პანდემიის გამო დაწესებულმა შეზღუდვებმა ველოსიპედის მნიშვნელობა ერთიორად გაზარდა. ორბორბლიანი ტრანსპორტი დაშვებული იყო შეზღუდვების დროს და ბევრი ადამიანისთვის აღმოჩნდა გადაადგილების საუკეთესო საშუალება მაშინ, როცა ქვეყანაში ავტომობილით გადაადგილება აკრძალული იყო. მათ შორისაა ბათუმელი ვახო ბერიძე, რომელიც დიდი ხანია ველომოყვარულია.
„ავტომანქანაც მაქვს, მაგრამ ველოსიპედს დიდი ხანია ვიყენებ. პანდემიის დროს ახალი ველოსიპედი შევიძინე. ჯანმრთელობისთვისაც კარგია, მოგეხსენებათ, და პანდემიის დროსაც გამომადგა. ყველაზე შორი მანძილი, რაც დამიფარავს ველოსიპედით, 20-25 კილომეტრია,“ – გვითხრა მან.
ველოტრანსპორტის პოპულარობის ზრდის პარალელურად საქართველოში ველოსიპედებზე მოთხოვნა გაიზარდა. ველოსიპედის მაღაზიებში ამბობენ, რომ პანდემიის დროს დაწესებული შეზღუდვების ფონზე ველოსიპედების გაყიდვა 2-3-ჯერაც კი არის გაზრდილი.
„სამჯერ მაინცაა გაზრდილი მოთხოვნა წინა თვეებთან შედარებით,“ – გვითხრეს ველოსიპედების მაღაზიაში, ბათუმში. ამ კომპანიას პუშკინის ქუჩაზე ველოსიპედების ორი მაღაზია აქვს. აქ გვითხრეს, რომ შემოტანილი საქონელი რიგ შემთხვევებში საკმარისი არ აღმოჩნდა მყიდველების მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რადგან პანდემიის გამო ველოსიპედების შემოტანა რთული იყო.
ველოსიპედზე რომ მოთხოვნა გაზრდილია, ამას გვიდასტურებენ ინტერნეტმაღაზია „ველო სახლშიც“. ეს მაღაზია სხვადასხვა სახის ველოსიპედით ვაჭრობს.
„დაახლოებით 2-3-ჯერ არის მოთხოვნა გაზრდილი. ყოველწლიურად გაყიდვები იზრდება, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ველოსიპედების გაყიდვების გაზრდა პანდემიას უკავშირდება. მოთხოვნა ყველა ფასის ველოსიპედზეა, 450 ლარიდან 2000 ლარამდე,“ – გვითხრეს ინტერნეტმაღაზიაში.
იგივე გვითხეს ველოსიპედების კიდევ ერთ მაღაზია allbikes.ge-ში.
„ისეთი სიტუაცია იყო, ადამიანებს უბრალოდ სხვა გზა არ ჰქონდათ, იძულებული გახდა ბევრი, შეეძინა ველოსიპედი, რომ გადაადგილებულიყო თუნდაც სამსახურში. სეზონიც დაემთხვა ამ ყველაფერს, სეზონზე ყოველთვის არის აქტივობა, თუმცა პანდემიის პერიოდში [შეზღუდვების დროს] უფრო მეტი აქტივობა იყო, ვიდრე, მაგალითად,ივნისსა და მაისში. გაცილებით მეტი გაყიდვები იყო ახლა, ვიდრე სხვა წლებში, ამავე პერიოდში. დაახლოებით 30-40 პროცენტით გაიზარდა გაყიდვები,“ – გვითხრეს მაღაზიაში. აქვე ამბობენ, რომ შეზღუდვების მოხსნის შემდეგ გაყიდვებმა შედარებით იკლო.
ველოსიპედზე მოთხოვნა გაიზარდა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ევროკავშირის ქვეყნებშიც, მათ შორის, იტალიაშიც, სადაც, მართალია, ველოტრანსპორტი აქამდეც პოპულარული იყო, მაგრამ არა ისე, როგორც, მაგალითად, გერმანიაში ან ნიდერლანდებში. გერმანულმა გამოცემამ, „შპიგელმა“, იტალიაში ველოტრანსპორტის პოპულარობის ზრდაზე სტატიაც კი მოამზადა სათაურით – „ფერარის სამშობლო ველოსიპედების ქვეყანა ხდება“.
იტალიაში ველოტრანსპორტის წახალისებაში მთავრობაც ჩაერთო. კერძოდ, იმ ქალაქებში, სადაც 50 ათასზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, ველოსიპედის ან სკუტერის შეძენის შემთხვევაში მისი ღირებულების 60 პროცენტს, მაქსიმუმ 500 ევროს, მთავრობა გადაიხდის. ამისათვის იტალიის მთავრობამ 120 მლნ ევრო გამოყო. მთავრობის შეთავაზება იმ პირებს ეხება, რომლებიც 2020 წლის 4 მაისიდან 31 დეკემბრის ჩათვლით შეიძენენ ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტს, ველოსიპედს, სკუტერს და სხვა ელექტრომგორავებს.
ველოტრანსპორტი გერმანიაში აქამდეც პოპულარული იყო, თუმცა „დოიჩე ველე“ წერს, რომ პანდემიის პირობებში ამ ქვეყანაშიც გაიზარდა მოთხოვნა და ქვეყანაში „ველოსიპედების მიკრობუმია“. კორონავირუსის პანდემიის გამო კიდევ უფრო მეტი გერმანელი არჩევს, თავი აარიდოს საზოგადოებრივ ტრანსპორტს და ველოსიპედზე გადაჯდეს.
_____________________
მთავარი ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან.