მთავარი,სიახლეები

ბათუმის მერია მშენებლობასა და დემონტაჟზე ახალ მოსაკრებელს აწესებს

28.10.2019
ბათუმის მერია მშენებლობასა და დემონტაჟზე ახალ მოსაკრებელს აწესებს

ბათუმის მერია მშენებლობის მოსაკრებლის გამოთვლის წესს ცვლის. მას შემდეგ, რაც ცვლილებას  საკრებულო დაამტკიცებს, მშენებლები ნებართვის მისაღებად დაგეგმილი სამშენებლო პროექტის 1 კვადრატულ მეტრზე 1 ლარს გადაიხდიან, იგულისხმება კ2- ის საანგარიშო ფართობი, რაც სამშენებლო ნაკვეთის ფართობთან მიმართებაში პროექტის მასშტაბს განსაზღვრავს [ამ ფართობში არ შედის კიბის უჯრედი და აივნები].

ამ დრომდე მშენებლობის ნებართვის მოსაკრებელი მშენებლობის ფართობის [კ1]  მიხედვით გამოითვლებოდა. ახალი ცვლილება იმას ნიშნავს, რომ ცვლილების დამტკიცების შემდეგ უმეტეს შემთხვევაში გადასახადი გაიზრდება [ბათუმში მშენებლობების მასშტაბების ტენდენციის გათვალისწინებით].

მაგალითისთვის განვიხილოთ ბათუმში უკვე აშენებული ერთ-ერთი მასშტაბური სამშენებლო პროექტი:

კომპანიამ ბათუმში 4 848 კვადრატულ მეტრზე  41-სართულიანი მრავალფუნქციური კომპლექსი ააშენა. რეესტრის მონაცემებით, შენობის დაზუსტებული ფართობი 56 495,33 კვადრატული მეტრია. მოქმედი წესის მიხედვით, ამ კომპანიას მშენებლობის ნებართვის მოსაკრებლის სახით, სავარაუდოდ, 4 848 ლარი აქვს გადახდილი –  მოსაკრებელი მშენებლობის ფართობის მიხედვით დაითვლებოდა. გადასახადი ამ შემთხვევაშიც 1 კვადრატულ მეტრზე 1 ლარი იყო.

შეცვლილი წესით კი, კომპანია ამ შენობის მშენებლობის ნებართვისთვის მოსაკრებლის სახით 50 000 ლარზე მეტს ან დაახლოებით ამდენს გადაიხდიდა.

იგივე წესი ვრცელდება უკვე აშენებულ შენობაზე სართულების დამატების ნებართვის, ასევე დემონტაჟის ნებართვის მოსაპოვებლად. ამ თანხის გადახდაზე კონტროლი მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის პრეროგატივაა.

დადგენილების მიხედვით, მოსაკრებლის გადახდისაგან გათავისუფლებულია სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებულ ობიექტთა აღდგენითი სამუშაოები. ასევე დადგენილება მოსაკრებლის გადახდას არ ითვალისწინებს, თუ ნებართვის მაძიებელი თავად მუნიციპალიტეტია.

საკრებულოს დადგენილების პროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, ცვლილება ახალი სამშენებლო კოდექსის ამოქმედებამ განაპირობა. დადგენილების პროექტს საკრებულო 30 ოქტომბერს, სხდომაზე განიხილავს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: