მთავარი,რეკლამა,სიახლეები

8 გამარჯვებული პროექტი, რომელიც ბათუმს უკეთესობისკენ შეცვლის

07.11.2020 • 2677
8 გამარჯვებული პროექტი, რომელიც ბათუმს უკეთესობისკენ შეცვლის

პროექტის — „შენი იდეა ბათუმს“ გამარჯვებული იდეები უკვე ცნობილია. 2021 წლისთვის ხმის მიცემის ეტაპზე გადავიდა 20 იდეა. ხმის მიცემა 1-31 ოქტომბრის ჩათვლით მიმდინარეობდა ვებგვერდზე www.idea.batumi.ge. ხმის მიცემის პროცესში ჩაერთო 2547 მოქალაქე, ხოლო 20-მა იდეამ ჯამში 5169 ხმა დააგროვა. გამარჯვებული იდეების რაოდენობა განისაზღვრა ხმათა რაოდენობით. პროექტის ბიუჯეტი 500,000 ლარია.

გამარჯვებული იდეებია:

  • ქუჩის ხელოვნების მოძრაობა „ბაფიტი“

ამ იდეამ ყველაზე მეტი, 641 ხმა დააგროვა. ქუჩის ხელოვნების მოძრაობის იდეა მიზნად ისახავს ბათუმში კორპუსებისა და შენობების უსახური კედლების მოხატვას, რაც ერთგვარი გზავნილი იქნება საზოგადოებისთვის, ახალგაზრდა მხატვრების მოქმედებისთვის კი სივრცე შეიქმნება, მათთვის, ვინც აქამდე საკუთარი სახსრებით ისედაც ცდილობდნენ უსახური  შენობების მოხატვას. იდეა იოსებ ჯორბენაძეს ეკუთვნის.

იდეის ძირითადი მიზანია ქუჩის მხატვრობის პოპულარიზაცია; მოსახლეობის ჩართვა საკუთარი ქალაქის ცხოვრებაში და ვიზიტორებისთვის ერთგვარი აქცია-პერფორმანსების ჩვენება, როგორც აქტიურ ტურისტულ სეზონზე, ასევე წელიწადის ნებისმიერ დროს.

  • ბათუმი-ველოქალაქი

ანა ნიქაბაძის ამ იდეამ 492 ხმა დააგროვა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად. ხალხმრავალ ადგილებში ველოგასაჩერებელი ადგილები მოეწყობა, ველოსიპედის შესაკეთებელი კარადების თანხლებით.

იდეის ავტორის ინფორმაციით, ბათუმში ველოტრანსპორტის მომხმარებელთა რიცხვი გაიზარდა, ადგილობრივი ველოდილერების მონაცემებზე დაყრდნობით კი, პანდემიის პერიოდში ველოგაყიდვებმა 100-150 %-ით იმატა.

პროექტი ითვალისწინებს ბათუმში 10 ველოგაჩერების ადგილის დამონტაჟებას. ველოგაჩერების ზონები წინასწარაა შერჩეული.

  • მობილური კინოთეატრი

ინტერნეტიზაციის ხანაში ფილმებს ადამიანები ძირითადად შინ უყურებენ და თანდათან აქტუალობას კარგავს ფილმების კინოთეატრებში ნახვის ტრადიცია, თუმცა აღმოჩნდა, რომ მთლად ასეც არ არის.

484 ბათუმელმა ხმა მისცა პროექტს, რომლის მიხედვითაც მოძრავი, მობილური კინოთეატრი მოეწყობა ქალაქში და დაინტერესებულ მაყურებლებს ინფორმაციას მიაწვდიან გამოცდილი სპეციალისტები, რომლებიც კინოჩვენების შემდეგ მოაწყობენ განხილვას და დისკუსიას. პროექტის მთავარი მიზანი კინოხელოვნების საშუალებით ინტერაქციის გაზრდაა. იდეის ავტორი სოფიკო თოქმაჯიშვილია.

  • ქუჩის კალათბურთის მოედანი

ქუჩის კალათბურთის მოედნის იდეამ 481 ხმა დააგროვა. იდეის ავტორი წერს, რომ ბათუმში ქუჩის კალათბურთით დაინტერესებული ახალგაზრდების რიცხვი ყოველდღიურად იზრდება, თუმცა ბათუმში ქუჩის კალათბურთის არც ერთი მოედანი არ არის, რომელიც ბოლომდე აკმაყოფილებს სტანდარტებს. ქუჩის კალათბურთის მოედნის იდეის ავტორი ნიკოლოზ კიკვაძეა.

პროექტის ერთ-ერთი მთავარი მიზანია ახალგაზრდებში სპორტული ცხოვრების პოპულარიზაცია და სპორტული ტურიზმის განვითარება.

პროექტი ითვალისწინებს 4 საკალათბურთო მოედნის ერთ სივრცეში განთავსებას, სადაც ქუჩის კალათბურთის საერთაშორისო ტურნირების ჩატარებაც იქნება შესაძლებელი.

  • ფერადი ეზოები ბავშვებს

პროექტის ავტორები ქალაქის კორპუსების შიდა ეზოების შემეცნებით-გასართობი თამაშობებით მოხატვას გეგმავენ. ბავშვებისთვის ფერადი ეზოების იდეას 478-მა ადამიანმა მისცა ხმა. ბავშვებისთვის ფერადი ეზოების მოწყობა ზვიად ბოლქვაძისა და შორენა ქათამაძის იდეაა.

როგორც იდეის ავტორები აღნიშნავენ, თანამედროვე ტექნოლოგიების ეპოქაში მნიშვნელოვანია დაიგეგმოს და განხორციელდეს ღონისძიებები, რაც წაახალისებს ბავშვებს ითამაშონ ეზოში. თამაშის დროს ბავშვები სხვა ბავშვებთან ურთიერთობას, სხვების დახმარებას, წესების დაცვას, სხეულის, ემოციების მართვას და ბევრ სხვა რამეს სწავლობენ.

  • ბათუმის ინკლუზიური თეატრალური დასი

ინკლუზიური თეატრალური დასის შექმნის მიზანი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების კულტურულ პროცესებში ჩართვა და საზოგადოებრივად გააქტიურებაა. ეს იდეა ნატალია გალოგრეს ეკუთვნის.

30-მდე ახალგაზრდა მასტერკლასების საშუალებით თანამედროვე თეატრალურ კულტურას გაეცნობა, თეატრის პერსონალთან ერთად პრაქტიკულ სამუშაოებში ჩაერთვებიან და რეჟისორებთან ერთად დადგამენ სპექტაკლებს.

პროექტის მიზანია ბათუმის, როგორც ინკლუზიური მიდგომების დანერგვის ინიციატორი ქალაქის პოპულარიზაცია რეგიონსა და მთლიანად, ქვეყანაში.

  • ბათუმის ღია თეატრალური ფესტივალი

პროექტის მიხედვით ზაფხულობით ბათუმის ქუჩებსა და ღია სივრცეებში სპექტაკლები დაიდგმება და მცირემასშტაბიანი პერფორმანსები მოეწყობა. ფესტივალში დაახლოებით 5 პროფესიულ თეატრს ან შემოქმედებით დამოუკიდებელ ჯგუფს შეეძლება მონაწილეობის მიღება.

იდეის ავტორი, ნინო ჩხაიძე მიიჩნევს, რომ პროექტის განხორციელება პანდემიის პირობებშიც შესაძლებელი იქნება, რადგან ფესტივალი ჩატარდება ღია სივრცეებში რეკომენდაციების სრული დაცვით.

  • ორგანული ნარჩენების კომპოსტირება

ეს პროექტი ითვალისწინებს ბონის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე სპეციალური დანადგარით ორგანული ნარჩენების გადამუშავებას, რაც შემაწუხებელი სუნის გარეშე მიმდინარე პროცესია. იდეის ავტორი, მალვინა ჯიბლაძე განმარტავს, რომ თუ ახლა ორგანული ნარჩენები მყარ ნარჩენებთან ერთად ნაგავსაყრელზე იყრება, დანადგარით მათი დიდი ნაწილი გადამუშავდება და შესაბამისად, შეფერხდება ნაგავსაყრელების რაოდენობის ზრდა ქალაქში. ასევე, მეურნეებს ექნებათ შესაძლებლობა გამოიყენონ კომპოსტი, რაც საუკეთესო ორგანული სასუქია.

__________________

პროექტს – „შენი იდეა ბათუმს“ ახორციელებს  ბათუმის მერია და  ბათუმის მუნიციპალური სერვისების სააგენტო. მხარდამჭერები არიან: ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID/Georgia დემოკრატიული მმართველობის ინიციატივის პროგრამა GGI Georgia.

„შენი იდეა ბათუმს“ მონაწილეობითი ბიუჯეტის პროექტია, რომელიც მოქალაქეებს აძლევს შესაძლებლობას, ჩაერთონ ქალაქის ბიუჯეტის მართვაში და გადაწყვიტონ რაში უნდა დაიხარჯოს მერიის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: