მთავარი,სიახლეები

„ციხეს 2 თვეში დატოვებს“ – რა გადაწყვიტა სასამართლომ „წულუკიძეების საქმეზე“

06.11.2020 • 1582
„ციხეს 2 თვეში დატოვებს“ – რა გადაწყვიტა სასამართლომ „წულუკიძეების საქმეზე“

მოსამართლე დავით მამისეიშვილმა დღეს, 6 ნოემბერს, რეზო წულუკიძის და ელდარ ანთაძის საქმეზე განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი გამოაცხადა. ბათუმის საქალაქო სასამართლომ ორივე მათგანი დამნაშავედ მიიჩნია, თუმცა არა ხულიგნობის მუხლით, რასაც მათ გამოძიება ედავებოდა, არამედ ძალადობის მუხლით [126-ე მუხლი].

გადაწყვეტილება მოსამართლემ დისტანციურად გამოაცხადა. ადვოკატ დავით ჯაფარიძის თქმით, რეზო წულუკიძეს სასამართლომ 8 თვით შეუფარდა თავისუფლების აღკვეთა. შესაბამისად, ის 2 თვეში დატოვებს საპატიმრო დაწესებულებას. მოსამართლემ ორივე ბრალდებული ასევე 2-2 ათასი ლარით დააჯარიმა.

„ელდარ ანთაძე დღესვე დატოვებს დაწესებულებას, დღეს გავიდა მათი დაპატიმრებიდან 5 თვე და 29 დღე. სწორედ ამ ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს მას,“ – აღნიშნა „ბათუმელებთან“ ადვოკატმა დავით ჯაფარიძემ.

ადვოკატი განმარტავს, რომ თუკი მოსამართლე პროკურატურის ვერსიას გაიზიარებდა, ბრალდებულებს 2-დან 5 წლამდე მოუწევდათ თავისუფლების აღკვეთა, რადგან მათ ხულიგნობის ჩადენას განმეორებით ედავებოდნენ.

საუბარია ბათუმში, აპრილში მომხდარ ინციდენტებზე – საცხოვრებელი კორპუსის წინ მომხდარი ჩხუბის შემდეგ რეზო წულუკიძეს და ელდარ ანთაძეს გამოძიებამ ჯგუფურად ხულიგნობის ჩადენის მუხლით წაუყენა ბრალი. ბრალი წარუდგინეს მეორე მხარეს მყოფ სამ პირსაც, თუმცა ისინი წინასწარ პატიმრობაში არ არიან. მათი საქმის განხილვა სასამართლოს ჯერ არ დაუწყია.

რეზო წულუკიძისა და ელდარ ანთაძის ოჯახის წევრების თქმით, მათ უსამართლოდ სჯიან, რადგან ხელისუფლებას წინასაარჩევნოდ დახმარებაზე უარი უთხრეს.

რეზო წულუკიძის ძმამ, ფირუზ წულუკიძემ აჭარის მთავრობის აპარატთან გამართულ აქციაზე თქვა, რომ მათ წინასაარჩევნოდ დახმარებას და პრაქტიკულად, ზონდერჯგუფის შექმნას სთხოვდნენ. ფირუზ წულუკიძე ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონია.

ფირუზ წულუკიძის თქმით, კონსპირაციულ შეხვედრებს მასთან და მის ძმასთან აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი, კოტე ანანიაშვილი და აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მამა, ასევე პოლიციელი – დავით რიჟვაძე მართავდნენ.

28 ოქტომბერს, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, ფირუზ წულუკიძემ აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს – თორნიკე რიჟვაძეს სოფელ დიდაჭარაში წინასაარჩევნო შეხვედრის ჩატარების საშუალება არ მისცა. არჩევნების დღეს თორნიკე რიჟვაძემ თქვა, რომ ზონდერჯგუფის მობილიზებას ახდენს „ნაციონალური მოძრაობა“. თორნიკე რიჟვაძის საპასუხოდ ფირუზ წულუკიძემ თქვა, რომ საუბარია არა ზონდერჯგუფზე, არამედ საარჩევნო ხმების დაცვაზე. საარჩევნო უბნებში ბიულეტენების დათვლის დროს, ფირუზ წულუკიძე ახლობლებთან ერთად გონიოს საარჩევნო უბანთან იყო და ამბობდა, რომ ხმებს იცავდა. იქვე მობილიზებული იყო პოლიციაც.

რეზო წულუკიძის და ელდარ ანთაძის საქმის განხილვა მოსამართლე დავით მამისეიშვილმა არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე დაასრულა, თუმცა განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი მან დღეს გამოაცხადა.

ამ საქმეზე:

აქცია აჭარის მთავრობასთან 2 დაკავებულის გათავისუფლების მოთხოვნით

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: