ბათუმი,მთავარი,სიახლეები

ბათუმის მერია „იაფ სახლში“ ბინის მსურველთა განცხადებების მიღებას 2 მარტიდან დაიწყებს

21.02.2020 • 6219
ბათუმის მერია „იაფ სახლში“ ბინის მსურველთა განცხადებების მიღებას 2 მარტიდან დაიწყებს

ბათუმის მერია ხელმისაწვდომი საცხოვრისის [ე.წ. „იაფი სახლის“] პროექტის ფარგლებში მოქალაქეთა განცხადებების მიღებას იწყებს.

მერიის ინფორმაციით, პროგრამაში მონაწილეობის მსურველთა განაცხადების მიღება 2020 წლის 2 მარტიდან დაიწყება და 29 მაისს დასრულდება.

აპლიკანტებმა მერიის სერვისცენტრებში უნდა წარადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:

  • შევსებული განაცხადის ფორმა
  • ოჯახის წევრთა პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ასლები
  • ბავშვების დაბადების მოწმობის ასლები (პირადობის მოწმობის არარსებობის შემთხვევაში)
  • ცნობა ოჯახის ერთი სრულწლოვანი წევრის მაინც ბათუმში რეგისტრაციის შესახებ, რეგისტრაციის თარიღის მითითებით
  • ცნობა ოჯახის წევრების სამუშაო ადგილიდან (ხელფასის მითითებით) მიმდინარე და ბოლო ერთი წლის პერიოდისათვის, ასევე, იმავე პერიოდისათვის საბანკო ამონაწერი და ცნობა საგადასახადო ორგანოდან საშემოსავლო გადასახადის გადახდის შესახებ
  • ცნობა საჯარო რეესტრიდან და ტექნიკური აღრიცხვის არქივიდან საქართველოს მასშტაბით ოჯახის წევრთა საკუთრებაში უძრავი ქონების არსებობის/არარსებობის შესახებ
  • ოჯახის ამჟამინდელ საცხოვრებელთან დაკავშირებით ქირავნობის ან სხვა შესაბამისი ხელშეკრულების ასლი (არსებობის შემთხვევაში), ან ქონების მესაკუთრის წერილობითი დოკუმენტი (ნოტარიულად დადასტურებული) ქონებით სარგებლობის თაობაზე
  • ცნობა „კრედიტინფო საქართველოდან“ ოჯახის ყველა სრულწლოვან წევრზე სესხის არსებობის/არარსებობის შესახებ. საბანკო სესხის არსებობის შემთხვევაში, გადახდის მდგომარეობის შესახებ
  • ცნობა ოჯახის სოციალურად დაუცველთა ბაზაში რეგისტრაციის არსებობის/არარსებობისა და მინიჭებული ქულების შესახებ
  • ცნობა (შესაბამისი დოკუმენტი) ოჯახის წევრების სპეციალური სტატუსის შესახებ – შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები ოჯახში, ახალდაქორწინებული წყვილი, მარჩენალდაკარგული, ომის ვეტერანი და სხვა (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
  • განმცხადებელი უფლებამოსილია განაცხადს დაურთოს სხვა დოკუმენტაცია, რომელიც მისი მოსაზრებით შეიძლება საფუძვლად დაედოს მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას. მიღებული განაცხადების შესწავლა-გადარჩევა, აპლიკანტი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესწავლა, ანკეტის შევსება, აპლიკანტი ოჯახების მონაცემთა ბაზის შექმნა და სარეიტინგო ქულების მინიჭება მოწვეული კონსულტანტის მიერ განხორციელდება. კონსულტანტი, რომელმაც აპლიკანტები უნდა შეარჩიოს, განაცხადების მიღების დასრულების შემდეგ, სახელმწიფო შესყიდვების საშუალებით გამოვლინდება.

„იაფ სახლთან“ დაკავშირებით ბათუმის მერის ბრძანებით სპეციალური კომისია შეიქმნება, რომელშიც არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებიც შევლენ.

პროგრამის ფარგლებში, ბინის ფასს მომავალი მესაკუთრე 15 წლის განმავლობაში გადაიხდის.

„იაფი სახლის“ ფარგლებში გასანაწილებელი თითოეული ბინის ფართობი და ფასი:

ბათუმის მერიამ დააზუსტა და საკრებულომ დაამტკიცა ახალი კრიტერიუმები, რომლის მიხედვითაც ხელმისაწვდომი საცხოვრისის [ე.წ. „იაფი სახლის“] პროგრამის ფარგლებში შეირჩევა ოჯახები, რომლებსაც ბინები გადაეცემათ.

ხელმისაწვდომი საცხოვრისის, იგივე „იაფი სახლის“ პროგრამის ფარგლებში, ბათუმში, ჯავახიშვილის N78ა-ს მიმდებარედ, ორი ხუთსართულიანი სახლის მშენებლობა დასრულდა. მერიის ინფორმაციით, კორპუსებში ყველა ბინა გარემონტებულია. ორივე კორპუსში, ჯამში, ერთ-ორ-და სამოთახიანი 40 ბინაა. სახლების მშენებლობაზე ხელშეკრულება 2 349 999 ლარზე იყო გაფორმებული.

იმავე მისამართზე კიდევ ორი ხუთსართულიანი საცხოვრებელი სახლი შენდება. ხელშეკრულება 2 317 747 ლარზეა გაფორმებული. ამ კორპუსების მშენებლობა 2020 წლის 23 მარტს უნდა დასრულდეს.

„იაფ სახლთან“ დაკავშირებით ვრცლად იხილეთ ბმულზე

„იაფი სახლის საქმეზე“ 2020 წლის 27 იანვარს, მოსამართლე დავით მამისეიშვილმა ბათუმის ყოფილ მერს, გიორგი ერმაკოვს, 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, არჩილ ვანაძე კი, მოსამართლემ უდანაშაულოდ მიიჩნია და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.

მოსამართლემ, ამავე საქმეზე, წელიწად-ნახევრით თავისუფლება აღუკვეთა ეგარსლან ლომიძეს – სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის. კიდევ ოთხ ბრალდებულს კი, მოსამართლემ 25-25 ათასი ლარის გადახდა დააკისრა გულგრილობისთვის. მათ 20-20 ათასი ლარის გადახდა მოუწევთ, რადგან რამდენიმე თვე წინასწარ პატიმრობაში იყვნენ.

ბათუმის ყოფილი მერი, გიორგი ერმაკოვი და მერიის კიდევ ექვსი მაღალჩინოსანი პროკურატურამ 2019 წლის 30 მაისს დააკავა. მათ გამოძიება დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხის გაფლანგვას და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებოდა. საუბარია ხელმისაწვდომი საცხოვრისის“ [„იაფი სახლის“] პროექტზე, რომლის გამოც ჩატარებულ ტენდერზე მილიონ 370 ათასი ლარი გაიფლანგა.

ამ საქმეზე, დაკავებიდან 2020 წლის 27 იანვრამდე, წინასწარ პატიმრობაში იყვნენ გიორგი ერმაკოვი, არჩილ ვანაძე და ეგარსლან ლომაძე. დანარჩენი ოთხი მაღალჩინოსანი – ბაგრატ მანველიძე, ბაგრატ ხალვაში, თენგიზ პეტრიძე და ვლადიმერ ხინთიბიძე – მოსამართლემ გირაოს – თითოეული 100 ათასი ლარის სანაცვლოდ  2019 წლის 24 სექტემბერს გაათავისუფლა.

ამ თემაზე:

რა წერია განაჩენში გიორგი ერმაკოვზე, რომელსაც 7 წელი მიუსაჯეს

გადაბეჭდვის წესი


ასევე: