მთავარი,სიახლეები

რა თქვა რიჟვაძემ ბათუმის მე-19 უბნის შესახებ, რომელიც საჩვენებლად გადათვალეს

06.11.2020 • 1343
რა თქვა რიჟვაძემ ბათუმის მე-19 უბნის შესახებ, რომელიც საჩვენებლად გადათვალეს

„ქართული ოცნების“ ხმები მცირედით გაუმჯობესდა, თუმცა არანაირად არ შეცვლილა ოპოზიციის და, პირველ რიგში, „ნაციონალური მოძრაობის“ ხმები…“ – განაცხადა დღეს, 6 ნოემბერს მოწყობილ ბრიფინგზე თორნიკე რიჟვაძემ. მან დღევანდელი ბრიფინგზე ბათუმის მე-19 საარჩევნო უბანზე ისაუბრა. ეს ის უბანია, რომლის ხელახლა გადათვლასაც ბათუმის საოლქო კომისია დათანხმდა. 75 საჩივრიდან ბათუმის საოლქო კომისიამ ხმები გადათვალა მხოლოდ  იმ უბანზე, სადაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პირველადი შემაჯამებელი ოქმით, თუ ხმების გადათვლით, უპირატესობა აჩვენა.

ბათუმის საოლქო კომისიამ ვერ განმარტა, რატომ დათანხმდა მხოლოდ ერთ უბანზე ხმების ხელახლა გადათვლას, როცა ათეულობით შემაჯამებელი ოქმი, რაც გასაჯაროვდა, კითხვებს და ეჭვებს აჩენდა. ბათუმის საოლქო კომისიას ამ დრომდე არ გაუსაჯაროებია აქტი, რომლითაც გამოჩნდებოდა, რამდენით გაიზარდა „ქართული ოცნების“ ხმები იმ უბანზე, რომელიც ხელახლა გადათვალეს.

თორნიკე რიჟვაძე, ისევე როგორც „ქართული ოცნება“, ან  საარჩევნო ადმინისტრაცია მე-19 უბანს ამჯერად იმის საჩვენებლად იყენებს, რომ საუბნო კომისიის წევრებს რეალურად რაიმეს გაყალბება კი არ სურდათ, არამედ შემაჯამებელი ოქმის შედგენა არ იცოდნენ სწორად, ანუ კომპეტენციის პრობლემა იყო. საოლქო კომისიებს და არც თორნიკე რიჟვაძეს არ აქვთ პასუხი კითხვაზე: რატომ გახსნეს საჩვენებლად და გადათვალეს მხოლოდ ერთი საუბნო კომისიის ბიულეტენები.

„…სადაც არსებობდა ელემენტარული სამართლებრივი საფუძველი გადათვლის, თუ გასაჩივრების, საოლქო კომისიებმა მოახდინეს ამ საჩივრების განხილვა, მათ შორის, ოპოზიციის, არასამთავრობო ორგანიზაციების, თუ დაინტერესებული პირების ჩართულობით. ამ შემთხვევაში კი, ის ატეხილი აჟიოტაჟი სოცქსელში, რომ სადღაც რაღაც გაბათილდა, თუ იყო გაყალბებული, ეს ყველაფერი დადასტურდა,  რომ  არის მტკნარი სიცრუე“, – აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

რით დადასტურდა, რომ საჩივრები იყო სამართლებრივი საფუძვლის გარეშე და რატომ არ ენდობა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სანდო სადამკვირვებლო ორგანიზაციების საჩივრებს?

„თქვენ ნახეთ ეუთო ოდირის დასკვნა, ეს ერთი. თქვენ ნახეთ კონკრეტული ოქმი, რომელიც გასაჩივრდა, გადაითვალა და დადგა ეს შედეგი. რამდენი ოქმიც არ უნდა გაასაჩივრონ, ძირითად შემთხვევაში არის ის, რომ მმართველი პარტიის ხმები ძირითად შემთხვევაში უმჯობესდება და ალბათ გესმით, რომ მოტივაცია ნაკლებია ოპოზიციის, რომ მოახდინოს შემდგომი განვითარება ამ სცენარის…“ – აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ. მას არ განუმარტავს, რატომ არ ითხოვს მაშინ ხმების გადათვლას „ქართული ოცნება“ და რატომ ეუბნებიან კატეგორიულ უარს ოპოზიციას ხმების გადათვლაზე?

„არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებული მთელი ეს აჟიოტაჟი არის დესტრუქცია და დეზინფორმაცია, ეს არის მანიპულირება ოქმებით,“ – მიიჩნევს თორნიკე რიჟვაძე.

თორნიკე რიჟვაძე თვლის, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ „ფეიქ დღის წესრიგი აქვს“ და ოპოზიციის მხრიდან „ყოველდღურ რეჟიმში ისმის მოწოდებები დესტრუქციისკენ“.

„…ასევე გეგმავენ რაღაც გაურკვეველ აქციებს. ამ შემთხვევაში, როგორც ადრე, ახლაც გარანტირებული იქნება თითოეული მოქალაქის გამოხატვის თავისუფლება, თუმცა კანონმდებლობის ჩარჩოში…“ – დასძინა თორნიკე რიჟვაძემ.

არ შეუქმნის „ქართულ ოცნებას“ პოლიტიკურ კრიზისს ის მომენტი, რომ როგორც უმაღლეს საბჭოში, ასევე პარლამენტში იქნება მარტო? – ვკითხეთ თორნიკე რიჟვაძეს, ვიდრე ის დღევანდელ ბრიფინგს დაასრულებდა.

„არანაირად,“ – გვიპასუხა მან პარტიული ოფისის დარბაზის დატოვებამდე.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: