მთავარი,სიახლეები

„გვასალია მხოლოდ 500 ლარით დააჯარიმეს, ეს შერჩევითი სამართალია“ – აქტივისტი, რომელსაც რწმუნებულმა აგინა

28.11.2025
„გვასალია მხოლოდ 500 ლარით დააჯარიმეს, ეს შერჩევითი სამართალია“ – აქტივისტი, რომელსაც რწმუნებულმა აგინა

სამეგრელო-ზემო სვანეთის რწმუნებულის ადმინისტრაციის უფროსი, ლაშა გვასალია, ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ 500 ლარით დააჯარიმა, „დროას“ წევრის – მარიამ სიჭინავას და ზუგდიდელი სხვა აქტივისტების არაერთგზის შეურაცხყოფისთვის.

როგორც მარიამ სიჭინავა „ბათუმელებთან“ ამბობს, შემთხვევა რამდენიმე თვის წინ მოხდა, თუმცა პოლიცია საქმეს არ იძიებდა.

რამდენად სამართლიანია საჯარო მოხელის 500 ლარით დაჯარიმება, მაშინ როცა, აქტივისტებს ტროტუარზე დგომის გამო ადმინისტრაციულ პატიმრობას უსჯიან  ან 5 000 ლარით აჯარიმებენ? – ვკითხეთ მარიამ სიჭინავას.

მისი თქმით, რა თქმა უნდა, საქმე გვაქვს შერჩევით სამართალთან.

„ბუნებრივია, შერჩევითი სამართალია, რადგან ჩვენ ჯერ კიდევ შარშან, იანვრის თვეში გვქონდა მსგავსი შემთხვევა ამ კაცთან, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ პოლიციას მივმართე განცხადებით, მიეღოთ შესაბამისი ზომები იმ საქმეზე. ახლა, უბრალოდ, ვაიძულეთ, რადგან ყოველდღე ვეკითხებოდით: რა ხდება?, მიმდინარეობდა თუ არა გამოძიება.

ამ ყოველდღიურმა კითხვებმა, როგორც ჩანს, ძალიან შეაწუხათ და მიიღეს ზომები. თუმცა უნდა აღვნიშნო, რომ თვითონ პოლიციელებიც შეურაცხყოფილნი იყვნენ, რადგან ლაშა გვასალია ისე იქცეოდა, თავისუფლად შეიძლებოდა მისი დაკავება 173-ე მუხლით, რაც გულისხმობს პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას:

ფაქტის ამსახველ ვიდეოში თვალნათლივ ჩანს, რომ ის პოლიციელის რამდენიმე მოწოდებას, ჩაჯდეს მანქანაში, არ დაემორჩილა. პოლიციელებს მოუწიათ ძალის გამოყენებით ჩაესვათ გვასალია მანქანაში.

ამიტომ, იძულებულები გახდნენ, რომ ახლა დაეჯარიმებინათ“, – ამბობს მარიამ სიჭინავა.

ზუგდიდში საპროტესტო აქციები, ისევე როგორც ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში მას შემდეგ დაიწყო, რაც 28 ნოემბერს „ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გამოაცხადა, რომ აჩერებდნენ ევროინტეგრაციის პროცესს.

მარიამ სიჭინავა ამ აქციების მუდმივი მონაწილეა.

________________

მთავარი ფოტო: აქტივისტი მარიამ სიჭინავა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რწმუნებულის ადმინისტრაციის უფროსი ლაშა გვასალია.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: