მთავარი,სიახლეები

როგორ გეგმავს „დელტა“ გონიოს პოლიგონის განაღმვას

20.10.2025
როგორ გეგმავს „დელტა“ გონიოს პოლიგონის განაღმვას

გონიოს ყოფილი სამხედრო პოლიგონის გასანაღმად საჭირო ტექნიკის ნაწილს ცენტრი „დელტა“ შეჯავშნის, რაც სამუშაოების მიმდინარეობისას „ტექნიკის და პერსონალის მაქსიმალური უსაფრთხოებისთვის არის საჭირო“.

სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“ ერთი მუხლუხა ექსკავატორის და ორი დამტვირთველის მსუბუქად შეჯავშნას, ამასთან ექსკავატორის დისტანციური მართვის სისტემით აღჭურვას გეგმავს.

„მაღალი დონით შეჯავშნა გამოიწვევს ტექნიკის გადატვირთვას, დამძიმებას და ამავდროულად ფუნქციური დანიშნულების შესრულებას შეუძლებელს გახდის, ამიტომ „ცენტრს“ მიზანშეწონილად მიაჩნია ტექნიკის შესაძლო დაზიანების ალბათობის შესამცირებლად, მისი მსუბუქად შეჯავშნა და სამუშაოებში მონაწილე პერსონალის მაქსიმალური უსაფრთხოებისთვის ტექნიკის მხოლოდ დისტანციურად მართვა, რისთვისაც გვესაჭიროება აღნიშნული მუხლუხა ექსკავატორის დისტანციური მართვის კონტროლის და მონიტორინგის სისტემის შესყიდვა“ – წერს „დელტა“.

მხოლოდ აღნიშნულ სისტემებში კი 61 ათას 360 ევროს „დელტა“ ტენდერის გარეშე გადაიხდის.

„დელტას“ ინფორმაციით, მსუბუქად შეჯავშნული ექსკავატორის გამოყენების შემთხვევაში, განაღმვის სამუშაოების ერთ-ერთი შესაძლო სცენარი ასეთია:

„გამნაღმველი ტექნიკის მართვა განხორციელდება მე-3 დონის დაცვის „დიდგორის“ ტიპის ჯავშანმანქანიდან, რომელიც უსაფრთხო [50-60 მეტრი] მანძილზე გაჰყვება მსუბუქად შეჯავშნულ საინჟინრო ტექნიკას და მასზე დამონტაჟებული ვიდეოკამერების გამოყენებით განახორციელებს განაღმვითი სამუშაოების მართვას.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 155 მმ კალიბრის ჭურვის 60 მეტრ მანძილზე აფეთქების შემთხვევაში, „დიდგორის“ მე-3 დაცვის დონე საკმარისი იქნება ეკიპაჟის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“.

გონიოს ყოფილი პოლიგონის განაღმვისთვის სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურმა ცენტრმა „დელტამ“ დამატებით 8 ერთეული ტექნიკა შეიძინა. ყველა ამ ტექნიკის შეჯავშნაზე უარს კი „დელტა“ შემდეგნაირად ხსნის:

„დელტამ“ თურქული კომპანია „ბორუსან მაქინა ვე გუჩ სისტემლერი სანაი ვე თიჯარეთ სს–ის საქართველოს წარმომადგენლობისგან“, უტენდეროდ, ჯამში 1 მილიონ 184 ათას 720 აშშ დოლარად შემდეგი ტექნიკა შეისყიდა:

„დელტას“ მიერ შესყიდული ტექნიკა / წყარო: შესყიდვების პორტალი

2025 წლის 8 სექტემბრის მდგომარეობით თურქული კომპანიისთვის გადარიცხული იყო 3 მილიონ 191 ათას 161 ლარი.

მუხლუხა ექსკავატორის დისტანციური მართვის კონტროლის და მონიტორინგის სისტემასაც „დელტა“ ამავე კომპანიისგან შეისყიდის.

  • რა ხდება?

„ოცნების“ მთავრობის განცხადებით, საქართველოში [გონიოს ყოფილ პოლიგონსა და კრწანისის პარკში] 6 მილიარდი დოლარის მოცულობის ინვესტიციის განხორციელებას არაბთა გაერთიანებული საამიროების დეველოპერული და საინვესტიციო კომპანია Eagle Hills-ი გეგმავს.

„გონიოს მიმდებარე ტერიტორიისა და კრწანისის პარკის განვითარების საინვესტიციო პროექტების ხელშესაწყობად“ კი მთელ რიგ სამინისტროებს დაევალათ უზრუნველყონ „ყველა საჭირო ღონისძიების განხორციელება და უწყებათშორისი კოორდინაცია.“

ვრცლად: რას უპირებს „ოცნება“ ზურმუხტის ქსელს – გონიოს არაბული ინვესტიციისთვის ამზადებენ

გონიოს ყოფილი პოლიგონის განაღმვის სამუშაოებში კი თავდაცვის სამინისტროსთან ერთად ცენტრი „დელტა“ ჩართეს:

ვრცლად: გონიოს ყოფილი პოლიგონის გასანაღმად 1,1 მლნ დოლარის ტექნიკას უტენდეროდ იყიდიან

ამავე თემაზე:

ჭოროხის დელტა, რომლის დაცვაზეც მთავრობამ უნდა იზრუნოს, მთავრობისგანაა დასაცავი

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: