დღეს, 30 ნოემბერს, სროლა იყო ქუთაისში, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსთან.
უცნობმა პირმა სამი ადამიანი დაჭრა და მიიმალა. დაჭრილები სასწრაფო დახმარების სამსახურმა კლინიკაში გადაიყვანა.
დაჭრილთაგან ერთი დაიღუპა, ორს კი შესაბამისი მკურნალობა უტარდება.
“ქუთაისში, გამსახურდიას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება, ორი ან მეტი პირის მიმართ, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყეს.
გამოძიების ამ ეტაპზე დაუდგენელმა პირმა, ქუთაისში გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ კორპუსთან, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრა სამი პირი: 1970 წელს დაბადებული შ.ყ., 1979 წელს დაბადებული ი.რ. და 1983 წელს დაბადებული ი.გ. და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამივე დაჭრილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლებმა კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მიღებული დაზიანებების შედეგად ერთ-ერთი მათგანი – შ.ყ. გარდაიცვალა.
დამნაშავე პირის დადგენისა და დაკავების მიზნით სამართალდამცველები აქტიურ საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ,” – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანახმად, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.






