მთავარი,სიახლეები

ვერც ერთი ძალა ვერ მოიპარავს ხალხის არჩევანს, ევროპული მომავალი იქნება უზრუნველყოფილი – NGO 

28.11.2025
ვერც ერთი ძალა ვერ მოიპარავს ხალხის არჩევანს, ევროპული მომავალი იქნება უზრუნველყოფილი – NGO 

ეს იყო პოლიტიკურად დანაშაულებრივი, ქართული საზოგადოების ნების პირდაპირი შეურაცხყოფა და საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის აშკარა დარღვევა – ასე აფასებენ საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები გასული წლის 28 ნოემბერს „ოცნების“ პრემიერის ირაკლი კობახიძის მიერ გახმოვანებულ გადაწყვეტილებას, ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეჩერების თაობაზე.

არასამთავრობო ორგანიზაციებმა ერთობლივი განცხადებით გასული წლის 28 ნოემბრიდან დაწყებული უწყვეტი პიროტეტის პარალელურად ქვეყანაში განვითარებული მოვლენები შეაჯამეს:

„ამ ერთი წლის განმავლობაში „ქართულმა ოცნებამ“ წარმოუდგენელი რეპრესიები მოუწყო საკუთარ ხალხს, რომელსაც მხოლოდ ქვეყნის სიყვარული ამოძრავებს:

  • 160-მდე მოქალაქის წინააღმდეგ დაიწყეს სისხლის სამართლის საქმის გამოძიება;
  • 300-მდე აქციის მონაწილე გახდა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი;
  • 600-ზე მეტი ადამიანი დააკავეს ადმინისტრაციული წესით;
  • 1000-ზე მეტი მოქალაქე დაჯარიმდა პოლიტიკური მოტივებით;
  • 400-მდე შემთხვევაა ჟურნალისტების დაპატიმრების, ცემისა და შევიწროების;
  • მიიღეს ანტიდემოკრატიული კანონები, რომლებიც პრაქტიკულად აიძულებს სამოქალაქო ორგანიზაციებს,  შეწყვიტონ ფუნქციონირება.

დღეს ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება ყოველდღიურ რეჟიმში:

  • აპატიმრებს პოლიტიკური პარტიების ლიდერებს და აპირებს ოპოზიციური პარტიების აკრძალვას;
  • დევნის სამოქალაქო საზოგადოებას და სჯის სოლიდარობას და თანაგრძნობას;
  • ცლის სახელმწიფო ინსტიტუტებს პროფესიონალებისა და კეთილსინდისიერი მოხელეებისგან;

ორგანიზაციების შეფასებით, ამ ყველაფერმა საქართველო საერთაშორისო იზოლაციაში მოაქცია, უკიდურესად გაუარესდა ურთიერთობები ევროკავშირთან და ამერიკის შეერთებულ შტატებთან.

„ოცნების ხელისუფლება ყოველდღე შეურაცხყოფას აყენებს დასავლელ პარტნიორებს და დეზინფორმაციას ავრცელებს მათ ლიდერებზე. მაგრამ ამ მძიმე პირობებში კარგად გვახსოვს ილია ჭავჭავაძის სიტყვები: „თავისუფლება ადამიანისა სხვა არა არის რა, რომ ბოროტისთვის სრულად შეკრულ იყოს და სიკეთისათვის უხვად გზაგახსნილი“.

ორგანიზაციების განცხადებაში ასევე ვკითხულობთ:

„ზუსტად ერთი წლის წინ, ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებამ საქართველოში ევროპული განვითარების გზა ჩაკეტა. 2024 წლის 28 ნოემბერს „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საჯაროდ განაცხადა, რომ ევროკავშირთან წევრობაზე მოლაპარაკებების გახსნა დღის წესრიგიდან ამოღებულია.

ამ ნაბიჯით ივანიშვილის მთავრობამ გაწირა ქართული სახელმწიფო და ქართველი ხალხი, მარტო დატოვა ქვეყანა რუსული საფრთხის პირისპირ და მოწყვიტა დასავლეთის იმ სამყაროს, რომლისკენაც საუკუნეებია მივისწრაფით.

რუსეთის პოლიტიკური წრეები მიესალმნენ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას, რადგან ეს არის პუტინისტური რუსეთის ინტერესების სრული გამეორება. თუმცა ამ ნაბიჯს არ შეურიგდა ქართული ხალხი, რომელიც  უკვე ერთი წელია, დაუღალავად იბრძვის ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის გადასარჩენად. სწორედ ამიტომ ქართველი ხალხი არ გატყდა.

ქართველ საზოგადოებას არ სურს ცხოვრება რუსული ავტორიტარიზმის პირობებში. ჩვენი ერი კვლავ დგას დამოუკიდებლობის, ღირსებისა და ევროპული მომავლის სადარაჯოზე. ჩვენი ვიბრძვით, რომ საქართველო დაუბრუნდეს განვითარების ევროპულ გზას, სადაც დაცულია ყველა მოქალაქის უფლება, ვერც ერთი ძალა ვერ მოიპარავს ხალხის არჩევანს, არავის დააპატიმრებენ პოლიტიკური ნიშნით, ევროპული მომავალი იქნება უზრუნველყოფილი რეალური, არა მოჩვენებითი არჩევანით“.

___

1 წლის წინ, 2024 წლის 28 ნოემბერს, „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ თქვა: „დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დავაყენოთ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი“. ამ განცხადების შემდეგ საქართველოში დაიწყო უწყვეტი საპროტესტო აქცია, რომელიც დღემდე გრძელდება. დღეს, 2025 წლის 28 ნოემბერს, უწყვეტი პროტესტის 366-ე დღეა და საპროტესტო აქციები იმართება როგორც თბილისში, ისე ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: