ბათუმის მერიის შერჩევითი მიდგომა – რა ელით ბულვარში მოიჯარეებს

„ხელშეკრულება გაუფორმდებათ ბულვარის განაშენიანების გეგმის შესაბამისად“, – მხოლოდ ამ ერთი წინადადებით შემოიფარგლა დღეს, 9 სექტემბერს ბათუმის მერია, როდესაც ბულვარში მომუშავე მოიჯარეების ხელშეკრულების ვადების გაგრძელებაზე ვკითხეთ.

უწყებაში ასეთი მოკლე პასუხი აქვთ მათთვის, ვისაც იჯარით მიღებულ ნაკვეთებზე წლებია სარესტორნო ბიზნესი აქვს. პირველ ოქტომბერს ამ ხელშეკრულებების ვადები სრულდება, ბულვარის განაშენიანების გეგმა კი ამ დროისთვის მომზადებული არ იქნება.

ბულვარის ადმინისტრაციის დირექტორის, ირაკლი ჯინჭარაძის ინფორმაციით, ხელშეკრულების პირობების მიხედვით, ბულვარის განაშენიანების გეგმის მომზადება ოქტომბრის ბოლოს უნდა დასრულებულიყო, თუმცა პანდემიის გამო ვერ მოხერხდა იმ სპეციალისტების ჩამოყვანა, რომლებსაც რიგ საკითხებზე უნდა ემუშავათ ლანდშაფტის მიმართულებით. მომზადებულ გეგმას კი შემდეგ საკრებულო დაამტკიცებდა.

ბულვარის განაშენიანების გეგმისთვის არ დაუცდია ბათუმის მერიას მაშინ, როცა შპს „ამბასადორ ბათუმს“ იმავე პირობების ფარგლებში ძველი კაფეს დემონტაჟისა და ახალი ორსართულიანი შუშის შენობის ჩადგმის უფლება მისცა. ამის შემდეგ კი გადაწყვეტილების მიმღებმა ბათუმის ყოფილმა  მერმა, ლაშა კომახიძემ თქვა, რომ მოიჯარეს ხელშეკრულების ვადა გაუგრძელა და ამით დაეხმარა ბიუჯეტს, რადგან აღნაგობის პირობების შესაბამისად მის გამოსყიდვას მილიონი ლარი დასჭირდებოდა.

ამავე მიზეზით ახსნა „ამბასადორისთვის“ დამატებით კიდევ ერთი ნაკვეთის გადაცემის საკითხზე საკრებულოს თავმჯდომარისთვის გაგზავნილი SMS – „არ ამოიღო ბატონო სულიკო ამბასადორი“. ეს მესიჯი საიამ შეაფასა, როგორც „შესაძლო კორუფციული ინტერესი“.

ამით ყოფილმა მერმა ფაქტობრივად საზოგადოების შეცდომაში შეყვანა სცადა, რადგან ძველი შენობის ადგილას, სადაც მოგვიანებით „ამბასადორ ბათუმმა“ კაპიტალური ორსართულიანი შენობა დადგა, არათუ მილიონად, არამედ შესაძლოა 100 000 ლარადაც კი არ შეეფასებინა აუდიტს, ისევ იმ სტანდარტით თუ გამოვთვლით, როგორც სხვა მოიჯარეებს შეუფასეს თავიანთი შენობები.

რესტორან „ლათინოს“ ერთი მხრიდან ბულვარი, მეორე მხრიდან კი სანაპირო ესაზღვრება. აქვს ორსართულიანი შენობა და პატარა სივრცე, სადაც საცეკვაო სცენაა მოწყობილი. ეს შენობა მერიას აუდიტმა 155 000 ლარად შეუფასა. 

ამ ახალი კაფეს გრანდიოზულ გახსნას გადაწყვეტილების მიმღები მერი ვეღარ დაესწრო, მის ნაცვლად მერის მოვალეობის შემსრულებელი არჩილ ჩიქოვანი დაპატიჟეს. ყოფილი მერი ლაშა კომახიძე გადადგა. არაოფიციალური ინფორმაციით კი, რაც ამ საქმესთან დაკავშირებულმა ბევრმა გარემოებამ დაადასტურა, მერს თანამდებობის დატოვება აიძულეს.

რა მოხდება პირველი ოქტომბრიდან, ანუ ხელშეკრულებების ვადის გასვლიდან განაშენიანების გეგმის დამტკიცებამდე? – მოიჯარეები ისევ უპასუხოდ დარჩებიან, შემდეგ კი მათ მერია სახელმწიფოს ქონების არამართლზომიერ მფლობელობაში დასდებს ბრალს და პირგასამტეხლოსაც დააკისრებს? – მსგავსი პრაქტიკა მოიჯარეებს ერთხელ უკვე ჰქონდათ.

ბათუმის მერიამ გასულ წელს ხელშეკრულებების ვადების გაგრძელების მოთხოვნაზე მათ არ უპასუხა, შემდეგ კი სახელმწიფოს ქონების არამართლზომიერ მფლობელობაში სარგებლობის გამო სასამართლოში უჩივლა.

მთლიანობაში, საქმე ეხება ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ 11 ნაკვეთს, რომელიც 2005 წელს ბათუმის მერიამ კონკურსის წესით, იჯარით გასცა. თერთმეტივე ნაკვეთი ბულვარის ტერიტორიაზე, ზღვასთან ახლოს მდებარეობს.

ფიზიკურმა პირებმა აიღეს ვალდებულება, რომ გადაცემულ ნაკვეთებზე კაპიტალურ შენობებს ააშენებდნენ და ტურისტულ ობიექტებს, ძირითადად რესტორნებს გახსნიდნენ. მოიჯარეებმა ვალდებულება შეასრულეს – ააშენეს კაფე-ბარები თუ რესტორნები, ისინი იხდიდნენ საიჯარო თანხასაც.

2010-2011 წლებში მერიამ ამ პირებთან ხელშეკრულებები ინდივიდუალურად შეცვალა და რადგან საიჯარო ნაკვეთებზე უკვე შენობებიც იდგა, მას აღნაგობის ხელშეკრულებები უწოდა. ცვლილებით ასევე დაწესდა აღნაგობის საფასური. 2015 წელს ხელშეკრულებებს ვადა გაუვიდა, რის შემდეგაც მოაღნაგეები მერიისგან ვადის გაგრძელებას ოფიციალურად ითხოვდნენ. მერიამ ვადის გაგრძელება მიზანშეწონილად არ მიიჩნია და 2016 წლის 6 იანვრის ბრძანებით, ხელშეკრულებების ვადის გასვლის მიზეზით, მოაღნაგეებთან დადებული ხელშეკრულებები შეწყდა.

ამის შემდეგ საქმეში ჩაერთო ბათუმის ბულვარი, 2017 წლის ბოლოს ქონება უზუფრუქტის წესით გადასცეს ბათუმის ბულვარს, იმ პირობით, რომ ბულვარს პირდაპირი წესით გაეფორმებინა ხელშეკრულება ყოფილ მოაღნაგეებთან, იგივე ფასებში სამი წლის ვადით.

2018 წლის ბოლოს კი, ბათუმის მერიამ მესაკუთრეებს წერილობით აცნობა, რომ მათი ხელშეკრულების ვადა გავიდა და ისინი მართლზომიერად მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე აგრძელებდნენ ქონებით სარგებლობას. წერილებთან ერთად მოაღნაგეებს აშენებული შენობების საფასურიც გამოუთვალეს და არამართლზომიერი მფლობელობის დროს გადაუხდელი აღნაგობის საფასურის შენობის საფასურში გაქვითვა შესთავაზეს. აღნაგობის ხელშეკრულება, რომელშიც მათ მერიამ მიწის ნაკვეთების სარგებლობის პირობები გაუწერა, ამავე ქონებების უკან დაბრუნებისას შენობების გამოსყიდვას ითვალისწინებდა – მერია შენობების ღირებულების ორი-მესამედის გადახდის ვალდებულებას იღებდა.

მესაკუთრეები ამ შეთავაზებას არ დასთანხმდნენ. ისინი მერიას უსამართლო მიდგომაში ადანაშაულებენ, რადგან უწყებამ გადასახდელი აღნაგობის საფასური [2015 წლიდან დღემდე]  საბაზრო ფასით, ხოლო მათ მიერ აშენებული შენობების საფასური არასაბაზრო ფასით [როგორც თვითონ ამბობენ] „ფაქტობრივად თეთრებში“ დაუთვალა.

„თავის ასაღებ თანხას საბაზრო ფასით ითვლის და ჩვენ რაც უნდა გადაგვიხადოს, იმას არასაბაზრო ფასით. ეს სწორია?“ – ამბობენ მოაღნაგეები.

გარდა ამისა, მოაღნაგეებს პრეტენზია აქვთ იმაზეც, რომ მერია სახელმწიფოს ქონების არამართლზომიერ ფლობას და აღნაგობის საფასურის გადაუხდელობას ედავება [2015 წლიდან დღემდე], მაშინ, როცა მოიჯარეები დაჟინებით ითხოვდნენ მათთვის ხელშეკრულებები გაეგრძელებინათ, მიეცათ აღნაგობის საფასურის გადახდის საშუალება ან სხვა რაიმე ფორმა მოეფიქრებინათ, რაც ამ პროცესს სამართლებრივ ჩარჩოებში მოაქცევდა. ამაზე მათ მერიას ოფიციალურად რამდენჯერმე მისწერეს.

მერიამ მათ არ უპასუხა, არც რაიმე მოიმოქმედა იმისთვის, რომ ამ პირებს უკვე არამართლზომიერ ფლობაში არსებული ტერიტორია დაეტოვებინათ, ანუ მერიას თავისი ვალდებულება არ შეუსრულებია და ამ პირებისთვის შენობის ღირებულების ორი მესამედი არ გადაუხდია. შესაბამისად, მათ მუშაობა იმ ფორმით გააგრძელეს, რა ფორმითაც ამას მანამდე აკეთებდნენ, იმ განსხვავებით, რომ ისინი ვეღარ იხდიდნენ აღნაგობის საფასურს.

საბოლოოდ მერიაში ისევ გადაწყვიტეს, რომ მოიჯარეებისთვის ხელშეკრულების ვადა 2020 წლის პირველ ოქტომბრამდე გაეგრძელებინათ. მერიაში ამბობდნენ, რომ დავის დასრულებას და სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდნენ.

რა მოხდება ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ? – ამაზე სალაპარაკოდ მოიჯარეები მერის მოვალეობის შემსრულებელს, არჩილ ჩიქოვანს უკვე შეხვდნენ, თუმცა მისგან პასუხი არ მიუღიათ. ბულვარის ადმინისტრაციის დირექტორი, ირაკლი ჯინჭარაძე კი ვარაუდობს, რომ ისინი ისევ მხოლოდ რამდენიმეთვიან ხელშეკრულებას მიიღებენ.

გაითვალისწინებს თუ არა ეს გენგეგმა მოიჯარეების საკუთრებაში არსებულ შენობებს, ჯერ უცნობია.

ხვალიდან „ხოფის ბაზრობა“ სრული დატვირთვით იმუშავებს

10 სექტემბრიდან ბათუმში ე.წ. „ხოფის ბაზრობა“ სრული დატვირთვით იმუშავებს. ინფორმაცია „ბათუმელებს“ ბაზრობის ადმინსიტრაციაში დაუდასტურეს.

ბაზრობაზე ყველა შემსვლელს ჩაუტარდება თერმოსკრინინგი.

ბათუმში „ხოფის ბაზრობაზე“ კორონავირუსი 7 პირს დაუდასტურდა. ბაზრობა 2 დღე დაკეტილი იყო, თანამშრომლებს ჩაუტარდათ PCR კვლევა კორონავისრუსზე.

ასევე ხოფის ბაზრობასთან იქნება კარავი, სადაც მოქალაქეები უფასოდ შეძლებენ ტესტირებას კორონავისურზე.

რომელი მოქმედი დეპუტატი აღარ იქნება „ოცნების“ ახალ სიაში აჭარიდან 

„დიდი ალბათობით აღარ ვიქნები სიაში“, – თქვა „ბათუმელებთან“ პარლამენტის წევრმა აჭარიდან, ილია ნაკაშიძემ, როცა მას მმართველი პარტიის ახალ საარჩევნო სიასთან დაკავშირებით ვკითხეთ. ილია ნაკაშიძე პარლამენტის ვიცე-სპიკერია. დეპუტატს ასევე ვკითხეთ მომავალ გეგმებთან დაკავშირებითაც, თუ რა სფეროში გააგრძელებს საქმიანობას, რაზეც ილია ნაკაშიძემ გვიპასუხა, რომ მისთვის „ყველა ვარიანტი მისაღებია“.

ის, რომ „ქართული ოცნების“ ახალ საარჩევნო სიაში აღარ იქნება, გარკვევით თქვა ნუკრი/ლევან ბეჟანიძემ, ბათუმის მაჟორიტარმა დეპუტატმა პარლამენტში.

ბათუმის კიდევ ერთი მაჟორიტარი ფატი ხალვაში კი ამბობს, რომ საარჩევნო სიასთან დაკავშირებით ხვალ ანუ 10 სექტემბერს აქვთ შეხვედრა მმართველი პარტიის წარმომადგენლებთან. „დაველოდოთ, მალე იქნება სიები“, – ამბობს ის „ბათუმელებთან“. სავარაუდოდ, ფატი ხალვაში ამჯერად აჭარის უმაღლესი საბჭოს სიაში იქნება, რაც დეპუტატმა პირდაპირ არ დაადასტურა.

სვეტლანა კუდბა არც უარყოფს და არც ადასტურებს იმ ფაქტს, რომ საარჩევნო სიაში არ არის, თუმცა დასძენს, რომ თუ სიაში არ მოხვდება, ამის გამო გული არ ეტკინება. „აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ვიყავი, პარლამენტის წევრი ვიყავი, ახლა ახალგაზრდებს უნდა დავუთმოთ გზა. რომც არ ვიყო, გული არ მეტკინება. ახალგაზრდებმა უნდა გააგრძელონ ჩვენი საქმე“, – ამბობს სვეტლანა კუდბა.

საარჩევნო სიაში არ იქნება არც ქობულეთის მაჟორიტარი კობა ნაკაიძე. მან თქვა, რომ აპირებს თავის პროფესიას – ექიმობას დაუბრუნდეს. „თუ გუნდს დავჭირდები და დამიძახებენ, იქ ვიქნები“.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, სიაში არ იქნება კიდევ ერთი დეპუტატი, არჩილ ხაბაძეც. „საბოლოო გადაწყვეტილებას დაველოდოთ – სიები მალე გახდება ცნობილი“ – გვითხრა დეპუტატმა.

რაც შეეხება ბათუმის მაჟორიტარ მუხრან ვახტანგაძეს, მან „ბათუმელების“ სატელეფონო ზარებს და არც მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს არ უპასუხა.

ის, რომ პარლამენტში აჭარის დეპუტაციიდან არც ერთი არ არის „ქართული ოცნების“ ახალ საარჩევნო სიაში, ამის შესახებ დღეს, 9 სექტემბერს, ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადეს. არხის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით 40 მოქმედი დეპუტატი აღარ იქნება მმართველი პარტიის ახალ სიაში.

კორონავირუსის ახალი შემთხვევების ზრდის ტენდენცია აჭარაში [ინფოგრაფიკა]

დღეს, 9 სექტემბერს, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 115 პაციენტია. ეს კორონავირუსით ინფიცირებულთა რეკორდული რაოდენობაა აჭარაში.

კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევების მნიშვნელოვანი ზრდა აჭარაში პირველ სექტემბერს დაიწყო, როცა საკონდიტრო „დონას“ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა.

ამავე თემაზე:

8 დღეში კორონავირუსის 117 შემთხვევა დადასტურდა – აჭარა წითელ ზონაშია

 

ულიმიტო წუთები და ინტერნეტ პაკეტები – სილქნეტი სოციალურ ქსელში გათამაშებას იწყებს

მიჩვეულზე 7 –ჯერ უფრო სწრაფი ინტერნეტის კამპანიის ფარგლებში, სილქნეტმა სოციალური ქსელის მომხმარებლებისთვის საჩუქრები შეარჩია.

 ყოველ კვირას, სილქნეტის Facebook და Instagram გვერდზე გამოქვეყნდება შეკითხვა. პირველი 10 სწორი პასუხის ავტორს  საჩუქარად გადაეცემა მომსახურების პაკეტი:

[checklist]

  • 15GB 
  • ულიმიტო საუბარი;
  • 5GB +100 წთ;

[/checklist]

გათამაშებაში მონაწილეობა ყველას შეეძლებამთავარია  მსურველი იყოს ფეისბუკის და ინსტაგრამის აქტიური მომხმარებელი, მისი პირადი მონაცემები ემთხვეოდეს (სახელი და გვარი) სოციალური ქსელში არსებულ მონაცემს და მოწონებული ჰქონდეს კომპანიის Facebook და Instagram გვერდები.

თუ გამარჯვებული არ აღმოჩნდება სილქნეტის აბონენტი, შეეძლება დაასახელოს სხვა პირი, ვისაც გაუაქტიურებს საჩუქარს.

ყველაზე საზრიანებს და სწრაფებს სილქნეტი ყოველკვირეულად გამოავლენს და დაასაჩუქრებს.

იხილეთ გათამაშების დეტალები https://silknet.com/?module=news&id=441&type_id=1&language=ge

თიბისი ბიზნესებს ინვოისების მართვას უმარტივებს

თიბისი ბიზნესებს მხარდაჭერის მიზნით, ინვოისინგის ახალ სერვისს სთავაზობს, რომელიც მნიშვნელოვნად ამარტივებს იმ რუტინას, რომლის შესრულებაც კომპანიებს ყოველდღიურად უწევთ.

ახალი ფუნქციონალის მეშვეობით შესაძლებელია ინვოისების, ჩარიცხვების და გადარიცხვების ეფექტური კონტროლი და რეპორტინგი. ეს ბიზნესს საშუალებას მისცემს უზრუნველყოს გაწეული მომსახურების თანხის კომპანიის ანგარიშზე დროულად ჩარიცხვა.

ინვოისების მართვის მოქნილი სქემა, რომელიც invoice.ge-მ შექმნა, ინტეგრირებულია თიბისის ბიზნეს ინტერნეტბანკთან. მისი მეშვეობით მომხმარებელს ბიზნეს ინტერნეტბანკში შეუძლია ნახოს კომპანიის სახელზე გამოწერილი ინვოისები და გადაიხადოს ისინი.

ორი კვირის განმავლობაში აღნიშნული სერვისით სარგებლობა უფასოა, ხოლო შემდეგ კომპანიებს 5, 15 და 35 ლარიანი პაკეტების შეძენა შეეძლებათ.

შემოერთებულ ტერიტორიებზე წყლის სისტემა აღარ გაკეთდება, 60 მლნ ევრო კოვიდთან ბრძოლას მოხმარდება

ბათუმს შემოერთებული ტერიტორიების წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემების მოსაწყობად გამოყოფილი 60 მილიონი ევრო სესხი, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, კორონავირუსთან ბრძოლას მოხმარდება.

გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკსა [KfW] და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შორის სესხის მიღების ხელშეკრულების შეწყვეტაზე [ბათუმის კომუნალური წყლის ინფრასტრუქტურა] შეთანხმება უკვე გაფორმებულია. შეთანხმება სესხის შეწყვეტაზე პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს.

შესაბამისად, გაფორმდა ახალი შეთანხმება, რომლის მიხედვითაც, საქართველოს ეკონომიკის კონკურენტუნარიანობისა და კრიზისის მიმართ მდგრადობის გასაძლიერებლად დაიხარჯება 180 მილიონი ევრო [ბათუმის წყლის ინფრასტრუქტურის 60 მილიონი და მიწისქვეშა გაზსაცავისთვის გათვალისწინებული 120 მილიონი].

ბათუმის კომუნალური წყლის ინფრასტრუქტურის სასესხო შეთანხმების შეწყვეტაზე მუშაობის პროცესში, როგორც დოკუმენტებიდან ჩანს, ბათუმის მერიას შენიშვნები არ ჰქონია. დოკუმენტს ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი არჩილ ჩიქოვანი აწერს ხელს.

წყარო: ფინანსთა სამინისტროს მიერ პარლამენტში წარდგენილი დოკუმენტები

2019 წლის შემოდგომაზე ბათუმის მერიაში გვითხრეს, რომ აღნიშნული 60 მილიონი ევროთი დაგეგმილი იყო ბათუმს შემოერთებული ტერიტორიების: დაბა ხელვაჩაურის, მეჯინისწყლის, კახაბრის, ადლია-აეროპორტის, მახინჯაურისა და მწვანე კონცხის დასახლების წყალარინების ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია. ასევე, რეზერვუარის მშენებლობა ინჯალოს რეზერვუარების მიმდებარედ, ადლიის წყალარინების გამწმენდი ნაგებობის განვითარება და გაფართოება, ჩაქვის წყლის სათავე ნაგებობისა და მეჯინისწყლის წყლის სათავე ნაგებობის რეაბილიტაცია.

ბათუმის მერიაში მაშინ გვითხრეს, რომ ამ პროექტის სრულად განხორციელებისთვის 60 მილიონი ევრო საკმარისი არ იქნებოდა, თუმცა სამუშაოები პრიორიტეტების მიხედვით შესრულდებოდა, პარალელურად კი, გარკვეულ სამუშაოებს უშუალოდ ქალაქის მერიაც დააფინანსებდა.

შემოერთებულ ტერიტორიაზე საკანალიზაციო ქსელის სრულად მოწყობისთვის, სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერს 2020 წლის ბოლო კვარტალში გამოაცხადებდნენ, სამუშაოები კი გეგმით 2021-2022-2023 წლებში, ასევე, 2024 წელშიც გაგრძელდებოდა.

2020 წლის იანვრიდან უნდა დაწყებულიყო ასევე დეტალური პროექტირება, რის შედეგადაც აღნიშნული პროექტის ღირებულება უნდა დაზუსტდეს.

ამ ეტაპზე უცნობია, როდის გახდება შესაძლებელი ზემოთ ჩამოთვლილ ტერიტორიებზე წყლის და კანალიზაციის სისტემის მოწყობა, რასაც მინიმუმ ათი წელი ელოდა აქ მცხოვრები მოსახლეობა.

ბათუმის მერიის არგუმენტებს ამ საკითხზე, მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

ამ თემაზე:

რა გაკეთდება €60 მილიონი სესხით ბათუმში და როდის დაიწყება თანხის ათვისება

პრაქტიკოს მასწავლებლებს სტატუსი შეუწყდათ

იმ პრაქტიკოს პედაგოგებს, რომლებიც არ დარეგისტრირდნენ საგნობრივი კომპეტენციის დამადასტურებელ გამოცდაზე ან ნაწილობრივ აქვთ დადასტურებული კომპეტენცია და ან არ აქვთ სავალდებულო აქტივობებით და ტრენინგებით მოპოვებული 14 კრედიტი, პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი შეუწყდათ. ინფორმაცია დაგვიდასტურეს მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრშიც.

მასწავლებელთა პროფესიული და კარიერული წინსვლის ახალი სქემის მიხედვით, სტატუსი „პრაქტიკოსი“ აღარ იარსებებს და პრაქტიკოსი პედაგოგების ადგილი ავტომატურად ვაკანტურად გამოცხადდება სკოლებში.

იმ შემთხვევაში, თუკი სკოლა ვაკანტურ ადგილზე ვერ აიყვანს ახალ, კომპეტენციადადასტურებულ პედაგოგს, სტატუსშეწყვეტილ პედაგოგს დროებით ხელშეკრულების საფუძველზე შეუძლია მუშაობის გაგრძელება მანამ, სანამ მას სხვა კადრი არ ჩაანაცვლებს.

უსტატუსო პედაგოგები პროფესიული განვითარების და სხვა პედაგოგიურ ბაზებში მანამდე იქნებიან რეგისტრირებულნი, სანამ მათ სკოლიდან არ გაათავისუფლებენ.

ოფიციალური ინფორმაციით, ამ დრომდე სისტემაში 6 ათასი პრაქტიკოსი პედაგოგი იყო, მათგან რამდენი პედაგოგი დარეგისტრირდა შემოდგომის გამოცდაზე, ჯერჯერობით უცნობია.

ზაფხულის გამოცდაზე მხოლოდ მასწავლებლობის მსურველები იყვნენ დარეგისტრირებული, გამოცდის შედეგები ამ ეტაპზე ოფიციალურად გამოქვეყნებული არ არის.

_____________________

ამავე თემაზე:

როგორ მიენიჭება პედაგოგს სტატუსი – ახალი სქემა დამტკიცდა

 

როდის უნდა შეამოწმოთ, გაქვთ თუ არა აივ ინფექცია

მსოფლიო სტატისტიკის თანახმად საქართველო აივ ინფექცია/შიდსის დაბალი გავრცელების ქვეყნებს მიეკუთვნება, თუმცა შიდსის ცენტრის ინფორმაციით, აივ ინფიცირებულების სავარაუდო რაოდენობა საქართველოში 10500-მდეა, ეს კი ისეთი მცირერიცხოვანი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია.

არასამთავრობო ორგანიზაცია „თანადგომას“ აივ/შიდსის პრევენციის პროგრამის კონსულტანტი ზაზა ბაბუნაშვილი ამბობს, რომ როდესაც ადამიანს უკვე აღენიშნება დამახასიათებელი სიმპტომები, საქმე გვაქვს აივის უკვე შორსწასულ  ფორმასთან, ანუ შიდსის სტადიასთან. სწორედ ამიტომ ადამიანმა ტესტირება აივზე უნდა ჩაიტაროს მაშინვე, როცა კი სარისკო ქცევას აქვს ადგილი.

სარისკო ქცევებია:

  • დაუცველი სქესობრივი კონტაქტი (პრეზერვატივის გარეშე) აივ ინფიცირებულ პირთან;
  • ინფიცირებულ სისხლთან ექსპოზიცია – აივ ინფიცირებული ინექციების და სხვა ინვაზიური მანიპულაციებისას არასტერილური დაბინძურებული სამედიცინო ინსტრუმენტების გამოყენებით. ყველაზე ხშირად გადაცემა ნარკოტიკების ინექციური მოხმარებისას ხდება აივ ინფიცირებული სისხლით დაბინძურებული შპრიცებისა და ნემსების გამოყენებით

ასევე, აივი შესაძლოა გადავიდეს ინფიცირებული დედიდან ბავშვზე ორსულობის, მშობიარობის ან ძუძუთი კვების შედეგად.

შიდსი ნელა პროგრესირებადი ინფექციური დაავადებაა. მას ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი (აივ-ი) იწვევს. ვირუსი ადამიანის ორგანიზმში შეჭრის შემდეგ აზიანებს იმუნურ (დამცველ) სისტემას, რის შედეგადაც ინფიცირებულ პირს ადვილად უჩნდება სხვადასხვა ინფექციური ან/და სიმსივნური დაავადება. აივ ინფექცია ეწოდება დაავადებას ვირუსით ინფიცირების მომენტიდან სიცოცხლის ბოლომდე, ხოლო ტერმინით – შიდსი, აღინიშნება აივ ინფექციის ბოლო სტადია, როდესაც პაციენტს უვითარდება დაავადების გარკვეული კლინიკური ნიშნები და/ან იმუნური სისტემის მძიმე დაზიანება.

საქართველოში 2020 წლის 2 სექტემბრის მონაცემებით რეგისტრირებულია აივ-ით ინფიცირების 8474 შემთხვევა, აქედან 6326 კაცია, ხოლო 2148 – ქალი. პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 40 წლამდეა. შიდსი განუვითარდა 4340 პაციენტს, 1734 პაციენტი გარდაიცვალა.

2020 წელს გამოვლინდა ინფიცირების  372 ახალი შემთხვევა. აივ მკურნალობაზეა 5220 (მათ შორის აფხაზეთში – 590) პაციენტი.

[red_box]სიმპტომები[/red_box]

წყარო: webmd.com

ზაზა ბაბუნაშვილი ამბობს, რომ აივ ინფექციის დამახასიათებელია სიმპტომები, რომლებიც სხვა ინფექციური დაავადებების დროსაც ვლინდება. მათგან ყველაზე ხშირია:

  • ტემპერატურის მატება
  • ფაღარათი
  • გამონაყარი (სხვადასხვა ადგილებში)
  • გადიდებული ლიმფური კვანძები (ხშირად მტკივნეული).

[red_box]დაავადების მართვა[/red_box]

საქართველოში აივინფიცირებული პაციენტები უზრუნველყოფილნი არიან უფასო, რვ (ანტირეტროვირუსული) მკურნალობით. მათ ენიშნებათ ვირუსის საწინააღმდეგო რამდენიმე მედიკამენტი, რომელთა ზემოქმედებითაც სისხლში მცირდება ვირუსი და მყარდება იმუნიტეტი.

როგორც წესი, მკურნალობის შედეგად, რამდენიმე თვეში ვირუსის რაოდენობა ადამიანის სისხლში მცირდება. მკურნალობის მიზანია ვირუსის რაოდენობის იმდენად შემცირება სისხლში, რომ საერთოდ აღარ გამოჩნდეს PCR ტესტის მეშვეობით, ანუ გახდეს არაგანსაზღვრადი. მკურნალობის შემთხვევაში, ინფიცირებულიდან არაინფიცირებულზე ვირუსის გადაცემის შანსი უკიდურესად დაბალია.

„დღესდღეისობით აივ ინფექციის მკურნალობის შედეგად სრულებით განკურნება არ ხდება. დაავადება გადადის ქრონიკულში, მაგრამ ვირუსი უკვე აღარ არის ადამიანის სიცოცხლისთვის საშიში”, – ამბობს ზაზა ბაბუნაშვილი.

მიუხედავად იმისა, რომ მიიჩნევა თითქოს აივ ინფექცია შიდსი ძირითადად ჰომო/ბი-სექსუალური კონტაქტით გადადის, საქართველოში აივის გადაცემის გზა ძირითადად ჰეტეროსექსუალური (კაცისა და ქალის) კონტაქტია.

წყარო: შიდსის ცენტრი

ჰეტეროსექსუალური კავშირის დროს ქალის სქესობრივი გზით ინფიცირების საფრთხე გაცილებით აღემატება მამაკაცის ინფიცირების საფრთხეს, რადგან სპერმა აივ-ს გაცილებით დიდი რაოდენობით შეიცავს, ვიდრე საშოსა და საშვილოსნოს სეკრეტი, ამასთან, მეტია საშოსა და საშვილოსნოს ლორწოვანი გარსის ზედაპირის ფართობიც.

საქართველოში აივ ინფექცია/შიდსის პირველი შემთხვევა გამოვლინდა 1989 წელს. მას შემდეგ აივით ინფიცირების ახალი შემთხვევების დინამიკა ასე გამოიყურება:

 

აივ ინფიცირებულთა განაწილება რეგიონების მიხედვით

წყარო: შიდსის ცენტრი

აივ ინფექციაზე ტესტირება კონფიდენციალურია. პასუხი ცნობილი ხდება 15 წუთში. ტესტირებისთვის ბათუმში შეგიძლიათ დაუკავშირდეთ „იდენტობისა“ და „თანადგომის“ ოფისებს.

_______________

ამავე თემაზე:

 

https://netgazeti.ge/news/352700/

ბათუმის რესპუბლიკურში კოვიდის განყოფილება 3 სართულზეა გაშლილი – კლინიკური მენეჯერი

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერის, გია კიკაბიძის განცხადებით, დღეს, 9 სექტემბერს, ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს კოვიდცენტრში 115 კოვიდინფიცირებულია.

„სამ სართულზეა უკვე გაშლილი კოვიდგანყოფილება, ვიყავით ერთ სართულზე და ახლა უკვე სამზეა,“ – განაცხადა გია კიკაბიძემ. მისივე თქმით, 20 პაციენტს აღენიშნება პნევმონია, თუმცა არც ერთი პაციენტი არ არის ხელოვნურ სუნთქვაზე.

მისივე თქმით, სამი პაციენტი გამოჯანმრთელდა და გაეწერა. ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში დღეს კიდევ სამი ინფიცირებულის გამოჯანმრთელებას ელიან.

გია კიკაბიძემ ასევე აღნიშნა, რომ კლინიკა მუშაობს იმ ხარვეზების გასწორებაზე, რომლის შესახებაც გუშინ კოვიდინფიცირებულმა პაციენტმა ისაუბრა. კერძოდ, პაციენტმა განაცხადა, რომ საავადმყოფოს ონკანში სასმელად უვარგისი წყალი მოდის და პალატები არ სუფთავდება.

„სადეზინფექციო ხსნარები უკვე შეტანილია პალატებში, წყალი დაურიგდებათ ბოთლებით, აპარატში გვაქვს წყალი, მაგრამ ეს არ მოეწონათ პაციენტებს და უნდათ ბოთლებით იყოს“, – განაცხადა გია კიკაბიძემ.

დღეს აჭარაში კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. პირველი სექტემბრიდან დღემდე რეგიონში კორონავირუსის ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა გართულდა, კორონავირუსის შემთხვევები ბათუმში დაფიქსირდა: საკონდიტროშიბაზრობაზეტელევიზიაშისკოლაშიბანკშიიუსტიციის სახლშიგარემოსდაცვით დეპარტამენტში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში და ა.შ.

კოვიდით ინფიცირებულ უსიმპტომო პაციენტებს საავადმყოფოს ნაცვლად სასტუმროში მოათავსებენ

დღეიდან სასტუმროში, კარანტინში გადაიყვანენ იმ პაციენტებს, რომლებსაც კორონავირუსი აქვთ, თუმცა ვირუსი უსიმპტომოდ მიმდინარეობს.

დღეს, 9 სექტემბერს, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა გამოაცხადა საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც „საქართველოს 3 დიდ ქალაქში, — თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში, — უკვე დაიწყებს ამოქმედებას სასტუმროს მომსახურებით კარანტინში პაციენტების მკურნალობა“.

უკვე განსაზღვრულია პროტოკოლი, რითაც ექიმები იხელმძღვანელებენ პაციენტების გადაყვანისას:

  • სასტუმროებში არ გადაიყვანენ არც არასრულწლოვან და არც 65 წელს გადაცილებულ პაციენტებს, ვისაც აქვს დადასტურებული კოვიდინფექცია;
  • სასტუმროში მოხვდებიან მხოლოდ 18-დან 65 წლამდე ასაკის პაციენტები, რომელთაც აქვთ დადასტურებული კოვიდინფექცია, არ აქვთ თანხმლები ქრონიკული დაავადება, არიან უსიმპტომოები და არ ესაჭიროებათ დამატებითი კვლევები და ექიმების მეთვალყურეობა.

„პაციენტებზე ხდება სრული მონიტორინგი და ზედამხეველობა, ვინაიდან, ხშირ შემთხვევაში უსიმპტომო პაციენტები დამატებით კლინიკურ ჩარევას არ საჭიროებენ“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ამავე თემაზე: 

უსიმპტომო პაციენტები ბათუმის რესპუბლიკურიდან კარანტინში გადაჰყავთ – Covid 19

ბათუმში სანაპირო დაცვის 2 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ბათუმის სამმართველოს ორ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ერთ-ერთი მათგანი სამმართველოს მთავარი სპეციალისტია, მეორე კი – ამავე სამმართველოს დამხმარე პერსონალი.

„თანამშრომლების ტესტების პასუხები 7 და 8 სექტემბერს გახდა ცნობილი. სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ყველა თანამშრომელი, ვისთანაც ინფიცირებულებს უშუალო კონტაქტი ჰქონდათ, არიან დაკვირვების ქვეშ და აღებული აქვთ ტესტები. შენობას ჩაუტარდა სრული დეზინფექცია.

ორივე ინფიცირებული ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ცხელების ცენტრში მკურნალობს.

ეპიდემიოლოგები აწარმოებენ წყაროს იდენტიფიცირებას და კონტაქტების კვლევას“, – აცხადებს შსს.

დღეს, 9 სექტემბერს, ბათუმში კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ქვეყნის მასშტაბით კი – 44.

ბათუმის სამშობიარო სახლი დაიკეტა, დადასტურებულია 5 შემთხვევა

„ხოფის ბაზრობა“ არ გაიხსნება, ბათუმის იუსტიციის სახლი კი იწყებს მუშაობას

ბათუმში, კლინიკა „ბაუ-ში“, 1 პირს კორონავირუსი დაუდასტურდა

უსიმპტომო პაციენტები ბათუმის რესპუბლიკურიდან კარანტინში გადაჰყავთ – Covid 19

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აჭარაში კორონავირუსის უფასო PCR ტესტირების ლოკაცია გაფართოვდა. არსებულ ათ ადგილს, ორი – ე.წ. ხოფის ბაზრობისა და ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორია დაემატა. აქ მოქალაქეებს კვლევის ჩატარება სპეციალურ კარვებში შეუძლიათ.

აღნიშნულ კარვებთან ერთად კორონავირუსზე უფასო ტესტირების ჩატარება ბათუმის 5 პოლიკლინიკაშია შესაძლებელი.

მოქალაქეებს ნიმუშის აღება 10:00 დან 17:00 საათამდე შემდეგ დაწესებულებებში შეუძლიათ:

  • N1 პოლიკლინიკა;
  • N4 პოლიკლინიკა;
  • საოჯახო მედიცინის ცენტრი;
  • თამარის დასახლების საოჯახო მედიცინის ცენტრი;
  • ევექსის ბათუმის ამბულატორია.

ტესტირება ბულვარის ტერიტორიაზე სამ ლოკაციაზე იქნება შესაძლებელი. ახალი კარავი განთავსდა ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე [დანარჩენი 2 განთავსებულია ბულვარის კოლონადებთან და ახალ ბულვარში, რესტორან „აჭარულ სახლთან“]. კარვებში ტესტირება შესაძლებელია დილის 11:00-დან საღამოს 23:00 საათამდე.

უფასო ტესტირების ჩატარება შესაძლებელია დაავადებათა კონტროლის აჭარის სამმართველოს შენობაში.

ტესტირებისთვის ქობულეთში კარავი დადგმულია გამგეობის მიმდებარე ტერიტორიაზე.

 

ღონისძიებები 200 პირის მონაწილეობით იკრძალება, თუმცა ეს არ ეხება არჩევნებს

10 სექტემბრიდან საქართველოში იკრძალება სპორტული და კულტურული ღონისძიება, რომელშიც 200-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობს. ამის შესახებ დღეს, 9 სექტემბერს, განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა ბრიფინგზე.

„არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ შეიზღუდება 200-ზე მეტი ადამიანის მონაწილეობით სპორტული და კულტურული ღონისძიებები, იგულისხმება ასეთი ღონისძიებების ჩატარება ღია ცის ქვეშ. ხვალიდან 200-ზე მეტი ადამიანის მონაწილეობით კულტურული და სპორტული ღონისძიებები აიკრძალება, ამ რეგულაციების შეუსრულებლობაზე გათვალისწინებულია შესაბამისი სანქციები“, – განაცხადა მეზვრიშვილმა.

ის მოქალაქეებს წესების დაცვისკენ მოუწოდებს: „გამოიჩინონ სამოქალაქო პასუხისმგებლობა, ატარონ პირბადეები, დაიცვან დისტანცია, ამ მოთხოვნების შესრულება არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, რაც მკაცრად იქნება გაკონტროლებული შესაბამისი უწყებების მიერ, აქტიურად იმუშავებს პოლიცია და შრომის ინსპექცია“.

მეზვრიშვილის განცხადებით, შეზღუდვები, რომლებიც ეხება კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებს, არ ეხება საარჩევნო აგიტაციას და საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებულ ღონისძიებებს.

____________

ფოტოზე: ნათია მეზვრიშვილი, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი

საია „რივიერა ბათუმის“ პროექტის ნებართვას ასაჩივრებს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია შპს „რივიერა ბათუმის“ პროექტზე ნებართვას ასაჩივრებს. ამასთან დაკავშირებით ორგანიზაციის თავმჯდომარემ, სულხან სალაძემ ბრიფინგი გამართა. ბრიფინგზე ნებართვასთან დაკავშირებულ კონკრეტულ დარღვევებზე იურისტმა გიორგი ანთაძემაც ისაუბრა, უშუალოდ ის მუშაობს ამ საქმეზე.

სულხან სალაძის განმარტებით, საია პირველ ეტაპზე ადმინისტრაციული საჩივრით მიმართავს ნებართვის გამცემს – ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს. იმ შემთხვევაში, თუ  სამინისტრო გააგრძელებს ტრადიციას და დაინტერესებულ მხარეს უპასუხებს, რომ ის არ შეიძლება იყოს დაინტერესებული მხარე, შესაბამისად, ვერ ჩაერთვება ამ პროცესში, მაშინ ჩვენ მივმართავთ სასამართლოს“, – განმარტა საიას თავმჯდომარემ.

ამ შემთხვევაში საია სასამართლოში წარმოადგენს როგორც მომჩივანი კერძო პირების, ასევე ორგანიზაცია „ბათომის“ ინტერესებს.

საიას თავმჯდომარის განმარტებით, ეს არ არის საჩივარი, რომელიც მხოლოდ სამართლებრივ ნაწილს მოიცავს და საქმეში წარმოდგენილია ბევრი მნიშვნელოვანი დასკვნა პარალელური სფეროებიდან, როგორიც არის ეკონომიკა, ურბანული მხარე, გეოლოგია და სხვა… ამიტომაც ეს პრეცედენტული მნიშვნელობის დავაა, რომელსაც დღეს, 9 სექტემბერს, იწყებს საია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენით.

საია მიიჩნევს, რომ გასული წლის 20 აგვისტოს ბათუმის საკრებულომ განაშენიანების რეგულირების დამტკიცებით არ გაითვალისწინა და  დაარღვია კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები. იურისტის განმარტებით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომელთან მიმართებაშიც გადაწყვეტილებას [ნებართვის გაცემის შესახებ] აქვს პრობლემა, არის გარემოს დაცვის კოდექსი, სივრცითი დაგეგმარებისა და არქიტექტურული საქმიანობის კოდექსი, ასევე საქართველოს მთავრობის დადგენილება და  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი.

საიას თავმჯდომარე ამბობს, რომ არავის არ შეუსწავლია და არ არსებობს პროექტთან დაკავშირებული კონკრეტული მტკიცებულებები, თუ რა გავლენას მოახდენს ეს პროექტი ქალაქის სანაპირო ზოლზე, ასევე ბათუმის ბულვარზე, ქალაქის ორგანულ განვითარებაზე და სხვა შემდგომ პროცესებზე.

იურისტ გიორგი ანთაძის განმარტებით, როდესაც სამშენებლო პროექტთან დაკავშირებით იწყება ადმინისტრაციული წარმოება, აუცილებელია კერძო ინტერესებთან ერთად, დაცული იყოს საჯარო ინტერესები. ეს გულისხმობს იმგვარ პროექტზე ნებართვის გაცემას, რომელიც არ მიაყენებს ზიანს ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, ასევე ის იქნება თავსებადი უშუალოდ იმ ტერიტორიასთან, რომელშიც იგეგმება მშენებლობის განხორციელება:

„კონკრეტულ შემთხვევაში მიგვაჩნია, რომ ბათუმი რივიერასთან დაკავშირებით ისეა გაცემული ნებართვა, რომ არ არის გათვალისწინებული მდებარეობა, სადაც ის უნდა აშენებულიყო. კერძოდ, ეს არის ისტორიული ბათუმი. ისტორიული ბათუმის ტერიტორიაზე, პირველ რიგში, განაშენიანების რეგულირების გეგმა დამტკიცდა საკრებულოს მხრიდან იმგვარად, რომ იქ შესაძლებელი გახდა აშენებულიყო ხუთი ცათამბჯენი და ასევე ლაგუნა. აქ გვაქვს მთელი რიგი დარღვევები“.

საიაში მიიჩნევენ, რომ საქმე გვაქვს შემთხვევასთან, როდესაც ადმინისტრაციულმა ორგანომ გამოიყენა კანონის ჩანაწერები არაკეთილსინდისიერად. მაგალითად, გარემოზე შეფასების ანგარიში მზადდება იმ შემთხვევაში, როდესაც საპროექტო ტერიტორია აღემატება ათ ჰექტარს.

„ეს მექანიზმი, რომელიც იცავს ადამიანის უფლებებს, ათ ჰექტარზე კი არ მოამზადეს დასკვნები, არამედ 9.7 ჰექტარზე წარადგინეს. ასევე უშუალო კანონის დარღვევასთან გვაქვს საქმე, როდესაც ადმინისტრაციულმა ორგანომ არ შეისწავლა დოკუმენტაცია, რომელიც მშენებლობის ნებართვის მიმღებმა წარადგინა“, – განმარტა გიორგი ანთაძემ.

„ბათუმი რივიერამ“ წარადგინა დოკუმენტაცია, რომელსაც დაურთო თავის მიერ დაქირავებული იურიდიული კომპანიის დასკვნა, რომელიც გამორიცხავდა ამ ნებართვის მიღებისას გარემოს დაცვის შეფასების დოკუმენტის მომზადებას.

საქართველოს ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ, რომელსაც თავის მხრივ მიმართა ბათუმის მერიამ და ჰკითხა, უნდა ჩაეტარებინა თუ არა სტრატეგიული გარემოს დაცვის შეფასება, განმარტა:

„ადმინისტრაციულმა ორგანომ ისე, რომ კანონში არ ჩაიხედა, პირდაპირ თქვა, რომ ის ენდობოდა მშენებლობის განმახორციელებლის იურისტის ჩანაწერს, რომელიც ამბობდა, რომ არ იყო საჭირო ეს. შესაბამისად, სამინისტრომ გასცა რეკომენდაცია, რომ არ იყო საჭირო გარემოს დაცვის შეფასების მომზადება“.

ბრიფინგზე კიდევ რამდენიმე დარღვევაზე გაამახვილეს ყურადღება.

კომპანია „სილქ როუდ ჯგუფი“ ბათუმში, ე.წ. ჭაჭის თაუერის  მიმდებარე ტერიტორიაზე ხუთი თაუერის აშენებას გეგმავს. მათგან ყველაზე მაღალი 130 მეტრი სიმაღლის 42-სართულიანი „სილქ თაუერი“ იქნება, რომელსაც 2012 წელს დაანონსებული „ტრამპ თაუერის“ ნაცვლად ააშენებენ.

2020 წლის თებერვალში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, შპს „ბათუმი რივიერას“ მიმართვის საფუძველზე, მრავალფუნქციური, მაღალსართულიანი შენობის გარდა ხელოვნური ლაგუნას მოწყობის პროექტიც შეითანხმა.

სკოლებში საზეიმო ღონისძიებები გაუქმდება – მთავრობა

დღეს, 9 სექტემბერს, მთავრობაში გამართულ ბრიფინგზე, პრემიერ-მინისტრის აპარატის ხელმძღვანელმა, ნათია მეზვრიშვილმა სოციალური ღონისძიებების აკრძალვაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, იკრძალება ისეთი ღონისძიებები, სადაც 200-ზე მეტი პირი მონაწილეობს.

ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, ასევე იკრძალება საზეიმო ღონისძიებები სკოლებშიც.  „უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ უსაფრთხოებიდან გამომდინარე სასკოლო ღონისძიებები გაუქმდეს“, – ამბობს მეზვრიშვილი.

დღეს კორონავირუსის 44 შემთხვევა გამოვლინდა ქვეყანაში, აქედან 25 ახალი შემთხვევა აჭარაში დაფიქსირდა.

_____________________________

მთავარი ფოტო: „ბათუმელების“ არქივი.

ქორწილები და ქელეხები ღია სივრცეშიც იკრძალება – მთავრობა

მთავრობის გადაწყვეტილებით, 10 სექტემბრიდან იკრძალება ისეთი სოციალური ღონისძიებები, როგორიცაა ქელეხი, ქორწილი და იუბილე. ამის შესახებ დღეს, 9 სექტემბერს, განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ბრიფინგზე.

„ხვალიდან ეს სოციალური ღონისძიებები აიკრძალება, ფაქტობრივად ვუბრუნდებით იმ შეზღუდვას, რომელიც არსებობდა. ეს შეზღუდვა ისედაც დახურულ სივრცეში დღეის მდგომარეობით მოქმედებს, თუმცა ხვალიდან ეს უკვე გავრცელდება ღია სივრცეებზეც“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

მისი განცხადებით, გადაწყვეტილება შემქნილი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო იქნა მიღებული.

კინოთეატრების, თეატრებისა და საბავშვო ცენტრების გახსნა პირველ ნოემბრამდე გადაიდო

საქართველოში კინოთეატრების, თეატრებისა და საბავშვო გასართობი ცენტრების გახსნა პირველ ნოემბრამდე გადაიდო – ამის შესახებ დღეს, 9 სექტემბერს, ნათია მეზვრიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე. მისი განცხადებით, გადაწყვეტილება შექმნილი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო იქნა მიღებული.

მან ასევე აღნიშნა, რომ ხვალიდან, 10 სექტემბრიდან, იკრძალება 200-ზე მეტი ადამიანის მონაწილეობა კულტურულ და სპორტულ ღონისძებებში.

___________

ფოტოზე: კინოთეატრი „აპოლო“ ბათუმში

რამდენი ლარით შეიძლება დაჯარიმდეთ გარემოზე ზიანის მიყენების შემთხვევაში – კანონპროექტი

გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ ახალი კანონპროექტის მიხედვით, გარემოზე ზიანის მიყენების შემთხვევაში ჯარიმები გაიზრდება.

კანონპროექტის მიხედვით, გარემოზე ზიანის მიყენების გარდაუვალი საფრთხის ან გარემოზე მიყენებული ზიანის შესახებ ინფორმაციის დამალვა დაჯარიმდება 5 000-დან 10 000-მდე ლარით, ხოლო დაზიანებული გარემოს პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენის ან პირვანდელ მდგომარეობასთან მიახლოებულ მდგომარეობამდე აღდგენის შესაძლებლობის შესახებ ინფორმაციის დამალვა – 5 000 ლარით.

ზიანის პრევენციის ან შერბილებისთვის აუცილებელი ღონისძიებების გაუტარებლობისთვის ჯარიმა 10 000-დან 20 000-მდე ლარია, გარემოზე მიყენებული ზიანის შემდგომი გავრცელების თავიდან ასაცილებლად ან შესარბილებლად აუცილებელი ღონისძიებების გაუტარებლობა კი 20 000-დან 40 000 ლარამდე ჯარიმას ითვალისწინებს.

„5000-დან 10 000 ლარამდე ჯარიმები განისაზღვრება კანონით გათვალისწინებული თანხების სახელმწიფო ბიუჯეტში ჩარიცხვის ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაშიც“, – ნათქვამია გარემოს ზედამხედველობის მიერ.

იმ შემთხვევაში, თუკი გარემოზე ზიანის მიყენებაზე პასუხისმგებელი პირი არ წარმოადგენს ზიანის გამასწორებელი ღონისძიებების გეგმის ან განსახორციელებელი ღონისძიებების ხარჯთაღრიცხვის შესახებ დასკვნას,  დაჯარიმდება 1 000 ლარით,  გამასწორებელი ღონისძიებების გეგმის ან განსახორციელებელი ღონისძიებების ხარჯთაღრიცხვის შესახებ დასკვნის წარდგენის ვალდებულების შეუსრულებლობა – 20 000-დან 40 000 ლარამდე, ზიანის გამასწორებელი ღონისძიებების გეგმით გათვალისწინებული ღონისძიების შეუსრულებლობა კი – 40 000-დან 80 000 ლარამდე ჯარიმას ითვალისწინებს.

გარდა ამისა, გარემოსთვის განსაკუთრებით საშიში საქმიანობის განხორციელება გარემოსდაცვითი რისკის ფინანსური უზრუნველყოფის გარეშე 10 000 ლარის ოდენობის ჯარიმით განისაზღვრება.

კანონპროექტის მიხედვით, გარემოზე ზიანის მიყენების საფრთხის ან ზიანის მიყენების შემთხვევაში, პირი ვალდებულია აღნიშნულის შესახებ შეატყობინოს სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს და გაატაროს ქმედითი ღონისძიებები. ზიანის ფულადი ანაზღაურების შედეგად გადახდილი თანხები კი მიმართული იქნება სპეციალურად შექმნილ ანგარიშზე.

„აღნიშნულ ანგარიშზე აკუმულირებული თანხები მოხმარდება დაზიანებული გარემოს აღდგენას. კანონპროექტით გათვალისწინებული ახალი რეგულაციები ეფუძნება პრინციპს – „დამბინძურებელი იხდის“ – აცხადებს ზედამხედველობის სამსახური.

აღნიშნულ საკანონმდებლო ცვლილებაზე საქართველოს პარლამენტში საკომიტეტო განხილვები იწყება.

ბათუმის სამშობიარო სახლი დაიკეტა, დადასტურებულია 5 შემთხვევა

ბათუმის სამშობიარო სახლმა მუშაობა შეაჩერა. აქ კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, რუსუდან შავიშვილის თქმით, ინფიცირებული სამედიცინო პერსონალია და სავარაუდოდ ისინი ე.წ. „დონას“ კლასტერს უკავშირდებიან.

„შეაჩერა მუშაობა, რა თქმა უნდა. შესულია ეპიდემიოლოგთა ჯგუფი და მთლიანად იტესტება სამშობიარო. არც ერთი მელოგინე, არც ერთი ბავშვი აღარ არის უკვე სამშობიაროში… “ – ამბობს რუსუდან შავიშვილი.

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის განმარტებით, ბათუმის სამშობიარო სახლის შემთხვევები თვითდინებით – კარვებსა და პოლიკლინიკებში მისული ადამიანების ტესტირების შედეგად გამოვლინდა.

„ეს ადამიანები ძირითადად აღნიშნავდნენ, რომ იყვნენ „დონას“ მომხმარებლები… გაავლეთ პარალელი, როგორც იუსტიციის სახლში იყო, აქაც ისე მოხდება, გაიტესტება და პასუხიდან გამომდინარე განაგრძობს ფუნქციონირებას,“ – აღნიშნა რუსუდან შავიშვილმა.

დღეს, 9 სექტემბერს, ბათუმში კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ქვეყნის მასშტაბით კი – 44.

აჭარაში სკოლების მშენებლობა რეკომენდაციების დაცვით მიმდინარეობს

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ჯემალ სურმანიძემ სკოლებში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა და სამინისტროს კონტრაქტორ კომპანიებს კიდევ ერთხელ მოუწოდა მკაცრად დაიცვან ახალი კორონავირუსით გამოწვეულ ინფექციასთან (COVID-19) დაკავშირებული რეკომენდაციები, რომელიც დადგენილია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ.

ამ დროისათვის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ ხორციელდება 8 საჯარო სკოლის ახალი შენობის (სპორტული და სააქტო დარბაზებით) და 2 საჯარო სკოლის სპორტული დარბაზის მშენებლობა. ასევე, მიმდინარეობს 29 სკოლის სრული/ნაწილობრივი სარეაბილიტაციო სამუშაოები.

სამინისტროს მიერ, სულ ჯამში, სხვადასხვა სახის სამუშაოები მიმდინარეობს 39 სკოლაში.

„ხოფის ბაზრობა“ არ გაიხსნება, ბათუმის იუსტიციის სახლი კი იწყებს მუშაობას

დღეს, 9 სექტემბერს, აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა, რუსუდან შავიშვილმა განაცხადა, რომ „ხოფის ბაზრობა“ არ გაიხსნება, სანამ კორონავირუსზე ტესტირების პროცესი არ დასრულდება.

შავიშვილის თქმით, ე.წ „ხოფის ბაზრობაზე“ კორონავირუსი ჯამში 7 პირს დაუდასტურდა. კორონავირისზე ტესტირება ისევ გრძელდება. ამ ბაზრობაზე 4 ათასამდე ადამიანია დასაქმებული.

რუსუდან შავიშვილის ინფორმაციით, კარავი გაიხსნება ხოფის ბაზრობასთანაც, სადაც მოქალაქეები უფასოდ შეძლებენ ტესტირებას.

რაც შეეხება იუსტიციის სახლს ბათუმში, შავიშვილის თქმით, იუსტიციის სახლი, რომელიც კორონავირუსის შემთხვევის გამოვლენის გამო გუშინ დაიკეტა, გაიხსნება და მუშაობას ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს.

„იუსტიციის სახლიდან ყველა ტესტირების პასუხი უარყოფითია, ამიტომ იუსტიცია გაიხსნება, „ხოფის ბაზრობის“ ტესტირებებს ველოდებით და არ გაიხსნება, სანამ ტესტირებები არ დასრულდება. ყველა, ვინც ჩაიტარა ტესტირება, დაელოდოს სამ დღეს, სანამ არ იქნება ცნობილი მათი ტესტის პასუხები“, – ამბობს შავიშვილი.

ოფიციალური ინფორმაციით, დღეს ბათუმში კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ქვეყნის მასშტაბით კი – 44.

ბათუმში, კლინიკა „ბაუ-ში“, 1 პირს კორონავირუსი დაუდასტურდა

დღეს კლინიკა „ბაუ-ს“ თანამშრომელს კორონავირუსი დაუფიქსირდა. ინფორმაცია დაადასტურა აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, რუსუდან შავიშვილმა.

როგორც კლინიკა ბაუ-ში „ბათუმელებს“ უთხრეს, კოვიდ19-ით ინფიცირებული პირი დამლაგებელია.

„დერეფნებს და ღია სივრცეებს ალაგებდა, ამიტომ შეხება არ ჰქონია არც პაციენტებთან და არც მედპერსონალთან. ინფიცირებული პირი იზოლირებულია და გადაყვანილია კლინიკაში. ველოდებით განმეორებით ტესტირებას. იმ დღეს იმ განყოფილებაში ვინც იმყოფებოდა, ყველას ჩაუტარდა ტესტირება და არიან იზოლაციაში, შენობაში სრული დეზინფექცია ჩაუტარდა ყველაფერს,“- გვითხრეს კლინიკაში.

კლინიკა „ბაუ“ ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას.

დღეს, 9 სექტემბრის მონაცემებით, ბათუმში კორონავირუსის 25 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის, კორონავირუსი დაუდასტურდა ხოფის ბაზრობაზე დასაქმებულ შვიდ პირს. ამ ბაზრობაზე 4 ათასი ადამიანი მუშაობს.

უსიმპტომო პაციენტები ბათუმის რესპუბლიკურიდან კარანტინში გადაჰყავთ – Covid 19

კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანების ნაწილი ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოდან საკარანტინო სივრცეში გადაჰყავთ. საუბარია პაციენტებზე, რომლებსაც სიმპტომები არ აქვთ.

„…ზუსტი მონაცემები არ მაქვს, ზოგი შემოდის, ზოგი – გადის, დათვლას ვეღარ ვასწრებთ, ამ დილით გვყავდა 104 და შემოიყვანეს 6, როგორც მახსოვს, 18 გადაიყვანეს საკარანტინო სივრცეში… ის პაციენტები გადაჰყავთ საკარანტინო სივრცეში, რომლებიც დაახლოებით ერთი კვირა არიან ჩვენთან მოთავსებული და არავითარი სიმპტომი არ აღენიშნებათ,“- გვითხრა სოლომონ ფუტკარაძემ, ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა.

დღეს, 9 სექტემბერს, ბათუმში კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ქვეყნის მასშტაბით კი – 44. ქვეყანაში ამჟამად კორონავირუსზე 403 ადამიანს მკურნალობენ.

დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის სულ 1773 შემთხვევაა დადასტურებული, რომელთაგან 1325 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 19 ადამიანი გარდაიცვალა. ამჟამად კარანტინში იმყოფება 5882 ადამიანი.

დააკავეს კაცი, რომელიც სისტემატურად ძალადობდა ცოლზე, დედასა და მამაზე – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ნინოწმინდაში ოჯახის წევრების მიმართ განხორციელებული მუქარისა და ძალადობისთვის 1975 წელს დაბადებული პირი დააკავეს.

შს სამინისტროს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ „ბრალდებული ბოლო სამი თვის განმავლობაში სისტემატურად ძალადობდა მეუღლის – 1975 წელს დაბადებული ა.ი.-ის, მამის – 1948 წელს დაბადებული შ.ი.-ისა და დედის – 1950 წელს დაბადებული ნ.ი.-ის მიმართ. ერთ-ერთი ურთიერთშელაპარაკების დროს, ა.ი. ოჯახის წევრებს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა და საცხოვრებელ სახლში არსებული ავეჯი დააზიანა“.

გამოძიება ოჯახში ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილ ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით და 11 პრიმა 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის “დ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კორონავირუსის 44 ახალი შემთხვევა საქართველოში – 9 სექტემბრის მონაცემები

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ცნობით, 9 სექტემბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 44 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, განიკურნა 4 პაციენტი.

ქვეყანაში ამჟამად კორონავირუსზე 403 ადამიანს მკურნალობენ.

ახალი შემთხვევების უმრავლესობა, 25 შემთხვევა, ბათუმში გამოვლინდა.

დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის სულ 1773 შემთხვევაა დადასტურებული, რომელთაგან 1325 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 19 ადამიანი გარდაიცვალა.

ამჟამად კარანტინში იმყოფება 5882 ადამიანი.

___________

ფოტოზე: თბილისის ინფექციური საავადმყოფოს მედპერსონალი. წყარო: nplg.gov.ge

ბათუმში კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევა დადასტურდა

9 სექტემბრის მონაცემებით, ბათუმში კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, გასული 24 საათის განმავლობაში რეგიონში 2 700 PCR ტესტი ჩატარდა, სწორედ ამ ტესტირების შედეგად გამოვლინდა 25 ახალი შემთხვევა.

ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გუშინ, 8 სექტემბერს, კორონავირუსით ინფიცირებული 104 პაციენტი იყო მოთავსებული.

ამ კლინიკას ერთდროულად 170 პაციენტის მიღება შეუძლია.

დღეს საქართველოში, ბოლო 24 საათის მონაცემებით, კორონავირუსის 45 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

პატრიოტთა ალიანსის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები აჭარაში

დღეს, 8 აგვისტოს, პატრიოტთა ალიანსმა აჭარაში მაჟორიტარი დეპუტატობის თავისი კანდიდატები წარადგინა.

პარტიის მონაცემებით, პარლამენტის არჩევნებისთვის პარტიას აჭარაში მაჟორიტარობის შემდეგი კანდიდატები ეყოლება:

  • ამირან ტაკიძე – ქობულეთი
  • ზურაბ გაბაიძე – ბათუმი
  • ზორბეგ ბერიძე – ხელვაჩაური, ქედან, შუახევი, ხულო

უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარობის კანდიდატები არიან:

  •  გულნარა ბასილაძე – ქობულეთი
  • ჯუმბერ ტაკიძე – ბათუმი
  • დავით დავითაძე – ხელვაჩაური, ქედან, შუახევი, ხულო

უმაღლეს საბჭოში “პატრიოტების” საარჩევნო სიის პირველი ნომერი გურამ (მურმან) თურმანიძე იქნება.

ბათუმში ჩასარიცხი აპარატი გატეხეს – გამოძიება ქურდობის მუხლით დაიწყო

ბათუმში 8 სექტემბერს ჩასარიცხი აპარატი გატეხეს. შემთხვევა გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩაზე მოხდა. თვითმხილველის თქმით, შემთხვევის ადგილზე პოლიცია ადრე დილიდან მუშაობდა.

წაიღეს თუ არა აპარატიდან თანხა და რამდენი, „ბათუმელებმა“ ვერ დაადგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, „ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით“.

ეს მუხლი ქურდობას გულისხმობს.

სს კოდექსის 177-ე მუხლის მიხედვით: „ქურდობა, ესე იგი, სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით – ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე“.

 

ჩასარიცხი აპარატი გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩაზე / გამოძიება ქურდობის მუხლით მიმდინარეობს / 8.09.2020

აჭარიდან 100%-იანი გრანტი წელს მხოლოდ 30-მა აბიტურიენტმა მოიპოვა

2020 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე სახელმწიფო გრანტი 6 550-მა აბიტურიენტმა მოიპოვა, მათგან 100%-იანი დაფინანსება 1000-ზე მეტმა მიიღო, 70%-იანი დაფინანსება – 1500-მა აბიტურიენტმა, 50%-იანი გრანტი კი – 4000-ზე მეტმა.

2020 წელს სტუდენტი გახდა 29 614 აბიტურიენტი.

მუნიციპალიტეტების საგანმანათლებლო რესურსცენტრების ინფორმაციით, აჭარის რეგიონიდან 100%-იანი სახელმწიფო გრანტი 2020 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე სულ 30-მა აბიტურიენტმა მოიპოვა, მათ შორის, ბათუმიდან 26-მა, ქობულეთიდან 3-მა, ხელვაჩაურიდან 1-მა აპლიკანტმა.

ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტებიდან წელს 100%-იანი გრანტი არც ერთ აბიტურიენტს არ მოუპოვებია.

100% სახელმწიფო გრანტი ათასზე მეტმა აბიტურიენტმა მიიღო – გამოცდების შედეგები

აჭარაში ორსულ და ლაქტაციის პერიოდში მყოფ ქალებს ტყვიაზე გამოიკვლევენ

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ორსულ და ლაქტაციის პერიოდში მყოფ ქალებს სისხლში ტყვიის შემცველობის განსაზღვრის მიზნით, უფასო კვლევებს ჩაუტარებენ.

კვლევის ჩატარება შესაძლებელია ბათუმის 4 სამედიცინო დაწესებულებაში:

  • ირის ბორჩაშვილის ჯანმრთელობის ცენტრი “მედინა”
  • ბათუმის სამედიცინო ცენტრი
  • მ. იაშვილის დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრი
  • საოჯახო მედიცინის რეგიონული ცენტრი

როგორც ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, პირველ ეტაპზე 1000 ქალის გამოკვლევაა დაგეგმილი. იმ შემთხვევაში, თუკი უფრო მეტი იქნება მსურველი, კვლევის მეორე ეტაპიც დაიგეგმება.

„ტყვია წარმოადგენს კუმულაციური თვისებების მქონე ტოქსიკურ ნივთიერებას. ორსულებში ტყვიის მაღალი ექსპოზიცია იწვევს სხვადასხვა გართულებას.

შესაბამისად, ორსულ და ლაქტაციის პერიოდში მყოფ ქალებში ტყვიის შემცველობის მაღალი დონის დროული გამოვლენა უზრუნველყოფს მოსალოდნელი გართულებების თავიდან აცილებას“, – აცხადებს აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო.

პროგრამას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ახორციელებს.

______________

ამავე თემაზე: 

რა არის ბავშვებში ტყვიის მაღალი შემცველობის მიზეზები – წინასწარი კვლევის შედეგები

ადვოკატი: ფირუზ წულუკიძეს „ოცნება“ ბოდიშის მოხდას და ნათქვამის უარყოფას სთხოვდა

„ცენტრალური ხელისუფლება ფირუზ წულუკიძეს ბოდიშის მოხდას და ნათქვამის უარყოფას სთხოვდა… თუ ფირუზ წულუკიძე ამას გააკეთებდა, მაშინ ელდარ ანთაძე და რეზო წულუკიძე მიიღებდნენ თავისუფლებას,“ – ამბობს ადვოკატი დავით ჯაფარიძე. ის ხულიგნობის საქმეზე დაკავებული ელდარ ანთაძის ინტერესებს იცავს. დავით ჯაფარიძის თქმით, ის ამ საქმეზე ბიზნესმენ მურმან ჯინჭარაძეს შეხვდა, რომელსაც დაზარალებულის სტატუსი აქვს. ადვოკატი ირწმუნება, რომ ბიზნესმენის ხელით „ქართულმა ოცნებამ“ ამ საქმის სათავისოდ გამოყენება სცადა.

საუბარია ბათუმში 2020 წლის აპრილში მომხდარ ინციდენტზე – საცხოვრებელი კორპუსის წინ მომხდარი ჩხუბის შემდეგ რეზო წულუკიძეს და ელდარ ანთაძეს გამოძიებამ ჯგუფურად ხულიგნობის ჩადენის მუხლით წაუყენა ბრალი. ისინი წინასწარ პატიმრობაში არიან. კიდევ ერთი ბრალდებული ვაჟა კონცელიძე კი, გირაოს საფუძველზეა გათავისუფლებული. ბრალი წარუდგინეს დაპირისპირებულ მხარეს მყოფ სამ პირსაც, თუმცა ისინი წინასწარ პატიმრობაში არ არიან. მათი საქმის განხილვა სასამართლოს ჯერ არ დაუწყია.

ბრალდებულების – რეზო წულუკიძისა და ელდარ ანთაძის ოჯახის წევრების თქმით, მათ უსამართლოდ სჯიან, რადგან ხელისუფლებას წინასაარჩევნოდ დახმარებაზე უარი უთხრეს. რეზო წულუკიძის ძმამ, ფირუზ წულუკიძემ აჭარის მთავრობის აპარატის წინ გამართულ ერთ-ერთ აქციაზე თქვა, რომ მათ წინასაარჩევნოდ დახმარებას და პრაქტიკულად, ზონდერჯგუფის შექმნას სთხოვდნენ. ფირუზ წულუკიძე ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონია. ფირუზ წულუკიძის თქმით, კონსპირაციულ შეხვედრებს მასთან და მის ძმასთან აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი, კოტე ანანიაშვილი და აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მამა – დავით რიჟვაძე მართავდნენ.

დღეს, 8 სექტემბერს, რეზო წულუკიძის, ელდარ ანთაძის და ვაჟა კონცელიძის საქმის განხილვა გადაიდო. მიზეზი პროკურორის გამოუცხადებლობა გახდა. მოსამართლე დავით მამისეიშვილმა სხდომაზე მყოფ პირებს, მათ შორის, ბრალდებულებს უთხრა, რომ პროკურორი პაატა ცეცხლაძე პროცესზე ვერ მივიდოდა, რადგან იუსტიციის სახლში კორონავირუსით დაინფიცირება დაფიქსირდა.

„დიდი ხანია არ ყოფილხართ ამ დარბაზში,“ – მიმართა მოსამართლემ ბადრაგის თანამშრომლებს, რომლებმაც დღევანდელ პროცესზე ბრალდებულები ჩამოიყვანეს – პანდემიის პირობებში ბრალდებულები სასამართლო პროცესს დისტანციურად ესწრებოდნენ.

მოსამართლის თქმით, ის მორიგ პროცესამდე ტესტირების შედეგებს დაელოდება. თუკი პროკურორი პროცესზე დასწრებას ვერ შეძლებს, შემდეგი პროცესი დისტანციურად ჩატარდება.

რაც შეეხება ადვოკატის განცხადებას და მის შეხვედრას ბიზნესმენთან, რომელსაც ამ საქმეზე დაზარალებულის სტატუსი აქვს – ადვოკატი დავით ჯაფარიძე განმარტავს, რომ წინასწარ პატიმრობაში მყოფი რეზო წულუკიძის და ელდარ ანთაძის გირაოთი გასათავისუფლებლად ახალი გარემოებაა საჭირო. ადვოკატი ბიზნესმენ მურმან ჯინჭარაძეს შეხვედრია, რომელიც ამ საქმეზე ბრალდებულიცაა [გამოძიების ვერსიით მას დაუპირისპირდნენ რეზო წულუკიძე და ელდარ ანთაძე] და დაზარალებულიც.

„…აღკვეთი ღონისძიების შესაცვლელად საჭიროა ახალი გარემოება, ახალი გარემოება დარჩა დაზარალებულის პოზიცია, ჰქონდა თუ არა პრეტენზია და ითხოვდა თუ არა ზიანის ანაზღაურებას. ამ მიზნით მივედი ერთ-ერთ დაზარალებულთან, რომელსაც მანამდეც ვიცნობდი, მურმან ჯინჭარაძესთან… ის დამხვდა პოლიტიკური მოთხოვნებით. მან მოითხოვა, რომ ფირუზ წულუკიძეს მთავრობისთვის მოეხადა ბოდიში და თავისი ნათქვამის უარყოფა მოეხდინა. მურმან ჯინჭარაძემ მითხრა, რომ ეს იყო ხელისუფლების დავალება, მაგრამ არ თქვა, ვინ სთხოვდა ამას… ეჭვიც არ მეპარება, რომ მურმან ჯინჭარაძე ვერ მისცემდა თავს უფლებას, ხელისუფლების სახელით თვითონ ესაუბრა. ეს დაკვეთა მოდის დედაქალაქიდან,“ – გვითხრა დავით ჯაფარიძემ.

დავით ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ დავით რიჟვაძეს [თორნიკე რიჟვაძის მამა] არ უკავშირდება ელდარ ანთაძისა და რეზო წულუკიძის დაპატიმრება.

იგივე პოზიცია აქვს ფირუზ წულუკიძესაც: „მე არც ადრე მითქვამს, რომ დავით რიჟვაძის ინტერესი იყო ჩვენი დაპატიმრება… იგი ჩვენთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა… ჩემი აზრით, ეს ყველაფერი მოდიოდა კახი კალაძისგან. მას ჰქონდა კავშირი იმ ადამიანებთან, ვინც ჩვენ დაგვიპირისპირდა. ბათუმის სამმართველოს თანამშრომლებმა კახი კალაძის დავალება შეასრულეს,“ – აღნიშნა ფირუზ წულუკიძემ „ბათუმელებთან“.

„ბათუმელებმა“ სცადა ბიზნესმენ მურმან ჯინჭარაძესთან დაკავშირება, თუმცა მან ჩვენს სატელეფონო ზარებს და შეტყობინებას არ უპასუხა. მურმან ჯინჭარაძე ამჟამად კომპანია„ბათ ინვესტ 2020“-ის დირექტორია. ის ასევე იყო კომპანია „სლავა 2015“-ის დირექტორი.

ამ თემაზე:

ფირუზ წულუკიძის თქმით, “ენცო ბატუმსკი” ფიგურირებს საარჩევნო ზონდერჯგუფების შექმნის საქმეში

აჭარაში შემოსავლების სამსახურის 3 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცნობით, სამსახურის აჭარის რეგიონის 3 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა.

შემოსავლების სამსახურის ბათუმის  გაფორმების ეკონომიკურ ზონაში მებაჟე ოფიცრებსა და თანამშრომელთა სრულ შემადგენლობას, 185 პირს, სავალდებულო გამოკვლევა ჩაუტარდა, ამასთან, მიზნობრივი, გეგმიური ტესტირება ჩაუტარდა საბაჟო გამშვები პუნქტი „სარფის“ 99 მებაჟე ოფიცერს.

გამოკვლეული პირებიდან კორონავირუსი დაუდასტურდა სამ თანამშრომელს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

შემოსავლების სამსახურის ცნობით, პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, მიზნობრივი ტესტირება რისკ ჯგუფში მყოფ ყველა თანამშრომელს ჩაუტარდა.

„ამასთან, საბაჟო დეპარტამენტის ექიმი ეპიდემიოლოგების მიერ, განხორციელდა ინდივიდუალური მონიტორინგი, რაც გულისხმობს სათანადო კლინიკური ნიშნების შეფასებას და მიღებული ინფორმაციის საფუძველზე შესაბამისი დეტალური ანამნეზის შეკრებას.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან კოორდინირებით კორონავირუსზე სრული ტესტირების პროცესი შემოსავლების სამსახურის  საბაჟო გამშვებ პუნქტებსა და გაფორმების ეკონომიკურ ზონებში ეტაპობრივად კიდევ განხორციელდება“, – აღნიშნულია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.

აჭარის განათლების სამინისტროში მოსწავლეების ტრანსპორტირების საკითხზე შეხვედრა გაიმართა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე ჯემალ სურმანიძე და პროგრამის კოორდინატორი ჯაბა აბულაძე იმ კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდნენ, რომლებიც ახორციელებენ საჯარო სკოლის მოსწავლეების ტრანსპორტით უზრუნველყოფას.

შეხვედრაზე სასწავლო პროცესის განახლებასთან ერთად მოსწავლეთა ტრანსპორტით მომსახურების საკითხები განიხილეს, მათ შორის, ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციასთან დაკავშირებული (COVID-19) რეკომენდაციების დაცვა.

მოსწავლეთა ტრანსპორტირების დროს აუცილებელია კომპანიამ უზრუნველყოს მოსწავლეთა უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რეკომენდაციების განუხრელი დაცვა.

მოსწავლეთა ტრანსპორტირებით უზრუნველყოფის პროგრამა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ მიმდინარე წელს დაიწყო და პროგრამის ფარგლებში ექვსი მუნიციპალიტეტის 180 საჯარო სკოლის მოსწავლე სარგებლობს.

ჯარიმა და შენობის დემონტაჟი – მერია მარუხის ქუჩაზე უკანონოდ აშენებულ სახლზე 

ბათუმის მერიამ მარუხის ქუჩაზე აშენებულ სამსართულიან სახლთან დაკავშირებით განცხადება გამოაქვეყნა. ამ სახლის ნაწილი პირდაპირ ქუჩაზეა აშენებული. უკანონო შენობის მისამართია მარუხის ქუჩის #11. მესაკუთრის თქმით, ტერიტორია მისი ოჯახის საკუთრებაა, თუმცა აღიარებს იმასაც, რომ სახლი მერიის ნებართვის გარეშე ააშენა.

მერიის განმარტებით, ამ უნებართვო მშენებლობასთან დაკავშირებით ბათუმის მუნიციპალურმა ინსპექციამ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო, რაც ჯარიმასა და შენობა-ნაგებობის დემონტაჟს ითვალისწინებს:

„2019 წელს აღნიშნული მიწის ნაკვეთის მესაკუთრემ, მშენებლობის ნებართვის მიღების მიზნით, ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული განვითარების სამსახურს მიმართა. განმცხადებელს უარი ეთქვა სივრცით-მოცულობითი თვალსაზრისიდან გამომდინარე, ვინაიდან სამშენებლო ტერიტორია მოიცავდა საავტომობილო გზის ნაწილსაც. აღნიშნულ მონაკვეთში კი, მშენებლობის წარმოება ჩაითვალა მიუღებლად“.

მერიის განცხადებაში ნათქვამია იმის შესახებაც, რომ დისციპლინური წარმოება დაიწყო მუნიციპალიტეტის იმ თანამშრომლების მიმართ, ვისაც კომპეტენციის ფარგლებში უშუალოდ ევალებოდა ფაქტზე რეაგირება.

ადმინისტრაციული დავის წარმოების დასრულების შემდეგ მერიას დავის გაგრძელება სავარაუდოდ სასამართლოში მოუწევს, რადგან მესაკუთრეს უკანონოდ აშენებული სამსართულიანი სახლის ორი სართული რეესტრში დარეგისტრირებული აქვს. ამას გარდა, შენობა კერძო საკუთრებაზეა აშენებული.

____

3-სართულიანი სახლი ბათუმში, რომელიც ქუჩაზეა აშენებული

თურქეთში პირბადის ტარება სავალდებულოა ყველგან, გარდა სახლისა საელჩოს განცხადება

საქართველოს საელჩო თურქეთში განცხადებას ავრცელებს და თურქეთის რესპუბლიკაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებს პირბადის სავალდებულო ტარების შესახებ.

„თურქეთში კორონავირუსის (Covid-19) გავრცელების პრევენციის მიზნით, თურქეთის რესპუბლიკის ჯანდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების გადაწყვეტილებით, ქვეყნის მასშტაბით, სავალდებულოა პირბადის ტარება, საცხოვრებელი სახლის გარდა, ნებისმიერ ღია და დახურულ სივრცეში (საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები, ქუჩა, რეკრეაციული ზონები – პარკები, სკვერები, ზღვის სანაპიროები, საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ოფისები, ფაბრიკა-ქარხნები და სხვა).

ზემოაღნიშნული წესის დამრღვევი პირი დაჯარიმდება“ – აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.

______________

ფოტოზე: სტამბულის ყოველდღიური ცხოვრება. ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA/SERPIL GEDIK

3-სართულიანი სახლი ბათუმში, რომელიც ქუჩაზეა აშენებული

ბათუმში, მარუხის ქუჩის #11-ში სამსართულიანი სახლის ნაწილი პირდაპირ ქუჩაზე დგას. მესაკუთრის თქმით, ტერიტორია მისი ოჯახის საკუთრებაა, თუმცა აღიარებს, რომ სახლი მერიის ნებართვის გარეშე ააშენა.

„ჩემი შეცდომა მხოლოდ ესაა, რომ უნებართვოდ ავაშენე. მივმართე მერიას, მაგრამ ნებართვა არ მიმიღია. ნაკვეთი ძველი დროიდან ჩვენი ოჯახის საკუთრებაა და კარგად დააკვირდით, ძველ შენობებს უსწორდება“, – გვითხრა პირმა, რომელიც მესაკუთრედ გაგვეცნო, თუმცა სახელი და გვარი არ გაგვიმხილა. „ანონიმად ჩამწერეთ“, – გვითხრა მან.

სახლი ისეა აშენებული, რომ მისი შესასვლელი პირდაპირ სამანქანო გზაზე გადის. ათვისებულია ტროტუარიც. ქუჩის ამ მონაკვეთს სოხუმის ქუჩის მხრიდან თუ შევხედავთ, შეიძლება ვიფიქროთ, რომ ახალი სახლი ძველი სახლების ფასადების გაგრძელებაზეა, თუმცა სხვა ვითარება დაგხვდებათ ივანე ანდრონიკაშვილის ქუჩის მხრიდან.

მარუხის ქუჩა, #11.
ხედი სოხუმისა და მარუხის ქუჩების კვეთიდან

მესაკუთრის თქმით, ძველი სახლი და მასზე დამაგრებული დამხმარე ნაგებობები, მიწის ნაკვეთის ჩათვლით, ერთი ოჯახის საკუთრება იყო, შემდეგ ოჯახი გაიზარდა და საკუთრება გაიყვეს, ერთ-ერთ ნაკვეთზე კი ააშენეს ახალი სამსართულიანი სახლი. პირმა, რომელიც მესაკუთრედ გაგვეცნო, გვითხრა ისიც, რომ მაშინ, როცა აქ მისი წინაპრები ცხოვრობდნენ, ქუჩა არ გადიოდა – „სამოციან წლებში გაუკეთებიათ გზა, მაგრამ ეს სახლები არ აიღეს და ქუჩა არ გააფართოვეს“.

აქ გვითხრეს ისიც, რომ ქუჩის ამ მონაკვეთში სახლები წითელ ზოლშია და შესაძლოა აიღონ, თუმცა საიდან აქვთ ეს ინფორმაცია, არ დააკონკრეტეს.

2004 წლის google-ს რუკის მიხედვით, ძველი, ორსართულიანი სახლი, რომელიც მარუხისა და სოხუმის ქუჩების გზაჯვარედინზე მდებარეობს, სხვა სახლებთან შედარებით ოდნავ გამოწეულია გზისკენ, თუმცა იმ ადგილზე, სადაც ახლა სამსართულიანი შენობა აუშენებიათ, მხოლოდ გამწვანება ჩანს.

2014 წლის რუკა, მწვანედ მონიშნულია ადგილი, სადაც ახლა სამსართულიანი სახლია

ქუჩაზე აშენებულ სახლში მიყვანილია კომუნიკაციები, მაგრამ უცნობია, რამდენად კანონიერად და უსაფრთხოდ, რადგან ბუნებრივი აირის მილი პირდაპირ ფანჯრებზე გადის.

ფოტოზე ჩანს, როგორ წყდება მერიის მიერ მოწყობილი უსინათლოთა ბილიკი ახალაშენებული სახლის ფანჯარასთან

უკვე დასრულებული სახლის გვერდით კიდევ ერთი მიმდინარე მშენებლობა დაგვხვდა.

რეესტრის მონაცემებით, მარუხისა და სოხუმის ქუჩების გზაჯვარედინზე #11/34-ში 97 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი გელა გოგუაძის საკუთრებაა. სოხუმის ქუჩის მხრიდან ძველი ორსართულიანი სახლი   ელგუჯა და ზაზა გოგუაძეებს, ნაწილი კი გურამ ჯაშს ეკუთვნის.

Exit mobile version