„რაც არ უნდა მალონ ეს პროტესტი, პროტესტი თავის თავს ვერ დამალავს. რაც უფრო დიდხანს მოითმენენ ისინი ამ ყველაფერს, მით უფრო მეტად და ძლიერად გაანადგურებს ეს მათ პიროვნულად,“ – ამბობს ყოფილი საჯარო მოხელე სალომე მაჭარაშვილი. ის ერთ-ერთია იმ ასეულობით საჯარო მოხელეთა შორის, რომლებიც პროტესტის გამო საჯარო სამსახურიდან დაითხოვეს.
„საჯარო მოსამსახურეთა დამოუკიდებელი პროფკავშირების კონსტიტუციის 78-ე მუხლის“ მონაცემებით, პროევროპული პროტესტის გამო ქვეყანაში 800-დან 1200-მდე საჯარო მოხელე გაათავისუფლეს. გათავისუფლებულების დაახლოებით 20 %-მა შეძლო კერძო სექტორში დასაქმება.
რამდენად შეიძლება ბიზნესში დასაქმების იმედად საჯარო სამსახურში თამამი განცხადებების გამოხატვა? – „ბათუმელები“ საჯარო სამსახურებიდან გათავისუფლებულ 3 ადამიანს ესაუბრა, რომლებიც კერძო სექტორში დასაქმდნენ.
- „რაც არ უნდა მალონ, პროტესტი თავს ვერ დამალავს“
„ახალი შესაძლებლობის კარი ყოველთვის გაიღება, მაგრამ არა საკუთარი ღირებულებების და ფასეულობების დათმობის ხარჯზე,“ – თავდაჯერებულობა ეტყობა სალომე მაჭარაშვილს, რომელიც 2025 წლის მარტში გაათავისუფლეს თბილისის მერიიდან. ბოლო 6 წელი იგი მუნიციპალური სერვისების სააგენტოში მენეჯერულ პოზიციას იკავებდა.
სალომე მაჭარაშვილი სამსახურიდან მას შემდეგ გაუშვეს, როცა ევროინტეგრაციის კურსის შეჩერება პეტიციაზე ხელმოწერით გააპროტესტა. იგი პროტესტს ღიად აფიქსირებდა.
„სააგენტოდან გათავისუფლების შემდეგ კერძო კომპანიაში დავსაქმდი პროექტების ხელმძღვანელის თანამდებობაზე. დაახლოებით 5-6 თვეში ვიპოვე ახალი სამსახური,“ – ამბობს სალომე მაჭარაშვილი.
იგი იმ სირთულეებზე გვესაუბრება, რის გამოც საჯარო მოხელეებს გაჩუმება უწევთ. ყოფილი საჯარო მოხელე მოგვიყვა იმ გზის შესახებ, რომლის გავლაც მოუწია ბიზნესში დასაქმებამდე:
„საჯარო სექტორი ისედაც არ გამოირჩევა მაღალი ხელფასით, ძირითადად მოტივაციის ხარჯზე მუშაობენ ადამიანები და ეკონომიკური სიდუხჭირე, რაც არის ქვეყანაში, ასახულია საჯარო მოხელეებზეც. საჯარო მოხელეებსაც აქვთ ფინანსური ვალდებულებები, ოჯახების მიმართ პასუხისმგებლობა, რაც საკმაოდ დიდი წნეხია, რომ გააჩუმონ.
18-წლიანი უწყვეტი თანამშრომლობის შემდეგ ძალიან რთულია კერძო სექტორში გადასვლა. 38 წლის ვარ. მთელი ჩემი ცხოვრების გააზრებული 18 წელი – ჩემი ცხოვრების მთელი ეს ეტაპი უკავშირდება თბილისის მერიას. თანაც, ეხებიან შენს კომპეტენციას – თურმე, გასაუბრება ვერ გაიარე, შემდეგ კი შენს ადგილზე ნიშნავენ ადამიანს, რომელსაც საერთოდ არ აქვს ცოდნა სამშენებლო სამართლის მიმართულებით, კანონმდებლობის გაცნობა ახლა დაიწყო და ჯერ კიდევ არაა სრულად ჩართული მოქალაქეთა კონსულტაციაში.
სამშენებლო სექტორი საკმაოდ სპეციფიკური მიმართულებაა. ძალიან მნიშვნელოვანია ის სპეციფიკური ცოდნა და გამოცდილება, რომელიც მქონდა. ვფიქრობ, ამ კუთხით გამიმართლა: ისეთ დროს შევხვდი დამსაქმებელს, როდესაც კომპანიას ჰქონდა ჩემნაირი რესურსის საჭიროება და მეც ამ დროს ვიყავი თავისუფალი და სამუშაოს მაძიებელი,“ – გვიყვება სალომე მაჭარაშვილი.
ანაზღაურების კუთხით როგორია სხვაობა? – ვეკითხებით ყოფილ საჯარო მოხელეს.
„ბევრად მაღალია ჩემი ხელფასი კომპანიაში,“ – გვპასუხობს სალომე მაჭარაშვილი.

სალომე მაჭარაშვილი
სალომე მაჭარაშვილის თქმით, საჯარო მოხელეებში პროევროპული განწყობა საკმაოდ მაღალია, მაგრამ დიდი ნაწილი სიჩუმეს ამჯობინებს. რა არის გამოსავალი, თუ პროტესტის გამოხატვის გამო საჯარო მოხელეს გათავისუფლება ელის?
„გამოწვევა საკმაოდ რთული, თუნდაც სამსახურის მოძებნა, თუმცა არის ღირებულებები და ფასეულობები, რომელიც კონსტიტუციით და კანონმდებლობით ავალდებულებს საჯარო მოხელეს, თუ რას, ვის უნდა ემსახურებოდეს, ვის წინაშე არის ანგარიშვალდებული. ეს ფუნდამენტური პრინციპი და ღირებულებებია და ამ პრინციპების დაცვა ყველგან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით კი, საჯარო სამსახურში. შეუძლებელია, ამ საკითხთან კონფლიქტში იყო და შინაგანად არ ნადგურდებოდე. მე ასეთ საჯარო მოხელეებს ვუსურვებდი მეტ სითამამეს, გამბედაობას და თავისუფლებას. ჩემი აზრით, გამოსავალი ყოველთვის არსებობს.
ახალი შესაძლებლობის კარი ყოველთვის გაიღება, მაგრამ არა საკუთარი ღირებულებების და ფასეულობების დათმობის ხარჯზე,“ – მიიჩნევს სალომე მაჭარაშვილი.
მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ავტორიტარიზმია, კვალიფიციური საჯარო მოხელე მაინც იპოვის სამსახურს, შიში უსაფუძვლოა?
„ნეპოტიზმის ნიშნები, ზოგადად, კერძო სექტორში ბევრად უფრო ნაკლებია, გამომდინარე იქიდან, რომ ბიზნესი უყურებს საკუთარ დანახარჯს: ადამიანური რესურსის დანახარჯს რა სარგებელი მოაქვს კომპანიისთვის? კომპანიის კეთილდღეობა პირდაპირ არის მიბმული ამ საკითხებზე. ამიტომაც, ბიზნესი ფიზიკურად ვერ შეინახავს და არ შეინახავს ისეთ რესურსს, ვისაც არ მოაქვს სარგებელი.
შესაბამისად, კვალიფიკაცია ძალიან მნიშვნელოვანია.
საჯარო მოსამსახურეებს – საუბარი მაქვს გამოცდილ საჯარო მოხელეებზე, რომლებსაც უამრავი სწავლება და ტრენინგი აქვთ გავლილი – დისციპლინის, პასუხისმგებლობის მიმართულებით ბევრად დიდი უპირატესობა გააჩნიათ კერძო სექტორთან მიმართებით. პასუხისმგებლობა და დისციპლინა ნებისმიერი კომპანიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია,“ – ამბობს ყოფილი საჯარო მოხელე.
ამ თემაზე საუბრის დროს, ყოფილი საჯარო მოხელე თავის დაკვირვებას გვიზიარებს – ჩემი აზრით, მაინც მიადგებიან ამჟამად მდუმარე საჯარო მოხელეებს, რომლებსაც პროტესტი აწუხებთო.
„რაც არ უნდა მალონ ეს პროტესტი, პროტესტი თავს ვერ დამალავს. რაც უფრო დიდხანს მოითმენენ ისინი ამ ყველაფერს, მით უფრო მეტად და ძლიერად გაანადგურებს ეს მათ პიროვნულად. მე მჯერა, რომ საჯარო დაწესებულებებში ძალიან ბევრი კეთილსინდისიერი ადამიანი მუშაობს, რომელსაც აქვს ღირებულებები, იცის ქვეყნის ფასი, იცის, რას უნდა ემსახუროს საჯარო სამსახურში. მათ რეალურად უნდა გააცნობიერონ, რა რისკების შემცველია ეს დუმილი. მჯერა, რომ რაღაც მომენტში, რაღაც კონკრეტულ ნიშნულზე მივა საკითხი ისევ ამოხეთქავს…“ – გვიყვება სალომე მაჭარაშვილი.
ყოფილ საჯარო მოხელეს „ოცნების“ პარლამენტის დეპუტატის, მარიამ ლაშხის კომენტარზეც ვკითხეთ: „თუ ვინმეს აქვს იმის განცდა, რომ ჰყავს რუსი ხელისუფალი, ამ რუსი ხელისუფლისაგან არც ხელფასი არ უნდა აიღოს,“- ამბობს „ქართული ოცნების“ დეპუტატი.
„მარიამ ლაშხს ვურჩევდი, გადაეხედა საჯარო სამსახურის შესახებ კანონისთვის, კონსტიტუციისთვის, რომელიც ასე გათელეს ბოლო თვეების და ბოლო წლის განმავლობაში და კარგად გადაიკითხოს, რეალურად ვინ არის ხელფასის წყარო, ვის უნდა ემსახურებოდეს საჯარო მოხელე და განსაკუთრებით ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში დასაქმებული ადამიანები,“ – ბრაზს ვერ მალავს სალომე მაჭარაშვილი.
- „წამოვედი შემოსავლების სამსახურიდან, ბუღალტრად დავსაქმდი… მნიშვნელოვანია კომფორტის ზონიდან გამოხვიდე“
„თუ შიშს და ზეწოლას დაემორჩილები, შენ უკვე დაგიმორჩილეს,“ – თავის ამბავს გვიყვება ნოდარ წიწრიაშვილი. იგი შემოსავლების სამსახურის ყოფილი თანამშრომელია.
ნოდარ წიწრიაშვილი შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტში მუშაობდა 2014 წლიდან. მან საჯარო სამსახური თავად დატოვა 2025 წლის ივნისის დასაწყისში.
„სიტუაცია ძალიან აღარ მომწონდა და ამიტომ წამოვედი. ვხედავდი, უკვე როგორ ვრჩებოდი გვერდით, მაგალითად, შეხვედრებზე ჩემი ადგილი აღარ იყო, დაწინაურების საშუალება გააქრეს, არც შვებულებაში გამიშვეს, ხელფასი დამაკლეს…
ვმონაწილეობდი და ახლაც ვმონაწილეობ პროევროპულ საპროტესტო აქციაში. პირდაპირ არასდროს არაფერი არ უთქვამთ, მაგრამ ეს უკავშირდებოდა პოლიტიკას: ჩვენს ევროპულ გზას.
ავდექი და წამოვედი. ბუღალტრად დავსაქმდი ერთ-ერთ კომპანიაში. 500 ლარით ნაკლები მაქვს ხელფასი, მაგრამ მიღირს.
მნიშვნელოვანია, კომფორტის ზონიდან გამოხვიდე. თუ დაემორჩილები უკანონობას, მორჩილი ხდები და მანდ მთავრდება ყველაფერი. შიშს არ უნდა მისცე საშუალება, რომ დაგიმორჩილოს.
მნიშვნელოვანია, მებრძოლი ხასიათი გამოავლინო მაგ დროს. შენ თავს უნდა უთხრა, რომ რაღაც გამოვა და აუცილებლად გამოვა. უნდა გარისკო. თუ შიშს და ზეწოლას დაემორჩილები, უკვე დაგიმორჩილეს. ეს არის ბრძოლა შენ თავთან, შენს შიშებთან. ეს შიში უნდა გადალახო,“ – მიიჩნევს ნოდარ წიწრიაშვილი.

ნოდარ წიწრიაშვილი
ყოფილი საჯარო მოხელეს საკუთარი დაკვირვების გაზიარება ვთხოვეთ: რამდენად შეიძლება დუმილს შეჩვეული საჯარო მოხელეები ისევ გააქტიურდნენ?
ნოდარ წიწრიაშვილის აზრით, „ოცნების“ მთავრობამ საჯარო სექტორში შეძლო გარდატეხის შეტანა მორჩილებისკენ, ხოლო ვინც ამ კრიტიკულ სიტუაციაში გაჩუმდა, გაჩუმებული დარჩება. ყალბი მოლოდინის შექმნა არ მიყვარსო – ამბობს ყოფილი საჯარო მოხელე.
„სამსახურს როგორ ვერ იშოვი, მაგრამ რთულია, მით უფრო, როცა შვილები გყავს, მაგალითად, სარჩენი. ამ დროს რთულია გარისკო, თუმცა ჩემმა ერთმა მეგობარმა, რომელსაც შვილები ჰყავს, გარისკა და წამოვიდა, სამსახურიც იშოვა…
ყველა ვერ რისკავს, ყველას არ შეუძლია ეს.
თუ ამ რთულ მომენტში გაიმარჯვებს ღირსება – ძლევ შიშს. თუ შიში გიმორჩილებს – ეგუები მორჩილებას.
ეს შიში რეალურია, რომ აი, სხვა სამსახურს ვერ იშოვი, რადგან დღევანდელ საქართველოში მართლაც ძალიან რთულია ნორმალური სამუშაოს პოვნა… სხვა ადამიანებს იმას მოვუწოდებ, რომ უბრალოდ არ ჩავარდნენ სასოწარკვეთილებაში. მე ამ დროს ძალიან მეხმარებოდა რუსთაველის ქუჩაზე გასვლა, ადამიანებთან დალაპარაკება….
დღეს აღარ მაქვს საჯარო მოხელეებთან კომუნიკაცია, თავს ვარიდებ. ვიცი, რომ ყველა ადამიანი თავისებურად განიცდის, რაც ქვეყანაში ხდება, მაგრამ ადამიანებში შიში უფრო დომინანტური ფაქტორია – მოახდინეს გავლენა ადამიანებზე, იციან, რა შიში მოქმედებს ადამიანზე, ამ ყველაფრის აქტივირება მოახდინა მთავრობამ.
როცა ადამიანი დაშინდება და მის ფსიქოლოგიაში მოხდება გარდატეხა, ჩემი აზრით, იმ ადამიანმა უკვე მიიღო გადაწყვეტილება და დაექვემდებარა წნეხს.
სამწუხაროდ, ეს კრიტიკული ეტაპი ჩვენ უკვე გავიარეთ. აღარ უნდა გვქონდეს ილუზია. ეს ძალიან მტკივნეულია,“ – გვითხრა ნოდარ წიწრიაშვილმა.
- „სამუშაო სივრცეშიც შესაძლებელია საჯარო მოსამსახურემ დააფიქსიროს სამოქალაქო პოზიცია“
თაია მახარაშვილი თბილისის მერიაში კომუნიკაციის მენეჯერის პოზიციაზე მუშაობდა. იგი 2024 წლის დეკემბერში გაათავისუფლეს. ემოციურად ამოვისუნთქეო – ყოფილი საჯარო მოხელე იხსენებს გათავისუფლების მომენტს და შემდეგ ქრონოლოგიურად გვიყვება, როგორ იცვლებოდა პროტესტზე „ოცნების“ რეჟიმის რეაგირება საჯარო სექტორში:
„ბოლო 11 წელია საჯარო სამსახურში ვიყავი. პირველად ალბათ 2019 წელს გავედი აქციაზე, როგორც საჯარო სექტორში დასაქმებული პირი. ეს იყო სარალიძის მკვლელობა. ამ საქმის გამოძიებას მოჰყვა მაშინ საპროტესტო აქციები. მაშინ პროტესტის გამოხატვას სამსახურში არანაირი რეაქცია არ მოჰყოლია. რა თქმა უნდა, ინფორმირებული იყვნენ, მაგრამ არავინ იმჩნევდა.
შემდეგ იყო 2020 წლის აქციები და გავრილოვის ღამე, როცა უკვე მერიაში პროტესტის გამოხატვის მიმართ განწყობები შეიცვალა, თუმცა სიტყვიერად არც მაშინ არავის არაფერი უთქვამს. რამდენჯერმე მითხრეს: ამ ყველაფერს აკონტროლებდნენ და ინფორმაციას აწვდიან „ზევით“. არ ვიცი, პარტიას აწვდიდნენ, თუ ვის.
შემდეგ უკვე იყო რუსული კანონი, საპროტესტო აქციები 2023 წელს, როცა მითხრეს, წლის ბოლოს შეიძლება შეწყვეტილიყო ჩემთან ხელშეკრულება. საბოლოოდ, ხელშეკრულება არ შეუწყვეტიათ, კანონი გაიწვიეს და მივიღეთ კანდიდატის სტატუსი. რაღაცნაირად დამაიმედებელი განწყობა გაჩნდა საჯარო სამსახურებში: იქნებ რაღაც შეიცვალოს.
2024 წელს ისევ შემოაბრუნეს რუსული კანონი, რაზეც უკვე ძალიან მწვავე იყო ჩვენი პროტესტი. 2024 წლის 30 ნოემბერს კი, საჯარო განცხადებით შევუერთდით სხვა საჯარო სამსახურებს. რამდენიმე დღეში ვიღებ ინფორმაციას, რომ უნდა ჩამოვშორდე ჩემ საქმიანობას, ამიკრძალეს მედიასთან ურთიერთობა, რასაც წლების განმავლობაში რუტინულად ვაკეთებდი.
გასული წლის 27 დეკემბერს გამათავისუფლეს… სიმართლე გითხრათ, ემოციურად ეს ჩემთვის იყო ამოსუნთქვა. შეიძლება არ იყო მუქარა, ღია შევიწროება და ასე შემდეგ, მაგრამ ვიცოდი, რომ თუნდაც სოციალურ ქსელს მიკონტროლებდნენ, ყოველთვის განცდა მქონდა იმის, რომ რაც არ უნდა მეთქვა, აუცილებლად მიდიოდა სადღაც, ვიღაცამდე, აი, ეს განცდა მომშორდა,“ – გვითხრა თაია მახარაშვილმა.

თაია მახარაშვილი
ემოციური ამოსუნთქვის პარალელურად ყოფილი საჯარო მოხელეს ფინანსური პრობლემები დაეწყო. რამდენიმე თვე საჯარო სამსახურიდან პროტესტის გამო გათავისუფლებულს ფონდები ეხმარებოდნენ, შემდეგ კი, კერძო სექტორში დასაქმდა. ის ერთ-ერთი საგანმანათლებლო პროექტის კოორდინატორია.
„მიხარია, რომ სწორი სამოქალაქო პოზიციის მქონე ადამიანების გვერდით მიწევს ამჟამად მუშაობა. ეს ჩემთვის გადამწყვეტია. მქონდა ისეთი შემოთავაზებები, რასაც უბრალოდ იმიტომ არ დავთანხმდი, ვიცოდი, რომ კომპანიის ხელმძღვანელობას ჰქონდა ჩემგან განსხვავებული სამოქალაქო პოზიცია. იმის მერე, რაც ჩვენ გადავიტანეთ საჯარო სამსახურში, ვფიქრობ, ეს დისკომფორტი ისევ აღარ უნდა შევუქმნა ჩემ თავს იმ საბაბით, რომ დასაქმებული ვიყო,“ – გვიყვება თაია მახარაშვილი.
თაია მახარაშვილი „საჯარო მოსამსახურეთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირის კონსტიტუციის 78-ე მუხლის” თანადამფუძნებელი და გამგეობის წევრია.
„პროტესტს ვერ გამოვხატავ იმიტომ, რომ გამათავისუფლებენ და უმუშევარი დავრჩები“ – რამდენად რეალურია საჯარო მოხელეების ეს შიში? – ვკითხეთ მას.
„გამიჭირდება არ დავეთანხმო. გამიჭირდება, თამამად ვუთხრა ვინმეს, რომ იოლია ამ გადაწყვეტილების მიღება. მე, პირადად, ძალიან გამიმართლა. თუ გავითვალისწინებთ ამ ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობას და დასაქმების ბაზარს, ვერ ვიტყვი, რომ იოლია დასაქმება. დასაქმების ბაზარი მაღალკვალიფიციური პროფესიონალებისთვის მით უმეტეს საკმაოდ მწირია და არ იძლევა დიდ შესაძლებლობებს. შესაბამისად, ვისაც საბანკო ვალდებულებები აქვს, მათთვის ამ გადაწყვეტილების მიღება რთულია.
ბიზნესიც, მე როგორც ვაკვირდები, საკმაოდ დიდი წნეხის ქვეშ არის. გამიგია, ვთქვათ, ყოფილი საჯარო მოსამსახურეებისგან, რომ ბევრგან იბლოკებიან კერძო სექტორშიც.
და მაინც ვფიქრობ, რომ თუ ისინი წამოსვლას ვერ ახერხებენ საჯარო სამსახურიდან, ყველა საჯარო მოსამსახურეს შეუძლია, ვიდრე მუშაობს, ჰქონდეს თავისი სამოქალაქო პოზიცია და დააფიქსიროს ეს პოზიცია. სამუშაო სივრცეში რაღაც დოზით ამას ყველანი ყოველთვის ვახერხებდით და ვერ ვიტყვი, რომ ამის შესაძლებლობა არ არის.
თუმცა ეს ფონი, რაც ჩვენ მასობრივ გათავისუფლებებს მოყვა, რა თქმა უნდა, მათზე ახდენს გავლენას. ამის გამო უფრო იკავებენ თავს,“ – უთხრა „ბათუმელებს“ თაია მახარაშვილმა.
კითხვაზე – რა შემთხვევაში შეიძლება გააქტიურდეს ისევ საჯარო სექტორი, თაია მახარაშვილი ასე გვპასუხობს:
„არის რაღაც, რაც შეიძლება აიტანოს ადამიანმა გარკვეული დოზით და გაჩუმდეს, ვერ გაბედოს, მაგრამ არის მდგომარეობა და ბოლო ერთი წელია ზუსტად ეს მდგომარეობა გვაქვს, რომ უბრალოდ თუ გაქვს ღირსება, თუ გაქვს ნამუსი, არ ვიცი საერთოდ როგორ უნდა გაჩერდე? მე, პირადად, ალბათ თავად დავწერდი განცხადებას და წამოვიდოდი…
გასული წლის 28 ნოემბერს, როცა მოვისმინეთ ირაკლი კობახიძის განცხადება, ველოდი, რომ ამას საჯარო მოსამსახურეების ძალიან დიდი ნაწილი ვერ აიტანდა და უპასუხოდ არ გაატარებდა. მაგრამ ვერ მივიღეთ ის შედეგი, რაც უნდა ყოფილიყო. როგორც კი პეტიციაზე ხელმოწერა დაიწყო და 240 ადამიანამდე ავედით, დაიწყო სერიოზული ზეწოლა, რომ სხვებს არ მოეწერათ ხელი.
საჯარო სექტორში ბევრია პარტიული აქტივისტი, „ოცნების“ მომხრეები. ისინი ცდილობდნენ მსგავს სიტუაციაში, ასე ვთქვათ, მტრული გარემოს შექმნას ხელმომწერის მიმართ, მაგალითად, ერთ სამუშაო ოთახში პეტიციაზე ხელმომწერს აღარ ესალმებოდნენ. საშინლად მძიმე ფონი შეიქმნა. ამას ვინც უყურებდა, განსხვავებული აზრის მიუხედავად, უკვე გადაიფიქრა პეტიციაზე მოეწერა ხელი.
მაინც ვფიქრობ, რომ შეიძლება რომელიმე ერთ გადაწყვეტილებას – ჩვენ უკვე ყველაფერს ველოდებით „ქართული ოცნებისგან“ – მოჰყვეს ისევ რაღაც და იფეთქოს ერთიანად პროტესტმა. ამის შესაძლებლობა ყოველთვის არსებობს საჯარო სექტორში.
ქვეყანაშიც არსებობს ამის შესაძლებლობა, რომ ერთმა გადაწყვეტილებამ მთლიანად ჩამოშალოს სისტემა. უბრალოდ, ეს ჯერჯერობით არ მომხდარა,“ – გვითხრა თაია მახარაშვილმა.
___
ამავე თემაზე:
„ბრძოლა ბოლომდე“ – პროევროპული პროტესტის ერთი წლის ქრონიკა საქართველოში






