მთავარი,სიახლეები

რა მოხდა ქობულეთში, სადაც ცოტნე ანანიძეს საოლქომ 22 ხმა დაუმატა?

02.11.2020 • 2097
რა მოხდა ქობულეთში, სადაც ცოტნე ანანიძეს საოლქომ 22 ხმა დაუმატა?

22 ხმით ცოტნე ანანიძემ ქობულეთში არჩევნები მოიგო. ხმების დათვლა ქობულეთში გუშინ საღამოს დაასრულეს და აღმოჩნდა, რომ გამარჯვებული არავინ იყო – „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატს ცოტნე ანანიძეს ზუსტად 50 პროცენტი ჰქონდა, მეორე ადგილზე კი, ელგუჯა ბაგრატიონი გავიდა, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი. მან უსკოს მონაცემებით, ამომრჩევლის ხმების 36.6 პროცენტი მიიღო. მაჟორიტარი დეპუტატის მანდატის მოსაპოვებლად ამომრჩევლის ხმების 50 %-ს პლუს ერთი ხმაა საჭირო. ცოტნე ანანიძისთვის მიცემული ხმების რაოდენობა დღეს დილით ზუსტად 0.5 პროცენტით გაიზარდა. ეს სულ 22 ხმაა.

„უსკო როცა ამას ამბობს, გვაჩვენოს შესწორების ოქმები, რა შესწორდა და რის საფუძველზე დაუმატეს ცოტნე ანანიძეს ხმები. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს იქნება გაყალბება. ჩვენი მონაცემებით, ცოტნე ანანიძემ ქობულეთში 46 პროცენტი მიიღო,“ – ამბობს მერაბ ცინცაბაძე. ის ქობულეთის საოლქო კომისიაში გაერთიანებულ ოპოზიციას იცავს.

„რა გავაყალბეთ? გუშინ საღამოს ჩავატარეთ სხდომა და იცის თვითონაც… მეათე უბანზე შეეშალათ მონაცემის შემაჯამებელ ოქმში შეტანა და ეს ციფრი შევცვალეთ. ეს ტექნიკური შეცდომა იყო,“ – ამტკიცებს „ბათუმელებთან“ ქობულეთის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, გელა ხახნელიძე.

შესწორების ოქმი ქობულეთში სულ 5 საარჩევნო უბანზე შედგა, რაც უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი დეპუტატის არჩევას უკავშირდება. საოლქო კომისიაში თანხმდებიან, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი შემთხვევა მე-10 საარჩევნო უბანია [ციხისძირი], სადაც ელგუჯა ბაგრატიონისთვის შემაჯამებელ ოქმში გაფორმებული 561 ხმა შემცირდა 261-მდე. ელგუჯა ბაგრატიონისთვის 300 ხმით ჩამოკლებით, როგორც საოლქოსა და უსკოში განმარტავენ „ბალანსი ზუსტად დაჯდა“ და ეს ხმები არც ცოტნე ანანიძისთვის მიუმატებიათ, თუმცა ბაგრატიონისთვის ხმების შემცირებით, საბოლოოდ ანანიძისთვის ამომრჩევლის მხარდაჭერის პროცენტული მაჩვენებელი გაიზარდა.

„ტიროდა ის ქალი, გუშინ სხდომა გვქონდა, რომ შემეშალა ოქმში გადატანის დროსო… რა ჰქონდათ ახლა გულში ჩადებული, არ ვიცი მაგი, ხომ არ მოვკლავდით? ბოდიშები იხადა. მე ვითხოვდი გაფრთხილების მიცემას თავმჯდომარისთვის და მდივნისთვის, მაგრამ კომისიის სხვა წევრები არ დაეთანხმენ ამას,“ – გვიყვება გელა ხახნელიძე, ქობულეთის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე.

ქობულეთის საოლქო კომისიას ჩანაწერთა წიგნის მონაცემს დაეყრდნო, რომელიც შემაჯამებელი ოქმის გაფორმებამდე მზადდება და რომლის მიხედვითაც ელგუჯა ბაგრატიონს ციხისძირის უბანზე 561-ის ნაცვლად 261 ხმა მიუღია, ცოტნე ანანიძეს კი – 357.

გელა ხახნელიძე ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ქობულეთის მე-10 უბანზე კომისიის ყველა წევრი და, მათ შორის, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელიც ხელს აწერს შემაჯამებელ ოქმს. ოქმში რომ ბალანსი დაცული არ იყო, ეს ამბავი უბნის მიერ მონაცემების ოლქში წარმოდგენის შემდეგ გაირკვა.

ტექნიკურ შეცდომად მიიჩნევენ ამ შეცდომას უმაღლეს საარჩევნო კომისიაშიც, რომელიც უმაღლესი საბჭოს არჩევნებს ატარებს.

„ბალანსი აბსოლუტურად დარღვეული იყო მეათე უბანზე, აშკარად ეს ციფრი იყო შემთხვევით მიწერილი, ან რაღაც სხვა… საოლქოში დაიბარეს კომისია, განიხილეს და გასწორდა ოქმი,“ – გვითხრა სოფიო კახაძემ, უსკოს მდივანმა.

როგორ მოხდა ის, რომ ქობულეთის საოლქო კომისიამ ქობულეთის ყველა უბნის მონაცემების დათვალა და ცოტნე ანანიძეს 49.06 პროცენტი დაუწერა, დაახლოებით ერთ საათში კი, ეს მაჩვენებელი ზუსტად 50.0 პროცენტამდე გაიზარდა, დღეს დილით კი, კიდევ 22 ხმა დაემატა? – კითხვებზე საპასუხოდ უსკო-ში განმარტეს, რომ უმაღლესი საბჭოს არჩევნებს ატარებენ, თუმცა მაჟორიტარები მათ არ ეხებათ.

„ჩვენ მაჟორიტარებთან არავითარი შეხება არ გვაქვს. ამ ოქმებს დებს შესაბამისი საოლქო კომისია. ჩვენ ვიღებთ ინფორმაცია და ავსახავთ ამას,“ – აღნიშნა სოფიო კახაძემ „ბათუმელებთან“.

იმავე კითხვაზე ქობულეთის საოლქო კომისიის თავმჯდომარემ გვითხრა, რომ მალე ყველა შემაჯამებელი ოქმი და შესწორების ოქმი გამოქვეყნდება.

„დასამალი არაფერი გვაქვს, თუ ვინმე საჩივრით მოგვმართავს, ამასაც განვიხილავთ… ჩვენ უნდა დავამუშაოთ და დავაწყოთ ეს მონაცემები, დღეს საღამოს ყველა ოქმი დაიდება,“ – ამბობს ქობულეთის საოლქო კომისიის თავმჯდომარე, გელა ხახნელიძე.

ქობულეთის ოლქში შემაჯამებელი ოქმების გასაჩივრების უფლება დღეს საღამომდე შეუძლიათ. წარდგენიდან ორ დღეში საჩივარს განიხილავს საოლქო კომისია, თუმცა ამ დრომდე ქობულეთის საოლქოში შემაჯამებელი ოქმები არ გაუსაჩივრებიათ.

ამ მოცემულობით მხოლოდ ცოტნე ანანიძე შედის აჭარის უმაღლეს საბჭოში, როგორც მაჟორიტარი დეპუტატი. აჭარის კიდევ ორ მაჟორიტარულ ოლქში მეორე ტური გაიმართება.

შემაჯამებელი ოქმი ქობულეთში, მეათე საარჩევნო უბანზე

შესწორების ოქმი ქობულეთში, მეათე საარჩევნო უბანზე

გადაბეჭდვის წესი


ასევე: