„ოცნების“ პარლამენტში კიდევ ერთი ინიციატივაა დარეგისტრირებული, რომლის მიხედვით, პოლიციის აკადემია უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებად უნდა გადაკეთდეს.
პოლიციის აკადემიას შეეცვლება სახელწოდებაც.
სასწავლებელში სტუდენტებს მიიღებენ ერთიანი ეროვნული გამოცდებით.
კანონპროექტის მიხედვით, განისაზღვრება სტუდენტის სოციალური გარანტიები.
„მათ შორის, ხაზგასასმელია, რომ პოლიციის აკადემიის უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვისთანავე სტუდენტს მიენიჭება უმცროსი სპეციალური წოდება – რიგითი, ხოლო ამავე პროგრამის კურსდამთავრებულს მიენიჭება საშუალო სპეციალური წოდება – ლეიტენანტი.
კანონპროექტის მიხედვით, პოლიციის აკადემია უფლებამოსილი იქნება სტუდენტთან გააფორმოს ხელშეკრულება, რომელიც განსაზღვრავს მის ვალდებულებას, სწავლის დასრულების შემდეგ, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, იმუშაოს სამინისტროს სისტემაში.
„დასახელებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, წარმოდგენილი პროექტის თანახმად, სტუდენტის მიმართ შეიძლება დადგეს დისციპლინური და მატერიალური პასუხისმგებლობის საკითხი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
პოლიციის აკადემიაში შეიქმნება ახალი სტრუქტურული ერთეული, რომელიც დაკომპლექტდება 10 საშტატო ერთეულით. შესაბამისი სახელფასო ფონდი 10 საშტატო ერთეულზე წლის განმავლობაში იქნება 430 862 ლარი“.
კანონპროექტის მიხედვით, აკადემიის სახელწოდებასთან, სტატუსთან, უფლებამოსილებებთან და სხვა ძირითადი დებულებების ამოქმედების თარიღად განისაზღვრა 2026 წლის 1-ელი მარტი.
კანონპროექტის მიხედვით, სტუდენტთა მიღება პოლიციის აკადემიაში დაგეგმილია 2027-2028 სასწავლო წლიდან, კერძოდ 2027 წლის სექტემბრიდან.
„მიღებული იქნება 44 სტუდენტი, რომლებიც არ გადაიხდიან სწავლის საფასურს“.
კანონპროექტის ინიციატორია „ქართული ოცნების“ მთავრობა. კანონპროექტი მიმდინარე წლის 19 ნოემბერს დარეგისტრირდა.






