მთავარი,სიახლეები

როგორ გავიგოთ, ვინ თანამშრომლობს КГБ-ს მემკვიდრეებთან საქართველოს წინააღმდეგ

29.11.2025
როგორ გავიგოთ, ვინ თანამშრომლობს КГБ-ს მემკვიდრეებთან საქართველოს წინააღმდეგ

პარტია „თავისუფლების მოედანმა“ შეიმუშავა ლუსტრაციის კანონპროექტი, რომლის მხარდასაჭერად მოქალაქეთა ხელმოწერებს უკვე აგროვებენ.

„ლუსტრაციის კანონის მთავარი ამოცანა არის ის, რომ მავნე საბჭოთა და პოსტსაბჭოთა გავლენისგან გაათავისუფლოს სახელმწიფო და სახელმწიფო მმართველობა. ამ კანონის მიხედვით, იმ ადამიანებს, რომლებიც მიზანმიმართულად თანამშრომლობდნენ „კაგებესთან” და მის მემკვიდრე ორგანიზაციებთან, ქართული, ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ, აეკრძალებათ სახელმწიფო სამსახურში მუშაობა და ასევე საკონტრაქტო ან რაიმე სხვა ურთიერთობები“, – აცხადებს პარტია „თავისუფლების მოედნის“ ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ცუცქირიძე და დასძენს, რომ მოქალაქეთა ხელმოწერებს ამ კანონპროექტის მხარდასაჭერად სწორედ იმიტომ აგროვებენ ახლა, რომ შემდეგში „ვერავინ შეძლოს მისი გაჩერება ან დაბლოკვა“.

ლევან ცუცქირიძის თქმით, ეს იქნება პირველი ინიციატივა, რომელსაც ისინი წარუდგენენ ახალ, დემოკრატიულად არჩეულ პარლამენტს.

პარტიის იდეაა, შეიქმნას „ეროვნული მეხსიერების საბჭო“, რომელიც დაკომპლექტებული იქნება მთავრობის, პარლამენტის, სასამართლოსა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებით. საბჭომ უნდა შეისწავლოს არქივები და გამოავლინოს ადამიანები, რომლებიც ტოტალიტარული სისტემის განმტკიცებას ემსახურებოდნენ. მათ დროებით ან სამუდამოდ აეკრძალებათ პოლიტიკური თანამდებობების დაკავება, საჯარო სამსახურში დასაქმება, საგანმანათლებლო და კვლევით ორგანიზაციებში მუშაობა, სახელმწიფო შესყიდვებსა და ტენდერებში მონაწილეობა.

„ძალიან მნიშვნელოვანია ისტორიული სამართლიანობის აღდგენა, წარსულისთვის თვალის გასწორება და საზოგადოების ინფორმირება და განათლება იმის შესახებ, თუ რამხელა უბედურება მოუტანა საბჭოთა კავშირმა საქართველოს“, – აცხადებს ლევან ცუცქირიძე. – „ჩვენ ვთვლით, რომ ლუსტრაციის კანონი არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მექანიზმი იმისთვის, რომ თავი დავიზღვიოთ ისეთი პრობლემებისგან, რომლებიც დღეს შეგვიქმნა ქართულმა ოცნებამ“.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.