მთავარი,სიახლეები

რა იცვლება პოლონეთში ლეგალურად დასაქმების მსურველთათვის – ინტერვიუ

29.11.2025 •
რა იცვლება პოლონეთში ლეგალურად დასაქმების მსურველთათვის – ინტერვიუ

პოლონეთმა საქართველო ამოიღო იმ ქვეყნების სიიდან, რომლის მოქალაქეებსაც გამარტივებული წესით შეუძლიათ პოლონეთის ტერიტორიაზე სამუშაო ნებართვის მოპოვება.

საქართველოს მოქალაქეებს, 2018 წლიდან შეეძლოთ პოლონეთში გამარტივებული წესით დასაქმება. სწორედ გამარტივებული წესების გამო, ათასობით საქართველოს მოქალაქისთვის პოლონეთში დასაქმება სოციალური სიდუხჭირისგან თავის დაღწევის საშუალებად იქცა. პირველი დეკემბრიდან კი ამის შესაძლებლობა აღარ ექნებათ.

რა იქნება ახლა, რა იცვლება და როგორ მოუწევთ სამუშაო ნებართვის მიღება მათ, ვისაც პოლონეთში დასაქმება სურს  ამ თემაზე „ბათუმელები“ ვალერიან ქარჩავას ესაუბრა, MigraMate-ის დამფუძნებელსა და გენერალურ დირექტორს, ევროკავშირის სამართლის მაგისტრს.

  • ბატონო ვალერიან, პირველი დეკემბრიდან საქართველოს მოქალაქეები ვეღარ დასაქმდებიან უცხოელისთვის სამუშაოს მინდობის განაცხადის საფუძველზე პოლონეთში. რას ნიშნავს ეს? რა იცვლება და რთულდება ამით პოლონეთში საქართველოს მოქალაქეებისთვის?

ეს ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა, რომელსაც ჩვენ დიდი ხანია ყურადღებით ვადევნებთ თვალს. ეს ცვლილება 2025 წლის 25 ნოემბერს გამოქვეყნდა პოლონეთის საკანონმდებლო მაცნეში.

რას ეხება ეს კანონი? ეს არის პოლონეთის ოჯახის, შრომისა და სოციალური პოლიტიკის მინისტრის 2025 წლის 21 ნოემბრის დადგენილება. ამ დადგენილებით, საქართველო ამოიღეს იმ ქვეყნების სიიდან, რომლის მოქალაქეებსაც პოლონეთში გამარტივებული წესით დასაქმება შეეძლოთ.

ახალი დადგენილების  მიხედვით საქართველოს მოქალაქეები ვეღარ ისარგებლებენ ამ გამარტივებული მექანიზმით, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს აძლევდა საშუალებას, გაიოლებული გზით ჰქონოდათ წვდომა პოლონეთის შრომის ბაზარზე.

აღნიშნული მექანიზმის შემოღების დღიდან, ჩამონათვალში ექვსი ქვეყანა იყო, რომლთა მოქალაქეებსაც პოლონეთში გამარტივებული წესით დასაქმების უფლება ჰქონდათ. პირველ ჯერზე ამოიღეს რუსეთი, ახლა კი საქართველო. დარჩა სომხეთი, ბელარუსი, მოლდოვა და უკრაინა.

  • რას ნიშნავს ეს საქართველოს მოქალაქეებისთვის?

საქართველოს მოქალაქეებისთვის უბრალოდ დასრულდება გაიოლებული წვდომა პოლონეთის შრომის ბაზარზე. აუცილებელი იქნება სამუშაო ნებართვის მოპოვება, ისევე როგორც სხვა დანარჩენი სახელმწიფოების მოქალაქეებისთვის.

1-ელი დეკემბრიდან დამსაქმებელმა უნდა მოაწესრიგოს დოკუმენტაცია, გააკეთოს განაცხადი შრომის ნებართვაზე. საქართველოს მოქალაქე ვერ იქნება განმცხადებელი. ჯერ დამსაქმებელმა უნდა გამოხატოს სურვილი, შეიტანოს განაცხადი შრომის ნებართვაზე და შემდეგ ელოდოს ნებართვას.

არსებული პრაქტიკის გათვალისწინებით, ეს პროცესი შეიძლება გაიწელოს რამდენიმე თვე, გააჩნია ქალაქს. ჩვენ გვაქვს შემთხვევები, როდესაც ლოდინის დრო 3-4 თვეს აღწევს. მოკლედ, სამუშაო ნებართვის მიღების პროცესი გაცილებით დიდი ხანი გაგრძელდება, ვიდრე აქამდე ხდებოდა ე.წ. დამსაქმებლის დეკლარაციის (განაცხადის) დარეგისტრირებისას, როცა პროცესს კანონით 7 დღე სჭირდებოდა (ზოგ შემთხვევბში, რამდენიმე დღით მეტი).

  • როგორ შეეხება ახალი ცვლილება მათ, ვინც უკვე მუშაობს პოლონეთში და აქვს დროებითი ცხოვრების და მუშაობის ნებართვა?

რა შეიცვლება 1-ელი დეკემბრიდან მათთვის, ვინც უკვე მუშაობს პოლონეთში და აქვს დროებითი ბინადრობის და მუშაობის ნებართვა? ამ ეტაპზე მათთვის არაფერი არ შეიცვლება. ანუ ვისაც უკვე აქვს ე.წ. „კარტა პობიტუ“ სამსახურის საფუძველზე, ამ ადამიანებისთვის არაფერი იცვლება. უბრალოდ, სამომავლოდ რომ დასჭირდეთ გამარტივებული მექანიზმით დასაქმება დამსაქმებლის მიერ დარეგისტრირებული დეკლარაციის საფუძველზე, ამას ვერ შეძლებენ.

საყურადღებოა ასევე ის თუ, რა შეიცვლება საქართველოს იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც უკვე მუშაობს პოლონეთში დარეგისტრირებული დამსაქმებლის დეკლარაციის საფუძველზე და ჯერ არ აქვთ „კარტა პობიტუ“ (ბინადრობის ნებართვა).

ახალი დადგენილების მესამე პარაგრაფში ნათქვამია, რომ საქართველოს მოქალაქეს, რომელიც დასაქმდა დამსაქმებლის მიერ დარეგისტრირებული დეკლარაციის საფუძველზე 2025 წლის 1-ელ დეკემბრამდე,  შეუძლია სამუშაოს გაგრძელება დეკლარაციაში მითითებული პირობებით, მისი ვადის ამოწურვამდე.

მაგალითისთვის, თუ დამსაქმებელმა დაარეგისტრირა დეკლარაცია საქართველოს მოქალაქისთვის 2025 წლის პირველ დეკემბრამდე და სახელმწიფო ორგანომ  გასცა ამ რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, ამ დეკლარაციის საფუძველზე შეუძლია გააგრძელოს მუშაობა. განაცხადი შეიძლება დარეგისტრირდეს მაქსიმუმ 24 თვის ვადით.

აღსანიშნავია ასევე ისიც, რომ ამ დადგენილების ძალაში შესვლამდე (2025 წლის 1-ელ დეკემბრამდე) დაწყებულ და დაუსრულებელ საქმეებზე კვლავ ვრცელდება ამ დრომდე არსებული ნორმები. ანუ, თუ პოლონელმა დამსაქმებელმა შეიტანა განაცხადი საქართველოს მოქალაქის დასაქმების შესახებ დეკლარაციის დასარეგისტრირებლად პირველ დეკემბრამდე და პროცესი პირველი დეკემბრის შემდეგაც მიმდინარეობს, აღნიშნულ პროცესს ახალი კანონი არ შეეხება.

საბედნიეროდ, ეს ერთი დადებითი მხარე მაინც აქვს ამ დადგენილებას.

სამწუხარო კი ისაა, რომ პირველი დეკემბრიდან პოლონელი დამსაქმებლები ვეღარ დაარეგისტრირებენ ახალ დეკლარაციას და საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ნებართვის მისაღებად უფრო გრძელი და რთული გზის გავლა მოუწევთ.

ვალერიან ქარჩავა

საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც სურს, რომ იმუშაოს პოლონეთში, ჯერ უნდა მოიპოვოს სამუშაო ნებართვა დამსაქმებლის მეშვეობით. სამუშაო ნებართვის მოპოვების შემდეგ, ამ ნებართვის საფუძველზე, შესაძლებელია სამუშაო D ტიპის ვიზის აღება პოლონეთის საკონსულოში. D ტიპის სამუშაო ვიზა ეს არის ეროვნული ვიზა, რომელიც 90 დღეზე მეტი ვადით გაიცემა ერთ წლამდე.

ამის შემდეგ საქართველოს მოქალაქეს შეეძლება ჩამოვიდეს პოლონეთში და დაიწყოს მუშაობა ამ ნებართვისა და სამუშაო ვიზის საფუძველზე. სხვა გზა პოლონეთში ლეგალურად სამუშაოდ ჩამოსასვლელად უბრალოდ აღარ იქნება.

პოლონეთში ჩამოსვლის შემდეგ, რა თქმა უნდა,  შესაძლებელი იქნება ბინადრობის და შრომის ნებართვის მოპოვება. ეს სულ სხვა პროცედურაა და აქ ცუდი არის ის, რომ დღესდღეობით ეს პროცესი ძალიან დიდ ხანს გრძელდება.

პოლონეთში შემოსვლის შემდეგ, როცა საქართველოს მოქალაქეს ექნება აქ მუშაობის ნებართვა, უკვე შეიძლება ლეგალური გზების პოვნა ლეგალურად მუშაობის და ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად, მაგრამ პოლონეთში სამუშაოდ ჩამოსვლა იქნება გაცილებით რთული.

ხოლო მეორე პრობლემა არის ის, რომ უკვე აქაურ დამსაქმებლებს აღარ ექნებათ სურვილი და მოტივაცია დაასაქმონ საქართველოს მოქალაქე, რადგან ეს მეტ ბიუროკრატიასთან და ხანგრძლივ ლოდინთან იქნება დაკავშირებული.

მაშინ როცა შეუძლიათ მარტივად დაასაქმონ მაგალითად სომხეთის, ბელარუსის, მოლდოვის ან უკრაინის მოქალაქეები, რატომ აირჩევენ ხანგრძლივ ბიუროკრატიას (მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს არ არის ერთადერთი გადამწყვეტი ფაქტორი საქართველოს მოქალაქის დასაქმების გადაწყვეტილების მიღებისას)?

არის კიდევ ერთი ფაქტორი, გაზრდილი მოსაკრებელი, რომელიც ასევე პირველი დეკემბრიდან შედის ძალაში პოლონეთში.

პირველი დეკემბრიდან იზრდება სახელმწიფო მოსაკრებელი შრომის ნებართვის გაცემისთვის. ამ დრომდე იყო 100 ზლოტი და ხდება 400 ზლოტი.

ანუ ერთის მხრივ, რთულდება საქართველოს მოქალაქის ლეგალურად დასაქმება პოლონეთში და მეორეს მხრივ იზრდება მოსაკრებელი.

გარდა ამისა, ცუდი პრაქტიკის გამო, პოლონელი დამსაქმებლები უფრო სიფრთხილით მოეკიდებიან საქართველოს მოქალაქისთვის სამუშაოს ნებართვის მოპოვების საკითხს. ვგულისხმობ იმას, რომ საქართველოს მოქალაქეები იღებდნენ სამუშაო ნებართვებს გამარტივებული წესით, დამსაქმებლის განაცხადის/დეკლარაციის სახით, ჩადიოდნენ პოლონეთში ამ დოკუმენტის საფუძველზე უვიზო მიმოსვლის ფარგლებში და შემდეგ აღნიშნულ დამსაქმებელთან არ იწყებდნენ მუშაობას.

რომელი დოკუმენტის საფუძველზეც   ჩამოდიოდნენ  პოლონეთში, იმ დოკუმენტით გათვალისწინებულ პირობებს არ ასრულებდნენ, არ მუშაობდნენ, არ იწყებდნენ მუშაობას. ზოგ შემთხვევაში ეს პოლონელი დამსაქმებლის ბრალეულობითაც ხდებოდა.

აი ეს ცვლილებები შედის ძალაში 2025 წლის 1-ელი დეკემბრიდან.

თუ რას ნიშნავს ეს ყველაფერი პოლიტიკურად, ეგ უკვე სხვა საკითხია.

თავდაპირველად იმ ქვეყნების ჩამონათვალიდან, რომელთა მოქალაქეებსაც პოლონეთში გამარტივებული წესით დასაქმება შეეძლოთ, ამოიღეს რუსეთი, ახლა ამოიღეს საქართველო. დარჩა სომხეთი, ბელარუსი, მოლდოვა და უკრაინა. ეს რა სურათსაც გვაძლევს, თავად მკითხველმა შეაფასოს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: