ბათუმის ზღვისპირა ზოლში განთავსებულ 10 ახალ სტაციონარულ საგუშაგოს მერია შსს-ს გადასცემს. ამ საგუშაგოების [სამაშველო კოშკურების] მოწყობაში ქალაქის ბიუჯეტიდან 338 ათას 223 ლარი დაიხარჯა. ქონების გადაცემის საკითხს ბათუმის საკრებულო 1-ელი დეკემბრის სხდომაზე განიხილავს.
10 ახალი სამაშველო კოშკურა, ექსპერტიზის დასკვნის დოკუმენტის მიხედვით გადანაწილებულია კვარიათის, გონიოს, ბათუმის ახალი და ძველი ბულვარის, ასევე მახინჯაურისა და მწვანე კონცხის პლაჟებზე.
„სტაციონალური საგუშაგოების შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება-საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისათვის უსასყიდლოდ სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებით“ განკარგულების პროექტის განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ:
2025 წლის 17 ოქტომბერს სამაშველო სამსახურმა წერილობით მიმართა ბათუმის მერიას „რომელშიც აღნიშნულია, რომ ზღვისპირა ზოლში დასრულდა სამაშველო კოშკურების მშენებლობის სამუშაოები. შესაბამისად, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ითხოვს 10 ცალი სამაშველო კოშკურის არსებობის ვადით უსასყიდლოდ სარგებლობაში გადაცემას.“
ამავე განმარტებით ბარათში აღნიშნულია ასევე, რომ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა „2025 წლის 22 აპრილის ბრძანებით ბათუმის მუნიციპალიტეტს საკუთრებაში გადმოეცა სტაციონალური საგუშაგოების მოწყობის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია, აღნიშნული დოკუმენტაცია კი სამუშაოების შესყიდვის მიზნით გადაეცა მერიის საქალაქო ინფრასტუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს“.
„აღნიშნული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციით განხორციელდა საგუშაგოების მოწყობა და საქალაქო ინფრასტუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ შესაბამისი ბრძანებით ინფრასტრუქტურული სამუშაოები გადმოსცა მუნიციპალიტეტს საკუთრებაში.“

ბათუმის მერიის მიერ მოწყობილი საგუშაგოები, რომლებიც სამაშვლო სამსახურს უნდა გადასცეს [დოკუმენტების მიხედვით სულ ასეთი 10 საგუშაგო მოეწყო. ერთ ასეთ საგუშაგოში ბათუმის ბიუჯეტიდან 33 ათას 822 ლარი და 30 თეთრია გადახდილი] / ფოტო ექსპერტიზის დასკვნიდან
ბათუმის მერიის კეთილმოწყობის სამმართველომ ამჯერად 10 საგუშაგოს მოწყობაში 338 ათას 223 ლარი გადაუხადა ტენდერში გამარჯვებულ შპს „თი ემ ეს ქონსტრაქშენს“. ტენდერი სამმართველოს 390 ათას 243 ლარით ჰქონდა გამოცხადებული:
ბათუმის მერია სანაპიროზე 300 ათასი ლარად საგუშაგოებს მოაწყობს და შსს-ს გადასცემს






