ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ „ქართულმა ოცნებამ“ გონიოს ყოფილი სამხედრო პოლიგონის განვითარებაზე მორიგი გეგმა დააანონსა, თუმცა არჩევნების შემდეგ ამ ადგილის „განვითარება“ არავის გახსენებია.
ბათუმი-სარფის გზას, ზღვასა და მდინარე ჭოროხს შორის მოქცეული ყოფილი პოლიგონის ტერიტორია, რომელიც დღეს გამოუყენებელია, 276 ჰექტარია და ის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაშია.
„ჩემი დავალებით მთავრობა მუშაობს, მათ შორის აჭარის ადგილობრივი ხელისუფალი ბატონი თორნიკე, ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად. გვაქვს შემდეგი ხედვა, რომ გონიოს ყოფილი პოლიგონის ადგილზე უნდა შეიქმნას სპეციალურ ეკონომიკური ზონა თავისი ფინანსური ცენტრით. რეალურად ახალი ქალაქის მშენებლობას ეხება აღნიშნული პროექტი და იდეა“, – განაცხადა 2021 წლის 17 აგვისტოს ქვეყნის მაშინდელმა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ღარიბაშვილი დღეს პრემიერი აღარაა, თუმცა ადგილზეა „აჭარის ადგილობრივი ხელისუფალი ბატონი თორნიკე“, რომლის მთავრობისგანაც ვცადეთ გაგვეგო, რა ეტაპზეა „მუშაობა გონიოს ყოფილ პოლიგონთან“ დაკავშირებით.
ინფორმაციის მოწოდებას „ბათუმელებს“ ორი კვირის წინ როგორც აჭარის მთავრობის, ისე ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურშიც დაგვპირდნენ. თუმცა, არც მთავრობისგან და არც სამინისტროსგან ინფორმაცია ამ დრომდე არ მიგვიღია.
წინასაარჩევნოდ გაკეთებული განცხადებებიდან დღემდე, ერთადერთი, რაც ყოფილ პოლიგონთან დაკავშირებით გაკეთდა მხოლოდ ისაა, რომ ამ ტერიტორიაზე დაჭაობებული ადგილების განსაზღვრის მიზნით აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ 2022 წელს ტენდერი გამოაცხადა.
„საინვესტიციო ტერიტორიაა და დასაზუსტებელია, რა მოცულობისაა დაჭაობებული ადგილები. ეს საჭიროა, რათა დადგინდეს მიწის საბაზრო ღირებულება“, – უთხრეს მაშინ „ბათუმელებს“ სამინისტროში. ტერიტორიის გეოფიზიკური კვლევის მასალები სამინისტრომ იმავე წლის დეკემბერში ჩაიბარა.
ამ ტერიტორიას „განახლებული გეგმებით“ ალბათ მთავრობა მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების წინაც გაიხსენებს.
გონიოს ყოფილი პოლიგონის ტერიტორიაზე ხელისუფლებამ პოტენციური ინვესტორების მიყვანა წლების წინ დაიწყო.
საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს დაკვეთით, ჯერ კიდევ 2017 წელს მომზადდა აღნიშნული ტერიტორიის განვითარების კონცეფცია და ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა. თუმცა ეს კვლევა მთავრობას არაფერში გამოუყენებია.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში კი 2019 წელს „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ეს იყო „ერთი კერძო კომპანიის მოსაზრება და არა სახელმწიფო მიდგომა“. შესაბამისად, ე.წ. „გონიოს პოლიგონის“ და მიმდებარე ტერიტორიის განვითარების კონცეფციაზე თავად მუშაობდნენ.
თუმცა, ყოფილი პოლიგონის ტერიტორიის განვითარების გეგმა-კონცეფცია არც 2021 წელს არსებობდა, როცა წინასაარჩევნოდ, მაშინდელმა პრემიერმა დააანონსა, რომ „გონიოში აშენდება ახალი ქალაქი კაზინოებითა და ბანკებით.“:
ყოფილი პოლიგონის ტერიტორიიდან 6 ჰექტარი აჭარის სამინისტროს, სარგებლობის უფლებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსთვის აქვს გადაცემული.
შსს-ს მომსახურების სააგენტო აქ ახალი ოფისის და საგამოცდო მოედნის მშენებლობას გეგმავს, რისთვისაც 24 მილიონ 977 ათას 500 ლარით 2024 წელს ტენდერიც ჰქონდა გამოცხადებული. პირობის მიხედვით, სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 1005 დღეში [დაახლოებით 3 წელში] უნდა დასრულებულიყო.
თუმცა „მომსახურების სააგენტოს შენობების მშენებლობისა და საგამოცდო მოედნების მოწყობისთვის დეტალური პროექტის მომზადებასა და მშენებლობაზე“ გამოცხადებული ტენდერი არ შედგა. მასში მონაწილეობა არავინ მიიღო. ხელახალი ტენდერი კი სააგენტოს ჯერ არ გამოუცხადებია.
ამავე თემაზე: