მთავარი,რეკლამა,სიახლეები

ღორჯომი – ცხენოსნებისა და ალპური პეიზაჟების ხეობა აჭარაში

08.11.2020 •
ღორჯომი – ცხენოსნებისა და ალპური პეიზაჟების ხეობა აჭარაში

ღორჯომის ხეობა ხულოს ცენტრიდან 12 კილომეტრითაა დაშორებული. ბათუმიდან ღორჯომამდე ჩასვლას კი ორი, ორსაათ-ნახევარი სჭირდება დაახლოებით.

ღორჯომში ჩასვლამდე, ხულოს სხვადასხვა სოფელში გავლისას გზაზეც გრძნობ შუა შემოდგომას. ეზოებში არყის სახდელ ქვაბებთან კაცები სხედან პატარა, ხის სკამებზე, კვამლის სუნს ხილის სურნელი ერევა. ქალები თოკზე ტყლაპებს ფენენ გასაშრობად.

ფოტოს გადასაღებად თუ ჩერდები, ხელს გიქნევენ, შუბლს იჩრდილავენ და გეკითხებიან – საით მიდიხარ.

თოკზე ვაშლის ტყლაპი შრება.

ზღვის დონიდან 1200 მეტრზე მაღლა მდებარე ღორჯომის ხეობა 18 სოფელს აერთიანებს და ერთ-ერთი  ყველაზე გამორჩეული თემია აჭარაში.

მთის  დაუწერელი კანონების მიხედვით, რაც უფრო მაღლა ადიხარ, მთაში პეიზაჟი მით უფრო ლამაზია, განსაკუთრებით შემოდგომაზე. სათიბები გათიბულია, თივისა და ბალახის ზვინები კი – დადგმული. სოფლის ორღობეებში ზანტად მიიზლაზნება პირუტყვი სადგომებისკენ.

ღორჯომის ხეობა.

ღორჯომის ხეობა, ბახმაროსკენ მიმავალი გზა.

ღორჯომი.

ღორჯომის თემი საკმაოდ მჭიდროდაა დასახლებული, შემოდგომის თბილ დღეებში ოჯახები ეზოებში ფუსფუსებენ. ზოგი შეშას იმარაგებს, ჩეხავს და სახლის ირგვლივ ლამაზად აწყობს, ზოგი სიმინდს ფშვნის და მერე ტომრებით ეზიდება ძველებური წისქვილისკენ დასაფქვავად.

გორგაძეების ოჯახი ლობიოს და ტყეში დაკრეფილ მოცვს არჩევს. მოცვს მზეზე გააშრობენ და ზამთარში სურნელოვან ჩაის დააყენებენ.

გორგაძეების ოჯახი, ღორჯომის ხეობა.

ბავშვები ღორჯომის თემიდან.

„ყველა დღე მუხლჩაუხრელია ღორჯომში” – გვეუბნება დარეჯან გორგაძე. – „არ გვაქვს ფუფუნებისკენ მიდრეკილება, მოგვყავს მხოლოდ კარტოფილი, ლობიო, სიმინდი და ძროხები გვყავს, ყველს, კაიმაღს [ნაღებს], იაღს [ერბოს] ვამზადებთ. დავქორწინდი ადრე, 17 წლის. ჩემმა ცხოვრებამ ისე მოიტანა, რომ ვერ ვისწავლე. გზა ჩემს შვილებს მივეცი, ისწავლეთ-მეთქი, ვუთხარი, არ ვძაბავდი, ოღონდ ესწავლათ, მათ გასაკეთებელ საქმესაც მე ვაკეთებდი. ვინც რა შეძლო, ის ისწავლა, კმაყოფილი ვარ შვილებით, დიდებულად მყავს ყველა”.

დარეჯან გორგაძე შვილიშვილთან ერთად.

80 წლის გრიგოლ გორგაძე ლობიოს შვილიშვილთან ერთად არჩევს, ამბობს, რომ ხის სახლის მშენებლობას, რომელიც ახლა დასრულებულია, დიდი დრო და ენერგია შესწირა:

„ამ სახლს რომ უყურებთ, ძალიან ნაშრომია, ხარებს ვამუშავებდი, შვილებსაც, აბა, ჩემ სახლიზა ვინდა იშრომოს? შვილიშვილებიდან მდიდარი ვარ. რძლები მყავს, შვილიშვილები, ამ სახლში 8 სული ვცხოვრობთ.

გაჭირვებამ დამახარანათვა [დამაძაბუნა], თვარამ უფრო ძლიერი ვიქნებოდი. ღორჯომში ჩემმა ახალგაზრდობამ ძნელათ ჩეიერა. მეუღლე მყავდა ავად. მცირედ ვიყავ, დაზოგვილად. ახლა ვიმარაგებთ ყველაფერს. მერე ზამთარში რომ გზა ჩეიკეტება, აბა რანა იქნას? ახლაა შრომის დრო, ასეა აქ ჩვენი ცხოვრება”, – ამბობს 80 წლის გრიგოლ გორგაძე.

80 წლის გრიგოლ გორგაძე ღორჯომის თემიდან.

გარდა პეიზაჟებისა, ღორჯომში თქვენს ყურადღებას აუცილებლად მიიპყრობს ხის სახლები. ღორჯომში დღემდე, ახალ სახლებსაც ხისგან აგებენ. საუკეთესო მასალად სახლისთვის მუხა მიიჩნევა, დიდხანს ძლებს და რაც დრო გადის, უფრო ლამაზ შეფერილობას იძენს სახლი – მუქ ყავისფერს. ხშირად სახლებს გრძელი შუშაბანდები აქვს. როგორც ამბობენ, ხის სახლები თავისუფლად „სუნთქავს“. ასეთი საცხოვრებელი ზაფხულში გრილია, ზამთარში კი – თბილი.

ხის სახლები ღორჯომში.

ღორჯომშია საქართველოში უდიდესი, ხუთგუმბათიანი ხის მეჩეთიც ვრცელი სალოცავი დარბაზით.

მეჩეთი 1902 წელს ააგეს, მას შემდეგ მეჩეთის მინარეთი ორჯერ დაინგრა. მეჩეთს 1989 წელს რესტავრაცია ჩაუტარეს, ჩამოშლილი მინარეთი ბოლოს 2014 წელს აღადგინეს. ღორჯომის მეჩეთი ლაზი ოსტატების, ომერ უსტასა და უსტა ბინ აჰმედის აშენებულია.

რესტავრაციის დროს ინტერიერი თავდაპირველი მოხატულობის საფუძველზე გადაღებეს. განახლებისას ძველებური დეკორატიული ელემენტების ნაწილი დაიკარგა. ღორჯომის ინტერიერის მოხატულობაც ლაზ ოსტატებს, ომერ უსტას და უსტა ბინ აჰმედს ეკუთვნით. მათ ასევე მოხატეს დღვანის და სავარაუდოდ, ბეღლეთის მეჩეთებიც.

ღორჯომის მეჩეთის ინტერიერი.

ღორჯომის მეჩეთის ჭერი.

ყვავილები ღორჯომის მეჩეთის კედლის მოხატულობიდან.

ღორჯომში ცხენი ბევრ ოჯახს ჰყავს, ზოგიერთს კი ცხენების ჯოგიც. ღორჯომის სოფლებს ცოტათი რომ გასცდებით და კურორტ ბახმაროსკენ მიმავალ ახალდაგებულ გზას გაჰყვებით, გაივლით ლელის ყიშლებს – ასე ეძახიან მთის ფერდობზე შეფენილ მემთეურთა ამ პატარა სოფელს, რამდენიმე ხის ქოხით, მოშიშვლებულ მინდორზე აქ შეიძლება ნებისმიერ დროს შეესწროთ სურათს, როგორ მოერეკება მხედარი ცხენების რემას, რომელსაც სადმე, ახლომახლო მთებში აბალახებდა.

ბახმაროში ამ ცხენებით ზაფხულობით ტურისტები ჯირითობენ. ახლა მათთვის მშვიდი დასვენების, ბალახის ცოხნისა და მხედრების გარეშე ნავარდის დროა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: