მთავარი,სიახლეები

სუსი ამბობს, რომ არასწორი ინფორმაციაა, თითქოს საქართველოში რუსეთის შეიარაღებული ძალების კომუნიკაციის ტერმინალების ქსელია

30.11.2025
სუსი ამბობს, რომ არასწორი ინფორმაციაა, თითქოს საქართველოში რუსეთის შეიარაღებული ძალების კომუნიკაციის ტერმინალების ქსელია

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ეხმაურება უკრაინის სამხედრო დაზვერვის მიერ გამოქვეყნებულ რუკის სქრინს, რომელზეც საქართველო მონიშნულია, როგორც ადგილი, სადაც რუსეთის შეიარაღებული ძალების კომუნიკაციის ტერმინალების ქსელებია განთავსებული.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ამბობს, რომ ეს ინფორმაცია არასწორია და ახლა ცდილობს გაარკვიოს რატომ გავრცელდა მსგავსი ინფორმაცია.

„ვრცელდება არასწორი ინფორმაცია, თითქოს უკრაინის დაზვერვის მასალებით საქართველოს ტერიტორიაზე არსებობს რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების სპეციალური უსაფრთხო კომუნიკაციის ტერმინალების ქსელები.

თავის მხრივ, არანაირი მსგავსი ინფორმაცია არ მიგვიღია უკრაინის საგარეო დაზვერვის სამსახურიდანაც. ამ უკანასკნელმა, გავრცელებულ განცხადებაში, მიუთითა ასეთი ქსელების უკრაინასთან, ფრონტის ხაზზე და აფრიკის კონტინენტზე არსებობის შესახებ.

ამავე დროს, განცხადებასთან ერთად გამოქვეყნებულ ფოტოზე დატანილმა ლოკაციამ დატოვა მათ მიერ გახმოვანებული ინფორმაციის არასწორი ინტერპრეტაციის სივრცე საქართველოს შესახებ.

ჩვენ პროაქტიულად ვცდილობთ გავარკვიოთ, რით იყო გამოწვეული, მათივე განცხადებისგან განსხვავებული ისეთი მასალის გავრცელება,“ – ვკითხულობთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში.

გუშინ, 29 ნოემბერს, უკრაინის სამხედრო დაზვერვამ გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო დაზვერვის დირექტორატის დანაყოფებმა, ტექნიკური დაზვერვის ოპერატიულ მეთოდებთან ერთად, გამოავლინეს რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების სპეციალური დაცული კომუნიკაციის ტერმინალების ქსელები უკრაინასთან ფრონტის ხაზზე და აფრიკის კონტინენტზე.

უკრაინის სამხედრო დაზვერვამ ამ ინფორმაციას თან დაურთო ორი ფოტოსქრინი, რომელ ფოტოებზეც ასახულია ის ადგილები, სადაც, დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთის არმიის საკომუნიკაციო ტერმინალებია.

ორიდან ერთ სქრინზე წითლად მონიშნულია საქართველო.

უკრაინის სამხედრო დაზვერვის მიერ გავრცელებული ფოტო, რომელზეც საქართველოცაა მონიშნული

უკრაინის სამხედრო დაზვერვას გავრცელებულ ინფორმაციაში არ განუმარტავს, რატომ მოხვდა საქართველოს ტერიტორია ამ ფოტოსქრინზე.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: