დღეს, 28 ნოემბერს, ზუსტად ერთი წელი სრულდება, რაც საქართველოში პროევროპული აქცია უწყვეტად იმართება. საპროტესტო აქცია დღესაც გაიმართება თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა ქალაქში.
პროევროპული აქციის მონაწილეები ბათუმში დღესაც საკონსტიტუციო სასამართლოსთან შეიკრიბებიან. შესაძლოა, გაიმართოს საპროტესტო მსვლელობაც. აქცია საღამოს 7 საათზე დაიწყება.
„უკვე 1 წელია ბათუმში არც ერთი დღე არ ყოფილა პროტესტის გარეშე. ვინც ყოველდღე ვერ ახერხებთ ან დიდი ხანია აქციაზე არ ყოფილხართ, დღეს ერთ-ერთი ისეთი დღეა, როცა გარეთ ბევრი უნდა ვიყოთ, როგორც 1 წლის წინ ვიყავით,“ – აღნიშნულია აქციის ანონსში.
პროევროპული აქციის მონაწილეები, პირველ რიგში, სინდისის ტყვეების გათავისუფლებას ითხოვენ. აქციის უცვლელი მოთხოვნაა ანტიკონსტიტუციური, არალეგიტიმური ხელისუფლების გადადგომა და საპარლამენტო არჩევნების ხელახლა ჩატარება დემოკრატიულ და სამართლიან გარემოში.
პროევროპული აქცია 2024 წლის 28 ნოემბერს დაიწყო, როცა „ოცნების“ მთავრობის პრემიერმა განაცხადა, რომ აჩერებს ევროინტეგრაციის კურსს.
ფოტოზე: 1-ელი დეკემბერი, 2024 წელი, საპროტესტო აქცია ბათუმში. ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან
ამ თემაზე:
ერთი ამბავი აქციიდან, სადაც მთელი წელია დავდივარ – „ვხედავდი, როგორ აბიჯებდნენ ადამიანები შიშს“






