყვიტე“, – გვიყვება დემეტრე მამულაშვილი. იგი თბილისში, ერთ-ერთ კომპანიაში, სოციალური მედიის მენეჯერად მუშაობს.

რამდენიმე თვის წინ დემეტრე მამულაშვილმა „ფეისბუქში“ კაცებისთვის სპეციალური, დახურული ჯგუფი შექმნა – „მამაკაცების ჯანმრთელობა და მხარდაჭერა“.

ახლა დემეტრე ამაყობს, რომ უკვე არაერთი კაცი ნახა, რომელთა შეხედულება სექსზე, ქალის სექსუალობაზე ან სექსუალურ ორიენტაციაზე შეიცვალა და არაერთ შემთხვევაში აგრესია თანაგრძნობამ ჩაანაცვლა.

ჯგუფში კაცები სხვადასხვა პრობლემაზე საუბრობენ, რაც სექსუალურ ჯანმრთელობას უკავშირდება, ასევე განიხილავენ სქესობრივი აქტის სირთულეებს, სექსუალობას, სტერეოტიპებს, სტიგმებს.

ჯგუფის წევრობა 14 წლის ასაკიდან შეიძლება და დამატებამდე ჯგუფის რომელიმე ადმინი თქვენს ნადვილობას თქვენივე ფეისბუქპროფილით ამოწმებს. ჯგუფში აკრძალულია სიძულვილის ენის გამოყენება, ჰომოფობია, დისკრიმინაცია, ბულინგი და კონფიდენციალობის წესების დარღვევა. მას შემდეგ, რაც ჯგუფის წევრთა რაოდენობამ 25 ათასამდე გმიაღწია და მის მიმართ მარკეტინგული ინტერესიც გაიზარდა, თითოეულ პოსტს ექიმიც ნახულობს და ფსიქოლოგიც. დემეტრე ამბობს, რომ ხშირად უწევს პირადი მიმოწერაც კაცებთან, რომლებსაც პოსტის გამოქვეყნება სურთ.

დემეტრე მამულაშვილი

„პირადად ვწერ მაშინ, როცა ადამიანს შეურაცხმყოფელი პოსტის დადება სურს, ან კომენტარი აქვს აგრესიული, ან სქრინავს საუბარს და თავის გვერდზე გააქვს. თავიდან უფრო იყო შემთხვევები და სქრინების გამო რამდენიმესთან დამშვიდობებაც მოგვიხდა… ჩვენი მიზანი არაა ვინმეს ჯგუფიდან წასვლა. ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა ისაუბროს გულწრფელად საკუთარ გამოცდილებაზე, პრობლემაზე, რომელიც აქვს, მიიღოს ინფორმაცია სექსუალურ ჯანმრთელობაზე,“ – გვითხრა დემეტრე მამულაშვილმა.

დემეტრეს დაკვირვებით ადამიანებს მინიმალური ინფორმაციაც კი არ აქვთ იგივე სექსუალური კავშირით გადამდებ დაავადებებზე. დემეტრე აქცენტს აკეთებს იმაზეც, რომ დღეს ინტერნეტში თითქმის ყველაფრის პოვნაა შესაძლებელი, თუმცა ადამიანები ხშირად ყალბი ამბების მსხვერპლი სექსუალური განათლების კუთხითაც ხდებიან.

გარდა ამისა, სხვადასხვა სოციალური ქსელის და აქტიური კომუნიკაციის პირობებში, ადამიანებს უჭირთ ისაუბრონ სექსთან ან სექსუალობასთან დაკავშირებულ პრობლემებზე.

„ალბათ უფრო სექსუალური რევოლუციის სტადიაში ვართ ისევ…“ – გვიზიარებს დასკვნას დემეტრე. მისი დაკვირვებით და პოსტებზე თვალის გადავლებითაც ჩანს, რომ კაცებს აქტიურად სურთ ნებისმიერ თემაზე საუბარი, რომელიც სექსს უკავშირდება და ხშირად ჩანს მოცემულობა, როცა ისინი ღიად ან ფარულად მხარს უჭერენ აქამდე კულტურული გავლენებით გამოწვეულ სტიგმატიზებულ დამოკიდებულებებს.

„ერთი კაცი მწერდა, რომ ჯგუფის დაარსებიდანვე მისი წევრია, მაგრამ თვეების განმავლობაში მხოლოდ აკვირდებოდა, რას დაწერდნენ სხვები. ახლა მოუნდა, საკუთარი პრობლემის გაზიარებაც. ანუ მას სათქმელი თავიდანვე ჰქონდა… მე მჯერა, რომ კაცებს, რომლებიც ახლა ამ ჯგუფში არიან, მინიმუმ საკუთარ შვილებთან არ მოერიდებათ სექსუალურ განათლებაზე საუბარი და არც იმას იტყვიან, რომ სექსზე საუბარს ტაბუ უნდა ედოს,“ – გვითხრა დემეტრე მამულაშვილმა.

დემეტრეს თქმით, აგრესიული კომენტარები ჯგუფში ხშირად აღარ ქვეყნდება და, შესაბამისად, არც მათი წაშლა უწევს. მისი დაკვირვებით, აგრესიული და ჰომოფობიური კომენტარები არც მაშინაა ბევრი, როცა, მაგალითად, განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის ადამიანები აღწერენ საკუთარ პრობლემას.

„იყო რამდენიმე შემთხვევა, მაგრამ პირადში მივწერეთ. ავუხსენით, რომ სიძულვილის ენა ან ბულინგი დაუშვებელია. ვეუბნები, რომ თუ ასე გააგრძელებენ, დამშვიდობება მოგვიწევს. ყოფილა მომენტი, როცა დამეგობრებულან ჰომოფობიურად განწყობილი ადამიანი და ის, ვინც ლგბტ თემის მხარდამჭერია, მერე მოუწერიათ კიდეც, როგორი ცუდი ხალხი მეგონა, თურმე, რა კარგი ტიპები ყოფილანო“, – იხსენებს დემეტრე მამულაშვილი.

როდის იცვლება აგრესია თანაგრძნობით?

დემეტრე მამულაშვილის დაკვირვებით, აგრესია მაშინ  იცვლება, როცა ადამიანებს ინფორმაცია აქვთ და არსებობს გარემო, სადაც ადამიანები ერთმანეთს ენდობიან. დემეტრე მიიჩნევს, რომ პრობლემების უშუალო გაზიარებით სოლიდარობის განცდას აჩენს ჯგუფის წევრებს შორის.

„პირველ რიგში, განათლებაა საჭირო. შემდეგ ნდობა… ამ ჯგუფში ხშირად წერენ ადამიანები პრობლემის შესახებ საკუთარი გამოცდილებით. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, როცა ადამიანები უშუალოდ უყვებიან ერთმანეთს საკუთარ პრობლემებზე და ხედავ სხვების განწყობებსაც.

მე რომ 15 წლის ვიყავი, ასეთი ჯგუფი ყოფილიყო, რაღა მინდოდა – სულ ჩემეულ დასკვნებს ვაკეთებდი,“ –  თვითირონიით ასრულებს საუბარს დემეტრე მამულაშვილი.

მამაკაცების ჯგუფში დაახლოებით 25 ათასი წევრია. გაცილებით ადრე შეიქმნა ქალების ჯგუფი, სადაც 70 ათასამდე ქალია.

ამ თემაზე:

https://batumelebi.netgazeti.ge/news/255002/

 

 

გადაბეჭდვის წესი