მთავარი,სიახლეები

თორნიკე რიჟვაძე ოპოზიციაზე: დაძრწიან და დახეტიალობენ სოფლებში

06.11.2020
თორნიკე რიჟვაძე ოპოზიციაზე: დაძრწიან და დახეტიალობენ სოფლებში

„რაც შეეხება აქციებს, ეს არის ქუჩის აქციები… ჩვენ არანაირი პრობლემა არ გვაქვს ამ ყველაფერზე, დაძრწიან და დახეტიალობენ მათ შორის სოფლებში. მე კიდევ ერთხელ ვთხოვ მათ, რომ ნუ დააყენებენ მოქალაქეების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას რისკის ქვეშ. ჩვენ არანაირი კონსულტაციის გამართვას „ნაცმოძრაობასთან“ არ ვაპირებთ,“ – აღნიშნა დღეს, 6 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე თორნიკე რიჟვაძემ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ და „ქართული ოცნების“ უმაღლესი საბჭოს საარჩევნო სიის პირველმა ნომერმა.

თორნიკე რიჟვაძემ ასე დაახასიათა ოპოზიციის აქტივობა, როცა მას 8 ნოემბერს დაგეგმილი საპროტესტო აქციის შესახებ ვკითხეთ. თორნიკე რიჟვაძე სავარაუდოდ გულისხმობდა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერს და აჭარის მთავრობის ყოფილ თავმჯდომარეს, ლევან ვარშალომიძეს, რომელიც აჭარის სოფლებში მოსახლეობას ხვდება და მოუწოდებს, 8 ნოემბრის საპროტესტო აქციაში მიიღონ მონაწილეობა.

თორნიკე რიჟვაძეს „ბათუმელებმა“ ჰკითხა, რა შემთხვევაში განიხილავს მმართველი პოლიტიკური გუნდი რიგგარეშე არჩევნების ჩატარების საკითხს. თორნიკე რიჟვაძე მიიჩნევს, რომ „ქართულ ოცნებას“ ლეგიტიმაციის პრობლემა არ ექნება. ნდობაზე საუბრის დროს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ აქცენტი იმაზე გააკეთა, რომ „კოვიდთან გამკლავებას“ განაგრძობს.

„ყველა საერთაშორისო შეფასებით, სადამკვირვებლო ორგანიზაციების შეფასებით, არჩევნები საქართველოში და რეგიონში სამართლიან, კონკურენტუნარიან გარემოში ჩატარდა. შედეგი დადგა ის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო მოსახლეობის უმრავლესობის ნდობა და შესაბამისად უმრავლესობით იქნება წარმოდგენილი წარმომადგენლობით ორგანოებში… რაც შეეხება კონკრეტულ მიზნებს და მოტივაციას, თუ ყოველდღიურ რეჟიმში განხორციელდება ამ აქციების გამართვა, მოგახსენებთ, რომ ეს არის მანიპულაციები, ეს არის მოსახლეობის შეცდომაში შეყვანა… ჩვენ გვაქვს საკმარისი ნდობა ხალხისგან, რაც ასახულია, მათ შორის, რეგიონულ მანდატებში. ჩვენ ვაგრძელებთ საქმის კეთებას, მათ შორის, კოვიდთან გამკლავებას,“ – გვიპასუხა თორნიკე რიჟვაძემ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.

___

კვირას, 8 ნოემბერს, ოპოზიციური პარტიები თბილისსა და ბათუმში გეგმავენ ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციების გამართვას, არჩევნების ხელახლა ჩატარების მოთხოვნით.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: