მთავარი,სიახლეები

„ლექტორებიც ჰომოფობიურად აზროვნებენ“ – ბსუ-ს სტუდენტები დისკრიმინაციის დადგენაზე

21.02.2020 • 3646
„ლექტორებიც ჰომოფობიურად აზროვნებენ“ – ბსუ-ს სტუდენტები დისკრიმინაციის დადგენაზე

რას ფიქრობენ ბსუ-ს სტუდენტები უნივერსიტეტის მხრიდან დისკრიმინაციის ფაქტის დადგენაზე? – კითხვა სტუდენტებს დღეს, 21 თებერვალს, იმ დისკუსიის შემდეგ დავუსვით, სადაც ფსიქოლოგმა მაია ცირამუამ დისკრიმინაციის და თანასწორობის შესახებ ისაუბრა. შეხვედრა უნივერსიტეტის 21-ე აუდიტორიაში შედგა. ზუსტად ეს აუდიტორია არ დაუთმო უნივერსიტეტმა გასულ წელს „იდენტობას“ ლგბტქ თემის პრობლემებზე სასაუბროდ. ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი სახალხო დამცველმა 2020 წლის 31 იანვარს დისკრიმინაციაში ამხილა.

ოფიციალური მიზეზი, რის გამოც ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტმა „იდენტობას“ 21-ე აუდიტორია არ დაუთმო, სარემონტო სამუშაოები იყო. ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვედრის წინა დღით უთხრეს, რომ აუდიტორიაში რემონტი დაიწყო.

„არ გვჯერა,“ – ერთხმად გვიპასუხა რამდენიმე სტუდენტმა უნივერსიტეტის ოფიციალური განმარტების შესახებ. სტუდენტები, ვისაც დღეს „ბათუმელები“ ესაუბრა, მიიჩნევენ, რომ უნივერსიტეტმა საზოგადოების ჰომოფობიური განწყობების გამო თქვა უარი დისკუსიაზე.

„ჩემი აზრით, ჩათვალეს, რომ ეს საკითხი უნივერსიტეტის ავტორიტეტზე შეიძლება გადიოდეს. რეალურად, უნივერსიტეტი უნდა იყოს ადგილი, სადაც ადამიანები ისაუბრებენ ნებისმიერ რეალურ პრობლემაზე, იფიქრებ, გაანალიზებ,“ – გვითხრა ეკა ჭაღალიძემ.

დიალოგში ბსუ-ს სტუდენტი თამილა მურვანიძე ჩაერთო. მას „იდენტობისთვის“ უარის თქმის ამბავზე კიდევ ერთი უარის შემთხვევა გაახსენდა.

„ეს სარემონტო სამუშაოები ხშირად ხდება რატომღაც აქტუალური. ზურაბ ჯაფარიძესაც იგივე უთხრეს, როცა მას, როგორც ეკონომისტს, საჯარო ლექციის ჩატარება სურდა. მე არ გამოვრიცხავ, სუბიექტური განწყობაც ასეთივე უარყოფითი ჰქონოდა უნივერსიტეტის ადმინისტრაციას,“ – გვითხრა თამილა მურვანიძემ.

სტუდენტების თქმით, უნივერსიტეტში რეაქცია არავის ჰქონია იმაზე, რომ ადმინისტრაციამ ლგბტქ ადამიანების პრობლემებზე საუბარს სივრცე არ დაუთმო. არც დისკრიმინაციის ფაქტის დადგენა შეუმჩნევია ვინმეს.

„ვინ შეიმჩნევდა? ლექტორების 90 პროცენტი თავად არის ჰომოფობი…“ – გვიყვება მეგი ქამაშიძე. მას ვკითხეთ, რაში გამოვლინდა ლექტორების მხრიდან ჰომოფობიური დამოკიდებულება და უსაუბრიათ თუ არა ლექტორებთან ამ თემაზე.

„არ გვისაუბრია, მაგრამ ეტყობათ დამოკიდებულებაში, როგორც ხსნიან ლექციებს… მაგალითად, რუსთველოლოგია როცა გავიარეთ, ლექტორმა პირდაპირ გვითხრა, ქალი ფემინური უნდა იყოს, კაცი – მასკულინურიო, ქალმა ნაშიერი უდნა დააგდოსო. როცა ლექტორი ამას გეუბნება, რომელ ჰუმანურობაზე და ემპათიაზე საუბარი?“ – კითხულობს მეგი ქამაშიძე.

ამ ისტორიის გახსენებაზე სტუდენტმა, თამილა მურვანიძემ დღეს ჩატარებული ლექციაც ახსენა:

„ერთ-ერთი თემის განსახილველად ლექციაზე მოთხრობას ვეცნობოდით, ერთი პერსონაჟის აღწერის მიხედვით, ბიჭი იყო გეი. ისეთი რეპლიკები წამოვიდა უცებ, რომ მარტო ერთი-ორი ადამიანი აღმოჩნდა დამცველი. რეალურადაც ასეა,“ – აღნიშნა თამილა მურვანიძემ.

რატომ თქვა უარი უნივერსიტეტმა დისკუსიაზე, რომელიც ლგბტქ თემატიკას ეხებოდა? – კიდევ ერთი სტუდენტი, ნანა ფუტკარაძე ფიქრობს, რომ უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ რემონტის მომიზეზებით „თავის ტკივილი“ აირიდა.

„იცოდა ადმინისტრაციამ, რომ უმრავლესობას არ მოეწონებოდა… როგორც ატყდა ამბავი ფილმზე „და ჩვენ ვიცეკვეთ,“ შესაძლოა, იგივე აქციები აქაც მოწყობილიყო. ჩვენი ბრალია – სტუდენტები კომფორტის ზონიდან ვერ გამოვდივართ, ერთმანეთის იმედი არ გვაქვს,“ – გვითხრა ნანა ფუტკარაძემ.

მთავარი ფოტო: დისკუსია უნივერსიტეტში დისკრიმინაციის თემაზე, 2020 წლის 21 თებერვალი

გადაბეჭდვის წესი


ასევე: