„ვფიქრობ, ხალხსა და ხელისუფლებას შორის საერთოდ აღარ არსებობს ხიდი. ტიპური დისკრიმინაციაა სოფლად მცხოვრები ადამიანების და ჩემი აზრით, ფიქრის დონეზეც კი არ არის ნაფიქრი განათლების ამ რეფორმაზე“ – ამბობს დაბა შუახევის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ლია ქამადაძე „ქართული ოცნების“ მიერ დაანონსებულ განათლების რეფორმაზე.
მისი შეფასებით, საჯარო სკოლებში მე-12 კლასების გაუქმება გამოიწვევს იმას, რომ სოფელი კიდევ უფრო დაიცლება, ხოლო ვინც სოფლად დარჩება, მათი უფლებები იქნება დარღვეული. სახელმწიფო ვალდებულია, ყველა მოქალაქეს თანაბარი უფლებები შეუქმნას განათლებაშიც და სხვა სფეროებშიც, ახალი რეფორმა კი ამის საშუალებას არ იძლევა.
„სოფელი ისედაც იცლება და ბოლო დროს სოფელში მცხოვრებებს რაც აკავებთ, ეს არის სკოლა. სკოლაში დასაქმებული ადამიანები არიან სოფელში და მათი ოჯახის წევრები. არასწორმა სოციალურმა პროგრამებმა სოციალურად დაუცველთა ოჯახებიც კი აიძულა ქალაქში გადასულიყვნენ, იმიტომ, რომ იქ უფასო სასადილოებში სადილობენ და ცხოვრობენ მარტივად.
სკოლებს, ბუნებრივია, ექნებათ მე-12 კლასის გაუქმებით პრობლემა. ჯერ ის, რომ ერთი კლასი უქმდება და მეორე ის, რომ თუ მხოლოდ კერძო სკოლებში რჩება მე-12 კლასი, სოფელში დარჩენილი ადამიანის ხელფასი რამდენად შესწვდება კერძო სკოლის ფასს, რომ თავიანთი შვილები გაუშვან იქ, მე-12 კლასებში?
აქ, სოფელში ან მუნიციპალიტეტებში არსად არ არის კერძო სკოლა და ეს იმას ნიშნავს, რომ მაშინ უნდა გადავიდნენ ეს ოჯახებიც სოფლიდან.
სპეცკლასებს გავხსნითო, რომ ითქვა, აქაც ქალაქებზე იყო საუბარი და რომ წავიდნენ ბავშვები იქ, სადაც სპეცკლასებს გახსნიან, მაშინ მათი იქ ცხოვრებაც უნდა უზრუნველყონ, რომ სოფელში მცხოვრები ბავშვებისთვის ეს კიდევ არ იქცეს დამატებით პრობლემად.
მუნიციპალიტეტებშიც რომ გახსნან ეს სპეცკლასები, ესეც პრობლემაა, რადგან სოფლებში ცოტაა მოსახლეობა და თითო სოფლიდან ე.წ „მარშრუტკაც“ კი აღარ გამოდის ყოველდღიურად.
ზოგიერთი სოფლიდან კვირაში ორჯერ გამოდის სამარშრუტო ტაქსი მხოლოდ და დაბაში რით უნდა იარონ მოსწავლეებმა? ამიტომ მგონია, რომ საერთოდ არ არის ნაფიქრი არაფერზე. ძალიან ქაოსურია ყველაფერი ჩემი შეფასებით.
ან პროგრამა არის ამ სპეცკლასებისთვის მზად? გასულ წელს, მეორე სემესტრში დაუშვეს საფეხურის განსაზღვრის შეცვლა. ანუ, მეორე სემესტრში განსაზღვრეს, რომ საბაზო საფეხური უნდა იყოს უკვე მე-10 კლასი და თან შეეხო იმ კლასს, რომელი კლასიც უკვე მე-9-ში იყო იმ დროს და ნახეთ წელს რა ხდება?! ჩაატარეს ჯგუფური ოლიმპიადები, რომლებიც საბაზო საფეხურისთვის იყო, მაგრამ მე-10 კლასის მოსწავლეებს ამ ოლიმპიადაში მონაწილეობა არ მიუღიათ.
მერე ჩატარდა საშუალო საფეხურზე ოლიმპიადები და აქ ჩვეულებრივად მონაწილეობდნენ მე-10-კლასელებიც. ანუ სახელის გარდა არაფერი არ შეცვლილა. პროგრამაში ერთი სიტყვაც კი არ არის შეცვლილი. ამიტომ, რას ემსახურებოდა ეს საფეხურის განსაზღვრის ცვლილება მე ვერ გავიგე“ – ამბობს ლია ქამადაძე.
მისი თქმით, 12-წლიანი პროგრამა იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაატიო 11 წელში, თუ პროგრამა პირველი კლასიდან არის შედგენილი მე-11 კლასის ჩათვლით.
„ნაფიქრიც კი არ არის. ამდენი რეფორმა იყო დაანონსებული და არასდროს არაფერი შეცვლილა. არც წინა რეფორმები შეფასებულა არასდროს, ისე იწყებოდა ახალი. არც კვლევა ტარდება და არც არაფრის განსაზღვრა, რა უნდა იყოს გათვალისწინებული, მაგალითად, სამომავლო რეფორმაში.
ჯერ გარემო უნდა გამოიკვლიო, საჭიროებები გამოკვეთო და მერე დასახო მომავლის მიზნები. აქ კი ვერ ვხედავ მე ვერანაირ კვლევა-ძიებას და ვის დაეკითხნენ, არ ვიცი.
საქართველოში იმდენი განათლებული ადამიანია, რომ დაეკითხონ და მიიღონ სწორი ინფორმაცია, არ შეიძლება? ჩვენ, მასწავლებლებიც დავიღალეთ უკვე ამდენი გაურკვევლობით, მაგრამ არ აინტერესებთ“ – ამბობს ლია ქამადაძე.
მისი თქმით, მაშინაც კი, როცა თითქოს რაღაც საკითხებს განიხილავენ და იწვევენ მასწავლებლებს, მაინც ფორმალური სახე აქვს ამ მოსმენებს და საბოლოოდ მაინც ისე კეთდება, რასაც ხელისუფლება გადაწყვეტს.
„გახსოვთ ალბათ, წინა მინისტრის, ამილახვარის დროს ხელფასების „არნახულ ზრდას“ რომ გვპირდებოდნენ. მიწვეული ჰყავდათ მასწავლებლები და უსმენდნენ, მაგრამ რა – უსმინეს, უსმინეს და მაინც ისე გააკეთეს, როგორც მათ აწყობდათ ფინანსურად.
ამ შემთხვევაშიც ასე იქნებოდა“ – ამბობს ლია ქამადაძე.
„რას ეუბნება ამ რეფორმით „ქართული ოცნება“ სოფლად მცხოვრებ ბავშვს, რომ მას არ შეუძლია ჰქონდეს თანაბარი ხელმისაწვდომობა ხარისხიან განათლებაზე, მე-12 კლასზე და ისეთ უნივერსიტეტებზე, სადაც სურს განათლების მიღება? თქვენ როგორ აღიქვით კობახიძის განცხადებების შინაარსი?“ – ვკითხეთ ლია ქამადაძეს.
მასწავლებლის აზრით, ეს არის ტიპური დისკრიმინაცია.
„ტიპური დისკრიმინაციაა, ჩემი შეფასებით. მარტო ამ საკითხში არ ვხედავთ ჩვენ დისკრიმინაციას და არათანაბარ მიდგომას, გადავხედოთ თუნდაც სამართლებრივ საკითხებს. ვიღაცისთვის მოქმედებს კანონი და ვიღაცისთვის არა. ანალოგიურად ხდება, სამწუხაროდ, ყველა სისტემაში.
რატომ ვერ გრძნობენ იცით ხალხის მდგომარეობას? მათთვის დაინიშნეს 14 000-ლარიანი ხელფასები და ხალხს 2000 ლარიც არ აქვს. წარმოდგენა არ აქვთ, ხალხი როგორ ცხოვრობს. ვფიქრობ, ხალხსა და ხელისუფლებას შორის საერთოდ აღარ არსებობს ხიდი.
არ ესმით, რომ ერთი წლით მეტად მომზადებული ბავშვი უფრო მეტ შედეგს დადებს, ვიდრე თერთმეტკლასსდამთავრებული? არც ბავშვზეა ნაფიქრი და არც მასწავლებელზე, სამწუხაროდ.
მაგრამ, წლებია ვხედავთ, რომ ხალხის რეაქციას ტესტავენ და შეაჩვიეს ადამიანები, რომ მაინც თავისი გააქვთ, რაზეც არ უნდა იყოს მღელვარება. ხალხის ხმა რჩება ხმად მღაღადებლისა უდაბნოსა შინა, რადგან, რამდენიც პროტესტი გაჟღერდა, იმდენჯერ ჩაახშეს ძალადობით.
ამ ძალადობამ კი ადამიანების ჯანმრთელობა დააზიანა და ხალხს აღარ აქვს ძალა დიქტატურის წინააღმდეგ.
ხომ ხედავთ, ქართულ ხელფასებზე ევროპული გადასახადები შემოგვიტანეს. მაშინ როცა, ქონების გადასახადის კანონი 20 წლის წინ მიიღეს და ლარს აღარ აქვს ის მსყიდველუნარიანობა, რაც მაშინ ჰქონდა. ვინმემ ხმა ამოიღო ამაზე?
ავიღოთ ანტიკორუფციული კანონი. რატომ არ ეხება ის პრეზიდენტს, პარლამენტარს, რატომ არ ეხება მთავრობის წევრებს? მათ, მართლა კორუმპირებულები ვინც არიან და შეეხო ჩვენი სკოლის დამლაგებელს, რომლის ხელფასი 300 ლარიც კი არ არის ხელზე. პარადოქსების ქვეყანა ვართ.
მაგრამ ნათქვამია „ქათამმა თხარა თხარაო, საკუთარი დანა გამოთხარაო“, ზუსტად ამას აკეთებენ“ – გვეუბნება ლია ქამადაძე.
„თქვენი აზრით, რას მიიღებენ ამ გულგრილობით?“ – ვკითხეთ მას.
„ეს ყველაფერი ემსახურება მათი ძალაუფლების შენარჩუნებას, მეტს არაფერს.
არ სჭირდებათ განათლებული საზოგადოება, რადგან განათლებული ადამიანი ძნელი სამართავია, გაუნათლებელი კი მარტივად შესაშინებელი და დასამორჩილებელია, მაგრამ ერთადერთი რამის იმედი მაქვს მხოლოდ, – ესენი არიან ჩვენი მოსწავლეები, რომლებიც ჩემზე უკეთ აზროვნებენ და ვფიქრობ, ისინი შექმნიან უკეთეს საქართველოს. ვფიქრობ, მაინც ვერ მივლენ იქამდე, რომ სრულად ჩაკეტონ ეს ქვეყანა და ვერც იქამდე, რომ ეს რეფორმა სისრულეში მოიყვანონ, რადგან ეს დიდი უგუნურება იქნება“.






