მთავარი,რეკლამა,სიახლეები

საქართველოს 2020 წლის ბიუჯეტი – სოციალური თუ საარჩევნო? მთავარი პრიორიტეტები

21.02.2020 • 3027
საქართველოს 2020 წლის ბიუჯეტი – სოციალური თუ საარჩევნო? მთავარი პრიორიტეტები

ავტორი: JAMnews

როგორც ხელისუფლება ამბობს, 2020 წლის ბიუჯეტი ადამიანებზე და სოციალურ საჭიროებებზეა ორიენტირებული. ოპოზიცია და ექსპერტების ნაწილი კი ფიქრობს, რომ ბიუჯეტი 2020 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებსაა მორგებული და საარჩევნო წელს ხელისუფლებას მოსახლეობის განწყობებით მანიპულირების საშუალებას აძლევს.

JAMnews-მა წაიკითხა 2020 წლის ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტი და მოკლედ მოგიყვებათ, რა არის მომავალი წლის პრიორიტეტები და რა მთავარი განსხვავებაა გასულ წლებთან შედარებით.

როგორია 2020 წლის ბიუჯეტის მთავარი პარამეტრები?

2020 წლისთვის მთავრობა ასეთ პროგნოზს აკეთებს:

შემოსავლების პროგნოზი 14 მილიარდ 554 მილიონ ლარია.

რაც შეეხება ხარჯებს, 2020 წელს საქართველოს მთავრობა დაახლოებით 14 მილიარდ 433 მილიონამდე ლარს (4.8 მილიარდ დოლარს) დახარჯავს. (2019 წელს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან 13.3 მილიარდი ლარი დაიხარჯა).

წინასწარი პროგნოზებით, 2020 წელს საქართველოს ეკონომიკა დაახლოებით 53 მილიარდი ლარი იქნება.

ეკონომიკური ზრდის პროგნოზი – 4.5 პროცენტია.

პროგნოზებში გათვალისწინებულია ასევე საქართველოს ეროვნული ბანკის მიზნობრივი ინფლაციის მაჩვენებელი, რომელიც 3 პროცენტს შეადგენს.

რისგან შედგება საქართველოს ბიუჯეტის შემოსავლები?

ბიუჯეტის მთავარი ნაწილი შემოსავლებია. იმაზე, თუ რამდენია შემოსავლები, დამოკიდებული იქნება, თუ რამდენი ფულის დახარჯვა შეუძლია მთავრობას. თავის მხრივ, ბიუჯეტის შემოსავლები ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზეა დამოკიდებული. მაგალითად, საფრანგეთის მთავრობა 1 500 მილიარდ დოლარს ხარჯავს წელიწადში. რუსეთი კი, რომელსაც საფრანგეთზე 27-ჯერ დიდი ტერიტორია აქვს და 2.3 – ჯერ მეტი მოსახლეობა ჰყავს, მხოლოდ 550 მილიარდ დოლარს.

11.3 მილიარდი ლარის შემოსავალს სახელმწიფო ბიუჯეტი სწორედ ეკონომიკიდან მიიღებს. 242 მლნ ლარს გრანტს აიღებს, ხოლო 3.1 მილიარდ ლარს ისესხებს.

ეკონომიკიდან მიღებული შემოსავლები უფრო დაწვრილებით რომ განვიხილოთ: მთავრობა ყველაზე მეტ შემოსავალს – 10.5 მილიარდ ლარს გადასახადებისგან მიიღებს (ცხრილი 1), რაც 2019 წლის მაჩვენებელზე 820 მლნ ლარით მეტია.

520 მლნ ლარი ბიუჯეტში სხვა შემოსავლებიდან გროვდება, რაც სახელმწიფო საწარმოებიდან, ჯარიმებიდან, ნებართვებიდან და სხვა წყაროებიდან მიღებულ შემოსავლებს მოიცავს.

130 მლნ ლარის შემოსავლის მიღებას კი მთავრობა პრივატიზაციიდან გეგმავს. ასევე 130 მლნ ლარს ადრე გაცემული სესხების უკან დაბრუნებით მიიღებს.

რაში დაიხარჯება ფული? 2020 წლის ბიუჯეტის მთავარი პრიორიტეტები

რა შემოსავალი გვექნება, გავარკვიეთ. ახლა ვნახოთ, რაზე დაიხარჯება ეს ფული.

2019 წელთან შედარებით სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯები (გადასახდელები) 2020 წელს 1 120 მლნ ლარით იზრდება და ჯამში 14.4 მილიარდი ლარი დაიხარჯება.

[checklist]

  • 1. ინფრასტრუქტურა. ყველაზე მეტი თანხა ინფრასტრუქტურულ (კაპიტალურ) პროექტებზე დაიხარჯება – 2.6 მილიარდი ლარი, რაც მიმდინარე წელთან შედარებით 120 მლნ ლარით მეტია. მათ შორის, ყველაზე მეტი თანხა -1.3 მილიარდი ლარი საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე დაიხარჯება – კონკრეტულად ჩქაროსნულ ავტომაგისტრალებზე 705 მლნ ლარია გამოყოფილი. წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის აღდგენა-რეაბილიტაციაზე 257 მლნ ლარი დაიხარჯება, საჯარო სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციაზე 149 მლნ ლარი და ა.შ.
  • 2. პენსია. მეორე ადგილზეა საპენსიო ხარჯი. საპენსიო დანახარჯები ყოველ წელს იზრდება, თუმცა, 2020 წელი ამ მხრივ მაინც განსაკუთრებულია – გასულ წელთან შედარებით საპენსიო ხარჯი თითქმის 16 პროცენტით (305 მილიონი ლარით) იზრდება. 2020 წელს ჯამური წლიური საპენსიო ხარჯი 2.2 მილიარდ ლარს მიაღწევს. 2019 წელს პენსიაზე 1.9 მილიარდი ლარი დაიხარჯა.

    2015-2019 წლებში საპენსიო ხარჯების ზრდის დინამიკას თუ გადავხედავთ, ვნახავთ, რომ ამ ხუთი წლის განმავლობაში საპენსიო ხარჯი ყველაზე მეტად 2016 წელს გაიზარდა. საქართველოში ამ წელსაც საპარლამენტო არჩევნები იყო.

    2020 წლის პირველი იანვრიდან პენსია 20 ლარით მოიმატებს ყველა პენსიონერისთვის და თვეში 220 ლარი იქნება. ხოლო, 1 ივლისიდან დამატებით 30 ლარით გაიზრდება 70 წლის ზემოთ ასაკის მოქალაქეების პენსია. ასევე 1 ივლისიდან დამატებით 30 ლარით მოიმატებს მკვეთრად გამოხატული და 18 წლამდე ასაკის შშმ პირების სოციალური გასაცემლები.

  • 3. სახელმწიფო ვალი. სიდიდით მესამე ხარჯია სახელმწიფო ვალის დასაფარად გათვალისწინებული თანხა – 1.8 მილიარდ ლარამდე. აქედან, 1.2 მილიარდი ლარი ვალის ძირის დაფარვაზე მიდის, 751 მლნ კი პროცენტის მომსახურებაზე.

    თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ 2020 წელს ქვეყანას ვალი შეუმცირდება. პირიქით. მომავალ წელს მთავრობა 3.1 მილიარდ ლარს ახალ ვალს იღებს, რადგან ეკონომიკიდან მიღებული შემოსავლები ყველა ხარჯს არ ეყოფა. საბოლოოდ, 2020 წელს ძველი ვალის ძირის დაფარვის გამოკლებით, ქვეყანას ვალი 2.1 მილიარდ ლარით გაეზრდება.

  • 4. განათლება. მომავალ წელს 76 მლნ ლარით იზრდება განათლების დაფინანსება და ჯამში 1.6 მილიარდ ლარამდე დაიხარჯება. მათ შორის, ზოგადი განათლების დაფინანსება იზრდება 74 მლნ ლარით, პროფესიული განათლების 8 მლნ-ით, უმაღლესი განათლების დაფინანსება კი, პირიქით, მცირდება 25 მლნ-ით.
  • 5. პოლიცია. 40 მილიონი ლარით იზრდება საზოგადოებრივ წესრიგსა და უსაფრთხოებაზე (პოლიცია, სასამართლო, სასჯელაღსრულება, პროკურატურა, სამაშველო სამსახური) გამოყოფილი თანხები. სულ ამ მიმართულებით 1.2 მილიარდი ლარია გამოყოფილი.
  • 6. ჯანდაცვა. გასულ წელთან შედარებით, 2020 წელს ჯანმრთელობის დაცვაზე გაწეული ხარჯი 35 მილიონი ლარით მეტი იქნება. აქედან 3 მლნ ლარით იზრდება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დაფინანსება (პროგრამის ბიუჯეტი ჯამში 757 მლნ ლარი გახდება). სულ ჯანდაცვის სფეროში ქვეყანა 2020 წელს 1.1 მილიარდ ლარს დახარჯავს.
  • 7. თავდაცვა. 42 მილიონი ლარით მეტი დაიხარჯება თავდაცვაზე (სულ 979 მლნ ლარი). 2019 წელს 937 მლნ ლარი იყო.
  • 8. სოციალური დახმარება. რიგით მერვე ყველაზე ხარჯიანი პუნქტი სოციალური დახმარებებია. 27 მილიონი ლარით იზრდება სოციალურ დახმარებაზე გაწეული ხარჯები. ჯამში 2020 წელს სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მცხოვრები ადამიანები 811 მლნ ლარს მიიღებენ.

[/checklist]

სოციალური თუ საარჩევნო ბიუჯეტი?

სახელისუფლებო პარტიისთვის 2020 წლის მთავარი პოლიტიკური მიზანი საპარლამენტო არჩევნების მოგებაა, რაც ბიუჯეტზეც აისახა.

2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის მთავარი პრიორიტეტი პენსიის და საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასების ზრდაა.

საინტერესოა, რომ ყველა სახელფასო მატება წლის მეორე ნახევარშია დაგეგმილი – ოქტომბრის არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე, როდესაც ქვეყანაში უკვე დაიწყება წინასაარჩევნო კამპანია.

• იზრდება ძალოვანი და სამართლებრივი უწყებებისთვის გამოყოფილი თანხები. ასევე იზრდება ამ უწყებებში დასაქმებულ ადამიანთა რიცხვი.

2020 წელს ათასი ადამიანით იზრდება პოლიციელთა რაოდენობა. ჯამში ქვეყანას 20 854 პოლიციელი ეყოლება.

4 მლნ ლარით იზრდება პროკურატურის დაფინანსება, სადაც ასევე დამატებით 14 ადამიანი დასაქმდება

• 2020 წელს 10.5 მილიონი ლარით მეტს მიიღებს ქვეყნის საზოგადოებრივი მაუწყებელი. ეს არხი მთლიანად ბიუჯეტიდან ფინანსდება და მის სარედაქციო პოლიტიკას ხელისუფლებასთან დაახლოებული ადამიანები განსაზღვრავენ. ჯამში ამ არხის ბიუჯეტი 2020 წელს 68.7 მლნ ლარი იქნება.

• 19 მლნ ლარით იზრდება ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაფინანსება, რაც ასევე საპარლამენტო არჩევნებით არის განპირობებული.

• იზრდება ასევე საპენსიო სააგენტოს (1.2 მილიონი ლარით), საგარეო საქმეთა სამინისტროს (16 მლნ ლარით), კულტურის სფეროს (20 მლნ ლარით), და ასევე სპორტის (14 მლნ ლარით) დაფინანსება.

მასწავლებლები, ექიმები, პოლიციელები – ვის და რამდენით გაეზრდება ხელფასები 2020 წელს

1 ივლისიდან საშუალოდ 125 ლარით გაიზრდება პოლიციელების, მეხანძრე-მაშველების და მათთან გათანაბრებული პირების ხელფასი. საშემოსავლო გადასახადის გამოკლებით, ხელზე ასაღები ხელფასი 100 ლარით იზრდება.

1 ივლისიდან სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში დასაქმებულების ხელზე ასაღები ხელფასი საშუალოდ 100 ლარით მოიმატებს.

1 ივლისიდან 80 ლარით გაიზრდება სასწრაფო დახმარების და სოფლის ექიმების ხელზე ასაღები ხელფასი.

1 სექტემბრიდან 80 ლარით გაიზრდება საბავშვო ბაღებში დასაქმებულთა ხელზე ასაღები ხელფასი.

1 ოქტომბრიდან 120 ლარით გაიზრდება სკოლის მასწავლებლების ხელზე ასაღები ხელფასი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: