მთავარი,სიახლეები

“გახსოვთ, მთავრობამ საპატრიარქოს ბობოყვათის რეზიდენცია რომ გაუცვალა?” – დავა საკონსტიტუციოში

20.02.2020 • 2064
“გახსოვთ, მთავრობამ საპატრიარქოს ბობოყვათის რეზიდენცია რომ გაუცვალა?” – დავა საკონსტიტუციოში

“გახსოვთ, მთავრობამ საპატრიარქოს ბობოყვათის რეზიდენცია რომ გაუცვალა კრწანისის ქონებაში?” – ეს შეკითხვა იურისტმა გიორგი მშვენიერაძემ ქონების მართვის სააგენტოს წარმომადგენელს დაუსვა, რომელმაც დღეს, 20 თებერვალს, საკონსტიტუციო სასამართლოს ჩვენება მისცა.

საკონსტიტუციო სასამართლოში დავის საგანი ის სამართლებრივი ნორმაა, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო ქონება საკუთრებაში მხოლოდ საპატრიარქოს შეიძლება გადაეცეს და არც ერთ სხვა რომელიმე რელიგიურ ორგანიზაციას, რომელიც დარეგისტრირებულია, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირი. ანალოგიური სტატუსი აქვს ამ დრომდე საპატრიარქოსაც.

“არ მახსოვს…” – სცადა გიორგი მშვენიერაძისთვის პასუხის გაცემა ქონების სააგენტოს წარმომადგენელმა, ნუგზარ თამაზაშვილმა.

დიალოგში მოსამართლე მანანა კობახიძე ჩაერთო:

“ისედაც ხომ ვიცით საპატრიარქოს შემთხვევა, ეს არ არის სადავო…” – თქვა მან.

“რელიგიის თავისუფლებაში ჩარევა ხდება ამ უთანასწორო მოპყრობით… ადგილი აქვს დისკრიმინაციას”, – მიმართა მოსამართლეს “ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტის” იურისტმა, ანზორ ხატიაშვილმა. ეს ორგანიზაცია “თავისუფალ უნივერსიტეტთან” ერთად სასამართლოში 9 რელიგიური ორგანიზაციის ინტერესს იცავს.

მოსარჩელეები არიან: „სახარების რწმენის ეკლესია,“ „ქართველ მუსლიმთა კავშირი“, „ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაცია,“ „მეშვიდე დღის ქრისტიან-ადვენტისტთა ეკლესიის ტრანსკავკასიური უნიონი“, „საქართველოს სიცოცხლის სიტყვის ეკლესია“, „ევანგელურ-ლუთერული ეკლესია“, „მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველო“, „ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია“, „სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმინდა ეკლესიის საქართველოს ეპარქია“.

ამ ორგანიზაციებიდან შვიდს სსიპ სტატუსი აქვს, ორს – ააიპ. ააიპ-ებს სახელმწიფო ქონების მიღება შეუძლიათ, ოღონდ საპატრიარქოსგან განსხვავებით – მხოლოდ სასყიდლით.

მოწმის სახით დაბარებულმა ქონების მართვის სააგენტოს წარმომადგენელმა, ნუგზარ თამაზაშვილმა, დღევანდელ სხდომაზე მოსამართლეებს ასევე უთხრა, რომ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად რეგისტრირებული რელიგიური ორგანიზაციებს სახელმწიფო ქონება საკუთრებაში ვერ გადაეცემათ და პრაქტიკაში მხოლოდ რელიგიური ორგანიზაციებისთვის ქონების სარგებლობაში გადაცემის ფაქტები აქვთ.

“განსხვავებულადაა კერძო სამართლის იურიდიულ პირებზე, მათ შესაძლოა გადაეცეთ არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი საკუთრებაში,” – დასძინა ნუგზარ თამაზაშვილმა.

“რამდენი იყო ასეთი შემთხვევა?”- იკითხა მოსამართლე თემურ ტუღუშმა.

“მე ერთი მახსენდება მხოლოდ,” – უპასუხა მოწმემ მოსამართლეს.

აქვე მოსამართლეებს იურისტმა გიორგი მშვენიერაძემ შეახსენა, რომ რელიგიური ორგანიზაციების დიდი ნაწილი საჯარო სამართლის იურიდიული პირია და ამ ფორმით ისინი სახელმწიფომ დაარეგისტრირა 2011 წელს.

“ამ კუთხით არსებობს ნების ავტონომია,” – თქვა პარლამენტის იურისტმა, ქრისტინე კუპრავამ. მან მხარეს მიანიშნა, რომ ნებისმიერ პირს შეუძლია შექმნას რელიგიური ორგანიზაცია, როგორც ააიპი.

გიორგი მშვენიერაძემ ამ საკითხზე უახლესი ისტორიიდან კონკორდატის გაფორმება გაიხსენა საპატრიარქოსთან, რომლითაც საქართველომ, როგორც სახელმწიფომ, მართლმადიდებელი ეკლესიის უპირატესობა აღიარა.

“სახელმწიფოს მაშინ შეეშინდა ამ საკითხზე დისკუსიის, როცა 2011 წელს სხვა რელიგიურ ორგანიზაციებს სსიპ-ის სტატუსი მიანიჭა… სსიპ-ების ააიპ-ებად გარდაქმნა, ან პირიქით შეუძლებელია.

რელიგიურ ორგანიზაციებს არც სურთ სტატუსის შეცვლა. ეს აჩვენებს, რომ არსებობს მეორეხარისხოვანი დამოკიდებულება მათ მიმართ,” – განმარტა გიორგი მშვენიერაძემ.

“კანონის ეს ჩანაწერი ვინმეს კი არ ართმევს უფლებას, არამედ საპატრიარქოს ანიჭებს შესაძლებლობას…” – მიმართა მოსამართლეებს პარლამენტის იურისტმა, ქრისტინე კუპრავამ.

პარლამენტის არგუმენტით, კანონის სადავო ჩანაწერი არსებითად მიმართება საპატრიარქოსთვის სახელმწიფო ქონების გადაცემას და აზუსტებს, რომ მისთვის ქონების გადაცემა მხოლოდ პირდაპირი მიყიდვის ფორმითაა შესაძლებელი.

“თავიდანვე, საწყის ეტაპზეც ისინი არ იყვნენ განხილული თანაბარ სუბიექტებად…”- დასძინა ქრისტინე კუპრავამ.

კონსტიტუციური შეთანხმება გაახსენა გიორგი მშვენიერაძეს მოსამართლე მანანა კობახიძემაც.

“დისკრიმინაციასთან მაშინ გვაქვს საქმე, როცა ერთნაირია სხვადასხვა ჯგუფი და მათ განსხვავებულად ეპყრობიან… იქნებ დაგვიკონკრეტოთ ეს ამ ასპექტის გათვალისწინებით,” – აღნიშნა მოსამართლე მანანა კობახიძემ.

“კონსტიტუცია გვთავაზობს განსაკუთრებულ როლს ისტორიაში,” – მიმართა მოსამართლეს გიორგი მშვენიერაძემ და ბოლო სიტყვაზე “ისტორია” განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა.

“თქვენ ფიქრობთ, რომ ამ ისტორიას შესაძლოა ჰქონდეს ნეგატიური კონტექსტი კონსტიტუციის სულისკვეთებიდან გამომდინარე?” – განაგრძო დისკუსია მოსამართლე მანანა კობახიძემ.

“ისტორიაში იყო კარგიც და ცუდიც… ცუდი იყო, მაგალითად, როცა ანტონ კათალიკოსმა “ვეფხისტყაოსანი” დაწვა… ამიტომაც, კონსტიტუციამ ნეიტრალური ტერმინი გამოიყენა – “განსაკუთრებული როლი ისტორიაში.” ეს არ ნიშნავს იმას, რომ დღეს მართლმადიდებელი ეკლესია უნდა იყოს უპირატესი,” – უპასუხა მოსამართლეს გიორგი მშვენიერაძემ.

სასამართლო განხილვა გრძელდება.

____

კრწანისის პარკისა და ბობოყვათის რეზიდენციის გაცვლის პროცესი დასრულებულია

გადაბეჭდვის წესი


ასევე: