ბათუმში დღეს, პირველ დეკემბერს, [დილის 11:00 საათის მონაცემებით], ჰაერში მყარი ნაწილაკების – PM10 და PM2.5 შემცველობის მაჩვენებელი არის ცუდი. ამ მონაცემს აფიქსირებს როგორც ტბელ აბუსერისძის ქუჩაზე, ასევე ბათუმის ცენტრალურ პარკში განთავსებული ავტომატური სადგური.
„24 ნოემბრიდან ზოგიერთ სადგურზე კვლავ გრძელდება ატმოსფერულ ჰაერში მყარი ნაწილაკების (PM10 და PM2.5) კონცენტრაციის ზრდა. აღნიშნული პროცესი, ტრანსსასაზღვრო ხასიათისაა და განპირობებულია სამხრეთ დასავლეთიდან და სამხრეთ აღმოსავლეთიდან მტვრის მასების გავრცელებით.“ – წერია ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალზე.
ამავე პორტალზე ადრე ეწერა, რომ ზოგიერთ სადგურზე ატმოსფერულ ჰაერში მყარი ნაწილაკების კონცენტრაციის ზრდა 6 ნოემბრიდან შეინიშნებოდა. ჰაერში მტვრის ნაწილაკების მატება ბათუმშიც ამ დროიდან ფიქსირდებოდა.
წყარო: ჰაერის ხარისხის პორტალი / 1.12.2025
„ატმოსფერულ ჰაერში მტვრის მყარი ნაწილაკების კონცენტრაციის მატება განაპირობა ქვეყანაში უდაბნოს მტვრის მასების გავრცელებამ. სიტუაცია გაუმჯობესდება შესაბამისი მეტეოროლოგიური პროცესების განვითარებისთანავე“, – ამბობს გარემოს ეროვნული სააგენტოს გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი მარინა არაბიძე. მისი კომენტარი 30 ნოემბერს გარემოს ეროვნულმა სააგენტომ გაავრცელა.
ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალზე სააგენტოს მიერ მოცემულია ასევე ჯანდაცვითი რეკომენდაციებიც.
ამ რეკომენდაციების მიხედვით:
თუ ჰაერში მტვრის ნაწილაკების შემცველობა არის „ცუდი“, ამ შემთხვევაში:
„ყველამ შეიძლება განიცადოს ზემოქმედება ჯანმრთელობაზე; ხოლო სენსიტიური ჯგუფების წევრები შესაძლებელია განიცდიდნენ უფრო სერიოზულ ზემოქმედებას, ვიდრე მოსახლეობა ზოგადად;
შემდეგმა ჯგუფებმა თავი უნდა აარიდონ გახანგრძლივებულ ან დატვირთულ გარე ფიზიკურ აქტივობას: გულის ან ფილტვის დაავადებების მქონე პირებმა, ბავშვებმა და ხანდაზმულებმა;
ყველა დანარჩენმა უნდა შეამციროს გახანგრძლივებული ან დატვირთული გარე ფიზიკური აქტივობა.“
თუ ჰაერში მტვრის ნაწილაკების შემცველობა არის „დამაკმაყოფილებელი“, ამ შემთხვევაში:
„ჰაერის დაბინძურებისადმი სენსიტიური ჯგუფები შესაძლებელია განიცდიდნენ ზემოქმედებას ჯანმრთელობაზე. თუმცა მთელი მოსახლეობისათვის მავნე ზეგავლენა მოსალოდნელი არ არის.
შემდეგმა ჯგუფებმა უნდა შეამცირონ გახანგრძლივებული ან დატვირთული გარე ფიზიკური აქტივობა: გულის ან ფილტვის დაავადებების მქონე პირებმა, ბავშვებმა და ხანდაზმულებმა“.
„ტრანსასაზღვრო დაბინძურების“ გარდა აღნიშნული ნაწილაკების ჰაერში გაფრქვევის ძირითადი წყაროა სამშენებლო პროცესები, ღია გრუნტი, შეშის ღუმელი, დიზელის ძრავები, მრეწველობის სექტორი, ქარის მიერ მიმოფანტული მტვერი. ასევე, ე.წ. მეორადი მყარი ნაწილაკები წარმოიქმნება სხვადასხვა დამაბინძურებლის ფოტოქიმიური რეაქციის შედეგად.
მტვრის ნაწილაკების გავლენა ჯანმრთელობაზე:
თვალის გაღიზიანება, ასთმა, ბრონქიტი, ფილტვის დაზიანება, სიმსივნე, მძიმე ლითონებით მოწამვლა, უარყოფითი ზემოქმედება გულსისხლძარღვთა სისტემაზე.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის პირველ დეკემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 173 920 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 060. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები]
ტანკი – 11 387 ერთეული [+1]
ჯავშანტექნიკა – 23 678 ერთეული [+6]
საარტილერიო სისტემა – 34 754 ერთეული [+14]
MLRS – 1 552 ერთეული [+0]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 253 ერთეული [+0]
თვითმფრინავი – 430 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 347 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 86 090 ერთეული [+239]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 4 024 ერთეული [+0]
გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 68 583 ერთეული [+71]
სპეცტექნიკა – 4 010 ერთეული [+0]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის პირველ დეკემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
668 თვითმფრინავი
283 ვერტმფრენი
99 787 უპილოტო საფრენი აპარატი
638 საზენიტო სარაკეტო სისტემა
26 329 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 622 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
31 662 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
48 081 სპეციალური სამხედრო მანქანა
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
დღეს, 30 ნოემბერს, სროლა იყო ქუთაისში, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსთან.
უცნობმა პირმა სამი ადამიანი დაჭრა და მიიმალა. დაჭრილები სასწრაფო დახმარების სამსახურმა კლინიკაში გადაიყვანა.
დაჭრილთაგან ერთი დაიღუპა, ორს კი შესაბამისი მკურნალობა უტარდება.
“ქუთაისში, გამსახურდიას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება, ორი ან მეტი პირის მიმართ, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყეს.
გამოძიების ამ ეტაპზე დაუდგენელმა პირმა, ქუთაისში გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ კორპუსთან, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრა სამი პირი: 1970 წელს დაბადებული შ.ყ., 1979 წელს დაბადებული ი.რ. და 1983 წელს დაბადებული ი.გ. და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამივე დაჭრილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლებმა კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მიღებული დაზიანებების შედეგად ერთ-ერთი მათგანი – შ.ყ. გარდაიცვალა.
დამნაშავე პირის დადგენისა და დაკავების მიზნით სამართალდამცველები აქტიურ საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ,” – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანახმად, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„სანამ ეს ადამიანები [ჯანდაცვის სამინისტრო] ჩვენთან დიალოგს აწარმოებენ, ამ პერიოდში უამრავი ბავშვი ეჯაჭვება ეტლს. რამდენიმე ბავშვი დაგვეღუპა 8 თვის განმავლობაში.
ეს არის პროგრესირებადი დაავადება, რომელიც არ გვაძლევს საშუალებას, რომ ჩვენ რაღაცას დაველოდოთ.
ამიტომ ვითხოვთ, რომ დროულად მოხდეს ახალი პრეპარატების შემოტანა,” – თქვა დღეს, 30 ნოემბერს, თბილისში, ჯანდაცვის სამინისტროს წინ გამართულ აქციაზე შშმ ბავშვის მშობელმა თამარ გოგალაძემ.
დღეს ჯანდაცვის სამინისტროსთან დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მხარდასაჭერი აქცია გაიმართა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფია იშვიათი გენეტიკური დაავადებაა, რომელიც ადრეულ ასაკში იწვევს კუნთების განლევას, ბავშვებს უწევთ ეტლით სარგებლობა, რიგ შემთხვევებში კი დაავადება ისე პროგრესირებს, რომ სიკვდილს იწვევს.
თუმცა უკვე არსებობს სამკურნალო მედიკამენტი, რომელიც დაავადების პროგრესირებას მნიშვნელოვნად აჩერებს. მაგრამ წამალი ძვირადღირებულია და მისი შეძენა მშობლებს დამოუკიდებლად არ შეუძლიათ.
სწორედ ამიტომ მშობლები რვა თვეა ჯანდაცვის სამინისტროსგან ქვეყანაში წამლის შემოტანას ითხოვენ, თუმცა ჯერჯერობით უშედეგოდ.
დღეს გამართულ აქციაზე მშობლებმა მიიყვანეს შვილები და კიდევ ერთხელ მოითხოვეს სამინისტრომ რაც შეიძლება სწრაფად იყიდოს წამალი, რომელიც ბავშვების სიცოცხლის გადასარჩენადაა საჭირო.
აქცია ჯანდაცვის სამინისტროსთან ფოტო: ქეთევან ხუციშვილი/ნეტგაზეთი
„როცა სახელმწიფომ წინასწარ იცის, რომ ბავშვმა თუ წამალი არ მიიღო – ჩაჯდება ეტლში; თუ შემდეგ წამალი არ მიიღო, მას გაუჭირდება სუნთქვა; თუ შემდეგ არ მიიღო წამალი, მას გაუჩერდება გული – ეს ყველაფერი წინასწარ იცის სახელმწიფომ და ამაზე მეტი კატასტროფა რაღა უნდა იყოს?!
რატომ უნდა დაიწყოს სახელმწიფომ იმაზე ყოყმანი, რომ ამას სჭირდება რესურსი? რა მნიშვნელობა აქვს ვინ არის ხელისუფლებაში? სულ არ აინტერესებთ მშობლებს ვინ არის ხელისუფლებაში, ეგ საერთოდ არ არის მნიშვნელოვანი. სახელმწიფოში ვინც არ უნდა იყოს ხელისუფლებაში, ეს არის პირველი ვალდებულება.
ამიტომ, ეს არ არის თხოვნა, ეს არ არის ხელის გამოწვდენა, ეს არის აუცილებელი საჭიროება, რომელიც უნდა დაკმაყოფილდეს,“ – თქვა დღეს აქციაზე კახა წიქარიშვილმა, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვის მშობელმა.
აქციაზე მივიდა „ოცნების“ ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე. მან მშობლებს სთხოვა, რომ შეხვედრა სამინისტროში გაგრძელებულიყო.
„ორი წელი გავიდა ბატონო მიხეილ დაპირებებში და ერთი ქმედითი ნაბიჯი არ გადადგმულა,“ – უთხრა „ოცნების“ ჯანდაცვის მინისტრს, მიხეილ სარჯველაძეს ერთ-ერთი ბავშვის მშობელმა ზაქრო გვიშიანმა.
„გავიგე, კამერებთან სხვანაირად ნუ ილაპარაკებთ. როგორც აქამდე ყოფილა, შეგვიძლია კიდევ ავიდეთ, ვისაუბროთ“, – შესთავაზა მიხეილ სარჯველაძემ მშობლებს.
„ბატონო მიხეილ, რვაჯერ შევხვდით და ნაბიჯი არ გადაიდგა. შედეგი არ მოიტანა ამ შეხვედრებმა, სწორედ ამიტომ შევიკრიბეთ. ჩვენ არ ვართ ორგანიზატორები ამ შეხვედრის, თქვენი გუნდის დამსახურებაა, თქვენ გაუკეთეთ ამას [აქციას] ორგანიზება.
ამიტომ მოხდა, თქვენი და თქვენი გუნდის უმოქმედობის გამო,“ – უთხრა პასუხად მიხეილ სარჯველაძეს ზაქრო გვიშიანმა.
საპროტესტო აქცია ჯანდაცვის სამინისტროსთან ფოტო: ქეთევან ხუციშვილი/ნეტგაზეთი
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლები ამბობენ, რომ ამერიკულ და ევროპულ ბაზარზე სამი-ოთხი დასახელების წამალია, რომლებიც ბავშვების მკურნალობას სჭირდება.
ჯანდაცვის სამინისტროს კი ის ქვეყანაში არ შემოაქვს.
ჯანდაცვის სამინისტროს წინ გამართულ აქციაზე მშობლები სიტყვით გამოვიდნენ და ამ ფორმითაც სცადეს სამინისტროსთვის ხმის მიწვდენა და დასაბუთება, თუ რატომ უნდა შემოიტანონ ბავშვებისთვის საჭირო მედიკამენტები ქვეყანაში.
„თითოეული ჩვენგანი არ იხდის გადასახადებს იმიტომ, რომ მინისტრებს ყოველ წელს მოემატოთ ხელფასი და კეთილდღეობა იყოს მოსამართლეების უზრუნველყოფილი.
ჩვენ ვიხდით გადასახადებს იმიტომ, რომ საქართველოში ბავშვები არ იყვნენ ელემენტარული საჭიროებების გარეშე, არ იყვნენ სასიცოცხლო სერვისების გარეშე. ჩვენ ვართ სახელმწიფო, ჩვენ ვართ ქვეყანა და ჩვენი გადასახადები უნდა მოხმარდეს, პირველ რიგში, ბავშვებს.
თუ ამას ვერ იგებს მთავრობა, ჩვენ აუცილებლად გავაგებინებთ და აუცილებლად დავარწმუნებთ, რომ მათი ვალდებულებაა ის, რომ ჩვენი თანხები, ჩვენი გადასახადები, პირველ რიგში მოახმარონ ბავშვებს.
ეს არის თითოეული ბავშვის უფლება.
ბავშვებმა მათთვის სასიცოცხლო სერვისები უნდა მიიღონ დაუყოვნებლივ, დაუბრკოლებლად, ყველანაირი დაპირებების გარეშე და ყველანაირი პათოსის გარეშე, რომ სადღაც კუთხეში ჩუმად ვილაპარაკოთ.
გამობრძანდით ისევ და ბავშვებს აუხსენით! დიახ, გევალებათ! ბავშვებს ვერ დაველაპარაკებიო – ჯანდაცვის მინისტრმა თქვა – ეს არის არასწორი. დიახ, გევალებათ, ელაპარაკოთ ბავშვებს, მათი გასაგები ფორმით. მათთვის ასახსნელია რას ჰპირდებით, რას აკეთებთ და რა გევალებათ. დიახ, აქ ბავშვები არიან, მაგრამ ბავშვებს მინისტრი დღეს არ დაელაპარაკა. ერთი სასიცოცხლო, ერთი საიმედო სიტყვა არ უთქვამს და რამდენიმე მშობელს უთხრა, რომ წამოდით და ვილაპარაკოთ სადღაც დახურულ კარს მიღმა.
დღეს მზად ვარ, ყველაფერში ჩავერთო მაქსიმალურად, ჩემი შესაძლებლობები მივმართო იმისთვის, რომ ბავშვებს არ უწევდეთ აქ დგომა იმიტომ, რომ უბრალოდ გადარჩნენ. ბავშვები არ უნდა იბრძოდნენ გადარჩენისთვის. ჩვენ ვართ სახელმწიფო, საზოგადოება და ჩვენ მოვთხოვთ მთავრობას. სახლიდან არაფრის მოტანა არ სჭირდებათ, ჩვენი გადასახადები ჩვენს შვილებს მოახმარონ და გადაარჩინონ ბავშვები,“ – თქვა აქციაზე სიტყვით გამომსვლელმა ერთ-ერთმა მშობელმა.
„ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვართ. გვინდა მივაწვდინოთ მთავრობას, როგორმე გვიშველონ. წაქცეულები ვართ, ვიწვებით, საშინლად იტანჯებიან ჩვენი პატარები. სანამ ეტლში ჩაჯდებიან, იქნებ მოგვაწოდონ ეს მედიკამენტი, რომელიც უკვე აღიარებულია არაერთ ქვეყანაში. რაღაც ეჭვები გაჩენიათ თურმე და არ აღიარებენ საქართველოში ამ მედიკამენტს -ასეთი პასუხი მოგვცეს. როგორ? თუკი ამერიკაში უკეთდება ეს და კარგად არიან ბავშვები, არის დიდი შედეგები, ქართველ ბავშვებზე არ იმოქმედებს ეს უკეთესად? მოგვხედონ, ჩვენ მხოლოდ ამას ვითხოვთ, სხვა არაფერი გვინდა,“ – თქვა აქციაზე ერთ-ერთი ბავშვის მშობელმა აზა თავაძემ.
მშობლები ამბობენ, რომ ჯანდაცვის სამინისტროსთან რვა თვეა მოლაპარაკებებს აწარმოებენ, ამ დროის განმავლობაში კი ბავშვები დაზარალდნენ. იმის გამო, რომ დაავადება პროგრესირებს, რამდენიმე ბავშვი დაიღუპა.
„ეს [დაავადება] არ გვაძლევს საშუალებას, რომ ჩვენ რაღაცას დაველოდოთ. ამიტომ ჩვენ საქართველოში ვითხოვთ, რომ დროულად მოხდეს ახალი პრეპარატების შემოტანა, რაც შეიძლება მალე. კიდევ რამდენიმე თვე დიალოგებში დასაკარგი დრო არა გვაქვს.
თუ ფიქრობს ჯანდაცვის მინისტრი, რომ ჩვენ ისევ დიალოგზე დავთანხმდებით და ერთსა და იმავეს მოვისმენთ, ძალიან ცდება. იმ შემთხვევაში მივალთ მოლაპარაკებაზე, თუ გვეტყვიან, რომ კი, მომავალი თვიდან მიიღებთ ახალ პრეპარატს,“ – თქვა შშმ ბავშვის მშობელმა თამარ გოგალაძემ.
პარლამენტში მყოფ მილიონერ დეპუტატებზე გააკეთა აქცენტი ერთ-ერთმა მშობელმა გია ყრუაშვილმა.
„როცა ქვეყანაში და პარლამენტში 50% მილიონერია, მათი ოჯახისთვის ღვთის სამსახურია, რომ თითო მილიონერმა თითო-ოროლა ბავშვს გაუწიოს დახმარება და უპატრონოს, როდესაც მშობლებს არ გააჩნიათ იმხელა სახსრები, რომ თავიანთ შვილებს მიხედონ. ჩვენ ჩვენი უბედურება გვყოფნის და ამ უბედურებაში მთავრობამ უნდა მიიღოს და დადოს ლომის წილი.
სამწუხარო ის არის, რომ ჩემი შვილი 18 წლის ხდება და რომ გახდება 18 წლის, იმ რეაბილიტაციის კურსების პროგრამიდანაც ამოირიცხება. აქვე ბენზინი რომ გადამასხან და დამწვან, რომ ჩემს შვილს ეშველოს რამე, მე მზად ვარ ამისთვის ხელს მოვაწერ, ჩემს კი არა, ამ ბავშვებს – ყველაზე ვარ წამსვლელი. ამ ეტაპზე ეს ისეთი მტკივნეული თემა არის, რომ ამას ვერავინ ვერ მიაფუჩეჩებს. ეს არ არის შიმშილი, ეს არ არის სოციალური რაღაცა, ეს არის, როდესაც შენი შვილი გიყურებს, როგორი ვაჟკაცი ხარ და როგორ იცავ მის სიცოცხლეს. არ არსებობს აქ უკან დახევის არც ერთი ნაბიჯი,“ – თქვა აქციაზე გია ყრუაშვილმა.
დღესვე მშობლებმა შეადგინეს პეტიცია, რომელსაც ხელს ყველა ბავშვის მშობელი მოაწერს და შემდეგ პარლამენტში შეიტანენ.
მშობლები პარლამენტს მიმართავენ გამოინახოს ბიუჯეტში შესაბამისი თანხები, რომლითაც ბავშვებს სიცოცხლის გადასარჩენად აუცილებელ მედიკამენტებს შეუძენენ.
გარემოს ეროვნული სააგენტო ჰაერში მტვრის მყარი ნაწილაკების მატებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
„ატმოსფერულ ჰაერში მტვრის მყარი ნაწილაკების კონცენტრაციის მატება განაპირობა ქვეყანაში უდაბნოს მტვრის მასების გავრცელებამ. სიტუაცია გაუმჯობესდება შესაბამისი მეტეოროლოგიური პროცესების განვითარებისთანავე“, – ამბობს გარემოს ეროვნული სააგენტოს გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი მარინა არაბიძე. მის კომენტარს გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
„ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, საქართველოს ტერიტორიაზე ატმოსფერულ ჰაერში მყარი ნაწილაკების (PM10 და PM2.5) მომატებული კონცენტრაცია კვლავ შეინიშნება, რაც განპირობებულია სამხრეთიდან და სამხრეთ-აღმოსავლეთიდან მტვრის მასების გავრცელებით.
როგორც იცით, ბოლო პერიოდში არ დაფიქსირებულა ნალექი წვიმის ან თოვლის სახით, ასევე არ დაფიქსირებულა ქარი, რამაც განაპირობა დაბინძურების შენარჩუნება.
საქართველოს ტერიტორიაზე უდაბნოს მტვერის მასების გავრცელება წლის განმავლობაში პერიოდულად ფიქსირდება.
სიტუაციის გაუმჯობესება დამოკიდებულია შესაბამისი მეტეოროლოგიური პროცესების (წვიმა, თოვლი, ქარი) განვითარებაზე”,- ამბობს მარინა არაბიძე.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, უწყება ატმოსფერული ჰაერის ხარისხის უწყვეტ მონიტორინგს 18 ავტომატური სადგურის საშუალებით ახორციელებს.
ბათუმის ზღვისპირა ზოლში განთავსებულ 10 ახალ სტაციონარულ საგუშაგოს მერია შსს-ს გადასცემს. ამ საგუშაგოების [სამაშველო კოშკურების] მოწყობაში ქალაქის ბიუჯეტიდან 338 ათას 223 ლარი დაიხარჯა. ქონების გადაცემის საკითხს ბათუმის საკრებულო 1-ელი დეკემბრის სხდომაზე განიხილავს.
10 ახალი სამაშველო კოშკურა, ექსპერტიზის დასკვნის დოკუმენტის მიხედვით გადანაწილებულია კვარიათის, გონიოს, ბათუმის ახალი და ძველი ბულვარის, ასევე მახინჯაურისა და მწვანე კონცხის პლაჟებზე.
„სტაციონალური საგუშაგოების შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება-საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისათვის უსასყიდლოდ სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებით“ განკარგულების პროექტის განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ:
2025 წლის 17 ოქტომბერს სამაშველო სამსახურმა წერილობით მიმართა ბათუმის მერიას „რომელშიც აღნიშნულია, რომ ზღვისპირა ზოლში დასრულდა სამაშველო კოშკურების მშენებლობის სამუშაოები. შესაბამისად, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ითხოვს 10 ცალი სამაშველო კოშკურის არსებობის ვადით უსასყიდლოდ სარგებლობაში გადაცემას.“
ამავე განმარტებით ბარათში აღნიშნულია ასევე, რომ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა „2025 წლის 22 აპრილის ბრძანებით ბათუმის მუნიციპალიტეტს საკუთრებაში გადმოეცა სტაციონალური საგუშაგოების მოწყობის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია, აღნიშნული დოკუმენტაცია კი სამუშაოების შესყიდვის მიზნით გადაეცა მერიის საქალაქო ინფრასტუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს“.
„აღნიშნული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციით განხორციელდა საგუშაგოების მოწყობა და საქალაქო ინფრასტუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ შესაბამისი ბრძანებით ინფრასტრუქტურული სამუშაოები გადმოსცა მუნიციპალიტეტს საკუთრებაში.“
ბათუმის მერიის მიერ მოწყობილი საგუშაგოები, რომლებიც სამაშვლო სამსახურს უნდა გადასცეს [დოკუმენტების მიხედვით სულ ასეთი 10 საგუშაგო მოეწყო. ერთ ასეთ საგუშაგოში ბათუმის ბიუჯეტიდან 33 ათას 822 ლარი და 30 თეთრია გადახდილი] / ფოტო ექსპერტიზის დასკვნიდანმერიის კეთილმოწყობის სამმართველომ ტენდერი საგუშაგოების მოწყობაზე ზემოთ აღნიშნული პროექტით გამოაცხადა 2025 წლის აპრილში. ანალოგიური პროექტით კი ტენდერი ადრე, 2019 წელს, ბულვარის ადმინისტრაციასაც ჰქონდა გამოცხადებული. ბულვარმა მაშინ 5 საგუშაგო 118 ათას 835 ლარად შეისყიდა და შსს-ს გადასცა.
ბათუმის მერიის კეთილმოწყობის სამმართველომ ამჯერად 10 საგუშაგოს მოწყობაში 338 ათას 223 ლარი გადაუხადა ტენდერში გამარჯვებულ შპს „თი ემ ეს ქონსტრაქშენს“. ტენდერი სამმართველოს 390 ათას 243 ლარით ჰქონდა გამოცხადებული:
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ეხმაურება უკრაინის სამხედრო დაზვერვის მიერ გამოქვეყნებულ რუკის სქრინს, რომელზეც საქართველო მონიშნულია, როგორც ადგილი, სადაც რუსეთის შეიარაღებული ძალების კომუნიკაციის ტერმინალების ქსელებია განთავსებული.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ამბობს, რომ ეს ინფორმაცია არასწორია და ახლა ცდილობს გაარკვიოს რატომ გავრცელდა მსგავსი ინფორმაცია.
„ვრცელდება არასწორი ინფორმაცია, თითქოს უკრაინის დაზვერვის მასალებით საქართველოს ტერიტორიაზე არსებობს რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების სპეციალური უსაფრთხო კომუნიკაციის ტერმინალების ქსელები.
თავის მხრივ, არანაირი მსგავსი ინფორმაცია არ მიგვიღია უკრაინის საგარეო დაზვერვის სამსახურიდანაც. ამ უკანასკნელმა, გავრცელებულ განცხადებაში, მიუთითა ასეთი ქსელების უკრაინასთან, ფრონტის ხაზზე და აფრიკის კონტინენტზე არსებობის შესახებ.
ამავე დროს, განცხადებასთან ერთად გამოქვეყნებულ ფოტოზე დატანილმა ლოკაციამ დატოვა მათ მიერ გახმოვანებული ინფორმაციის არასწორი ინტერპრეტაციის სივრცე საქართველოს შესახებ.
ჩვენ პროაქტიულად ვცდილობთ გავარკვიოთ, რით იყო გამოწვეული, მათივე განცხადებისგან განსხვავებული ისეთი მასალის გავრცელება,“ – ვკითხულობთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში.
გუშინ, 29 ნოემბერს, უკრაინის სამხედრო დაზვერვამ გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო დაზვერვის დირექტორატის დანაყოფებმა, ტექნიკური დაზვერვის ოპერატიულ მეთოდებთან ერთად, გამოავლინეს რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების სპეციალური დაცული კომუნიკაციის ტერმინალების ქსელები უკრაინასთან ფრონტის ხაზზე და აფრიკის კონტინენტზე.
უკრაინის სამხედრო დაზვერვამ ამ ინფორმაციას თან დაურთო ორი ფოტოსქრინი, რომელ ფოტოებზეც ასახულია ის ადგილები, სადაც, დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთის არმიის საკომუნიკაციო ტერმინალებია.
ორიდან ერთ სქრინზე წითლად მონიშნულია საქართველო.
უკრაინის სამხედრო დაზვერვის მიერ გავრცელებული ფოტო, რომელზეც საქართველოცაა მონიშნული
უკრაინის სამხედრო დაზვერვას გავრცელებულ ინფორმაციაში არ განუმარტავს, რატომ მოხვდა საქართველოს ტერიტორია ამ ფოტოსქრინზე.
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 30 ნოემბრის 21 საათიდან 1-ელი დეკემბრის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, ღამით ზოგან, დღისით უმეტეს რაიონში წვიმა.
იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.
ზღვის ღელვა 2-3 ბალი იქნება, ზღვის წყლის ტემპერატურა კი +16 გრადუსია.
სინოპტიკოსების ცნობით, 2 დეკემბერს ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, მომდევნო ორ დღეს, 3 და 4 დეკემბერს კი – უმეტესად უნალექო ამინდი.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 30 ნოემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 172 860 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 160. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები]
ტანკი – 11 386 ერთეული [+5]
ჯავშანტექნიკა – 23 672 ერთეული [+14]
საარტილერიო სისტემა – 34 740 ერთეული [+7]
MLRS – 1 552 ერთეული [+2]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 253 ერთეული [+0]
თვითმფრინავი – 430 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 347 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 85 851 ერთეული [+508]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 4 024 ერთეული [+29]
გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 68 512 ერთეული [+49]
სპეცტექნიკა – 4 010 ერთეული [+0]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 30 ნოემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
668 თვითმფრინავი
283 ვერტმფრენი
99 690 უპილოტო საფრენი აპარატი
638 საზენიტო სარაკეტო სისტემა
26 318 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 622 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
31 638 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
47 986 სპეციალური სამხედრო მანქანა
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
პარტია „თავისუფლების მოედანმა“ შეიმუშავა ლუსტრაციის კანონპროექტი, რომლის მხარდასაჭერად მოქალაქეთა ხელმოწერებს უკვე აგროვებენ.
„ლუსტრაციის კანონის მთავარი ამოცანა არის ის, რომ მავნე საბჭოთა და პოსტსაბჭოთა გავლენისგან გაათავისუფლოს სახელმწიფო და სახელმწიფო მმართველობა. ამ კანონის მიხედვით, იმ ადამიანებს, რომლებიც მიზანმიმართულად თანამშრომლობდნენ „კაგებესთან” და მის მემკვიდრე ორგანიზაციებთან, ქართული, ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ, აეკრძალებათ სახელმწიფო სამსახურში მუშაობა და ასევე საკონტრაქტო ან რაიმე სხვა ურთიერთობები“, – აცხადებს პარტია „თავისუფლების მოედნის“ ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ცუცქირიძე და დასძენს, რომ მოქალაქეთა ხელმოწერებს ამ კანონპროექტის მხარდასაჭერად სწორედ იმიტომ აგროვებენ ახლა, რომ შემდეგში „ვერავინ შეძლოს მისი გაჩერება ან დაბლოკვა“.
ლევან ცუცქირიძის თქმით, ეს იქნება პირველი ინიციატივა, რომელსაც ისინი წარუდგენენ ახალ, დემოკრატიულად არჩეულ პარლამენტს.
პარტიის იდეაა, შეიქმნას „ეროვნული მეხსიერების საბჭო“, რომელიც დაკომპლექტებული იქნება მთავრობის, პარლამენტის, სასამართლოსა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებით. საბჭომ უნდა შეისწავლოს არქივები და გამოავლინოს ადამიანები, რომლებიც ტოტალიტარული სისტემის განმტკიცებას ემსახურებოდნენ. მათ დროებით ან სამუდამოდ აეკრძალებათ პოლიტიკური თანამდებობების დაკავება, საჯარო სამსახურში დასაქმება, საგანმანათლებლო და კვლევით ორგანიზაციებში მუშაობა, სახელმწიფო შესყიდვებსა და ტენდერებში მონაწილეობა.
„ძალიან მნიშვნელოვანია ისტორიული სამართლიანობის აღდგენა, წარსულისთვის თვალის გასწორება და საზოგადოების ინფორმირება და განათლება იმის შესახებ, თუ რამხელა უბედურება მოუტანა საბჭოთა კავშირმა საქართველოს“, – აცხადებს ლევან ცუცქირიძე. – „ჩვენ ვთვლით, რომ ლუსტრაციის კანონი არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მექანიზმი იმისთვის, რომ თავი დავიზღვიოთ ისეთი პრობლემებისგან, რომლებიც დღეს შეგვიქმნა ქართულმა ოცნებამ“.
„რაც არ უნდა მალონ ეს პროტესტი, პროტესტი თავის თავს ვერ დამალავს. რაც უფრო დიდხანს მოითმენენ ისინი ამ ყველაფერს, მით უფრო მეტად და ძლიერად გაანადგურებს ეს მათ პიროვნულად,“ – ამბობს ყოფილი საჯარო მოხელე სალომე მაჭარაშვილი. ის ერთ-ერთია იმ ასეულობით საჯარო მოხელეთა შორის, რომლებიც პროტესტის გამო საჯარო სამსახურიდან დაითხოვეს.
„საჯარო მოსამსახურეთა დამოუკიდებელი პროფკავშირების კონსტიტუციის 78-ე მუხლის“ მონაცემებით, პროევროპული პროტესტის გამო ქვეყანაში 800-დან 1200-მდე საჯარო მოხელე გაათავისუფლეს. გათავისუფლებულების დაახლოებით 20 %-მა შეძლო კერძო სექტორში დასაქმება.
რამდენად შეიძლება ბიზნესში დასაქმების იმედად საჯარო სამსახურში თამამი განცხადებების გამოხატვა? – „ბათუმელები“ საჯარო სამსახურებიდან გათავისუფლებულ 3 ადამიანს ესაუბრა, რომლებიც კერძო სექტორში დასაქმდნენ.
„რაც არ უნდა მალონ, პროტესტი თავს ვერ დამალავს“
„ახალი შესაძლებლობის კარი ყოველთვის გაიღება, მაგრამ არა საკუთარი ღირებულებების და ფასეულობების დათმობის ხარჯზე,“ – თავდაჯერებულობა ეტყობა სალომე მაჭარაშვილს, რომელიც 2025 წლის მარტში გაათავისუფლეს თბილისის მერიიდან. ბოლო 6 წელი იგი მუნიციპალური სერვისების სააგენტოში მენეჯერულ პოზიციას იკავებდა.
სალომე მაჭარაშვილი სამსახურიდან მას შემდეგ გაუშვეს, როცა ევროინტეგრაციის კურსის შეჩერება პეტიციაზე ხელმოწერით გააპროტესტა. იგი პროტესტს ღიად აფიქსირებდა.
„სააგენტოდან გათავისუფლების შემდეგ კერძო კომპანიაში დავსაქმდი პროექტების ხელმძღვანელის თანამდებობაზე. დაახლოებით 5-6 თვეში ვიპოვე ახალი სამსახური,“ – ამბობს სალომე მაჭარაშვილი.
იგი იმ სირთულეებზე გვესაუბრება, რის გამოც საჯარო მოხელეებს გაჩუმება უწევთ. ყოფილი საჯარო მოხელე მოგვიყვა იმ გზის შესახებ, რომლის გავლაც მოუწია ბიზნესში დასაქმებამდე:
„საჯარო სექტორი ისედაც არ გამოირჩევა მაღალი ხელფასით, ძირითადად მოტივაციის ხარჯზე მუშაობენ ადამიანები და ეკონომიკური სიდუხჭირე, რაც არის ქვეყანაში, ასახულია საჯარო მოხელეებზეც. საჯარო მოხელეებსაც აქვთ ფინანსური ვალდებულებები, ოჯახების მიმართ პასუხისმგებლობა, რაც საკმაოდ დიდი წნეხია, რომ გააჩუმონ.
18-წლიანი უწყვეტი თანამშრომლობის შემდეგ ძალიან რთულია კერძო სექტორში გადასვლა. 38 წლის ვარ. მთელი ჩემი ცხოვრების გააზრებული 18 წელი – ჩემი ცხოვრების მთელი ეს ეტაპი უკავშირდება თბილისის მერიას. თანაც, ეხებიან შენს კომპეტენციას – თურმე, გასაუბრება ვერ გაიარე, შემდეგ კი შენს ადგილზე ნიშნავენ ადამიანს, რომელსაც საერთოდ არ აქვს ცოდნა სამშენებლო სამართლის მიმართულებით, კანონმდებლობის გაცნობა ახლა დაიწყო და ჯერ კიდევ არაა სრულად ჩართული მოქალაქეთა კონსულტაციაში.
სამშენებლო სექტორი საკმაოდ სპეციფიკური მიმართულებაა. ძალიან მნიშვნელოვანია ის სპეციფიკური ცოდნა და გამოცდილება, რომელიც მქონდა. ვფიქრობ, ამ კუთხით გამიმართლა: ისეთ დროს შევხვდი დამსაქმებელს, როდესაც კომპანიას ჰქონდა ჩემნაირი რესურსის საჭიროება და მეც ამ დროს ვიყავი თავისუფალი და სამუშაოს მაძიებელი,“ – გვიყვება სალომე მაჭარაშვილი.
ანაზღაურების კუთხით როგორია სხვაობა? – ვეკითხებით ყოფილ საჯარო მოხელეს.
„ბევრად მაღალია ჩემი ხელფასი კომპანიაში,“ – გვპასუხობს სალომე მაჭარაშვილი.
სალომე მაჭარაშვილი
სალომე მაჭარაშვილის თქმით, საჯარო მოხელეებში პროევროპული განწყობა საკმაოდ მაღალია, მაგრამ დიდი ნაწილი სიჩუმეს ამჯობინებს. რა არის გამოსავალი, თუ პროტესტის გამოხატვის გამო საჯარო მოხელეს გათავისუფლება ელის?
„გამოწვევა საკმაოდ რთული, თუნდაც სამსახურის მოძებნა, თუმცა არის ღირებულებები და ფასეულობები, რომელიც კონსტიტუციით და კანონმდებლობით ავალდებულებს საჯარო მოხელეს, თუ რას, ვის უნდა ემსახურებოდეს, ვის წინაშე არის ანგარიშვალდებული. ეს ფუნდამენტური პრინციპი და ღირებულებებია და ამ პრინციპების დაცვა ყველგან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით კი, საჯარო სამსახურში. შეუძლებელია, ამ საკითხთან კონფლიქტში იყო და შინაგანად არ ნადგურდებოდე. მე ასეთ საჯარო მოხელეებს ვუსურვებდი მეტ სითამამეს, გამბედაობას და თავისუფლებას. ჩემი აზრით, გამოსავალი ყოველთვის არსებობს.
ახალი შესაძლებლობის კარი ყოველთვის გაიღება, მაგრამ არა საკუთარი ღირებულებების და ფასეულობების დათმობის ხარჯზე,“ – მიიჩნევს სალომე მაჭარაშვილი.
მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ავტორიტარიზმია, კვალიფიციური საჯარო მოხელე მაინც იპოვის სამსახურს, შიში უსაფუძვლოა?
„ნეპოტიზმის ნიშნები, ზოგადად, კერძო სექტორში ბევრად უფრო ნაკლებია, გამომდინარე იქიდან, რომ ბიზნესი უყურებს საკუთარ დანახარჯს: ადამიანური რესურსის დანახარჯს რა სარგებელი მოაქვს კომპანიისთვის? კომპანიის კეთილდღეობა პირდაპირ არის მიბმული ამ საკითხებზე. ამიტომაც, ბიზნესი ფიზიკურად ვერ შეინახავს და არ შეინახავს ისეთ რესურსს, ვისაც არ მოაქვს სარგებელი.
შესაბამისად, კვალიფიკაცია ძალიან მნიშვნელოვანია.
საჯარო მოსამსახურეებს – საუბარი მაქვს გამოცდილ საჯარო მოხელეებზე, რომლებსაც უამრავი სწავლება და ტრენინგი აქვთ გავლილი – დისციპლინის, პასუხისმგებლობის მიმართულებით ბევრად დიდი უპირატესობა გააჩნიათ კერძო სექტორთან მიმართებით. პასუხისმგებლობა და დისციპლინა ნებისმიერი კომპანიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია,“ – ამბობს ყოფილი საჯარო მოხელე.
ამ თემაზე საუბრის დროს, ყოფილი საჯარო მოხელე თავის დაკვირვებას გვიზიარებს – ჩემი აზრით, მაინც მიადგებიან ამჟამად მდუმარე საჯარო მოხელეებს, რომლებსაც პროტესტი აწუხებთო.
„რაც არ უნდა მალონ ეს პროტესტი, პროტესტი თავს ვერ დამალავს. რაც უფრო დიდხანს მოითმენენ ისინი ამ ყველაფერს, მით უფრო მეტად და ძლიერად გაანადგურებს ეს მათ პიროვნულად. მე მჯერა, რომ საჯარო დაწესებულებებში ძალიან ბევრი კეთილსინდისიერი ადამიანი მუშაობს, რომელსაც აქვს ღირებულებები, იცის ქვეყნის ფასი, იცის, რას უნდა ემსახუროს საჯარო სამსახურში. მათ რეალურად უნდა გააცნობიერონ, რა რისკების შემცველია ეს დუმილი. მჯერა, რომ რაღაც მომენტში, რაღაც კონკრეტულ ნიშნულზე მივა საკითხი ისევ ამოხეთქავს…“ – გვიყვება სალომე მაჭარაშვილი.
ყოფილ საჯარო მოხელეს „ოცნების“ პარლამენტის დეპუტატის, მარიამ ლაშხის კომენტარზეც ვკითხეთ: „თუ ვინმეს აქვს იმის განცდა, რომ ჰყავს რუსი ხელისუფალი, ამ რუსი ხელისუფლისაგან არც ხელფასი არ უნდა აიღოს,“- ამბობს „ქართული ოცნების“ დეპუტატი.
„მარიამ ლაშხს ვურჩევდი, გადაეხედა საჯარო სამსახურის შესახებ კანონისთვის, კონსტიტუციისთვის, რომელიც ასე გათელეს ბოლო თვეების და ბოლო წლის განმავლობაში და კარგად გადაიკითხოს, რეალურად ვინ არის ხელფასის წყარო, ვის უნდა ემსახურებოდეს საჯარო მოხელე და განსაკუთრებით ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში დასაქმებული ადამიანები,“ – ბრაზს ვერ მალავს სალომე მაჭარაშვილი.
„წამოვედი შემოსავლების სამსახურიდან, ბუღალტრად დავსაქმდი… მნიშვნელოვანია კომფორტის ზონიდან გამოხვიდე“
„თუ შიშს და ზეწოლას დაემორჩილები, შენ უკვე დაგიმორჩილეს,“ – თავის ამბავს გვიყვება ნოდარ წიწრიაშვილი. იგი შემოსავლების სამსახურის ყოფილი თანამშრომელია.
ნოდარ წიწრიაშვილი შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტში მუშაობდა 2014 წლიდან. მან საჯარო სამსახური თავად დატოვა 2025 წლის ივნისის დასაწყისში.
„სიტუაცია ძალიან აღარ მომწონდა და ამიტომ წამოვედი. ვხედავდი, უკვე როგორ ვრჩებოდი გვერდით, მაგალითად, შეხვედრებზე ჩემი ადგილი აღარ იყო, დაწინაურების საშუალება გააქრეს, არც შვებულებაში გამიშვეს, ხელფასი დამაკლეს…
ვმონაწილეობდი და ახლაც ვმონაწილეობ პროევროპულ საპროტესტო აქციაში. პირდაპირ არასდროს არაფერი არ უთქვამთ, მაგრამ ეს უკავშირდებოდა პოლიტიკას: ჩვენს ევროპულ გზას.
ავდექი და წამოვედი. ბუღალტრად დავსაქმდი ერთ-ერთ კომპანიაში. 500 ლარით ნაკლები მაქვს ხელფასი, მაგრამ მიღირს.
მნიშვნელოვანია, კომფორტის ზონიდან გამოხვიდე. თუ დაემორჩილები უკანონობას, მორჩილი ხდები და მანდ მთავრდება ყველაფერი. შიშს არ უნდა მისცე საშუალება, რომ დაგიმორჩილოს.
მნიშვნელოვანია, მებრძოლი ხასიათი გამოავლინო მაგ დროს. შენ თავს უნდა უთხრა, რომ რაღაც გამოვა და აუცილებლად გამოვა. უნდა გარისკო. თუ შიშს და ზეწოლას დაემორჩილები, უკვე დაგიმორჩილეს. ეს არის ბრძოლა შენ თავთან, შენს შიშებთან. ეს შიში უნდა გადალახო,“ – მიიჩნევს ნოდარ წიწრიაშვილი.
ნოდარ წიწრიაშვილი
ყოფილი საჯარო მოხელეს საკუთარი დაკვირვების გაზიარება ვთხოვეთ: რამდენად შეიძლება დუმილს შეჩვეული საჯარო მოხელეები ისევ გააქტიურდნენ?
ნოდარ წიწრიაშვილის აზრით, „ოცნების“ მთავრობამ საჯარო სექტორში შეძლო გარდატეხის შეტანა მორჩილებისკენ, ხოლო ვინც ამ კრიტიკულ სიტუაციაში გაჩუმდა, გაჩუმებული დარჩება. ყალბი მოლოდინის შექმნა არ მიყვარსო – ამბობს ყოფილი საჯარო მოხელე.
„სამსახურს როგორ ვერ იშოვი, მაგრამ რთულია, მით უფრო, როცა შვილები გყავს, მაგალითად, სარჩენი. ამ დროს რთულია გარისკო, თუმცა ჩემმა ერთმა მეგობარმა, რომელსაც შვილები ჰყავს, გარისკა და წამოვიდა, სამსახურიც იშოვა…
ყველა ვერ რისკავს, ყველას არ შეუძლია ეს.
თუ ამ რთულ მომენტში გაიმარჯვებს ღირსება – ძლევ შიშს. თუ შიში გიმორჩილებს – ეგუები მორჩილებას.
ეს შიში რეალურია, რომ აი, სხვა სამსახურს ვერ იშოვი, რადგან დღევანდელ საქართველოში მართლაც ძალიან რთულია ნორმალური სამუშაოს პოვნა… სხვა ადამიანებს იმას მოვუწოდებ, რომ უბრალოდ არ ჩავარდნენ სასოწარკვეთილებაში. მე ამ დროს ძალიან მეხმარებოდა რუსთაველის ქუჩაზე გასვლა, ადამიანებთან დალაპარაკება….
დღეს აღარ მაქვს საჯარო მოხელეებთან კომუნიკაცია, თავს ვარიდებ. ვიცი, რომ ყველა ადამიანი თავისებურად განიცდის, რაც ქვეყანაში ხდება, მაგრამ ადამიანებში შიში უფრო დომინანტური ფაქტორია – მოახდინეს გავლენა ადამიანებზე, იციან, რა შიში მოქმედებს ადამიანზე, ამ ყველაფრის აქტივირება მოახდინა მთავრობამ.
როცა ადამიანი დაშინდება და მის ფსიქოლოგიაში მოხდება გარდატეხა, ჩემი აზრით, იმ ადამიანმა უკვე მიიღო გადაწყვეტილება და დაექვემდებარა წნეხს.
სამწუხაროდ, ეს კრიტიკული ეტაპი ჩვენ უკვე გავიარეთ. აღარ უნდა გვქონდეს ილუზია. ეს ძალიან მტკივნეულია,“ – გვითხრა ნოდარ წიწრიაშვილმა.
„სამუშაო სივრცეშიც შესაძლებელია საჯარო მოსამსახურემ დააფიქსიროს სამოქალაქო პოზიცია“
თაია მახარაშვილი თბილისის მერიაში კომუნიკაციის მენეჯერის პოზიციაზე მუშაობდა. იგი 2024 წლის დეკემბერში გაათავისუფლეს. ემოციურად ამოვისუნთქეო – ყოფილი საჯარო მოხელე იხსენებს გათავისუფლების მომენტს და შემდეგ ქრონოლოგიურად გვიყვება, როგორ იცვლებოდა პროტესტზე „ოცნების“ რეჟიმის რეაგირება საჯარო სექტორში:
„ბოლო 11 წელია საჯარო სამსახურში ვიყავი. პირველად ალბათ 2019 წელს გავედი აქციაზე, როგორც საჯარო სექტორში დასაქმებული პირი. ეს იყო სარალიძის მკვლელობა. ამ საქმის გამოძიებას მოჰყვა მაშინ საპროტესტო აქციები. მაშინ პროტესტის გამოხატვას სამსახურში არანაირი რეაქცია არ მოჰყოლია. რა თქმა უნდა, ინფორმირებული იყვნენ, მაგრამ არავინ იმჩნევდა.
შემდეგ იყო 2020 წლის აქციები და გავრილოვის ღამე, როცა უკვე მერიაში პროტესტის გამოხატვის მიმართ განწყობები შეიცვალა, თუმცა სიტყვიერად არც მაშინ არავის არაფერი უთქვამს. რამდენჯერმე მითხრეს: ამ ყველაფერს აკონტროლებდნენ და ინფორმაციას აწვდიან „ზევით“. არ ვიცი, პარტიას აწვდიდნენ, თუ ვის.
შემდეგ უკვე იყო რუსული კანონი, საპროტესტო აქციები 2023 წელს, როცა მითხრეს, წლის ბოლოს შეიძლება შეწყვეტილიყო ჩემთან ხელშეკრულება. საბოლოოდ, ხელშეკრულება არ შეუწყვეტიათ, კანონი გაიწვიეს და მივიღეთ კანდიდატის სტატუსი. რაღაცნაირად დამაიმედებელი განწყობა გაჩნდა საჯარო სამსახურებში: იქნებ რაღაც შეიცვალოს.
2024 წელს ისევ შემოაბრუნეს რუსული კანონი, რაზეც უკვე ძალიან მწვავე იყო ჩვენი პროტესტი. 2024 წლის 30 ნოემბერს კი, საჯარო განცხადებით შევუერთდით სხვა საჯარო სამსახურებს. რამდენიმე დღეში ვიღებ ინფორმაციას, რომ უნდა ჩამოვშორდე ჩემ საქმიანობას, ამიკრძალეს მედიასთან ურთიერთობა, რასაც წლების განმავლობაში რუტინულად ვაკეთებდი.
გასული წლის 27 დეკემბერს გამათავისუფლეს… სიმართლე გითხრათ, ემოციურად ეს ჩემთვის იყო ამოსუნთქვა. შეიძლება არ იყო მუქარა, ღია შევიწროება და ასე შემდეგ, მაგრამ ვიცოდი, რომ თუნდაც სოციალურ ქსელს მიკონტროლებდნენ, ყოველთვის განცდა მქონდა იმის, რომ რაც არ უნდა მეთქვა, აუცილებლად მიდიოდა სადღაც, ვიღაცამდე, აი, ეს განცდა მომშორდა,“ – გვითხრა თაია მახარაშვილმა.
თაია მახარაშვილი
ემოციური ამოსუნთქვის პარალელურად ყოფილი საჯარო მოხელეს ფინანსური პრობლემები დაეწყო. რამდენიმე თვე საჯარო სამსახურიდან პროტესტის გამო გათავისუფლებულს ფონდები ეხმარებოდნენ, შემდეგ კი, კერძო სექტორში დასაქმდა. ის ერთ-ერთი საგანმანათლებლო პროექტის კოორდინატორია.
„მიხარია, რომ სწორი სამოქალაქო პოზიციის მქონე ადამიანების გვერდით მიწევს ამჟამად მუშაობა. ეს ჩემთვის გადამწყვეტია. მქონდა ისეთი შემოთავაზებები, რასაც უბრალოდ იმიტომ არ დავთანხმდი, ვიცოდი, რომ კომპანიის ხელმძღვანელობას ჰქონდა ჩემგან განსხვავებული სამოქალაქო პოზიცია. იმის მერე, რაც ჩვენ გადავიტანეთ საჯარო სამსახურში, ვფიქრობ, ეს დისკომფორტი ისევ აღარ უნდა შევუქმნა ჩემ თავს იმ საბაბით, რომ დასაქმებული ვიყო,“ – გვიყვება თაია მახარაშვილი.
თაია მახარაშვილი „საჯარო მოსამსახურეთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირის კონსტიტუციის 78-ე მუხლის” თანადამფუძნებელი და გამგეობის წევრია.
„პროტესტს ვერ გამოვხატავ იმიტომ, რომ გამათავისუფლებენ და უმუშევარი დავრჩები“ – რამდენად რეალურია საჯარო მოხელეების ეს შიში? – ვკითხეთ მას.
„გამიჭირდება არ დავეთანხმო. გამიჭირდება, თამამად ვუთხრა ვინმეს, რომ იოლია ამ გადაწყვეტილების მიღება. მე, პირადად, ძალიან გამიმართლა. თუ გავითვალისწინებთ ამ ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობას და დასაქმების ბაზარს, ვერ ვიტყვი, რომ იოლია დასაქმება. დასაქმების ბაზარი მაღალკვალიფიციური პროფესიონალებისთვის მით უმეტეს საკმაოდ მწირია და არ იძლევა დიდ შესაძლებლობებს. შესაბამისად, ვისაც საბანკო ვალდებულებები აქვს, მათთვის ამ გადაწყვეტილების მიღება რთულია.
ბიზნესიც, მე როგორც ვაკვირდები, საკმაოდ დიდი წნეხის ქვეშ არის. გამიგია, ვთქვათ, ყოფილი საჯარო მოსამსახურეებისგან, რომ ბევრგან იბლოკებიან კერძო სექტორშიც.
და მაინც ვფიქრობ, რომ თუ ისინი წამოსვლას ვერ ახერხებენ საჯარო სამსახურიდან, ყველა საჯარო მოსამსახურეს შეუძლია, ვიდრე მუშაობს, ჰქონდეს თავისი სამოქალაქო პოზიცია და დააფიქსიროს ეს პოზიცია. სამუშაო სივრცეში რაღაც დოზით ამას ყველანი ყოველთვის ვახერხებდით და ვერ ვიტყვი, რომ ამის შესაძლებლობა არ არის.
თუმცა ეს ფონი, რაც ჩვენ მასობრივ გათავისუფლებებს მოყვა, რა თქმა უნდა, მათზე ახდენს გავლენას. ამის გამო უფრო იკავებენ თავს,“ – უთხრა „ბათუმელებს“ თაია მახარაშვილმა.
კითხვაზე – რა შემთხვევაში შეიძლება გააქტიურდეს ისევ საჯარო სექტორი, თაია მახარაშვილი ასე გვპასუხობს:
„არის რაღაც, რაც შეიძლება აიტანოს ადამიანმა გარკვეული დოზით და გაჩუმდეს, ვერ გაბედოს, მაგრამ არის მდგომარეობა და ბოლო ერთი წელია ზუსტად ეს მდგომარეობა გვაქვს, რომ უბრალოდ თუ გაქვს ღირსება, თუ გაქვს ნამუსი, არ ვიცი საერთოდ როგორ უნდა გაჩერდე? მე, პირადად, ალბათ თავად დავწერდი განცხადებას და წამოვიდოდი…
გასული წლის 28 ნოემბერს, როცა მოვისმინეთ ირაკლი კობახიძის განცხადება, ველოდი, რომ ამას საჯარო მოსამსახურეების ძალიან დიდი ნაწილი ვერ აიტანდა და უპასუხოდ არ გაატარებდა. მაგრამ ვერ მივიღეთ ის შედეგი, რაც უნდა ყოფილიყო. როგორც კი პეტიციაზე ხელმოწერა დაიწყო და 240 ადამიანამდე ავედით, დაიწყო სერიოზული ზეწოლა, რომ სხვებს არ მოეწერათ ხელი.
საჯარო სექტორში ბევრია პარტიული აქტივისტი, „ოცნების“ მომხრეები. ისინი ცდილობდნენ მსგავს სიტუაციაში, ასე ვთქვათ, მტრული გარემოს შექმნას ხელმომწერის მიმართ, მაგალითად, ერთ სამუშაო ოთახში პეტიციაზე ხელმომწერს აღარ ესალმებოდნენ. საშინლად მძიმე ფონი შეიქმნა. ამას ვინც უყურებდა, განსხვავებული აზრის მიუხედავად, უკვე გადაიფიქრა პეტიციაზე მოეწერა ხელი.
მაინც ვფიქრობ, რომ შეიძლება რომელიმე ერთ გადაწყვეტილებას – ჩვენ უკვე ყველაფერს ველოდებით „ქართული ოცნებისგან“ – მოჰყვეს ისევ რაღაც და იფეთქოს ერთიანად პროტესტმა. ამის შესაძლებლობა ყოველთვის არსებობს საჯარო სექტორში.
ქვეყანაშიც არსებობს ამის შესაძლებლობა, რომ ერთმა გადაწყვეტილებამ მთლიანად ჩამოშალოს სისტემა. უბრალოდ, ეს ჯერჯერობით არ მომხდარა,“ – გვითხრა თაია მახარაშვილმა.
დღეს დილით გავრცელებული ვიდეო, რომელიც რუსულ „ჩრდილოვან ფლოტზე“ დრონებით თავდასხმას და ორი ტანკერის აფეთქებას ასახავს, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურების სპეცოპერაციაა. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურების წყაროებზე დაყრდნობით.
წყაროების ცნობით, Sea Baby-ის საზღვაო დრონები შავ ზღვაში ორ სანქცირებულ ნავთობტანკერს – KAIRO-სა და VIRAT-ს დაესხნენ თავს. გემები „ჩრდილოვან ფლოტს“ ეკუთვნის.
უკრაინული მედია წერს, რომ „ეს იყო უკრაინის უშიშროების სამსახურის სამხედრო კონტრდაზვერვის და უკრაინის საზღვაო ძალების ერთობლივი ოპერაცია. მოდერნიზებული Sea Baby საზღვაო დრონები წარმატებით გამოსცადეს გემებზე.
მათ შეუძლიათ დიდი მანძილის დაფარვა და აღჭურვილი არიან მძლავრი საბრძოლო მასალებით“.
ვიდეოს მიხედვით, შეჯახების შემდეგ ორივე ტანკერი კრიტიკულად დაზიანდა და ფაქტობრივად, ექსპლუატაციიდან გამოვიდა.
ტანკერი KAIROS საკმაოდ დიდი ზომის იყო – მისი სიგრძე 274 მეტრია, სიგანე 48 მეტრი. ის სანქცირებული გემების სიაში იყო.
რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერებს დრონებით თავს დაესხნენ შავ ზღვაში, თურქეთის მახლობლად.
თურქული მხარის ცნობით ეკიპაჟის ყველა წევრი სამაშველო სამსახურებმა სამშვიდობოზე გაიყვანეს. თურქმა მაშველებმა გემიდან ეკიპაჟის 25 წევრი გამოიყვანეს, ისინი არ დაშავებულან.
თავდასხმის დროს სანქცირებული გემები ცარიელი იყო – ისინი ჩასატვირთად ნოვოროსიისკის პორტში მიემართებოდნენ.
28 ნოემბერს უწყვეტი, პროევროპული პროტესტის ერთი წლის თავზე, ქართველმა ემიგრანტებმა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში საპროტესტო აქციები მოაწყვეს.
საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველები შეიკრიბნენ სიდნეიში, ჰააგაში, ტალინში, ვენაში, კიოლნში, ჰანოვერში, ვაშინგტონში, ფრანკფურტში, პარიზში, ოსლოში, ბუდაპეშტში და კიდევ ერთხელ გააპროტესტეს „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება თქვას უარი საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე.
მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში გამართული აქციების ამსახველ ფოტო მასალას მოძრაობა „ქარები“ აქვეყნებს. სწორედ „ქარების“ მიერ იყო ინიცირებული კამპანია სახელწოდებით „მე ვარ ქართველი, მე ვარ ევროპელი“.
გთავაზობთ ფოტოებს იმ ქალაქებიდან, სადაც საქართველოს მოქალაქეებმა საპროტესტო აქციები გამართეს.
საპროტესტო აქცია სიდნეიში ფოტო: ქართული დიასპორების მოძრაობა – „ქარები“საპროტესტო აქცია ტალინში ფოტო: ქართული დიასპორების მოძრაობა – „ქარები“საპროტესტო აქცია შტუტგარტში ფოტო: ქართული დიასპორების მოძრაობა – „ქარები“ერთი ემიგრანტის საპროტესტო აქცია ავსტრალიაში, ქალაქი გოლდ-კოსტი ფოტო: ქართული დიასპორების მოძრაობა – „ქარები“საპროტესტო აქცია ვაშინგტონში ფოტო: ქართული დიასპორების მოძრაობა – „ქარები“საპროტესტო აქცია პარიზში ფოტო: ქართული დიასპორების მოძრაობა – „ქარები“საპროტესტო აქცია პარიზში ფოტო: ქართული დიასპორების მოძრაობა – „ქარები“საპროტესტო აქცია ფრანკფურტში ფოტო: ქართული დიასპორების მოძრაობა – „ქარები“საპროტესტო აქცია ჰააგაში ფოტო: ქართული დიასპორების მოძრაობა – „ქარები“საპროტესტო აქცია ირლანდიაში, ქალაქ ლიმერიკში ფოტო: ქართული დიასპორების მოძრაობა – „ქარები“საპროტესტო აქცია ოსლოში ფოტო: ქართული დიასპორების მოძრაობა – „ქარები“საპროტესტო აქცია კიოლნიში ფოტო: ქართული დიასპორების მოძრაობა – „ქარები“საპროტესტო აქცია ჰანოვერში ფოტო: ქართული დიასპორების მოძრაობა – „ქარები“საპროტესტო აქცია ბუდაპეშტში ფოტო: ქართული დიასპორების მოძრაობა – „ქარები“
დაკავებულია კოალიცია “ძლიერი საქართველო – ლელოს” ერთ-ერთი ლიდერი, ალექსანდრე ელისაშვილი. შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ელისაშვილმა, დღეს, 29 ნოემბერს, გამთენიისას, თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის შენობის დაწვა სცადა.
“გამოძიებით დგინდება, რომ მიმდინარე წლის 29 ნოემბერს, გამთენიისას, ალექსანდრე ელისაშვილმა, შენიღბულმა, ჩაქუჩის გამოყენებით ჩაამსხვრია თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის შენობის გარე ფასადის მინა, შეაღწია სასამართლოს კანცელარიის შიდა სივრცეში, სადაც პერიმეტრზე ბენზინი დაასხა, მათ შორის, საკანცელარიო ნივთებზე, ტექნიკაზე, დოკუმენტაციაზე და შენობის დაწვა სცადა.
მას შემთხვევის ადგილზევე წაასწრეს სასამართლოს მანდატურის სამსახურის წარმომადგენლებმა, რომლებსაც ელისაშვილმა თანნაქონი ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით წინააღმდეგობა გაუწია და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
გაწეული წინააღმდეგობის მიუხედავად, ალექსანდრე ელისაშვილი მანდატურებმა ადგილზევე დააკავეს.
დაპირისპირებისას მიღებული დაზიანებებით, მანდატურის სამსახურის ერთ-ერთი წარმომადგენელი სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი. დაკავებისას, გაწეული წინააღმდეგობის გამო, დაზიანებები მიიღო ალექსანდრე ელისაშვილმაც.პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღები ნივთმტკიცებად ამოიღო. ამ ეტაპზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-187-ე მუხლით მიმდინარეობს”, – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
პოლონეთმა საქართველო ამოიღო იმ ქვეყნების სიიდან, რომლის მოქალაქეებსაც გამარტივებული წესით შეუძლიათ პოლონეთის ტერიტორიაზე სამუშაო ნებართვის მოპოვება.
საქართველოს მოქალაქეებს, 2018 წლიდან შეეძლოთ პოლონეთში გამარტივებული წესით დასაქმება. სწორედ გამარტივებული წესების გამო, ათასობით საქართველოს მოქალაქისთვის პოლონეთში დასაქმება სოციალური სიდუხჭირისგან თავის დაღწევის საშუალებად იქცა. პირველი დეკემბრიდან კი ამის შესაძლებლობა აღარ ექნებათ.
რა იქნება ახლა, რა იცვლება და როგორ მოუწევთ სამუშაო ნებართვის მიღება მათ, ვისაც პოლონეთში დასაქმება სურს ამ თემაზე „ბათუმელები“ ვალერიან ქარჩავას ესაუბრა, MigraMate-ის დამფუძნებელსა და გენერალურ დირექტორს, ევროკავშირის სამართლის მაგისტრს.
ბატონო ვალერიან, პირველი დეკემბრიდან საქართველოს მოქალაქეები ვეღარ დასაქმდებიან უცხოელისთვის სამუშაოს მინდობის განაცხადის საფუძველზე პოლონეთში. რას ნიშნავს ეს? რა იცვლება და რთულდება ამით პოლონეთში საქართველოს მოქალაქეებისთვის?
ეს ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა, რომელსაც ჩვენ დიდი ხანია ყურადღებით ვადევნებთ თვალს. ეს ცვლილება 2025 წლის 25 ნოემბერს გამოქვეყნდა პოლონეთის საკანონმდებლო მაცნეში.
რას ეხება ეს კანონი? ეს არის პოლონეთის ოჯახის, შრომისა და სოციალური პოლიტიკის მინისტრის 2025 წლის 21 ნოემბრის დადგენილება. ამ დადგენილებით, საქართველო ამოიღეს იმ ქვეყნების სიიდან, რომლის მოქალაქეებსაც პოლონეთში გამარტივებული წესით დასაქმება შეეძლოთ.
ახალი დადგენილების მიხედვით საქართველოს მოქალაქეები ვეღარ ისარგებლებენ ამ გამარტივებული მექანიზმით, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს აძლევდა საშუალებას, გაიოლებული გზით ჰქონოდათ წვდომა პოლონეთის შრომის ბაზარზე.
აღნიშნული მექანიზმის შემოღების დღიდან, ჩამონათვალში ექვსი ქვეყანა იყო, რომლთა მოქალაქეებსაც პოლონეთში გამარტივებული წესით დასაქმების უფლება ჰქონდათ. პირველ ჯერზე ამოიღეს რუსეთი, ახლა კი საქართველო. დარჩა სომხეთი, ბელარუსი, მოლდოვა და უკრაინა.
რას ნიშნავს ეს საქართველოს მოქალაქეებისთვის?
საქართველოს მოქალაქეებისთვის უბრალოდ დასრულდება გაიოლებული წვდომა პოლონეთის შრომის ბაზარზე. აუცილებელი იქნება სამუშაო ნებართვის მოპოვება, ისევე როგორც სხვა დანარჩენი სახელმწიფოების მოქალაქეებისთვის.
1-ელი დეკემბრიდან დამსაქმებელმა უნდა მოაწესრიგოს დოკუმენტაცია, გააკეთოს განაცხადი შრომის ნებართვაზე. საქართველოს მოქალაქე ვერ იქნება განმცხადებელი. ჯერ დამსაქმებელმა უნდა გამოხატოს სურვილი, შეიტანოს განაცხადი შრომის ნებართვაზე და შემდეგ ელოდოს ნებართვას.
არსებული პრაქტიკის გათვალისწინებით, ეს პროცესი შეიძლება გაიწელოს რამდენიმე თვე, გააჩნია ქალაქს. ჩვენ გვაქვს შემთხვევები, როდესაც ლოდინის დრო 3-4 თვეს აღწევს. მოკლედ, სამუშაო ნებართვის მიღების პროცესი გაცილებით დიდი ხანი გაგრძელდება, ვიდრე აქამდე ხდებოდა ე.წ. დამსაქმებლის დეკლარაციის (განაცხადის) დარეგისტრირებისას, როცა პროცესს კანონით 7 დღე სჭირდებოდა (ზოგ შემთხვევბში, რამდენიმე დღით მეტი).
როგორ შეეხება ახალი ცვლილება მათ, ვინც უკვე მუშაობს პოლონეთში და აქვს დროებითი ცხოვრების და მუშაობის ნებართვა?
რა შეიცვლება 1-ელი დეკემბრიდან მათთვის, ვინც უკვე მუშაობს პოლონეთში და აქვს დროებითი ბინადრობის და მუშაობის ნებართვა? ამ ეტაპზე მათთვის არაფერი არ შეიცვლება. ანუ ვისაც უკვე აქვს ე.წ. „კარტა პობიტუ“ სამსახურის საფუძველზე, ამ ადამიანებისთვის არაფერი იცვლება. უბრალოდ, სამომავლოდ რომ დასჭირდეთ გამარტივებული მექანიზმით დასაქმება დამსაქმებლის მიერ დარეგისტრირებული დეკლარაციის საფუძველზე, ამას ვერ შეძლებენ.
საყურადღებოა ასევე ის თუ, რა შეიცვლება საქართველოს იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც უკვე მუშაობს პოლონეთში დარეგისტრირებული დამსაქმებლის დეკლარაციის საფუძველზე და ჯერ არ აქვთ „კარტა პობიტუ“ (ბინადრობის ნებართვა).
ახალი დადგენილების მესამე პარაგრაფში ნათქვამია, რომ საქართველოს მოქალაქეს, რომელიც დასაქმდა დამსაქმებლის მიერ დარეგისტრირებული დეკლარაციის საფუძველზე 2025 წლის 1-ელ დეკემბრამდე, შეუძლია სამუშაოს გაგრძელება დეკლარაციაში მითითებული პირობებით, მისი ვადის ამოწურვამდე.
მაგალითისთვის, თუ დამსაქმებელმა დაარეგისტრირა დეკლარაცია საქართველოს მოქალაქისთვის 2025 წლის პირველ დეკემბრამდე და სახელმწიფო ორგანომ გასცა ამ რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, ამ დეკლარაციის საფუძველზე შეუძლია გააგრძელოს მუშაობა. განაცხადი შეიძლება დარეგისტრირდეს მაქსიმუმ 24 თვის ვადით.
აღსანიშნავია ასევე ისიც, რომ ამ დადგენილების ძალაში შესვლამდე (2025 წლის 1-ელ დეკემბრამდე) დაწყებულ და დაუსრულებელ საქმეებზე კვლავ ვრცელდება ამ დრომდე არსებული ნორმები. ანუ, თუ პოლონელმა დამსაქმებელმა შეიტანა განაცხადი საქართველოს მოქალაქის დასაქმების შესახებ დეკლარაციის დასარეგისტრირებლად პირველ დეკემბრამდე და პროცესი პირველი დეკემბრის შემდეგაც მიმდინარეობს, აღნიშნულ პროცესს ახალი კანონი არ შეეხება.
საბედნიეროდ, ეს ერთი დადებითი მხარე მაინც აქვს ამ დადგენილებას.
სამწუხარო კი ისაა, რომ პირველი დეკემბრიდან პოლონელი დამსაქმებლები ვეღარ დაარეგისტრირებენ ახალ დეკლარაციას და საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ნებართვის მისაღებად უფრო გრძელი და რთული გზის გავლა მოუწევთ.
ვალერიან ქარჩავა
საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც სურს, რომ იმუშაოს პოლონეთში, ჯერ უნდა მოიპოვოს სამუშაო ნებართვა დამსაქმებლის მეშვეობით. სამუშაო ნებართვის მოპოვების შემდეგ, ამ ნებართვის საფუძველზე, შესაძლებელია სამუშაო D ტიპის ვიზის აღება პოლონეთის საკონსულოში. D ტიპის სამუშაო ვიზა ეს არის ეროვნული ვიზა, რომელიც 90 დღეზე მეტი ვადით გაიცემა ერთ წლამდე.
ამის შემდეგ საქართველოს მოქალაქეს შეეძლება ჩამოვიდეს პოლონეთში და დაიწყოს მუშაობა ამ ნებართვისა და სამუშაო ვიზის საფუძველზე. სხვა გზა პოლონეთში ლეგალურად სამუშაოდ ჩამოსასვლელად უბრალოდ აღარ იქნება.
პოლონეთში ჩამოსვლის შემდეგ, რა თქმა უნდა, შესაძლებელი იქნება ბინადრობის და შრომის ნებართვის მოპოვება. ეს სულ სხვა პროცედურაა და აქ ცუდი არის ის, რომ დღესდღეობით ეს პროცესი ძალიან დიდ ხანს გრძელდება.
პოლონეთში შემოსვლის შემდეგ, როცა საქართველოს მოქალაქეს ექნება აქ მუშაობის ნებართვა, უკვე შეიძლება ლეგალური გზების პოვნა ლეგალურად მუშაობის და ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად, მაგრამ პოლონეთში სამუშაოდ ჩამოსვლა იქნება გაცილებით რთული.
ხოლო მეორე პრობლემა არის ის, რომ უკვე აქაურ დამსაქმებლებს აღარ ექნებათ სურვილი და მოტივაცია დაასაქმონ საქართველოს მოქალაქე, რადგან ეს მეტ ბიუროკრატიასთან და ხანგრძლივ ლოდინთან იქნება დაკავშირებული.
მაშინ როცა შეუძლიათ მარტივად დაასაქმონ მაგალითად სომხეთის, ბელარუსის, მოლდოვის ან უკრაინის მოქალაქეები, რატომ აირჩევენ ხანგრძლივ ბიუროკრატიას (მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს არ არის ერთადერთი გადამწყვეტი ფაქტორი საქართველოს მოქალაქის დასაქმების გადაწყვეტილების მიღებისას)?
არის კიდევ ერთი ფაქტორი, გაზრდილი მოსაკრებელი, რომელიც ასევე პირველი დეკემბრიდან შედის ძალაში პოლონეთში.
პირველი დეკემბრიდან იზრდება სახელმწიფო მოსაკრებელი შრომის ნებართვის გაცემისთვის. ამ დრომდე იყო 100 ზლოტი და ხდება 400 ზლოტი.
ანუ ერთის მხრივ, რთულდება საქართველოს მოქალაქის ლეგალურად დასაქმება პოლონეთში და მეორეს მხრივ იზრდება მოსაკრებელი.
გარდა ამისა, ცუდი პრაქტიკის გამო, პოლონელი დამსაქმებლები უფრო სიფრთხილით მოეკიდებიან საქართველოს მოქალაქისთვის სამუშაოს ნებართვის მოპოვების საკითხს. ვგულისხმობ იმას, რომ საქართველოს მოქალაქეები იღებდნენ სამუშაო ნებართვებს გამარტივებული წესით, დამსაქმებლის განაცხადის/დეკლარაციის სახით, ჩადიოდნენ პოლონეთში ამ დოკუმენტის საფუძველზე უვიზო მიმოსვლის ფარგლებში და შემდეგ აღნიშნულ დამსაქმებელთან არ იწყებდნენ მუშაობას.
რომელი დოკუმენტის საფუძველზეც ჩამოდიოდნენ პოლონეთში, იმ დოკუმენტით გათვალისწინებულ პირობებს არ ასრულებდნენ, არ მუშაობდნენ, არ იწყებდნენ მუშაობას. ზოგ შემთხვევაში ეს პოლონელი დამსაქმებლის ბრალეულობითაც ხდებოდა.
აი ეს ცვლილებები შედის ძალაში 2025 წლის 1-ელი დეკემბრიდან.
თუ რას ნიშნავს ეს ყველაფერი პოლიტიკურად, ეგ უკვე სხვა საკითხია.
თავდაპირველად იმ ქვეყნების ჩამონათვალიდან, რომელთა მოქალაქეებსაც პოლონეთში გამარტივებული წესით დასაქმება შეეძლოთ, ამოიღეს რუსეთი, ახლა ამოიღეს საქართველო. დარჩა სომხეთი, ბელარუსი, მოლდოვა და უკრაინა. ეს რა სურათსაც გვაძლევს, თავად მკითხველმა შეაფასოს.
13-14 დეკემბერს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრება გაიმართება, სადაც ადვოკატთა ასოციაციის ახალი თავმჯდომარე უნდა აირჩიონ. ადვოკატთა ასოციაცია 11 ათასზე მეტ ადვოკატს აერთიანებს, მათგან 5 500 ადვოკატს აქვს სტატუსი – მოქმედი.
ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნებში სამი კანდიდატი მონაწილეობს – ირაკლი ჩომახაშვილი, ირაკლი ყანდაშვილი და მუხრან ღურწკაია.
„ბათუმელები“ დღეს ერთ-ერთ კანდიდატთან, ირაკლი ჩომახაშვილთან ინტერვიუს გთავაზობთ.
ბატონო ირაკლი, რატომ იღებთ მონაწილეობას ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნებში?
თითქმის 16 წელია ადვოკატთა ასოციაცია მონოპოლიზებულია ერთი ჯგუფისმიერ. გუნდს, რომელიც ადვოკატის უფლებების დარღვევისა, თუ ქვეყანაში არსებულ მდგომარეობის მიმართ იყო სრულიად სტერილური, კიდევ სურს დაახლოებით 4 წელი მიიღოს მართვაში მონაწილეობა.
ის, რომ კანონი იქნა მიღებული მობილური ტელეფონების შესაძლო ჩამორთმევის საშიშროების შესახებ; ის, რომ ხშირ შემთხვევაში მნიშვნელოვან საქმეებზე ადვოკატები ექვემდებარებოდნენ უფლებების დარღვევას, მათ შორის გვახსოვს თბილისის საქალაქო სასამართლოში ორდერებს როგორ უმოწმებდა პოლიცია, სანამ ადვოკატს შეუშვებდა სასამართლოში.
გაუარესებულია ადვოკატის სოციალური, სამართლებრივი მდგომარეობა – ფაქტობრივად, ადვოკატს მარტო უწევს სისტემასთან სამართლებრივი ბრძოლა. და, რა თქმა უნდა, სასამართლოში შექმნილი პრობლემები. ამ პრობლემების ფონზე კი, ადვოკატთა ასოციაცია დუმს და არის სრულად სტერილური. მათ საკუთარი კომფორტი არჩიეს ადვოკატის უფლებების დაცვას.
კომპრომისზე წავიდნენ საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე იმისათვის, რომ არ დაიცვან ცალკეული ადვოკატის ინტერესები.
ამიტომ, ჩვენი (არამარტო ჩემი, არამედ მთელი გუნდის) მიზანია, შევქმნათ ისეთი პლატფორმა, სადაც ყველა ადვოკატი იქნება დაცული და საქართველოში ადვოკატთა ასოციაცია იქნება ერთ-ერთი მოწინავე პლატფორმა დემოკრატიის დაცვის თვალსაზრისით. ამ ქვეყანაში ადვოკატის უფლებები, სხვა მოქალაქეების უფლებებთან ერთად, არსებითად იზღუდება და ამისთვის მნიშვნელოვანია სამართლებრივი რეაგირება. ეს იყო ჩემი მოტივაცია.
ადვოკატთა ასოციაცია – რა ტიპის ინსტიტუციაა, რამდენ იურისტს აერთიანებს და რა მნიშვნელობა აქვს ადვოკატებისთვის ამ ასოციაციას?
ადვოკატთა ასოციაცია არის კანონის საფუძველზე შექმნილი გაერთიანება, ყველა იურისტი ვალდებულია იყოს წევრი, თუ მას სურს ადვოკატობა, ჰქონდეს ადვოკატის სტატუსი.
ჩვენ გვყავს 11 000 წევრი, საიდანაც 5 500 მოქმედი ადვოკატია. ეს არის საქართველოში ყველაზე დიდი გაერთიანება იურისტების. ასოციაციას ჰყავს აღმასრულებელი საბჭო, რომელიც შედგება 11 წევრისგან და მას თავმჯდომარეობს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, ანუ ჯამში გამოდის 12 წევრი.
ასევე ადვოკატთა ასოციაციას ჰყავს ეთიკის კომისია, რომელიც პასუხისმგებელია ადვოკატების მხრიდან ეთიკის ნორმების დარღვევაზე და ჩვენ გვაქვს სარევიზიო კომისია, რომელიც პასუხისმგებელია ადვოკატთა ასოციაციის ბიუჯეტის დახარჯვის სწორ რეგულაციაზე.
რატომ არის ახლა მნიშვნელოვანი? მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ადვოკატის სტატუსი და უფლებამოსილება დამოკიდებულია ეთიკის კომისიაზე.
ეთიკის კომისიას შეუძლია ადვოკატს შეუწყვიტოს ლიცენზია, ანუ შეუწყვიტოს უფლებამოსილება. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ადვოკატები, ასე ვთქვათ, ამ რთულ პროცესებში იყვნენ დაცულები, ეთიკის კომისიაში იყვნენ კომპეტენტური და სამართლიანი ადვოკატები და ეთიკის კომისია არ იქცეს ადვოკატისთვის გარკვეულ პრობლემად.
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას ჰყავს საპარლამენტო მდივანი, საპროკურორო საბჭოს წარმომადგენელი და სხვადასხვა ორგანოში საკუთარი წარმომადგენელი, რომელიც შეიძლება ჩართული იყოს საკანონმდებლო ინიციატივების შემუშავებაში.
ბოლო-ბოლო ინსტიტუციურად ედგეს მხარში ადვოკატებს, როგორც საკანონმდებლო ცვლილებების, ასევე სამართლებრივი და სოციალური დაცვის ნაწილში.
მარტივად რომ ვთქვათ, თუ ადვოკატი არის მარტო და მას არ უდგას გვერდით ასოციაცია, ძალიან დიდია იმის ალბათობა, რომ სასამართლომ და სახელმწიფომ მასზე მოახდინოს არსებითი ზემოქმედება და ჩაერიოს მის უფლებაში.
თუმცა, როცა სახელმწიფოს, სასამართლოს და სხვა პირებს ეცოდინებათ, რომ თითოეულ ადვოკატს უდგას ადვოკატთა ასოციაცია 5 500 ადვოკატის შემადგენლობით, არ მგონია ვინმეს გაუჩნდეს სურვილი, რომ ადვოკატის უფლებები შეზღუდოს.
რატომ გადაწყვიტეთ აღმასრულებელ საბჭოს წევრობის კანდიდატებად სხვადასხვა რეგიონში მომუშავე ადვოკატები წარგედგინათ?
არასდროს ყოფილა შემთხვევა, როდესაც აღმასრულებელ საბჭოში რეგიონებს, დიდ ქალაქებს ჰყავდათ წარმომადგენლები. ამიტომ, გადავწყვიტე, რომ მაქსიმალურად მეზრუნა ამ საკითხზე და დიდი ქალაქებიდან იყოს მინიმუმ ერთი წარმომადგენელი, რომელიც აღმასრულებელ საბჭოში იქნება.
ადვოკატთა ასოციაცია არ იწყება თბილისიდან და არ მთავრდება თბილისში. მაგალითად, ბათუმში არის ბევრი პრობლემა, სადაც ფაქტობრივად, როგორც ხედავთ, ადვოკატები იბრძვიან მარტო და არასდროს არ გახმოვანებულა ადვოკატთა ასოციაციისგან აჭარის პრობლემები, არასდროს. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კარგად გვესმის ადვოკატები რა ვითარებაში იმყოფებიან აჭარის რეგიონში.
არასდროს არ გახმოვანებულა ქუთაისის, გორის და სხვა დიდი ქალაქების პრობლემა.
ამიტომ ჩემი სურვილია, რომ ეს ადამიანები იყვნენ საბჭოში. ისინი იქნებიან ვალდებული, იზრუნონ ინდივიდუალურად რეგიონულ წარმომადგენლობაზე. იზრუნონ, რომ აჭარის, ქუთაისის, გორის ხმა ისმოდეს ადვოკატთა ასოციაციაში. ეს არის მნიშვნელოვანი.
ეს ერთი მხრივ დაკავშირებულია გარკვეულ რისკებთან, რადგან ერთი საარჩევნო უბანია მხოლოდ თბილისში და ძალიან რთულია ერთ დღეში ბათუმიდან თბილისში ჩამოსვლა და საკუთარი მხარდამჭერის არჩევა. მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს ყველაფერი არჩევნებზე არ გადის, ეს ყველაფერი გადის რეალურ ცვლილებებზე და თუ რეალური ცვლილებები გვინდა, მაშინ რეგიონული ლიდერებიც უნდა გვყავდეს ადვოკატთა ასოციაციაში.
თქვენი პოზიცია ცნობილია, მაგრამ მაინც გკითხავთ, როგორ შეეწინააღმდეგებით კანონს, რომლითაც შეიძლება სასამართლო პროცესებზე ადვოკატებს ტელეფონები ჩამოართვან?
ჩვენ ამას არ დავუშვებთ. არ შეიძლება კანონის და დადგენილების, დამოკლეს მახვილივით ჩამოკიდება ადამიანზე, რომ როცა უნდათ აამოქმედებენ, როცა უნდათ არ აამოქმედებენ.
დადგენილებაში და კანონში შესულია ცვლილება, რომ ყველა პირი ვალდებულია დატოვოს მობილური ტელეფონი, რომ მანდატურს უფლებამოსილება აქვს ყველას ჩამოართვას მობილური ტელეფონი და ელექტრონული საშუალება, მაგრამ ადვოკატს არ ჩამოართმევს? ანუ სიტყვიერ დაპირებაზეა აქ საუბარი?
მთავარი პრობლემა ისაა, რომ არავის სიტყვიერ დაპირებას მე, პირადად, არ ვენდობი. დღეს შეიძლება იყოს ეს თანამდებობაზე, ხვალ შეიძლება წავიდეს, როგორც ძალიან ხშირად მომხდარა საქართველოში. ამიტომ, ჩემი მთავარი მოწოდებაა, რომ ეს ყველაფერი იყოს კანონში გარანტირებული.
ასევე შეკითხვა მაქვს, როცა ამ კანონს იღებდნენ, სად იყო ადვოკატთა ასოციაცია და ჩვენი საპარლამენტო წარმომადგენელი?
ზუსტად ეს აჩენს ადვოკატთა ასოციაციის ინდიფერენტულ დამოკიდებულებას მნიშვნელოვან საკითხებზე. ძალიან ბევრი სხვა შემთხვევაც შეიძლება იყოს, რა დროსაც ადვოკატთა ასოციაციამ ინსტიტუციურად გამოიჩინა გულგრილობა, რასაც შემდეგ ადვოკატებისთვის მძიმე შედეგი მოჰყვა, როგორც ინდივიდუალურ საქმეებზე, ასევე გენერალურად.
ამას გარდა, ადვოკატებს გენერალურ პროკურატურაშიც ართმევენ მობილურს. როდესაც საკუთარ დასაცავ პირს მიჰყვები, ისე გექცევიან, როგორც დასაცავ პირს. ამ დროს შენი რეპუტაცია არსებითად ილახება საზოგადოებაში.
როცა მიჰყვები ადამიანს პოლიციაში, როცა მიჰყვები ადამიანს სახელმწიფო სტრუქტურებში, მას შენი იმედი აქვს, რომ რეპუტაციულად და განათლებით მას დაიცავ. როცა გენერალური პროკურატურის შესასვლელში სრულიად დაუსაბუთებლად, ყველანაირი კომუნიკაციის საშუალებას გართმევენ, არც შენს დაცვის ქვეშ მყოფს აქვს შემდგომ რეპუტაციული შეხედულება კარგი შენზე და არც ბრალდების მხარეს.
გამომძიებელი ზის და ტელეფონით სარგებლობს, როცა შენ 4-5 საათი სატელეფონო წვდომა არ გაქვს. მინისტრის გაუგონარი ბრძანებით რეგულირდება ეს ყველაფერი. რა შუაშია საერთოდ მინისტრი ადვოკატთა ასოციაციასთან?
ჰოდა, თუ ესე გაგრძელდება, კიდევ ერთხელ ვამბობ, ადგნენ და თავად მოვიდნენ ჩვენს ოფისებში გამომძიებლები. არც ერთი ადვოკატი არ მივა გენერალურ პროკურატურაში იქამდე, სანამ ნორმალურ და ღირსეულ მოპყრობას არ მიიღებს. მოუწევთ ჩვენთან ოფისებში სიარული. ეს იცოდნენ და მეორე – ტელეფონებზე. ეს ნიშნავს იმას, რომ რომელიმე ადვოკატი თუ გააპროტესტებს, 10 წუთში მთელი აღმასრულებელი საბჭო და თავმჯდომარე იდგება მის გვერდით. ეს შემიძლია გითხრათ. ეს ასე იქნება. წინასწარ მინდა გითხრათ, რომ პირველივე ტურში გამარჯვება ჩვენია, გამორიცხულია, დაზუსტებით გეუბნებით – ჩვენი გუნდი გაიმარჯვებს.
რადგან ადვოკატთა უფლებრივ მდგომარეობაზე საუბრობთ, გკითხავთ რა გასაჭირი და საჭიროებები აქვთ ახლა ადვოკატებს საქართველოში?
ნორმალური სამედიცინო დაზღვევა დაზღვევა არ აქვთ. ტრენინგები არ ტარდება. მხოლოდ 50 კაცისთვის იყო მთელი ადვოკატთა ასოციაცია, სადაც ტრენინგები და განგრძობადი იურიდიული განათლება არ იყო ყველა ადვოკატისთვის. არ არსებობს ადვოკატების დაცვის მობილური ჯგუფი, რომელიც 24/7-ზე იმუშავებს, გამოცხადდება შემთხვევის ადგილას, დააფიქსირებს შემთხვევას და ამას მტკიცებულებითი ძალა ექნება.
არ არსებობს პლატფორმა, სადაც ადვოკატები ერთმანეთს გაუზიარებენ ახალ ინიციატივებს, შეიკრიბებიან და გადაწყვეტილებას მიიღებენ. არ არსებობს ადვოკატთა ასოციაციის სტრუქტურა. არც განგრძობად იურიდიულ განათლებაში, არც ადვოკატის დაცვაში, არც სოციალური და სამართლებრივი უსაფრთხოების დაცვაში. შესაბამისად, ადვოკატი ტყუილად იხდის საწევროს. არც ერთი ქმედითი სტრუქტურა არ არსებობს ადვოკატთა ასოციაციაში, რომელიც პასუხისმგებელია ადვოკატის უფლებების დაცვაზე. აი, ეს არის, რა საჭიროებაც უდგას დღეს ადვოკატს საქართველოში.
თქვენ ამბობთ, რომ სისტემურ რეფორმას განახორციელებთ ადვოკატთა ასოციაციაში. უფრო კონკრეტულად თუ შეგიძლიათ გვითხრათ, რა ტიპის რეფორმას გეგმავთ?
ვგეგმავთ ადვოკატთა ასოციაციაში არსებული კომიტეტების რეორგანიზაციას. ეს კომიტეტები თავიდან საარჩევნო მიზნებით შეიქმნა, რომ საარჩევნოდ ადვოკატები ახლოს ჰყოლოდათ. მაგრამ არ გაამართლა ამ კონკრეტულმა მოცემულობამ.
ვგეგმავთ ამ კომიტეტების რეორგანიზაციას და ახალი კომიტეტების შექმნას – ამ კომიტეტებში რომ იყვნენ ის ადვოკატები, ვისაც მართლა სურს იქ მუშაობა.
იმუშავებენ ის ადვოკატები, რომლებიც შეიმუშავებენ საკანონმდებლო ინიციატივას და იდგებიან მართლა ადამიანის უფლებების დაცვის გვერდით. სხვანაირად გადანაწილდება ბიუჯეტი. ჩვენ ჩამოვაყალიბებთ მართლმსაჯულების კომიტეტს, რომელიც ინიციატივებზე იმუშავებს. ჩვენ ჩამოვაყალიბებთ უფლებათა დაცვის კომიტეტს. აი, ამ ნაწილში ვაპირებთ სისტემურ რეფორმებს – აქამდე რაც არ ყოფილა არასდროს.
როგორც ერთ-ერთ ინტერვიუში მოვისმინე, ასევე აპირებთ ადვოკატთა დაცვის კომიტეტის შექმნას…
დიახ. იმ ფორმით, რა ფორმითაც ახლა არის, არ გაამართლა. ამიტომ ჩვენ ვაპირებთ, რომ ექსპერტებით დაკომპლექტებული მობილური ჯგუფი შევქმნათ.
ანუ ადვოკატიც დასაცავია, ასე გამოდის? რატომ სჭირდება ახლა ადვოკატს დაცვა?
დიახ, იმიტომ, რომ ქვეყანაში არის მიღებული ისეთი კანონები, რომელიც ადვოკატის საქმიანობაში უშლის ხელს.
პოლიტიზების რისკთან დაკავშირებით მინდა გკითხოთ, რამდენად პოლიტიზებულია ადვოკატთა ასოციაცია ახლა?
ერთადერთი, რასაც ჩვენ ვამბობთ არის ის, რომ დემოკრატია უნდა იყოს, ადამიანის უფლებები გარანტირებული უნდა იყოს და ყველა ადვოკატს თანაბრად უნდა შეეძლოს საკუთარი მოსაზრების გამოთქმაც და ისეთი კლიენტის დაცვაც, რომელიც შეიძლება ვიღაცისთვის მისაღები არ იყოს. ამიტომ ამ ნიშნით ადვოკატებისთვის დისკრიმინაცია დაუშვებელია.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 29 ნოემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 171 700 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +910. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები]
ტანკი – 11 381 ერთეული [+1]
ჯავშანტექნიკა – 23 658 ერთეული [+15]
საარტილერიო სისტემა – 34 733 ერთეული [+3]
MLRS – 1 550 ერთეული [+0]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 253 ერთეული [+0]
თვითმფრინავი – 430 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 347 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 85 343 ერთეული [+106]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 995 ერთეული [+0]
გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 68 463 ერთეული [+64]
სპეცტექნიკა – 4 010 ერთეული [+2]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 29 ნოემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
668 თვითმფრინავი
283 ვერტმფრენი
99 460 უპილოტო საფრენი აპარატი
638 საზენიტო სარაკეტო სისტემა
26 316 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 621 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
31 626 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
47 949 სპეციალური სამხედრო მანქანა
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
ეს იყო პოლიტიკურად დანაშაულებრივი, ქართული საზოგადოების ნების პირდაპირი შეურაცხყოფა და საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის აშკარა დარღვევა – ასე აფასებენ საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები გასული წლის 28 ნოემბერს „ოცნების“ პრემიერის ირაკლი კობახიძის მიერ გახმოვანებულ გადაწყვეტილებას, ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეჩერების თაობაზე.
არასამთავრობო ორგანიზაციებმა ერთობლივი განცხადებით გასული წლის 28 ნოემბრიდან დაწყებული უწყვეტი პიროტეტის პარალელურად ქვეყანაში განვითარებული მოვლენები შეაჯამეს:
„ამ ერთი წლის განმავლობაში „ქართულმა ოცნებამ“ წარმოუდგენელი რეპრესიები მოუწყო საკუთარ ხალხს, რომელსაც მხოლოდ ქვეყნის სიყვარული ამოძრავებს:
160-მდე მოქალაქის წინააღმდეგ დაიწყეს სისხლის სამართლის საქმის გამოძიება;
300-მდე აქციის მონაწილე გახდა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი;
600-ზე მეტი ადამიანი დააკავეს ადმინისტრაციული წესით;
1000-ზე მეტი მოქალაქე დაჯარიმდა პოლიტიკური მოტივებით;
400-მდე შემთხვევაა ჟურნალისტების დაპატიმრების, ცემისა და შევიწროების;
მიიღეს ანტიდემოკრატიული კანონები, რომლებიც პრაქტიკულად აიძულებს სამოქალაქო ორგანიზაციებს, შეწყვიტონ ფუნქციონირება.
დღეს ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება ყოველდღიურ რეჟიმში:
აპატიმრებს პოლიტიკური პარტიების ლიდერებს და აპირებს ოპოზიციური პარტიების აკრძალვას;
დევნის სამოქალაქო საზოგადოებას და სჯის სოლიდარობას და თანაგრძნობას;
ცლის სახელმწიფო ინსტიტუტებს პროფესიონალებისა და კეთილსინდისიერი მოხელეებისგან;
ორგანიზაციების შეფასებით, ამ ყველაფერმა საქართველო საერთაშორისო იზოლაციაში მოაქცია, უკიდურესად გაუარესდა ურთიერთობები ევროკავშირთან და ამერიკის შეერთებულ შტატებთან.
„ოცნების ხელისუფლება ყოველდღე შეურაცხყოფას აყენებს დასავლელ პარტნიორებს და დეზინფორმაციას ავრცელებს მათ ლიდერებზე. მაგრამ ამ მძიმე პირობებში კარგად გვახსოვს ილია ჭავჭავაძის სიტყვები: „თავისუფლება ადამიანისა სხვა არა არის რა, რომ ბოროტისთვის სრულად შეკრულ იყოს და სიკეთისათვის უხვად გზაგახსნილი“.
ორგანიზაციების განცხადებაში ასევე ვკითხულობთ:
„ზუსტად ერთი წლის წინ, ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებამ საქართველოში ევროპული განვითარების გზა ჩაკეტა. 2024 წლის 28 ნოემბერს „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საჯაროდ განაცხადა, რომ ევროკავშირთან წევრობაზე მოლაპარაკებების გახსნა დღის წესრიგიდან ამოღებულია.
ამ ნაბიჯით ივანიშვილის მთავრობამ გაწირა ქართული სახელმწიფო და ქართველი ხალხი, მარტო დატოვა ქვეყანა რუსული საფრთხის პირისპირ და მოწყვიტა დასავლეთის იმ სამყაროს, რომლისკენაც საუკუნეებია მივისწრაფით.
რუსეთის პოლიტიკური წრეები მიესალმნენ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას, რადგან ეს არის პუტინისტური რუსეთის ინტერესების სრული გამეორება. თუმცა ამ ნაბიჯს არ შეურიგდა ქართული ხალხი, რომელიც უკვე ერთი წელია, დაუღალავად იბრძვის ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის გადასარჩენად. სწორედ ამიტომ ქართველი ხალხი არ გატყდა.
ქართველ საზოგადოებას არ სურს ცხოვრება რუსული ავტორიტარიზმის პირობებში. ჩვენი ერი კვლავ დგას დამოუკიდებლობის, ღირსებისა და ევროპული მომავლის სადარაჯოზე. ჩვენი ვიბრძვით, რომ საქართველო დაუბრუნდეს განვითარების ევროპულ გზას, სადაც დაცულია ყველა მოქალაქის უფლება, ვერც ერთი ძალა ვერ მოიპარავს ხალხის არჩევანს, არავის დააპატიმრებენ პოლიტიკური ნიშნით, ევროპული მომავალი იქნება უზრუნველყოფილი რეალური, არა მოჩვენებითი არჩევანით“.
___
1 წლის წინ, 2024 წლის 28 ნოემბერს, „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ თქვა: „დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დავაყენოთ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი“. ამ განცხადების შემდეგ საქართველოში დაიწყო უწყვეტი საპროტესტო აქცია, რომელიც დღემდე გრძელდება. დღეს, 2025 წლის 28 ნოემბერს, უწყვეტი პროტესტის 366-ე დღეა და საპროტესტო აქციები იმართება როგორც თბილისში, ისე ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში.
სამეგრელო-ზემო სვანეთის რწმუნებულის ადმინისტრაციის უფროსი, ლაშა გვასალია, ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ 500 ლარით დააჯარიმა, „დროას“ წევრის – მარიამ სიჭინავას და ზუგდიდელი სხვა აქტივისტების არაერთგზის შეურაცხყოფისთვის.
როგორც მარიამ სიჭინავა „ბათუმელებთან“ ამბობს, შემთხვევა რამდენიმე თვის წინ მოხდა, თუმცა პოლიცია საქმეს არ იძიებდა.
რამდენად სამართლიანია საჯარო მოხელის 500 ლარით დაჯარიმება, მაშინ როცა, აქტივისტებს ტროტუარზე დგომის გამო ადმინისტრაციულ პატიმრობას უსჯიან ან 5 000 ლარით აჯარიმებენ? – ვკითხეთ მარიამ სიჭინავას.
მისი თქმით, რა თქმა უნდა, საქმე გვაქვს შერჩევით სამართალთან.
„ბუნებრივია, შერჩევითი სამართალია, რადგან ჩვენ ჯერ კიდევ შარშან, იანვრის თვეში გვქონდა მსგავსი შემთხვევა ამ კაცთან, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ პოლიციას მივმართე განცხადებით, მიეღოთ შესაბამისი ზომები იმ საქმეზე. ახლა, უბრალოდ, ვაიძულეთ, რადგან ყოველდღე ვეკითხებოდით: რა ხდება?, მიმდინარეობდა თუ არა გამოძიება.
ამ ყოველდღიურმა კითხვებმა, როგორც ჩანს, ძალიან შეაწუხათ და მიიღეს ზომები. თუმცა უნდა აღვნიშნო, რომ თვითონ პოლიციელებიც შეურაცხყოფილნი იყვნენ, რადგან ლაშა გვასალია ისე იქცეოდა, თავისუფლად შეიძლებოდა მისი დაკავება 173-ე მუხლით, რაც გულისხმობს პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას:
ფაქტის ამსახველ ვიდეოში თვალნათლივ ჩანს, რომ ის პოლიციელის რამდენიმე მოწოდებას, ჩაჯდეს მანქანაში, არ დაემორჩილა. პოლიციელებს მოუწიათ ძალის გამოყენებით ჩაესვათ გვასალია მანქანაში.
ამიტომ, იძულებულები გახდნენ, რომ ახლა დაეჯარიმებინათ“, – ამბობს მარიამ სიჭინავა.
ზუგდიდში საპროტესტო აქციები, ისევე როგორც ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში მას შემდეგ დაიწყო, რაც 28 ნოემბერს „ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გამოაცხადა, რომ აჩერებდნენ ევროინტეგრაციის პროცესს.
მარიამ სიჭინავა ამ აქციების მუდმივი მონაწილეა.
________________
მთავარი ფოტო: აქტივისტი მარიამ სიჭინავა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რწმუნებულის ადმინისტრაციის უფროსი ლაშა გვასალია.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი თანამდებობიდან გაათავისუფლა.
მანამდე, დღეს, 28 ნოემბერს, ცნობილი გახდა, რომ ანდრეი ერმაკის რეზიდენციაში ჩხრეკა ჩატარდა.
ანდრეი ერმაკის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს САП-მა, უკრაინის სპეციალიზებულმა ანტიკორუფციულმა პროკურატურამ და უკრაინის ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ (ნაბუ). უწყებებმა ოფიციალურად დაადასტურეს, რომ ჩხრეკა გამოძიების ფარგლებში მიმდინარეობს.
ჩხრეკის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა თავად ანდრეი ერმაკმაც. მისი თქმით, გამომძიებლებს დაბრკოლება არ შეჰქმნიათ და მათ ბინაზე სრული წვდომის უფლება მისცა.
„ჩემი ადვოკატები ადგილზე იმყოფებიან და სამართალდამცავებთან თანამშრომლობენ“, – დაწერა ერმაკმა, თუმცა არ დაუზუსტებია, თავად იმყოფება თუ არა ჩხრეკის ადგილას.
უცნობია, რამდენად უკავშირდება უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ადმინისტრაციის უფროსის სახლში მიმდინარე ჩხრეკა კორუფციულ სკანდალს.
„როიტერსის“ ცნობით, ჩინეთში, ჰონგ-კონგში საცხოვრებელ კომპლექსში გაჩენილ ხანძარს, 28 ნოემბრის მონაცემებით, მინიმუმ 128 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაახლოებით 200 ადამიანი კი დაკარგულად მიიჩნევა.
„ჩვენ არ გამოვრიცხავთ, რომ როდესაც პოლიცია დეტალური მოკვლევისთვის შენობაში შევა, კიდევ მეტი ცხედარი აღმოაჩინონ“, – ციტირებს „როიტერსი“ ქალაქის უსაფრთხოების უფროსის, კრის ტანგს.
ოფიციალური ცნობებით, 128 დაღუპულთაგან მხოლოდ 39 პირია იდენტიფიცირებული.
ხანძარი ჰონგ-კონგში 31-სართულიან საცხოვრებელ კორპუსებში 26 ნოემბერს გაჩნდა, კომპლექსი დაახლოებით 2000 ბინას მოიცავდა, სადაც 4600-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობდა.
„როიტერსის“ ცნობით, საცხოვრებელ კომპლექსზე სარემონტო სამუშაოების გამო ბამბუკის ხარაჩოები მწვანე ბადით იყო შემოხვეული.
გუშინ, 27 ნოემბერს, დააკავეს სამშენებლო კომპანიის სამი თანამშრომელი, რომლებიც ეჭვმიტანილები არიან სარემონტო სამუშაოებისას სახიფათო მასალების გამოყენების გამო.
„როიტერსი“ წერს, რომ ჰონგ-კონგში, თითქმის 80 წლის განმავლობაში ეს ყველაზე მასშტაბური ხანძარია.
არაბული Eagle Hills-ის პროექტი რომ ჭოროხის დელტაში დაცულ ტერიტორიას შეეხება საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროში „ბათუმელებს“ ფაქტობრივად დაუდასტურეს.
სამინისტროში აცხადებენ, რომ საჭიროების შემთხვევაში „განისაზღვრება ზურმუხტის ქსელის ტერიტორიის მცირე ნაწილისთვის [სადაც დაგეგმილია განაშენიანება] საკომპენსაციო ღონისძიებების განხორციელების საკითხი.“
კრწანისის პარკისა და გონიოს მიმდებარე ტერიტორიებზე Eagle -Hills-ის საინვესტიციო პროექტების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს მთავრობის 2025 წლის მარტის განკარგულებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაევალა „საჭიროებიდან გამომდინარე „ზურმუხტის ქსელის“ ფარგლებში დაცული საზღვრების კორექტირებისთვის შესაბამისი ღონისძიებები განახორციელოს“.
„ბათუმელებმა“ სამინისტროდან წერილობით გამოითხოვა ინფორმაცია, კონკრეტულად რა ღონისძიებები გატარდა ან/და ტარდება „ზურმუხტის ქსელის“ ფარგლებში დაცული საზღვრების კორექტირებისთვის.
„განაშენიანების პროექტებს ესაჭიროება სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების [სგშ] პროცედურა. ქვეყნის ბიომრავალფეროვნების მდგრადი მართვის და დაცვის სახელმწიფო პოლიტიკის გათვალისწინებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ეროვნული და საერთაშორისო კანონმდებლობის მოთხოვნების დაცვით, უზრუნველყოფს სგშ-ს პროცედურების ჩატარებას გონიოსა და კრწანისის ტერიტორიებზე განსახორციელებელ პროექტებთან დაკავშირებით.
სგშ-ს მიზანს კი გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე უარყოფითი ზემოქმედების მინიმუმამდე შემცირება წარმოადგენს“, – მოგვწერეს სამინისტროდან.
რაც შეეხება კონკრეტულად ჭოროხის დელტას, რომელიც „ზურმუხტის ქსელის“ დაცული ტერიტორიაა, სამინისტრო გვწერს, რომ პროექტის განხილვისას შეაფასებენ მოსალოდნელ ზემოქმედებას და ამასთან გაითვალისწინებენ იმ საერთაშორისო ხელშეკრულებებს, რომლებსაც მიერთებულია საქართველო.
„ჩატარდება შეფასება გონიოს ტერიტორიაზე დაგეგმილი პროექტის მოსალოდნელი ზემოქმედების შესახებ „ჭოროხის დელტას“ ზურმუხტის ტერიტორიაზე [GE0000054]. საჭიროების შემთხვევაში, განისაზღვრება ზურმუხტის ქსელის ტერიტორიის მცირე ნაწილისთვის [სადაც დაგეგმილია განაშენიანება] საკომპენსაციო ღონისძიებების განხორციელების საკითხი.
სამინისტრო პროექტების განხილვისას იხელმძღვანელებს ეროვნული კანონმდებლობის მოთხოვნებითა და იმ საერთაშორისო გარემოსდაცვითი ხელშეკრულებებით, რომელზეც მიერთებულია საქართველო. გონიოსა და კრწანისის ტერიტორიაზე უმსხვილეს საინვესტიციო პროექტებთან დაკავშირებული ყველა საჭირო შეფასება და გადაწყვეტილებების მიღება სწორედ ზემოაღნიშნული მოთხოვნების დაცვით განხორციელდება“, – გვწერს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
რა მოიაზრება საკომპენსაციო ღონისძიებებში – სამინისტრო არ აკონკრეტებს.
სამინისტროს ასევე ვთხოვდით მოეწოდებინა „ინფორმაცია ჭოროხის დელტაში „ზურმუხტის ქსელის“ ფარგლებში დაცული საზღვრების შესახებ 2025 წლის 17 მარტის მდგომარეობით და იგივე საზღვრები კორექტირების შემდეგ – დღევანდელი მდგომარეობით [შესაბამისი ნახაზებით და ჭოროხის დელტაში „ზურმუხტის ქსელის“ ფარგლებში დაცული ტერიტორიის ფართობის მითითებით – საზღვრების კორექტირებამდე და კორექტირების შემდეგ].
თუ აღნიშნული საზღვრების კორექტირება არ მომხდარა, მოგვწერეთ დაახლოებით რამდენი კვ/მ-ით შემცირდება „ზურმუხტის ქსელის“ ფარგლებში დაცული ტერიტორია ჭოროხის დელტაში“, – მივწერეთ სამინისტროს.
სამინისტრომ ზემოთ აღნიშნული ინფორმაცია „ბათუმელებს“ არ მიაწოდა.
საქართველოს ზურმუხტის ქსელი / წყარო: გარემოს დაცვის სამინისტრო
Eagle Hills-ის პროექტი გონიოსა და კრწანისში
Eagle Hills-თან გაფორმებულ საინვესტიციო ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც თბილისსა და აჭარაში 6,6 მილიარდი დოლარის დეველოპერული პროექტები უნდა განხორციელდეს და ახალი საცხოვრებელი და ტურისტული ინფრასტრუქტურა შეიქმნას, კომერციული საიდუმლოს სტატუსი აქვს მინიჭებული.
„ქართული ოცნება“ ირწმუნება, რომ პროექტს ნაკლი არ აქვს, ხელშეკრულების გასაიდუმლოება კი სტანდარტული პრაქტიკაა.
პოლიტოლოგ ლელა ჯეჯელავას დაკვირვებით, საქმე ივანიშვილის მორიგ ტრიუკსა და აფერასთან გვაქვს. მას არ სჯერა, რომ არაბული ქალაქები მართლაც აშენდება საქართველოში.
საქართველო არაა ერთადერთი ქვეყანა ევროპაში, სადაც Eagle Hills საინვესტიციო პროექტებს გეგმავს, ახორციელებს ან მოლაპარაკებებს აწარმოებს. როგორც აღმოჩნდა, ინვესტიციის ირგვლივ კითხვებს სხვა ქვეყნებშიც სვამდნენ.
კომპანია „იგლ ჰილს საქართველო“ თბილისში 2025 წლის 28 აპრილს დარეგისტრირდა. ამ კომპანიის დირექტორია ორმაგი [ეგვიპტე, არაბთა გაერთიანებული საამიროები] მოქალაქე ჰიშამ მოჰამედ იბრაჰიმ სოლიმანი. კომპანიის 100 პროცენტი წილის მფლობელი/დამფუძნებელი კი იყო შპს „ჯაონა ინვესთმენთ“ [არაბთა გაერთიანებული საამიროები].
„იგლ ჰილს საქართველოს“ მეწილე, კომპანიის დაფუძნებიდან ხუთ თვეში, 2025 წლის სექტემბერში შეიცვალა და ამჯერად 100 პროცენტი წილის მესაკუთრეა შპს „იგლ ჰილს დეველოპმენტ ჰოლდინგს ლიმიტედი“ [არაბთა გაერთიანებული საამიროები].
„იგლ ჰილს საქართველომ“ საჯარო რეესტრს 2025 წლის 18 ნოემბერსაც მიმართა, თუმცა რეესტრმა წესდებისა და იურიდიული მისამართის ცვლილების რეგისტრაციაზე მოთხოვნა დაუხარვეზა. 20 ნოემბერს კომპანიამ ხარვეზი აღმოფხვრა და ცვლილებები დაარეგისტრირა.
„ოცნების“ მთავრობის განცხადებით, „იგლ ჰილს საქართველოს“ წილის 33 პროცენტის მესაკუთრე საქართველო გახდება, ამ კომპანიას კი გონიოს ყოფილი პოლიგონისა [260 ჰექტარი] და კრწანისის ტყეპარკის [590 ჰექტარი] ტერიტორიები გადაეცემა საინვესტიციოდ. რეესტრის ბოლო ამონაწერებით ეს ტერიტორიები ჯერ სახელმწიფოს საკუთრებაშია.
განახლება:საჯარო რეესტრის 2025 წლის 2 დეკემბრის ამონაწერით, „იგლ ჰილს საქართველოს“ 66,67%-ს ფლობს შპს „იგლ ჰილს დეველოპმენტ ჰოლდინგს ლიმიტედ“ [არაბთა გაერთიანებული საამიროები], ხოლო 33,33%-ს ფლობს საქართველო [წილის მმართველად დარეგისტრირებულია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო].
Eagle Hills-ის პროექტი გონიოში / კომპანიის რენდერი /ასეთი განაშენიანებაა დაგეგმილი ჭოროხის დელტაში
„ოცნება“ ყოფილი პოლიგონის განვითარებაზე
„ოცნების“ ხელისუფლება ბოლო რამდენიმე წელია საუბრობს გონიოში ყოფილი პოლიგონის ტერიტორიის განვითარებაზე, მოამზადეს კონცეფციებიც, თუმცა დღემდე ეს ტერიტორია განაღმულიც კი არ არის.
მიუხედავად ამისა, „ოცნებას“ 2016 წელს სხვა არაბი ინვესტორები ადგილზეც ჰყავდათ მიყვანილი.
2017 წელს გონიოს ყოფილ პოლიგონზე მთავრობამ საინვესტიციო კონცეფციაც მოამზადა, თუმცა ეს კონცეფცია განსხვავდება „იგლ ჰილს საქართველოს“ მიერ ამჯერად წარმოდგენილი რენდერისგან.
2019 წელს თავდაცვის სამინისტროში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ „ტერიტორიის თითქმის ნახევარი უკვე განაღმულია, „კლიმატური პირობებიდან გამომდინარე რთულია სამუშაოები და, შესაბამისად, განაღმვის პროცესი გრძელდება“.
გონიოს ყოფილი სამხედრო პოლიგონი რუსეთის ჯარმა 2005 წელს ისე დატოვა, რომ ტერიტორია არ გაუნაღმია. 2010 წლის თებერვალში გონიოს პოლიგონზე ჯართად შეგროვებულ ტანკსაწინააღმდეგო ნაღმს ბილვანიძეების ოჯახის სამი წევრი ემსხვერპლა. თავდაცვის სამინისტროში მაშინ განაცხადეს, რომ ყოფილი პოლიგონის განაღმვა, სავარაუდოდ, 2010 წლის ბოლომდე დასრულდებოდა.
2021 წელს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ „ქართულმა ოცნებამ“ გონიოს ყოფილი პოლიგონის განვითარებაზე მორიგი გეგმა დააანონსა, თუმცა, არჩევნების შემდეგ ამ ადგილის „განვითარება“ არავის გახსენებია.
ახალი არაბული ინვესტიციის დაანონსების შემდეგ კი გონიოს ყოფილი პოლიგონის განაღმვის სამუშაოების გაგრძელება კვლავ დღის წესრიგში დადგა და საქმეში თავდაცვის სამინისტროსთან ერთად ცენტრი „დელტაც“ ჩართეს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, „ზურმუხტის ქსელი“ არის პან-ევროპული ეკოლოგიური ქსელი, რომელიც ემსახურება ველური ფაუნისა და ფლორის საერთაშორისოდ მნიშვნელოვანი სახეობებისა და მათი ჰაბიტატების [საცხოვრებელი გარემოს] გრძელვადიან გადარჩენას, საერთო საფუძველზე, რომელსაც ყველა ქვეყანა იზიარებს.
ზურმუხტის ქსელის ჩამოყალიბება „ევროპის ველური ბუნებისა და ბუნებრივი ჰაბიტატების დაცვის კონვენციის [ბერნის კონვენცია, 1979] აუცილებელი მოთხოვნაა და ერთ-ერთი მთავარი მექანიზმია.
საიტი უზრუნველყოფს ბერნის კონვენციით დაცული საფრთხის წინაშე მყოფი [მათ შორის მიგრირებადი] სახეობების დაცვასა და გრძელვადიან გადარჩენას…
საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების XXVI დანართის მიხედვით, „ბუნებრივი ჰაბიტატებისა და ველური ფაუნისა და ფლორის კონსერვაციის შესახებ“ [№92/43/EEC] დირექტივის მეექვსე მუხლის შესაბამისად, ლიცენზიის გაცემამდე საქმიანობის განმახორციელებელი ვალდებულია წარმოადგინოს ე.წ შესაბამისობის შეფასება, [ე.ი. ზურმუხტის ქსელზე ზეგავლენის შეფასება]. “
ჭოროხის დელტა [სტანდარტულ საზღვრებში – იასამნისფერი] / წითელი ხაზებით კი დაშტრიხულია Eagle Hills-ის საინვესტიციო [ყოფილი სამხედრო პოლიგონის] ტერიტორია. აღნიშნული რუკის მიხედვით საინვესტიციო ტერიტორია მთლიანად არის მოქცეული „ჭოროხის დელტის“ საზღვრებში / რუკა აღებულია „ჭოროხის დელტის (CHOROKHI DELTA GE0000054) ზურმუხტის ტერიტორიის მართვის გეგმიდან“. თავად ეს გეგმა კი, სამინისტროს ინფორმაციით, ჯერ კიდევ სამუშაო ვარიანტიაბათუმში ასევე არის ათკილომეტრიანი „სამიგრაციო ძაბრი“, რომელიც მსოფლიოში მესამე ადგილზეა მექსიკის და ისრაელის შემდეგ გადამფრენ ფრინველთა რაოდენობის მიხედვით [აჭარის ცას ყოველწლიურად ევრაზიიდან აფრიკისკენ გადამფრენი, მილიონზე მეტი მტაცებელი ფრინველი გადაუფრენს]. ამ სამიგრაციო ძაბრის ნაწილია სწორედ ჭოროხის დელტაც, რომელიც თავის მხრივ შედის „ზურმუხტის ქსელში“.
ჭოროხის დელტა სახელმწიფოს მხრიდან ფაქტობრივად მართვის გარეშეა დატოვებული.
„ზურმუხტის ქსელის“ ტერიტორიის [ჭოროხი დელტას-GE0000054] მართვის გეგმის“ შედგენაში სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2021 წელს 36 000 ლარია გადახდილი. ეს „მართვის გეგმა“ კი, როგორც „ბათუმელებმა“ გაარკვია, უკვე მეოთხე წელია არ ამოქმედებულა.
„ოცნების“ პარლამენტში კიდევ ერთი ინიციატივაა დარეგისტრირებული, რომლის მიხედვით, პოლიციის აკადემია უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებად უნდა გადაკეთდეს.
პოლიციის აკადემიას შეეცვლება სახელწოდებაც.
სასწავლებელში სტუდენტებს მიიღებენ ერთიანი ეროვნული გამოცდებით.
კანონპროექტის მიხედვით, განისაზღვრება სტუდენტის სოციალური გარანტიები.
„მათ შორის, ხაზგასასმელია, რომ პოლიციის აკადემიის უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვისთანავე სტუდენტს მიენიჭება უმცროსი სპეციალური წოდება – რიგითი, ხოლო ამავე პროგრამის კურსდამთავრებულს მიენიჭება საშუალო სპეციალური წოდება – ლეიტენანტი.
კანონპროექტის მიხედვით, პოლიციის აკადემია უფლებამოსილი იქნება სტუდენტთან გააფორმოს ხელშეკრულება, რომელიც განსაზღვრავს მის ვალდებულებას, სწავლის დასრულების შემდეგ, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, იმუშაოს სამინისტროს სისტემაში.
„დასახელებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, წარმოდგენილი პროექტის თანახმად, სტუდენტის მიმართ შეიძლება დადგეს დისციპლინური და მატერიალური პასუხისმგებლობის საკითხი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
პოლიციის აკადემიაში შეიქმნება ახალი სტრუქტურული ერთეული, რომელიც დაკომპლექტდება 10 საშტატო ერთეულით. შესაბამისი სახელფასო ფონდი 10 საშტატო ერთეულზე წლის განმავლობაში იქნება 430 862 ლარი“.
კანონპროექტის მიხედვით, აკადემიის სახელწოდებასთან, სტატუსთან, უფლებამოსილებებთან და სხვა ძირითადი დებულებების ამოქმედების თარიღად განისაზღვრა 2026 წლის 1-ელი მარტი.
კანონპროექტის მიხედვით, სტუდენტთა მიღება პოლიციის აკადემიაში დაგეგმილია 2027-2028 სასწავლო წლიდან, კერძოდ 2027 წლის სექტემბრიდან.
„მიღებული იქნება 44 სტუდენტი, რომლებიც არ გადაიხდიან სწავლის საფასურს“.
კანონპროექტის ინიციატორია „ქართული ოცნების“ მთავრობა. კანონპროექტი მიმდინარე წლის 19 ნოემბერს დარეგისტრირდა.
„ვფიქრობ, ხალხსა და ხელისუფლებას შორის საერთოდ აღარ არსებობს ხიდი. ტიპური დისკრიმინაციაა სოფლად მცხოვრები ადამიანების და ჩემი აზრით, ფიქრის დონეზეც კი არ არის ნაფიქრი განათლების ამ რეფორმაზე“ – ამბობს დაბა შუახევის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ლია ქამადაძე „ქართული ოცნების“ მიერ დაანონსებულ განათლების რეფორმაზე.
მისი შეფასებით, საჯარო სკოლებში მე-12 კლასების გაუქმება გამოიწვევს იმას, რომ სოფელი კიდევ უფრო დაიცლება, ხოლო ვინც სოფლად დარჩება, მათი უფლებები იქნება დარღვეული. სახელმწიფო ვალდებულია, ყველა მოქალაქეს თანაბარი უფლებები შეუქმნას განათლებაშიც და სხვა სფეროებშიც, ახალი რეფორმა კი ამის საშუალებას არ იძლევა.
„სოფელი ისედაც იცლება და ბოლო დროს სოფელში მცხოვრებებს რაც აკავებთ, ეს არის სკოლა. სკოლაში დასაქმებული ადამიანები არიან სოფელში და მათი ოჯახის წევრები. არასწორმა სოციალურმა პროგრამებმა სოციალურად დაუცველთა ოჯახებიც კი აიძულა ქალაქში გადასულიყვნენ, იმიტომ, რომ იქ უფასო სასადილოებში სადილობენ და ცხოვრობენ მარტივად.
სკოლებს, ბუნებრივია, ექნებათ მე-12 კლასის გაუქმებით პრობლემა. ჯერ ის, რომ ერთი კლასი უქმდება და მეორე ის, რომ თუ მხოლოდ კერძო სკოლებში რჩება მე-12 კლასი, სოფელში დარჩენილი ადამიანის ხელფასი რამდენად შესწვდება კერძო სკოლის ფასს, რომ თავიანთი შვილები გაუშვან იქ, მე-12 კლასებში?
აქ, სოფელში ან მუნიციპალიტეტებში არსად არ არის კერძო სკოლა და ეს იმას ნიშნავს, რომ მაშინ უნდა გადავიდნენ ეს ოჯახებიც სოფლიდან.
სპეცკლასებს გავხსნითო, რომ ითქვა, აქაც ქალაქებზე იყო საუბარი და რომ წავიდნენ ბავშვები იქ, სადაც სპეცკლასებს გახსნიან, მაშინ მათი იქ ცხოვრებაც უნდა უზრუნველყონ, რომ სოფელში მცხოვრები ბავშვებისთვის ეს კიდევ არ იქცეს დამატებით პრობლემად.
მუნიციპალიტეტებშიც რომ გახსნან ეს სპეცკლასები, ესეც პრობლემაა, რადგან სოფლებში ცოტაა მოსახლეობა და თითო სოფლიდან ე.წ „მარშრუტკაც“ კი აღარ გამოდის ყოველდღიურად.
ზოგიერთი სოფლიდან კვირაში ორჯერ გამოდის სამარშრუტო ტაქსი მხოლოდ და დაბაში რით უნდა იარონ მოსწავლეებმა? ამიტომ მგონია, რომ საერთოდ არ არის ნაფიქრი არაფერზე. ძალიან ქაოსურია ყველაფერი ჩემი შეფასებით.
ან პროგრამა არის ამ სპეცკლასებისთვის მზად? გასულ წელს, მეორე სემესტრში დაუშვეს საფეხურის განსაზღვრის შეცვლა. ანუ, მეორე სემესტრში განსაზღვრეს, რომ საბაზო საფეხური უნდა იყოს უკვე მე-10 კლასი და თან შეეხო იმ კლასს, რომელი კლასიც უკვე მე-9-ში იყო იმ დროს და ნახეთ წელს რა ხდება?! ჩაატარეს ჯგუფური ოლიმპიადები, რომლებიც საბაზო საფეხურისთვის იყო, მაგრამ მე-10 კლასის მოსწავლეებს ამ ოლიმპიადაში მონაწილეობა არ მიუღიათ.
მერე ჩატარდა საშუალო საფეხურზე ოლიმპიადები და აქ ჩვეულებრივად მონაწილეობდნენ მე-10-კლასელებიც. ანუ სახელის გარდა არაფერი არ შეცვლილა. პროგრამაში ერთი სიტყვაც კი არ არის შეცვლილი. ამიტომ, რას ემსახურებოდა ეს საფეხურის განსაზღვრის ცვლილება მე ვერ გავიგე“ – ამბობს ლია ქამადაძე.
მისი თქმით, 12-წლიანი პროგრამა იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაატიო 11 წელში, თუ პროგრამა პირველი კლასიდან არის შედგენილი მე-11 კლასის ჩათვლით.
„ნაფიქრიც კი არ არის. ამდენი რეფორმა იყო დაანონსებული და არასდროს არაფერი შეცვლილა. არც წინა რეფორმები შეფასებულა არასდროს, ისე იწყებოდა ახალი. არც კვლევა ტარდება და არც არაფრის განსაზღვრა, რა უნდა იყოს გათვალისწინებული, მაგალითად, სამომავლო რეფორმაში.
ჯერ გარემო უნდა გამოიკვლიო, საჭიროებები გამოკვეთო და მერე დასახო მომავლის მიზნები. აქ კი ვერ ვხედავ მე ვერანაირ კვლევა-ძიებას და ვის დაეკითხნენ, არ ვიცი.
საქართველოში იმდენი განათლებული ადამიანია, რომ დაეკითხონ და მიიღონ სწორი ინფორმაცია, არ შეიძლება? ჩვენ, მასწავლებლებიც დავიღალეთ უკვე ამდენი გაურკვევლობით, მაგრამ არ აინტერესებთ“ – ამბობს ლია ქამადაძე.
მისი თქმით, მაშინაც კი, როცა თითქოს რაღაც საკითხებს განიხილავენ და იწვევენ მასწავლებლებს, მაინც ფორმალური სახე აქვს ამ მოსმენებს და საბოლოოდ მაინც ისე კეთდება, რასაც ხელისუფლება გადაწყვეტს.
„გახსოვთ ალბათ, წინა მინისტრის, ამილახვარის დროს ხელფასების „არნახულ ზრდას“ რომ გვპირდებოდნენ. მიწვეული ჰყავდათ მასწავლებლები და უსმენდნენ, მაგრამ რა – უსმინეს, უსმინეს და მაინც ისე გააკეთეს, როგორც მათ აწყობდათ ფინანსურად.
ამ შემთხვევაშიც ასე იქნებოდა“ – ამბობს ლია ქამადაძე.
„რას ეუბნება ამ რეფორმით „ქართული ოცნება“ სოფლად მცხოვრებ ბავშვს, რომ მას არ შეუძლია ჰქონდეს თანაბარი ხელმისაწვდომობა ხარისხიან განათლებაზე, მე-12 კლასზე და ისეთ უნივერსიტეტებზე, სადაც სურს განათლების მიღება? თქვენ როგორ აღიქვით კობახიძის განცხადებების შინაარსი?“ – ვკითხეთ ლია ქამადაძეს.
მასწავლებლის აზრით, ეს არის ტიპური დისკრიმინაცია.
„ტიპური დისკრიმინაციაა, ჩემი შეფასებით. მარტო ამ საკითხში არ ვხედავთ ჩვენ დისკრიმინაციას და არათანაბარ მიდგომას, გადავხედოთ თუნდაც სამართლებრივ საკითხებს. ვიღაცისთვის მოქმედებს კანონი და ვიღაცისთვის არა. ანალოგიურად ხდება, სამწუხაროდ, ყველა სისტემაში.
რატომ ვერ გრძნობენ იცით ხალხის მდგომარეობას? მათთვის დაინიშნეს 14 000-ლარიანი ხელფასები და ხალხს 2000 ლარიც არ აქვს. წარმოდგენა არ აქვთ, ხალხი როგორ ცხოვრობს. ვფიქრობ, ხალხსა და ხელისუფლებას შორის საერთოდ აღარ არსებობს ხიდი.
არ ესმით, რომ ერთი წლით მეტად მომზადებული ბავშვი უფრო მეტ შედეგს დადებს, ვიდრე თერთმეტკლასსდამთავრებული? არც ბავშვზეა ნაფიქრი და არც მასწავლებელზე, სამწუხაროდ.
მაგრამ, წლებია ვხედავთ, რომ ხალხის რეაქციას ტესტავენ და შეაჩვიეს ადამიანები, რომ მაინც თავისი გააქვთ, რაზეც არ უნდა იყოს მღელვარება. ხალხის ხმა რჩება ხმად მღაღადებლისა უდაბნოსა შინა, რადგან, რამდენიც პროტესტი გაჟღერდა, იმდენჯერ ჩაახშეს ძალადობით.
ამ ძალადობამ კი ადამიანების ჯანმრთელობა დააზიანა და ხალხს აღარ აქვს ძალა დიქტატურის წინააღმდეგ.
ხომ ხედავთ, ქართულ ხელფასებზე ევროპული გადასახადები შემოგვიტანეს. მაშინ როცა, ქონების გადასახადის კანონი 20 წლის წინ მიიღეს და ლარს აღარ აქვს ის მსყიდველუნარიანობა, რაც მაშინ ჰქონდა. ვინმემ ხმა ამოიღო ამაზე?
ავიღოთ ანტიკორუფციული კანონი. რატომ არ ეხება ის პრეზიდენტს, პარლამენტარს, რატომ არ ეხება მთავრობის წევრებს? მათ, მართლა კორუმპირებულები ვინც არიან და შეეხო ჩვენი სკოლის დამლაგებელს, რომლის ხელფასი 300 ლარიც კი არ არის ხელზე. პარადოქსების ქვეყანა ვართ.
მაგრამ ნათქვამია „ქათამმა თხარა თხარაო, საკუთარი დანა გამოთხარაო“, ზუსტად ამას აკეთებენ“ – გვეუბნება ლია ქამადაძე.
„თქვენი აზრით, რას მიიღებენ ამ გულგრილობით?“ – ვკითხეთ მას.
„ეს ყველაფერი ემსახურება მათი ძალაუფლების შენარჩუნებას, მეტს არაფერს.
არ სჭირდებათ განათლებული საზოგადოება, რადგან განათლებული ადამიანი ძნელი სამართავია, გაუნათლებელი კი მარტივად შესაშინებელი და დასამორჩილებელია, მაგრამ ერთადერთი რამის იმედი მაქვს მხოლოდ, – ესენი არიან ჩვენი მოსწავლეები, რომლებიც ჩემზე უკეთ აზროვნებენ და ვფიქრობ, ისინი შექმნიან უკეთეს საქართველოს. ვფიქრობ, მაინც ვერ მივლენ იქამდე, რომ სრულად ჩაკეტონ ეს ქვეყანა და ვერც იქამდე, რომ ეს რეფორმა სისრულეში მოიყვანონ, რადგან ეს დიდი უგუნურება იქნება“.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 28 ნოემბრის 21 საათიდან 29 ნოემბრის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია უნალექო ამინდი.
სააგენტოს ცნობით, 1-ელ დეკემბრამდე საქართველოში, მათ შორის აჭარაშიც, შენარჩუნებული იქნება უმეტესად უნალექო ამინდი, ხოლო 1-ელი დეკემბრიდან ზოგან გაწვიმდება და ბათუმში ჰაერის ტემპერატურა +14 +16 გრადუსამდე დაიკლებს.
შაბათ-კვირას ჰაერის ტემპერატურა ბათუმში დღისით საშუალოდ +21 გრადუსი იქნება.
ამ დღეებში ზღვის ღელვა 1-2 ბალი იქნება, ზღვის წყლის ტემპერატურა კი +16 გრადუსია.
Following an appeal by the lawyers of Mzia Amaglobeli, the Public Defender’s Office has launched an investigation into whether adequate medical treatment is being provided to her in detention.
Mzia Amaglobeli, an award-winning journalist, co-founder and director of Batumelebi and Netgazeti, has been unlawfully imprisoned for almost 11 months. According to her lawyers, her eyesight has significantly deteriorated since she was placed in the penitentiary system and is now at an alarming level. On 24 November 2025, the Georgian Young Lawyers’ Association (GYLA) appealed to the Minister of Justice and the Public Defender, requesting urgent diagnostic examinations and treatment for her.
GYLA has asked Justice Minister Paata Salia to immediately ensure that Amaglobeli undergoes high-tech ophthalmological examinations on both eyes in a properly equipped medical facility — specifically the “New Hospital National Ophthalmology Center” or the “Caucasus Medical Center” — and that, based on those tests, treatment be planned to preserve her vision.
The organization also appealed to Public Defender Levan Ioseliani to assess in writing whether the state is fulfilling its obligation to ensure Amaglobeli’s right to adequate medical care.
On 27 November, the Justice Ministry’s press office could not tell Batumelebi how the agency responded to Amaglobeli’s lawyers.
The Public Defender’s Office, however, confirmed that it has already launched proceedings and has requested all relevant medical documentation.
“We have already requested the medical records. As you know, we cannot directly intervene in the treatment process, but the state is obliged to provide adequate medical care to a prisoner. Our doctor will review the documentation, and if we find that the care is inadequate, we will address the relevant agency with recommendations,” said Elena Ghudushauri, Deputy Public Defender.
She added that they plan to visit Mzia Amaglobeli in the coming days, and they may also speak with the doctors treating her inside the penitentiary system.
According to Ghudushauri, the Public Defender requested Amaglobeli’s medical documentation even before formally opening the case, after hearing alarming public statements. However, the penitentiary service has not yet provided the documents.
When asked whether the Public Defender can request Amaglobeli’s transfer to a clinic with appropriate medical equipment, Ghudushauri noted: “We cannot assess which clinic has which equipment — we don’t have that capacity. If we identify that certain examinations have not been conducted even though they are necessary, we will issue recommendations. The relevant state agency makes the final decision on transferring her to a civilian clinic.”
The Public Defender’s Office is expected to need several days to issue a decision regarding “Mzia Amaghlobeli’s case.”
28 ნოემბერს, დილით, ჩხრეკა ჩატარდა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ანდრეი ერმაკის რეზიდენციაში – ამის შესახებ დილიდანვე ინფორმაცია უკრაინულმა გამოცემა „უკრაინსკა პრავდამ“ გაავრცელა.
ანრეი ერმაკის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს САП-მა, უკრაინის სპეციალიზებულმა ანტიკორუფციულმა პროკურატურამ და უკრაინის ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ (ნაბუ). უწყებებმა ოფიციალურად დაადასტურეს, რომ ჩხრეკა გამოძიების ფარგლებში მიმდინარეობს და მოგვიანებით გაავრცელებენ მეტ ინფორმაციას.
„უკრაინსკა პრავდა“ წერს, რომ მათმა კორესპონდენტებმა შეძლეს გადაეღოთ, თუ როგორ შევიდა საგამოძიებო უწყებების დაახლოებით 10 თანამშრომელი ერმაკის რეზიდენციაში.
ჩხრეკის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა თავად ანდრეი ერმაკმაც. მისი თქმით, გამომძიებლებს დაბრკოლება არ შეჰქმნიათ და მათ ბინაზე სრული წვდომის უფლება მისცა.
„ჩემი ადვოკატები ადგილზე იმყოფებიან და სამართალდამცავებთან თანამშრომლობენ“, – დაწერა ერმაკმა, თუმცა არ აზუსტებს, თავად იმყოფება თუ არა ჩხრეკის ადგილას.
უცნობია, რამდენად უკავშირდება უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის, ადმინისტრაციის უფროსისი სახლში მიმდინარე ჩხრეკა კორუფციულ სკანდალს.
საქმე ისაა, რომ ახლახან უკრაინაში დაიწყო კორუფციული სკანდალი, რომლის ცენტრალური ფიგურა, ტიმურ მინდიჩი, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ძველი მეგობარი და ყოფილი ბიზნესპარტნიორია. მედიის თანახმად, მინდიჩმა ქვეყნიდან გასვლა მოახერხა, საანამ პოლიცია მის სახლს გაჩხრეკდა.
ბრალდების თანახმად, მინდიჩი და სხვა ბრალდებულები ენერგოკონტრაქტებიდან მილიონობით დოლარის ქრთამს ითხოვდნენ.
ოპოზიციონერი დეპუტატის, იაროსლავ ჟელეზნიაკის თქმით, კორუფციულ სკანდალიში, ანუ „მინდიჩის ჩანაწერებში“, კოდური სახელით „ალი-ბაბა“ ფიგურირებს ანდრეი ერმაკიც.
აქამდე „ალი-ბაბას“ არსებობის შესახებ ისაუბრა სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურის ხელმძღვანელმა, ოლექსანდრ კლიმენკომაც. მან განაცხადა, რომ „ალი-ბაბა“ გასცემდა განკარგულებებს ნაბუს დეტექტივების სისხლისსამართლებრივი დევნის შესახებ.
უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს (ნაბუ) მონაცემებით, ამ ჩანაწერებში დაფიქსირებულია „ენერგოატომში“ 100 მილიონი დოლარის ღირებულების კორუფციული გარიგებები.
ანდრეი ერმაკს ამ ბრალდებებზე კომენტარი არ გაუკეთებია.
დღეს, 28 ნოემბერს, ზუსტად ერთი წელი სრულდება, რაც საქართველოში პროევროპული აქცია უწყვეტად იმართება. საპროტესტო აქცია დღესაც გაიმართება თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა ქალაქში.
პროევროპული აქციის მონაწილეები ბათუმში დღესაც საკონსტიტუციო სასამართლოსთან შეიკრიბებიან. შესაძლოა, გაიმართოს საპროტესტო მსვლელობაც. აქცია საღამოს 7 საათზე დაიწყება.
„უკვე 1 წელია ბათუმში არც ერთი დღე არ ყოფილა პროტესტის გარეშე. ვინც ყოველდღე ვერ ახერხებთ ან დიდი ხანია აქციაზე არ ყოფილხართ, დღეს ერთ-ერთი ისეთი დღეა, როცა გარეთ ბევრი უნდა ვიყოთ, როგორც 1 წლის წინ ვიყავით,“ – აღნიშნულია აქციის ანონსში.
პროევროპული აქციის მონაწილეები, პირველ რიგში, სინდისის ტყვეების გათავისუფლებას ითხოვენ. აქციის უცვლელი მოთხოვნაა ანტიკონსტიტუციური, არალეგიტიმური ხელისუფლების გადადგომა და საპარლამენტო არჩევნების ხელახლა ჩატარება დემოკრატიულ და სამართლიან გარემოში.
პროევროპული აქცია 2024 წლის 28 ნოემბერს დაიწყო, როცა „ოცნების“ მთავრობის პრემიერმა განაცხადა, რომ აჩერებს ევროინტეგრაციის კურსს.
ფოტოზე: 1-ელი დეკემბერი, 2024 წელი, საპროტესტო აქცია ბათუმში. ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან
ბათუმის შემოვლით გზაზე ერთი თვის განმავლობაში შეზღუდვები დაწესდება. შეზღუდვები 27 ნოემბრის საღამოს დაიწყო. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით მიზეზი აღნიშნულ გზაზე გვირაბების ელექტრო და მექანიკური სისტემების მონტაჟის სამუშაოებია.
„სამუშაოების ჩატარების მიზნით, გზის კმ 92–კმ 105 მონაკვეთზე [ბათუმის შემოვლითი გზა] 2025 წლის 27 ნოემბრიდან ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება ღამის საათებში: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით – 00:00 სთ-დან 07:00 სთ-მდე, ხოლო შაბათ–კვირას – 02:00 სთ-დან 07:00 სთ-მდე
შეზღუდვის ზემოაღნიშნული რეჟიმი ამოქმედდება 27 ნოემბრის ღამის 00:00 საათიდან და იმოქმედებს ერთი თვის განმავლობაში“.
„შეზღუდვის რეჟიმის მოქმედების პერიოდში ფოთი-სარფის მიმართულებით მოძრავი ავტოტრანსპორტი იმოძრავებს სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის 92-ე კმ-ზე არსებული მახინჯაურის სატრანსპორტო კვანძის გამოყენებით, ქალაქ ბათუმის გავლით და დაუკავშირდება სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზას 109-ე კმ-ში.
ხოლო, სარფი-ფოთის მიმართულებით ავტოტრანსპორტი იმოძრავებს პირიქით“ – აცხადებს დეპარტამენტი.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 28 ნოემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 170 790 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 100. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები]
ტანკი – 11 380 ერთეული [+1]
ჯავშანტექნიკა – 23 643 ერთეული [+15]
საარტილერიო სისტემა – 34 730 ერთეული [+21]
MLRS – 1 550 ერთეული [+0]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 253 ერთეული [+0]
თვითმფრინავი – 430 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 347 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 85 237 ერთეული [+63]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 995 ერთეული [+0]
გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 68 399 ერთეული [+48]
სპეცტექნიკა – 4 008 ერთეული [+0]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია ჯერ არ განუახლებია რუსეთს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 27 ნოემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
668 თვითმფრინავი
283 ვერტმფრენი
99 114 უპილოტო საფრენი აპარატი
638 საზენიტო სარაკეტო სისტემა
26 294 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 621 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
31 587 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
47 814 სპეციალური სამხედრო მანქანა
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
2025 წლის 28 ნოემბერს ზუსტად ერთი წელი სრულდება, რაც საქართველოში უწყვეტი საპროტესტო აქციები დაიწყო. აქციების რამდენიმე მონაწილეს ერთი კონკრეტული ამბის, ეპიზოდის, დიალოგის გახსენება ვთხოვეთ, რაც ყველაზე მეტად დაამახსოვრდათ ამ ერთი წლის განმავლობაში.
უწყვეტი პროტესტიდან ყველას თავისი მთავარი, ერთგვარად გარდამტეხი ამბავი აქვს.
„ჩაპლინის ფილმივით ვუყურებდი პროცესს ფანჯრიდან. მაშინ გავიაზრე, რომ შინაგანი რწმენა უმთავრესია… “
„მთავარია შინაგანი რწმენა, რომ მართალი ხარ. თუ ეს რწმენა გაქვს, ვერაფერს დაგაკლებენ, ციხეშიც თავისუფალი იქნები,“ – თავის დაკვირვებას გვიზიარებს ბათუმის პროევროპული აქციების ერთ-ერთი აქტიური მონაწილე, რუსა ვარშალომიძე.
რუსა პოლიტიკური პატიმრების ერთ-ერთ სასამართლო სხდომას იხსენებს:
„ზუსტი თარიღი არ მახსოვს, მაგრამ თბილისის საქალაქო სასამართლოში მივედი 11 დაკავებული ბიჭის პროცესზე დასასწრებად… იმ დღესაც ხალხმრავლობა იყო. მიხაროდა, ამდენი ადამიანი დადის სინდისის პატიმრების პროცესებზე-მეთქი.
მივადექი ანატოლი გიგაურის პროცესს. დაწყებული იყო პროცესი. ვეღარ შევიდოდი. იქვე დავდექი და კარზე დატანილი ფანჯრიდან ვუყურებდი პროცესს. ხმა არ მესმოდა, მაგრამ ანატოლის თითოეულ სიტყვას ვგრძნობდი. ეს ადამიანი თავის სათქმელს გადმოსცემდა უხმოდ. მეგონა, რომ ჩაპლინის ფილმს ვუყურებდი. გიგაური იყო პერსონაჟი, მოსამართლე მანტიაში გახვეულიყო და იჯდა. მოსამართლე, რა თქმა უნდა, ბრჭყალებში. ვხედავდი პატარა დარბაზს, რომელიც ცარიელი იყო, გამოყოფილი ადგილიდან საუბრობდა ბრალდებული, ვისი ხმაც მე არ მესმოდა…
მალე დასრულდა პროცესი. დარბაზიდან გამოდის გამწარებული ჩვენი თანამებრძოლი – ია მელითაური. ჩვენ ხომ პროცესებზე მხოლოდ სოლიდარობის გამო დავდივართ… დღესაც სოლიდარობის გამო ვიყავი, მაგალითად, ზურა ჭავჭანიძის პროცესზე. არავის არ ჰქონია მოლოდინი, რომ გაუშვებდნენ.
კართან ვდგავარ გაშეშებული, თავჩახრილი, რომ დამაგვიანდა. უცებ ჩემთვის უცნობი მანდატური მოდის: იქეთ გადადით! – ამას ისეთი ტონით ამბობს, რომ მსგავსი ტონით როცა მომმართავენ, იმასაც არ ვაკეთებ, რაც სავალდებულოა. ზურგზე მადებს ხელს რაღაცნაირად, მქაჩავს და წინ მივდივარ, გაოგნებული ვუყურებ, მაგრამ უკიდეგანოდ მშვიდი ვარ. დაჟინებული ვუყურებ ამ კაცს და იქვე სკამზე ვჯდები. ეს კაცი იწყებს წარმოუდგენელი სიტყვებით ჩემს ლანძღვას. ეს ყველაფერი იმდენად არაადეკვატურია და მე არ მეკუთვნის, არ მოდის ჩემამდე, ვისხლეტ.
ხმაურზე სხვა მანდატურებიც მორბიან, მაგრამ ვერ ხვდებიან, რაშია საქმე. ეს კაცი ყვირის უკვე. მე ვზივარ სკამზე ჩუმად.
ცოტა მომბეზრდა ამ კაცის ლანძღვის მოსმენა და ყურსასმენს ვიკეთებ. ეს კაცი უარესად აყვირდა და მანდ უკვე გამეცინა. მივხვდი, რომ გავიმარჯვე იმ კონკრეტულ მომენტში. მერე გავიგე, რომ ეს კაცი დავით მატიაშვილი იყო, მანდატურების უფროსი. არ მიჩივლია მაშინ და არც კადრების ამოღება მომითხოვია.
მერე განვაზოგადე, რომ ასეა სისტემაც: პროტესტს ებრძვიან სხვადასხვა მეთოდით. ჩემი ეს ისტორია იმდენად პრიმიტიულია, რომ ვერავის მოვუყევი აქამდე, მაგრამ სისტემა გვებრძვის, მათ შორის, ფსიქიკის დაზიანებით, ემოციური გამოფიტვით. დამუშავებული აქვთ ადამიანების რეაქციები და მანიპულირებენ. ჩვენ, სამწუხაროდ, ამ მანიპულაციების მსხვერპლი რაღაც შემთხვევაში ვხდებით… ადამიანები ვართ.
სასამართლოს ფოიეში ვდგავარ, სადაც მოსაცდელია, სკამებია, მინდა დავჯდები, დაველოდები, ან იქვე ვიდგები, მაგრამ ასე მოეხასიათა, ჩათვალა, რომ მის ხელშია ძალაუფლება და შეუძლია გამოავლინოს. ჩემი აზრით, ეს არის კომპლექსების, ძველი ტრავმების გამოვლენა, მათ შორის, ბავშვობისდროინდელი კომპლექსების, რომელსაც შემდეგ მთელ ქვეყანას ანთხევენ…
მაგრამ სისტემა აგონიაშია, როცა წყლის ჭავლს აქციის მონაწილე ცეკვით ხვდება, ან მოსამართლეს სინდისის პატიმრები – ღიმილით,“ – გვითხრა რუსა ვარშალომიძემ.
რუსუდან ვარშალომიძე
რუსა ვარშალომიძე მიიჩნევს, რომ წინააღმდეგობა ეპოქალური პერიოდია და ამ ეტაპის გადალახვის გარეშე ვერ ვიქცევით „შემდგარ საზოგადოებად“.
„თუ გვინდა, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში ჯანსაღ საზოგადოებად ვიქცეთ, ჩვენ ბევრად უარესი პერიოდი გველის. ჩვენ ამის რესურსი გვაქვს, მაგრამ ეს რესურსი ინდივიდუალურია. თუ ამის კონსოლიდაცია ვერ მოხერხდა, მარცხისკენ წავალთ, მაგრამ თუ შევძლებთ გაფანტული, ინდივიდუალური ძალების გაერთიანებას, გამარჯვება გარდაუვალია,“ – მიიჩნევს რუსა ვარშალომიძე.
„იცით, ჩემს პოსტერზე რა ეწერა?“
ზუგდიდელ აქტივისტს ცაბუნია ვართაგავას ყველაზე მკაფიოდ 2025 წლის 9 აპრილის აქცია ახსოვს ზუგდიდში. „ოცნების“ ადგილობრივ მთავრობას ზუგდიდსა და საქართველოს სხვა ქალაქებშიც მოქალაქეები 9 აპრილის მემორიალთან საპროტესტო გზავნილებით დახვდნენ.
„ზუგდიდის უწყვეტი აქციიდან უამრავი დასამახსოვრებელი ამბავი მახსოვს: ჯარიმები, დაჭერები, ვერდაჭერები, როცა დასაჭერად ჩვენს თანამებრძოლს ხელს ჰკიდებდნენ და იმდენი ადამიანი შემოვეკვრებოდით გარს, ვეღარ მიჰყავდათ, მაგრამ ყველაზე მძაფრი ალბათ 9 აპრილი იყო. დღე, როდესაც ყველაზე მძაფრად ვიგრძენი, რის გამკეთებელი იყო ადგილობრივი პოლიცია, თუ ბრძანებას მიიღებდა,“ – გვიყვება ცაბუნია ვართაგავა.
ცაბუნია ვართაგავა
,,ბოლო წამამდე გულუბრყვილოდ მეგონა, რომ რამდენიმე ასეული პოლიციელი 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალთან პატივის მისაგებად მივიდა. რეალობას მაშინ ჩავხედე თვალებში, პოსტერი რომ ძალის გამოყენებით ჩამომაწევინეს. მერე ყველაფერი ერთმანეთში აირია: ჩემ გვერდით მდგომ გოგონას მუშტები ურტყეს და ისე გაიყვანეს „უსაფრთხო” ადგილისკენ, ჩემი ორსული მეგობარი ანჯღრიეს, ჩვენი აქციის მონაწილე ქალი დაბლა დააგდეს, საბოლოო ჯამში კი ორ ნაწილად დაგვყვეს და ცალ-ცალკე ქუჩებით გაგვრეკეს.
სიტყვა „გაგვრეკეს“ შემთხვევით არ მიხსენებია. სამხარეო პოლიციის უფროსი რუსულ-მეგრულად სწორედ ამ ბრძანებას გასცემდა – „დავაი, დორაი” [მიდი, გარეკე].
ნახევარ საათში პოლიციელები გაბრუნდნენ და წავიდნენ. მერიის თანამშრომლებმა სოციალურ ქსელში დასადები ფოტოები გადაიღეს და წავიდნენ. ფოტოების გადაღებამდე ჩვენი გაფენილი ევროკავშირის და უკრაინის დროშები გადაუმალავთ, თუმცა, ერთ-ერთ ფოტოზე მაინც გამოუჩნდათ, მათ მისვლამდე მისული სხვადასხვა სკოლის მოსწავლეების მიტანილი თითო-თითო ტიტა თაიგულად შეუკრავთ და სანთლები მოუხსნიათ, რომ ფოტოზე ლამაზად გამოჩენილიყო.
ჩვენ 9 აპრილის მემორიალთან მაინც დავბრუნდით, ჩალურჯებებით და შეურაცხყოფილები. ერთ-ერთი მონაწილისთვის სასწრაფოს გამოძახება გახდა საჭირო. მთავარი ემოცია შემდეგ წამოვიდა, როცა ამ ყველაფრის გადააზრება დავიწყე: ჩვენი ქვეყნის პოლიცია რომ 9 აპრილს თავისივე მოქალაქეებს არბევს მემორიალთან. ამაზე ცუდი არც ვიცი, რა უნდა დაგვემართოს, როგორც ერს.
მაგრამ მე პოსტერი ისე მქონდა ჩაბღუჯული, ხელი არ გამიშვია: დაიჭმუჭნა, დაიფლითა და რომ გავშალე, წარწერა მაინც იკითხებოდა. იცით, ჩემს პოსტერზე რა ეწერა?: „მერცხალი რომ კიდეც მოჰკლა, მაინც მოვა გაზაფხული…”
„ეს იყო რაღაც ბარიერის გარღვევა – მაუწყებელზე გაისმა ხალხის ხმა“
„ყველაზე დასამახსოვრებელი მაინც 30 ნოემბერი იყო, როცა პირველი შეხლა-შემოხლა მოხდა საზოგადოებრივ მაუწყებელთან. ეს იყო წინააღმდეგობის გაფართოების მაგალითი,“ – გვიყვება გოტა ჭანტურია, მოძრაობა „საზმაუს მარშის“ ერთ-ერთი ლიდერი.
გოტა ჭანტურია ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ წინააღმდეგობის პროცესში მნიშვნელოვანია ე.წ. ხელისუფალს ძალაუფლების ბერკეტები გამოაცალო, „ოცნების“ ანტიკონსტიტუციური ხელისუფლების ერთ-ერთი საყრდენი კი, პროპაგანდაა.
გოტა ჭანტურია
„ეს ყველაფერი ძალიან ემოციური იყო იმ გაგებით, რომ იქვე ვიყავი და მთხოვეს დახმარება – რუპორის პრობლემა არსებობდა. მე პატარა რუპორი მქონდა და ის მივიტანე. ამ მოულოდნელობასაც თავისი ეფექტი ჰქონდა. ემოციური იყო, რომ ფაქტობრივად მთელი საქართველო მაშინ რამდენიმე საათით საზოგადოებრივ მაუწყებელს იყო მიჩერებული და უყურებდა.
მართლა პირველად გაისმა მაუწყებელში სიმართლის ხმა. ეს იყო რაღაც ბარიერის გარღვევა. ამაღელვებელი განწყობა იყო. ამაყი ვიყავი.
საზოგადოებრივ მაუწყებელსაც ნიღაბი ჩამოვხსენით იმიტომ, რომ ის დიდი ხანი ცდილობდა შეფარული პროპაგანდა ეწარმოებინა, მაგალითად, „Post TV“-გან და „იმედისგან“ განსხვავებით. დიდი ხანი ახერხებდა საზოგადოებრივი მაუწყებელი საზოგადოების კრიტიკას და რისხვას ასცდენოდა.
ეს იყო გამარჯვების დღეც, როცა ჩვენ მართლაც დაგვითმეს მაუწყებლის ეთერი. წლების მანძილზე პირველად გაისმა საზოგადოებრივ მაუწყებელზე ხალხის ხმა. ძალიან მრავალფეროვანი იყო ეს ხმები: სხვადასხვა შეხედულების, ასაკის, სოციალური სტატუსის ადამიანები საუბრობდნენ.
ერთია, ამ პროტესტმა აჩვენა ის, რომ პროტესტი არაა მხოლოდ რუსთაველზეა, პროტესტი საყოველთაოა. მეორეა ის, რომ შემოიტანა სოციალური თემატიკა, პროტესტის შინაარსი გაფართოვდა. ფაქტობრივად, ძალიან მნიშვნელოვანი საპროტესტო კერა გაჩნდა,“ – გვითხრა გოტა ჭანტურიამ.
„სულ მეხსომება, როდესაც გზის გადაკეტვისთვის დაწესებული პატიმრობის მიუხედავად, ადამიანები არ წყვეტდნენ გზაზე გადასვლას“
წინააღმდეგობაზე საუბრის დროს ყოფილი საჯარო მოხელე, ნატო ბოლქვაძე, პირველ რიგში საჯარო მოხელეების უპრეცედენტო გამბედაობაზე ამახვილებს ყურადღებას:
„საჯარო სამსახურის ისტორიაში პირველად საჯარო მოხელეებმა ღიად, მასშტაბურად და კოორდინირებულად დაგმეს მმართველი პარტიის ქმედება პეტიციების მეშვეობით. ეს მოხდა იმ ფონზე, რომ არ არსებობს პროფესიული კოლექტიური მეხსიერება, სადაც საჯარო სამსახური ასე მკაფიოდ გამიჯვნოდა მმართველ პარტიას და ასე ღიად დაეცვა სახელმწიფოს, ქართველი ხალხის პოზიცია.
ეს არის ისტორია, რომელიც კიდევ მეტად თავისუფალ და დამოუკიდებელ საჯარო სამსახურს შექმნის მომავალში,“ – დარწმუნებულია საჯარო მოხელე, რომელიც პროტესტის გამოხატვის შემდეგ სამსახურიდან გაათავისუფლეს.
ნატო ბოლქვაძე
„ქართულმა ოცნებამ“ ყველას გათავისუფლება, ცხადია, ვერ შეძლო და ამ ადამიანების ნაწილი კვლავ რჩება საჯარო სამსახურში. ასევე, დღეს ჩვენ გვყავს სისხლის სამართლის წესით დაკავებული მოქმედი საჯარო მოხელე, თორნიკე თოშხუა.
მოქმედ მოხელეთა განწყობის გასაგებად მოგიყვანთ ერთ მაგალითს: რამდენიმე დღის წინ, ჩემს კოლეგა მოქმედ საჯარო მოხელეებთან ვსაუბრობდი და როდესაც სამსახურში დარჩენა-წამოსვლაზე დავიწყეთ მსჯელობა, მაშინ ჩემმა ერთმა მოქმედმა კოლეგამ თქვა: მე შემიძლია წამოვიდე, მაგრამ როგორ დავუტოვოთ სისტემა მათ? ამით ხომ ხელს შევუწყობ პარტიის მიერ საჯარო სამსახურის მისაკუთრებასო,“ – გვიყვება ნატო ბოლქვაძე.
უშუალოდ საპროტესტო აქციებიდან რომელი მომენტი იყო ყოფილი საჯარო მოხელისთვის მნიშვნელოვანი?
„განსაკუთრებით ემოციური იყო, როცა ვხედავდი როგორ აბიჯებდნენ ადამიანები საკუთარ შიშებს.
ერთ ჩემს კოლეგას გავიხსენებ, როდესაც კიდევ უფრო მძიმე რეპრესიული კანონმდებლობა ამოქმედდა, რომლითაც გზის გადაკეტვისთვის, პირბადის ტარებისა და სხვა ქმედებებისთვის დააწესეს პატიმრობა, მახსოვს, შიდა ჩატში საუბრისას ჩემი კოლეგა, რომელიც პროტესტის აქტიური მონაწილე იყო მისი დაწყების დღიდან, გვწერდა, მეშინია გამოსვლა და ვტირი, რომ მეშინია და ვერ გამოვდივარო….
ამის მიუხედავად, მეორე დღიდან ეს ადამიანი ისევ ჩვენთან ერთად იდგა.
სულ მეხსომება ამბავი, როდესაც გზის გადაკეტვისთვის დაწესებული პატიმრობის მიუხედავად, ადამიანები არ წყვეტდნენ გზაზე გადასვლას და ყოველდღე ვხედავდი სრულიად ახალ და უცხო სახეებს, რომლებიც ღიად, სახის დაუფარავად გადადიოდნენ გზაზე და მათი შეურიგებელი გამბედაობით ჯიუტად იცავდნენ პროტესტის კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებას. ისინი უბრალოდ დიდებული ადამიანები არიან.
განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ტროტუარზე მყოფი ადამიანებსა და გზაზე გადასულებს შორის ემოციური კავშირი ტროტუარიდან და პირიქით – გზიდან, როდესაც გზაზე გადასულებს ტროტუარზე მყოფნი ამხნევებდნენ შეძახილებით, ხოლო გზიდან გადმოსვლის შემდეგ მათი სხეულებით, ქოლგით, დროშით თუ სხვა საშუალებით იფარავდნენ, რათა პოლიციას არ მისცემოდა საშუალება, ეს ადამიანები ამოეცნო და დაეკავებინა.
როდესაც ამ ამბებს გავიხსენებ, პირველი, რასაც ვიფიქრებ, ალბათ იქნება, რომ ადამიანებმა გავიაზრეთ, რომ დღევანდელი ჩრდილი გუშინ დარგული ხის შედეგია, ხვალინდელი ჩრდილისთვის კი, დღეს არის ხის დარგვა აუცილებელი. სწორედ ამიტომ, გვაქვს უპრეცედენტო ხანგრძლივობისა თუ მასშტაბის პროტესტი, რასაც გასული 1 წლის განმავლობაში ვხედავთ და მძიმე რეპრესიული კანონების მიუხედავად, დასრულებას პირი არ უჩანს,“ – გვითხრა ნატო ბოლქვაძემ.
„თურმე ძალიან მდიდარი ადამიანი ვარ“
„ხელი გაუშვით, ჩემი შვილია“ – ეს ფრაზა ერთ დედას ეკუთვნის აქციიდან, მაგრამ ვინც დღეს გარეთ დგას და ბრძოლას აგრძელებს ყველა ის „დედაა“, რომელიც მის „შვილს“ ხელს არ უშვებს“, – ერთ-ერთ საპროტესტო აქციას იხსენებს ჟურნალისტი ნინია კაკაბაძე.
„გარდამტეხი თავად 28 ნოემბერი იყო, ალბათ. ამის შემდეგ ერთნაირად მძიმე პერიოდია, „ოცნება“ უკან არ იხევს და რაც დრო გადის, მეტად ვშორდებით იმ მომავლის იდეას, რომლისკენაც ამდენი წელია მივბობღავთ.
ნინია კაკაბაძე
ორი რამეა, რაც გვაძლებინებს. პირველი და მთავარია ერთმანეთი, ერთად დგომა, ერთმანეთისთვის ბრძოლა… ეს არის სწორედ ის მთავარი ფაქტორი, რაც ამ უკანასკნელ წელს შევიძინეთ – ერთმანეთი! თურმე ძალიან მდიდარი ადამიანი ვარ. იმაზე გაცილებით მეტი მეგობარი, ახლობელი მყავს, ვიდრე ოდესმე წარმოვიდგენდი.
მიუხედავად ყველაფრისა, ყველას გვქონია სისუსტის მომენტები, ყველას გვიფიქრია – წავიდე, სანამ დამიჭერენ, გავჩუმდე, ჩემთვის გავაგრძელო ცხოვრება… მაგრამ ამის უფლებას ის პოლიტიკური ტყვეები არ გვაძლევენ, რომლებიც ციხეში არ გატყდნენ.
უკლებლივ ყველა მათგანი არის სიმტკიცის ისეთი მაგალითი, რომელიც არასდროს მოგვცემს დანებების უფლებას,“ – ამბობს ნინია კაკაბაძე.
„გამთენიისას ილია ჭავჭავაძის გამზირიდან სპეცრაზმი დაიძრა მელიქიშვილის მიმართულებით,“ – საჯარო მოხელე არჩილ მამულაშვილი, რომელიც დღესაც პროევროპული აქციის მონაწილეა, გასული წლის 19 ნოემბრის დილას იხსენებს:
„ჯენზის თაობას რომ ეძახიან, აქციის მონაწილე ბიჭი ეუბნება გოგოს: „ვიაროთ, თორემ თუ დამიჭირეს, ხომ ნახე ქაცარავას რა უქნეს?!“. იქვე მესმის ბიჭების საუბარი: „ნახე, ფორმებს ამოსაცნობი ნიშნებიც კი არ აქვთ. ცემით რომ მოგკლან, ვერც გაიგებენ ვინ იყო…“
სიამაყით მეკუმშება გული, იმაზე ფიქრით, თუ ეს ბავშვები რამხელა შიშის გადალახვას ახერხებენ, სანამ პროტესტის საჯაროდ გამოხატვას გადაწყვეტენ, თან ბოღმა მახრჩობს, რომ მომავალი თაობა საკუთარი ძალოვანი სამსახურებით ასე დააშინეს.
ჩემ მიერ გაკეთებული ეს ჩანაწერი ერთი სამასსამოცდამეხუთედია იმ ამბებიდან, რის მოყოლასაც ვისურვებდი ყველას გასაგონად. ბოლო ერთი წელი სავსეა მსგავსი ემოციური ამბებით,“ – გვეუნება არჩილ მამულაშვილი.
არჩილ მამულაშვილი
იგი ამბობს, რომ მისთვის პროტესტი 26 ოქტომბერს დაიწყო, როცა არჩევნებში „ოცნებამ“ საქართველოში 53,9% მიიღო, საზღვარგარეთ კი – 13.5%
„ამ მოცემულობის რაციონალური ახსნა არ არსებობს. ყველაზე ცხადად ამ გარემოებამ გააჩინა კითხვა არჩევნების ლეგიტიმურობის შესახებ.
სამწუხაროდ, დღეს უფრო მეტი საფუძველი გააჩნია ამ კითხვებს, რადგან „ოცნების“ მიერ საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილებით, ემიგრანტების არჩევნებში მონაწილეობის უფლება ძალიან ეფემერული გახდა – ყველას გვესმის, რომ უმეტეს შემთხვევაში ემიგრანტებისთვის საქართველოში არჩევნებისთვის დროებით დაბრუნება შეუძლებელი იქნება.
პროტესტში პირველ რიგში იმის გამო ვმონაწილეობ, რომ ვერ ვეგუები შექმნილ სიტუაციას. „ქართული ოცნების“ მიერ საკუთარ ხალხთან აღმართული ყრუ კედელი და შემოთავაზებული უსამართლო რეალობა არჩევანის საშუალებას არ მიტოვებს, გარდა პროტესტისა.
მწამს, დაუშვებელია მრავალი თაობის ისტორიული არჩევანი -დემოკრატია და საქართველოს ევროპული მომავალი სათუო გახდეს. ეს გზა ადვილი არასდროს ყოფილა. დღეს რუსთაველზე დგას ის ხალხი, ვისთანაც ყოველდღიური კონტაქტი მაძლევს მომავლის იმედს,გონიერი, უშიშარი და ერთიანი სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც ასე აკლდა ჩვენს ქვეყანას ყოველთვის.
ამ ხალხისთვის, ამ იდეისთვის ღირს ბრძოლა საქართველოს გამარჯვებამდე და ყოველთვის – გამარჯვებიის დასაცავად,“ – ამბობს არჩილ მამულაშვილი.
„სასამართლოს ფოიეში გამომელაპარა ერთი პოლიციელი…“
„რამდენი ახალი კანონიც მიიღეს, იმდენი ახალი კანონი ქართველმა ხალხმა რუსულ რეჟიმს გადაახია თავზე. მთავარი ამბავი არის ის, რომ ივანიშვილის დაჯგუფებამ ვერ შეძლო პროტესტი მოეკლა. ერთი წლის თავზეც კი, ადამიანები პროტესტს აგრძელებენ და ეს არ არის მარტო პროტესტი, ეს არის წინააღმდეგობა,“ – გვითხრა ზუგდიდელმა აქტივისტმა მარიამ სიჭინავამ, რომელსაც ყველაზე მნიშვნელოვანი დღის ან მომენტის გახსენება ვთხოვეთ წინააღმდეგობის ერთი წლიდან.
თავდაპირველად მარიამ სიჭინავას გაეღიმა, ჩემს დაკავებებსა და უთვალავ ჯარიმებში საინტერესო არაფერიაო, პაუზის შემდეგ კი, სასამართლოს ფოიეში პოლიციელთან გასაუბრება გაიხსენა:
„სასამართლოს ფოიეში ვიჯექი და გამომელაპარაკა ერთ-ერთი პოლიციელი: ახალ კანონებს გადახედეო. ვკითხე, რა კანონებს-მეთქი და აი, რაც ასკ-ის 174-ე მუხლს – შეკრება-მანიფესტაციის მუხლს ეხებაო. ეგრევე ამოვიღე ტელეფონი, ჩავსქროლე, გადავხედე ამ კანონებს. თავი რომ ამოვწიე ტელეფონიდან, ვუთხარი: ამ კანონებს ჩვენ ყველას დავარღვევთ-მეთქი.
როცა ჩვენ ამის გაკეთება დავიწყეთ უკვე დეკემბრის მიწურულს, ფაქტობრივად ნიჰილიზმი იყო უკვე აქციაზე – არა მარტო რეგიონებში, ცენტრშიც. გვინდოდა რაღაც, რაც იქნებოდა ამ პროტესტისთვის ახალი სუნთქვა.
შიშის გრძნობა არ ყოფილა.
ამბავი, რაც ამ ახალი კანონების მიღება-დარღვევას მოჰყვა, დაიწყო ზუგდიდიდან და დაიწყო ქალების პროტესტით, როდესაც ზუგდიდში სამმა ქალმა ყაველაშვილის ხელმოწერილი კანონების მიღების მეორე დღიდან დავიწყეთ დემონსტრაციულად ამ კანონების დარღვევა და ეს იყო წინააღმდეგობის მაჩვენებელი. ეს იყო ბალაკლავის აკრძალვა.
თუ სწორად მახსოვს, 27 დეკემბერს ღამე მოაწერა ხელი და 28 დეკემბერს აქციაზე ძალიან დემონსტრაციულად დავარღვიეთ ეს კანონი, მიუხედავად იმისა, რომ მაშინ ჩვენთან კომუნიკაციაში შემოვიდნენ ზუგდიდის პოლიციის მაღალჩინოსნები და გვთხოვეს, მოგვეხსნა ეს ნიღბები. მოვიდნენ ფორმის გარეშე და გვითხრეს, რომ ჩვენი დაჯარიმება მოუწევდათ იმ შემთხვევაში, თუ არ მოვიხსნიდით და ამის გაკეთება არ უნდოდათ, მაგრამ იძულებულები იქნებოდნენ, ეს გაეკეთებინათ.
ჩვენი პასუხი იყო, რომ: „იცით, რა არი? ჩვენ ჩვენს საქმეს ვაკეთებთ და თქვენ თქვენი საქმე გააკეთეთ.“
მარიამ სიჭინავა
პოლიციელები მაინც ცდილობდნენ იმ ხაზის დაცვას, რაც აი, პატარა ქალაქის სპეციფიკაა: ყველა ერთმანეთს ვოცნობთ და არსებობს წითელი ხაზები. მათი გზავნილი იყო, მოიხსენით, თორემ ამის გაკეთება მოგვიწევს,“ – გვიყვება მარიამ სიჭინავა.
სამოქალაქო აქტივისტი დარწმუნებულია, რომ პროტესტში ჩართული ჯგუფების ერთიანობის გარეშე არაფერი გამოვა.
„2019 წლიდან აქტიურად ვარ ამ პროტესტში ჩართული და ნებისმიერ დროს მზად ვართ ემოციურად იმისთვის, რომ დაგვაკავებენ. ეს ჩვენმა ოჯახის წევრებმაც იციან. სხვათა შორის, მამაჩემს უკვირს კიდეც, ამდენი ხანი გარეთ როგორ ვარ, როგორ არ დამიჭირეს სისხლის სამართლის მუხლით.
ნაწილ-ნაწილ იშლება ეს ქვეყანა. ფიზიკურ თავისუფლებაზე მეტად ქვეყნის დაკარგვა უფრო საშიშია ჩემთვის, იმიტომ, რომ 10 წლის შვილი მყავს, რომლის მომავალიც მინდა ამ ქვეყანაში იყოს. ვხვდები, რომ თუ ჩვენ არ ვიბრძოლებთ, მართლა შეუძლებელი გახდება, რომ ჩვენმა შვილებმა ამ ქვეყანაში მიიღონ განათლება, იცხოვრონ თავისუფლად.
შეუძლებელია ადამიანებმა გააგრძელონ თავისუფლად ცხოვრება, თუ „ოცნების“ რეჟიმი გააგრძელებს არსებობას,“ – დასძინა მარიამ სიჭინავამ „ბათუმელებთან“.
„დაბადების დღეზეც აქციაზე წამოვედი – პირად ცხოვრებაზე მეტია ეს ბრძოლა“
„8 მარტს ჩავნიშნეთ ქალთა მარში ბათუმში. 8 მარტს ჩემი დაბადების დღეცაა,“ – გვიყვება ლარა ქარცივაძე, ბათუმელი სტუდენტი, რომლის განსაკუთრებული, ემოციური შეძახილიც – „არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა“ – ბათუმის საპროტესტო მსვლელობების დროს ყველას მოუსმენია.
„დაბადების დღეზეც აქციაზე წავედი, იმ დღეს 20 წლის გავხდი, მარშიც წავიყვანე და მთელი მარშის პერიოდში ვფიქრობდი ერთ რამეზე: რუსული ზეგავლენის მარწუხებმა როგორ იმოქმედა საზოგადოების ემპათიის ხარისხზე… იმ საღამოს ჩვენმა მედროშემაც [ზურაბ ჭავჭანიძემ] გულით მომილოცა დღეობა, მთელი ყუთით მომიტანა თავისი ხელნაკეთი ნივთები და დამასაჩუქრა: ყუთში ჩაელაგებია ყვავილები, ფერადი გულები, დროშები…
მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის ზღვარმა იმდენად აიწია ჩემში, რომ პირადი მოთხოვნები, პირადი ცხოვრება აღარ არის პრიორიტეტი ჩემს ცხოვრებაში.
ლარა ქარცივაძე
დაბადების დღეზე მაინც დარჩენილიყავი სახლშიო, იმ დღეს დედამ ტელეფონში მითხრა. ვუთხარი, რომ ვერ გავჩერდებოდი. არც უკითხავს სად ვიყავი, როცა დარეკა, რუპორის ხმა ისმოდა, მსვლელობა გვქონდა… დედას ესმის ჩემი.
8 მარტის მარში ეძღვნებოდა მზია ამაღლობელს, რომელიც ამ დრომდე უკანონო პატიმრობაშია. მზია ჩემთვის მართლა ავტორიტეტია. ვცდილობ, ცხოვრებაში სწორი ავტორიტეტები მყავდეს,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ლარა ქარცივაძემ.
გეგმავს თუ არა ბათუმის მერია სოციალური სახლის მშენებლობას იმ ოჯახებისთვის, რომლებსაც „ხელმისაწვდომი საცხოვრისის“ გამოსყიდვის შესაძლებლობა არ აქვთ? – ბათუმის 2026 წლის ბიუჯეტის პროექტი ერთი მხრივ ტოვებს შთაბეჭდილებას, თითქოს მერია მომავალ წელს ახალი სოციალური სახლის მშენებლობას გეგმავს, თუმცა, როგორც ირკვევა, ახალი სოციალური სახლის მშენებლობა კი არა, ისევ ე.წ. ხელმისაწვდომი საცხოვრისის, ანუ „იაფი სახლის“ მშენებლობაა დაგეგმილი.
ბევრი ოჯახი ამ პროგრამასაც ისევე ელოდება, როგორც სოციალურ სახლს.
ბიუჯეტის პროექტის მიხედვით დაზუსტებით იმის თქმაც არ შეიძლება, რომ 2026 წელს ე.წ. იაფი სახლის მშენებლობა ნამდვილად დაიწყება. ამ პროექტისთვის მხოლოდ 100 000 ლარია გათვალისწინებული. როგორც აგვიხსნეს, ეს თანხა წინასაპროექტო კვლევის მომზადებას უნდა მოხმარდეს, რისთვისაც მერია ტენდერს გამოაცხადებს.
„2026 წლის ბიუჯეტის პროექტში 100 ათასი ლარი გათვალისწინებულია ე.წ. იაფი სახლის პროგრამისთვის. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მისამართების შერჩევა, რის შემდეგაც განხორციელდება პროექტის შესყიდვა“ – ეს არის პასუხი, რომელიც მერიიდან 2 დღის ლოდინის შემდეგ მივიღეთ.
ამ პასუხით ირკვევა ისიც, რომ მერია ე.წ. იაფი სახლის ასაშენებლად ადგილს ისევ ეძებს.
მერიის მიერ 2 წლის წინ გაჟღერებული ინფორმაციით, მორიგი „იაფი სახლის“ აშენებას გოროდოკის დასახლებაში, ვოლსკის ქუჩის 13 ნომერში გეგმავდნენ. საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს ბაზრის კვლევის დოკუმენტების მიხედვით, მრავალბინიანი სახლი 200 ოჯახზე უნდა ყოფილიყო გათვლილი.
რატომ შეფერხდა იაფი სახლის მშენებლობის დაწყება ვოლსკის ქუჩაზე, მერიას ამაზე განმარტება არ გაუკეთებია.
მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით ბათუმის მერიის ქვეპროგრამა „საცხოვრებელი სახლების მშენებლობა“ 2026 წელს 36 მილიონ 455 ათასი ლარით დაფინანსდება. პროექტში არსებული ჩანაწერის მიხედვით, დაგეგმილია სოციალური სახლის მშენებლობა, რომელიც მოიცავს 200 ბინას 11 200 კვ.მეტრ საცხოვრებელ ფართობზე და საცხოვრებელი სახლების სარეაბილიტაციო-სარეკონსტრუქციო სამუშოების ტექნიკურ ზედამხედველობას.
ე.წ. „შანხაის დასახლებაში“ სოციალური სახლის მშენებლობის გასაგრძელებლად 12 მილიონ 699 612 ლარი გაითვალისწინეს. ავარიული სახლების დემონტაჟი- მშენებლობა, გამაგრება-რეაბილიტაციისთვის – 23 მილიონი ლარი, ხოლო სოციალური სახლის მშენებლობა 100 000 ლარით არის დაფინანსებული – მერიაში განგვიმარტეს, რომ ამ შემთხვაში „იაფი სახლი“ იგულისხმება.
ე.წ. „შანხაის დასახლებაში“ სოციალური სახლის მშენებლობა 2023 წელს დაიწყო. პროექტის ფარგლებში ორი კორპუსის მშენებლობაზე ტენდერი ბათუმის მერიამ პირველად 2022 წელს გამოაცხადა, თუმცა გამარჯვებული ვერ გამოავლინა.
ამის შემდეგ, 2023 წელს, მერიამ გამოაცხადა 78-მილიონიანი ტენდერი რამდენიმე პროექტის ფარგლებში დაგეგმილი სამუშაოების შესრულების მიზნით, რომელშიც „ანაგმა“ გაიმარჯვა. მშენებლობა ჯერ არ დასრულებულა. მიმდინარე წლის ბიუჯეტის სამი კვარტალის ანგარიშის მიხედვით დასრულდა საცხოვრებელი სახლის რვა სართულის მშენებლობის სამუშაოები. ამ ეტაპისთვის მიმდინარეობს ელექტროქსელების, წყლისა და წყალანირების სისტემების მონტაჟის სამუშაოები. ასევე, დაწყებულია შიდა და გარე მოსაპირკეთებელი სამუშაოების წარმოება.
მოქალაქეები, რომლებიც წლებია უსახლკაროდ ცხოვრობენ ბათუმში, პერიოდულად მართავენ საპროტესტო აქციებს, ხან აჭარის მთავრობის შენობის შესასვლელთან და ხან ბათუმის მერიასთან.ეს ის კატეგორიაა, ვისაც „იაფი სახლის“ პროგრამით სარგებლობა იმის გამო არ შეუძლია, რომ გადახდისუნარიანი არ არის. ამ ოჯახებში არიან როგორც ასაკოვანი, ასევე მცირეწლოვანი ბავშვები და შშმ პირები.
ამის პარალელურად, როგორც აჭარის მთავრობის ბალანსზე, ასევე ბათუმის მერიის საბინაო ფონდში, ასობით ბინაა, რომლებიც წლებია მერიას დაკეტილი აქვს. ამ ბინების გასაცემად მერიას, ისევე როგორც მთავრობას, კრიტერიუმები აქვს დაწესებული.
გარდა ამისა. ავარიული სახლების პროგრამის ფარგლებში სამშენებლო პროექტის განაშენიანების კოეფიციენტის გაზრდის შემთხვევაში მშენებელი ვალდებულია ნამატი ფართობის 10 პროცენტი მერიას გადასცეს. უფრო მარტივად რომ ავხსნათ, თუ მშენებელს დადგენილი კოეფიციენტის მიხედვით 8-სართულიანი სახლის მშენებლობა შეეძლო და კოეფიციენტის გაზრდის შემთხვევაში 10-სართულიანი სახლი ააშენა, ამ ნამატი ფართობის 10% მან მერიას უნდა გადასცეს.
კოეფიციენტის გაზრდის შემთხვევაში ნამატი ფართობის 10 პროცენტი მერიის საკუთრებაში გადადის არამხოლოდ ავარიული სახლების, არამედ ნებისმიერ სხვა შემთხვევებშიც, თუ პროექტის კოეფიციენტის გაზრდა სჭირდება მშენებელს. ამას კანონი აწესებს ერთგვარი კომპენსაციის სახით. თუმცა, მაკომპენსირებელი ღონისძიება სხვაც შეიძლება იყოს, მაგალითად, სკვერის მოწყობა, სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის ინდივიდუალური სახლების აშენება და ასე შემდეგ, ეს მუნიციპალიტეტსა და მშენებელს შორის შეთანხმების საგანია.
ამ დრომდე არსებული პრაქტიკით, ბათუმის მერია მშენებლებს, რომლებიც კონკრეტულ მიწის ნაკვეთებზე მასშტაბური მშენებლობის პროექტებისთვის კოეფიციენტის გაზრდაზე თანხმობას იღებენ, ძირითადად ნამატი ფართობის 10 პროცენტის გადაცემაზე უთანხმდება. ამას განაშენიანების დეტალურ გეგმებში ვკითხულობთ, რომლებსაც საკრებულო ამტკიცებს.
ავარიული სახლების პროგრამის გააქტიურების შემდეგ, ბათუმის საკრებულოს სხდომაზე ყველაზე ცოტა 3 განაშენიანების გეგმა და ამდენივე კონცეფცია შედის დასამტკიცებლად.
მერია ვალდებულია გაასაჯაროოს ინფორმაცია, თუ რა ფართობი მიიღო საბინაო ფონდში ან მომავალში მიიღებს K2 კოეფიციენტის გაზრდის სანაცვლოდ; ხომ არ არის შესაძლებელი, რომ ამ ფართობების ხარჯზე ბიუჯეტიდან სოციალური სახლებისა და ავარიული სახლების ჩანაცვლებისთვის საჭირო თანხა დაიზოგოს ან ამ დაზოგილი თანხით უფრო მეტი სოციალური სახლი აშენდეს, ბათუმში უსახლკარობის პრობლემები რომ გადაიჭრას.
ოფიციალური მონაცემებით, რაც „ბათუმელებმა“ მერიიდან 2024 წელს მიიღო, ბათუმის მერიის მიერ გაცემული მშენებლობების ნებართვებისა და სამშენებლო კომპანიებთან გაფორმებული ხელშეკრულებების თანახმად, მერიისათვის გადასაცემი ფართობი იმ დროისთვის 5 394,73 კვ.მეტრი იყო.ეს ასაშენებელი ან მშენებარე ფართობია, რომელიც მერიამ მომავალში უნდა მიიღოს. მერიის ინფორმაციით, ეს სხვადასხვა ფართობის მქონე 35 ბინა და 75 აპარტამენტია [1897.2 კვ მეტრი საცხოვრებელი ბინა, ხოლო, 3497.53 აპარტამენტი].
იმის გათვალისწინებით, რა ოდენობის და მასშტაბის მშენებლობებზეც გაფორმდა შეთანხმებები, ეს ციფრი – 5 394,73 კვ.მეტრი ფართობი, რომელსაც მერია საბინაო ფონდში ელოდება,ბევრად მეტი უნდა იყოს.
მერიის სერვისცენტრებში უსახლკაროს სტატუსის მაძიებელთა განაცხადების მიღება 2023 წლის 6 თებერვალს დაიწყო. ბათუმის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციის წესი, რომელიც მოიცავს უსახლკარო პირად და უსახლკარო ოჯახად რეგისტრაციის კრიტერიუმებს, პროცედურასა და რეგისტრაციის შესახებ განაცხადის ფორმას ბათუმის საკრებულომ 2022 წლის ბოლოს დაამტკიცა, შემდეგი კი რამდენჯერმე დააზუსტა.
„ლუკოილის“ ბენზინგასამართ სადგურებზე პლასტიკური ბარათით ვეღარ გადაიხდით. საწვავის შეძენა მხოლოდ ნაღდი ანგარიშსწორებითაა შესაძლებელი.
„ბარათით ვერ ვასხამ, ნაღდით ვასხამ, გააუქმეს ბარათები“, – უთხრეს „ბათუმელებს“ „ლუკოილის“ ერთ-ერთ ბენზინგასამართ სადგურზე, სადაც პრემიუმ ხარისხის ბენზინის ჩასასხმელად მივედით.
კითხვაზე, რამდენი ხანია, რაც პლასტიკური ბარათებით გადახდა აღარ ხორციელდება, გვითხრეს, რომ ეს შეზღუდვა მეხუთე დღეა ამოქმედდა.
„ინკასაცია მოდის და იმას მიაქვს ფული,“ – გვითხრეს „ლუკოილის“ ბენზინგასამართ სადგურზე.
„დროებით არ არის შესაძლებელი ბარათით გადახდა. როდიდან აღდგება ბარათით გადახდა ზუსტი თარიღი არ არის ცნობილი,“ – უთხრა „ბათუმელებს“ „ლუკოილის“ ცხელი ხაზის ოპერატორმა.
ფინანსური სანქციები, რომელიც აშშ-მ რუსულ ნავთობკომპანია „ლუკოილს“ 22 ოქტომბერს დაუწესა, საქართველოში რეგისტრირებულ მის შვილობილ კომპანია „ლუკოილ-ჯორჯიასაც“ ეხება.
ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინამ სანქციების დოკუმენტს დაურთო დანართი, სადაც ნათქვამი იყო, რომ 2025 წლის 21 ნოემბრამდე სანქციები არ შეეხებოდა რუსეთს გარეთ მდებარე ლუკოილის ბენზინგასამართ სადგურებს.
მოგვიანებით აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისმა – OFAC ვადა სამი კვირით გადაწია და თქვა, რომ სანქციები „ლუკოილის“ მიმართ 2025 წლის 13 დეკემბრიდან ამოქმედდება.
„ბათუმელებმა“ სცადა კომპანიისგან ოფიციალური ინფორმაციის მოპოვება, თუმცა ამ ეტაპზე „ლუკოილ ჯორჯიასგან“ რაიმე განმარტება ვერ მივიღეთ.
„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მე-12 კლასი შენარჩუნდება მხოლოდ კერძო სკოლებში, საჯარო სკოლები კი 11-წლიან სწავლებაზე გადავა. მან ასევე ისაუბრა სპეც-კლასების შექმნაზეც, ვინც მაინც გადაწყვეტს მე-12 კლასის დასრულებას.
რა არჩევანი აქვს სოფლად მცხოვრებ მოსწავლეს? – მიატოვოს სოფელი და ქალაქში ჩამოვიდეს მე-12 კლასის დასასრულებლად? ზრდის თუ არა „ქართული ოცნების“ ე.წ. განათლების რეფორმა სოციალურ უთანასწორობას ქვეყანაში? – ამ თემაზე „ბათუმელები“ განათლების ექსპერტს, სიმონ ჯანაშიას ესაუბრა.
ბატონო სიმონ, კერძო სკოლებში სწავლა ფუფუნებაა და ბევრ ადამიანს არ მიუწვდება ხელი. ახლა კი, „ოცნება“ აპირებს საჯარო სკოლები 11-წლიან სწავლებაზე გადაიყვანოს. ეს იმას ნიშნავს, რომ სოფლად მცხოვრები ბავშვები კიდევ უფრო არათანაბარ გარემოში აღმოჩნდებიან, რადგან მუნიციპალიტეტებში არ არის კერძო სკოლები. რას ეუბნება ამით „ოცნება“ სოფელში მცხოვრებ ადამიანს, რომ მას არ უნდა ჰქონდეს არც არჩევანი და არც განათლებაზე ხელმისაწვდომობა?
კობახიძემ გუშინ პარლამენტში რაც ილაპარაკა, ლოგიკურად გაუმართავია, თავი რომ დავანებოთ იმას, რომ უსამართლოა მათი მიზნები.
ადამიანი ამბობს, რომ 11 წელში შესაძლებელია იმ მიზნების მიღწევა, რაც დღეს 12-წლიანი პროგრამით მიიღწევა, ეს თავისთავად არალოგიკურია.
მეორე არალოგიკურობა არის ის, რომ 12-წლიანი განათლება სჭირდებათ მხოლოდ საზღვარგარეთ წასასვლელადო – რაც ასე არ არის.
მისაღებ გამოცდებზე რომ შეეჯიბრებიან ერთმანეთს ეს ბავშვები, როგორ ფიქრობთ, მაშინ რა მოხდება? – დიდი უპირატესობა ექნებათ კერძო სკოლის მოსწავლეებს საქართველოში ჩაბარების დროსაც – ეს კიდევ უფრო ზრდის იმ უთანასწორობას, რაც ისედაც არსებობს. ამიტომ ეს საკითხი მხოლოდ უცხოეთში სწავლის ჭრილში არ უნდა დავინახოთ.
თვითონ ამბობს, რომ მთავარი მიზანია ხელი შეუწყოს, რაც შეიძლება ბევრი ადამიანი გავიდეს დასაქმების ბაზარზე და რაც შეიძლება სწრაფად. ანუ კობახიძე ლაპარაკობს დამსაქმებლების ინტერესების შესაბამისად. გაურკვეველია, ამ დამსაქმებლების ინტერესი რატომ არის, რომ ნაკლებად განათლებული ხალხი შევიდეს ამ ბაზარზე.
ასეთებიც არიან, რომ სკოლადამთავრებულები პირდაპირ შედიან სამუშაო ბაზარზე [დაახლოებით 10 000-ზე მეტი ადამიანი არ ამთავრებს სკოლას ყოველწლიურად], პირდაპირ იწყებენ მუშაობას. რაც უფრო ნაკლები განათლება ექნება ამ ხალხს, მით უფრო ნაკლებია შანსი, რომ მათ იშოვონ მაღალანაზღაურებადი სამსახური.
მე-11-კლასდამთავრებულებს ექნებათ ნაკლები უპირატესობა 12-კლასდამთავრებულებთან, რადგან 12-კლასდამთავრებულებს ექნებათ ერთი წლით მეტი განათლება და კონკურენციას ვერ გაუწევენ მათ დასაქმების თვალსაზრისითაც.
როდესაც 11 კლასს ამთავრებ, არა მხოლოდ უცხოეთში წასვლის პრობლემაა, არამედ შენ კონკურენციას ვეღარ უწევ სხვას, ვისაც მეტი განათლება აქვს. ახლა ვინც ამთავრებს მე-12 კლასს და 4-წლიან ბაკალავრიატზე სწავლობს, მათ ექნებათ 16 წელი ნასწავლი, შემდეგ თაობას კი ექნება 14 წელი (11+3). ეს ძალიან დიდი განსხვავებაა.
ის, რომ მხოლოდ კერძო სკოლებს დაუტოვეს უფლება ჰქონდეთ მე-12 კლასი, სულაც არ ნიშნავს, რომ კერძო სკოლები ამ უფლებას გამოიყენებენ. ვალდებულებაც არ ექნებათ.
რატომ არ გამოიყენებენ? მათთვის ხომ ეს იქნება დამატებითი შემოსავალი, ალბათ გაზრდიან ფასებსაც.
კერძო სკოლების მოსწავლეებთაგან ყველა არ აპირებს წავიდეს უცხოეთში. შესაბამისად, როდესაც არჩევანზე მიდგება საქმე, ზოგიერთი მშობელი გადაწყვეტს, რომ 11 კლასი დაამთავრებინოს ბავშვს.
ასევე, როცა კობახიძე ამბობს, რომ 11 კლასში ჩაატევს ეროვნულ მიზნებს, მე-12 კლასში მაშინ რა უნდა ასწავლონ, რას შესთავაზებს კერძო სკოლა ამ ბავშვებს? ამიტომ, ძალიან დიდ ქაოსს გამოიწვევს ეს და მეორე მხრივ, უთანასწორობას კიდევ უფრო ზრდის, რაც არის ამ სისტემაში და ეს არის გასათვალისწინებელი.
ვთქვათ, შეინარჩუნეს კერძო სკოლებმა მე-12 კლასი, რამდენად გასწვდებიან ისინი მოთხოვნებს და ხომ არ გაზრდის ეს კორუფციას ამ სფეროში?
კერძო სკოლებისთვის პრობლემაა ის, რომ არაპროგნოზირებადი გარემო შექმნეს. ახლა უნდა დაიწყონ იმის გარკვევა, რამდენს ენდომება მე-12 კლასის გავლა, მე-11-ში რამდენი ისწავლის, შემდეგ ცალკე პროგრამები უნდა შექმნან მათთვის და ასე შემდეგ.
შესაძლოა ზოგიერთ მასწავლებელს დააკლდეს საათები და შესაბამისად ხელფასიც. ცალკე საკითხია, მე-12 კლასი თუ არ იქნება ეროვნული სასწავლო გეგმის ნაწილი, მაშინ ამ კლასის სახელმძღვანელოები რატომ უნდა შეიმუშაოს საერთოდ ვინმემ? გამოდის, სახელმწიფო არ დაბეჭდავს მე-12 კლასის სახელმძღვანელოს? ამიტომ გაუგებარია რაზეა ლაპარაკი. ყველა ნორმალური სპეციალისტი ამ კითხვას დასვამს.
არც კი მოგვისმენია, როგორ უნდა გადავიდეთ ამ ახალ სისტემაზე. ერთდროულად რამდენი ადამიანი დაამთავრებს სკოლას? თუ მე-11 და მე-12 ერთად დაასრულებს, მივიღებთ 80 000 კურსდამთავრებულს?
ეს კომპონენტი არ გაუშლია კობახიძეს არც პარლამენტში გამოსვლისას და არც მანამდე. თუმცა ამბობს, რომ ეს პროცესი მალე დაიწყება.
ეს გაზრდის უთანასწორობას, რადგან თუ ადგილების რაოდენობას ამცირებენ უნივერსიტეტებში და ზრდიან კონკურენციას, კურსდამთავრებულების რაოდენობა კი უცებ ორმაგდება [მე-11 და მე-12 კლასი ერთად ამთავრებს სკოლას], მაშინ კიდევ უფრო დიდი პრობლემა გაჩნდება.
ეს ხალხი ჯარშიც რომ წაიყვანონ, არც ის ვიცით, მზად არის თუ არა ამისთვის ჯარი. ნაწილი უნდა წავიდეს სამუშაო ბაზარზე, ნაწილი თუ გადაავადებს ჩაბარებას, მომდევნო წელს ხომ ახალი აბიტურიენტები დაემატება. ამიტომ, აბსურდია ეს ყველაფერი. ერთადერთი მიზანი რჩება – რაც შეიძლება ნაკლებმა ადამიანმა ისწავლოს, რომ სრულფასოვანი ადამიანი არ იყოს სკოლაში, რომ დამსაქმებლებს მიაწოდონ რაც შეიძლება ბევრი იაფი მუშახელი, ვისაც არ ექნება შესაძლებლობა, რომ უარი უთხრას სამსახურზე, იმიტომ რომ სხვა გზა არ ექნება.
სოფელს მინდა დავუბრუნდეთ. აქამდეც უთანასწორო გარემოში უწევდათ სწავლა სოფლად მცხოვრებ მოსწავლეებს, პრობლემა იყო რესურსებზე წვდომა. ეს ახალი მოდელი გამოიწვევს იმას, რომ შესაძლოა მიგრაცია გაიზარდოს სოფლიდან ქალაქში, თუკი მშობელი გადაწყვეტს, რომ მისმა შვილმა უნდა მიიღოს 12-წლიანი განათლება. ვინც ამას ვერ შეძლებს, მას რას ეუბნება სახელმწიფო, რომ თანაბარ გარემოს ვერ შეუქმნის?
არსებობს ძალიან კარგი კვლევა, რომელიც ჩაატარა ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორმა მაია ჩანქსელიანმა. ამ კვლევაში ჩანს, რომ როდესაც ახალგაზრდებს უთანასწორობის განცდა უჩნდებათ, რომ მაგალითად, ვერ აჯობებენ სხვებს, მაშინ ისინი ნაკლებად ირჩევენ პრესტიჟულ სასწავლებლებს – აღარ სჯერათ, რომ მათ შეუძლიათ აჯობონ სხვებს.
ეს სისტემა, რომელიც ზრდის უთანასწორობას, კიდევ უფრო გაუმყარებს ამ რწმენას სოფლად მცხოვრებ ახალგაზრდებს. კიდევ უფრო ნაკლები ახალგაზრდა ეცდება, რომ აჯობოს მათ, ვინც უკეთეს პირობებში იზრდება.
ეს ნიშნავს, რომ თუ შენ დაიბადე სოფელში, მაშინ შენ განათლება ვერ დაგეხმარება, რომ გამოხვიდე ამ სიღარიბიდან და გადახვიდე სხვა სოციალურ ფენაში, რომელსაც მეტი შესაძლებლობები აქვს.
ანუ თავდაჯერებას უკარგავს უთანასწორო გარემო ახალგაზრდებს?
დიახ. ის მოსწავლეებიც კი, რომლებსაც თანაბარი ქულები აქვთ მისაღებ გამოცდებზე, ამ რწმენის გამო ირჩევენ ნაკლებად პრესტიჟულ უმაღლესებს, რადგან არ სჯერათ, რომ შეუძლიათ აჯობონ, მაგალითად, კერძო სკოლის მოსწავლეებს.
ვთქვათ, გაიაზრეს მშობლებმა ეს პრობლემა და შვილების მომავლისთვის არჩიეს სოფლის მიტოვება. ეს ხომ კიდევ უფრო დატვირთავს ქალაქს და დაცლის სოფელს. კობახიძე ხომ იმასაც ამბობს, რომ არ მოსწონს, როცა ყველა სტუდენტი ერთ ქალაქში იყრის თავს. რას მიაღწევენ ამით?
კი, გაჩნდება ინტერესი, რომ ქალაქებში გადავიდნენ თუ უნდათ, რომ მე-12 კლასი გაიარონ შვილებმა. მაგრამ ცალკე ამბავია, რომ უკვე გაჩნდა მშობლების ნაწილში ინტერესი, საზღვარგარეთ მიიღონ მათმა შვილებმა განათლება და არა ქართულ განათლების სისტემაში.
მაგალითად, კობახიძის პირველი განცხადების შემდეგ დამიკავშირდა მშობელი, რომელიც მეკითხებოდა, არის თუ არა შესაძლებელი, რომ ონლაინ გაიაროს მისმა შვილმა მე-12 კლასი უცხოეთის სკოლაში. იმის ინტერესიც კი აღარ აქვთ, რომ აქ დაამთავრონ ბავშვებმა.
ირაკლი კობახიძე არ ლაპარაკობს როგორც პრემიერ-მინისტრი, არამედ როგორც სამშენებლო კომპანიის წარმომადგენელი. ის ამბობს, რომ მშენებლობას სჭირდება ხალხი, ისინი ეძებენ იაფ მუშახელს და ეს იაფი მუშახელია ის ხალხი, ვინც ახლაა ჩართული განათლებაში.
საქართველოს მომავალი არ ვიცი კობახიძეს როგორ წარმოუდგენია, მაგრამ „ქართული ოცნების” ხელისუფლების შესანარჩუნებლად, რაც შეიძლება ნაკლებად განათლებული ადამიანები რომ ურჩევნია, ფაქტია. რაც შეიძლება ჩაკეტილი უნდა იყოს საზოგადოება და არ ჰქონდეს არჩევანი. თუ ემიგრაციაში წავლენ, იქ აღარ ექნებათ ხმის მიცემის უფლება და ასე შემდეგ.
ეს „ოცნების“ პოლიტიკის მთელი ჯაჭვია, თუ ვინ უნდა იყოს დამსაქმებელი, როგორ უნდა მიაწოდოს ავტორიტარულმა ხელისუფლებამ ამ დამსაქმებლებს მუშახელი, უნივერსიტეტებშიც უნდა შეიზღუდოს სტუდენტების რაოდენობა – ორგანიზება რომ ვერ შეძლონ, როდესაც ხედავენ უსამართლობას. ეს ყველაფერი ინსტრუმენტია იმისთვის, რომ გაიხანგრძლივონ მმართველობა, ასე ჩანს ამ სურათიდან.
საჯარო სკოლებთან მიმართებით სპეცკლასები ახსენა კობახიძემ. თუ მაინც ხსნიდნენ მე-12 კლასებს, მაშინ საერთოდ რა საჭირო იყო გაუქმება. ვისაც დასრულება არ უნდოდა, ის ხომ ისედაც გამოდიოდა სკოლიდან?
არ ვიცი რა პროგრამით უნდა იმუშაონ ამ სპეცკლასებმა. თუ ეროვნული სასწავლო გეგმა იტყვის, რომ 11 კლასში დამთავრდება პროგრამა, მე-12 კლასის პროგრამა ცალკე უნდა შექმნან? მასწავლებლებმა ხომ უნდა იცოდნენ, რა პროგრამაზე მუშაობენ.
კობახიძემ თქვა, რომ ახლა ვინც სწავლობს სკოლაში და უნივერსიტეტში, მათ არ შეეხება ახალი მოდელი, მაგრამ თუ თებერვლიდან იწყებენ პროცესს და შესაძლოა დაიწყონ შენობების გამოთავისუფლება, სად მიჰყავთ ეს სტუდენტები? ახალ ინფრასტრუქტურას 4 წელში ააშენებენ? მით უმეტეს, გვაქვს მაგალითი, როცა 30 საბავშვო ბაღის მშენებლობა კორუფციის გამო ჩავარდა.
ძალიან მარტივი რამ ხდება. მაგალითად, ქუთაისში როცა გახსნა ბიძინა ივანიშვილმა უნივერსიტეტი და მაშინ ამბობდა, რომ 60 000 სტუდენტი გვეყოლებაო, მერე დაწია ეს რაოდენობა, რადგან ვერ შეძლო მიეზიდა სტუდენტები. ახლაც 1000 სტუდენტზე ცოტა მეტი სწავლობს და ახლა ცდილობენ ხელოვნურად გადაამისამართონ ამ უნივერსიტეტში სტუდენტები.
30 000 სტუდენტი როგორ უნდა წავიდეს ქუთაისის უნივერსიტეტში, თუ სტუდენტებს ეს არ უნდათ? მე მგონი საერთოდ ვერ ხვდებიან, რას გამოიწვევს ეს ყველაფერი.
ივანიშვილის უნივერსიტეტისთვის ცალკე კანონია დაწერილი, რომელიც არეგულირებს, როგორ უნდა იმართებოდეს ეს უნივერსიტეტი. ეს თავისთავად აჩვენებს იმას, რომ პრივილეგირებულ მდგომარეობაშია. დაფინანსების თვალსაზრისითაც პრივილეგირებულ მდგომარეობაშია, მაგრამ მაინც ვერ მიაღწია იმას, რაც მიაღწიეს სხვა უნივერსიტეტებმა. მათ შორის კერძო უნივერსიტეტებმა. ახლა საჭირო გახდა მთელი სახელმწიფო აპარატის ჩარევა, რომ რაღაცნაირად გადაამისამართონ იქ სტუდენტები.
ამაზე უფრო დიდი ხელოვნური ჩარევა უმაღლეს განათლებაში, ალბათ საბჭოთა კავშირის შემდეგ არ გვქონია.
ხელვაჩაურის საკრებულოში დღეის მდგომარეობით 2 ფრაქციაა, ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეთა რაოდენობა კი ჯამში 8-მდე გაზარდეს.
ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის ხელფასი თვეში 2 628 ლარია.
2025 წლის 4 ოქტომბრამდე ხელვაჩაურის საკრებულოში 3 ფრაქცია, შესაბამისად – ამ ფრაქციების 3 თავმჯდომარე და ფრაქციის თავმჯდომარის 3 მოადგილე იყო.
„ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეების თანამდებობათა რანგირების განსაზღვრისა და თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ“ დადგენილებაში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ცვლილება 2025 წლის 21 ნოემბერს შეიტანა. ცვლილებები ძალაში 2025 წლის 26 ნოემბრიდან შევიდა.
ახალი ცვლილებით საკრებულოში თანამდებობის პირთა და აპარატის საჯარო მოსამსახურეთა რაოდენობა, ჯამში 27-ის ნაცვლად 31-ით განისაზღვრა:
წყარო: ხელვაჩაურის საკრებულოს 2025 წლის 21 ნოემბრის დადგენილება
ხელვაჩაურის საკრებულოში, თავმჯდომარის ჩათვლით, სულ 26 წევრია. ახალი ცვლილების მიხედვით ხელფასს 19 წევრი იღებს.
ხელვაჩაურის საკრებულოს თავმჯდომარის ხელფასი 5 986 ლარია. მას სამი მოადგილე ჰყავს – პირველი მოადგილის ხელფასი 4 672 ლარია, დანარჩენი ორი მოადგილის კი, თითოეულის – 4 234 ლარი.
საკრებულოში 2 ფრაქციაა: „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო“ და „ხალხის ძალა“.
ხელვაჩაურის საკრებულოში ფრაქციის თავმჯდომარის ხელფასი 3 066 ლარია.
_____________________________
მთავარი ფოტო: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო / 21.11.2025
მზია ამაღლობელის ადვოკატების მიმართვის შემდეგ სახალხო დამცველმა საქმისწარმოება უკვე დაიწყო. საქმე მზია ამაღლობელის მიმართ სათანადო მკურნალობის უზრუნველყოფას ეხება.
მზია ამაღლობელი გამოცემების – „ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ თანადამფუძნებელი და დირექტორია. ის უკანონო პატიმრობაშია თითქმის 11 თვე. საიამ 2025 წლის 24 ნოემბერსმიმართაშესაბამისი კვლევების და მკურნალობის უზრუნველყოფის მიზნით იუსტიციის მინისტრს და სახალხო დამცველს. მზია ამაღლობელის მხედველობა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოთავსების შემდგომ საგრძნობლად გაუარესდა და საგანგაშო ნიშნულზეა.
საიამ მიმართა საქართველოს იუსტიციის მინისტრს, პაატა სალიას, დაუყოვნებლივ უზრუნველყოს სათანადოდ აღჭურვილ სამედიცინო დაწესებულებაში [„ნიუ ჰოსპიტალის ოფთალმოლოგიის ეროვნული ცენტრი“ ან „კავკასიის სამედიცინო ცენტრი“] მზია ამაღლობელისათვის შესაბამისი მაღალტექნოლოგიური გამოკვლევების ჩატარება ორივე თვალზე და კვლევების გათვალისწინებით დაიგეგმოს მკურნალობა მხედველობის შესანარჩუნებლად. საიამ ასევე მიმართა საქართველოს სახალხო დამცველს, ლევან იოსელიანს, დაუყოვნებლივ წერილობით შეაფასოს: სახელმწიფოს მხრიდან დაცულია თუ არა მზია ამაღლობელის სათანადო სამედიცინო მკურნალობის მიღების უფლება.
დღეს, 27 ნოემბერს, იუსტიციის სამინისტროს პრესცენტრში „ბათუმელებს“ ვერ უთხრეს, რა რეაგირება მოჰყვა მზია ამაღლობელის ადვოკატების მიმართვას.
რაც შეეხება სახალხო დამცველს, აქ გვითხრეს, რომ უკვე დაიწყეს საქმისწარმოება და შესაბამისი სამედიცინო დოკუმენტაცია გამოითხოვეს.
„უკვე გამოთხოვილი გვაქვს სამედიცინო დოკუმენტაცია. მოგეხსენებათ, ჩვენ მკურნალობის პროცესში უშუალოდ მონაწილეობას ვერ ვიღებთ, თუმცა სახელმწიფო ვალდებულია, ადეკვატური სამედიცინო მომსახურება გაეწიოს პატიმარს. შესაბამისად, ვნახავთ, დოკუმენტაცია გამოთხოვილია, წარმოდგენილიც არის განცხადებით. ჩვენთან დასაქმებულია ექიმი, ჩვენი ექიმი შეაფასებს ამ დოკუმენტაციას და შემდგომში მოხდება რეაგირება. თუ ჩავთვლით, რომ არაადეკვატური სამედიცინო მომსახურება ეწევა, შესაბამისი წინადადებით მივმართავთ უწყებას და რეკომენდაცია გვექნება, რომ გაეწიოს ადეკვატური სამედიცინო მომსახურება.
გარდა ამისა, ქალბატონი მზიას მონახულებაც იგეგმება ამ დღეებში, ან ამ კვირაში. საჭიროების შემთხვევაში ექიმებსაც გავესაუბრებით, ვინც უშუალოდ პენიტენციურ სისტემაში მას მკურნალობას უწევს,“ – გვითხრა ელენე ღუდუშაურმა, სახალხო დამცველის მოადგილემ.
სახალხო დამცველის მოადგილის განმარტებით, მათ საქმისწარმოების დაწყებამდე გამოითხოვეს მზია ამაღლობელის სამედიცინო დოკუმენტაცია საჯარო განცხადებების მოსმენის შემდეგ, თუმცა ჯერ პენიტენციური სამსახურიდან დოკუმენტაცია არ მიუღიათ.
შესაძლებელია სახალხო დამცველმა მოითხოვოს მზია ამაღლობელის შესაბამისი სამედიცინო ტექნიკით აღჭურვილ კლინიკაში გადაყვანა?
„აღჭურვილობის ნაწილს და კლინიკებს რა აღჭურვილობა აქვს და რა – არა, მაგას, სამწუხაროდ, ჩვენ ვერ ვამოწმებთ… შესწავლის შედეგად შეიძლება გამოვკვეთოთ, რომ რაღაც სამედიცინო მომსახურება არ ჩაუტარდა. რომელ პროვაიდერში წაიყვანონ და სად გაუწიონ ეს ადეკვატური მკურნალობა, ამაზე მითითებას ვერ გავცემთ.
ჩვენ პროვაიდერები შესწავლილი არ გვყავს. ვის რა აღჭურვილობა და რომელი კვლევის აპარატურა აქვს, ამას ვერ გეტყვით. თუმცა, თუ გამოიკვეთა საჭიროება, რომ კონკრეტული კვლევა უნდა ჩაუტარდეს და არ არის ჩატარებული, ამასთან დაკავშირებით წინადადებით მივმართავთ უწყებას და მერე გადაწყვეტილებას უკვე უწყება იღებს სამოქალაქო სექტორის კლინიკაში გადაყვანის თაობაზე,“ – უთხრა ელენე ღუდუშაურმა „ბათუმელებს“.
სახალხო დამცველს „მზია ამაღლობელის საქმეზე“ გადაწყვეტილების მისაღებად რამდენიმე დღე დასჭირდება.