მთავარი,სიახლეები,ჯანმრთელობა

როგორ ამოვიცნოთ და დავწიოთ სისხლში მომატებული ქოლესტერინის დონე

21.02.2020 • 53167
როგორ ამოვიცნოთ და დავწიოთ სისხლში მომატებული ქოლესტერინის დონე

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, გლობალურად, გულის იშემიური დაავადების მესამედი ორგანიზმში მაღალი ქოლესტერინის დონეს უკავშირდება და ყოველწლიურად მსოფლიოში დაახლოებით 2.6 მილიონი ადამიანის სიკვდილის მიზეზი ხდება, რაც მთლიანი გარდაცვალებების 4.5 პროცენტს შეადგენს.

ქოლესტერინი ცხიმოვანი ნივთიერებაა, რომელიც ძირითადად ჩვენს სისხლში ცირკულირებს. ენდოკრინოლოგი შოთა ჯანჯღავა ამბობს, რომ ორგანიზმში ქოლესტერინის არსებობა ხშირად არასწორად ესმით. ექიმის თქმით, ქოლესტერინი ყოველთვის „ცუდი“ არ არის, მას ბევრი ფუნქცია აკისრია ჩვენს ორგანიზმში, პირველ რიგში კი, ქოლესტერინი ორგანიზმს ახალი ჯანმრთელი უჯრედების საშენ მასალად სჭირდება, იგი მონაწილეობს ჰორმონების სინთეზში, მაგრამ თუ ჭარბი რაოდენობით დაგროვდა – საზიანოა ჯანმრთელობისთვის.

MayoClinic: მაღალი ქოლესტერინისას, შესაძლოა, სისხლძარღვებში განვითარდეს ცხიმოვანი ჩანართები. თანდათანობით, ეს ჩანართები იზრდებიან და არტერიებში სისხლის საკმარისი რაოდენობის მიმოქცევას აფერხებენ. ზოგჯერ, ეს ჩანართები მოულოდნელად იშლებიან და შედედების გზით თრომბად იქცევიან, რაც იწვევს ინფარქტს ან ინსულტს.

  • ბატონო შოთა, რა იწვევს ქოლესტერინის დონის მატებას ორგანიზმში?

ქოლესტერინის დონე ძირითადად მატულობს არასწორი კვების რეჟიმის გამო, მაგალითად, როცა ადამიანი იღებს დიდი რაოდენობის ცხიმოვან საკვებს. ზოგადად, მთელს მსოფლიოში შეინიშნება ქოლესტერინის დონის მატების ტენდენცია, ეს გამოიწვია იმან, რომ არაჯანსაღი ცხოვრების წესით ვცხოვრობთ, ვიკვებებით სწრაფი კვების ობიექტებში, ტკბილეულით, ვსვამთ ტკბილ წვენებს, გაზირებული სასმელებს. ეს პირდაპირ მოქმედებს ქოლესტერინის მატებაზე. ზოგჯერ პაციენტი ამბობს, რომ ცხიმიანს არ ჭამს, მაგრამ როცა ჩავეკითხები, აღმოჩნდება, რომ ტკბილს ჭამს, რაც ასევე ახდენს ქოლესტერინის დონის მატებას ორგანიზმში.

ხდება ხოლმე, როცა ადამიანი იკვებება ჯანსაღად, მაგრამ მის ორგანიზმში მაინც მატულობს ქოლესტერინი, ეს განპირობებულია ან ფერმენტაციული ცვლის დარღვევით ღვიძლში, ან გენეტიკური წინასწარგანწყობით. ცხადია, ამ შემთხვევაშიც კვების რეჟიმი დაცული უნდა იყოს, მაგრამ სამწუხაროდ მხოლოდ კვების რეგულირება დადებით შედეგს ვერ მოგვცემს.

  • რა სიმპტომები ვლინდება სისხლში ქოლესტერინის მომატება?

ყველაზე თვალსაჩინო არის სიხლძარღვოვანი (გულსისხლძარღვთა სისტემის) ცვლილებები, როგორიც არის არტერიული წნევის მატებისკენ ტენდენცია; ასევე,  ჭარბი წონისკენ მიდრეკილება; თუ ადამიანს აქვს იშემიური პათოლოგია, ეს მიუთითებს, რომ სისხლის მოძრაობა გართულებულია, რადგანაც სისხლძარღვში ქოლესტერინის ჩანართები განაპირობებს აღნიშნულ ცვლილებებს. ასევე ძალიან ცხადი სიმპტომია კანის ზედაპირზე ცხიმგროვები ე.წ. „ჟირავიკები“. ესეც მიუთითებს, რომ ორგანიზმში დარღვეულია ცხიმოვანი ცვლა. ამ დროს შეიძლება არ იყოს საერთო ქოლესტერინი მომატებული, მაგრამ იყოს დარღვეული ცხიმოვანი ცვლის ბალანსი, რაც ასევე საყურადღებოა.

  • რამდენად კავშირშია ქოლესტერინის მატებასთან თვალთან არსებული ცხიმგროვები?

ასეთი გამოვლინებაც კავშირშია ქოლესტერინთან, თუმცა ამ დროს შეიძლება სისხლში ქოლესტერინის მატება ვერ დავაფიქსიროთ, მაგრამ უკვე მიმდინარეობს ცხიმოვანი ცვლის დარღვევა. საქმე ის არის, რომ ორგანიზმი ცდილობს მოიცილოს სისხლძღარღვებიდან (ანუ მოცირკულირე სისხლიდან) ქოლესტერინის ჭარბი რაოდენობა, რათა სისხლმა უკეთ იმოძრაოს. აქედან გამომდინარე, ის პოულობს ადგილებს, სადაც ალაგებს ამ ზედმეტ ქოლესტერინს. ეს შეიძლება იყოს კანქვეშ, თვალებთან ან სხვა ადგილას.

ქოლესტერინის მაღალი დონით გამოწვეული წარმონაქმნები თვალის მიდამოში მას შემდეგაც რჩება სახეზე, როცა პაციენტი ქოლესტერინის დონეს დაარეგულირებს ჯანსაღი კვებით ან სხვა ჩარევებით. ცხიმგროვის მოსაშორებლად კოსმეტიკურ/ქირურგიული ჩარევა ხდება საჭირო. თუ ეს ასეთი შემთხვევა დაფიქსირდა, პაციენტმა მუდმივად უნდა აკონტროლოს ქოლესტერინის დონე სისხლში.

  • კონკრეტულად რას აზიანებს ქოლესტერინის მომატება?

პირველი, რასაც იწვევს, არის გულ-სისხლძარღვთა სისტემის პათოლოგიები, როგორიცაა: ისნულტი, ინფარქტი, იშემიური ცვლილებები, ასევე, ათეროსკლეროზული ცვლილებები. შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლის გაცხიმოვნება, რომლის შემდეგაც შესაძლოა ჩამოყალიბდეს ცხიმოვანი ჰეპატოზი. შემდგომ ეტაპზე, ცხიმოვანი ფოლაქების ჩალაგების შედეგად, უკვე მთელს ორგანიზმზე ახდენს გავლენას.

  • რამდენად კავშირშია ქოლესტერინი ჭარბ წონასთან?

შესაძლოა ქოლესტერინის მომატებული დონე ჭარბი წონიდანაც მომდინარეობდეს, მაგრამ ისე არ უნდა გავიგოთ, თითქოს აუცილებლად ყველა ჭარბწონიან ადამიანს ქოლესტერინის დონე ჰქონდეს მაღალი. შეიძლება ადამიანი ძალიან  გამხდარი იყოს, მაგრამ ქოლესტერინი მაინც მაღალი ჰქონდეს. ასეთ შემთხვევაში ყურადღება ექცევა გენეტიკურ ფაქტორებს, როგორია ენდოკრინული პათოლოგიები, ან ჰიპოთიროიდული მდგომარეობა, ანუ ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიური ჰიპოთირიოზები ხომ არ არის, რომელიც იძლევა ამ სიმპტომებს.

  • როგორ ხდება მკურნალობა?

დავიწყოთ იქედან, რომ თუ ქოლესტერინის დონე ერთხელ მოიმატებს, მას მთელი ცხოვრება სჭირდება კონტროლი, კვებითი რეგულაციების დაცვა იქნება აუცილებელი. პირველი წამალი სწორედ ეს არის – დოზირებულ ფიზიკურ აქტივობასთან ერთად. თუ ამის შედეგად ვერ ვიღებთ შედეგს, შემდგომში  არის შედარებით უფრო მსუბუქი და ძლიერი მედიკამენტები, რომლებიც არეგულირებენ ქოლესტერინის დონეს.

ქრონიკულმა პაციენტებმა გაორმაგებულად უნდა აკონტროლონ ლიპიდური ცვლისა და ქოლესტერინის დონე ორგანიზმში. ზოგიერთ მათგანს  შესაძლოა მთელი ცხოვრებაც კი დასჭირდეს მედიკამენტის მიღება, რომ ქოლესტერინის დონე იყოს დარეგულირებული. მაგრამ ეს მედიკამენტები, გარკვეულწილად, ღვიძლზე ახდენენ გავლენას, ამიტომ პაციენტმა უნდა აკონტროლოს არამარტო ქოლესტერინის დონისა და ლიპიდური ცვლის მთელი სპექტრი, არამედ ღვიძლის ფუნქციებიც.

  • როგორ უნდა ვიკვებოთ ქოლესტერინის დონის დასარეგულირებლად?

ყველა სახის ბოსტნეული დადებით გავლენას ახდენს ქოლესტერინის დონის დარეგულირებაზე. თუმცა ცხიმოვანი პროდუქტების ერთიანად ამოღება კვების რაციონიდან, არ შეიძლება. ცხიმის გარკვეული რაოდენობით მიღება აუცილებელია ორგანიზმისთვის. განსაკუთრებით კარგია, თუ მივიღებთ თევზსა და ომეგა 3-ს, რომელიც დადებით გავლენას ახდენს ქოლესტერინის დონის რეგულირებაზე.

  • აქვს თუ არა მნიშვნელობა ცხიმი რა სახისაა – ხელვნური  თუ ნატურალური?

ყველა ცხიმი ახდენს ზეგავლენას ქოლესტერინის დონის მატებაზე. ხელოვნური/მცენარეული ცხიმების შემთხევვაში, პროდუქტს აქვს ბევრი დანამატი, მასში არის არასწორი ცხიმების ნაჯერი და უჯერი კომბინაცია და ამან შეიძლება ცოტათი უფორ მეტად გააუარესოს ქოლესტერინის დონე ორგანიზმში, ვიდრე ნატურალურმა კარაქმა. თუმცა ნატურალური კარაქიც ახდენს ზეგავლენას ქოლესტერინის დონის მატებაზე. რა თქმა უნდა, დოზირებულად –  ერთი ნაჭერი კარაქიანი პური ჯანსაღი კვების რაციონში დაშვებულია.

რეკომენდაციები

შეზღუდეთ ქოლესტერინის მიღება – დღის განმავლობაში უნდა მიიღოთ 0.2 გრამ ქოლესტერინზე ნაკლები. ქოლესტერინს შეიცავს ცხოველური წარმოშობის პროდუქტები, მაგალითად, ღვიძლისა თუ სხვა ორგანოების ხორცი, კვერცხის გულები, კრევეტები და რძის პროდუქტები.

მიიღეთ ბლომად უჯრედისით მდიდარი საკვები. ეს საკვები აფერხებს საჭმლის მომნელებელი სისტემის მიერ ქოლესტერინის ათვისებას. ასეთი საკვებია:

  • მთლიანმარცვლიანი პროდუქტები, როგორიცაა: შვრია და შვრიის ქატო
  • ხილი, როგორიცაა: ვაშლი, ბანანი, ფორთოხალი, მსხალი და ქლიავი
  • მარცვლოვანი პროდუქტები: შავი და მწვანე ლობიო, ოსპი, მუხუდო
  • მიირთვით ბევრი ხილი და ბოსტნეული. ასეთი დიეტა ორგანიზმში ამაღლებს იმ კომპონენტებს, რომლებიც ქოლესტერინის დონეს ადაბლებენ.

წყარო: medlineplus.gov – აშშ-ს ეროვნული სამედიცინო ბიბლიოთეკის გვერდი

გადაბეჭდვის წესი


ასევე: