განათლება,მთავარი,სიახლეები

რის გაკეთებას ავალებს სამინისტრო მასწავლებლებს, თუ მოსწავლეს სახლში ინტერნეტი არ აქვს

07.11.2020 • 3433
რის გაკეთებას ავალებს სამინისტრო მასწავლებლებს, თუ მოსწავლეს სახლში ინტერნეტი არ აქვს

საქართველოს განათლების სამინისტრო „ბათუმელებში“ გამოქვეყნებულ სტატიას წერილობით ეხმაურება და ამბობს, რომ მინისტრის ბრძანების მიხედვით, სწორედ სკოლაა ვალდებული უზრუნველყოს, რომ დისტანციური სწავლების მიღმა არ აღმოჩნდეს არცერთი მოსწავლე ან არ ჩამორჩეს თანაკლასელებს სწავლაში.

ამისთვის „სკოლამ უნდა უზრუნველყოს მის ხელთ არსებული ყველა შესაძლებლობის გამოყენება. აღნიშნული ბრძანების თაობაზე ინფორმირებულია ყველა სკოლა და ვალდებულია დაიცვას დადგენილი წესი“, – გვწერს სამინისტრო.

სამინისტროს წერილობით განმარტებაში ვკითხულობთ, რომ სკოლებს ზაფხულშივე მიეცათ დავალება, იდენტიფიცირება მოეხდინათ იმ მოსწავლეების, რომლებიც რიგი მიზეზების გამო ვერ ერთვებიან სხვა ბავშვებთან ერთად სასწავლო პროცესში.

„ასეთების გამოვლენის შემთხვევაში კი, შეემუშავებინათ შესაბამისი გეგმა, თუ რა მიდგომას გამოიყენებდა თითოეული სკოლა. სწორედ აქედან გამომდინარე, საქართველოს ყველა საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი უწყვეტ რეჟიმში გრძელდება. პედაგოგები აფასებენ მოსწავლეებს  და არდასწრების შემთხვევაში ფიქსირდება არებიც. ისე როგორც პირისპირს წავლებისას“, – აცხადებენ სამინისტროში.

სამინისტროდან ასევე გვწერენ, რომ სკოლა ონლაინსწავლების დროსაც ვალდებულია ყოველ გაკვეთილზე აღრიცხოს მოსწავლის დასწრება ელექტრონულ ჟურნალში.

მოსწავლის მიერ გაკვეთილის გაცდენის მიზეზებს არკვევს დამრიგებელი, სკოლა კი შესაბამისად ახდენს რეაგირებას და მიმართავს ყველა ზომას მოსწავლის სასწავლო პროცესში ჩასართავად.

„თუმცა, იმ შემთხვევაში თუ მოსწავლე ვერ ერთვება სასწავლო პროცესში, სკოლა ამის თაობაზე ყველა შემთხვევაში ინფორმირებულია და ასეთ ბავშვებთან მიმდინარეობს ინდივიდუალური მუშაობა.

პედაგოგები მასთან კომუნიკაციას და სასწავლო პროცესში ჩართვას როგორც ტელეფონით, ასევე სხვადასხვა სოციალური ქსელების გამოყენებით ახერხებენ იმის მიხედვით, თუ რა ურჩევნია თავად მოსწავლეს. იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლეს წვდომა არ აქვს არცერთ ელექტრონულ მოწყობილობაზე ან ინტერნეტზე, სკოლა ვალდებულია გამოყოს შესაბამისი სივრცე სკოლის შიგნით, მოსწავლის ინდივიდუალური კონსულტაციებისთვის ან მისცეს მას საშუალება გამოიყენოს სკოლის სივრცე და არსებული ტექნიკა“, – აცხადებს სამინისტრო.

„ბათუმელები“ ერთ-ერთი საჯარო სკოლის დირექტორს ესაუბრა და ჰკითხა, რამდენად არის შესაძლებელი, რომ მოსწავლეებს, რომლებსაც სახლში ინტერნეტი ან კომპიუტერი არ აქვთ, ონლაინ გაკვეთილებს სკოლაში დაესწრონ.

„ჩემს სკოლაში 13 ბავშვია ასეთი, ვისაც არ აქვს სახლში ინტერნეტი, გუშინ მქონდა შემთხვევა, როცა ერთი მე-8 კლასელი მოსწავლე მოვიდა, ჩემი კაბინეტი დავუთმე და იქ ჩაუტარდა ქიმიის გაკვეთილი. იყო შემთხვევა, როცა მე-5 კლასელს ბავშვს არ ჰქონდა კომპიუტერი მიღებული, სკოლაში გამოვძებნეთ, შევაკეთეთ და მივეცით“, – ამბობს დირექტორი.

მისი თქმით, დირექცია პანდემიის მიუხედავად სკოლაში ყოველდღე მუშაობს და ნებისმიერ ბავშვს შეუძლია მივიდეს სკოლის შენობაში და აქედან ჩაერთოს ონლაინ გაკვეთილებში. დირექტორის თქმით, საჭიროების შემთხვევაში შეუძლიათ სკოლაში გამოიძახონ კიდეც მასწავლებელი.

თუმცა ამის რესურსი ნაკლებადაა მაღამთიანი რეგიონის სკოლებში, სადაც ბავშვებს რამდენიმე კილომეტრის გავლა უწევთ სკოლაში მისასვლელად, ან ისეთ სკოლებში დადიან, სადაც ტრანსპორტის გარეშე ყოველდღე სიარული შეუძლებელია. მაგალითად, აჭარაში 176 საჯარო სკოლას ემსახურება სკოლის ავტობუსი, რაც იმას ნიშნავს, რომ ამდენივე სკოლაში, საჭიროების შემთხვევაშიც კი ვერ მივა მოსწავლე ონლაინგაკვეთილზე დასასწრებად.

„ბათუმელების“ კითხვაზე, თუ რა სისტემით შეფასდებიან მოსწავლეები, რომლებიც გაკვეთილების გარეშე არიან დარჩენილი, სამინისტრო წერილობით გვეუბნება, რომ 2020-2021 სასწავლო წლისთვის, მოსწავლეთა შეფასებისთვის (როგორც პირისპირ სწავლების, ისე-სრულად ელექტრონული სწავლების მოდელის გამოყენებისას) უნდა იმოქმედონ ეროვნული სასწავლო გეგმით.

შეგახსენებთ, რომ სამინისტროს არც ამჯერად მოუწოდებია ინფორმაცია იმის თაობაზე, დაზუსტებით რამდენი მოსწავლეა ონლაინსწავლების გარეშე დარჩენილი.

აჭარის განათლების სამინისტრო კი აცხადებს, რომ აჭარის მასშტაბით, ასეთი ბავშვების რიცხვი დაახლოებით 7 200-ია.

___________________

ამავე თემაზე:

როგორ უნდა დაუწერონ ნიშნები მოსწავლეებს, რომლებიც გაკვეთილებს ვერ ესწრებიან

გადაბეჭდვის წესი


ასევე: