„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღეს, 26 ნოემბერს „ოცნების“ პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, რომ მე-12 კლასების შენარჩუნების საშუალება კერძო სკოლებს ექნებათ. საჯარო სკოლები კი 11-წლიან სწავლებაზე გადავა.
„უნდა გადაიხედოს ზოგადი განათლების პროგრამის შინაარსი და ბოლო წლის პროგრამა უნდა იყოს მორგებული მისაღები გამოცდების მოთხოვნებზე და კიდევ, თუ არ არის აუცილებელი მიზნების მიღწევისთვის 12 წელი სწავლა, მაშინ, რა თქმა უნდა, ჯობია გადავიდეთ 11 წელიწადზე.
თუ ვინმეს სურს საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელება, აქაც იქნება შესაბამისი პირობები შექმნილი. ეს მოთხოვნა არ შეეხება კერძო სკოლებს და მათ შეეძლებათ შეინარჩუნონ 12-წლიანი სასწავლო პროგრამა და საჯარო სკოლებს რაც შეეხება, თუ აქაც რომელიმეს ექნება სურვილი, რომ გაიაროს მე-12 კლასი, იმისთვის, რომ ადვილად გააგრძელოს სწავლა საზღვარგარეთ, ამისთვის სპეცკლასები შეიქმნება სხვადასხვა ქალაქში, ხელოვნური დაბრკოლება მოსწავლეებს არ შეექმნებათ.“- თქვა ირაკლი კობახიძემ.
მისი თქმით, დღეს გვაქვს რთული, არასახარბიელო მდგომარეობა განათლების სისტემაში, „დონე არის არადამაკმაყოფილებელი. აქედან გამომდინარე გვჭირდება საფუძვლიანი ცვლილებების განხორციელება, იმისათვის, რომ ჩვენ მივიღოთ ევროპული დონის განათლების სისტემა ჩვენს ქვეყანაში.
შეგვიძლია 4 წელიწადში მივაღწიოთ თვისობრივ ცვლილებას“-ამბობს კობახიძე.






