მთავარი,სიახლეები

ამბავი კაცზე, რომელმაც პოლიციელი გადაარჩინა – „არ ვნახე, რომ ის დღე არ გავახსენო“

25.12.2019 • 8137
ამბავი კაცზე, რომელმაც პოლიციელი გადაარჩინა – „არ ვნახე, რომ ის დღე არ გავახსენო“

კაცს, რომელმაც ბათუმში დაჭრილი პოლიციელი ჯერ საავადმყოფომდე, შემდეგ კი საოპერაციოს კარამდე მიიყვანა, ცალი ხელით კი მისი დაზიანებული არტერია ეჭირა, რომ სისხლდენა შეეჩერებინა, ოპერაციის შემდეგ ის არ უნახავს.  რაულ თებიძემ გადარჩენილი პოლიციელი რეანიმაციის დატოვების შემდეგ არც საავადმყოფოს პალატაში ნახა. ის სიკვდილს გადარჩენილი პოლიციელის, ოთარ თავართქილაძის სანახავად საავადმყოფოში შეგნებულად არ მიდის, რომ ამბავი არ გაახსენოს და ისევ არ გამოიწვიოს იმ დღესთან დაკავშირებული ემოცია:

„მინდა ისეთ დროს შევხვდე, როცა ემოციურად დატვირთული არ იქნება. არ მინდა,  ის დღე გავახსენო, ცოტა უკეთესადაა ვიცი და სახლში რომ გაწერენ, მერე ვნახავ. არ მინდა, ინერვიულოს“.

18 დეკემბრის საღამოს, როცა ბათუმში პოლიციელი დაჭრეს, შემთხვევის ადგილზე რაულ თებიძე შემთხვევით მოხვდა: „იქვე, ხულოს ქუჩაზე, მშენებლობაზე ვმუშაობ. ბიჭებს მოშივდათ და შაურმაზე მე გამიშვეს, რადგან ყველანი სამუშაო ფორმაში იყვნენ, მე კი ახლები მეცვა. ზებრაზე გადავდიოდი, როცა  საპატრულო მანქანა გაჩერდა. მალევე ხალხის ყვირილი გავიგონე, ზოგი იქით გარბოდა ზოგი – აქით. ვიფიქრე, რომ ავარია მოხდა.“

რაული სიტუაციის გასარკვევად ადგილზე მივიდა და მოვლენების ეპიცენტრში აღმოჩნდა:

„როგორც კი მივედი, დავინახე, პატრული მორბის. მოვიდა მანქანასთან და გაჩერდა, თუმცა მოასწრო რაციით გადაცემა, დაჭრილი ვარო და ჩაიკეცა. გავიფიქრე, სროლა ხომ არ იყო-მეთქი. პირდაპირ მასთან მივედი და შევხედე. „ძმაო, დამეხმარე, ვკვდებიო“ – მითხრა და წაიქცა.  ხელი დავუდე, თავი არ ეტკინოს-მეთქი, შემდეგ სისხლი დავინახე, დაჭრილი ვარო. პერიოდულად გონზე მოდიოდა, სისხლი მოსდიოდა ჭრილობიდან, არტერიაზე მოვუჭირე ხელი და სისხლდენა შევაჩერე“. 

რაული ყვება, რომ მალევე ადგილზე გამოჩნდა საპატრულო პოლიციის უფროსი, რომელიც რაციით ითხოვდა სასწრაფო დახმარების ბრიგადის მისვლას, დაჭრილი პოლიციელის მეწყვილეს კი დამნაშავე ჰყავდა დაკავებული. ამ დროს რაულმა გაიაზრა, რომ დროის დაკარგვა არ შეიძლებოდა და პოლიციის უფროსს უთხრა, არ დალოდებოდნენ სასწრაფო დახმარების ჯგუფს:

„ვუთხარი, რომ დალოდებას აზრი არ ჰქონდა, სასწრაფოდ მანქანით გადავიყვანოთ რესპუბლიკურში-მეთქი. ცალი ხელით დამეხმარა, რომ დაჭრილი მანქანაში შემეყვანა, მეორეში რაცია ეჭირა და თან ლაპარაკობდა,“ – გვიყვება რაული. მისივე თქმით, დაჭრილი პოლიციელი გზაში გონზე მოვიდა:

„მითხრა, არ დამტოვოო. არ გტოვებ-მეთქი, ვუთხარი. ჩემს ოჯახს მიმიხედეო, ალბათ თანამშრომელი ვეგონე. ნუ გეშინია, კარგად იქნები, არ ილაპარაკო, არ შეიძლება-მეთქი, რადგან არტერიამ გაქცევა იცის.“

რაულმა პოლიციის უფროსთან ერთად დაჭრილი პოლიციელი საავადმყოფოში მიიყვანა და ხელი მანამდე არ გაუშვა, ვიდრე საოპერაციოში ექიმებს არ გადააბარა:

„მივიყვანეთ რესპუბლიკურში. შევედი უცებ, პოლიციის თანამშრომელია დაჭრილი, დამეხმარეთ-მეთქი, იქაც დაბნეულები იდგნენ. მე თვითონ გამოვიტანე საკაცე და პირდაპირ საოპერაციოში ავიყვანე, ექიმები როცა გამოჩნდნენ, მათ ჩავაბარე.“

რაული საავადმყოფოში ოპერაციის დასრულებამდე დარჩა, ვიდრე არ გაიგო, რომ დაჭრილ პოლიციელს გადარჩენის შანსი ჰქონდა. ხოლო როცა საავადმყოფოში მთავრობის წევრები გამოჩნდნენ, მან იქაურობა დატოვა:

„ჯერ პოლიციის თანამშრომლებმა დამიწყეს ძებნა, ვინ იყო ის ბიჭიო და  მათ თავი მოვარიდე, არ მიყვარს მასეთები. პოლიციის უფროსმა მნახა, მაინც ჩამეხუტა და დიდი მადლობაო – მითხრა.  როცა ოპერაცია დასრულდა და მითხრეს, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა, იქედან ჩუმად გავიპარე. მთავრობის წევრები  მოვიდნენ, მთლად სისხლიანი, ძალიან ცუდ დღეში ვიყავი და შემრცხვა. ამ ამბის შემდეგ ორი ღამე არ დამიძინია, ვერ დავიძინე“.

რაულს ვკითხეთ იმაზეც, საიდან ჰქონდა ინფორმაცია, თუ როგორ უნდა გაუწიო დაჭრილს პირველი დახმარება ისე, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი შეცდომა არ დაუშვა:

„საზღვაო აკადემია დავამთავრე, შემდეგ პოლონურ კომპანიაში ვმუშაობდი, გემებს ვიღებდით და გიბრალტარში ჩაგვქონდა. ლამანშის სრუტეში გავიარეთ წვრთნები, შეგვასწავლეს, თუ როგორ უნდა გაუწიო ადამიანს პირველადი დახმარება. იქედან ვიცოდი, რადგან გემზეც მოხდა მსგავსი შემთხვევა, თითი მოიჭყლიტა თანამშრომელმა, გადახვევა გავუკეთე და მაგრად შევკარი, რომ სისხლისგან არ დაცლილიყო შუა ზღვაში.“

დღეს, 25 დეკემბერს, რაული ბათუმის საკრებულოს სხდომას დაესწრო. ის საგანგებოდ იყო მიწვეული, საკრებულოს წევრებმა მას მადლობა გადაუხადეს პოლიციელის გადარჩენისთვის და სიგელით დააჯილდოვეს. ამავე სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარემ სულიკო თებიძემ გააჟღერა ინფორმაცია, რომ რაულს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე 2000 ლარს გადასცემს საჩუქრად. ამ ყველაფერზე რაულ თებიძემ არაფერი იცოდა:

„არ ვიცოდი, რომ მაჯილდოვებდნენ, ყველაფერი მოულოდნელი იყო.  მინდოდა მადლობა გადამეხადა ბატონი თორნიკესთვის, რომ დამაჯილდოვა. იქ რომ ყოფილიყო, აუცილებლად მივიდოდი, არ შემრცხვებოდა და ხელსაც ჩამოვართმევდი.  ეს ჩემი მოქალაქეობრივი ვალი იყო, სხვაც დაინახავდა, რომ ამის გაკეთება ყველას შეუძლია. ისედაც პატარა ერი ვართ, მტერი ბევრი გვყავს და სხვას თუ ვერაფერს ვიზამთ, ერთმანეთს ტკბილი სიტყვა მაინც ვუთხრათ.“

რაული მოუწოდებს ყველას, ნუ შეეშინდებათ დახმარების ხელი გაუწოდონ ადამიანებს:

„შემდეგ გადაღებულ კადრებში დაცვის პოლიციის თანამშრომლები დავინახე და ძალიან გავბრაზდი. იმდენი ხალხი იდგა იქ და არაფერს აკეთებდა. ერთი პოლიციელი დაჭრილია, მეორეს დაჭერილი ჰყავს დამნაშავე… მესმის მათი, ვისაც ეშინია არტერიაზე ხელის მოკიდების, მაგრამ მანქანაში ადამიანის ჩასმა, გზის გათავისუფლება – ეს ყველას შეუძლია. ნუ გვეშინია ამის, ეს ყველამ უნდა გავაკეთოთ.  ჩემი უმოქმედობით რომ ადამიანი დაღუპულიყო, ვერ ვაპატიებდი თავს.“

ახლა ჟურნალისტების გარდა ოთარს ამ ამბების მოყოლა დისშვილებისა და ძმისშვილებისთვისაც უწევს:

„მოდიან დისშვილები, ბავშვები და მეკითხებიან, ბიძია, როგორ მოხდა ეს ამბავიო, აინტერესებთ. მე ვფიქრობ, მომავალ თაობას სულიერი განათლება აკლია, ადამიანმა სიკეთე, ცოდვა და მადლი უნდა იცოდეს. მე არასოდეს არ შემიხედავს ცუდი თვალით პოლიციელისთვის, თუ დავარღვიე, უნდა დავისაჯო, ყველა უნდა დაისაჯოს დანაშაულისთვის, ცნობილი სახეც და არაცნობილიც.“

რაული ამბობს, რომ ჯილდო მისთვის საამაყოა, მაგრამ ახლა მისთვის უფრო მნიშვნელოვანია, ოთარს დაეხმარონ:

„ოთარი ისეთი ადამიანი ყოფილა… მინდა ვთქვა, რომ მას ყველაფერი ეკუთვნის, დახმარებაც და სხვაც. ადამიანი, რომელიც დღისით და ღამით ქვეყანას ემსახურება, რომ ჩვენ უსაფრთხოდ დავიძინოთ, უნდა დაფასდეს. უნდა დავუდგეთ გვერდში, რომ უფრო თამამად შეასრულოს თავისი საქმე. მაგრამ მეც ხომ ადამიანი ვარ და მეც მიხარია, გამიხარდა დღეს საკრებულოში  ტაში რომ დამიკრეს, მესიამოვნა და მინდოდა მათთვის, ვინც ტაში დამიკრა, მადლობა გადამეხადა,“ –  ამბობს რაული.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: