მთავარი,სიახლეები

მეთამბაქოეები: შემოსავლებიდან მოვიდნენ და გვითხრეს, რომ თამბაქოს ჩამოგვართვამენ

18.02.2020
მეთამბაქოეები: შემოსავლებიდან მოვიდნენ და გვითხრეს, რომ თამბაქოს ჩამოგვართვამენ

დღეს, 18 თებერვალს, აჭარის მთავრობის სახლის წინ, მეათამბაქოეებმა მორიგი საპროტესტო აქცია გამართეს.

მეთამბაქოები ამბობენ, რომ დღეს, დღის პირველ ნახევარში, მათ სავაჭრო წერტილებში შემოსავლების სამსახურის თანამშრომლები მივიდნენ და სიტყვიერად გააფრთხილეს.

„მოვიდნენ, გვითხრეს, თუ არ დააფასოებთ თამბაქოს და აქციზს არ დაადებთ, ხვალიდან დაგაჯარიმებთო. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ გასულ წელს მოგვცა დაპირება, რომ ჩვენს თამბაქოს რეგულაცია არ შეეხებოდა. აქედან გამომდინარე, ჩვენ შევიძინეთ მარაგები და ჩვეულებრივად ვმუშაობდით. დღეს მოდიან და გვეუბნებიან, დაგაჯარიმებთო. ბათუმში, ძირითადად, იმ თამბაქოს რეალიზაცია ხდება, რომელიც მაღალმთიან აჭარაში მოჰყავთ გლეხებს. ჩვენს მშობლებს, დეიდებს, ბიძებს. პურის ფულს ამით შოულობს ხალხი, ამ დარგით ვარსებობთ. თუ გასაღების ბაზარი არ იქნება, ხალხმა რა უნდა ქნას?“ – ამბობს მეთამბაქოე ბადრი ბოლქვაძე.

„გასული წლის 21 ნოემბერს უნდა შესულიყო ძალაში კანონი, რომელიც კრძალავდა თამბაქოს გაყიდვას აქციზების გარეშე, მაგრამ მას შემდეგ, რაც დაიწყო საპროტესტო აქციები, ხელისუფლებამ გამონაკლისი დაუშვა და ადგილობრივი წარმოების პროდუქციაზე აქციზის დაწესებაზე გადაწყვეტილება არ მიიღო. დღეს, ერთი საათის წინ, შემოსავლების სამსახური მივიდა და გააფრთხილა, რომ ხვალიდან ყველას, ვისაც აქციზიანი თამბაქო არ ექნება, პროდუქციას ჩამოართმევენ. მოვუწოდებთ ადგილობრივ მთავრობას და ხელისუფლებას, შეასრულონ დანაპირები. წინააღმდეგ შემთხვევაში ფართომასშტაბიან საპროტესტო  აქციებს დავიწყებთ,“ – ამბობს უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე. 

მეთამბაქოეები შემოსავლების სამსახურის გაფრთხილებაზე დამორჩილებას არ აპირებენ და ამბობენ, რომ ფართომასშტაბიან აქციებს დაიწყებენ.

დაუფასოებელი და მარკირების გარეშე თამბაქოს რეალიზაცია საქართველოში 2019 წლის 21 ნოემბრიდან აიკრძალა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: