მთავარი,სიახლეები

რატომ იზრდება პარკინგის გადასახადი ბათუმში – „ავტოტრანსპორტის“ არგუმენტები

20.02.2020 • 2895
რატომ იზრდება პარკინგის გადასახადი ბათუმში – „ავტოტრანსპორტის“ არგუმენტები

„ბათუმის ავტოტრანსპორტმა“ საკრებულოს პარკინგის საფასურის გაზრდის ინიციატივით მიმართა. ცვლილება დარღვევით გაჩერებული ავტომანქანების სპეციალურ ავტოსადგომზე გადატანის საფასურსაც უნდა შეეხოს. რა არგუმენტები აქვს ორგანიზაციას? – ამ საკითხზე „ბათუმის  ავტოტრანსპორტის“ ადმინისტრაციის უფროსს, მარად სანიკიძეს ვკითხეთ.

  • ბატონო მარად, რა არის თქვენი არგუმენტი, როცა პარკირების საფასურის გაზრდას ითხოვთ?

პირველ რიგში, გეტყვით, რომ პარკირების ორგანიზებაზე ბათუმის მუნიციპალიტეტში დადგენილება მიღებულია 2013 წლის 28 თებერვალს და სწორედ ამ დადგენილებით ხორციელდება პარკირების ადმინისტრირება და ორგანიზება ბათუმში. ჩვენი ორგანიზაცია პასუხისმგებელია პარკირების ადგილების მოწყობაზე. ბათუმში 2018-2019 წლებში დაიხაზა დაახლოებით 2000 სადგომი. დაიხაზა კაჩინსკების და შარტავას ქუჩები ორივე მხარეს, პუშკინის ქუჩა თავდადებულის ქუჩის კვეთიდან სოხუმის ქუჩის კვეთამდე. ასევე დაიხაზა ტაბიძის ქუჩის მონაკვეთი სრულად – ჯამში ბათუმს დაემატა 2000 ახალი ადგილი პარკინგისთვის.

  • თქვენ ახლა ჩამოთვალეთ ისეთი ქუჩები, რომლებსაც ისედაც იყენებდნენ მძღოლები უფასოდ, რადგან არ იყო ოფიციალური პარკინგის ადგილი. ამით რამდენად შეიცვლება ვითარება, ის დისკომფორტი, რაც ადამიანებს აქვთ ბათუმში პარკირების გამო?

პირველ რიგში, გეტყვით, რომ პარკირების პრობლემა არ არის დამახასიათებელი მხოლოდ ბათუმის მუნიციპალიტეტისთვის, ყველა განვითარებულ ქვეყანაში, ნებისმიერ სახელმწიფოში, პარკირების პრობლემა პირველ ადგილზე დგას. ძალიან ბევრი ქალაქი დღემდე ვერ ჭრის მაგ საკითხს, ბათუმი არ არის ამ მხრივ გამონაკლისი.

  • თუნდაც ასე იყოს, ეს რას ამსუბუქებს ბათუმელებისთვის?

არაფერს არ ამსუბუქებს, მაგრამ არც იმ არგუმენტს, რასაც თქვენ მეუბნებით, რომ 2013 წელს დადგენილი ფასი უნდა დარჩეს უცვლელი…

  • მე ეს არ მითქვამს ბატონო მარად, მე გკითხეთ რა არგუმენტები გქონდათ, როცა ფასის მომატება გადაწყვიტეთ…

პირველ რიგში, ამ გადაწყვეტილების საფუძველს წარმოადგენს პარკირების წესების ორგანიზების მოწესრიგება. ეს გულისხმობს იმას, რომ ორგანიზაციამ დახაზა დამატებით 2000 ადგილი, ე.წ. ჭაობის დასახლების ქუჩებში, რომლებიც უკვე რეაბილიტებულია. წელს იხაზება ასევე, შესაბამისად, წელს კიდევ გაიზრდება 1500 ადგილით, ამიტომაც მიზანშეწონილად მიგვაჩნია, განხორციელდეს ცვლილება. თუმცა ეს ინიციატივა არ ნიშნავს იმას, რომ აუცილებლად დამტკიცდება საკითხი. ჯერ კიდევ კომისიებმა უნდა განიხილონ, ჩვენ მათგან წინააღმდეგობაც გვქონდა. რა თქმა უნდა, საკრებულო თუ მიიჩნევს მიზანშეწონილად, მაშინ ეს არ გადაწყდება. წერილობითი კორესპონდენცია არ გულისხმობს იმას, რომ ცვლილება აუცილებლად განხორციელდება.

  • საკითხი საკრებულოს შემდეგი სხდომის დღის წესრიგშია უკვე. ეს იმას ნიშნავს, რომ კომისიებიც გაიარა და ბიუროც. როგორც მივხვდი, თქვენი არგუმენტია – მართალია, პარკინგის პრობლემა გვაქვს, პრობლემები ექმნებათ მძღოლებს, რომლებსაც პარკირების საფასური გადახდილი აქვთ, მაგრამ 2000 სადგომით გაიზარდა პარკირების ადგილები და ამიტომაც  უნდა გაძვირდეს გადასახადი. ასეა ეს? უძვირდებათ გადასახადი?

ბათუმი არის ტურისტული ქალაქი – ბევრი გადახდა გვაქვს ჩვენ ერთთვიანი, შვიდდღიანი, ათდღიანი და შესაძლებელი იქნება, რომ განხორციელდეს ცვლილებები.

 

https://batumelebi.netgazeti.ge/news/254953/

გადაბეჭდვის წესი


ასევე: