მთავარი,სიახლეები

ერთი ამბავი აქციიდან, სადაც მთელი წელია დავდივარ – „ვხედავდი, როგორ აბიჯებდნენ ადამიანები შიშს“

27.11.2025 •
ერთი ამბავი აქციიდან, სადაც მთელი წელია დავდივარ – „ვხედავდი, როგორ აბიჯებდნენ ადამიანები შიშს“

2025 წლის 28 ნოემბერს ზუსტად ერთი წელი სრულდება, რაც საქართველოში უწყვეტი საპროტესტო აქციები დაიწყო. აქციების რამდენიმე მონაწილეს ერთი კონკრეტული ამბის, ეპიზოდის, დიალოგის გახსენება ვთხოვეთ, რაც ყველაზე მეტად დაამახსოვრდათ ამ ერთი წლის განმავლობაში.

უწყვეტი პროტესტიდან ყველას თავისი მთავარი, ერთგვარად გარდამტეხი ამბავი აქვს.

  • „ჩაპლინის ფილმივით ვუყურებდი პროცესს ფანჯრიდან. მაშინ გავიაზრე, რომ შინაგანი რწმენა უმთავრესია… “

„მთავარია შინაგანი რწმენა, რომ მართალი ხარ. თუ ეს რწმენა გაქვს, ვერაფერს დაგაკლებენ, ციხეშიც თავისუფალი იქნები,“ – თავის დაკვირვებას გვიზიარებს ბათუმის პროევროპული აქციების ერთ-ერთი აქტიური მონაწილე, რუსა ვარშალომიძე.

რუსა პოლიტიკური პატიმრების ერთ-ერთ სასამართლო სხდომას იხსენებს:

„ზუსტი თარიღი არ მახსოვს, მაგრამ თბილისის საქალაქო სასამართლოში მივედი 11 დაკავებული ბიჭის პროცესზე დასასწრებად… იმ დღესაც ხალხმრავლობა იყო. მიხაროდა, ამდენი ადამიანი დადის სინდისის პატიმრების პროცესებზე-მეთქი.

მივადექი ანატოლი გიგაურის პროცესს. დაწყებული იყო პროცესი. ვეღარ შევიდოდი. იქვე დავდექი და კარზე დატანილი ფანჯრიდან ვუყურებდი პროცესს. ხმა არ მესმოდა, მაგრამ ანატოლის თითოეულ სიტყვას ვგრძნობდი. ეს ადამიანი თავის სათქმელს გადმოსცემდა უხმოდ. მეგონა, რომ ჩაპლინის ფილმს ვუყურებდი. გიგაური იყო პერსონაჟი, მოსამართლე მანტიაში გახვეულიყო და იჯდა. მოსამართლე, რა თქმა უნდა, ბრჭყალებში. ვხედავდი პატარა დარბაზს, რომელიც ცარიელი იყო, გამოყოფილი ადგილიდან საუბრობდა ბრალდებული, ვისი ხმაც მე არ მესმოდა…

მალე დასრულდა პროცესი. დარბაზიდან გამოდის გამწარებული ჩვენი თანამებრძოლი – ია მელითაური. ჩვენ ხომ პროცესებზე მხოლოდ სოლიდარობის გამო დავდივართ… დღესაც სოლიდარობის გამო ვიყავი, მაგალითად, ზურა ჭავჭანიძის პროცესზე. არავის არ ჰქონია მოლოდინი, რომ გაუშვებდნენ.

კართან ვდგავარ გაშეშებული, თავჩახრილი, რომ დამაგვიანდა. უცებ ჩემთვის უცნობი მანდატური მოდის: იქეთ გადადით! – ამას ისეთი ტონით ამბობს, რომ მსგავსი ტონით როცა მომმართავენ, იმასაც არ ვაკეთებ, რაც სავალდებულოა. ზურგზე მადებს ხელს რაღაცნაირად, მქაჩავს და წინ მივდივარ, გაოგნებული ვუყურებ, მაგრამ უკიდეგანოდ მშვიდი ვარ. დაჟინებული ვუყურებ ამ კაცს და იქვე სკამზე ვჯდები. ეს კაცი იწყებს წარმოუდგენელი სიტყვებით ჩემს ლანძღვას. ეს ყველაფერი იმდენად არაადეკვატურია და მე არ მეკუთვნის, არ მოდის ჩემამდე, ვისხლეტ.

ხმაურზე სხვა მანდატურებიც მორბიან, მაგრამ ვერ ხვდებიან, რაშია საქმე. ეს კაცი ყვირის უკვე. მე ვზივარ სკამზე ჩუმად.

ცოტა მომბეზრდა ამ კაცის ლანძღვის მოსმენა და ყურსასმენს ვიკეთებ. ეს კაცი უარესად აყვირდა და მანდ უკვე გამეცინა. მივხვდი, რომ გავიმარჯვე იმ კონკრეტულ მომენტში. ერე გავიგე, რომ ეს კაცი დავით მატიაშვილი იყო, მანდატურების უფროსი. არ მიჩივლია მაშინ და არც კადრების ამოღება მომითხოვია.

მერე განვაზოგადე, რომ ასეა სისტემაც: პროტესტს ებრძვიან სხვადასხვა მეთოდით. ჩემი ეს ისტორია იმდენად პრიმიტიულია, რომ ვერავის მოვუყევი აქამდე, მაგრამ სისტემა გვებრძვის, მათ შორის, ფსიქიკის დაზიანებით, ემოციური გამოფიტვით. დამუშავებული აქვთ ადამიანების რეაქციები და მანიპულირებენ. ჩვენ, სამწუხაროდ, ამ მანიპულაციების მსხვერპლი რაღაც შემთხვევაში ვხდებით… ადამიანები ვართ.

სასამართლოს ფოიეში ვდგავარ, სადაც მოსაცდელია, სკამებია, მინდა დავჯდები, დაველოდები, ან იქვე ვიდგები, მაგრამ ასე მოეხასიათა, ჩათვალა, რომ მის ხელშია ძალაუფლება და შეუძლია გამოავლინოს. ჩემი აზრით, ეს არის კომპლექსების, ძველი ტრავმების გამოვლენა, მათ შორის, ბავშვობისდროინდელი კომპლექსების, რომელსაც შემდეგ მთელ ქვეყანას ანთხევენ…

მაგრამ სისტემა აგონიაშია, როცა წყლის ჭავლს აქციის მონაწილე ცეკვით ხვდება, ან მოსამართლეს სინდისის პატიმრები – ღიმილით,“ – გვითხრა რუსა ვარშალომიძემ.

რუსუდან ვარშალომიძე

რუსა ვარშალომიძე მიიჩნევს, რომ წინააღმდეგობა ეპოქალური პერიოდია და ამ ეტაპის გადალახვის გარეშე ვერ ვიქცევით „შემდგარ საზოგადოებად“.

„თუ გვინდა, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში ჯანსაღ საზოგადოებად ვიქცეთ, ჩვენ ბევრად უარესი პერიოდი გველის. ჩვენ ამის რესურსი გვაქვს, მაგრამ ეს რესურსი ინდივიდუალურია. თუ ამის კონსოლიდაცია ვერ მოხერხდა, მარცხისკენ წავალთ, მაგრამ თუ შევძლებთ გაფანტული, ინდივიდუალური ძალების გაერთიანებას, გამარჯვება გარდაუვალია,“ – მიიჩნევს რუსა ვარშალომიძე.

  • „იცით, ჩემს პოსტერზე რა ეწერა?“ 

ზუგდიდელ აქტივისტს ცაბუნია ვართაგავას ყველაზე მკაფიოდ 2025 წლის 9 აპრილის აქცია ახსოვს ზუგდიდში. „ოცნების“ ადგილობრივ მთავრობას ზუგდიდსა და საქართველოს სხვა ქალაქებშიც მოქალაქეები 9 აპრილის მემორიალთან საპროტესტო გზავნილებით დახვდნენ.

„ზუგდიდის უწყვეტი აქციიდან უამრავი დასამახსოვრებელი ამბავი მახსოვს: ჯარიმები, დაჭერები, ვერდაჭერები, როცა დასაჭერად ჩვენს თანამებრძოლს ხელს ჰკიდებდნენ და იმდენი ადამიანი შემოვეკვრებოდით გარს, ვეღარ მიჰყავდათ, მაგრამ ყველაზე მძაფრი ალბათ 9 აპრილი იყო. დღე, როდესაც ყველაზე მძაფრად ვიგრძენი, რის გამკეთებელი იყო ადგილობრივი პოლიცია, თუ ბრძანებას მიიღებდა,“ – გვიყვება ცაბუნია ვართაგავა.

ცაბუნია ვართაგავა

,,ბოლო წამამდე გულუბრყვილოდ მეგონა, რომ რამდენიმე ასეული პოლიციელი 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალთან პატივის მისაგებად მივიდა. რეალობას მაშინ ჩავხედე თვალებში, პოსტერი რომ ძალის გამოყენებით ჩამომაწევინეს. მერე ყველაფერი ერთმანეთში აირია: ჩემ გვერდით მდგომ გოგონას მუშტები ურტყეს და ისე გაიყვანეს „უსაფრთხო” ადგილისკენ, ჩემი ორსული მეგობარი ანჯღრიეს, ჩვენი აქციის მონაწილე ქალი დაბლა დააგდეს, საბოლოო ჯამში კი ორ ნაწილად დაგვყვეს და ცალ-ცალკე ქუჩებით გაგვრეკეს.

სიტყვა „გაგვრეკეს“ შემთხვევით არ მიხსენებია. სამხარეო პოლიციის უფროსი რუსულ-მეგრულად სწორედ ამ ბრძანებას გასცემდა – „დავაი, დორაი” [მიდი, გარეკე].

ნახევარ საათში პოლიციელები გაბრუნდნენ და წავიდნენ. მერიის თანამშრომლებმა სოციალურ ქსელში დასადები ფოტოები გადაიღეს და წავიდნენ. ფოტოების გადაღებამდე ჩვენი გაფენილი ევროკავშირის და უკრაინის დროშები გადაუმალავთ, თუმცა, ერთ-ერთ ფოტოზე მაინც გამოუჩნდათ, მათ მისვლამდე მისული სხვადასხვა სკოლის მოსწავლეების მიტანილი თითო-თითო ტიტა თაიგულად შეუკრავთ და სანთლები მოუხსნიათ, რომ ფოტოზე ლამაზად გამოჩენილიყო.

ჩვენ 9 აპრილის მემორიალთან მაინც დავბრუნდით, ჩალურჯებებით და შეურაცხყოფილები. ერთ-ერთი მონაწილისთვის სასწრაფოს გამოძახება გახდა საჭირო. მთავარი ემოცია შემდეგ წამოვიდა, როცა ამ ყველაფრის გადააზრება დავიწყე: ჩვენი ქვეყნის პოლიცია რომ 9 აპრილს თავისივე მოქალაქეებს არბევს მემორიალთან. ამაზე ცუდი არც ვიცი, რა უნდა დაგვემართოს, როგორც ერს.

მაგრამ მე პოსტერი ისე მქონდა ჩაბღუჯული, ხელი არ გამიშვია: დაიჭმუჭნა, დაიფლითა და რომ გავშალე, წარწერა მაინც იკითხებოდა. იცით, ჩემს პოსტერზე რა ეწერა?: „მერცხალი რომ კიდეც მოჰკლა, მაინც მოვა გაზაფხული…”

  • „ეს იყო რაღაც ბარიერის გარღვევა – მაუწყებელზე გაისმა ხალხის ხმა“ 

„ყველაზე დასამახსოვრებელი მაინც 30 ნოემბერი იყო, როცა პირველი შეხლა-შემოხლა მოხდა საზოგადოებრივ მაუწყებელთან. ეს იყო წინააღმდეგობის გაფართოების მაგალითი,“ – გვიყვება გოტა ჭანტურია, მოძრაობა „საზმაუს მარშის“ ერთ-ერთი ლიდერი.

გოტა ჭანტურია ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ წინააღმდეგობის პროცესში მნიშვნელოვანია ე.წ. ხელისუფალს ძალაუფლების ბერკეტები გამოაცალო, „ოცნების“ ანტიკონსტიტუციური ხელისუფლების ერთ-ერთი საყრდენი კი, პროპაგანდაა.

გოტა ჭანტურია

„ეს ყველაფერი ძალიან ემოციური იყო იმ გაგებით, რომ იქვე ვიყავი და მთხოვეს დახმარება – რუპორის პრობლემა არსებობდა. მე პატარა რუპორი მქონდა და ის მივიტანე. ამ მოულოდნელობასაც თავისი ეფექტი ჰქონდა. ემოციური იყო, რომ ფაქტობრივად მთელი საქართველო მაშინ რამდენიმე საათით საზოგადოებრივ მაუწყებელს იყო მიჩერებული და უყურებდა.

მართლა პირველად გაისმა მაუწყებელში სიმართლის ხმა. ეს იყო რაღაც ბარიერის გარღვევა. ამაღელვებელი განწყობა იყო. ამაყი ვიყავი.

საზოგადოებრივ მაუწყებელსაც ნიღაბი ჩამოვხსენით იმიტომ, რომ ის დიდი ხანი ცდილობდა შეფარული პროპაგანდა ეწარმოებინა, მაგალითად, „Post TV“-გან და „იმედისგან“ განსხვავებით. დიდი ხანი ახერხებდა საზოგადოებრივი მაუწყებელი საზოგადოების კრიტიკას და რისხვას ასცდენოდა.

ეს იყო გამარჯვების დღეც, როცა ჩვენ მართლაც დაგვითმეს მაუწყებლის ეთერი. წლების მანძილზე პირველად გაისმა საზოგადოებრივ მაუწყებელზე ხალხის ხმა. ძალიან მრავალფეროვანი იყო ეს ხმები: სხვადასხვა შეხედულების, ასაკის, სოციალური სტატუსის ადამიანები საუბრობდნენ.

ერთია, ამ პროტესტმა აჩვენა ის, რომ პროტესტი არაა მხოლოდ რუსთაველზეა, პროტესტი საყოველთაოა. მეორეა ის, რომ შემოიტანა სოციალური თემატიკა, პროტესტის შინაარსი გაფართოვდა. ფაქტობრივად, ძალიან მნიშვნელოვანი საპროტესტო კერა გაჩნდა,“ – გვითხრა გოტა ჭანტურიამ.

  • „სულ მეხსომება, როდესაც გზის გადაკეტვისთვის დაწესებული პატიმრობის მიუხედავად, ადამიანები არ წყვეტდნენ გზაზე გადასვლას“ 

წინააღმდეგობაზე საუბრის დროს ყოფილი საჯარო მოხელე, ნატო ბოლქვაძე, პირველ რიგში საჯარო მოხელეების უპრეცედენტო გამბედაობაზე ამახვილებს ყურადღებას:

„საჯარო სამსახურის ისტორიაში პირველად საჯარო მოხელეებმა ღიად, მასშტაბურად და კოორდინირებულად დაგმეს მმართველი პარტიის ქმედება პეტიციების მეშვეობით. ეს მოხდა იმ ფონზე, რომ არ არსებობს პროფესიული კოლექტიური მეხსიერება, სადაც საჯარო სამსახური ასე მკაფიოდ გამიჯვნოდა მმართველ პარტიას და ასე ღიად დაეცვა სახელმწიფოს, ქართველი ხალხის პოზიცია.

ეს არის ისტორია, რომელიც კიდევ მეტად თავისუფალ და დამოუკიდებელ საჯარო სამსახურს შექმნის მომავალში,“ – დარწმუნებულია საჯარო მოხელე, რომელიც პროტესტის გამოხატვის შემდეგ სამსახურიდან გაათავისუფლეს.

ნატო ბოლქვაძე

„ქართულმა ოცნებამ“ ყველას გათავისუფლება, ცხადია, ვერ შეძლო და ამ ადამიანების ნაწილი კვლავ რჩება საჯარო სამსახურში. ასევე, დღეს ჩვენ გვყავს სისხლის სამართლის წესით დაკავებული მოქმედი საჯარო მოხელე, თორნიკე თოშხუა.

მოქმედ მოხელეთა განწყობის გასაგებად მოგიყვანთ ერთ მაგალითს: რამდენიმე დღის წინ, ჩემს კოლეგა მოქმედ საჯარო მოხელეებთან ვსაუბრობდი და როდესაც სამსახურში დარჩენა-წამოსვლაზე დავიწყეთ მსჯელობა, მაშინ ჩემმა ერთმა მოქმედმა კოლეგამ თქვა: მე შემიძლია წამოვიდე, მაგრამ როგორ დავუტოვოთ სისტემა მათ? ამით ხომ ხელს შევუწყობ პარტიის მიერ საჯარო სამსახურის მისაკუთრებასო,“ – გვიყვება ნატო ბოლქვაძე.

უშუალოდ საპროტესტო აქციებიდან რომელი მომენტი იყო ყოფილი საჯარო მოხელისთვის მნიშვნელოვანი?

„განსაკუთრებით ემოციური იყო, როცა ვხედავდი როგორ აბიჯებდნენ ადამიანები საკუთარ შიშებს.

ერთ ჩემს კოლეგას გავიხსენებ, როდესაც კიდევ უფრო მძიმე რეპრესიული კანონმდებლობა ამოქმედდა, რომლითაც გზის გადაკეტვისთვის, პირბადის ტარებისა და სხვა ქმედებებისთვის დააწესეს პატიმრობა, მახსოვს, შიდა ჩატში საუბრისას ჩემი კოლეგა, რომელიც პროტესტის აქტიური მონაწილე იყო მისი დაწყების დღიდან, გვწერდა, მეშინია გამოსვლა და ვტირი, რომ მეშინია და ვერ გამოვდივარო….

ამის მიუხედავად, მეორე დღიდან ეს ადამიანი ისევ ჩვენთან ერთად იდგა.

სულ მეხსომება ამბავი, როდესაც გზის გადაკეტვისთვის დაწესებული პატიმრობის მიუხედავად, ადამიანები არ წყვეტდნენ გზაზე გადასვლას და ყოველდღე ვხედავდი სრულიად ახალ და უცხო სახეებს, რომლებიც ღიად, სახის დაუფარავად გადადიოდნენ გზაზე და მათი შეურიგებელი გამბედაობით ჯიუტად იცავდნენ პროტესტის კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებას. ისინი უბრალოდ დიდებული ადამიანები არიან.

განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ტროტუარზე მყოფი ადამიანებსა და გზაზე გადასულებს შორის ემოციური კავშირი ტროტუარიდან და პირიქით – გზიდან, როდესაც გზაზე გადასულებს ტროტუარზე მყოფნი ამხნევებდნენ შეძახილებით, ხოლო გზიდან გადმოსვლის შემდეგ მათი სხეულებით, ქოლგით, დროშით თუ სხვა საშუალებით იფარავდნენ, რათა პოლიციას არ მისცემოდა საშუალება, ეს ადამიანები ამოეცნო და დაეკავებინა.

როდესაც ამ ამბებს გავიხსენებ, პირველი, რასაც ვიფიქრებ, ალბათ იქნება, რომ ადამიანებმა გავიაზრეთ, რომ დღევანდელი ჩრდილი გუშინ დარგული ხის შედეგია, ხვალინდელი ჩრდილისთვის კი, დღეს არის ხის დარგვა აუცილებელი. სწორედ ამიტომ, გვაქვს უპრეცედენტო ხანგრძლივობისა თუ მასშტაბის პროტესტი, რასაც გასული 1 წლის განმავლობაში ვხედავთ და მძიმე რეპრესიული კანონების მიუხედავად, დასრულებას პირი არ უჩანს,“ – გვითხრა ნატო ბოლქვაძემ.

  • „თურმე ძალიან მდიდარი ადამიანი ვარ“

„ხელი გაუშვით, ჩემი შვილია“ – ეს ფრაზა ერთ დედას ეკუთვნის აქციიდან, მაგრამ ვინც დღეს გარეთ დგას და ბრძოლას აგრძელებს ყველა ის „დედაა“, რომელიც მის „შვილს“ ხელს არ უშვებს“, – ერთ-ერთ საპროტესტო აქციას იხსენებს ჟურნალისტი ნინია კაკაბაძე.

„გარდამტეხი თავად 28 ნოემბერი იყო, ალბათ. ამის შემდეგ ერთნაირად მძიმე პერიოდია, „ოცნება“ უკან არ იხევს და რაც დრო გადის, მეტად ვშორდებით იმ მომავლის იდეას, რომლისკენაც ამდენი წელია მივბობღავთ.

ნინია კაკაბაძე

ორი რამეა, რაც გვაძლებინებს. პირველი და მთავარია ერთმანეთი, ერთად დგომა, ერთმანეთისთვის ბრძოლა… ეს არის სწორედ ის მთავარი ფაქტორი, რაც ამ უკანასკნელ წელს შევიძინეთ – ერთმანეთი! თურმე ძალიან მდიდარი ადამიანი ვარ. იმაზე გაცილებით მეტი მეგობარი, ახლობელი მყავს, ვიდრე ოდესმე წარმოვიდგენდი.

მიუხედავად ყველაფრისა, ყველას გვქონია სისუსტის მომენტები, ყველას გვიფიქრია – წავიდე, სანამ დამიჭერენ, გავჩუმდე, ჩემთვის გავაგრძელო ცხოვრება… მაგრამ ამის უფლებას ის პოლიტიკური ტყვეები არ გვაძლევენ, რომლებიც ციხეში არ გატყდნენ.

უკლებლივ ყველა მათგანი არის სიმტკიცის ისეთი მაგალითი, რომელიც არასდროს მოგვცემს დანებების უფლებას,“ – ამბობს ნინია კაკაბაძე.

  • „გამთენიისას სპეცრაზმი დაიძრა მელიქიშვილის მიმართულებით…“ 

„გამთენიისას ილია ჭავჭავაძის გამზირიდან სპეცრაზმი დაიძრა მელიქიშვილის მიმართულებით,“ – საჯარო მოხელე არჩილ მამულაშვილი, რომელიც დღესაც პროევროპული აქციის მონაწილეა, გასული წლის 19 ნოემბრის დილას იხსენებს:

„ჯენზის თაობას რომ ეძახიან, აქციის მონაწილე ბიჭი ეუბნება გოგოს: „ვიაროთ, თორემ თუ დამიჭირეს, ხომ ნახე ქაცარავას რა უქნეს?!“. იქვე მესმის ბიჭების საუბარი: „ნახე, ფორმებს ამოსაცნობი ნიშნებიც კი არ აქვთ. ცემით რომ მოგკლან, ვერც გაიგებენ ვინ იყო…“

სიამაყით მეკუმშება გული, იმაზე ფიქრით, თუ ეს ბავშვები რამხელა შიშის გადალახვას ახერხებენ, სანამ პროტესტის საჯაროდ გამოხატვას გადაწყვეტენ, თან ბოღმა მახრჩობს, რომ მომავალი თაობა საკუთარი ძალოვანი სამსახურებით ასე დააშინეს.

ჩემ მიერ გაკეთებული ეს ჩანაწერი ერთი სამასსამოცდამეხუთედია იმ ამბებიდან, რის მოყოლასაც ვისურვებდი ყველას გასაგონად. ბოლო ერთი წელი სავსეა მსგავსი ემოციური ამბებით,“ – გვეუნება არჩილ მამულაშვილი.

არჩილ მამულაშვილი

იგი ამბობს, რომ მისთვის პროტესტი 26 ოქტომბერს დაიწყო, როცა არჩევნებში „ოცნებამ“ საქართველოში 53,9% მიიღო, საზღვარგარეთ კი – 13.5%

„ამ მოცემულობის რაციონალური ახსნა არ არსებობს. ყველაზე ცხადად ამ გარემოებამ გააჩინა კითხვა არჩევნების ლეგიტიმურობის შესახებ.

სამწუხაროდ, დღეს უფრო მეტი საფუძველი გააჩნია ამ კითხვებს, რადგან „ოცნების“ მიერ საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილებით, ემიგრანტების არჩევნებში მონაწილეობის უფლება ძალიან ეფემერული გახდა – ყველას გვესმის, რომ უმეტეს შემთხვევაში ემიგრანტებისთვის საქართველოში არჩევნებისთვის დროებით დაბრუნება შეუძლებელი იქნება.

პროტესტში პირველ რიგში იმის გამო ვმონაწილეობ, რომ ვერ ვეგუები შექმნილ სიტუაციას. „ქართული ოცნების“ მიერ საკუთარ ხალხთან აღმართული ყრუ კედელი და შემოთავაზებული უსამართლო რეალობა არჩევანის საშუალებას არ მიტოვებს, გარდა პროტესტისა.

მწამს, დაუშვებელია მრავალი თაობის ისტორიული არჩევანი -დემოკრატია და საქართველოს ევროპული მომავალი სათუო გახდეს. ეს გზა ადვილი არასდროს ყოფილა. დღეს რუსთაველზე დგას ის ხალხი, ვისთანაც ყოველდღიური კონტაქტი მაძლევს მომავლის იმედს, გონიერი, უშიშარი და ერთიანი სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც ასე აკლდა ჩვენს ქვეყანას ყოველთვის.

ამ ხალხისთვის, ამ იდეისთვის ღირს ბრძოლა საქართველოს გამარჯვებამდე და ყოველთვის – გამარჯვებიის დასაცავად,“ – ამბობს არჩილ მამულაშვილი.

  • „სასამართლოს ფოიეში გამომელაპარა ერთი პოლიციელი…“

„რამდენი ახალი კანონიც მიიღეს, იმდენი ახალი კანონი ქართველმა ხალხმა რუსულ რეჟიმს გადაახია თავზე. მთავარი ამბავი არის ის, რომ ივანიშვილის დაჯგუფებამ ვერ შეძლო პროტესტი მოეკლა. ერთი წლის თავზეც კი, ადამიანები პროტესტს აგრძელებენ და ეს არ არის მარტო პროტესტი, ეს არის წინააღმდეგობა,“ – გვითხრა ზუგდიდელმა აქტივისტმა მარიამ სიჭინავამ, რომელსაც ყველაზე მნიშვნელოვანი დღის ან მომენტის გახსენება ვთხოვეთ წინააღმდეგობის ერთი წლიდან.

თავდაპირველად მარიამ სიჭინავას გაეღიმა, ჩემს დაკავებებსა და უთვალავ ჯარიმებში საინტერესო არაფერიაო, პაუზის შემდეგ კი, სასამართლოს ფოიეში პოლიციელთან გასაუბრება გაიხსენა:

„სასამართლოს ფოიეში ვიჯექი და გამომელაპარაკა ერთ-ერთი პოლიციელი: ახალ კანონებს გადახედეო. ვკითხე, რა კანონებს-მეთქი და აი, რაც ასკ-ის 174-ე მუხლს – შეკრება-მანიფესტაციის მუხლს ეხებაო. ეგრევე ამოვიღე ტელეფონი, ჩავსქროლე, გადავხედე ამ კანონებს. თავი რომ ამოვწიე ტელეფონიდან, ვუთხარი: ამ კანონებს ჩვენ ყველას დავარღვევთ-მეთქი.

როცა ჩვენ ამის გაკეთება დავიწყეთ უკვე დეკემბრის მიწურულს, ფაქტობრივად ნიჰილიზმი იყო უკვე აქციაზე – არა მარტო რეგიონებში, ცენტრშიც. გვინდოდა რაღაც, რაც იქნებოდა ამ პროტესტისთვის ახალი სუნთქვა.

შიშის გრძნობა არ ყოფილა.

ამბავი, რაც ამ ახალი კანონების მიღება-დარღვევას მოჰყვა, დაიწყო ზუგდიდიდან და დაიწყო ქალების პროტესტით, როდესაც ზუგდიდში სამმა ქალმა ყაველაშვილის ხელმოწერილი კანონების მიღების მეორე დღიდან დავიწყეთ დემონსტრაციულად ამ კანონების დარღვევა და ეს იყო წინააღმდეგობის მაჩვენებელი. ეს იყო ბალაკლავის აკრძალვა.

თუ სწორად მახსოვს, 27 დეკემბერს ღამე მოაწერა ხელი და 28 დეკემბერს აქციაზე ძალიან დემონსტრაციულად დავარღვიეთ ეს კანონი, მიუხედავად იმისა, რომ მაშინ ჩვენთან კომუნიკაციაში შემოვიდნენ ზუგდიდის პოლიციის მაღალჩინოსნები და გვთხოვეს, მოგვეხსნა ეს ნიღბები. მოვიდნენ ფორმის გარეშე და გვითხრეს, რომ ჩვენი დაჯარიმება მოუწევდათ იმ შემთხვევაში, თუ არ მოვიხსნიდით და ამის გაკეთება არ უნდოდათ, მაგრამ იძულებულები იქნებოდნენ, ეს გაეკეთებინათ.

ჩვენი პასუხი იყო, რომ: „იცით, რა არი? ჩვენ ჩვენს საქმეს ვაკეთებთ და თქვენ თქვენი საქმე გააკეთეთ.“

მარიამ სიჭინავა

პოლიციელები მაინც ცდილობდნენ იმ ხაზის დაცვას, რაც აი, პატარა ქალაქის სპეციფიკაა: ყველა ერთმანეთს ვოცნობთ და არსებობს წითელი ხაზები. მათი გზავნილი იყო, მოიხსენით, თორემ ამის გაკეთება მოგვიწევს,“ – გვიყვება მარიამ სიჭინავა.

სამოქალაქო აქტივისტი დარწმუნებულია, რომ პროტესტში ჩართული ჯგუფების ერთიანობის გარეშე არაფერი გამოვა.

„2019 წლიდან აქტიურად ვარ ამ პროტესტში ჩართული და ნებისმიერ დროს მზად ვართ ემოციურად იმისთვის, რომ დაგვაკავებენ. ეს ჩვენმა ოჯახის წევრებმაც იციან. სხვათა შორის, მამაჩემს უკვირს კიდეც, ამდენი ხანი გარეთ როგორ ვარ, როგორ არ დამიჭირეს სისხლის სამართლის მუხლით.

ნაწილ-ნაწილ იშლება ეს ქვეყანა. ფიზიკურ თავისუფლებაზე მეტად ქვეყნის დაკარგვა უფრო საშიშია ჩემთვის, იმიტომ, რომ 10 წლის შვილი მყავს, რომლის მომავალიც მინდა ამ ქვეყანაში იყოს. ვხვდები, რომ თუ ჩვენ არ ვიბრძოლებთ, მართლა შეუძლებელი გახდება, რომ ჩვენმა შვილებმა ამ ქვეყანაში მიიღონ განათლება, იცხოვრონ თავისუფლად.

შეუძლებელია ადამიანებმა გააგრძელონ თავისუფლად ცხოვრება, თუ „ოცნების“ რეჟიმი გააგრძელებს არსებობას,“ – დასძინა მარიამ სიჭინავამ „ბათუმელებთან“.

  • „დაბადების დღეზეც აქციაზე წამოვედი – პირად ცხოვრებაზე მეტია ეს ბრძოლა“ 

„8 მარტს ჩავნიშნეთ ქალთა მარში ბათუმში. 8 მარტს ჩემი დაბადების დღეცაა,“ – გვიყვება ლარა ქარცივაძე, ბათუმელი სტუდენტი, რომლის განსაკუთრებული, ემოციური შეძახილიც – „არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა“ – ბათუმის საპროტესტო მსვლელობების დროს ყველას მოუსმენია.

„დაბადების დღეზეც აქციაზე წავედი, იმ დღეს 20 წლის გავხდი, მარშიც წავიყვანე და მთელი მარშის პერიოდში ვფიქრობდი ერთ რამეზე: რუსული ზეგავლენის მარწუხებმა როგორ იმოქმედა საზოგადოების ემპათიის ხარისხზე… იმ საღამოს ჩვენმა მედროშემაც [ზურაბ ჭავჭანიძემ] გულით მომილოცა დღეობა, მთელი ყუთით მომიტანა თავისი ხელნაკეთი ნივთები და დამასაჩუქრა: ყუთში ჩაელაგებია ყვავილები, ფერადი გულები, დროშები…

მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის ზღვარმა იმდენად აიწია ჩემში, რომ პირადი მოთხოვნები, პირადი ცხოვრება აღარ არის პრიორიტეტი ჩემს ცხოვრებაში.

ლარა ქარცივაძე

დაბადების დღეზე მაინც დარჩენილიყავი სახლშიო, იმ დღეს დედამ ტელეფონში მითხრა. ვუთხარი, რომ ვერ გავჩერდებოდი. არც უკითხავს სად ვიყავი, როცა დარეკა, რუპორის ხმა ისმოდა, მსვლელობა გვქონდა… დედას ესმის ჩემი.

8 მარტის მარში ეძღვნებოდა მზია ამაღლობელს, რომელიც ამ დრომდე უკანონო პატიმრობაშია. მზია ჩემთვის მართლა ავტორიტეტია. ვცდილობ, ცხოვრებაში სწორი ავტორიტეტები მყავდეს,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ლარა ქარცივაძემ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: