მზია ამაღლობელის ადვოკატების მიმართვის შემდეგ სახალხო დამცველმა საქმისწარმოება უკვე დაიწყო. საქმე მზია ამაღლობელის მიმართ სათანადო მკურნალობის უზრუნველყოფას ეხება.
- მზია ამაღლობელი გამოცემების – „ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ თანადამფუძნებელი და დირექტორია. ის უკანონო პატიმრობაშია თითქმის 11 თვე. საიამ 2025 წლის 24 ნოემბერს მიმართა შესაბამისი კვლევების და მკურნალობის უზრუნველყოფის მიზნით იუსტიციის მინისტრს და სახალხო დამცველს. მზია ამაღლობელის მხედველობა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოთავსების შემდგომ საგრძნობლად გაუარესდა და საგანგაშო ნიშნულზეა.
საიამ მიმართა საქართველოს იუსტიციის მინისტრს, პაატა სალიას, დაუყოვნებლივ უზრუნველყოს სათანადოდ აღჭურვილ სამედიცინო დაწესებულებაში [„ნიუ ჰოსპიტალის ოფთალმოლოგიის ეროვნული ცენტრი“ ან „კავკასიის სამედიცინო ცენტრი“] მზია ამაღლობელისათვის შესაბამისი მაღალტექნოლოგიური გამოკვლევების ჩატარება ორივე თვალზე და კვლევების გათვალისწინებით დაიგეგმოს მკურნალობა მხედველობის შესანარჩუნებლად. საიამ ასევე მიმართა საქართველოს სახალხო დამცველს, ლევან იოსელიანს, დაუყოვნებლივ წერილობით შეაფასოს: სახელმწიფოს მხრიდან დაცულია თუ არა მზია ამაღლობელის სათანადო სამედიცინო მკურნალობის მიღების უფლება.
დღეს, 27 ნოემბერს, იუსტიციის სამინისტროს პრესცენტრში „ბათუმელებს“ ვერ უთხრეს, რა რეაგირება მოჰყვა მზია ამაღლობელის ადვოკატების მიმართვას.
რაც შეეხება სახალხო დამცველს, აქ გვითხრეს, რომ უკვე დაიწყეს საქმისწარმოება და შესაბამისი სამედიცინო დოკუმენტაცია გამოითხოვეს.
„უკვე გამოთხოვილი გვაქვს სამედიცინო დოკუმენტაცია. მოგეხსენებათ, ჩვენ მკურნალობის პროცესში უშუალოდ მონაწილეობას ვერ ვიღებთ, თუმცა სახელმწიფო ვალდებულია, ადეკვატური სამედიცინო მომსახურება გაეწიოს პატიმარს. შესაბამისად, ვნახავთ, დოკუმენტაცია გამოთხოვილია, წარმოდგენილიც არის განცხადებით. ჩვენთან დასაქმებულია ექიმი, ჩვენი ექიმი შეაფასებს ამ დოკუმენტაციას და შემდგომში მოხდება რეაგირება. თუ ჩავთვლით, რომ არაადეკვატური სამედიცინო მომსახურება ეწევა, შესაბამისი წინადადებით მივმართავთ უწყებას და რეკომენდაცია გვექნება, რომ გაეწიოს ადეკვატური სამედიცინო მომსახურება.
გარდა ამისა, ქალბატონი მზიას მონახულებაც იგეგმება ამ დღეებში, ან ამ კვირაში. საჭიროების შემთხვევაში ექიმებსაც გავესაუბრებით, ვინც უშუალოდ პენიტენციურ სისტემაში მას მკურნალობას უწევს,“ – გვითხრა ელენე ღუდუშაურმა, სახალხო დამცველის მოადგილემ.
სახალხო დამცველის მოადგილის განმარტებით, მათ საქმისწარმოების დაწყებამდე გამოითხოვეს მზია ამაღლობელის სამედიცინო დოკუმენტაცია საჯარო განცხადებების მოსმენის შემდეგ, თუმცა ჯერ პენიტენციური სამსახურიდან დოკუმენტაცია არ მიუღიათ.
შესაძლებელია სახალხო დამცველმა მოითხოვოს მზია ამაღლობელის შესაბამისი სამედიცინო ტექნიკით აღჭურვილ კლინიკაში გადაყვანა?
„აღჭურვილობის ნაწილს და კლინიკებს რა აღჭურვილობა აქვს და რა – არა, მაგას, სამწუხაროდ, ჩვენ ვერ ვამოწმებთ… შესწავლის შედეგად შეიძლება გამოვკვეთოთ, რომ რაღაც სამედიცინო მომსახურება არ ჩაუტარდა. რომელ პროვაიდერში წაიყვანონ და სად გაუწიონ ეს ადეკვატური მკურნალობა, ამაზე მითითებას ვერ გავცემთ.
ჩვენ პროვაიდერები შესწავლილი არ გვყავს. ვის რა აღჭურვილობა და რომელი კვლევის აპარატურა აქვს, ამას ვერ გეტყვით. თუმცა, თუ გამოიკვეთა საჭიროება, რომ კონკრეტული კვლევა უნდა ჩაუტარდეს და არ არის ჩატარებული, ამასთან დაკავშირებით წინადადებით მივმართავთ უწყებას და მერე გადაწყვეტილებას უკვე უწყება იღებს სამოქალაქო სექტორის კლინიკაში გადაყვანის თაობაზე,“ – უთხრა ელენე ღუდუშაურმა „ბათუმელებს“.
სახალხო დამცველს „მზია ამაღლობელის საქმეზე“ გადაწყვეტილების მისაღებად რამდენიმე დღე დასჭირდება.
ამ თემაზე:
„დაიგეგმოს მზია ამაღლობელის მკურნალობა მხედველობის შესანარჩუნებლად” – საია






