მთავარი,სიახლეები

“ყველა რეგიონიდან თითო წარმომადგენელი იქნება აღმასრულებელ საბჭოში” – არჩევნები ადვოკატთა ასოციაციაში

29.11.2025
“ყველა რეგიონიდან თითო წარმომადგენელი იქნება აღმასრულებელ საბჭოში” – არჩევნები ადვოკატთა ასოციაციაში

13-14 დეკემბერს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრება გაიმართება, სადაც ადვოკატთა ასოციაციის ახალი თავმჯდომარე უნდა აირჩიონ. ადვოკატთა ასოციაცია 11 ათასზე მეტ ადვოკატს აერთიანებს, მათგან 5 500 ადვოკატს აქვს სტატუსი – მოქმედი.

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნებში სამი კანდიდატი მონაწილეობს – ირაკლი ჩომახაშვილი, ირაკლი ყანდაშვილი და მუხრან ღურწკაია.

„ბათუმელები“ დღეს ერთ-ერთ კანდიდატთან, ირაკლი ჩომახაშვილთან ინტერვიუს გთავაზობთ.

  • ბატონო ირაკლი, რატომ იღებთ მონაწილეობას ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნებში?

თითქმის 16 წელია ადვოკატთა ასოციაცია მონოპოლიზებულია ერთი ჯგუფის მიერ. გუნდს, რომელიც ადვოკატის უფლებების დარღვევისა, თუ ქვეყანაში არსებულ მდგომარეობის მიმართ იყო სრულიად სტერილური, კიდევ სურს დაახლოებით 4 წელი მიიღოს მართვაში მონაწილეობა.

ის, რომ კანონი იქნა მიღებული მობილური ტელეფონების შესაძლო ჩამორთმევის საშიშროების შესახებ; ის, რომ ხშირ შემთხვევაში მნიშვნელოვან საქმეებზე ადვოკატები ექვემდებარებოდნენ უფლებების დარღვევას, მათ შორის გვახსოვს თბილისის საქალაქო სასამართლოში ორდერებს როგორ უმოწმებდა პოლიცია, სანამ ადვოკატს შეუშვებდა სასამართლოში.

გაუარესებულია ადვოკატის სოციალური, სამართლებრივი მდგომარეობა – ფაქტობრივად, ადვოკატს მარტო უწევს სისტემასთან სამართლებრივი ბრძოლა. და, რა თქმა უნდა, სასამართლოში შექმნილი პრობლემები. ამ პრობლემების ფონზე კი, ადვოკატთა ასოციაცია დუმს და არის სრულად სტერილური. მათ საკუთარი კომფორტი არჩიეს ადვოკატის უფლებების დაცვას.

კომპრომისზე წავიდნენ საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე იმისათვის, რომ არ დაიცვან ცალკეული ადვოკატის ინტერესები.

ამიტომ, ჩვენი (არამარტო ჩემი, არამედ მთელი გუნდის) მიზანია, შევქმნათ ისეთი პლატფორმა, სადაც ყველა ადვოკატი იქნება დაცული და საქართველოში ადვოკატთა ასოციაცია იქნება ერთ-ერთი მოწინავე პლატფორმა დემოკრატიის დაცვის თვალსაზრისით. ამ ქვეყანაში ადვოკატის უფლებები, სხვა მოქალაქეების უფლებებთან ერთად, არსებითად იზღუდება და ამისთვის მნიშვნელოვანია სამართლებრივი რეაგირება. ეს იყო ჩემი მოტივაცია.

  • ადვოკატთა ასოციაცია – რა ტიპის ინსტიტუციაა, რამდენ იურისტს აერთიანებს და რა მნიშვნელობა აქვს ადვოკატებისთვის ამ ასოციაციას?

ადვოკატთა ასოციაცია არის კანონის საფუძველზე შექმნილი გაერთიანება, ყველა იურისტი ვალდებულია იყოს წევრი, თუ მას სურს ადვოკატობა, ჰქონდეს ადვოკატის სტატუსი.

ჩვენ გვყავს 11 000 წევრი, საიდანაც 5 500 მოქმედი ადვოკატია. ეს არის საქართველოში ყველაზე დიდი გაერთიანება იურისტების. ასოციაციას ჰყავს აღმასრულებელი საბჭო, რომელიც შედგება 11 წევრისგან და მას თავმჯდომარეობს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, ანუ ჯამში გამოდის 12 წევრი.

ასევე ადვოკატთა ასოციაციას ჰყავს ეთიკის კომისია, რომელიც პასუხისმგებელია ადვოკატების მხრიდან ეთიკის ნორმების დარღვევაზე და ჩვენ გვაქვს სარევიზიო კომისია, რომელიც პასუხისმგებელია ადვოკატთა ასოციაციის ბიუჯეტის დახარჯვის სწორ რეგულაციაზე.

რატომ არის ახლა მნიშვნელოვანი? მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ადვოკატის სტატუსი და უფლებამოსილება დამოკიდებულია ეთიკის კომისიაზე.

ეთიკის კომისიას შეუძლია ადვოკატს შეუწყვიტოს ლიცენზია, ანუ შეუწყვიტოს უფლებამოსილება. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ადვოკატები, ასე ვთქვათ, ამ რთულ პროცესებში იყვნენ დაცულები, ეთიკის კომისიაში იყვნენ კომპეტენტური და სამართლიანი ადვოკატები და ეთიკის კომისია არ იქცეს ადვოკატისთვის გარკვეულ პრობლემად.

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას ჰყავს საპარლამენტო მდივანი, საპროკურორო საბჭოს წარმომადგენელი და სხვადასხვა ორგანოში საკუთარი წარმომადგენელი, რომელიც შეიძლება ჩართული იყოს საკანონმდებლო ინიციატივების შემუშავებაში.

ბოლო-ბოლო ინსტიტუციურად ედგეს მხარში ადვოკატებს, როგორც საკანონმდებლო ცვლილებების, ასევე სამართლებრივი და სოციალური დაცვის ნაწილში.

მარტივად რომ ვთქვათ, თუ ადვოკატი არის მარტო და მას არ უდგას გვერდით ასოციაცია, ძალიან დიდია იმის ალბათობა, რომ სასამართლომ და სახელმწიფომ მასზე მოახდინოს არსებითი ზემოქმედება და ჩაერიოს მის უფლებაში.

თუმცა, როცა სახელმწიფოს, სასამართლოს და სხვა პირებს ეცოდინებათ, რომ თითოეულ ადვოკატს უდგას ადვოკატთა ასოციაცია 5 500 ადვოკატის შემადგენლობით, არ მგონია ვინმეს გაუჩნდეს სურვილი, რომ ადვოკატის უფლებები შეზღუდოს.

  • რატომ გადაწყვიტეთ აღმასრულებელ საბჭოს წევრობის კანდიდატებად სხვადასხვა რეგიონში მომუშავე ადვოკატები წარგედგინათ?

არასდროს ყოფილა შემთხვევა, როდესაც აღმასრულებელ საბჭოში რეგიონებს, დიდ ქალაქებს ჰყავდათ წარმომადგენლები. ამიტომ, გადავწყვიტე, რომ მაქსიმალურად მეზრუნა ამ საკითხზე და დიდი ქალაქებიდან იყოს მინიმუმ ერთი წარმომადგენელი, რომელიც აღმასრულებელ საბჭოში იქნება.

ადვოკატთა ასოციაცია არ იწყება თბილისიდან და არ მთავრდება თბილისში. მაგალითად, ბათუმში არის ბევრი პრობლემა, სადაც ფაქტობრივად, როგორც ხედავთ, ადვოკატები იბრძვიან მარტო და არასდროს არ გახმოვანებულა ადვოკატთა ასოციაციისგან აჭარის პრობლემები, არასდროს. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კარგად გვესმის ადვოკატები რა ვითარებაში იმყოფებიან აჭარის რეგიონში.

არასდროს არ გახმოვანებულა ქუთაისის, გორის და სხვა დიდი ქალაქების პრობლემა.

ამიტომ ჩემი სურვილია, რომ ეს ადამიანები იყვნენ საბჭოში. ისინი იქნებიან ვალდებული, იზრუნონ ინდივიდუალურად რეგიონულ წარმომადგენლობაზე. იზრუნონ, რომ აჭარის, ქუთაისის, გორის ხმა ისმოდეს ადვოკატთა ასოციაციაში. ეს არის მნიშვნელოვანი.

ეს ერთი მხრივ დაკავშირებულია გარკვეულ რისკებთან, რადგან ერთი საარჩევნო უბანია მხოლოდ თბილისში და ძალიან რთულია ერთ დღეში ბათუმიდან თბილისში ჩამოსვლა და საკუთარი მხარდამჭერის არჩევა. მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს ყველაფერი არჩევნებზე არ გადის, ეს ყველაფერი გადის რეალურ ცვლილებებზე და თუ რეალური ცვლილებები გვინდა, მაშინ რეგიონული ლიდერებიც უნდა გვყავდეს ადვოკატთა ასოციაციაში.

  • თქვენი პოზიცია ცნობილია, მაგრამ მაინც გკითხავთ, როგორ შეეწინააღმდეგებით კანონს, რომლითაც შეიძლება სასამართლო პროცესებზე ადვოკატებს ტელეფონები ჩამოართვან?

ჩვენ ამას არ დავუშვებთ. არ შეიძლება კანონის და დადგენილების, დამოკლეს მახვილივით ჩამოკიდება ადამიანზე, რომ როცა უნდათ აამოქმედებენ, როცა უნდათ არ აამოქმედებენ.

დადგენილებაში და კანონში შესულია ცვლილება, რომ ყველა პირი ვალდებულია დატოვოს მობილური ტელეფონი, რომ მანდატურს უფლებამოსილება აქვს ყველას ჩამოართვას მობილური ტელეფონი და ელექტრონული საშუალება, მაგრამ ადვოკატს არ ჩამოართმევს? ანუ სიტყვიერ დაპირებაზეა აქ საუბარი?

მთავარი პრობლემა ისაა, რომ არავის სიტყვიერ დაპირებას მე, პირადად, არ ვენდობი. დღეს შეიძლება იყოს ეს თანამდებობაზე, ხვალ შეიძლება წავიდეს, როგორც ძალიან ხშირად მომხდარა საქართველოში. ამიტომ, ჩემი მთავარი მოწოდებაა, რომ ეს ყველაფერი იყოს კანონში გარანტირებული.

ასევე შეკითხვა მაქვს, როცა ამ კანონს იღებდნენ, სად იყო ადვოკატთა ასოციაცია და ჩვენი საპარლამენტო წარმომადგენელი?

ზუსტად ეს აჩენს ადვოკატთა ასოციაციის ინდიფერენტულ დამოკიდებულებას მნიშვნელოვან საკითხებზე. ძალიან ბევრი სხვა შემთხვევაც შეიძლება იყოს, რა დროსაც ადვოკატთა ასოციაციამ ინსტიტუციურად გამოიჩინა გულგრილობა, რასაც შემდეგ ადვოკატებისთვის მძიმე შედეგი მოჰყვა, როგორც ინდივიდუალურ საქმეებზე, ასევე გენერალურად.

ამას გარდა, ადვოკატებს გენერალურ პროკურატურაშიც ართმევენ მობილურს. როდესაც საკუთარ დასაცავ პირს მიჰყვები, ისე გექცევიან, როგორც დასაცავ პირს. ამ დროს შენი რეპუტაცია არსებითად ილახება საზოგადოებაში.

როცა მიჰყვები ადამიანს პოლიციაში, როცა მიჰყვები ადამიანს სახელმწიფო სტრუქტურებში, მას შენი იმედი აქვს, რომ რეპუტაციულად და განათლებით მას დაიცავ. როცა გენერალური პროკურატურის შესასვლელში სრულიად დაუსაბუთებლად, ყველანაირი კომუნიკაციის საშუალებას გართმევენ, არც შენს დაცვის ქვეშ მყოფს აქვს შემდგომ რეპუტაციული შეხედულება კარგი შენზე და არც ბრალდების მხარეს.

გამომძიებელი ზის და ტელეფონით სარგებლობს, როცა შენ 4-5 საათი სატელეფონო წვდომა არ გაქვს. მინისტრის გაუგონარი ბრძანებით რეგულირდება ეს ყველაფერი. რა შუაშია საერთოდ მინისტრი ადვოკატთა ასოციაციასთან?

ჰოდა, თუ ესე გაგრძელდება, კიდევ ერთხელ ვამბობ, ადგნენ და თავად მოვიდნენ ჩვენს ოფისებში გამომძიებლები. არც ერთი ადვოკატი არ მივა გენერალურ პროკურატურაში იქამდე, სანამ ნორმალურ და ღირსეულ მოპყრობას არ მიიღებს. მოუწევთ ჩვენთან ოფისებში სიარული. ეს იცოდნენ და მეორე – ტელეფონებზე. ეს ნიშნავს იმას, რომ რომელიმე ადვოკატი თუ გააპროტესტებს, 10 წუთში მთელი აღმასრულებელი საბჭო და თავმჯდომარე იდგება მის გვერდით. ეს შემიძლია გითხრათ. ეს ასე იქნება. წინასწარ მინდა გითხრათ, რომ პირველივე ტურში გამარჯვება ჩვენია, გამორიცხულია, დაზუსტებით გეუბნებით – ჩვენი გუნდი გაიმარჯვებს.

  • რადგან ადვოკატთა უფლებრივ მდგომარეობაზე საუბრობთ, გკითხავთ რა გასაჭირი და საჭიროებები აქვთ ახლა ადვოკატებს საქართველოში?

ნორმალური სამედიცინო დაზღვევა დაზღვევა არ აქვთ. ტრენინგები არ ტარდება. მხოლოდ 50 კაცისთვის იყო მთელი ადვოკატთა ასოციაცია, სადაც ტრენინგები და განგრძობადი იურიდიული განათლება არ იყო ყველა ადვოკატისთვის. არ არსებობს ადვოკატების დაცვის მობილური ჯგუფი, რომელიც 24/7-ზე იმუშავებს, გამოცხადდება შემთხვევის ადგილას, დააფიქსირებს შემთხვევას და ამას მტკიცებულებითი ძალა ექნება.

არ არსებობს პლატფორმა, სადაც ადვოკატები ერთმანეთს გაუზიარებენ ახალ ინიციატივებს, შეიკრიბებიან და გადაწყვეტილებას მიიღებენ. არ არსებობს ადვოკატთა ასოციაციის სტრუქტურა. არც განგრძობად იურიდიულ განათლებაში, არც ადვოკატის დაცვაში, არც სოციალური და სამართლებრივი უსაფრთხოების დაცვაში. შესაბამისად, ადვოკატი ტყუილად იხდის საწევროს. არც ერთი ქმედითი სტრუქტურა არ არსებობს ადვოკატთა ასოციაციაში, რომელიც პასუხისმგებელია ადვოკატის უფლებების დაცვაზე. აი, ეს არის, რა საჭიროებაც უდგას დღეს ადვოკატს საქართველოში.

  • თქვენ ამბობთ, რომ სისტემურ რეფორმას განახორციელებთ ადვოკატთა ასოციაციაში.  უფრო კონკრეტულად თუ შეგიძლიათ გვითხრათ, რა ტიპის რეფორმას გეგმავთ?

ვგეგმავთ ადვოკატთა ასოციაციაში არსებული კომიტეტების რეორგანიზაციას. ეს კომიტეტები თავიდან საარჩევნო მიზნებით შეიქმნა, რომ საარჩევნოდ ადვოკატები ახლოს ჰყოლოდათ. მაგრამ არ გაამართლა ამ კონკრეტულმა მოცემულობამ.

ვგეგმავთ ამ კომიტეტების რეორგანიზაციას და ახალი კომიტეტების შექმნას – ამ კომიტეტებში რომ იყვნენ ის ადვოკატები, ვისაც მართლა სურს იქ მუშაობა.

იმუშავებენ ის ადვოკატები, რომლებიც შეიმუშავებენ საკანონმდებლო ინიციატივას და იდგებიან მართლა ადამიანის უფლებების დაცვის გვერდით. სხვანაირად გადანაწილდება ბიუჯეტი. ჩვენ ჩამოვაყალიბებთ მართლმსაჯულების კომიტეტს, რომელიც ინიციატივებზე იმუშავებს. ჩვენ ჩამოვაყალიბებთ უფლებათა დაცვის კომიტეტს. აი, ამ ნაწილში ვაპირებთ სისტემურ რეფორმებს – აქამდე რაც არ ყოფილა არასდროს.

  • როგორც ერთ-ერთ ინტერვიუში მოვისმინე, ასევე აპირებთ ადვოკატთა დაცვის კომიტეტის შექმნას…

დიახ. იმ ფორმით, რა ფორმითაც ახლა არის, არ გაამართლა. ამიტომ ჩვენ ვაპირებთ, რომ ექსპერტებით დაკომპლექტებული მობილური ჯგუფი შევქმნათ.

  • ანუ ადვოკატიც დასაცავია, ასე გამოდის? რატომ სჭირდება ახლა ადვოკატს დაცვა?

დიახ, იმიტომ, რომ ქვეყანაში არის მიღებული ისეთი კანონები, რომელიც ადვოკატის საქმიანობაში უშლის ხელს.

  • პოლიტიზების რისკთან დაკავშირებით მინდა გკითხოთ, რამდენად პოლიტიზებულია ადვოკატთა ასოციაცია ახლა?

ერთადერთი, რასაც ჩვენ ვამბობთ არის ის, რომ დემოკრატია უნდა იყოს, ადამიანის უფლებები გარანტირებული უნდა იყოს და ყველა ადვოკატს თანაბრად უნდა შეეძლოს საკუთარი მოსაზრების გამოთქმაც და ისეთი კლიენტის დაცვაც, რომელიც შეიძლება ვიღაცისთვის მისაღები არ იყოს. ამიტომ ამ ნიშნით ადვოკატებისთვის დისკრიმინაცია დაუშვებელია.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: