სიახლეები

ვის არ ესმის შშმ პირების ხმა – ფორმალურად ადაპტირებული არჩევნები არასტანდარტული პანდუსით

06.11.2020 • 1831
ვის არ ესმის შშმ პირების ხმა – ფორმალურად ადაპტირებული არჩევნები არასტანდარტული პანდუსით

გაორმაგებულ სოციალურ პაკეტს, ადაპტირებულ გარემოს და დასაქმებას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე [შშმ] პირებს 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ თითქმის ყველა პარტია დაჰპირდა, არჩევნებში მათი მონაწილეობისთვის სრულფასოვანი ადაპტირებული გარემოს შექმნაზე კი პასუხისმგებელი მხოლოდ ერთი პარტია იყო  – „ქართული ოცნება“, რომელიც შმმ პირებს იმავეს ოთხი წლის წინ, 2016 წელსაც ჰპირდებოდა.

როგორ შესრულდა ეს დაპირება და რა გარემო დახვდათ საარჩევნო უბნებზე მისულ შშმ ამომრჩევლებს 2020 წლის 31 ოქტომბერს, ამაზე კვლევა არამთავრობო ორგანიზაცია „შშმ პირთა მხარდაჭერისა და საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრმა“ ჩაატარა. ამ ორგანიზაციამ ბათუმში ყველა ადაპტირებული საარჩევნო უბანი შეისწავლა.

ორგანიზაციის წარმომადგენლის, რამინ მაჭარაშვილის ინფორმაციით, რიგ შემთხვევებში შენობების შესასვლელებთან დამონტაჟებული იყო ხის გადასატანი პანდუსები, რაც ეტლით მოსარგებლეებისთვის ძირითადად უსარგებლოა.

იყო შემთხვევები, როცა შენობის შესასვლელი ადაპტირებული იყო, თუმცა უშუალოდ შესასვლელი კარის ზღურბლი იყო იმდენად მაღალი, რომ ეტლით გადასვლა შეუძლებელი იყო, ზოგან კი შესასვლელი კარი არ იყო სტანდარტული სიგანის, არ აღწევდა 70 სანტიმეტრს და ეტლით შეღწევა შეუძლებელი იყო. ასევე, არც ერთ უბანზე არ იცნობდნენ უსინათლოებისთვის საჭირო ჩარჩო-ფორმის მოხმარების ინსტრუქციას.

„ქობულეთში უბანზე მისულ უსინათლო ამომრჩეველს  15-20  წუთი მოუწია საარჩევნო კაბინაში ლოდინი, ვიდრე კომისია მას სპეციალურ ჩარჩოს მიაწოდებდა,“ – ამბობს რამინ მაჭარაშვილი.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ბათუმში ამომრჩეველს 42 ადაპტირებული საარჩევნო უბანი უნდა დახვედროდა. კვლევით დადგინდა, რომ მათგან უმეტესობას არ ჰქონდა სტანდარტული, ადაპტირებული პანდუსი, რომელიც კომფორტული იქნებოდა როგორც ელექტრო, ასევე მექანიკური ეტლით მოსარგებლეებისთვის.  გარდა ამისა, თვალსაჩინო ადგილზე არ იყო გამოკრული სმენის არმქონეთათვის კენჭისყრის პროცედურის ამსახველი პოსტერები, რასაც ასევე ცესკოს დადგენილება ითვალისწინებს.

ბათუმის #5 საუბნო-საარჩევნო კომისიაში სპეციალური კაბინა მას შემდეგ დაადაბლეს, როცა ამომრჩეველი უბანზე  მივიდა.

ფოტო:თედო ჯორბენაძე

სად დახვდებოდა ამომრჩეველს ადაპტირებული საარჩევნო უბანი, ამის შესახებ ინფორმაცია ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე გამოაქვეყნა.

ამ მონაცემების მიხედვით, ფორმალურად, ბათუმში 42, პლუს ორი მარტივად ადაპტირებული საარჩევნო უბანია, ქობულეთში – 33 [5 მარტივად ადაპტირებული], ქედაში – 15 [ერთი მარტივად ადაპტირებული], შუახევში – 5 [ერთი მარტივად ადაპტირებული], ხელვაჩაურში – 23 [5 მარტივად ადაპტირებული]  ხულოში კი სულ  – 7 [ერთი მარტივად ადაპტირებული].

31 ოქტომბრის არჩევნებზე, ჯამში, აჭარაში სულ 138, ქვეყნის მასშტაბით კი 1126 ადაპტირებული საარჩევნო უბანი [აქედან 237 მარტივად ადაპტირებული] იყო გახსნილი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: