ბათუმი,მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

აჭარაში 89 შემაჯამებელი ოქმი შესწორდა – პარლამენტის პროპორციული არჩევნები

06.11.2020 • 1187
აჭარაში 89 შემაჯამებელი ოქმი შესწორდა – პარლამენტის პროპორციული არჩევნები

აჭარის 6 საარჩევნო ოლქში საქართველოს პარლამენტის არჩევნები 373 საარჩევნო უბანზე ჩატარდა. პარლამენტის პროპორციული წესით არჩევნების 373 შემაჯამებელი ოქმიდან კი, ჯამში 89 ოქმია შესწორებული – ზოგიერთ უბანზე 1-ელ ნოემბერს, ზოგი კი შემდგომ, საუბნო კომისიის წევრების ახსნა-განმარტებებით ან/და შესაბამისი ოლქების განკარგულებებით.

„ბათუმელებმა“ ამ 373 უბანზე პარლამენტის პროპორციული სისტემით კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ყველა ოქმი გადაამოწმა, რომლებიც ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზეა ატვირთული.

ბათუმში, სადაც სულ 120 საარჩევნო უბანია, პარლამენტის პროპორციული წესით კენჭისყრის შედეგების 41 შემაჯამებელი ოქმია შესწორებული. ეს ოქმები არ იყო შედგენილი კანონმდებლობის მოთხოვნების სრული დაცვით.

ამასთან, 11 ოქმში არასწორად იყო მითითებული საარჩევნო სუბიექტების [პარტიების] მიერ მიღებული ხმების რაოდენობა, ხოლო 30 უბნის შემაჯამებელ ოქმებში ზოგან საერთოდ არ იყო ან არასწორად იყო შეტანილი სხვადასხვა მონაცემი, აკლდა კომისიის წევრის ხელმოწერა, არ იყო საუბნო კომისიის ბეჭდის ნომრები, არასწორად იყო მითითებული ბათილი, ასევე უბანზე მიღებული ბიულეტენების რაოდენობა და სხვა.

ბათუმის საოლქო კომისიაში 75 საჩივარი განიხილეს. საოლქო კომისია საჩივრების განსახილველად 4 ნოემბერს საღამოს 9 საათზე შეიკრიბა. საოლქო კომისიამ მხოლოდ 13 საარჩევნო უბნის თავმჯდომარესა და მდივანს მისცა შენიშვნა ან გაფრთხილება.

დამკვირვებელი ორგანიზაციების მოთხოვნის მიუხედავად, საოლქო კომისიის თავმჯდომარემ, ციალა შავაძემ და შესაბამისად კომისიამაც, მე-19 უბნის გარდა, ყველა სხვა უბნის ხელახლა გადათვლაზე კატეგორიული უარი განაცხადა. ბათუმის საოლქო კომისიის სხდომა საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობდა.

ქობულეთში 31 ოქტომბერს კენჭისყრა 73 საარჩევნო უბანზე მიმდინარეობდა. შესწორდა 12 უბნის შემაჯამებელი ოქმი, აქედან 6 ოქმში არასწორად იყო მითითებული პარტიების მიერ მიღებული ხმების რაოდენობა.

180 უბანზე შეადგინეს შემაჯამებელი ოქმები ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს საარჩევნო ოლქებში. პარლამენტის არჩევნების პროპორციული წესით კენჭისყრის 180 შემაჯამებელი ოქმიდან, ამ ოლქებში შესწორებები ჯამში 36 ოქმში შეიტანეს. მათგან პარტიების მიერ მიღებული ხმების რაოდენობა არასწორად იყო მითითებული 8 ოქმში.

გარდა პარლამენტის პროპორციული არჩევნების ბიულეტენისა, აჭარაში ამომრჩეველს კიდევ 3 ბიულეტენით უნდა მიეცა ხმა – პარლამენტის მაჟორიტარული ასევე აჭარის უმაღლესი საბჭოს პროპორციული და მაჟორიტარული წესით არჩევნებისთვის განკუთვნილი ბიულეტენები. შესწორდა აღნიშნული ბიულეტენებიც.

„ბათუმელებმა“ მხოლოდ ქობულეთის მაჟორიტარული ოლქის ბიულეტენები გადაამოწმა. ამ ოლქში, წინასწარი მონაცემებით, უმაღლეს საბჭოში მოსახვედრად, ბარიერი მხოლოდ „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატმა ცოტნე ანანიძემ გადალახა [სხვა ორ ოლქში მეორე ტური უნდა ჩატარდეს].

აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ქობულეთის 73 უბნიდან, 6 ოქმი ჩასწორდა, რომელიც უმაღლეს საბჭოში მაჟორიტარის არჩევნებს უკავშირდებოდა.

დისბალანსი და არეულობა 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმებში ბათუმის საოლქო კომისიის ხელმძღვანელმა ციალა შავაძემ საუბნო კომისიების წევრების დაღლილობით ახსნა. „ბოლო დღეებშიც კი მოგვიწია დატრენინგებული წევრების ჩანაცვლება“, – გვითხრა მან. განკარგულებების მიხედვით კი, რაც ცესკოს ვებგვერდზეა ატვირთული, სინამდვილეში ბოლოს კომისიის წევრი 23 ოქტომბერს ჩაანაცვლეს.

ამ თემაზე:

შესწორებული ოქმები

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: